Facebook Twitter

#ბს-420-413(გ-15) 10 სექტემბერი, 2015 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე, ლევან მურუსიძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე

მოსარჩელე _ ლ. რ-ი

მოპასუხე _ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო

მესამე პირი - ე. გ-ა

დავის საგანი _ სასამართლოთა შორის განსჯადობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2014 წლის 8 სექტემბერს ლ. რ-მა სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიმართ.

მოსარჩელემ აღნიშნა, რომ იგი 2007 წლიდან 2012 წლის 29 ივნისამდე ახორციელებდა სსიპ ქ. თბილისის ...-ე საჯარო სკოლის დირექტორის უფლებამოსილებას. 2012 წლის 2 ივლისიდან 2014 წლის 7 აპრილამდე იყო ქ. თბილისის სსიპ ... სახელობის ...-ე საჯარო სკოლის დირექტორი.

მოსარჩელის მითითებით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში გამოცხადდა საჯარო სკოლის დირექტორთა შესარჩევი კონკურსი, რომელშიც მონაწილეობას იღებდა მოსარჩელე ლ. რ-იც. დირექტორობის უფლების მოსაპოვებლად მან წარმატებით გაიარა კონკურსის რამდენიმე ეტაპი, რის საფუძველზეც გადასცეს დირექტორობის უფლების მოპოვების დამადასტურებელი სერთიფიკატი. 2014 წლის 26 აგვისტოს ლ. რ-მა გასაუბრება გაიარა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის სათანადო ბრძანების საფუძველზე შექმნილ კომისიასთან, მაგრამ მოსარჩელის კანდიდატურა აბსოლუტურად უკანონოდ, ყოველგვარი დასაბუთებისა და ფაქტობრივი არგუმენტაციის გარეშე უარყოფილ იქნა კომისიის მიერ, რის შემდეგაც იგი არ იქნა წარდგენილი ...-ე სკოლის სამეურვეო საბჭოს წინაშე.

აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელემ სსიპ ... სახელობის თბილისის ...-ე საჯარო სკოლის სამეურვეო საბჭოსათვის ასარჩევად ლ. რ-ის არწარდგენის ნაწილში დირექტორობის უფლების მქონე პირების საჯარო სკოლის სამეურვეო საბჭოებისათვის წარდგენის მიზნით კომისიის შექმნის თაობაზე, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2014 წლის 22 აგვისტოს #949 ბრძანებით შექმნილი კომისიის 2014 წლის 26 აგვისტოს #4 სხდომის ოქმის, ასევე, სსიპ ... თბილისის ...-ე საჯარო სკოლის დირექტორის კანდიდატურის სამეურვეო საბჭოსთვის წარდგენის ნაწილში საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს 2014 წლის 29 აგვისტოს #977 ბრძანებისა და სსიპ ... სახელობის თბილისის ...-ე საჯარო სკოლის დირექტორად ე. გ-ას დანიშვნის შესახებ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2014 წლის 9 სექტემბრის ბრძანების ბათილად ცნობა მოითხოვა. ამასთან, მოსარჩელემ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთვის სადავო აქტების ბათილად ცნობიდან 5 დღის ვადაში სსიპ ... სახელობის თბილისის ...-ე საჯარო სკოლის დირექტორის არჩევნების დანიშვნისა და ადმინისტრაციული აქტის გამოცემის დავალება მოითხოვა, რომლითაც ლ. რ-ი შევა იმ კანდიდატთა სიაში, რომლებიც ასარჩევად წარედგინება სსიპ ... სახელობის თბილისის ...-ე საჯარო სკოლის სამეურვეო საბჭოს.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 28 ოქტომბრის საოქმო განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე საქმეში მესამე პირად ჩაება ე. გ-ა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 15 დეკემბრის განჩინებით ლ. რ-ის სარჩელი განსჯადობით განსახილველად გადაეცა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას.

