საქმე №ბს-248-244(გ-15) 22 სექტემბერი, 2015 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ლევან მურუსიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მაია ვაჩაძე, ნუგზარ სხირტლაძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე
მოსარჩელე _ დ. ღ-ე
მოპასუხეები - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო; სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო; საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სსიპ შემოსავლების სამსახური; ო. ა-ი
დავის საგანი _ სასამართლოთა შორის განსჯადობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2015 წლის 19 თებერვალს დ. ღ-ემ სარჩელით მიმართა ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხეების: საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სსიპ შემოსავლების სამსახურისა და ო. ა-ის მიმართ და მოითხოვა ო. ა-ის სახელზე გარდაბნის რ/ნ-ის სოფ. ... მდებარე 600 კვ.მ. მიწის ნაკვეთის რეგისტრაციის, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის 2010 წლის 22 აპრილის №114 ბრძანებისა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2015 წლის 14 იანვრის №1-16 ბრძანების ბათილად ცნობა. ასევე გარდაბნის რ/ნ-ის სოფ. ... მდებარე სადავო 600 კვ.მ. მიწის ნაკვეთის სახელმწიფო საკუთრებად რეგისტრაციის ბათილად ცნობა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 23 თებერვლის განჩინებით დ. ღ-ის სარჩელი მოპასუხეების: საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სსიპ შემოსავლების სამსახურისა და ო. ა-ის მიმართ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობის თაობაზე განსჯადობით განსახილველად გადაეგზავნა რუსთავის საქალაქო სასამართლოს.
საქალაქო სასამართლომ მიუთითა, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-15 მუხლის თანახმად, სასამართლოს სარჩელი წარედგინება მოპასუხის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. სარჩელი იურიდიული პირის მიმართ სასამართლოს წარედგინება იურიდიული პირის ადგილსამყოფლის მიხედვით. ამავე კოდექსის მე-18 მუხლის შესაბამისად, სარჩელი საკუთრების უფლების, ქონების უფლებრივი დატვირთვის ან ასეთი დატვირთვისაგან განთავისუფლების შესახებ, აგრეთვე ქონების გაყოფასთან, განაწილებასა და ფლობასთან დაკავშირებული სარჩელი, თუ დავა ეხება უძრავ ნივთებს, მათ შორის, მიწის ნაკვეთის უფლებას, შეიძლება შეტანილ იქნეს სასამართლოში ნივთის ადგილსამყოფლის მიხედვით.
კონკრეტულ შემთხვევაში, საქალაქო სასამართლოს განმარტებით, სადავო ქონების ადგილსამყოფელია გარდაბნის რაიონი, სოფ. ..., რის გამოც დ. ღ-ის სარჩელი განსჯადობით უნდა გადაეგზავნოს რუსთავის საქალაქო სასამართლოს.
რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 1 აპრილის განჩინებით სასამართლოებს შორის განსჯადობაზე დავის გადასაწყვეტად დ. ღ-ის სარჩელი გადაეგზავნა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას.
საქალაქო სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-15 მუხლით განსაზღვრულია ტერიტორიული განსჯადობის საერთო წესი. კერძოდ, დასახელებული მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს სარჩელი წარედგინება მოპასუხის ადგილსამყოფლის მიხედვით. სარჩელი იურიდიული პირის მიმართ სასამართლოს წარედგინება იურიდიული პირის ადგილსამყოფლის მიხედვით. კონკრეტულ შემთხვევაში, მოსარჩელის ძირითად სასარჩელო მოთხოვნებს წარმოადგენს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა, რომლებიც ეხება თბილისში მდებარე სხვადასხვა ადმინისტრაციულ ორგანოებს.
