საქმე №ბს-447-440(გ-15) 15 სექტემბერი, 2015 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ლევან მურუსიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მაია ვაჩაძე, ნუგზარ სხირტლაძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე
მოსარჩელე _ ზ. კ-ე
მოპასუხე: სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი
დავის საგანი _ სასამართლოთა შორის განსჯადობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
ზ. კ-ემ სარჩელი აღძრა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში მოპასუხის სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიმართ და მოითხოვა საკონკურსო კომისიის 2013 წლის 16 დეკემბრის სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილების - ... ვაკანტურ თანამდებობაზე გამოცხადებული კონკურსის ნაწილში (ოქმი №37), ბათილად ცნობა, კონკურსის შედეგების გაუქმება, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის 2013 წლის 25 დეკემბრის №43/კ ბრძანების ბათილად ცნობა და სამუშაოზე აღდგენა.
მოსარჩელე სასარჩელო განცხადებაში მიუთითებდა, რომ სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის 2013 წლის 1 თებერვლის №12/კ ბრძანებით 2013 წლის 1 თებერვლიდან დაინიშნა სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ადმინისტრაციაში ... მოვალეობის შემსრულებლის თანამდებობაზე, ხოლო სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის 2013 წლის 25 დეკემბრის №43/კ ბრძანებით გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან შრომის კოდექსის 37-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ვ“ ქვეპუნქტის, 38-ე მუხლის, 21-ე მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე.
სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ცენტრში საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ ადმინისტრაციული ვებ-გვერდის მეშვეობით 2013 წლის 5 ნოემბრის ... თანამდებობაზე გამოცხადდა კონკურსი, რომელიც ჩატარდა სამ ეტაპად. კონკურსის პირობები ჩამოყალიბდა ზოგადად, არასრული სახით. გამოქვეყნებული პირობებიდან ობიექტურად არ დგინდებოდა თუ რა კრიტერიუმებით უნდა გამოვლენილიყო გამარჯვებული, რითაც დაირღვა ,,საჯარო თანამდებობათა დასაკავებელი კონკურსის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ პრეზიდენტის 2009 წლის 5 თებერვლის №46 ბრძანებულების მე-3 მუხლის ,,ბ“ ქვეპუნქტი, რომლის შესაბამისადაც კონკურსში გამოყენებული პროცედურები, მეთოდები და შეფასების კრიტერიუმები უნდა იყოს ფორმულირებული, გასაგები და აღქმადი ყველა პრეტენდენტისთვის.
მოსარჩელის განმარტებით, სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ადმინისტრაციის 5 თანამშრომლიდან ტესტირება ჩაუტარდა 2 თანამშრომელს, მათ შორის, მოსაჩელეს და ორივე მათგანი გაათავისუფლეს სამსახურიდან, ხოლო დანარჩენ სამ თანამშრომელს ჩაუტარდა მხოლოდ გასაუბრება, რითაც დაირღვა ,,საჯარო თანამდებობათა დასაკავებელი კონკურსის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ პრეზიდენტის 2009 წლის 5 თებერვლის №46 ბრძანებულების მე-3 მუხლის ,,გ“ ქვეპუნქტით განმტკიცებული პრინციპი - არადისკრიმინაციულობა, რომლის თანახმადაც კონკურსის პროცედურები უნდა უზრუნველყოფდეს მოქალაქეთა თანასწორობას.
მოსარჩელემ წარმატებით გაირა კონკურსის ორი ეტაპი და სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2013 წლის 29 ნოემბრის ელექტრონული შეტყობინებით ეცნობა, რომ გადავიდა მესამე ეტაპზე - გასაუბრებაზე.
საკონკურსო კომისიის 2013 წლის 16 დეკემბრის №37 სხდომის ოქმით ირკვევა, რომ კომისიამ მიიღო გადაწყვეტილება ... მოვალეობის შემსრულებლის - ზ. კ-ის შრომითი ურთიერთობა შეწყდეს 2013 წლის 31 დეკემბრიდან.
