Facebook Twitter

საქმე N050310014668532

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ

№ბს-552-545 (კ-კს-15) 7 სექტემბერი, 2015 წელი,

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

მოსამართლე: ვასილ როინიშვილი

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი -ბ. ი-ე

მოწინააღმდეგე მხარე - სოციალური მომსახურების სააგენტოს ჩოხატაურის რაიონული განყოფილება, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო, სოციალური მომსახურების სააგენტოს გურიის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრი,

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 21 ივლისის განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღება

დავის საგანი - საარსებო შემწეობის თანხის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ბ. ი-ემ ოზურგეთის რაიონულ სასამართლოში სარჩელი აღძრა მოპასუხეების სოციალური მომსახურების სააგენტოს ოზურგეთის რაიონული განყოფილების, სოციალური მომსახურების სააგენტოს ჩოხატაურის რაიონული განყოფილების, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიმართ და მოითხოვა 2010 წლის ივნისიდან - 2013 წლის ივლისამდე მიუღებელი შემწეობის თანხის, 5 400 ლარის ანაზღაურების დაკისრება. ბ. ი-ემ მოგვიანებით მოითხოვა ოჯახის ექვს წევრზე გაანგარიშებით შემწეობის თანხის, სულ 30 000 ლარის, გადახდის დაკისრება.

ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 30 აპრილის გადაწყვეტილებით ბ. ი-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. სოციალური მომსახურების სააგენტოს ოზურგეთის რაიონულ განყოფილებას ბ. ი-ის სასარგებლოდ დაეკისრა 2010 წლის ივნისიდან 2013 წლის ივნისის ჩათვლით, მიუღებელი საარსებო შემწეობის - 1 944 ლარის ანაზღაურება.

აღნიშნული გადაწყვეტილება სოციალური მომსახურების სააგენტოს ოზურგეთის რაიონული განყოფილების უფლებამონაცვლე სოციალური მომსახურების სააგენტოს გურიის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრმა სააპელაციო წესით გაასაჩივრა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 21 ივლისის განჩინებით სოციალური მომსახურების სააგენტოს ოზურგეთის რაიონული განყოფილების უფლებამონაცვლე სოციალური მომსახურების სააგენტოს გურიის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, პირველი ინსტანციის სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება ბ. ი-ის სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში უცვლელად დარჩა.

სააპელაციო სასამართლოს განჩინება ბ. ი-ემ საკასაციო წესით გაასაჩივრა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებელია შემდეგ გარემოებათა გამო:

ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად კი, საკასაციო საჩივრის შემოსვლიდან 10 დღის ვადაში მომხსენებელმა მოსამართლემ უნდა შეამოწმოს, შეტანილია თუ არა საკასაციო საჩივარი ამ კოდექსის 396-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით.

ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებები მხარეებმა და ამ კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრული წესით საქმეში ჩაბმულმა მესამე პირებმა შეიძლება კანონით დადგენილ ვადებში გაასაჩივრონ საკასაციო სასამართლოში.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ გადაწყვეტილების კანონიერი ძალა ვრცელდება მის სარეზოლუციო ნაწილზე. გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი თავისი არსით წარმოადგენს პირდაპირ და ზუსტ პასუხს სარჩელზე. გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი უნდა შეიცავდეს სასამართლოს დასკვნას სარჩელის დაკმაყოფილების ან სარჩელზე მთლიანად ან ნაწილობრივ უარის თქმის შესახებ (სსკ-ის 249-ე მუხლის მეხუთე ნაწილი). ამდენად, პირი, სარჩელის შეტანის გზით იცავს რა თავის უფლებას და შელახულ ინტერესებს, სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილება იმავდროულად იწვევს მისი პრეტენზიის აღმოფხვრას, ვინაიდან სადავოდ მიჩნეული უფლება მოდავე პირის სასარგებლოდაა დაცული და მხარის იურიდიული ინტერესიც დაკმაყოფილებულია, შესაბამისად, ისეთ შემთხვევაში, როდესაც სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მოსარჩელეს, შეუძლია, გადაწყვეტილება გაასაჩივროს მხოლოდ სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში. დაუშვებელია, მოსარჩელემ სააპელაციო ან საკასაციო წესით გაასაჩივროს სასამართლოს გადაწყვეტილება, მისი სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების ნაწილში, ვინაიდან, ამ ნაწილში, მხარეს, ობიექტურად, არ გააჩნია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის შეცვლის იურიდიული ინტერესი.

განსახილველ შემთხვევაში, პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებით ბ. ი-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. სოციალური მომსახურების სააგენტოს ოზურგეთის რაიონულ განყოფილებას ბ. ი-ის სასარგებლოდ დაეკისრა 2010 წლის ივნისიდან 2013 წლის ივნისის ჩათვლით, მიუღებელი საარსებო შემწეობის - 1 944 ლარის ანაზღაურება. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით ორივე მხარემ გაასაჩივრა, მაგრამ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 13 ივლისის განჩინებით ბ. ი-ის სააპელაციო საჩივარი განუხილველად დარჩა, ამდენად, სააპელაციო სასამართლომ 2015 წლის 21 ივლისის განჩინებით იმსჯელა მხოლოდ მოპასუხის სააპელაციო საჩივარზე, რომელიც წარდგენილი იყო ბ. ი-ის სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების საწინააღმდეგოდ და ამ ნაწილში პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება უცვლელად დატოვა. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ სააპელაციო სასამართლოს განჩინება ბ. ი-ის საწინააღმდეგოდ არ არის გამოტანილი, შესაბამისად, მისი საკასაციო საჩივარი დაუშვებელია. რაც შეეხება, პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების იმ ნაწილს, რომლითაც ბ. ი-ის სასარჩელო მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს განჩინებით ამ ნაწილში წარდგენილი სააპელაციო საჩივარი განუხილველად დარჩა, ამ განჩინების გაუქმების გარეშე საკითხი ზემდგომი სასამართლოების მსჯელობის საგანი ვერ იქნება.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, 34-ე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ბ. ი-ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლე ვ. როინიშვილი