Facebook Twitter

საქმე # 330310015715850

საქმე №ბს-141-139(კ-17) 16 მაისი, 2017 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ვასილ როინიშვილი (თავჯდომარე, მომხსენებელი)

მაია ვაჩაძე, ნუგზარ სხირტლაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი - სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე - შპს „...“ (მოსარჩელე)

მესამე პირი - შპს „ს...“

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 9 მარტის განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

შპს „...“ 2015 წლის 5 თებერვალს სარჩელი აღძრა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში მოპასუხე სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს მიმართ. მოსარჩელემ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2014 წლის 25 დეკემბრის №807 განკარგულების ბათილად ცნობა მოითხოვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 7 მაისის გადაწყვეტილებით შპს „...“ სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2014 წლის 25 დეკემბრის №807 განკარგულება და დაევალა მოპასუხეს - სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს, საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებათა შესწავლისა და გამოკვლევის შემდეგ, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტომ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 9 მარტის განჩინებით აპელანტ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 7 მაისის გადაწყვეტილება;

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 9 მარტის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტომ, რომლითაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება მოითხოვა.

კასატორმა მიუთითა, რომ შპს „ს...“ სატენდერო კომისიის 2014 წლის 20 იანვრის სხდომის №3 ოქმში მითითებულია, რომ შპს „...“ ტექნიკური დოკუმენტაცია შეესაბამება სატენდერო დოკუმენტაციით დადგენილ მოთხოვნებს. შესაბამისად, პრეტენდენტს განესაზღვრა 3 (სამი) სამუშაო დღე ელექტრონული ვაჭრობის შედეგად დაფიქსირებული საბოლოო ფასის დასაზუსტებლად და ამასთანავე მოწვეული იქნა სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების გასაფორმებლად. იმ დროს მოქმედი სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 7 აპრილის №9 ბრძანებით დამტკიცებული „გამარტივებული შესყიდვის, გამარტივებული ელექტრონული ტენდერისა და ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის“ მე-12 მუხლის 6 (3) პრიმა პუნქტის თანახმად: იმ შემთხვევაში, როდესაც სატენდერო დოკუმენტაცია არ შეიცავდა პრეტენდენტის მიერ საკვალიფიკაციო მონაცემების წარმოდგენის მოთხოვნას, ხარჯთაღრიცხვის დაზუსტების მოთხოვნა უნდა განხორციელდეს ხელშეკრულების შესრულების გარანტიის ან დაზღვევის წარმოდგენის მოთხოვნასთან (ასეთი მოთხოვნების არსებობისას) და ხელშეკრულების დასადებად მოწვევასთან ერთად. ასეთ შემთხვევაში, ხარჯთაღრიცხვის დაუზუსტებლობა გამოიწვევს პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას ამ წესის შესაბამისად, მე-13 მუხლის მე-2 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის საფუძველზე. ამასთან, ზემოაღნიშნული წესის მე-11 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად გამარტივებული ელექტრონული ტენდერის შემთხვევაში, პრეტენდენტის მიერ წარმოსადგენი საკვალიფიკაციო მონაცემების დამადასტურებელი დოკუმენტების მოთხოვნა ხდება მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევებში და უნდა იყოს დასაბუთებული სატენდერო დოკუმენტაციაში, ხოლო მათი რაოდენობა – შესაძლოდ მინიმალური, კონკრეტული შესყიდვის თავისებურებათა გათვალისწინებით.

კონკრეტულ შემთხვევაში, ... გამარტივებული ელექტრონული ტენდერის სატენდერო დოკუმენტაციით არ იყო მოთხოვნილი საკვალიფიკაციო მონაცემების დამადასტურებელი დოკუმენტების წარმოდგენა, ამასთანავე, არ მოითხოვებოდა ხელშეკრულების უზრუნველყოფის გარანტია (შემსყიდველი ორგანიზაცია ვალდებულია, მოითხოვოს ხელშეკრულების შესრულების გარანტია ან დაზღვევა თუ ხელშეკრულების საერთო ღირებულება შეადგენს ან აღემატება 200 000 ლარს. ამ შემთხვევაში შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულება შეადგენდა 8 270.00 ლარს). შესაბამისად, ხარჯთაღრიცხვის დაზუსტების მოთხოვნა განხორციელდა ხელშეკრულების დასადებად მოწვევასთან ერთად.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, რადგან 2014 წლის 20 იანვრის სხდომის №3 ოქმით პრეტენდენტს განესაზღვრა 3 (სამი) სამუშაო დღე ელექტრონული ვაჭრობის შედეგად დაფიქსირებული საბოლოო ფასის დასაზუსტებლად, პრეტენდენტს ამ კონკრეტულ ვადაში - 2014 წლის 23 იანვრის ჩათვლით, უნდა წარედგინა დაზუსტებული ფასების ცხრილი. წინააღმდეგ შემთხვევაში პრეტენდენტის დისკვალიფიკაცია განხორციელდებოდა მე-13 მუხლის მე-2 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის საფუძველზე - „ხელშეკრულების დადებაზე უარის თქმის გამო“.

