Facebook Twitter

#ბს-961-952(გ-16) 23 თებერვალი, 2017 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: მიხეილ ჩინჩალაძე, ნუგზარ სხირტლაძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე

მოსარჩელე _ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო

მოპასუხე _ შპს „…“

დავის საგანი _ სასამართლოთა შორის განსჯადობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2016 წლის 9 დეკემბერს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - შპს „…“ მიმართ.

მოსარჩელემ შპს „…“ მხარეთა შორის 2014 წლის 3 ივლისს გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე 45 016 ლარის ოდენობით პირგასამტეხლოს დაკისრება მოითხოვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 12 დეკემბრის განჩინებით სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სარჩელი შპს „…“ მიმართ, განსჯადობით განსახილველად გადაეცა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას.

ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ მიუთითა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 251 მუხლის მე-2 ნაწილზე, რომლის თანახმად, ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადებასთან, შესრულებასთან და შეწყვეტასთან დაკავშირებული დავები განიხილება საერთო სასამართლოების მიერ ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით. ადმინისტრაციული ორგანოს მიერ კერძოსამართლებრივი ხელშეკრულების დადებასთან, შესრულებასთან და შეწყვეტასთან დაკავშირებული დავები განიხილება სამოქალაქო სამართალწარმოების წესით.

სასამართლოს მითითებით, განსახილველ შემთხვევაში დავის საგანს წარმოადგენს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსა და შპს „…“ შორის დადებული ნასყიდობის ხელშეკრულების არაჯეროვანი შესრულება. სასამართლოს მოსაზრებით, დავა დაკავშირებულია კერძოსამართლებრივი ხელშეკრულების შესრულებასთან. ხელშეკრულების თანახმად, ხელშეკრულების საგანია კასპის მუნიციპალიტეტში, სოფელ … მდებარე 16 783 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთისა და მასზე განთავსებულ #1 შენობა-ნაგებობის სართო ფართით 341.88 კვ.მ/სხვა ფართი: განაშენიანების ფართით 372 კვ.მ (საკადასტრო კოდი #...) საკუთრებაში გადაცემა. შპს „…“ ვალდებულება იყო ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ქონებაზე პლასტმასის მწარმოებელი საწარმოს შექმნა წარმოების დაწყებაზე „განკარგულების“ გამოცემიდან არაუმეტეს 2 წლისა. ასევე, მხარის ვალდებულებას წარმოადგენდა 3.1.1. მუხლით განსაზღვრული ვალდებულების შესრულების მიზნით არანაკლებ 104 000 ლარის ინვესტიციის განხორციელება, ხოლო ინვესტიციის არანაკლებ 25% უნდა განხორციელებულიყო „განკარგულების“ გამოცემიდან ერთი წლის განმავლობაში. აღნიშნული ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში „მყიდველს“ ეკისრება პირგასამტეხლო დარჩენილი განსახორციელებელი ინვესტიციის 0,1% ოდენობით დარღვევის დღიდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.

სასამართლოს განმარტებით, ზოგადი ადმინისტრაციულ კოდექსის 2.1 მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის მიხედვით, ადმინისტრაციული ხელშეკრულება არის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ საჯარო უფლებამოსილების განხორციელების მიზნით ფიზიკურ ან იურიდიულ პირთან, აგრეთვე სხვა ადმინისტრაციულ ორგანოსთან დადებული სამოქალაქო სამართლებრივი ხელშეკრულება. ამდენად, ადმინისტრაციულმა კოლეგიამ მიიჩნია, რომ მხარეთა შორის არსებული სადავო სამართალურთიერთობა გამომდინარეობს ხელშეკრულებიდან, რომელიც ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დადებულ სამოქალაქო ხელშეკრულებას განეკუთვნება, შესაბამისად, მის შესრულებასთან დაკავშირებით წარმოშობილი დავა, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-11 მუხლისა და საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 251 მუხლის საფუძველზე სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის განსჯადია და სამოქალაქო სამართალწარმოების წესით უნდა იქნეს განხილული.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 21 დეკემბრის განჩინებით სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სარჩელი მოპასუხე შპს „…“ მიმართ ზიანის ანაზღაურების შესახებ, განსჯადობის თაობაზე დავის გადასაწყვეტად გადმოეგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოს.

სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის განმარტებით, ამა თუ იმ დავის ადმინისტრაციულ-სამართლებრივად მიჩნევისათვის აუცილებელი პირობაა, მოსარჩელის მოთხოვნა სამართლებრივად ეფუძნებოდეს საჯარო-ადმინისტრაციული სამართლის შესაბამის ნორმებს, კონკრეტული სამართლებრივი ურთიერთობები გამომდინარეობდეს ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან.

სასამართლოს მითითებით, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო ითხოვს 2014 წლის 3 ივლისის ნასყიდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოპასუხისათვის პირგასამტეხლოს დაკისრებას. შესაბამისად, განსჯადობის საკითხის გადასაწყვეტად უნდა შეფასდეს აღნიშნული ხელშეკრულების სამართლებრივი ხასიათი.

სასამართლოს განმარტებით, მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულების ადმინისტრაციულ ხელშეკრულებად მიჩნევის ძირითად ელემენტს წარმოადგენს, როგორც ადმინისტრაციული ორგანოს მიერ საჯარო უფლებამოსილების განხორციელების მიზანი, ისე სამართლებრივ ურთიერთობაში მისი, როგორც სუბიექტის მონაწილეობა. საჯარო უფლებამოსილების განხორციელების მიზანი გულისხმობს არა მხოლოდ ადმინისტრაციული ორგანოს უფლებამოსილებას მიკუთვნებული ნებისმიერი საკითხის გადაწყვეტას, არამედ ძირითადი, უშუალო ფუნქციის განსახორციელებლად ხელშეკრულების დადებას. სხვაგვარად ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დადებულ ნებისმიერ ხელშეკრულებას მიენიჭებოდა ადმინისტრაციული ხელშეკრულების სტატუსი, რამდენადაც ადმინისტრაციული ორგანო ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, უფლებამოსილია განახორციელოს მხოლოდ კანონით მისთვის მინიჭებული უფლებამოსილება.

სასამართლომ აღნიშნა, რომ მხარეთა შორის ხელშეკრულების გაფორმებას წინ უსწრებდა „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის, „სახელმწიფო ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2010 წლის 16 სექტემბრის #1-1/1537 ბრძანება და „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების შპს „…“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზევის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 11 ივნისის #1046 განკარგულება.

„სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-31 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის პრივატიზებისას პრივატიზების განმახორციელებელ ორგანოსა და ქონების შემძენს შორის იდება შესაბამისი ხელშეკრულება, რომელიც საჯარო რეესტრში საკუთრების უფლების რეგისტრაციისა და შესაბამისი ვალდებულებების (მათ შორის, ასეთის არსებობის შემთხვევაში, საპრივატიზებო საფასურის გადახდის ვალდებულების) წარმოშობის საფუძველია.

„სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების შპს „…“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 11 ივნისის #1046 განკარგულების პირველი პუნქტის თანახმად, „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-3 პუნქტის და „აწარმოე საქართველოში“ სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 30 მაისის #365 დადგენილებით დამტკიცებული „სახელმწიფო პროგრამის“ მე-7 მუხლის შესაბამისად, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული კასპის მუნიციპალიტეტში, სოფელ … მდებარე 16 783 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული #1 შენობა-ნაგებობა საერთო ფართით 341.88 კვ.მ/სხვა ფართი: განაშენიანების ფართით 372 კვ.მ (საკადასტრო კოდი #...) პირდაპირი მიყიდვის ფორმით 1 ლარად საკუთრებაში გადაეცა შპს „…“ (ს/კ …).

„აწარმოე საქართველოში“ სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 30 მაისის #365 დადგენილების მე-7 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, უძრავ ქონებაზე ხელმისაწვდომობის კომპონენტის განხორციელების მიზნით, ქონების სააგენტო, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, უზრუნველყოფს შესაბამისი ღონისძიებების განხორციელებას უძრავი ქონების, ამ პროგრამით განსაზღვრული პირობებით მეწარმე სუბიექტისთვის გადასაცემად. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, პროგრამის ბენეფიციარს, ამ პროგრამით გათვალისწინებული პირობების მიხედვით, საქართველოს მთავრობის სამართლებრივი აქტის მიღების შემთხვევაში, კანონმდებლობით დადგენილი წესით, შესაბამისი ვალდებულებების შესრულების პირობით, საკუთრებაში გადაეცემა უძრავი ქონება.