სასამართლო კოლეგიამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლით და აღნიშნა, რომ დავის ადმინისტრაციულ-სამართლებრივად მიჩნევისთვის საჭიროა, რომ სადავო სამართლებრივი ურთიერთობა გამომდინარეობდეს ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან. ამავე მუხლის მე-2 ნაწილი უფრო კონკრეტულად განსაზღვრავს ადმინსტრაციული სამართალწარმოების წესით განსახილველ საქმეთა კატეგორიებს. ამა თუ იმ დავის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი კატეგორიის დავად მიჩნევისთვის არსებითი და გადამწყვეტია სწორედ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლში მითითებული ელემენტი - დავის გამომდინარეობა ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან, რომელიც მოცემულ შემთხვევაში სახეზე არ არის.

სასამართლო კოლეგია განმარტავს, რომ „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-111 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ამ კანონის 29-ე-32-ე მუხლების მოქმედება აგრეთვე ვრცელდება საჯარო სამართლის იურიდიულ პირზე, გარდა იმ საჯარო სამართლის იურიდიული პირისა, რომელიც ეწევა კულტურულ, საგანმანათლებლო ან რელიგიურ საქმიანობას, და ეროვნულ მარეგულირებელ ორგანოსთან არსებული მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის თანაშემწის დანიშვნის წესისა. ამდენად, დირექტორთა შესარჩევი კონკურსი არ ჩატარებულა ადმინისტრაციული კანონმდებლობის - „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის შესაბამისად. კონკურსის ჩატარების სამართლებრივი საფუძველი იყო „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონი და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 24 თებერვლის #25/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სკოლის დირექტორის შესარჩევი კონკურსის გამართვის წესი“. მითითებული კანონის 42-ე მუხლის მე-21 პუნქტის თანახმად, დირექტორის კონკურსთან დაკავშირებული სადავო აქტები საჩივრდება სასამართლოში და გასაჩივრება არ იწვევს მათი მოქმედების შეჩერებას. ამავე კანონის მე-12 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად კი, საჯარო სკოლის დირექტორსა და სკოლის თანამშრომლებს, სამეურვეო საბჭოსა და სკოლის დირექტორს შორის, აგრეთვე საჯარო სკოლის დირექტორსა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შორის წარმოშობილ შრომით დავებს, როგორც სამოქალაქო დავებს, სამოქალაქო სამართალწარმოების წესით განიხილავს სასამართლო.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ მიიჩნია, რომ განსახილველი დავა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-11 მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული წესით განხილულ უნდა იქნეს სამოქალაქო სამართალწარმოების წესით.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 12 ივნისის განჩინებით ლ. რ-ის სარჩელი საქმის მასალებთან ერთად გადმოიგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოში განსჯადობის თაობაზე დავის გადასაწყვეტად.

სასამართლო კოლეგიამ მიიჩნია, რომ მოცემული დავა განეკუთვნებოდა ადმინისტრაციულ დავათა კატეგორიას.

სასამართლო კოლეგიამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლით და მიუთითა, რომ ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განიხილება ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებში დაკონკრეტებული დავები, აგრეთვე სხვა დავები, რომლებიც ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან გამომდინარე სამართლებრივი ურთიერთობებიდან არის წარმოშობილი. შესაბამისად, კანონმდებელმა ადმინისტრაციული სამართალწარმოებით საქმის განხილვისთვის აუცილებელ ელემენტად განსაზღვრა დავის საგანი, რომელიც მითითებულია ზემოაღნიშნულ მუხლში, ხოლო აღნიშნული დავები წარმოშობილი უნდა იყოს იმ სამართალურთიერთობებიდან, რომლებიც საჯარო, კერძოდ, ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობითაა მოწესრიგებული.