კასატორი მიუთითებს, რომ ... გამარტივებული ელექტრონული ტენდერის შედეგების ველში ატვირთული ინფორმაციიდან (აღნიშნული ინფორმაცია საჯაროა და ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეუძლია აღნიშნულ ინფორმაციას გაეცნოს) ნათლად იკვეთება, რომ შპს „...“ მიერ დაზუსტებული ფასების ცხრილი სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში ატვირთული იქნა დაგვიანებით - 2014 წლის 26 იანვარს 13:55 საათზე. სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოში 2014 წლის 11 თებერვალს წარდგენილ იქნა შპს „ს..." 2014 წლის 11 თებერვლის N76 წერილი, რომლითაც სააგენტოს ეცნობა ... გამარტივებულ ელექტრონულ ტენდერში პრეტენდენტის შპს „...“ მიერ ხელშეკრულების დადებაზე უარის თქმის შესახებ. 2014 წლის 10 დეკემბრის №4580 წერილით სახელმწიფო შესყიდვების სააგენტომ შპს „...“ მოსთხოვა განმარტება. ზემოაღნიშნული წერილის პასუხად წარმოდგენილ განმარტებაში მითითებული იქნა: „...სატენდერო კომისიისაგან მივიღეთ შეტყობინება სამიდან ხუთ სამუშაო დღეში ფასების ცხრილის დაზუსტებასა და ხელშეკრულებაზე ხელის მოწერის მიზნით, ... გამოცხადების შესახებ. გაცნობებთ, რომ აღნიშნულ ვადებში (სისტემაში შეტყობინების გამოქვეყნებიდან მეხუთე სამუშაო დღეს) ჩვენს მიერ სისტემაში ატვირთული იქნა დაზუსტებული ფასების ცხრილი...“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 7 აპრილის №9 ბრძანებით დამტკიცებული „გამარტივებული შესყიდვის, გამარტივებული ელექტრონული ტენდერისა და ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის“ მე-15 მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით „იმ შემთხვევაში, როდესაც ხელშეკრულების შესრულების გარანტიის ან დაზღვევის მოთხოვნა არ ხდება, შემსყიდველი ორგანიზაცია პრეტენდენტს განუსაზღვრავს ვადას ხელშეკრულების დასადებად არაუმეტეს 5 სამუშაო დღისა“. ამავე წესის მე-12 მუხლის მე-6 პუნქტის მიხედვით „შემსყიდველი ორგანიზაცია მიმართავს პრეტენდენტს მის მიერ წარმოდგენილი ტექნიკური დოკუმენტაციის დაზუსტების მოთხოვნით, რისთვისაც განუსაზღვრავს გონივრულ ვადას, მაგრამ არა უმეტეს სამი სამუშაო დღისა“.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორის მოსაზრებით პალატა არასწორად განმარტავს 2014 წლის 20 იანვრის სხდომის №3 ოქმით დაწესებულ ვადას. პრეტენდენტს სამიდან ხუთ დღემდე კი არ უნდა წარმოედგინა დაზუსტებული ხარჯთაღრიცხვა და გამოცხადებულიყო ხელშეკრულების გასაფორმებლად, არამედ, მას განესაზღვრა 5 სამუშაო დღე ხელშეკრულების დასადებად, თუმცა აღნიშნული 5 სამუშაო დღიდან 3 სამუშაო დღეში უნდა წარედგინა დაზუსტებული ფასების ცხრილი რაც ასევე იკვეთება 2014 წლის 20 იანვრის სხდომის №3 ოქმიდან - პრეტენდენტს განესაზღვრა განესაზღვრა 3 (სამი) სამუშაო დღე ელექტრონული ვაჭრობის შედეგად დაფიქსირებული საბოლოო ფასის დასაზუსტებლად.

