Facebook Twitter

საქმე №ბს-159-157(კ-17) 16 მაისი, 2017 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ვასილ როინიშვილი (თავჯდომარე, მომხსენებელი)

მაია ვაჩაძე, ნ. სხირტლაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი - ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერია (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე - ნ. შ-ე (მოსარჩელე)

მოპასუხე - ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახური

მესამე პირები: ლ. შ-ე, ლ. შ-ე, ც. დ-ე

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 30 მაისის განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ნ. შ-ემ სარჩელი აღძრა სასამართლოში ქალაქ ბათუმის მერიისა და ქ. ბათუმის მერიის ზედამხედველობის სამსახურის მიმართ, რომლითაც მოითხოვა „სამშენებლო სამართალდარღვევის ჩადენის გამო ნ. შ-ის, ლ. შ-ის, ლ. შ-ისა და ც. დ-ის დაჯარიმების, უნებართვოდ განხორციელებული მშენებლობის შეჩერებისა და ობიექტის პირვანდელ მდგომარეობაში მოყვანის თაობაზე“ ზედამხედველობის სამსახურის 2014 წლის 30 აპრილის №227 დადგენილებისა და ადმინისტარციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ, ქ. ბათუმის მერის 2014 წლის 11 ივლისის №366 ბრძანების ბათილად ცნობა.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 2 დეკემბრის განჩინებით ადმინისტრაციულ საქმეში, ნ. შ-ის სარჩელისა გამო, ქალაქ ბათუმის მერიისა და ქალაქ ბათუმის მერიის ზედამხედველობის სამსახურის მიმართ, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის თაობაზე, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, მესამე პირად ჩაება - ლ. შ-ე, ლ. შ-ე და ც. დ-ე.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 24 დეკემბრის გადაწყვეტილებით ნ. შ-ის სარჩელი, ქალაქ ბათუმის მერიისა და ქალაქ ბათუმის მერიის ზედამხედველობის სამსახურის მიმართ, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის თაობაზე, დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი „სამშენებლო სამართალდარღვევის ჩადენის გამო ლ. შ-ის, ლ. შ-ის, ნ. შ-ისა და ც. დ-ის დაჯარიმების, უნებართვოდ განხორციელებული მშენებლობის დემონტაჟის თაობაზე“, ქ. ბათუმის მერიის ზედამხედველობის სამსახურის 2014 წლის 30 აპრილის №227 დადგენილება და ნ. შ-ის 2014 წლის 20 მაისის №10489/25 ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ, ქალაქ ბათუმის მერიის 2014 წლის 11 ივლისის №366 ბრძანება.

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ქალაქ ბათუმის მერიამ და ქალაქ ბათუმის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურმა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 30 მაისის განჩინებით ქალაქ ბათუმის მერიისა და ქალაქ ბათუმის მერიის ზედამხედველობის სამსახურის სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 24 დეკემბრის გადაწყვეტილება.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 30 მაისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიამ, რომლითაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და მოსარჩელისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

