102აპ-10 ქ. თბილისი
2 ივლისი, 2010 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მაია ოშხარელი (თავმჯდომარე),
პაატა სილაგაძე, დავით სულაქველიძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ გ. ნ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ა. გ-ს საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2009 წლის 9 დეკემბრის განაჩენზე.
აღწერილობითი ნაწილი:
სენაკის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 22 ივლისის განაჩენით გ. ნ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მეორე ნაწილის «ა», «ე» ქვეპუნქტებით და მიესაჯა 8 წლით თავისუფლების აღკვეთა.
საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, გაუქმდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2008 წლის 24 აპრილის განაჩენით მსჯავრდებულ გ. ნ-ს მიმართ დანიშნული პირობითი მსჯავრი. სსკ-ის 59-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, ამ განაჩენით დანიშნულ სასჯელს მთლიანად დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი _ 2 წელი, 2 თვე, 8 დღე და გ. ნ-ს საბოლოოდ სასჯელის ზომად განესაზღვრა 10 წლით, 2 თვითა და 8 დღით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2009 წლის 27 მარტიდან.
მასვე «ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ» საქართველოს კანონის თანახმად, 5 წლის ვადით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, საექიმო და საადვოკატო, პედაგოგიურ და საგანმანათლებლო, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის, სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში, საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის, პასიური საარჩევნო და იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლებები.
ნივთმტკიცება _ ნარკოტიკული საშუალება «ჰეროინი», წონით 0,0419 გრამი, რომელიც ინახება სენაკის რაიონულ სამმართველოში, განადგურების მიზნით უნდა გადაეგზავნოს საქართველოს შს სამინისტროს სპეციალურ-ოპერატიულ დეპარტამენტს; გ. ნ-საგან ამოღებული სპორტული ქურთუკი, სპორტული შარვალი, აგრეთვე შავი ფერის ჟილეტი და შავი ფერის მაისური უნდა დაუბრუნდეს გ. ნ-ს ოჯახს.
განაჩენით გ. ნ-ს მსჯავრი დაედო იმაში, რომ ჩაიდინა დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა იმის მიერ, ვისაც წინათ ჩადენილი აქვს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის XXXIII თავით გათვალისწინებული რომელიმე დანაშაული, რაც გამოიხატა შემდეგში:
ქ. თბილისში, ... ქ. ¹...-ში მცხოვრები, ... წლის ... ივლისს დაბადებული გ. ნ-ი 2008 წლის 24 აპრილს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ დამნაშავედ ცნო საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებით, 236-ე მუხლის პირველი ნაწილით და მიესაჯა 4 წლით თავისუფლების აღკვეთა. სსკ-ის 50-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, მას 1 წელი, 9 თვე და 22 დღე განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთის სახით, როგორც რეალური სასჯელი, ხოლო 2 წელი, 2 თვე და 8 დღე, სსკ-ის 63-64 მუხლების თანახმად, ჩაეთვალა პირობით, იმავე გამოსაცდელი ვადით. მასვე დამატებითი სასჯელის სახედ შეეფარდა ჯარიმა 5000 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. გ. ნ-ს თავისუფლების აღკვეთის სახით შეფარდებული რეალური სასჯელი ჩაეთვალა ფაქტობრივად მოხდილი სასჯელის ვადაში და 2008 წლის 24 აპრილს სასამართლო სხდომის დარბაზიდან გათავისუფლდა პატიმრობიდან.
პირობით მსჯავრდებულმა გ. ნ-მ კვლავ ჩაიდინა განზრახი დანაშაული. იგი 2009 წლის 25 იანვარს ქ. თბილისის მთავარი სამმართველოს ვაკე-საბურთალოს სამმართველოს VII განყოფილების მიერ მიცემულ იქნა სისხლის სამართლის პასუხისგებაში ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა, გასაღებისა და ნარკოტიკული საშუალების უკანონო მოხმარებისათვის, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 273-ე მუხლით, რის შემდეგაც, 2009 წლის 5 თებერვალს, თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით დაუსწრებლად შეუფარდა დაპატიმრება და მის მიმართ გამოცხადდა ძებნა.
