Facebook Twitter

საქმე Nბს-464-461(კს-17) 18 ივლისი, 2017 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მაია ვაჩაძე, ნუგზარ სხირტლაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი - დ. ბ-ე

მოწინააღმდეგე მხარეები: ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სამგორის რაიონის გამგეობა, ც. ქ-ი

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 17 მარტის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, საქმის წარმოების განახლება

დავის საგანი - პრივატიზაციის ხელშეკრულების ბათილად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

დ. ბ-ემ 2015 წლის 19 მაისს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხეების - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სამგორის რაიონის გამგეობისა და ც. ქ-ის მიმართ. მოსარჩელემ ქ. თბილისის სამგორის რაიონის 105-ე საბინაო საექსპლუატაციო უბნის წარმომადგენელსა და ც. ქ-ს შორის 1998 წლის 16 მაისს გაფორმებული უძრავი ქონების პრივატიზაციის N2რ-275 ხელშეკრულების ბათილად ცნობა მოითხოვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 29 ივლისის გადაწყვეტილებით დ. ბ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა დ. ბ-ემ.

2017 წლის 15 მარტს დ. ბ-ემ და მისმა წარმომადგენელმა - კ. ს-ამ განცხადებით მიმართეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას და მოითხოვეს სააპელაციო საჩივრის უკან გახმობა, ხოლო 2017 წლის 17 მარტის სასამართლო სხდომაზე კ. ს-ამ დააზუსტა მოთხოვნა და სააპელაციო საჩივარზე უარის თქმის გამო საქმის წარმოების შეწყვეტა მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 17 მარტის განჩინებით აპელანტ დ. ბ-ის წარმომადგენლის - კ. ს-ას შუამდგომლობა სააპელაციო საჩივარზე უარის თქმის გამო საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ დაკმაყოფილდა; ადმინისტრაციულ საქმეზე №330310014483579 (3ბ/174-15) შემოტანილ დ. ბ-ის სააპელაციო საჩივარზე შეწყდა წარმოება აპელანტ დ. ბ-ის წარმომადგენლის - კ. ს-ას მიერ სააპელაციო საჩივარზე უარის თქმის გამო; უცვლელი დარჩა მოცემულ საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 29 ივლისის გადაწყვეტილება (დ. ბ-ის სარჩელისა გამო მოპასუხეების - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სამგორის რაიონის გამგეობა და ც. ქ-ი მიმართ პრივატიზაციის ხელშეკრულების ბათილად ცნობასთან დაკავშირებით); აპელანტ დ. ბ-ეს უკან დაუბრუნდა სააპელაციო საჩივარზე სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სს ,,...’’ 2016 წლის 5 დეკემბერს გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნახევარი - 75 (სამოცდათხუთმეტი) ლარის ოდენობით; მხარეებს განემარტათ, რომ საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლოსათვის ხელმეორედ მიმართვა დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით არ შეიძლება.

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. იმავე კოდექსის 3.1 მუხლის შესაბამისად, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში მხარეები სარგებლობენ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლით მინიჭებული უფლება-მოვალეობებით. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 372-ე მუხლის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვა წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმის განხილვისათვის. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 378-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო საჩივარზე უარის თქმა დასაშვებია სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გამოტანამდე. იმავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, სააპელაციო საჩივარზე უარის თქმის შემთხვევაში სასამართლო შეწყვეტს საქმის წარმოებას, რის შედეგადაც მხარეს ერთმევა უფლება, კვლავ გაასაჩივროს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით. ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების საფუძველზე სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ აპელანტ დ. ბ-ის წარმომადგენლის - კ. ს-ას შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილებულიყო, დ. ბ-ის წარმომადგენლის მიერ სააპელაციო საჩივარზე უარის თქმის გამო უნდა შეწყვეტილიყო №330310015001611455 (3ბ/2148-16) ადმინისტრაციულ საქმზე სააპელაციო წარმოება და უცვლელად უნდა დარჩენილიყო თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 29 ივლისის გადაწყვეტილება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 17 მარტის განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა დ. ბ-ის წარმომადგენელმა - კ. ს-ამ, რომლითაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება მოითხოვა.