მოსარჩელის განმარტებით, კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილება მოსარჩელის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ და თანამდებობიდან მისი გათავისუფლების ვადის დადგენა - კანონსაწინააღმდეგოა. კომისიის ფუნქციებში გამარჯვებული კანდიდატის გამოვლენაა და არა ის, თუ ვინ და როდის უნდა იქნეს გათავისუფლებული თანამდებობიდან. სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრში საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ ადმინისტრაციული ვებ-გვერდის მეშვეობით 2013 წლის 5 ნოემბერს ... თანამდებობაზე გამოცხადებული კონკურსი ჩატარდა უკანონოდ. დარღვეულ იქნა ,,საჯარო თანამდებობათა დასაკავებელი კონკურსის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ პრეზიდენტის 2009 წლის 5 თებერვლის №46 ბრძანებულების მე-8 მუხლი, არ შექმნილა საპრეტენზიო კომისია. მოსარჩელის განმარტებით, უცნობია რა კრიტერიუმებს დაეყრდნო კომისია გამარჯვებულის გამოვლენისას.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 5 თებერვლის განჩინებით ზ. კ-ის სარჩელი, მოპასუხე სსიპ – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიმართ საკონკურსო კომისიის 2013 წლის 16 დეკემბრის გადაწყვეტილების (ოქმი №37) ნაწილობრივ ბათილად ცნობისა და კონკურსების შედეგების გაუქმების, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის 2013 წლის №43/კ ბრძანების ბათილად ცნობის და თანამდებობაზე აღდგენის თაობაზე გადაეგზავნა განსჯად სასამართლოს – თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას.
საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ განმარტა, რომ დავის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი კატეგორიის დავად მიჩნევისათვის არსებითი და გადამწყვეტია საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლში მითითებული ნორმატიული ელემენტი - დავის გამომდინარეობა ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან. ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის შესაბამისად, საჯარო სამართლის იურიდიული პირი არის შესაბამისი კანონით, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით ან კანონის საფუძველზე სახელმწიფო მმართველობის ორგანოს ადმინისტრაციული აქტით შექმნილი, საკანონმდებლო და სახელმწიფო მმართველობის ორგანოებისგან განცალკევებული ორგანიზაცია, რომელიც სახელმწიფო კონტროლით დამოუკიდებლად ახორციელებს პოლიტიკურ, სახელმწიფოებრივ, სოციალურ, საგანმანათლებლო, კულტურულ და სხვა საჯარო საქმიანობას, აგრეთვე ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი აღმასრულებელი ორგანოს ნორმატიული აქტით შექმნილი, სახელმწიფო მმართველობის ორგანოებისგან განცალკევებული ორგანიზაცია, რომელიც სახელმწიფოს კონტროლით დამოუკიდებლად ახორციელებს სოციალურ, საგანმანათლებლო, კულტურულ და სხვა საჯარო საქმიანობას.
,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულია იმ სახელმწიფო დაწესებულებების ჩამონათვალი, რომელში სამსახურიც ითვლება საჯარო სამსახურად და მასში საჯარო სამართლის იურიდიული პირი არ არის გათვალისწინებული. გარდა ამისა, მოსარჩელის, როგორც საჯარო მოხელეთა თანამდებობა, არ არის მოხსენებული არც საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 21 ივლისის №286 ბრძანებულებით დამტკიცებული საჯარო სამსახურის თანამდებობათა რეესტრში. შესაბამისად, მოსარჩელე ვერ მიიჩნევა ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის სუბიექტად. ამდენად, საქალაქო სასამართლოს განმარტებით, სადავო ურთიერთობების მოწესრიგებისას გამოყენებული უნდა იქნეს კერძო სამართლის კანონმდებლობა - საქართველოს შრომის კოდექსი, რომელიც არეგულირებს შრომით ურთიერთობებს, თუ ისინი განსხვავებულად არ წესრიგდება სხვა სპეციალური კანონმდებლობით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ განსახილველი დავა წარმოადგენს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-11 მუხლის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ სამართალწარმოების წესით განსახილველ სამოქალაქო დავას.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 10 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ზ. კ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
მითითებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ზ. კ-ემ და მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 6 მაისის განჩინებით ზ. კ-ის სააპელაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 10 ოქტომბრის გადაწყვეტილებაზე, საქმის მასალებთან ერთად განსჯადობით განსახილველად გადაეგზავნა უფლებამოსილ - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას.