სამოქალაქო საქმეთა კოლეგიამ მიიჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში სახეზეა სახელმწიფო მიზნობრივი პროგრამის განხორციელებასთან დაკავშირებული ურთიერთობა, რაც საქართველოს მთავრობის 2014 წლის 30 მაისის #365 დადგენილებისა და საქართველოს მთავრობის 2014 წლის 11 ივნისის #1046 განკარგულების თანახმად, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს კომპეტენციას განეკუთვნება და საჯარო სამართლებრივი ხასიათისაა.

სასამართლომ მიიჩნია, რომ სადავო სამართალურთიერთობა გამომდინარეობს ადმინისტრაციული (საჯარო) კანონმდებლობიდან. სასარჩელო მოთხოვნა ეხება კერძო სამართლის სუბიექტსა და ადმინისტრაციულ ორგანოს შორის არსებულ საჯარო-სამართლებრივი ურთიერთობიდან წარმოშობილ დავას. მოპასუხესთან დადებული ხელშეკრულება ადმინისტრაციული ხელშეკრულებაა, რომელიც დადებულია ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობის საფუძველზე, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ კერძო სამართლის იურიდიულ პირთან საჯარო უფლებამოსილების განხორციელების მიზნით და შესაბამისად, დავაც ადმინისტრაციული კანონმდებლობიდან გამომდინარეობს.

სასამართლოს მითითებით, „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, სახელმწიფო ქონების პრივატიზების მიზნით დადებული შესაბამისი ხელშეკრულებით გათვალისწინებული საპრივატიზებო პირობების დარღვევის გამო ხელშეკრულების ცალმხრივად მოშლის შემთხვევაში პრივატიზებული ქონება ბრუნდება სახელმწიფო საკუთრებაში, ხოლო ამ ქონებაზე რეგისტრირებული მესამე პირის (პირთა) იპოთეკის უფლება (უფლებები) უქმდება, თუ ქონების იპოთეკით დატვირთვამდე საჯარო რეესტრში უძრავი ნივთის შესახებ ჩანაწერში რეგისტრირებულია საპრივატიზებო ვალდებულების (ვალდებულებების) ამსახველი შესაბამისი ინფორმაცია. ამასთან, ქონების შემძენს სახელმწიფო არ აუნაზღაურებს გადახდილ თანხებსა და გაწეულ ხარჯებს.

საქართველოს მთავრობის 2014 წლის 30 მაისის #365 დადგენილების მე-10 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, პროგრამის უძრავ ქონებაზე ხელმისაწვდომობის კომპონენტის ფარგლებში გაფორმებული შესაბამისი ნასყიდობის ხელშეკრულების შეწყვეტის შედეგები განისაზღვრება „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის და სხვა სამართლებრივი აქტების შესაბამისად.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საქმეთა კოლეგიამ მიიჩნია, რომ მოცემული საქმე განეკუთვნება საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლით განსაზღვრულ სასამართლოს განსჯად ადმინისტრაციულ საქმეს.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების, განსჯადობის თაობაზე თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ და სამოქალაქო საქმეთა კოლეგიების მოსაზრებების გაცნობის შედეგად, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26.3. მუხლით მინიჭებული უფლებამოსილების საფუძველზე, წყვეტს რა დავას სასამართლოთა შორის განსჯადობის თაობაზე, მიიჩნევს, რომ მოცემული საქმე განსჯადობით განსახილველად უნდა დაექვემდებაროს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-11 მუხლი შეეხება სამოქალაქო საქმეების უწყებრივ ქვემდებარეობას სასამართლოებისადმი, რომლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესით სასამართლო განიხილავს საქმეებს დარღვეული თუ სადავოდ ქცეული უფლების, აგრეთვე, კანონით გათვალისწინებული ინტერესების დაცვის შესახებ, კერძოდ, სამოქალაქო, საოჯახო, შრომის, საადგილმამულო, ბუნებრივი რესურსების გამოყენებისა და გარემოს დაცვის ურთიერთობებიდან წარმოშობილ დავებს მოქალაქეებს, მოქალაქეებსა და იურიდიულ პირებს, აგრეთვე იურიდიულ პირებს შორის.