კერძო საჩივრის ავტორი მიუთითებს, რომ 2017 წლის 15 მარტს მიმართა განცხადებით სააპელაციო სასამართლოს და მოითხოვა მთლიანად ადმინისტრაციული სარჩელის უკან გამოხმობა. სასამართლო განჩინებაში უთითებს, რომ კ. ს-ამ მოითხოვა სააპელაციო საჩივრის უკან გამოხმობა, რაც არასწორია, რადგან მისი და მისი მარწმუნებლის მოთხოვნა იყო, სულ შეეწყვიტათ ადმინისტრაციული საქმის წარმოება, გამოეხმოთ მთლიანად ადმინისტრაციული სარჩელი და არა სააპელაციო საჩივარი. კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებით, სასამართლომ 2017 წლის 17 მარტის პროცესზე შეიყვანა შეცდომაში და უარი ათქმევინა სააპელაციო საჩივარზე, როდესაც მის ინტერესს წარმოადგენდა სარჩელის გამოხმობა და არა სააპელაციო საჩივარზე უარის თქმა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის მასალებისა და კერძო საჩივრის მოტივების გაცნობის შედეგად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ დ. ბ-ის წარმოამდგენლის - კ. ს-ას კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, შესაბამისად, უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 17 მარტის განჩინება, შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ სწორად იქნა გამოკვლეული საქმის მასალები, ადგილი არ ჰქონდა საპროცესო ნორმების დარღვევას, რის გამოც გასაჩივრებული განჩინების მიღებისას არ დარღვეულა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტისა და 394-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის მოთხოვნები.

როგორც საქმის მასალებიდან ირკვევა, 2017 წლის 15 მარტს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში ერთობლივი განცხადება წარადგინეს დ. ბ-ემ და მისმა - წარმომადგენელმა კ. ს-ამ სააპელაციო საჩივრის გამოხმობის თაობაზე, რომლითაც სააპელაციო საჩივრის განხილვის შეწყვეტა და სააპელაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის -150 ლარის დაბრუნება მოითხოვა. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 17 მარტის სასამართლო სხდომაზე დ. ბ-ის წარმომადგენელმა - კ. ს-ამ მისთვის 2016 წლის 24 ნოემბრის მინდობილობით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში (ს.ფ. 275-276) დააზუსტა მოთხოვნა და სასამართლოს წინაშე სააპელაციო საჩივარზე უარის თქმის გამო საქმის წარმოების შეწყვეტა იშუამდგომლა (იხ. 17.03.17წ. სასამართლო სხდომის ოქმი ს.ფ. 387-391). საგულისხმოა, რომ სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე მოსამართლის მიერ მხარეს განემარტა სააპელაციო საჩივარზე უარის თქმისა და სარჩელის გამოხმობის სამართლებრივი შედეგები, რასთან დაკავშირებითაც შუამდგომლობის ავტორმა განმარტა, რომ მისი მარწმუნებლისათვის ცნობილი იყო შუამდგომლობის შინაარსი და იგი ითხოვდა სააპელაციო საჩივარზე უარის თქმის გამო საქმის წარმოების შეწყვეტას.