სამოქალაქო საქმეთა პალატამ მიუთითა, რომ არ იზიარებს საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის დასკვნას, კონკრეტული სადავო ურთიერთობის მოწესრიგებისას კერძო სამართლის კანონმდებლობის - საქართველოს შრომის კოდექსისა და არა ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობის გამოყენების თაობაზე. სააპელაციო პალატის განმარტებით, ზ. კ-ის თანამდებობიდან გათავისუფლების საფუძველი გახდა სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის საკონკურსო-საატესტაციო კომისიის 2013 წლის 16 დეკემბრის სხდომის (ოქმი №37) გადაწყვეტილება. აღნიშნულ სხდომაზე კომისიის წევრებმა იმსჯელეს და ერთხმად დაადგინეს - ,,... მოვალეობის შემსრულებელს ზ. კ-ეს შრომითი ურთიერთობა შეუწყდეს 2013 წლის 31 დეკემბრიდან“. სწორედ ამ გადაწყვეტილების ბათილად ცნობას, კონკურსის შედეგების გაუქმებას და, როგორც თანმდევი შედეგის, სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ბრძანების ბათილობას და თანამდებობაზე აღდგენას ითხოვდა მოცემული სარჩელით ზ. კ-ე. ამდენად, უდავოა, რომ მითითებული სასარჩელო მოთხოვნებიდან უმთავრესია ის მოთხოვნა, რომელიც უკავშირდება სსიპ – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის საკონკურსო-საატესტაციო კომისიის 2013 წლის 16 დეკემბრის სხდომის (ოქმი N37) ზემოთ მითითებული გადაწყვეტილების ბათილობას. ამასთან, მოსარჩელის ეს მოთხოვნა ეფუძნებოდა იმ გარემოებებს, რომ კონკურსი ჩატარდა „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისი ნორმების და „საჯარო თანამდებობათა დასაკავებელი კონკურსის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 05 თებერვლის N46 ბრძანებულებით დადგენილი მოთხოვნების დარღვევით. ამასთან, საქალაქო სასამართლომ საკონკურსო-საატესტაციო კომისიის სადავო გადაწყვეტილება სწორედ მითითებულ ნორმატიულ აქტებთან შესაბამისობის კუთხით შეამოწმა.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-111 მუხლზე („საჯარო სამართლის იურიდიულ პირზე ამ კანონის მოქმედების გავრცელების წესი“. 29.06.2012. N6611) და ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობის მითითებული ნორმების ანალიზის საფუძველზე განმარტა, რომ 29.06.2012, N6611 კანონით „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში შეტანილი ცვლილებების შემდეგ, საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში (რამდენიმე გამონაკლისის გარდა) თანამდებობათა დასაკავებლად კონკურსის გამოცხადება და ჩატარება ხდება ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობის, კერძოდ, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის და საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით (დღეს მოქმედი რედაქციით – „საქართველოს მთავრობის დადგენილებით“) დამტკიცებული წესის საფუძველზე.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ განსახილველი დავა როგორც სამართლებრივი ურთიერთობის შინაარსის (დავა გამომდინარეობს ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან), ისე მასში მონაწილე სამართალსუბიექტის (მოპასუხე სსიპ – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 2.1 მუხლის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ადმინისტრაციული ორგანოა) მიხედვით, ადმინისტრაციულ საქმეთა კატეგორიას განეკუთვნებოდა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 16 ივნისის განჩინებით სასამართლოებს შორის განსჯადობაზე დავის გადასაწყვეტად ზ. კ-ის სააპელაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 10 ოქტომბრის გადაწყვეტილებაზე გადაეგზავნა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას.
სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის დანაწესიდან გამომდინარე განმარტა, რომ კანონმდებელმა ადმინისტრაციული სამართალწარმოებით საქმის განხილვის ძირითად ელემენტად განსაზღვრა დავის საგანი, რომელიც წარმოშობილია იმ სამართალურთიერთობიდან, რომელიც საჯარო, კონკრეტულად კი, ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობით არის მოწესრიგებული. ამა თუ იმ დავის ადმინისტრაციულ-სამართლებრივად მიჩნევისათვის აუცილებელი პირობაა, მოსარჩელის მოთხოვნა სამართლებრივად ეფუძნებოდეს საჯარო - ადმინისტრაციული სამართლის შესაბამის ნორმებს, კონკრეტული სამართლებრივი ურთიერთობები გამომდინარეობდეს ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან, ანუ მოსარჩელის მიერ მითითებული საკუთარი უფლების (უფლებების) დარღვევა თავისი არსითა და შინაარსით განპირობებული უნდა იყოს მოპასუხის მხრიდან საჯარო, მატერიალური სამართლის შესაბამისი საკანონმდებლო ნორმების დარღვევით.
,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლის შესაბამისად, საჯარო სამართლის იურიდიული პირი არის შესაბამისი კანონით, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით ან კანონის საფუძველზე სახელმწიფო მმართველობის ორგანოს ადმინისტრაციული აქტით შექმნილი, საკანონმდებლო და სახელმწიფო მმართველობის ორგანოებისაგან განცალკევებული ორგანიზაცია, რომელიც სახელმწიფოს კონტროლით დამოუკიდებლად ახორციელებს პოლიტიკურ, სახელმწიფოებრივ, სოციალურ, საგანმანათლებლო, კულტურულ და სხვა საჯარო საქმიანობას, აგრეთვე ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი აღმასრულებელი ორგანოს ნორმატიული აქტით შექმნილი, სახელმწიფო მმართველობის ორგანოებისაგან განცალკევებული ორგანიზაცია, რომელიც სახელმწიფოს კონტროლით დამოუკიდებლად ახორციელებს სოციალურ, საგანმანათლებლო, კულტურულ და სხვა საჯარო საქმიანობას.
,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულია იმ სახელმწიფო დაწესებულებების ჩამონათვალი, რომელშიც სამსახური ითვლება საჯარო სამსახურად და მასში საჯარო სამართლის იურიდიული პირი არ არის გათვალისწინებული. გარდა ამისა, მოსარჩელის, როგორც საჯარო მოხელეთა თანამდებობა, არ არის მოხსენიებული არც საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 21 ივლისის №286 ბრძანებულებით დამტკიცებული საჯარო სამსახურის თანამდებობათა რეესტრში. შესაბამისად, მოსარჩელე ვერ მიიჩნევა ,,საჯარო სამსახურის შესახებ’’ კანონის სუბიექტად.
ამდენად, ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ მიაჩნია, რომ სადავო ურთიერთობის მოწესრიგებისას გამოყენებულ უნდა იქნეს კერძო სამართლის კანონმდებლობა - საქართველოს შრომის კოდექსი, რომელიც არეგულირებს შრომით ურთიერთობებს, ამასთან, მიუხედავად იმისა, რომ 9.06.2012, N6611 კანონით „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში შეტანილი ცვლილებების შემდეგ, საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში (რამდენიმე გამონაკლისის გარდა) თანამდებობათა დასაკავებლად კონკურსის გამოცხადება და ჩატარება ხდება ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობის, კერძოდ, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის და საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით (დღეს მოქმედი რედაქციით – „საქართველოს მთავრობის დადგენილებით“) დამტკიცებული წესის საფუძველზე. მოსარჩელე ვერ მიიჩნევა ,,საჯარო სამსახურის შესახებ’’ კანონის სუბიექტად და სადავო სამართალურთიერთობები კერძო-სამართლებრივი კანონმდებლობის საფუძველზე უნდა გადაწყდეს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ მიიჩნია, რომ სადავო სამართალურთიერთობა არ გამომდინარეობს ადმინისტრაციული კანონმდებლობიდან, რაც საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საქმის ადმინისტრაციული კატეგორიისადმი მიკუთვნების სავალდებულო პირობას წარმოადგენს.