Facebook Twitter

საქმე N 330310014401770

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ

№ბს-509-502 (2კ-15) 7 სექტემბერი, 2015 წელი,

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

მოსამართლე: ვასილ როინიშვილი

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი - გ. გ-ი, ქ. გ-ი, მ. ი-ი, ნ. ჯ-ი,

მოწინააღმდეგე მხარე - შპს „...“

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის4 მაისის განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღება

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება, ქმედების განხორციელების დავალება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

შპს „...“ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და შსს ძველი თბილისის სამმართველოს პოლიციის მე-6 განყოფილების წინააღმდეგ სარჩელი აღძრა. მოსარჩელემ მოითხოვა დაევალოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, რის საფუძველზეც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქალაქ თბილისის მთავარი სამმართველოს ძველი თბილისის სამმართველოს მე-6 განყოფილებას დაევალება ქმედების განხორციელება;. დაევალოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქალაქ თბილისის მთავარი სამმართველოს ძველი თბილისის სამმართველოს მე-6 განყოფილებას ქმედების გამხორციელება - მოახდინოს უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა და მოსარჩელის საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის გამოთავისუფლება.

საქმეში მესამე პირებად ჩაებნენ გ. გ-ი, ქ. გ-ი, მ. ი-ი, ნ. ჯ-ი.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 13 ივნისის გადაწყვეტილებით შპს „...“ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დაევალა ადმინისტრაციული წარმოების ჩატარების გზით საქმისთვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა კანონით დადგენილ ვადაში.

აღნიშნული გადაწყვეტილება შსს-მ სააპელაციო წესით გაასაჩივრა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 4 მაისის განჩინებით შსს-ს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა პირველი ინსტანციის სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლოს განჩინება გ. გ-მა, ქ. გ-მა, მ. ი-მა, ნ. ჯ-მა საკასაციო წესით გაასაჩივრეს.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებელია შემდეგ გარემოებათა გამო:

ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად კი, საკასაციო საჩივრის შემოსვლიდან 10 დღის ვადაში მომხსენებელმა მოსამართლემ უნდა შეამოწმოს, შეტანილია თუ არა საკასაციო საჩივარი ამ კოდექსის 396-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით.

ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებები მხარეებმა და ამ კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრული წესით საქმეში ჩაბმულმა მესამე პირებმა შეიძლება კანონით დადგენილ ვადებში გაასაჩივრონ საკასაციო სასამართლოში.

განსახილველ შემთხვევაში, პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებით შპს „...“ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დაევალა ადმინისტრაციული წარმოების ჩატარების გზით საქმისთვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა კანონით დადგენილ ვადაში. აღნიშნული გადაწყვეტილება მესამე პირებს სააპელაციო წესით არ გაუსაჩივრებიათ, რაც იმას ნიშნავს, რომ, იმ ეტაპზე, საქმის განხილვის შედეგს სადავოდ არ ხდიდნენ. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინებით პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება უცვლელად დარჩა.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ქართული საპროცესო კანონმდებლობა არ იცნობს ე.წ. „ნახტომისებური კასაციის“ ინსტიტუტს, რაც იმას ნიშნავს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება უნდა გასაჩივრდეს სააპელაციო წესით, პირდაპირ საკასაციო სასამართლოსათვის მიმართვა არ დაიშვება. მართალია, ამ შემთხვევაში, მხარეები ფორმალურად სააპელაციო სასამართლოს განჩინებას ასაჩივრებენ და არა პირველი ინსტანციის გადაწყვეტილებას, მაგრამ, რეალურად, სადავოდ ხდიან საქმის განხილვის იმ შედეგს, რომლის წინააღმდეგაც სააპელაციო საჩივარი არ შეუტანიათ. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით მხოლოდ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაასაჩივრა. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველი დავის ფარგლებში არ არსებობს სოლიდარული ვალდებულება. მ. ი-სა და სხვებს საკუთარი ინტერესების დასაცავად სააპელაციო სასამართლოსათვის თავად უნდა მიემართათ. წინააღმდეგ შემთხვევაში ივარაუდება, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებით დამდგარ შედეგს სადავოდ არ ხდიდნენ. სააპელაციო სასამართლოს საქმეზე ახალი გადაწყვეტილება არ მიუღია. პირველი ინსტანციის გადაწყვეტილების სააპელაციო წესით გასაჩივრების გარეშე კი, მათი საკასაციო საჩივარი დაუშვებელია.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, 34-ე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. გ. გ-ის, ქ. გ-ის, მ. ი-ის, ნ. ჯ-ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლე ვ. როინიშვილი