სააპელაციო სასამართლოს სხდომის ოქმში დაფიქსირებულ პოზიციაზე დ. ბ-ეს და მის წარმომადგენელს შენიშვნები არ წარუდგენიათ. ამასთან, საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს კერძო საჩივრის ავტორის განმარტებას, რომ მას სურდა სარჩელის გამოხმობა და არა სააპელაციო საჩივარზე უარის თქმა, რადგან დ. ბ-ის სარჩელზე ერთ-ერთ მოპასუხედ დასახელებული პირის - ც. ქ-ის ადგილსამყოფელი უცნობია, მისთვის სასამართლო უწყების ჩაბარება ვერ ხერხდება და იგი არ დასწრებია პირველ და სააპელაციო ინსტანციის სასამართლოებში გამართულ არც ერთ პროცესს, რის გამოც ც. ქ-ისათვის სასამართლო შეტყობინებების ჩაბარება ხორციელდება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 78-ე მუხლით გათვალისწინებული საჯარო შეტყობინების გზით. ამდენად, საკასაციო პალატამ ჰიპოთეტურად, რომ დაუშვას, რომ არსებობდა აპელანტის მოთხოვნა სარჩელის გამოხმობის თაობაზე, აღნიშნული უფლების რეალიზება ვერ განხორციელდებოდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 831-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული მოპასუხე ც. ქ-ის თანხმობის არარსებობის გამო.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მიხედვით, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში მხარეები სარგებლობენ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობაში მე-3 მუხლით მინიჭებული უფლება-მოვალეობებით, რომელთა შესაბამისად, სამოქალაქო სამართალწარმოება აგებულია დისპოზიციურობის პრინციპზე, რაც მოცემულ საპროცესო სამართალში ნიშნავს მხარეთა ნების თავისუფლებას, შეხედულებისამებრ განკარგონ თავიანთი მატერიალური და საპროცესო უფლებები. მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონ იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ. დისპოზიციურობის პრინციპი ერთ-ერთი ფუნდამენტური პრინციპია საპროცესო სამართალში, რაც ნების ავტონომიიდან გამომდინარეობს და თავის მხრივ, გულისხმობს, რომ მხარეები თავისუფალნი არიან თავიანთი მატერიალური და საპროცესო უფლებების განკარგვისას. ამასთან, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 248-ე მუხლის საფუძველზე სასამართლო შეზღუდულია დისპოზიციურობის პრინციპით, რის გამოც, სასამართლოს უფლება არა აქვს, მიაკუთვნოს თავისი გადაწყვეტილებით მხარეს ის, რაც მას არ უთხოვია ან იმაზე მეტი, ვიდრე ის მოითხოვდა.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ თუ მხარე უარს ამბობს სააპელაციო საჩივარზე, ამგვარად გამოხატავს ნებას თავისი საპროცესო და მატერიალური უფლების რეალიზაციაზე, რაც სავალდებულოა სასამართლოსათვის, როგორც პროცესის მონაწილე მხარეთა ნების შეუზღუდავი გამოვლენა, ვინაიდან, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის თანახმად, სასამართლოს უფლებამოსილება განსაზღვრულია მხარეთა მოთხოვნის ფარგლებით.

საკასაციო სასამართლო დასკვნის სახით განმარტავს, რომ დისპოზიციურობის პრინციპი სამართალწარმოებაში ესაა საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებული და მხარეთა გარანტირებული შესაძლებლობა, თავისუფლად ისარგებლონ ან განკარგონ თავიანთი მატერიალური და საპროცესო უფლებები. ამასთან, დისპოზიციურობის პრინციპის ერთ-ერთი გამოვლინებაა მხარეთა თავისუფალი ნება, დარღვეული უფლების აღდგენის მოთხოვნით სარჩელი აღძრან სასამართლოში, ასევე უარი განაცხადონ სარჩელის მოთხოვნაზე სრულად ან ნაწილობრივ.

ადმინისტრაციული და სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა არ ითვალისწინებს პროცესუალური მონაწილის საპროცესო უფლებების განმახორციელებელი შესაბამისი საპროცესო მოქმედებების შექცევადობას, ამა თუ იმ საპროცესო მოქმედების შესრულება იწვევს შესაბამის საპროცესო სამართლებრივ შედეგს და მას შეუქცევადი ხასიათი გააჩნია.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სასამართლო ხელისუფლების ორგანოები მართლმსაჯულების განხორციელებისას შებოჭილნი არიან საპროცესო სამართლის წესებით, რომელიც პროცესუალური მონაწილის გამოხატული ნების გადათქმას არ ითვალისწინებს. ამდენად, კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნას არ გააჩნია სამართლებრივი საფუძველი და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების პროცესუალური წინაპირობა.

შესაბამისად, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას აპელანტის მიერ სააპელაციო საჩივარზე სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 378-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად წარმოების შეწყვეტის შესახებ, მისი საპროცესო კანონმდებლობასთან სრული შესაბამისობის გამო.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ დ. ბ-ის წარმომადგენლის - კ. ს-ას კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, რამდენადაც სახეზე არ არის სააპელაციო სასამართლოს განჩინების გაუქმების პროცესუალური საფუძვლები.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე, 399-ე, 408.3, 419-420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. დ. ბ-ის წარმომადგენლის - კ. ს-ას კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 17 მარტის განჩინება;

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ვ. როინიშვილი

მოსამართლეები: მ. ვაჩაძე

ნ. სხირტლაძე