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების, განსჯადობის თაობაზე თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატისა და ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის განჩინებების გაცნობის შედეგად, სასკ-ის 26.3 მუხლით მინიჭებული უფლებამოსილების საფუძველზე, წყვეტს რა დავას სასამართლოთა შორის განსჯადობის თაობაზე, თვლის, რომ ზ. კ-ის სარჩელი განსჯადობით განსახილველად უნდა გადაეცეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლო დადგენილად მიიჩნევს იმ გარემოებას, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 5 თებერვლის განჩინებით საქმე - ზ. კ-ის სარჩელისა გამო, სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიმართ საკონკურსო კომისიის 2013 წლის 16 დეკემბრის გადაწყვეტილების (ოქმი №37) ნაწილობრივ ბათილად ცნობის და კონკურსის შედეგების გაუქმების, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის 2013 წლის №43/კ ბრძანების ბათილად ცნობისა და თანამდებობაზე აღდგენის თაობაზე, განსჯადობის წესით განსახილველად გადაეგზავნა უფლებამოსილ სასამართლოს – თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 10 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ზ. კ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა ზ. კ-ის მიერ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 6 მაისის განჩინებით ზ. კ-ის სააპელაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 10 ოქტომბრის გადაწყვეტილებაზე საქმის მასალებთან ერთად განსჯადობით განსახილველად გადაეცა უფლებამოსილ სასამართლოს - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 16 ივნისის განჩინებით სასამართლოებს შორის განსჯადობაზე დავის გადასაწყვეტად ზ. კ-ის სააპელაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 10 ოქტომბრის გადაწყვეტილებაზე გადაეგზავნა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლში მოცემულია სასამართლოს განსჯადი ადმინისტრაციული საქმეების ჩამონათვალი, კერძოდ, ხსნებული მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ამ კოდექსით დადგენილი წესით საერთო სასამართლოში განიხილება დავა იმ სამართლებრივ ურთიერთობებთან დაკავშირებით, რომლებიც გამომდინარეობენ ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან, ხოლო იმავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, სასამართლოში ადმინისტრაციული დავის საგანს შეიძლება წარმოადგენდეს: ა) ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესაბამისობა საქართველოს კანონმდებლობასთან; ბ) ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადება, შესრულება ან შეწყვეტა; გ) ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულება ზიანის ანაზღაურების, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ან სხვა რაიმე ქმედების განხორციელების თაობაზე; დ) აქტის არარად აღიარება, უფლების ან სამართალურთიერთობის არსებობა-არარსებობის დადგენა. ამავე მუხლის მე-3 ნაწილი მიუთითებს, რომ ამ მუხლით გათვალისწინებული საქმეების გარდა, სასამართლოში ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განიხილება სხვა საქმეებიც, იმ სამართლებრივ ურთიერთობებთან დაკავშირებით, რომლებიც აგრეთვე გამომდინარეობენ ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-11 მუხლი კი შეეხება სამოქალაქო საქმეების უწყებრივ დაქვემდებარებას სასამართლოებისადმი, რომლის პირველი ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტის თანახმად, სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესით სასამართლო განიხილავს საქმეებს დარღვეული თუ სადავოდ ქცეული უფლების, აგრეთვე კანონით გათვალისწინებული ინტერესების დაცვის შესახებ, კერძოდ, სამოქალაქო, საოჯახო, შრომის, საადგილმამულო, ბუნებრივი რესურსების გამოყენებისა და გარემოს დაცვის ურთიერთობებიდან წარმოშობილ დავებს, მოქალაქეებს, მოქალაქეებსა და იურიდიულ პირებს, აგრეთვე იურიდიულ პირებს შორის.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ამა თუ იმ დავის ადმინისტრაციულ-სამართლებრივად მიჩნევისათვის აუცილებელი პირობაა, რომ მოსარჩელის მოთხოვნა იურიდიულად ეფუძნებოდეს საჯარო-ადმინისტრაციული სამართლის შესაბამის ნორმებს, კონკრეტული სამართლებრივი ურთიერთობები გამომდინარეობდეს ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან, ანუ მოსარჩელის მიერ მითითებული საკუთარი უფლების (უფლებების) დარღვევა თავისი არსითა და შინაარსით განპირობებული უნდა იყოს მოპასუხის მხრიდან საჯარო, მატერიალური სამართლის შესაბამისი საკანონმდებლო ნორმების დარღვევით.