სასამართლო კოლეგიის მითითებით, მოცემულ შემთხვევაში სახეზეა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ადმინისტრაციული დავა და აღნიშნულთან დაკავშირებით სასამართლომ არ გაიზიარა ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის დასკვნა „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-3 ნაწილის დანაწესის შესაბამისად, დავის სამოქალაქო წესით განსახილველად მიჩნევის თაობაზე. სასამართლომ მიიჩნია, რომ აღნიშნული ნორმის დანაწესი შეიძლება გავრცელდეს უკვე დირექტორის სტატუსის მქონე სუბიექტსა და სამინისტროს შორის წარმოშობილ შრომით ურთიერთობებზე. სადავო ურთიერთობა კი ეხება დირექტორის სტატუსის მოპოვებამდე არსებულ ეტაპს - შესარჩევ კონკურსს, რომლის შედეგებსაც ადასტურებს მინისტრი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით, შემდეგ კი სამეურვეო საბჭო იღებს გადაწყვეტილებას კანდიდატის დირექტორად არჩევის შესახებ.

სასამართლო კოლეგიის დასკვნით, მოცემულ სამართალურთიერთობას გააჩნია საჯარო-სამართლებრივი ურთიერთობის დამახასიათებელი ყველა ელემენტი - დავა გამომდინარეობს ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან, ხოლო სარჩელი აღძრულია მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მიმართ, რის გამოც სასამართლო კოლეგიამ მიიჩნია, რომ წინამდებარე სადავო სამართალურთიერთობა გამომდინარეობს ადმინისტრაციული კანონმდებლობიდან.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო ზეპირი მოსმენის გარეშე გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ და სამოქალაქო საქმეთა კოლეგიების განჩინებების კანონიერება-დასაბუთებულობა, რის შემდეგაც მივიდა დასკვნამდე, რომ მოცემული საქმე განსჯადობით განსახილველად უნდა დაექვემდებაროს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-11 მუხლი შეეხება სამოქალაქო საქმეების უწყებრივ ქვემდებარეობას სასამართლოებისადმი, რომლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესით სასამართლო განიხილავს საქმეებს დარღვეული თუ სადავოდ ქცეული უფლების, აგრეთვე, კანონით გათვალისწინებული ინტერესების დაცვის შესახებ, კერძოდ, სამოქალაქო, საოჯახო, შრომის, საადგილმამულო, ბუნებრივი რესურსების გამოყენებისა და გარემოს დაცვის ურთიერთობებიდან წარმოშობილ დავებს მოქალაქეებს, მოქალაქეებსა და იურიდიულ პირებს, აგრეთვე იურიდიულ პირებს შორის.

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლში მოცემულია სასამართლოს განსჯადი ადმინისტრაციული საქმეების ჩამონათვალი, კერძოდ, ხსენებული მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სასამართლოში ადმინისტრაციული დავის საგანს შეიძლება წარმოადგენდეს: ა) ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესაბამისობა საქართველოს კანონმდებლობასთან; ბ) ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადება, შესრულება ან შეწყვეტა; გ) ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულება ზიანის ანაზღაურების, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ან სხვა რაიმე ქმედების განხორციელების თაობაზე; დ) აქტის არარად აღიარება, უფლების ან სამართალურთიერთობის არსებობა-არარსებობის დადგენა. ამავე მუხლის მე-3 ნაწილი მიუთითებს, რომ ამ მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით გათვალისწინებული საქმეების გარდა, სასამართლოში ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განიხილება სხვა საქმეებიც იმ სამართლებრივ ურთიერთობებთან დაკავშირებით, რომლებიც აგრეთვე გამომდინარეობს ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან.

აღნიშნულიდან გამომდინარე, კანონმდებელმა ადმინისტრაციული სამართალწარმოებით საქმის განხილვის ძირითად ელემენტად განსაზღვრა დავის საგანი, რომელიც წარმოშობილია იმ სამართალურთიერთობიდან, რაც საჯარო, კონკრეტულად, ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობით არის მოწესრიგებული.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ამა თუ იმ დავის ადმინისტრაციულ-სამართლებრივად მიჩნევისათვის აუცილებელი პირობაა, მოსარჩელის მოთხოვნა სამართლებრივად ეფუძნებოდეს საჯარო - ადმინისტრაციული სამართლის შესაბამის ნორმებს, კონკრეტული სამართლებრივი ურთიერთობები გამომდინარეობდეს ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან, ანუ მოსარჩელის მიერ მითითებული საკუთარი უფლების (უფლებების) დარღვევა თავისი არსითა და შინაარსით განპირობებული უნდა იყოს მოპასუხის მხრიდან საჯარო, მატერიალური სამართლის შესაბამისი საკანონმდებლო ნორმების დარღვევით.