კასატორმა მიუთითა, რომ მოცემულ საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებებს სასამართლო აძლევს სამართლებრივ შეფასებას, რომ, რადგან ნ. შ-ის მიერ დადგენილების მიღებამდე ქ. ბათუმის მერიაში შეტანილი იქნა განცხადება რეკონსტრუქციის არქიტექტურული პროექტის შეთანხმების მოთხოვნით, რომელიც ითვალისწინებდა უნებართვოდ განხორციელებულ მშენებლობასაც, ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურს უფლება არ ჰქონდა გამოეცა 2014 წლის 30 აპრილის №227 დადგენილება და ნ. შ-ე დაეჯარიმებინა 3000 ლარით. მსგავსი სასამართლო პრაქტიკა უცხო არ არის, რის საფუძველიც არის ის, რომ სასამართლოები არასწორად განმარტავენ ხოლმე მითითების შინაარსს. კერძოდ, როცა მითითებაში აღნიშნულია, რომ მშენებლობის მწარმოებელი ვალდებულია მითითებით გათვალისწინებულ ვადაში ობიექტი მოიყვანოს პირვანდელ მდგომარეობაში ან წარადგინოს სათანადო დოკუმენტაცია, სათანადო დოკუმენტაციის წარდგენაში სასამართლოები გულისხმობენ სამართალდარღვევის ჩადენის შემდეგ გაცემულ დოკუმენტაციის წარდგენის უფლებასაც. სათანადო დოკუმენტაციის წარდგენის უფლებას სასამართლოები არასწორად განმარტავენ და ყოველგვარი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე აფართოებენ სათანადო დოკუმენტაციის წრეს. კერძოდ, როგორც ცნობილია „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის #57 დადგენნილების 33-ე მუხლის შესაბამისად, მშენებლობის განხორციელების საფუძველია მშენებლობის ნებართვა. ამავე დადგენილების 37-ე მუხლის შესაბამისად, იმისათვის რომ გაიცეს მშენებლობის ნებართვა, წინა სტადიის სახით შეთანხმებული უნდა იყოს არქიტექტურული პროექტი. შესაბამისად, ის რასაც არ ითვალისწინებს უკვე შეთანხმებული არქიტექტურული პროექტი ან რაზეც გაცემული არ არის მშენებლობის ნებართვა, მისი მშენებლობა არ შეიძლება, ხოლო, თუ მაინც განხორციელდა ასეთი, ქმედება ითვლება სამართალდარღვევად. შესაბამისად, როცა მითითებაში სამართალდამრღვევს ეძლევა წინადადება, რომ აღმოფხვრას დარღვევა ანდა წარადგინოს სათანადო დოკუმენტაცია, სათანადო დოკუმენტაციაში იგულისხმება სამართალდარღვევად მიჩნეული ქმედების ჩადენამდე არსებული დოკუმენტაცია, რადგან არსებობს ალბათობა, რომ არსებობდეს სამშენებლო დოკუმენტაცია და გაცემული იყოს მშენებლობის ნებართვა, რომელიც პირს აძლევს დარღვევად მიჩნეული მშენებლობის განხორციელების უფლებას, მაგრამ იგი ცნობილი არ იყოს ზედამხედველობის ორგანოსათვის. სხვაგვარი ინტერპრეტაცია სათანადო დოკუმენტაციის წარდგენისა დაუშვებელია, რადგან მისი ნებისმიერი სხვაგვარი ინტერპრეტაცია წინააღმდეგობაში იქნება საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილების 33-ე მუხლთან.

სამშენებლო სამართალდარღვევის საქმისწარმოების შემდეგი ეტაპი არის შემოწმების აქტის შედგენა. „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის“ 25-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, მითითების ვადის გავლის შემდეგ მაკონტროლებელ ორგანოს უფლება აქვს განახორციელოს შემოწმება, რაზედ დგება ოქმი. ხსენებული პუნქტის თანახმად, შემოწმების შედეგად ოქმში აღინიშნება: ა) მითითება შესრულდა, ბ) მითითება არ შესრულდა და გ) მითითება დროულად არ შესრულდა. კანონის 25-ე მუხლის მე-9 ნაწილის თანახმად, თუ შემოწმების აქტში დაფიქსირებულია დარღვევა, აქტის საფუძველზე სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო იღებს დადგენილებას: ა) დამრღვევის დაჯარიმების შესახებ; ბ) დამრღვევის დაჯარიმებისა და საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით მიმდინარე უნებართვო მშენებლობისა და უნებართვო დემონტაჟის შეჩერების შესახებ და გ) დამრღვევის დაჯარიმებისა და საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით აშენებული შენობა-ნაგებობების მთლიანად ან ნაწილობრივ დემონტაჟის, მშენებარე შენობა-ნაგებობების მშენებლობის მთლიანად ან ნაწილობრივ შეჩერებისა და დემონტაჟის შესახებ. ხოლო, თუ დარღვევა გამოსწორებულია ანუ მითითება შესრულებულია, კანონის 25-ე მუხლის მე-11 ნაწილის შესაბამისად მიიღება დადგენილება სამართალდარღვევის საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ. ხსენებული პუნქტის თანახმად, გარდა დარღვევის გამოსწორებისა, სამართალდარღვევის საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ დადგენილება მიიღება მაშინაც, როცა: ა) საქმის განხილვისას გამოვლინდა სამშენებლო სამართალდარღვევის გამომრიცხავი გარემოებები; ბ) პროექტის შემთანხმებელმა და მშენებლობის ნებართვის გამცემმა ორგანომ მიიღო გადაწყვეტილება ობიექტის ლეგალიზების შესახებ და გ) არ არსებობს 25-ე მუხლის მე-9 ნაწილით გათვალისწინებული დადგენილების მიღების საფუძველი. რაც შეეხება მითითების არადროულად შეუსრულებლობას, აღნიშნულის სამართლებრივ შედეგებს აწესრიგებს „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის“ 25-ე მუხლის მე-7 ნაწილი, რომლის თანახმად, თუ მითითება დროულად არ შესრულდა, მაგრამ სამართალდარღვევა გამოსწორდა დადგენილების მიღებამდე, დამრღვევი თავისუფლდება პასუხისმგებლობისაგან, ხოლო სამართალდარღვევის საქმის წარმოება წყდება.