კონკრეტულ შემთხვევაში დავის საგანს წარმოადგენს საკონკურსო კომისიის 2013 წლის 16 დეკემბრის სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილების - ... ვაკანტურ თანამდებობაზე გამოცხადებული კონკურსის ნაწილში (ოქმი 37), ბათილად ცნობა და კონკურსის შედგების გაუქმება და ასევე განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის 2013 წლის 25 დეკემბრის №43/კ ბრძანების ბათილად ცნობა და სამუშაოზე აღდგენა. სზაკ-ის 2.1 მუხლის ,,ა“ ქვეპუნქტის თანახმად, სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი ადმინისტრაციული ორგანოა. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ დავა ადმინისტრაციულ-სამართლებრივად მიიჩნევა არა იმის გამო, რომ მოსარჩელის მოთხოვნის ადრესატი ადმინისტრაციული ორგანოა, არამედ სადავო სამართალურთიერთობის ბუნების გამო, გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს სამართალურთიერთობის ხასიათს.
ამდენად, საგნობრივი განსჯადობის შესახებ დავის გადაწყვეტისთვის მნიშვნელობა ენიჭება სადავო ბრძანების გამოცემის საფუძველს, სამართალურთიერთობის სუბიექტის მოქმედების ფორმას. რადგან ადმინისტრაციული ორგანოს მიერ სადავო აქტი გამოცემულია საჯარო კანონმდებლობის საფუძველზე, ზაკ-ის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტიდან გამომდინარე, სახეზე იქნება ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, ხოლო თუ აქტის გამოცემის საფუძველი კერძო-სამართლებრივია, იგი არ ჩაითვლება ადმინისტრაციულ აქტად.
საკასაციო სასამართლოს მითითებით, სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის 2013 წლის 1 თებერვლის №12/კ ბრძანებით საქართველოს შრომის კოდექსის მე-6 მუხლის მე-3 ნაწილის, ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 30-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ვ“ ქვეპუნქტის, საქართველოს განათლების მინისტრის 2010 წლის 14 სექტემბრის №89/ნ ბრძანებით დამტკიცებული ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დებულების“ მე-5 მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ“ და ,,კ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ზ. კ-ე 2013 წლის 1 თებერვლიდან დაინიშნა საჯარო სამართლის იურიდიული პირის - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ადმინისტრაციაში ... მოვალეობის შემსრულების თანამდებობაზე. ზ. კ-ეს შრომის ანაზღაურება განესაზღვრა ცენტრის საშტატო განრიგის შესაბამისად. საქმის მასალების თანახმად, მოსარჩელე - ზ. კ-ე ზემოაღნიშნულ ბრძანებას გაეცნო 2013 წლის 1 თებერვალს , საკასაციო სასამართლოს განმარტებით, შრომის კოდექსის 6.3 მუხლის მიხედვით, პირის განცხადება და მის საფუძველზე დამსაქმებლის მიერ გამოცემული დოკუმენტი, რომლითაც დასტურდება დამსაქმებლის ნება პირის სამუშაოზე მიღების თაობაზე, უთანაბრდება შრომითი ხელშეკრულების დადებას. სწორედ უკანასკნელი ნორმა წარმოადგენდა განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ადმინისტრაციაში ... მოვალეობის შემსრულების თანამდებობაზე ზ. კ-ის დანიშვნის ძირითად საფუძველს. სამოქალაქო სამართალწარმოების წესით საქმის განხილვის გამომრიცხავ გარემოებას არ ქმნის ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის ნორმის საფუძველზე ზ. კ-ის