Facebook Twitter

საქმე ბს-14-14 (კს-15) 29 ოქტომბერი, 2015 წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ლევან მურუსიძე, მაია ვაჩაძე

განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე.

კერძო საჩივრის ავტორი (მოსარჩელე) – ა. ც-ე, ვ. ც-ე

მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) _ ჯ. მ-ი, მ. მ-ი, იმერეთის რეგიონალური სატყეო სამმართველო, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ტყიბულის სარეგისტრაციო სამსახური, ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ორპირის თემი

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 14.11.2014 წ. განჩინება.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ჯ. და მ. მ-ებმა 17.06.2010 წ. სარჩელით მიმართეს ტყიბულის რაიონულ სასამართლოს და მოითხოვეს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ტყიბულის სარეგისტრაციო სამსახურის მიერ ა. ც-ის სახელზე 23.08.2000წ. საკუთრების უფლების შესახებ ჩანაწერის ბათილად ცნობა. იმერეთის რეგიონალურმა სატყეო სამმართველომ 22.06.2010 წ. სარჩელით მიმართა ტყიბულის რაიონულ სასამართლოს მოპასუხე ტყიბულის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიმართ და მოითხოვა ტყიბულის მუნიციპალიტეტის გამგეობის გადაწყვეტილების არარად ცნობა. 13.07.2010წ. სასამართლო მოსამაზადებელი სხდომის საოქმო განჩინებით იმერეთის რეგიონალური სატყეო სამმართველოს მიერ დაზუსტდა სასარჩელო მოთხოვნა, მოსარჩელემ მოითხოვა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ტყიბულის სარეგისტრაციო სამსახურის მიერ ა. ც-ის სახელზე 23.08.2000წ. საკუთრების უფლების შესახებ ჩანაწერის გაუქმება. ამავე განჩინებით ტყიბულის რაიონული სასამართლოს წარმოებაში არსებული საქმე N3/5 და N3/6 გაერთიანდა.

ტყიბულის რაიონული სასამართლოს 30.08.2010 წ. გადაწყვეტილებით მოსარჩელეების ჯ., მ. მ-ების და იმერეთის რეგიონალური სატყეო სამმართველოს სასარჩელო მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება გასაჩივრდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ პალატაში ჯ. და მ. მ-ების მიერ. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 28.01.2011წ. გადაწყვეტილებით ჯ. და მ. მ-ების სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა გასაჩივრებული გადაწყვეტილება, ჯ. და მ. მ-ების სარჩელი დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ტყიბულის სარეგისტრაციო სამსახურის მიერ 23.08.2000წ. განხორციელებული სარეგისტრაციო ჩანაწერი, რომლის მიხედვითაც ა. ც-ის სახელზე რეგისტრირებულია 1618,76 კვ.მ. სასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, უძრავი ქონების სარეგისტრაციო ნომერი ... (სარეგისტრაციო ზონა ტყიბული- კოდი ..; სექტორი ... ; კვარტალი -01; ნაკვეთი - 006; რეგისტრაციის საფუძველი - მიწის მიღება-ჩაბარების აქტი N459).

ა. ც-ემ და ვ. ც-ემ 06.06.2014წ. განცხადებით მიმართეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას და მოითხოვეს სსკ-ის 423.1 მუხლის ,,ვ" ქვეპუნქტის საფუძველზე, ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლება. განმცხადებლებმა ახლად აღმოჩენილ გარემოებად მიუთითეს საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სსიპ ეროვნული სატყეო საგენტოს იმერეთის სატყეო სამსახურის 14.05.2014 წ. N18-10/202 და ბუნებრივი რესურსების სააგენტოს ტყისა და ველური ბუნების მართვის დეპარტამენტის იმერეთის სამმართველოს 06.11.2012წ. N08-01-09/442 ცნობები, რომლის მიხედვითაც აღნიშნული სადავო ნაკვეთი არ წარმოადგენდა სატყეო ფონდის საკუთრებას.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 29.07.2014 წ. განჩინებით ა. ც-ის და ვ. ც-ის განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ პალატის 28.01.2011წ. გადაწყვეტილების გაუქმების და საქმის წარმოების განახლების შესახებ - არ დაკმაყოფილდა. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ დაუშვებელია კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება ისეთი მტკიცებულებებისა და გარემოებების საფუძველზე, რომელზედაც მხარე უთითებდა საქმის განხილვის დროს, მაგრამ შესაძლოა, შეჯიბრებითობის პრინციპიდან გამომდინარე, მასზე დაკისრებული მტკიცების ტვირთი სრულფასოვნად ვერ განახორციელა საპროცესო მექანიზმების გამოუყენებლობის ან სხვა მიზეზის გამო და ვერ დაადასტურა გარემოებები, რომელზედაც ამყარებდა სარჩელს ან შესაგებელს, ხოლო საქმის განხილვის დასრულების შემდეგ შეიქმნა ისეთი ახალი მტკიცებულება, რომელიც ამყარებს მის პოზიციას. სასამართლომ აღნიშნა, რომ ამგვარი საფუძვლით საქმის წარმოების განახლებას კანონი არ ითვალისწინებს. წინააღმდეგ შემთხვევაში წარმოების განახლება შესაძლებელი იქნებოდა ნებისმიერ საქმეზე და არა მკაცრად განსაზღვრულ შემთხვევებში, როგორც ეს მოქმედი კანონმდებლობით არის გათვალისწინებული.