გარდა აღნიშნული პროცედურებისა, სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოებისას არსებობს კიდევ მითითებით განსაზღვრული ვადის დინების შეჩერების ინსტიტუტი, რომელიც კანონის 25-ე მუხლის მე-8 ნაწილის შესაბამისად ხდება მაშინ, როცა იხილება უნებართვოდ ან/და პროექტის დარღვევით აშენებული ობიექტების ან მათი ნაწილების ლეგალიზების საკითხი, ხოლო მითითების ვადის შეჩერება ხდება პროექტის დარღვევით აშენებული ობიექტების ან მათი ნაწილების ლეგალიზების საკითხის შესახებ წარმოების დაწყებიდან შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებამდე.

ხსენებული პროცედურები სამშენებლო სამართალლდადღვევის საქმის წარმოებისას არის ამომწურავი და შეუძლებელია მათი განვრცობა. განხილული ნორმების შესაბამისად რომ შევაფასოთ საქმეზე დადგენილად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები, დასტურდება, რომ ნ. შ-ის მიერ მითითება არ შესრულებულა. შესაბამისად, ამ მოტივით დაუშვებელი იყო საქმისწარმოების შეწყვეტა, ასევე არ არსებობდა სამართალდარღვევის გამომრიცხავი გარემოებები და შესაბამისად, არც ამ საფუძვლით იყო შესაძლებელი სამართალდარღვევის საქმისწარმოების შეწყვეტა, არ არსებობდა ასევე კანონის 25-ე მუხლის მე-9 ნაწილით გათვალისწინებული დადგენილების მიღების გამომრიცხავი გარემოებები და არც ამ საფუძვლით არსებობდა სამართალდარღვევის შეწყვეტის საფუძვლები. შესაბამისად, სასამართლო ვალდებული იყო დაესაბუთებინა, ხსენებულ პირობებში, რატომ იყო ვალდებული ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახური, შეეწყვიტა ნ. შ-ის მიმართ მიმდინარე სამართალდარღვევის საქმის წარმოება. გასაგებია, რომ 2014 წლის 14 მაისის #03/1-66 ბრძანებით გაიცა სანებართვო მოწმობა, მაგრამ აღნიშნული წარმოადგენს ფაქტობრივ გარემოებას, რომელიც საჭიროებს სამართლებრივ შეფასებას და მხოლოდ ფაქტობრივი გარემოება არ შეიძლება იყოს შემაჯამებელი გადაწყვეტილების გამოტანის საფუძველი. სასამართლო ხსენებული ფაქტობრივი გარემოების შეფასებას ახდენს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით, რაც არასაკმარისია, რადგან ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი მსგავს კონკრეტულ შემთხვევებს არ აწესრიგებს.