კასატორი ასევე მიუთითებს, რომ იმ დროს მოქმედი სახელმწიფო შესყიდვების მარეგულირებელი კანონმდებლობა არ ითვალისწინებდა ტექნიკური დოკუმენტაციის დასაზუსტებლად თავდაპირველად განსაზღვრული ვადის გაზრდის, ან ხელმეორედ განსაზღვრის შესაძლებლობას. შესაბამისად, დაგვიანებით წარმოდგენილი ფასების ცხრილის მისაღებად ჩათვლის შემთხვევაში დაირღვეოდა სახელმწიფო შესყიდვების მარეგულირებელი კანონმდებლობით ტექნიკური დოკუმენტაციის დაზუსტებისათვის განსაზღვრული კონკრეტული ვადები. ამასთან, აღსანიშნავია, რომ მხარეს არ წარმოუდგენია დამადასტურებელი დოკუმენტი, რომლითაც ითხოვდა ხელშეკრულების დადებას მინდობილი პირის მეშვეობით. რაც შეეხება ელექტრონული ფორმით ხელშეკრულების დადებას, სახელმწიფო შესყიდვების მარეგულირებელი კანონმდებლობა ზემოაღნიშნულს არ ითვალისწინებს.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 2 მარტის განჩინებით სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს საკასაციო საჩივარი ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი ნაწილი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა არსებითად სწორად გადაწყვიტეს მოცემული დავა.

საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ შპს „...“ დისკვალიფიცირებული იქნა სამეურნეო და სამუშაო იარაღების შესყიდვის მიზნით გამოცხადებულ გამარტივებულ ელექტრონულ ტენდერში სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 7 აპრილის №9 ბრძანებით დამტკიცებული „გამარტივებული შესყიდვის, გამარტივებული ელექტრონული ტენდერისა და ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის“ მე-13 მუხლის მე-2 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის საფუძველზე ხელშეკრულების დადებაზე უარის თქმის გამო. სადავო აქტით დგინდება, რომ სააგენტოში 2014 წლის 10 დეკემბერს წარდგენილი იქნა შპს „...“ წერილი - განმარტება ხელშეკრულების დადებაზე უარის თქმასთან დაკავშირებით. სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის სახელზე შპს „...“ დირექტორის ზემოაღნიშნული წერილის შინაარსით კი არ დასტურდება, რომ შპს-ს ხელშეკრულების გაფორმებაზე უარს აცხადებდა. ამავე დროს, დაზუსტებული ხარჯთაღრიცხვა, რომლის წარსადგენად პრეტენდენტს განსაზღვრული ჰქონდა 3 სამუშაო დღე აიტვირთა 5 დღის ვადაში, შესაბამისად, „გამარტივებული შესყიდვის, გამარტივებული ელექტრონული ტენდერისა და ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის“ მე-12 მუხლის მე-6 პუნქტის 63 ქვეპუნქტისა იგი გახდა დისკვალიფიკაციის საფუძველი.

საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ შავ სიაში რეგისტრაციის საფუძველი არ გამხდარა დაზუსტებული ხარჯთაღრიცხვის მოგვიანებით ატვირთვა. ხელშეკრულების დადებაზე უარის თქმად მიჩნეული იქნა ის გარემოება, რომ ხელშეკრულებაზე ხელის მოსაწერად დირექტორი არ გამოცხადდა, შპს „...“ კი ითხოვდა ხელშეკრულების დადებას, მაგრამ ელექტრონული ფორმით ან/და მინდობილი პირის მეშვეობით, რაზედაც მიიღო უარი და აღნიშნულის გამო დაარეგისტრირეს შავ სიაში.

საკასაციო პალატა განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 103-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისადაც გარიგება შეიძლება დაიდოს წარმომადგენლის მეშვეობითაც. წარმომადგენლის უფლებამოსილება ან კანონიდან გამომდინარეობს ანდა წარმოიშობა დავალების (მინდობილობის) საფუძველზე. პალატა განმარტავს, რომ აღნიშნული მუხლის შესაბამისად, ხელშეკრულების დადება შესაძლებელია მინდობილი პირის მეშვეობითაც, რაც არ ნიშნავს ხელშეკრულების დადებაზე უარის თქმას. მოცემულ შემთხვევაში შპს „...“ კანონის საფუძველზე მინიჭებული აღნიშნული უფლებამოსილება შეეზღუდა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო არ მიუთითებს, თუ რის საფუძველზე არ მიენიჭა წარმომადგენლის მეშვეობით ხელშეკრულების გაფორმების უფლებამოსილება პრეტენდენტს და საქმეში არ არის წარმოდგენილი უტყუარი მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა პრეტენდენტის მიერ ხელშეკრულების გაფორმებაზე უარის თქმის ფაქტს.

კონკრეტულ შემთხვევაში სასამართლოების მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ემუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 9 მარტის განჩინება;

3. კასატორს - სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს დაუბრუნდეს 27.12.2016წ. №03537 საგადახდო მოთხოვნით მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 300 ლარის, 70% - 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ვ. როინიშვილი

მოსამართლეები: მ. ვაჩაძე

ნ. სხირტლაძე