Facebook Twitter

საქმე Nბს-397-394(კს-17) 4 ივლისი, 2017 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მაია ვაჩაძე, ნუგზარ სხირტლაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი - გ. გ-ი

მოწინააღმდეგე მხარე - სსიპ შემოსავლების სამსახური

მოპასუხე - გ. ე-ი

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 3 მარტის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, სააპელაციო საჩივრის წარმოებაში მიღება

დავის საგანი - ცრუმაგიერ პირებად აღიარება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

სსიპ შემოსავლების სამსახურმა 2013 წლის 22 აპრილს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხეების - გ. გ-ისა და გ. ე-ის მიმართ. მოსარჩელემ გ. გ-ისა და გ. ე-ის ერთმანეთის ცრუმაგიერ პირებად აღიარება მოითხოვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 24 მაისის გადაწყვეტილებით სსიპ შემოსავლების სამსახურის სარჩელი მოპასუხეების - გ. გ-ისა და გ. ე-ის ერთმანეთის ცრუმაგიერ პირებად აღიარების თაობაზე არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს სსიპ შემოსავლების სამსახურმა და გ. გ-მა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 3 მარტის განჩინებით სსიპ შემოსავლების სამსახურის სააპელაციო საჩივარი მიღებულ იქნა განსახილველად.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 3 მარტის განჩინებით გ. გ-ის სააპელაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 24 მაისის გადაწყვეტილებაზე დატოვებულ იქნა განუხილველი.

სააპელაციო სასამრთლომ მიუთითა, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 249-ე მუხლის მე-5 ნაწილის მიხედვით, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი უნდა შეიცავდეს სასამართლოს დასკვნას სარჩელის დაკმაყოფილების ან სარჩელზე მთლიანად ან ნაწილობრივ უარის თქმის თაობაზე. მხარის მოთხოვნის იურიდიულ ბედს განსაზღვრავს მხოლოდ სარეზოლუციო ნაწილი და კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულებაც მის შესაბამისად წარიმართება. აქედან გამომდინარე, გადაწყვეტილების კანონიერ ძალას გააჩნია კანონით განსაზღვრული სუბიექტური და ობიექტური ფარგლები, რომელიც აზუსტებს გადაწყვეტილების მოქმედების საზღვრებს. გადაწყვეტილების კანონიერი ძალა ვრცელდება საქმის განხილვაში მონაწილე პირთა წრეზე (სუბიექტური ფარგლები) და გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილზე (ობიექტური ფარგლები), სამოქალაქო საპროცესო სამართლის პრინციპებისა და კოდექსის ნორმათა ურთიერთშეჯერებითა და ერთობლიობაში განმარტებით სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი თავისი არსით წარმოადგენს პირდაპირ და ზუსტ პასუხს სარჩელზე. გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი უნდა შეიცავდეს სასამართლოს დასკვნას სარჩელის დაკმაყოფილების ან სარჩელზე მთლიანად ან ნაწილობრივ უარის თქმის შესახებ (სსკ-ის 249-ე მუხლის მეხუთე ნაწილი). ამდენად, პირი, სარჩელის შეტანის გზით იცავს რა თავის უფლებას და შელახულ ინტერესებს, სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილება იმავდროულად იწვევს მისი პრეტენზიის აღმოფხვრას, ვინაიდან სადავოდ მიჩნეული უფლება მოდავე პირის სასარგებლოდაა დაცული და, შესაბამისად, მხარის იურიდიული ინტერესიც დაკმაყოფილებულია. სარჩელის საპროცესო-სამართლებრივ საფუძველს წარმოადგენს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 25-ე მუხლი, რომლის პირველი ნაწილის თანახმად, აღიარებითი სარჩელი შეიძლება აღიძრას აქტის არარად აღიარების, უფლების ან სამართლებრივი ურთიერთობის არსებობა-არარსებობის დადგენის შესახებ, თუ მოსარჩელეს აქვს ამის კანონიერი ინტერესი. მოცემულ შემთხვევაში სარჩელით სასამართლოს მიმართ შემოსავლების სამსახურმა, რომლის კანონიერ ინტერესს წარმოადგენს სამართლებრივი ურთიერთობის არსებობის - კერძოდ, სარჩელში მითითებული პირების ცრუმაგიერ პირებად აღიარება იმ მიზნით, რომ საგადასახადო კოდექსის 246-ე მუხლის საფუძველზე ცრუმაგიერი პირის მიმართ განახორციელოს საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებები. შესაბამისად, დავაზე აღიარებით სარჩელის დაუკმაყოფილებლობის პირობებში, სააპელაციო საჩივრის წარდგენის უფლებამოსილებით სარგებლობს მხოლოდ ადმინისტარციული ორგანო, (რისი უფლებამოსილებაც განხორციელებულია), რაც წარმოშობს მოცემულ დავაში მოპასუხედ მითითებული პირის - გ. გ-ის მიერ სააპელაციო საჩივრის დაუშვებლობის საფუძველს. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ გ. გ-ის სააპელაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 24 მაისის გადაწყვეტილებაზე დატოვებულ იქნა განუხილველად.

სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 3 მარტის განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა გ. გ-მა.

კერძო საჩივრის ავტორი მიუთითებს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოში მას სურდა სარჩელის ცნობა, რისი შესაძლებლობაც არ მიეცა თანამოპასუხის სასამართლო პროცესზე გამოუცხადებლობის გამო. ამდენად, მას გააჩნია კანონით გათვალისწინებული ინტერესი ცნოს სარჩელი, რის გამოც უნდა მიეცეს პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრების შესაძლებლობა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, კერძო საჩივრის მოტივების საფუძვლიანობისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ გ. გ-ის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 3 მარტის განჩინება შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ კანონის სწორად გამოყენებისა და განმარტების შედეგად საქმეზე არსებითად სწორი განჩინება დაადგინა, კერძო საჩივარი არ შეიცავს დასაბუთებულ არგუმენტაციას სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების კანონშეუსაბამობის შესახებ, რის გამოც არ არსებობს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-394-ე მუხლების შესაბამისად, მისი გაუქმების საფუძველი.

საქმის მასალების მიხედვით, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 24 მარტის გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა სსიპ შემოსავლების სამსახურის სარჩელი. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს სსიპ შემოსავლების სამსახურმა და მოპასუხე გ. გ-მა.

გ. გ-ი სააპელაციო საჩივრით ითხოვდა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებას და საქმის ხელახლა განსახილველად იმავე სასამართლოსათვის დაბრუნებას, რათა მან საქმის საფუძვლიანი შესწავლის შემდეგ მიიღოს ახალი დასაბუთებული გადაწყვეტილება.

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის შესაბამისად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 364-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს პირველი ინსტანციით გამოტანილი გადაწყვეტილება მხარეებმა და მესამე პირებმა დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნით შეიძლება კანონით დადგენილ ვადაში გაასაჩივრონ სააპელაციო სასამართლოში.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ აღნიშნული მუხლი განსაზღვრავს ორ ფუნდამენტურ საკითხს ა) სააპელაციო გასაჩივრების ობიექტს, ანუ სასამართლოს რომელი გადაწყვეტილებები შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო სასამართლოში და ბ) სააპელაციო საჩივრის უფლების სუბიექტებს, ანუ ვინ შეიძლება გაასაჩივროს სააპელაციო წესით სასამართლოს გადაწყვეტილებები.

აღნიშნული მუხლის შესაბამისად, გადაწყვეტილების სააპელაციო წესით გასაჩივრების უფლება აქვთ: მხარეებს (მოსარჩელეს, მოპასუხეს), მესამე პირებს დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნით, მათ უფლებამონაცვლეებს, თანამონაწილეებს (თანამოსარჩელეებს, თანამოპასუხეებს) მათი თანამონაწილეობის საფუძვლებით განსაზღვრულ ფარგლებში, პირებს, რომლებიც მართალია, არ ფიგურირებენ საქმეში როგორც მხარეები, მაგრამ სასამართლო გადაწყვეტილებით განისაზღვრა მათი უფლებები და მოვალეობები ერთ-ერთი მხარის მიმართ და აქ ჩამოთვლილ პირთა წარმომადგენლებს, თუ ამის შესახებ პირდაპირაა მითითებული მარწმუნებლის სახელზე გაცემულ მინდობილობაში.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მოქმედი სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა არ ითვალისწინებს გადაწყვეტილების გასაჩივრებას იმ პირის მიერ, რომლის სასარგებლოდაც იქნა იგი გამოტანილი. შესაბამისად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ კერძო საჩივრის ავტორის მიერ მხოლოდ იმაზე მითითება, რომ მართალია, შედეგი მისთვის სასარგებლოა, მაგრამ დავა მისთვის უფრო სასარგებლო სასამართლო აქტით უნდა დასრულებულიყო, კერძოდ: სასამართლოს სარჩელი უნდა დაეკმაყოფილებინა მოპასუხის მიერ სარჩელის ცნობის გამო, აღნიშნული ვერ გახდება კერძო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

საკასაციო სასამართლო ასევე აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 24 მაისის გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გასაჩივრებულია მოსარჩელე სსიპ შემოსავლების სამსახურის მიერაც და მისი სააპელაციო საჩივრის განხილვის შემთხვევაში მხარეებს შეუძლიათ მისცენ ახსნა-განმარტებები და დააფიქსირონ პოზიციები, რომელთა სამართლებრივი შეფასების საფუძველზე საქმეზე მიღებულ უნდა იქნეს კანონიერი გადაწყვეტილება.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ გ. გ-ის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, რამდენადაც სახეზე არ არის კერძო საჩივრის დაკმაყოფილებისა და სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების პროცესუალური წინაპირობები.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე, 399-ე, 408.3, 419-420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. გ. გ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 3 მარტის განჩინება;

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ვ. როინიშვილი

მოსამართლეები: მ. ვაჩაძე

ნ. სხირტლაძე