კასატორი ასევე აღნიშნავს, რომ სასამართლომ ნ. შ-ის მიერ მითითება არც შესრულებულად ჩათვალა და არც შეუსრულებლად. შესაბამისად ივარაუდება, რომ სასამართლო, ფაქტს, რომ 2014 წლის 14 მაისის #03/1066 ბრძანებით ნ. შ-ეზე გაიცა სამშენებლო ნებართვის მოწმობა, თვლის მითითების დროულად შეუსრულებლობად. ამასთან, მნიშვნელობა არ აქვს როდის მიმართა ნ. შ-ემ ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიას პროექტის შეთანხმების მოთხოვნით, რადგან, რომ არა 2014 წლის 14 მაისის #03/1066 ბრძანებით სანებართვო მოწმობის გაცემა, პროექტის შეთანხმების მოთხოვნით მხოლოდ მიმართვას არანაირი იურიდიული შედეგი არ დაუკავშირდებოდა. კასატორი მხარე ადასტურებს, რომ „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის“ 25-ე მუხლის მე-7 ნაწილი ითვალისწინებს მითითების დროულად შეუსრულებლობას, მაგრამ ამავე პუნქტით გათვალისწინებული პირობის გათვალისწინებით მითითების დროულად შეუსრულებლობის სამართლებრივი შედეგი არის ორგვარი. კერძოდ, მე-7 ნაწილის შესაბამისად, თუ მითითება დროულად არ შესრულდა, მაგრამ სამართალდარღვევა გამოსწორდა დადგენილების მიღებამდე, დამრღვევი თავისუფლდება პასუხისმგებლობისაგან, ხოლო სამართალდარღვევის საქმის წარმოება წყდება. ანუ, იმისათვის, რომ მითითების შეუსრულებლობა ჩაითვალოს დროულად შეუსრულებლობად და შესაბამისად შეწყდეს სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოება, სავალდებულოა, რომ დარღვევა გამოსწორდეს დადგენილების მიღებამდე. ნებისმიერ სხვა შემთხვევაში ითვლება, რომ მითითება არ შესრულდა და სამართალდარღვევა არ გამოსწორდა, რაც აღარ იძლევა სამართალდარღვევის საქმის წარმოების შეწყვეტის საფუძველს. ხოლო დადგენილების გამოცემის შემდეგ რაც არ უნდა მოხდეს სამართალდამრღვევის მიერ, მათ შორის შესრულდეს ის ქმედება, რომელიც მოთხოვნილი იქნა მითითებით, არ ითვლება, რომ მითითება არადროულად შესრულდა, რადგან დადგენილების გამოცემის შემდეგ სამართალდარღვევის საქმისწარმოება სრულდება და დასრულების შემდეგ აღარ ხდება აღარც მტკიცებულებების შეკრება, არც შეკრებილი მტკიცებულებების საფუძველზე ფაქტების დადგენილად ცნობა და არც დადგენილი ფაქტების სამართლებრივი შეფასება.

მოცემულ შემთხვევაში კასატროს დადასტურებულად მიაჩნია, რომ ნ. შ-ის მიმართ უნებართვო მშენებლობის გამო დაჯარიმების შესახებ დადგენილება გამოტანილ იქნა 2014 წლის 30 აპრილს (#227 დადგენილება), ხოლო მასზე უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ სამშენებლო დოკუმენტის პროექტი შეთანხმდა 2014 წლის 14 მაისს. ანუ, მას შემდეგ, რაც ზედამხედველობის ორგანოს მიერ მიღებული იქნა დაჯარიმების შესახებ დადგენილება. შესაბამისად, „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის“ 25-ე მუხლის მე-7 ნაწილის მიხედვით შეუძლებელია ჩაითვალოს, რომ ნ. შ-ის მიერ მითითება არადროულად შესრულდა.