მოვალეობის შემსრულებლად დანიშვნა, აღნიშნული მიანიშნებს გარკვეული ვადით შრომითი ხელშეკრულების გაფორმებას. ხელშეკრულების დროებით ხასიათზე უთითებს ის, რომ მოსარჩელის სამსახურში მიღების ერთ-ერთ საფუძვლად მიეთითა ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის 30.1 მუხლის ,,ვ“ ქვეპუნქტი, რომლის მიხედვით პირი უკონკურსოდ ინიშნება დროებით მოვალეობის შემსრულებლად იმ ვაკანტურ თანამდებობაზე, რომელიც კონკურსის წესით უნდა შევსებულიყო. დანიშვნის საფუძვლად 01.02.2013წ. ბრძანებაში დამატებით ასევე მითითებულია საქართველოს განათლების მინისტრის 2010 წლის 14 სექტემბრის №89/ნ ბრძანებით დამტკიცებული ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დებულების“ მე-5 მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტზე, რომლის შესაბამისად, ცენტრის დირექტორი კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს ცენტრის თანამშრომლებს, დებს მათთან შრომით ხელშეკრულებებს. ხოლო ,,კ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ამტკიცებს ცენტრის შინაგანაწესს და საქმიანობის წესს.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის 1 -ლ მუხლზე, რომლის შესაბამისად, საჯარო სამსახური არის საქმიანობა სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებაში, ხოლო მე-2 მუხლის 1-ლი პუნქტის შესაბამისად, სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულება არის სახელმწიფო ბიუჯეტის, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის ან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის სახსრებით შექმნილი და ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი დაწესებულება, რომლის ძირითადი ამოცანაა საჯარო ხელისუფლების განხორციელება. ამავე მუხლის მე-2 პუნქტში მოცემულია იმ სახელმწიფო დაწესებულების ჩამონათვალი, რომლებში საქმიანობაც ითვლება საჯარო სამსახურად და მათ შორის არ არის მითითება საჯარო სამართლის იურიდიულ პირზე. ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ კანონის შესაბამისად, საჯარო სამართლის იურიდიული პირი არის მმართველობის ორგანოებისაგან განცალკევებული ორგანიზაცია, რომელიც სახელმწიფოს კონტროლით დამოუკიდებლად ახორციელებს თავის საქმიანობას. სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული სააგენტო შექმნილია ,,განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 14 სექტემბრის №89/ნ ბრძანებით დამტკიცებული ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის“ დებულების შესაბამისად, ცენტრი არის საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი. მას აქვს დამოუკიდებელი ბალანსი, საბანკო ანგარიში, ლოგო, ბეჭედი მცირე სახელმწიფო გერბის გამოსახულებით და იურიდიული პირის სხვა რეკვიზიტები. ამდენად, საჯარო სამართლის იურიდიული პირის მუშაკი არ არის საჯარო მოსამსახურე. სადავო აქტში განთავისუფლების ძირითად საფუძვლად საქართველოს ორგანული კანონის საქართველოს შრომის კოდექსის 37-ე მუხლია მითითებული, კერძოდ, მისი ,,ვ“ ქვეპუნქტი, რომელიც შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძვლად ითვალისწინებს დასაქმებულის კვალიფიკაციის ან პროფესიული უნარ-ჩვევების შეუსაბამობას მის მიერ დაკავებულ თანამდებობასთან/შესასრულებელ სამუშაოსთან.