ძებნილმა გ. ნ-მ კვლავ განაგრძო დანაშაულებრივი საქმიანობა, კერძოდ, მან დაუდგენელ დროსა და ვითარებაში, უკანონოდ შეიძინა 0,0519 გრამი ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინი“, რასაც უკანონოდ ინახავდა ... რაიონის სოფელ ... მცხოვრებ შ. კ-ს საცხოვრებელ სახლში.
2009 წლის 27 მარტს, 7 საათსა და 40 წუთზე, ... რაიონის სოფელ ... მცხოვრებ შ. კ-ს საცხოვრებელ სახლში ეჭვმიტანილის სახით დააკავეს გ. ნ-ი, რომელსაც გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში ჩაუტარდა პირადი ჩხრეკა, რა დროსაც მისი სპორტული ქურთუკის გარეთა, მარჯვენა ჯიბიდან ამოღებულ იქნა ერთ ,,ბაშად» დაფასოებული, ქაღალდში შეხვეული, მორუხო ფერის ფხვნილისებური ნივთიერება. ქიმიური ექსპერტიზის ¹68/სქ დასკვნის თანახმად, გ. ნ-ს პირადი ჩხრეკისას ამოღებული, მორუხო ფერის ფხვნილისებური ნივთიერება წარმოადგენს ნარკოტიკულ საშუალება „ჰეროინს“, რომლის წონა შეადგენს 0,0519 გრამს.
აღნიშნული განაჩენი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2009 წლის 9 დეკემბრის განაჩენით დარჩა უცვლელად.
მსჯავრდებულ გ. ნ-ს ინტერესების დამცველი, ადვოკატი ა. გ-ი საკასაციო საჩივრით ითხოვს განაჩენის გაუქმებასა და გ. ნ-ს გამართლებას იმ მოტივით, რომ განაჩენი არის უკანონო და დაუსაბუთებელი; განაჩენში ჩამოყალიბებული არგუმენტაცია არსებითად ეწინააღმდეგება საქმეზე შეკრებილ მტკიცებულებებთან. მოცემულ საქმეზე გ. ნ-ს მიმართ არ არსებობს არც პირდაპირი და არც ირიბი მტკიცებულება, არსებითი წინააღმდეგობაა მოწმეთა ჩვენებებს შორის; არასწორია დანაშაულის კვალიფიკაცია საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ე» ქვეპუნქტით; აღნიშნულ საქმეზე ჯერ საერთოდ არ არსებობს განაჩენი, მითუმეტეს, იგი არ არის კანონიერ ძალაში შესული.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, გააანალიზა წარმოდგენილი საჩივრის საფუძვლიანობა და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
მსჯავრდებულ გ. ნ-ს მიმართ წარდგენილი ბრალდება დადასტურებულია საქმეში არსებული შემდეგი მტკიცებულებებით: მოწმეების _ მ. გ-ს, პ. ჭ-ს, კ. ხ-ს, ა. ბ-ს, მ. ჯ-ს ჩვენებებით, დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმებით, ქიმიური ექსპერტიზის დასკვნითა და სხვა მასალებით.
საქმეში არ მოიპოვება სისხლის სამართლის საპროცესო კანონის ისეთი არსებითი ხასიათის დარღვევა, რაც საფუძვლად დაედება განაჩენის გაუქმებას.
ამასთან, მსჯავრდებულ გ. ნ-ს მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედება არასწორად არის დაკვალიფიცირებული საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მეორე ნაწილის «ე» ქვეპუნქტით (ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა, შენახვა და გადაზიდვა იმის მიერ, ვისაც წინათ ჩადენილი აქვს საქართველოს სსკ-ის XXXIII თავით გათვალისწინებული რომელიმე დანაშაული).