ამ მოცემულობაში კასატორისთვის გაურკვეველია რა პრეტენზიები შეიძლება არსებობდეს ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის მიმართ, რომელმაც იმოქმედა კანონის მოთხოვნების შესაბამისად. სასამართლო გადაწყვეტილების კონტექსტის გათვალისწინებით ზედამხედველობის სამსახურის მიმართ პრეტენზიები მდგომარეობს მასში, რომ, როცა ნ. შ-ემ მითითების გაცემის შემდეგ დაიწყო სამშენებლო დოკუმენტის შეთანხმების პროცედურა, ზედამხედველობის სამსახური რატომ არ დაელოდა ნებართვის გამცემი ორგანოს მიერ გადაწყვეტილების მიღებასო. სხვაგვარი შეფასება არ შეიძლება მიეცეს საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას. სასამართლოს აღნიშნული მსჯელობა კი არის უსაფუძვლო შემდეგი ორი გარემოების გამო: 1) სასამართლოები არასწორად განმარტავენ ხოლმე მითითების შინაარსს. კერძოდ, როცა მითითებაში აღნიშნულია, რომ მშენებლობის მწარმოებელი ვალდებულია მითითებით გათვალისწინებულ ვადაში ობიექტი მოიყვანოს პირვანდელ მდგომარეობაში ან წარადგინოს სათანადო დოკუმენტაცია, სათანადო დოკუმენტაციის წარდგენაში სასამართლოები გულისხმობენ სამართალდარღვევის ჩადენის შემდეგ გაცემულ დოკუმენტაციის წარდგენის უფლებასაც. სათანადო დოკუმენტაციის წარდგენის უფლებას სასამართლოები არასწორად განმარტავენ და ყოველგვარი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე აფართოებენ სათანადო დოკუმენტაციის წრეს. კერძოდ, როგორც ცნობილია „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის #57 დადგენნილების 33-ე მუხლის შესაბამისად, მშენებლობის განხორციელების საფუძველია მშენებლობის ნებართვა. ამავე დადგენილების 37-ე მუხლის შესაბამისად, იმისათვის რომ გაიცეს მშენებლობის ნებართვა, წინა სტადიის სახით შეთანხმებული უნდა იყოს არქიტექტურული პროექტი. შესაბამისად, ის რასაც არითვალისწინებს უკვე შეთანხმებული არქიტექტურული პროექტი, მისი მშენებლობა არ შეიძლება, ხოლო თუ მაინც განხორციელდა ასეთი, ქმედება ითვლება სამართალდარღვევად. შესაბამისად, როცა მითითებაში სამართალდამმრღვევს ეძლევა წინადადება, რომ ან აღმოფხვრას დარღვევა ან/და წარადგინოს სათანადო დოკუმენტაცია, სათანადო დოკუმენტაციაში იგულისხმება ქმედების ჩადენამდე არსებული დოკუმენტაცია, რადგან არსებობს ალბათობა, რომ არსებობდეს სამშენებლო დოკუმენტაცია, რომელიც პირს აძლევს დარღვევად მიჩნეული მშენებლობის განხორციელების უფლებას, მაგრამ იგი ცნობილი არ იყოს ზედამხედველობის ორგანოსათვის. სხვაგვარი ინტერპრეტაცია სათანადო დოკუმენტაციის წარდგენისა დაუშვებელია, რადგან მისი ნებისმიერი სხვაგვარი ინტერპრეტაცია წინააღმდეგობაში იქნება საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის #57 დადგენილების 33-ე მუხლთან. შესაბამისად, ვითარება, როცა სამართალდამრღვევის მიერ მითითების გაცემის შემდეგ ხდება სამშენებლო დოკუმენტაციის წარდგენა, ითვლება მითითების შეუსრულებლობად ან არადროულად შესრულებად და სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოება წყდება არა „პროდუქტის უსაფრთოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის“ 25-ე მუხლის მე-11 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ან/და მე-7 ნაწილის შესაბამისად, არამედ სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოების შეწყვეტის საფუძველი შეიძლება იყოს მხოლოდ და მხოლოდ 25-ე მუხლის მე-11 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტი. ანუ, გარემოება, რომ აღარ არსებობს დაჯარიმების შესახებ დადგენილების მიღების საფუძვლები. მოცემული პოზიციის დამატებითი არგუმენტაცია არის ობიექტის ლეგალიზების გამო სამართალდარღვევის საქმის წარმოების შეწყვეტასთან პარალელის გავლება. კერძოდ, ობიექტის ლეგალიზება წარმოადგენს საქმის წარმოების შეწყვეტის დამოუკიდებელ საფუძველს, რომელსაც ითვალისწინებს კანონის 25-ე მუხლის მე-11 ნაწილის „გ“ ქვეპუქნტი და ამ დროს საქმის წარმოების შეწყვეტა არ ხდება მითითების შესრულების გამო ან არადროულად შესრულების გამო. ანუ, ობიექტის ლეგალიზებისას, საქმის წარმოება წყდება იმის გამო, რომ აღარ არსებობს კანონის 25-ე მუხლის მე-9 ნაწილით გათვალისწინებული დადგენილების მიღების საფუძველი. თუმცა, როცა დადგენილება უკვე მიღებულია, ნიშნავს, რომ სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოება დასრულებულია და მისი დასრულების შედეგებზე ვერანაირ გავლენას ვერ მოახდენს საქმის წარმოების დასრულების შემდეგ მიღებული სამართლებრივი აქტი. 2) აღნიშნული შეფასების შემდეგ, მეორე მნიშვნელოვანი გარემოება არის ის, რომ როცა გადის მითითებით გათვალისწინებული ვადა, ზედამხედველობის ორგანოს ნებისმიერ დროს შეუძლია შეადგინოს შემოწმების აქტი. იმისათვის, რომ შემოწმების უფლება არ ჰქონდეს ზედამხედველობის ორგანოს, ან უნდა მოხდეს მითითების ვადის დენის შეჩერება, ანდაც უნდა მოხდეს მითითების ვადის გაგრძელება. მითითების ვადის დენის შეჩერებას ითვალისწინებს „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის“ 25-ე მუხლის მე-8 ნაწილი, რომლის თანახმად, მითითების ვადის დინების შეჩერება ხდება, როცა იხილება უნებართვოდ ან/და პროექტის დარღვევით აშენებული ობიექტების ან მათი ნაწილების ლეგალიზების შესახებ საკითხი, ხოლო შეჩერება ხდება ლეგალიზების შესახებ წარმოების დაწყებიდან შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებამდე. ჩვენს შემთხვევაში მსგავს ვითარებას ადგილი არ ჰქონია, რაც ნიშნავს, რომ მითითების ვადის შეჩერების საფუძვლები არ არსებობდა. რაც შეეხება მეორე ინსტიტუტს, ვადის გაგრძელებას, აქ ამოსავალია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, რომლის 83-ე მუხლის თანახმად, ნებისმიერი სახის ადმინისტრაციული წარმოებისას, დაინტერესებულ პირს ადმინისტრაციული ორგანო უგრძელებს დოკუმენტაციის ან ინფორმაციის წარდგენის ვადას, მხოლოდ ერთჯერადად და მხოლოდ არაუმეტეს 15 დღით. ამასთან, ვადის გაგრძელების თაობაზე მოთხოვნა დაყენებული უნდა იქნას დაინტერესებული პირის მიერ.