ა. ც-ემ და ვ.ც-ემ 24.10.2014წ. განცხადებით მიმართეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას და სსკ-ის 423.1. მუხლის „ვ“ ქვეპუნქტის საფუძველზე მოითხოვეს საქმის წარმოების განახლება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო. განმცხადებლებმა ახლად აღმოჩენილ გარემოებად მიუთითეს საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სსიპ ეროვნული სატყეო საგენტოს 09.10.2014 წ. N06/10477 ცნობა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 14.11.2014 წ. განჩინებით ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 28.01.2011 წ. გადაწყვეტილების გაუქმებისა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ ა. და ვ. ც-ეების განცხადება დარჩა განუხილველად.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 14.11.2014 წ. განჩინება კერძო საჩივრით გასაჩივრდა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში ა. ც-ის და ვ. ც-ის მიერ.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საქმის მასალების გაცნობისა და კერძო საჩივრის საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ა. ც-ის და ვ. ც-ის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით ან განჩინებით დამთავრებული საქმის წარმოების განახლებისას სსკ-ის 429-ე მუხლის შესაბამისად სასამართლო ვალდებულია შეამოწმოს განცხადების დასაშვებობა. ა. ც-ემ და ვ. ც-ემ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას ორჯერ მიმართეს სსკ-ის 423.1 მუხლის „ვ“ ქვეპუნქტის საფუძველზე ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების მოთხოვნით. 06.06.2014წ. განცხადების ავტორები საქმის წარმოების განახლების საფუძვლად უთითებდნენ საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სსიპ ეროვნული სატყეო საგენტოს იმერეთის სატყეო სამსახურის 14.05.2014 წ. N18-10/202 და ბუნებრივი რესურსების სააგენტოს ტყისა და ველური ბუნების მართვის დეპარტამენტის იმერეთის სამმართველოს 06.11.2012წ. N08-01-09/442 ცნობებს. განმცხადებლები აღნიშნავდნენ, რომ 1618,76 კვ.მ. ფართობის სადავო სასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, უძრავი ქონების სარეგისტრაციო ნომერი ... (სარეგისტრაციო ზონა ტყიბული - კოდი ...; სექტორი ...; კვარტალი - 01; ნაკვეთი 006; რეგისტრაციის საფუძველი მიწის მიღება-ჩაბარების აქტი N459), არ განეკუთნებოდა ტყის ფონდს. 24.10.2014წ. განცხადების ავტორები მოითხოვენ საქმის წარმოების განახლებას საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტოს 09.10.2014წ. წერილის საფუძვლით, რომლის მიხედვითაც სოფელ ... მდებარე 1618,76 კვ.მ. მიწის ფართობი წარმოდგენილი საკადასტრო ნახაზის მიხედვით არ წარმოადგენდა და არც ამჟამად წარმოადგენს სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტოს მართვას დაქვემდებარებულ ტყის ფონდის მიწას, ფონდის მიწის საზღვრები დადგენილია „სახელმწიფო ტყის ფონდის საზღვრების დადგენის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 04.08.2011 წ. N299 დადგენილებით.