გასაჩივრებული განაჩენით, გ. ნ-ი 2008 წლის 24 აპრილს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ დამნაშავედ ცნო საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებით, 236-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და მიესაჯა 4 წლით თავისუფლების აღკვეთა. სსკ-ის 50-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, მას 1 წელი, 9 თვე და 22 დღე განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთის სახით, როგორც რეალური სასჯელი, ხოლო 2 წელი, 2 თვე და 8 დღე, სსკ-ის 63-64 მუხლების თანახმად, ჩაეთვალა პირობით, იმავე გამოსაცდელი ვადით. მას თავისუფლების აღკვეთის სახით შეფარდებული რეალური სასჯელი ჩაეთვალა ფაქტობრივად მოხდილი სასჯელის ვადაში და 2008 წლის 24 აპრილს სასამართლო სხდომის დარბაზიდან გათავისუფლდა პატიმრობიდან. პირობით მსჯავრდებულმა გ. ნ-მ კვლავ ჩაიდინა განზრახი დანაშაული. იგი 2009 წლის 25 იანვარს ქ. თბილისის მთავარი სამმართველოს ვაკე-საბურთალოს სამმართველოს VII განყოფილების მიერ მიცემულ იქნა სისხლის სამართლის პასუხისგებაში ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა, გასაღებისა და ნარკოტიკული საშუალების უკანონო მოხმარებისათვის, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 273-ე მუხლით, რის შემდეგაც, 2009 წლის 5 თებერვალს, თბილისის საქალაქო სასამართლომ მას დაუსწრებლად აღკვეთი ღონისძიების სახით შეუფარდა დაპატიმრება და მის მიმართ გამოცხადდა ძებნა. ძებნის პერიოდში გ. ნ-მ ჩაიდინა ამჟამად განსახილველი დანაშაულებრივი ქმედება.
საკასაციო პალატა განმარტავს, რომ ქმედება დაკვალიფიცირდება საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის «ე» ქვეპუნქტით (ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა, შენახვა და გადაზიდვა იმის მიერ, ვისაც წინათ ჩადენილი აქვს საქართველოს სსკ-ის XXXIII თავით გათვალისწინებული რომელიმე დანაშაული), თუ პირი ადრე მსჯავრდებული იყო არა ამ მუხლით, არამედ კოდექსის ამ თავით (ნარკოტიკული დანაშაული) გათვალისწინებული რომელიმე სხვა დანაშაულისათვის, რაზეც ნასამართლობა არ არის მოხსნილი ან გაქარწყლებული.
მართალია, მსჯავრდებულ გ. ნ-ს მიმართ გამოტანილი იყო დადგენილება ბრალდებულის სახით მისი სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემის შესახებ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 273-ე მუხლით, მაგრამ იგი არც ამ დანაშაულის და არც კოდექსის ამ თავით გათვალისწინებული რომელიმე სხვა დანაშაულისათვის არ ყოფილა გასამართლებული, რაც აუცილებელი პირობაა ქმედების საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლით მე-2 ნაწილის ,,დ» და «ე» ქვეპუნქტებით კვალიფიკაციისათვის.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მსჯავრდებულ გ. ნ-ს უნდა ამოერიცხოს საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მეორე ნაწილის «ე» ქვეპუნქტით შერაცხული მსჯავრი.
რაც შეეხება სასჯელს, სააპელაციო სასამართლომ, ჩადენილი დანაშაულის სიმძიმისა და მისი პიროვნების მახასიათებელი მონაცემების გათვალისწინებით, გ. ნ-ს დაუნიშნა ისეთი სასჯელი, რომლის შეცვლის სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის 1-ლი ნაწილის «დ” ქვეპუნქტით, 568-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2009 წლის 9 დეკემბრის განაჩენში შევიდეს ცვლილება:
მსჯავრდებულ გ. ნ-ს განაჩენიდან ამოერიცხოს საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მეორე ნაწილის «ე» ქვეპუნქტით შერაცხული მსჯავრი.
განაჩენი სხვა ნაწილში, მათ შორის მსჯავრდებულ გ. ნ-ს მიმართ დანიშნული სასჯელი, დარჩეს უცვლელად.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
`