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლში მოცემულია სასამართლოს განსჯადი ადმინისტრაციული საქმეების ჩამონათვალი, კერძოდ, აღნიშნული მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სასამართლოში ადმინისტრაციული დავის საგანს შეიძლება წარმოადგენდეს: ა) ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესაბამისობა საქართველოს კანონმდებლობასთან; ბ) ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადება, შესრულება ან შეწყვეტა; გ) ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულება ზიანის ანაზღაურების, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ან სხვა რაიმე ქმედების განხორციელების თაობაზე; დ) აქტის არარად აღიარება, უფლების ან სამართალურთიერთობის არსებობა-არარსებობის დადგენა. ამავე მუხლის მე-3 ნაწილი მიუთითებს, რომ ამ მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით გათვალისწინებული საქმეების გარდა, სასამართლოში ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განიხილება სხვა საქმეებიც იმ სამართლებრივ ურთიერთობებთან დაკავშირებით, რომლებიც აგრეთვე გამომდინარეობს ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ამა თუ იმ დავის ადმინისტრაციულ-სამართლებრივად მიჩნევისათვის აუცილებელი პირობაა, მოსარჩელის მოთხოვნა სამართლებრივად ეფუძნებოდეს საჯარო - ადმინისტრაციული სამართლის შესაბამის ნორმებს, კონკრეტული სამართლებრივი ურთიერთობები გამომდინარეობდეს ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან, ანუ მოსარჩელის მიერ მითითებული საკუთარი უფლების (უფლებების) დარღვევა თავისი არსითა და შინაარსით განპირობებული უნდა იყოს მოპასუხის მხრიდან საჯარო, მატერიალური სამართლის შესაბამისი საკანონმდებლო ნორმების დარღვევით. ამასთან, დავის ერთ-ერთ მონაწილე მხარეს აუცილებლად უნდა წარმოადგენდეს ადმინისტრაციული ორგანო.

საკასაციო სასამართლოს მითითებით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანოა ყველა სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო ან დაწესებულება, საჯარო სამართლის იურიდიული პირი (გარდა პოლიტიკური და რელიგიური გაერთიანების), აგრეთვე ნებისმიერი სხვა პირი, რომელიც საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე ასრულებს საჯარო სამართლებრივ უფლებამოსილებებს.

„სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-6 პუნქტის მიხედვით, სახელმწიფო ქონების მართვასა და განკარგვას ამ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში ახორციელებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი − სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო.

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საჯარო სამართლის იურიდიული პირი არის შესაბამისი კანონით, საქართველოს მთავრობის დადგენილებით ან კანონის საფუძველზე სახელმწიფო მმართველობის ორგანოს ადმინისტრაციული აქტით შექმნილი, საკანონმდებლო და სახელმწიფო მმართველობის ორგანოებისაგან განცალკევებული ორგანიზაცია, რომელიც სახელმწიფოს კონტროლით დამოუკიდებლად ახორციელებს პოლიტიკურ, სახელმწიფოებრივ, სოციალურ, საგანმანათლებლო, კულტურულ და სხვა საჯარო საქმიანობას, აგრეთვე ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი აღმასრულებელი ორგანოს ნორმატიული აქტით შექმნილი, სახელმწიფო მმართველობის ორგანოებისაგან განცალკევებული ორგანიზაცია, რომელიც სახელმწიფოს კონტროლით დამოუკიდებლად ახორციელებს სოციალურ, საგანმანათლებლო, კულტურულ და სხვა საჯარო საქმიანობას.

მოცემულ დავაში მხარეს წარმოადგენს ადმინისტრაციული ორგანო _ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო, ხოლო დავის საგანია - მხარეთა შორის 2014 წლის 3 ივლისს გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე 45 016 ლარის ოდენობით პირგასამტეხლოს დაკისრება.

საკასაციო სასამართლოს მითითებით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 65.1 მუხლის თანახმად, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, შესაძლებელია ადმინისტრაციულ-სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობა, შეცვლა ან შეწყვეტა ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადების გზით. ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია კონკრეტული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი ურთიერთობა, რომლის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის გზით მოწესრიგების უფლებამოსილება მას კანონით აქვს მინიჭებული, მოაწესრიგოს ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადების გზით; ხოლო ამავე კოდექსის 2.1 მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის მიხედვით, ადმინისტრაციული ხელშეკრულება არის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ საჯარო უფლებამოსილების განხორციელების მიზნით ფიზიკურ ან იურიდიულ პირთან, აგრეთვე სხვა ადმინისტრაციულ ორგანოსთან დადებული სამოქალაქო სამართლებრივი ხელშეკრულება. ამასთან, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 251 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადებასთან, შესრულებასთან და შეწყვეტასთან დაკავშირებული დავები განიხილება საერთო სასამართლოების მიერ ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ განსჯადობის საკითხის გადაწყვეტისას ადმინისტრაციული საქმეების განსჯადობის მთავარ ფაქტორს გარდა იმ ფაქტისა, რომ ერთ-ერთი მხარე უნდა იყოს ადმინისტრაციული ორგანო, ასევე წარმოადგენს ადმინისტრაციული ორგანოს ქმედების საჯარო-სამართლებრივი მიზანი. განსჯადობის საკითხის გადაწყვეტისას უპირატესობა ენიჭება სადავო სამართალურთიერთობის ბუნებას და არა მხოლოდ სუბიექტურ შემადგენლობას. დავის საჯარო-სამართლებრივი ხასიათის დასადგენად საკმარისი არ არის ის, რომ დავის ერთ-ერთი მხარე საჯარო სამართლის სუბიექტია, ვინაიდან შესაძლებელია საჯარო სამართლის სუბიექტი მხარედ გამოვიდეს კერძო-სამართლებრივ ურთიერთობებშიც.