საკასაციო სასამართლო იზიარებს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მოსაზრებას, რომ აღნიშნული დავა ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განსახილველ დავათა კატეგორიას მიეკუთვნება, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში დავის საგანს წარმოადგენს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა და ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება. შესაბამისად, განსჯადობის საკითხის გადასაწყვეტად უნდა შეფასდეს მითითებული აქტების სამართლებრივი ხასიათი.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი. რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგი.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ დავის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი კატეგორიის დავად მიჩნევისთვის უმთავრესი და აუცილებელი პირობაა, რომ მოსარჩელის მოთხოვნა იურიდიულად ეფუძნებოდეს საჯარო-ადმინისტრაციული სამართლის შესაბამის ნორმებს, კონკრეტული სამართლებრივი ურთიერთობები კი უნდა გამომდინარეობდეს ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან. ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული აქტი უნდა ემყარებოდეს ამ უკანასკნელს და თავისი შინაარსით პასუხობდეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტისათვის დადგენილ მოთხოვნებს. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2014 წლის 29 აგვისტოს #977 სადავო ბრძანება, როგორც ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, შეიცავს ამ აქტისათვის საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლით დადგენილ რეკვიზიტებს და გამოცემულია ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე. ამდენად, სადავო ბრძანება წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს. ამასთან, სახეზეა ადმინისტრაციული კანონმდებლობიდან გამომდინარე არსებული სამართალურთიერთობა, ვინაიდან მისი რეგულირება ხდება „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონით და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 24 თებერვლის #25/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სკოლის დირექტორის კონკურსის გამართვის წესით“ - ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე. აქედან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ სამართალურთიერთობას გააჩნია საჯარო-სამართლებრივი ურთიერთობის ყველა ელემენტი და მისი გამოცემის საფუძველს წარმოადგენს ადმინისტრაციული კანონმდებლობა, არსებობს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული პირობა დავის ადმინისტრაციულ კატეგორიად მიჩნევისთვის.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 24 თებერვლის #25/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სკოლის დირექტორის კონკურსის გამართვის წესის“ თანახმად, განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ინდივიდუალური ადმინისტრაციული-სამართლებრივი აქტით ქმნის კომისიას/კომისიებს სამეურვეო საბჭოსათვის დირექტორების კანდიდატების წარდგენის მიზნით. კომისია არის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ განსაზღვრული უფლებამოსილების ფარგლებში შექმნილი კოლეგიური ორგანო, რომელიც გადაწყვეტილებას იღებს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი წესით, როგორც კოლეგიური ორგანო. საკონკურსო კომისიის შექმნის მიზანია დირექტორის სტანდარტით დადგენილი მოთხოვნების მასთან შესაბამისობის დადგენა. საკონკურსო კომისიის გადაწყვეტილება ადასტურებს ან უარყოფს კონკურსანტის სამეურვეო საბჭოსათვის წარდგენის უფლებას. რაც შეეხება გასაუბრების კომისიის საოქმო გადაწყვეტილებას, იგი წარმოშობს სამართლებრივ შედეგს კონკურსანტის მიმართ. გასაუბრების კომისიის საოქმო გადაწყვეტილების საფუძველზე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს. ამდენად, კომისიის საოქმო გადაწყვეტილება მინისტრის მიერ გამოცემული სადავო ბრძანების სავალდებულო კომპონენტია, რომელიც წარმოადგენს კომისიის თითოეული წევრის გადაწყვეტილების ერთობლიობას და ფორმალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით შეიცავს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ცნების ელემენტს. შესაბამისად, დავა გამომდინარეობს ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან.

საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მოსაზრებას დავის სამოქალაქო კატეგორიად მიჩნევის თაობაზე იმ მოტივით, რომ „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონის 42-ე მუხლის მე-21 პუნქტის თანახმად, დირექტორის კონკურსთან დაკავშირებული სადავო აქტები საჩივრდება სასამართლოში და გასაჩივრება არ იწვევს მათი მოქმედების შეჩერებას. ამავე კანონის მე-12 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად კი, საჯარო სკოლის დირექტორსა და სკოლის თანამშრომლებს, სამეურვეო საბჭოსა და სკოლის დირექტორს შორის, აგრეთვე საჯარო სკოლის დირექტორსა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შორის წარმოშობილ შრომით დავებს, როგორც სამოქალაქო დავებს, სამოქალაქო სამართალწარმოების წესით განიხილავს სასამართლო.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონის მე-12 მუხლის მე-3 ნაწილის დანაწესი არ ვრცელდება გამოცხადებულ კონკურსში მონაწილე კონკურსანტ დირექტორებზე. იგი შეიძლება გავრცელდეს საჯარო სკოლის უკვე არჩეულ/დანიშნულ დირექტორსა და სკოლის თანამშრომელს, სამეურვეო საბჭოსა და სკოლის დირექტორს შორის, აგრეთვე საჯარო სკოლის დირექტორსა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შორის წარმოშობილ შრომით დავებზე, როგორც სამოქალაქო დავებზე, რომელთაც სამართალწარმოების წესით განიხილავს სასამართლო. სადავო ურთიერთობა კი ეხება დირექტორის სტატუსის მოპოვებამდე არსებულ ეტაპს - შესარჩევ კონკურსს, რომლის შედეგებსაც ადასტურებს მინისტრი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით, შემდეგ კი სამეურვეო საბჭო იღებს გადაწყვეტილებას კანდიდატის დირექტორად არჩევის თაობაზე. უდავოა, რომ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მიერ გამოცემული ბრძანებები, წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს, რომლის კანონიერებაც უნდა შემოწმდეს ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით, რადგან ისინი გამოცემულია ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის - „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში. ამდენად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემული დავა სწორედ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი ურთიერთობიდან წარმოშობილი დავაა.

საკასაციო სასამართლო ასევე ვერ გაიზიარებს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მითითებას „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-111 მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის თანახმად, ამ კანონის 29-ე–32-ე მუხლების მოქმედება აგრეთვე ვრცელდება საჯარო სამართლის იურიდიულ პირზე, გარდა იმ საჯარო სამართლის იურიდიული პირისა, რომელიც ეწევა კულტურულ, საგანმანათლებლო ან რელიგიურ საქმიანობას, და ეროვნულ მარეგულირებელ ორგანოსთან არსებული მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის თანაშემწის დანიშვნის წესისა. ამდენად, დირექტორთა შესარჩევი კონკურსი არ ჩატარებულა ადმინისტრაციული კანონმდებლობის - „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის შესაბამისად. კონკურსის ჩატარების სამართლებრივი საფუძველი იყო „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონი და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 24 თებერვლის #25/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სკოლის დირექტორის შესარჩევი კონკურსის გამართვის წესი“.

აღნიშნულთან დაკავშირებით საკასაციო პალატა მიუთითებს „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის მე-111 მუხლის მე-2 პუნქტზე, რომლის მიხედვით, საჯარო სამართლის იურიდიული პირის თანამშრომლებისათვის კონკურსის ჩატარებას უზრუნველყოფს შესაბამისი საჯარო სამართლის იურიდიული პირის საკონკურსო-საატესტაციო კომისია, რომელიც იქმნება ამ კანონის 362-ე და 363-ე მუხლებით გათვალისწინებული წესით. „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონით დადგენილი რეგულაციები კონკურსის ჩატარებასთან დაკავშირებით წარმოადგენს ზოგად მოწესრიგებას, რაც ცალკეული დაწესებულებების მიერ შესაძლებელია განსხვავებულად მოწესრიგდეს. კანონის კონკრეტული მუხლების გავრცელების აკრძალვა კი არ გამორიცხავს მოცემულ კონკურსს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი სივრციდან, ვინაიდან „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის მე-111 მუხლის მე-2 პუნქტის დანაწესი აბსოლუტურად ვრცელდება საგანმანათლებლო საქმიანობის განმახორციელებელ საჯარო სამართლის იურიდიულ პირებზე. მოცემულ შემთხვევაში, დავის სამართლებრივი ბუნების განსაზღვრა არ შეიძლება უკავშირდებოდეს კონკურსის ჩატარების სპეციალური მოწესრიგების არსებობის ფაქტს.

საკასაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მოცემული დავა სწორედ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი ურთიერთობიდან წარმოშობილი დავაა, ვინაიდან ერთ-ერთ განმსაზღვრელ ელემენტს დავის ადმინისტრაციულად მიჩნევისათვის სწორედ ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან გამომდინარე სამართალურთიერთობა წარმოადგენს. შესაბამისად, განსახილველი დავა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განსახილველ ადმინისტრაციულ დავას წარმოადგენს. მოცემულ სამართალურთიერთობას გააჩნია საჯარო-სამართლებრივი ურთიერთობის დამახასიათებელი ყველა ელემენტი - დავა გამომდინარეობს ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან, ხოლო სარჩელი აღძრულია მოპასუხე ადმინისტარციული ორგანოს მიმართ, რის გამოც სახეზეა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული პირობები დავის ადმინისტრაციულ კატეგორიად მიჩნევისათვის.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლი ცალსახად ადგენს სარჩელის წარდგენის ვალდებულებას განსჯად სასამართლოში. მითითებული ნორმის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი უნდა წარედგინოს იმ სასამართლოს, რომელიც უფლებამოსილია განიხილოს და გადაწყვიტოს ადმინისტრაციული საქმე. ამასთან, ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად არაგანსჯად სასამართლოში სარჩელის წარდგენის შემთხვევაში სასამართლო სარჩელს გადაუგზავნის განსჯად სასამართლოს და ამის შესახებ აცნობებს მოსარჩელეს.

მოცემულ შემთხვევაში ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი, განსხვავებით სამოქალაქო სამართალწარმოებისაგან ამკვიდრებს არა მხოლოდ განსჯადი სასამართლოს პრინციპს, არამედ ადმინისტრაციული კანონმდებლობის მნიშვნელოვან პრინციპს _ უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გადაწყვეტილების მიღების შესახებ. აღნიშნული პრინციპი კი ასახვას პოულობს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლში. კერძოდ, დავის განხილვის და გადაწყვეტის აუცილებლობაში უფლებამოსილი სასამართლოს მიერ.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წინამდებარე სადავო სამართალურთიერთობა გამომდინარეობს ადმინისტრაციული (საჯარო) კანონმდებლობიდან, სასარჩელო მოთხოვნა ეხება კერძო სამართლის სუბიექტსა და ადმინისტრაციულ ორგანოს შორის არსებული საჯარო-სამართლებრივი ურთიერთობიდან წარმოშობილ დავას, რის გამოც მოცემული საქმე განეკუთვნება საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლით განსაზღვრულ სასამართლოს განსჯად ადმინისტრაციულ საქმეს.

საკასაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის დასკვნა მოცემული დავის სამოქალაქო კატეგორიად მიჩნევის თაობაზე, არასწორია. შესაბამისად, ლ. რ-ის სარჩელი თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის განსჯად ადმინისტრაციულ დავას წარმოადგენს, რის გამოც განსჯადობის მიხედვით საქმე განსახილველად უნდა დაექვემდებაროს მითითებულ სასამართლოს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 26-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. საქმე - ლ. რ-ის სარჩელისა გამო, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიმართ, განსჯადობით განსახილველად დაექვემდებაროს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას;

2. საქმე გადაეგზავნოს განსჯად სასამართლოს;

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვაჩაძე

მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე

ლ. მურუსიძე