Facebook Twitter

№020332115807376

საქმე №ბს-296-292(უს-15) 22 სექტემბერი, 2015 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ:

შემდეგი შემადგენლობით:

ლევან მურუსიძე (თავმჯდომარე; მომხსენებელი)

მაია ვაჩაძე, ნუგზარ სხირტლაძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

საჩივრის ავტორი _ ს. ჟ-ი

მოწინააღმდეგე მხარე - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქუთაისის სარეგისტრაციო სამსახური

დავის საგანი _ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა

საჩივრის დავის საგანი _ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება

გასაჩივრებული განჩინება _ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 17 მარტის განჩინება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2013 წლის 22 მარტს გ. გ-ემ სარჩელით მიმართა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მოპასუხე სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქუთაისის სარეგისტრაციო სამსახურის მიმართ. მოსარჩელემ სარჩელის დაზუსტების შემდგომ მოითხოვა: ქ. ქუთაისის მერიის ტექ-აღრიცხვის ტერიტორიული სამსახურის მიერ მომზადებული 2001 წლის 1 ნოემბრის გეგმა-ნახაზისა და 2002 წლის 13 სექტემბრის №5/26 ცნობა-დახასიათების ბათილად ცნობა; საჯარო რეესტრის 2002 წლის 30 სექტემბრის (№... საკადასტრო კოდი) ამონაწერისა და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2012 წლის 26 დეკემბრის №892012161073 გადაწყვეტილების ნაწილობრივ ბათილად ცნობა.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 2 აგვისტოს გადაწყვეტილებით გ. გ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელე გ. გ-ემ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 30 დეკემბრის განჩინებით გ. გ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 02 აგვისტოს გადაწყვეტილება.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 30 დეკემბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა გ. გ-ემ.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 07 ოქტომბრის განჩინებით გ. გ-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 30 დეკემბრის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.

2015 წლის 17 მარტს გ. გ-ემ განცხადებით მიმართა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს და სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება მოითხოვა. კერძოდ: სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქუთაისის სარეგისტრაციო სამსახურს აეკრძალოს მოახდინოს ქ. ქუთაისში, ... ქუჩა მე-... ჩიხის №2-ში მდებარე, ს. ჟ-ის სახელზე (პ/ნ:...) საკუთრების უფლებით რეგისტრირებული უძრავი ქონების - შემინული აივანი ფართით - 3,45X1,90 მ-ზე (6,56 კვ.მ.), ს/კ: №... და სათავსო ფართით - 3,60X3,60 მ.-ზე (12,96 კვ.მ.), საკადასტრო კოდით №... გასხვისება ან ამავე ქონების ვალდებულებით დატვირთვის შესახებ ს. ჟ-სა და ნებისმიერ მესამე პირს შორის დადებული ხელშეკრულებების საჯარო რეესტრში რეგისტრაცია.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 17 მარტის განჩინებით გ. გ-ის განცხადება დაკმაყოფილდა; სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქუთაისის სარეგისტრაციო სამსახურს აეკრძალა ქ. ქუთაისში, ... ქუჩა მე-... ჩიხის №2-ში მდებარე, ს. ჟ-ის სახელზე (პ/ნ:...) საკუთრების უფლებით რეგისტრირებული უძრავი ქონების - შემინული აივანი ფართით - 3,45X1,90 მ-ზე (6,56 კვ.მ.), ს/კ: №... და სათავსო ფართით - 3,60X3,60 მ.-ზე (12,96 კვ.მ.), საკადასტრო კოდით №... გასხვისების ან ამავე ქონების ვალდებულებით დატვირთვის შესახებ ს. ჟ-სა და ნებისმიერ მესამე პირს შორის დადებული ხელშეკრულებების საჯარო რეესტრში რეგისტრაცია, მოცემულ საქმეზე გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 17 მარტის განჩინებაზე 2015 წლის 25 მარტს საჩივარი წარადგინა ს. ჟ-მა, რომელმაც მოითხოვა მითითებული განჩინების გაუქმება, უძრავ ნივთზე ს/კ: №... აკრძალვის მოხსნა, წინააღმდეგ შემთხვევაში, გ. გ-ისათვის დავალება სადეპოზიტო ანგარიშზე განათავსონ 1 წლის განმავლობაში მოსალოდნელი ზარალის თანხა 7 000 ლარი.