საკასაციო პალატა იზიარებს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მოსაზრებას იმასთან დაკავშირებით, რომ ორივე განმცხადების შემთხვევაში განმცხადებლები საქმის განახლების საფუძვლად ასახელებენ ერთსა და იმავე გარემოებას: სოფელ ... მდებარე 1618,76 კვ.მ. ფართობის სადავო სასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი არც მიწის განაწილების პერიოდში და არც დღევანდელი მდგომარეობით, არ წარმოადგენდა ტყის ფონდის ნაწილს. 24.10.2014 წ. განცხადება ფაქტობრივად არის ერთხელ უკვე განხილული 06.06.14წ. განცხადების საფუძვლის გამეორება, განცხადებას თან ერთვის ერთიდაიმავე შინაარსის სხვადასხვა ცნობა. ამდენად, არ დასტურდება სსკ-ის 423.3. მუხლის მიხედვით ამ მუხლის პირველი ნაწილის "ე"-"ვ" ქვეპუნქტებში აღნიშნული საფუძვლების არსებობა, რომელთა მიხედვით საქმის განახლება დასაშვებია, თუ მხარეს თავისი ბრალის გარეშე არ ჰქონდა შესაძლებლობა საქმის განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების დროს მიეთითებინა ახალ გარემოებებსა და მტკიცებულებებზე. ამდენად, ახლად აღმოჩენილი გარემოება ობიექტურადაც არ უნდა ყოფილიყო ცნობილი და ამ გარემოების არსებობა არც შეიძლებოდა ცნობილი ყოფილიყო მხარისათვის საქმის განხილვის დროს. ხსენებული დებულება ხაზს უსვამს მხარის მიერ მტკიცების ტვირთის სათანადოდ გაცნობიერებას და პროცესის შეჯიბრობითობის საწყისებზე აგებას. საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სსიპ ეროვნული სატყეო საგენტოს იმერეთის სატყეო სამსახურის 14.05.2014 წ. N18-10/202 და ბუნებრივი რესურსების სააგენტოს ტყისა და ველური ბუნების მართვის დეპარტამენტის იმერეთის სამმართველოს 06.11.2012 წ. N08-01-09/442 ცნობებში, ასევე საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტოს 09.10.2014წ. ცნობაში მოცემული ინფორმაცია საქმის განხილვის დროს ობიეტურად არსებობდა და მოძიების შემთხვევაში ხელმისაწვდომი იყო მხარისათვის. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 19.07.2014 წ. განჩინებით ა. და ვ. ც-ეებს სწორედ ამ საფუძვლით ეთქვათ საქმის წარმოების განახლებაზე უარი. განცხადების ავტორებს არ წარმოუდგენიათ განცხადებაში ხსენებული გარემოებების საქმის განხილვის დროს წარმოდგენის შეუძლებობის დამადასტურებელი მტკიცებულება.

სსკ-ის 266-ე მუხლის მიხედვით გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ მხარეებს, აგრეთვე მათ უფლებამონაცვლეებს არ შეუძლიათ ხელახლა განაცხადონ სასამართლოში იგივე მოთხოვნები იმავე საფუძველზე, ასევე სადავოდ გახადონ სხვა პროცესში გადაწყვეტილებით დადგენილი ფაქტები და სამართლებრივი ურთიერთობანი. აღნიშნულის შესაბამისად საკასაციო პალატა თვლის, რომ არ არსებობს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 14.11.2014წ. განჩინების გაუქმების, კერძო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძვლები.

განჩინების გაუქმების საფუძველს არ ქმნის ის გარემოება, რომ სააპელაციო სასამართლოში განცხადების განუხილველად დატოვების შესახებ გასაჩივრებული განჩინების გამომტანი მოსამართლეს 28.01.11წ. გადაწყვეტილება აქვს გამოტანილი, რომლითაც არსებითად არის დავა გადაწყვეტილი. კერძო საჩივრის ავტორთა აღნიშნული მოსაზრება არ ემყარება საპროცესო კანონმდებლობას, არ არსებობს სსკ-ის 428-ე მუხლით გათვალისწინებული საქმის განახლების შესახებ განცხადების განხილვაში მოსამართლის მონაწილეობის გამომრიცხველი გარემოება (სსკ-ის 422.1 მუხ. ,,ა" ქვეპუნქტი, 423.1 მუხ. ,,გ" ქვეპუნქტი), ამასთანავე, ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადება განხილულია განსჯადი სასამართლოს მიერ (სსკ-ის 424-ე მუხ.).

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, უცვლელად უნდ ადარჩეს განცხადების განუხილველად დატოვების შესახებ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 14.11.14წ. განჩინება.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 266-ე, 284-ე, 285-ე, 419-ე, 420-ე, 423-ე, 429-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ა. ც-ის და ვ. ც-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 14.11.2014წ. განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: ნ.სხირტლაძე

B მოსამართლეები: ლ. მურუსიძე

მ. ვაჩაძე