სასამართლოს განმარტებით, დავის საგანს წარმოადგენს არა უძრავი ქონება არამედ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად ადმინისტრაციული ორგანოს მიერ განხორციელებული ქმედების შედეგად გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების კანონიერება, რა დროსაც განსჯადობის განსაზღვრისას უნდა დადგინდეს არა ის ფაქტი, თუ რას ეხება გამოცემული აქტები და სად მდებარეობს სადავო უძრავი ქონება, არამედ აქტების გამომცემი ადმინისტრაციული ორგანოს ადგილსამყოფლის მიხედვით უნდა გაირკვეს, თუ რომელი სასამართლოს სამოქმედო ტერიტორიას განეკუთვნება ადმინისტრაციული საქმე განსახილველად, მით უფრო მაშინ, როდესაც განსახილველ შემთხვევაში ადმინისტრაციული დავის საგანს წარმოადგენს არა უძრავ ნივთებთან დაკავშირებული კონფლიქტი, არამედ სარჩელის ობიექტია - ადმინისტრაციული ორგანოს მიერ განხორციელებული მოქმედებების (გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების) კანონიერება, რა დროსაც საერთო განსჯადობის წესების საფუძველზე სარჩელი უნდა წარედგინოს, განიხილოს და გადაწყვიტოს მოპასუხის ადგილსამყოფლის მიხედვით განსჯადმა სასამართლომ. ვინაიდან, მოსარჩელის მოთხოვნა მიმართულია იმ მოპასუხეების მიმართ, რომელთა მისამართები არის ქ. თბილისი, შესაბამისად, ტერიტორიული განსჯადობის გათვალისწინებით განსჯად სასამართლოს წარმოადგენს მოპასუხეთა ადგილსამყოფლის მიხედვით (ქ. თბილისი). თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია.
რუსთავის საქალაქო სასამართლოს განმარტებით, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 23 თებერვლის განჩინება ეფუძნება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-18 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ განსაკუთრებულ განსჯადობის წესს და იძლევა შესაძლებლობას, შესაბამისი სუბიექტური და ობიექტური გარემოებების არსებობისას, განსჯადი სასამართლო განისაზღვროს უძავი ნივთის ფაქტობრივი ადგილმდებარეობის მიხედვით, რისი არჩევანის უფლებამოსილებაც თვით მოსარჩელს აქვს და იგი არ გამორიცხავს და არ აუქმებს საერთო განსჯადობის წესით დადგენილ განსჯადობას, რადგან შეიცავს მითითებას ალტერნატიული განსჯადობის წესზე.
რუსთავის საქალაქო სასამართლოს მიაჩნია, რომ კონკრეტული დავის განხილვისას განსაკუთრებული განსჯადობის წესით რუსთავის საქალაქო სასამართლოში არ უნდა მოხდეს აღნიშნული საქმის განხილვა და საქმე განხილულ უნდა იქნეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში, აქტის გამომცემი ადმინისტრაციული ორგანოს ადგილსამყოფლის მიხედვით, სადაც მოსარჩელის არჩევითაა შეტანილი სარჩელი თავდაპირველად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების, განსჯადობის თაობაზე თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიისა და რუსთავის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მოსაზრებების გაცნობის შედეგად, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26.3. მუხლით მინიჭებული უფლებამოსილების საფუძველზე, წყვეტს რა დავას სასამართლოთა შორის განსჯადობის თაობაზე, მიიჩნევს, რომ დ. ღ-ის სარჩელი განსჯადობით განსახილველად უნდა დაექვემდებაროს რუსთავის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლი ცალსახად ადგენს სარჩელის წარდგენის ვალდებულებას განსჯად სასამართლოში. მითითებული ნორმის 1-ლი ნაწილის თანახმად, სარჩელი უნდა წარედგინოს იმ სასამართლოს, რომელიც უფლებამოსილია, განიხილოს და გადაწყვიტოს ადმინისტრაციული საქმე. ამასთან, ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არაგანსჯად სასამართლოში სარჩელის წარდგენის შემთხვევაში, სასამართლო სარჩელს გადაუგზავნის განსჯად სასამართლოს და ამის შესახებ აცნობებს მოსარჩელეს.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციული კატეგორიის საქმეებზე ტერიტორიული განსჯადობა მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული ადმინისტრაციული ორგანოების ტერიტორიულ განსჯადობაზე, რომლის მიხედვით კონკრეტულ ტერიტორიაზე უძრავი ქონების ან სამართალურთიერთობასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას იღებს ის ადმინისტრაციული ორგანო, რომლის ტერიტორიულ საზღვრებში მდებარეობს ეს უძრავი ქონება ან არსებობს სამართლებრივი ურთიერთობა. რაც შეეხება ადმინისტრაციულ კატეგორიის საქმეთა სასამართლოს ტერიტორიულ განსჯადობას, სარჩელი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე შედის იმ ადმინისტრაციული სასამართლოს კომპეტენციაში, რომლის მოქმედების სფეროშიც აქვს ადგილსამყოფელი მითითებულ ორგანოს. აღნიშნული ეხება აგრეთვე ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის მოთხოვნის თაობაზე სარჩელებს. სარჩელის სათანადო კავშირი ტერიტორიასთან უნდა დადგინდეს სარჩელის წარდგენის მომენტისთვის. ტერიტორიული განსჯადობის არსი მდგომარეობს პრინციპში, რომლის მიხედვით მოსარჩელე მიმართავს სასამართლოს მოპასუხის ადგილსამყოფლის მიხედვით.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ თუ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის III თავით (განსჯადობა) გათვალისწინებული განსჯადობის წესები. აღნიშნულ თავში შემავალი მე-15 მუხლის (საერთო განსჯადობა) პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს სარჩელი წარედგინება მოპასუხის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. ხსენებული მუხლი შეიცავს ტერიტორიული განსჯადობის განმსაზღვრელ საპროცესო ნორმას და პირდაპირ მიუთითებს, რომ სარჩელი იურიდიული პირის მიმართ წარედგინება სასამართლოს მისი ადგილსამყოფლის მიხედვით. ამდენად, აღნიშნული მუხლი საერთო განსჯადობას განსაზღვრავს და ერთნაირად ვრცელდება ნებისმიერ დავაზე, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ამავე კოდექსით განსხვავებული წესია დადგენილი.