საკასაციო სასამართლოს განმარტებით, სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო პალატის მითითება, რომ მოსარჩელეს კონკურსი ჩაუტარდა ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე და ამიტომ დავა სამართლებრივი ურთიერთობის შინაარსისაა ანუ გამომდინარეობს ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან, სამართლებრივ საფუძველს მოკლებულია, ვინაიდან, ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში 20.11.2013წ. №1598-რს კანონით შეტანილი ცვლილებებით კანონის მე-111 მუხლი ჩამოყალიბდა ახალი რედაქციით, რომლის მიხედვით, ამ კანონის 29-32-ე მუხლების მოქმედება აგრეთვე ვრცელდება საჯარო სამართლის იურიდიულ პირებზე, გარდა იმ საჯარო სამართლის იურიდიული პირისა, რომელიც ეწევა კულტურულ, საგანმანათლებლო ან რელიგიურ საქმიანობას. ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის 29-32-ე მუხლებით ხდება კონკურსის გამოცხადების, კონკურსში მონაწილეობის მისაღებად განაცხადის წარდგენისა და თანამდებობაზე უკონკურსოდ დანიშვნის რეგულაცია. კანონის 30-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, კონკურსის წესით შესავსებ თანამდებობაზე დროებით მოვალეობის შემსრულებელი ინიშნება არა უმეტეს 3 თვის ვადით, იმავე თანამდებობაზე განმეორებით დროებით მოვალეობის შემსრულებლად დანიშვნა დაუშვებელია. ამდენად, სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში კონკურსი უნდა ჩატარებულიყო ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის საფუძველზე. აღნიშნული არ ცვლის განსჯადობის წესს, ვინაიდან, ზ. კ-ე მუშაობდა რა სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში არ წარმოადგენდა საჯარო მოსამსახურეს და შესაბამისად, მასზე ვრცელდებოდა არა ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი, არამედ შრომის კოდექსი. ამასთან, იგი დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლდა სსიპ ,,განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის“ დირექტორის 2013 წლის 25 დეკემბრის №43/კ ბრძანებით საქართველოს შრომის კანონთა კოდექსის 37-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ვ“ ქვეპუნქტის, 38-ე მუხლის საფუძველზე (იხ. ს.ფ. 34; ტ.1). რის გამოც აღნიშნული ბრძანება წარმოადგენს კერძო სამართლის კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემულ, სამუშაოდან გათავისუფლების შესახებ სამართლებრივ აქტს, რომლის კანონიერებაც უნდა შემოწმდეს სამოქალაქო სამართალწარმოების ფარგლებში. ამასთან, საკასაციო სასამართლოს განმარტებით, სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის 2013 წლის 25 დეკემბრის №43/კ ბრძანების კონკურსის შედეგების საფუძველზე გამოცემა, მოცემულ შემთხვევაში არ აქცევს დავას ადმინისტრაციულ-სამართლებრივ კატეგორიად. ამასთანავე, სასამართლო კომპეტენციის სისრულიდან გამომდინარე, საქმის განმხილველ სასამართლოს შეუძლია გაერკვეს საქმის განხილვისას წამოჭრილ ყველა საკითხში, სამოქალაქო სამართალწარმოების წესით დავის განმხილველი ორგანო უფლებამოსილია დავის გადაწყვეტისას გამოიყენოს არა მხოლოდ კერძო-სამართლებრივი, არამედ საჯარო-სამართლებრივი კანონმდებლობის ნორმები, მით უფრო იმ შემთხვევაში, როდესაც დავა კომპლექსური ხასიათისაა და კერძო-სამართლებრივ საკითხებთან ერთად შეიცავს საჯარო-სამართლებრივი რეგულაციის ელემენტებს. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სამოქალაქო და ადმინისტრაციული საქმეების განმხილველი სასამართლოები არ ქმნიან ერთმანეთისგან იზოლირებულ, ცალკე სასამართლო სისტემებს. საკასაციო პალატა თვლის, რომ მოცემულ შემთხვევაში არ წამოიჭრება პრეიუდიციის საკითხი, მართლმსაჯულების ნებისმიერი განშტოების სასამართლო უფლებამოსილია გამოიყენოს და განმარტოს ნებისმიერი ნორმატიული, აგრეთვე ადმინისტრაციულ-სამართლებრივი ან კერძო-სამართლებრივი აქტი, მათი რეგულირების საგნის და გამომცემი ორგანოს მიუხედავად. მთავარი საკითხის გადამწყვეტ მოსამართლეს აქვს უფლება გადაწყვიტოს საკითხთა მთელი ერთობლიობა. ამდენად, სადავო აქტში ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის ნორმების მითითება არ გამორიცხავს დავის სამოქალაქო სამართალწარმოების წესით განხილვას.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა იზიარებს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მოსაზრებას, რომ დავა განსჯადობით სამოქალაქო საქმეთა პალატას ექვემდებარება
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 26-ე მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე, 399-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ზ. კ-ის სარჩელი მოპასუხე სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიმართ განსჯადობით განსახილველად დაექვემდებაროს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას;
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: ლ. მურუსიძე
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
ნ. სხირტლაძე