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის მოთხოვნიდან გამომდინარე, ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით საქმის განსჯადობის საკითხის გადასაწყვეტად ამოსავალია სადავო სამართალურთიერთობის შინაარსი, რის გასარკვევადაც არსებითია დავის უშუალო მატერიალურ-სამართლებრივი საფუძველი _ ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობა. იმ შემთხვევაში, თუ ურთიერთობის მონაწილე სუბიექტი არის სახელმწიფოს, საჯარო ხელისუფლების წარმომადგენელი და ურთიერთობა საჯარო-სამართლებრივ მოწესრიგებას მოითხოვს, სახეზეა საჯარო სამართლებრივი ურთიერთობა.

საკასაციო სასამართლო იზიარებს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მოსაზრებას იმასთან დაკავშირებით, რომ მოცემულ შემთხვევაში სასარჩელო მოთხოვნა - მხარეთა შორის 2014 წლის 3 ივლისს გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე 45 016 ლარის ოდენობით პირგასამტეხლოს დაკისრების თაობაზე - გამომდინარეობს ადმინისტრაციული (საჯარო) კანონმდებლობიდან, ვინაიდან აღნიშნული ხელშეკრულება დაიდო „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის, „სახელმწიფო ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2010 წლის 16 სექტემბრის #1-1/1537 ბრძანებისა და „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების შპს „…“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 11 ივნისის #1046 განკარგულების საფუძველზე.

მოცემულ შემთხვევაში სახეზეა სახელმწიფო მიზნობრივი პროგრამის განხორციელებასთან დაკავშირებული ურთიერთობა, რაც საქართველოს მთავრობის 2014 წლის 30 მაისის #365 დადგენილებისა და საქართველოს მთავრობის 2014 წლის 11 ივნისის #1046 განკარგულების თანახმად, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს კომპეტენციას განეკუთვნება და საჯარო სამართლებრივი ხასიათისაა. საქართველოს მთავრობის 2014 წლის 30 მაისის #365 დადგენილების მე-10 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, პროგრამის უძრავ ქონებაზე ხელმისაწვდომობის კომპონენტის ფარგლებში გაფორმებული შესაბამისი ნასყიდობის ხელშეკრულების შეწყვეტის შედეგები განისაზღვრება „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის და სხვა სამართლებრივი აქტების შესაბამისად.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სადავო სამართალურთიერთობა გამომდინარეობს ადმინისტრაციული (საჯარო) კანონმდებლობიდან, სასარჩელო მოთხოვნა ეხება კერძო სამართლის სუბიექტსა და ადმინისტრაციულ ორგანოს შორის არსებული საჯარო-სამართლებრივი ურთიერთობიდან წარმოშობილ დავას, რის გამოც მოცემული საქმე განეკუთვნება საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლით განსაზღვრულ სასამართლოს განსჯად ადმინისტრაციულ საქმეს.

ამდენად, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქმე განსჯადობით განსახილველად უნდა დაექვემდებაროს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 26-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სარჩელი შპს „…“ მიმართ, მხარეთა შორის 2014 წლის 3 ივლისს გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე პირგასამტეხლოს დაკისრების თაობაზე, განსჯადობით განსახილველად დაექვემდებაროს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას;

2. საქმე გადაეგზავნოს განსჯად სასამართლოს;

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვაჩაძე

მოსამართლეები: მ. ჩინჩალაძე

ნ. სხირტლაძე