მოცემულ შემთხვევაში დავის საგანს წარმოადგენს:
1. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გარდაბნის სარეგისტრაციო სამსახურის მიერ 2008 წლის 26 მარტს ო. ა-ის საკუთრებაში გარდაბნის რ/ნ, სოფ. ... მდებარე 600 კვ.მ. მიწის ნაკვეთის რეგისტრაციის ბათილად ცნობა;
2. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის 2010 წლის 22 აპრილის №11 ბრძანების ბათილად ცნობა;
3. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გარდაბნის სარეგისტრაციო სამსახურის მიერ 2010 წლის 25 მაისს განხორციელებული გარდაბნის რ/ნ, სოფ. ... მდებარე სადავო 600 კვ.მ. მიწის ნაკვეთის სახელმწიფოს საკუთრებად რეგისტრაციის ბათილად ცნობა;
4. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 2015 წლის 14 იანვრის №1-1/6 ბრძანების ბათილად ცნობა;
5. 1997 წლის 3 თებერვლის №10718 მიღება-ჩაბარების აქტის ბათილად ცნობა (ს.ფ. დაზუსტებული სარჩელი 88).
განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლოს განმარტებით, დავის არსი მდგომარეობს იმაში, რომ მოსარჩელე დ. ღ-ეს საკუთრებაში რეგისტრირებული ჰქონდა სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთი, დაუზუსტებელი ფართი - 600 კვ.მ. მასზე მდებარე საცხოვრებელი სახლით, მდებარე გარდაბნის რ/ნ, სოფ. ..., რომელიც 2012 წლის 19 ნოემბერს სანოტარო წესით შედგენილი სამისდღემშიო რჩენის ხელშეკრულების საფუძველზე გადასცა კ. ღ-ეს. კ. ღ-ემ მიმართა რა გარდაბნის სარეგისტრაციო სამსახურს, აღნიშნული მიწის ნაკვეთის საკუთრების უფლების რეგისტრაციის მოთხოვნით, გარდაბნის სარეგისტრაციო სამსახურის მიერ განცხადებაზე შეჩერდა სარეგისტრაციო წარმოება იმ მოტივით, რომ სარეგისტრაციოდ წარდგენილ და საჯარო რეესტრში რეგისტრირებული უძრავი ნივთის საკადასტრო მონაცემებს შორის არსებობდა ზედდება, კერძოდ, წარდგენილი საკადასტრო აზომვითი ნახაზის მიხედვით, მიწის ნაკვეთის საკადასტრო მონაცემები არ შეესაბამებოდა მომიჯნავე უძრავი ნივთის საკადასტრო მონაცემებს და მიწის ნაკვეთის საზღვრები იჭრებოდა მომიჯნავე მიწის ნაკვეთის საზღვრებში, რის გამოც დ. ღ-ემ განცხადებით მიმართ სსიპ ,,სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს“ და მოითხოვა სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის საზღვრების კორექტირება, რაზედაც სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს“ 2014 წლის 19 სექტემბრის №1-1-2092 ბრძანებით ეთქვა უარი, აღნიშნული მოსარჩელემ გაასაჩივრა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში, რომლის 2015 წლის 14 იანვრის №1-1/6 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სარჩელის მიზნის მისაღწევად მთავარ მოთხოვნას წარმოადგენს გარდაბნის სარეგისტრაციო სამსახურის მიერ ო. ა-ის სახელზე გარდაბნის რ/ნ, სოფ. ... 600 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე 2008 წლის 26 მარტს განხორციელებული საკუთრების უფლების რეგისტრაციის ბათილად ცნობა, ასევე მისი უფლებადამდგენი დოკუმენტის 1997 წლის 3 თებერვლის №10718 მიღება-ჩაბარების აქტის ბათილად ცნობა, ვინაიდან, სწორედ აღნიშნულ მიწის ნაკვეთთან არის ზედდებაში სადავო მიწის ნაკვეთი და სწორედ აღნიშნული რეგისტრაციიდან გამომდინარეა დანარჩენი სასარჩელო მოთხოვნებიც. შესაბამისად, მოსარჩელისათვის სასურველი შედეგი სწორედ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გარდაბნის სარეგისტრაციო სამსახურის მიერ 2008 წლის 26 მარტს ო. ა-ის საკუთრებაში გარდაბნის რ/ნ, სოფ. ... მდებარე 600 კვ.