საჩივრის ავტორმა აღნიშნა, რომ სასამართლომ არასწორი შეფასება მისცა განცხადებას და შესაბამისად არ იქნა შემოწმებული რიგი ფაქტობრივი გარემოებები: კერძოდ უძრავი ქონება საკადასტრო კოდი ..., რომელიც მდებარეობს ქ. ქუთაისში, ... ქ. მე-... ჩიხი, №2-ში. საჯარო რეესტრის ამონაწერის თანახმად შეადგენს არა განცხადებაში და შემდგომ სასამართლო განჩინებაში მითითებულ 6.65 კვ.მ.- ს არამედ 48.74 კვ.მ. რაც არ წარმოადგენს სადავო ქონებას. ს. ჟ-ის მოსაზრებით აღნიშნული ქონების რეგისტრაციის აკრძალვით მას ჩამოერთვა ყველა უფლება მათ შორის ქონების ვალდებულებით დატვირთვის შესახებ, რაც წარმოადგენს მისი საკუთრების უფლების შელახვას. იმის გამო რომ ვერ ახორციელებს ქირავნობის ხელშეკრულების საჯარო რეესტრში რეგისტრაციას დამქირავებელმა უარი განაცხადა ფართის დაქირავებაზე. ამასთან, სესხის აღების მიზნით უნდოდა უძრავი ქონება დაეტვირთა იპოთეკით, რაც ქონებაზე რეგისტრაციის აკრძალვის გამო ვერ განახორციელა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 30 მარტის გაჩინებით ს. ჟ-ის საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 17 მარტის განჩინებაზე საქმის მასალებთან ერთად გადმოეგზავნა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას.

სააპელაციო სასამართლომ საჩივრის დაკმაყფილებაზე უარის თქმის საფუძვლად მიუთითა, რომ სარჩელის უზრუნველყოფა ესაა გადაწყვეტილების აღსრულებისათვის მოსალოდნელი დაბრკოლების თავიდან აცილების საშუალება, მოპასუხისათვის რაიმე უფლების, ქმედების განხორცილების ან შესრულების დავალდებულების შეზღუდვის გზით. სარჩელის უზრუნველყოფის საფუძველია ამ სარჩელზე მომავალში მისაღები გადაწყვეტილების აღსრულების გართულება ან ასეთი აღსრულების შეუძლებლობა. იმ ფაქტობრივ გარემოებებზე მითითება, რომლებიც ადასტურებენ ვარაუდს სარჩელის უზრუნველყოფის კონკრეტული ღონისძიების გატარების აუცილებლობის შესახებ, ეკისრება განმცხადებელს, ხოლო საკითხს თუ სარჩელის უზრუნველყოფის რომელი ღონისძიება უნდა იქნეს გამოყენებული, სასარჩელო მოთხოვნის ხასიათიდან გამომდინარე წყვეტს სასამართლო. თუ სასამართლოს გაუჩნდება დასაბუთებული ვარაუდი, რომ უზრუნველყოფის ღონისძიებათა მიუღებლობა გააძნელებს ან შეუძლებელს გახდის მოსარჩელის სასარგებლოდ მიღებული გადაწყვეტილების აღსრულებას, მას გამოაქვს განჩინება სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 198-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ პუნქტის თანახმად, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება შეიძლება იყოს მოპასუხისათვის გარკვეული მოქმედების შესრულების აკრძალვა. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 198-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად სასამართლოს შეუძლია გამოიყენოს სხვა ღონისძიებებიც, თუ ეს აუცილებელია სარჩელის უზრუნველყოფისათვის. აუცილებლობის შემთხვევაში შეიძლება დაშვებულ იქნეს სარჩელის უზრუნველყოფის რამდენიმე სახე.

აღნიშნულის გამო სასამართლომ მიიჩნია, რომ არსებობდა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების სამართლებრივი საფუძვლები, კერძოდ, უზრუნველყოფის ღონისძიების გამოუყენებლობის შემთხვევაში გადაწყვეტილების აღსრულების შეუძლებლობის დასაბუთებული ვარაუდი და უზრუნველყოფის ღონისძიების გატარებით მოსარჩელის სასარგებლო გადაწყვეტილების აღსრულებისათვის მოსალოდნელი დაბრკოლების თავიდან აცილება. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ განმცხადებლის მოთხოვნა უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების თაობაზე იყო საფუძვლიანი და დააკმაყოფილა იგი. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ ს. ჟ-ის საჩივარი დაუსაბუთებელია, რის გამოც იგი საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1971-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, საქმის მასალებთან ერთად გადმოეგზავნა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო ს. ჟ-ის საჩივრის საფუძვლების ანალიზის, საქმის მასალების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 191-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, მოსარჩელეს შეუძლია მიმართოს სასამართლოს სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებით, რომელიც უნდა შეიცავდეს მითითებას იმ გარემოებებზე, რომელთა გამოც უზრუნველყოფის ღონისძიებათა მიუღებლობა გააძნელებს ან შეუძლებელს გახდის გადაწყვეტილების აღსრულებას და შესაბამის დასაბუთებას, თუ უზრუნველყოფის რომელი ღონისძიების გატარება მიაჩნია მოსარჩელეს აუცილებლად. თუ სასამართლოს გაუჩნდება დასაბუთებული ვარაუდი, რომ უზრუნველყოფის ღონისძიებათა მიუღებლობა გააძნელებს ან შეუძლებელს გახდის გადაწყვეტილების აღსრულებას, მას გამოაქვს განჩინება სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება ემყარება მოსამართლის ვარაუდს, რომ მხარის სასარჩელო მოთხოვნა შეიძლება დაკმაყოფილდეს. ასეთი ვარაუდი გავლენას არ ახდენს სასამართლოს მიერ შემდგომი გადაწყვეტილების გამოტანაზე. იმავე კოდექსის 198-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ” ქვეპუნქტის თანახმად, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება შეიძლება იყოს მოპასუხისათვის გარკვეული მოქმედების შესრულების აკრძალვა.

განსახილველ შემთხვევაში, გ. გ-ის მიერ აღძრულ სარჩელზე დავის საგანია ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა, რომელთა საფუძველზეც ს. ჟ-ის სახელზე აღირიცხა 6.56 კვ.მ. შემინული აივანი (საკადასტრო კოდი ...) და 12,96 კვ.მ სათავსო (საკადასტრო კოდი ...). სარჩელის უზრუნველყოფის საგანს, სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადების მოთხოვნიდან გამომდინარე წარმოადგენს: სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქუთაისის სარეგისტრაციო სამსახურს აეკრძალოს მოახდინოს ქ. ქუთაისში, ... ქუჩა მე-... ჩიხის №2-ში მდებარე, ს. ჟ-ის სახელზე (პ/ნ:...) საკუთრების უფლებით რეგისტრირებული უძრავი ქონების - შემინული აივანი ფართით - 3,45X1,90 მ-ზე (6,56 კვ.მ.), ს/კ: №... და სათავსო ფართით - 3,60X3,60 მ.-ზე (12,96 კვ.მ.), საკადასტრო კოდით №... გასხვისება ან ამავე ქონების ვალდებულებით დატვირთვის შესახებ ს. ჟ-სა და ნებისმიერ მესამე პირს შორის დადებული ხელშეკრულებების საჯარო რეესტრში რეგისტრაცია.

სასამართლო აღნიშნავს, რომ სარჩელის უზრუნველყოფა მიზნად ისახავს, სასამართლოს მიერ სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში, სასარჩელო მოთხოვნის რეალიზაციის უზრუნველყოფას. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გადაწყვეტილების ფაქტობრივი აღსრულების გაჭიანურების ან დაბრკოლების თავიდან აცილებას ემსახურება. მოცემულ შემთხვევაში შუამდგომლობის განხილვისას სააპელაციო სასამართლომ მართებულად გამოიყენა მოქმედი საპროცესო კანონმდებლობა და მიიღო იურიდიულად სწორი განჩინება, რომლითაც სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქუთაისის სარეგისტრაციო სამსახურს აეკრძალა ქ. ქუთაისში, ... ქუჩა მე-... ჩიხის №2-ში მდებარე, ს. ჟ-ის სახელზე (პ/ნ:...) საკუთრების უფლებით რეგისტრირებული უძრავი ქონების - შემინული აივანი ფართით - 3,45X1,90 მ-ზე (6,56 კვ.მ.), ს/კ: №... და სათავსო ფართით - 3,60X3,60 მ.-ზე (12,96 კვ.მ.), საკადასტრო კოდით №... გასხვისების ან ამავე ქონების ვალდებულებით დატვირთვის შესახებ ს. ჟ-სა და ნებისმიერ მესამე პირს შორის დადებული ხელშეკრულებების საჯარო რეესტრში რეგისტრაცია, მოცემულ საქმეზე გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე. საჩივრის ავტორი ვერ ასაბუთებს სასამართლოს მიერ გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიების გაუმართლებლობას, რადგან სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებულია მხოლოდ სადავო ფართზე, რომლის განკარგვის უფლება მართლზომიერად შეეზღუდა ს. ჟ-ს. სასამართლოს ვარაუდს იმის შესახებ, რომ უზრუნველყოფის ღონისძიებათა განუხორციელებლობა გააძნელებს ან შეუძლებელს გახდის გადაწყვეტილოების აღსრულებას, ასევე ადასტურებს საჩივრის ავტორის მითითება, რომ მას სურვილი ქონდა სადავო ქონება განეკარგა, დაეტვირთა იპოთეკით და აეღო სესხი. საფუძველს მოკლებულია ასევე საჩივრის ავტორის მითითება მის საკუთრებაში არსებული 48,74 კვ.მ. განკარგვის უფლების შეზღუდვის შესახებ, რადგან ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 17 მარტის განჩინებით გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიება ვრცელდება მხოლოდ სადავო - 6.56 კვ.მ. და 12.96 კვ.მ. ფართებზე.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ს. ჟ-ის საჩივარი არის დაუსაბუთებელი, საჩივარში არ არის მითითებული უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შესახებ განჩინების გაუქმების საფუძვლიანი მოტივები, შესაბამისად, არ არსებობს აღნიშნული საჩივრის დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი, რის გამოც იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად უნდა დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 17 მარტის განჩინება.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე და 372-ე მუხლებით, 1971-ე მუხლის მე-4 ნაწილით, 191-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ს. ჟ-ის საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 17 მარტის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. მურუსიძე

მოსამართლეები: მ. ვაჩაძე

ნ. სხირტლაძე