მ. მიწის ნაკვეთის რეგისტრაციის ბათილად ცნობით მიიღწევა, შესაბამისად, ძირთადი სასარჩელო მოთხოვნებიც სწორედ მიმართულია საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გარდაბნის სარეგისტრაციო სამსახურის მიმართ. აქვე სასამართლო აღნიშნავს, რომ მართალია, სასარჩელო მოთხოვნები მიმართულია გარდაბნის სარეგისტრაციო სამსახურის მიმართ, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გარდაბნის სარეგისტრაციო სამსახურის მიერ 2008 წლის 26 მარტს განხორციელებული ო. ა-ის სახელზე გარდაბნის რ/ნ, სოფ. ... მდებარე 600 კვ.მ. მიწის ნაკვეთის რეგისტრაციის ბათილად ცნობის, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გარდაბნის სარეგისტრაციო სამსახურის მიერ 2010 წლის 25 მაისს განხორციელებული გარდაბნის რ/ნ, სოფ. ... მდებარე სადავო 600 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე სახელმწიფო საკუთრებად რეგისტრაციის ბათილად ცნობისა და სახელმწიფოს საკუთრებიდან ამორიცხვის ნაწილში, თუმცა მოპასუხედ დასახელებულია საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო, რომლის მიმართაც არ არის მოთხოვნა აღძრული, ხოლო 1997 წლის 3 თებერვლის №10718 მიღება-ჩაბარების აქტის ბათილად ცნობის ნაწილში მოპასუხე საერთოდ არ არის დასახელებული. საკასაციო სასამართლო მიუთითებს სსსკ-ის 85-ე მუხლზე და განმარტავს, რომ სასამართლოს საპროცესო მოვალეობას წარმოადგენს შეამოწმოს არის თუ არა მოსარჩელის მიერ მოპასუხედ დასახელებული ის პირი, ვინც პასუხი უნდა აგოს სარჩელზე. შემოწმების შედეგად, თუ სასამართლო მივა დასკვნამდე, რომ სარჩელი აღძრულია არასათანადო მოპასუხის მიმართ, მან უნდა განახორციელოს აღნიშნული მუხლით გათვალისწინებული საპროცესო მოქმედება.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოცემული საქმის ტერიტორიული განსჯადობის დადგენისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს იმას, რომ სადავო სამართალურთიერთობა წარმოიშვა დ. ღ-ის მოთხოვნასთან დაკავშირებით გარდაბნის სარეგისტრაციო სამსახურის მიერ სადავო აქტის გამოცემის შედეგად. მართალია მოსარჩელე არ ითხოვს ნაკვეთის მის სახელზე რეგისტრაციის შესახებ აქტის გამოცემის დავალებას, თუმცა სადავო აქტების ბათილად ცნობით სურს მიეცეს 2012 წლის 19 ნოემბერს დადებული სამისდღემშიო რჩენის ხელშეკრულების საფუძველზე გარდაბნის რ/ნ, სოფ. ... მდებარე 600 კვ.მ. მიწის ნაკვეთის საჯარო რეესტრში აღრიცხვის შესაძლებლობა, რის გამოც რეგისტრაციის სამსახურის აქტის მნიშვნელობის გათვალისწინებით, საკასაციო პალატა თვლის, რომ დ. ღ-ის სარჩელი განსჯადობით უნდა დაექვემდებაროს რუსთავის საქალაქო სასამართლოს, რომლის იურისდიქციის ტერიტორიაზეც მდებარეობს გარდაბნის სარეგისტრაციო სამსახური.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 26-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. დ. ღ-ის სარჩელი განსჯადობით განსახილველად დაექვემდებაროს რუსთავის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას;
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: ლ. მურუსიძე
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
ნ. სხირტლაძე