მოცემულ შემთხვევაში კასატორი დადასტურებულად მიიჩნევს, რომ ჯერ ერთი ნ. შ-ეს არ უთხოვია მითითების ვადის გაგრძელება. ამიტომ, ზედამხედველობის სამსახურს უფლება არ ჰქონდა გაეგრძელებინა მითითების ვადა. გარდა ამისა, მითითების ვადა გადიოდა 2014 წლის 22 აპრილს, რადგან მითითება გაიცა 2014 წლის 2 აპრილს. ამდენად, ნ. შ-ის მიერ რომც მოთხოვნილიყო მითითების ვადის გაგრძელება, იგი შეიძლება გაგრძელებულიყო არაუმეტეს 2014 წლის 7 მაისის ჩათვლით. დადასტურებულია, რომ ამ მოცემულობაშიც ნ. შ-ის მიერ ვერ იქნებოდა წარმოდგენილი ახალი სამშენებლო დოკუმენტაცია, რადგან ახალი სამშენებლო დოკუმენტაცია შეთანხმებული იქნა 2014 წლის 14 მაისის #03/1066 ბრძანებით.

ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, ცალსახად დადასტურებულია, რომ ქ. ბათუმის მერიის ზედამხედველობის სამსახურს არანაირი საფუძველი არ ჰქონდა დალოდებოდა ნ. შ-ე როდის რას იზამდა, რადგან, როგორც უკვე ავღნიშნეთ, არც მითითების ვადის დენის შეჩერების საფუძვლები არსებულა, არც მითითების ვადის გაგრძელება მოთხოვნილა და რაც მთავარია, ნ. შ-ის მიერ წარდგენილი სამშენებლო დოკუმენტის პროექტი შეთანხმებული იქნა 2014 წლის 14 მაისს, ანუ ყველა იმ ვადის გასვლის შემდეგ, რაც შეიძლება განსაზღვრულიყო გაგრძელებისას მითითების ვადად. მეტიც, თუ ზედამხედველობის სამსახურის მიერ ამ ვითარებაში მოხდებოდა ნ. შ-ეზე ლოდინი, სწორედ მისი ასეთი ქმედება იქნებოდა დანაშაული, რადგან ზედამხედველობის სამსახურს საფუძველი ჰქონდა მიეღო დადგენილება დაჯარიმების შესახებ და არ ღებულობდა. მეტიც, მსგავის ლოდინის რეჟიმში შეიძლება დაჯარიმების დადგენილების გამოცემის ვადაც გასულიყო, რადგან როგორც ცნობილია დადგენილება გამოცემული უნად იქნას შემოწმების აქტის შედგენიდან 2 თვის ვადაში.

მეტიც, თუ სასამართლოს ლოგიკა ლეგიტიმურად ჩაითვლება, რომ ზედამხედველობის ორგანო ვალდებული ყოფილა დალოდებოდა სამართალდამრღვევს, სანამ მშენებლობის ნებართვის გამცემი არ მიიღებდა გადაწყვეტილებას ახალი სამშენებლო დოკუმენტაციის ცვლილების თაობაზე, ზედამხედველობის ორგანო ვალდებული ყოფილა ცვლილებებზე უარის შემთხვევაში დალოდებოდა ნებართვის გამცემის უარის გასაჩივრების ვადას, ხოლო გასაჩივრებისას სასამრთლოს მიერ შემაჯამებელი გადაწყვეტილების მიღებას და ძალაში შესვლას. სასამართლოს ლოგიკის გაზიარებისას შეუძლებელია პროცესის რომელიმე ეტაპებად დაყოფა და თუ ზედამხედველობის ორგანოს ევალება დალოდება სამართალდამრღვევისათვის, ეს ვალდებულება ძალაშია ყველა სამართლებრივი პროცედურის ამოწურვამდე. ამასთან, ლოდინის ვალდებულება არ ნიშნავს მითითების ვადის დინების შეჩერებას, რადგან „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი“ მსგავს შემთხვევებში არ იძლევა უფლებას მითითების ვადის დენის შეჩერებისას. ამ ყველაფერს კი საბოლოოდ მივყავართ იქამდე, რომ ზედამხედველობის ორგანო საერთოდ ვერ გამოსცემს დაჯარიმების აქტს, რადგან ასეთი აქტი უნდა გამოიცეს შემოწმების აქტის შედგენიდან 2 თვის ვადაში. ამ ვადის გასვლის შემდეგ აღარ აქვს უფლება ზედამხედველობის ორგანოს გამოსცეს კანონის 25-ე მუხლის მე-9 ნაწილით გათვალისწინებული დადგენილება, არამედ ვალდებულია, კანონოს 25-ე მუხლის მე-11 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე შეწყვიტოს სამართალდარღვევის საქმის წარმოება, რადგან, იქ სადაც შეუძლებელია კანონის 25-ე მუხლის მე-9 ნაწილით გათვალისწინებული დადგენილების გამოცემა, საქმის წარმოების დასრულების მიზნით უნდა გამოიცეს კანონის 25-ე მუხლის მე-7 და მე-11 ნაწილებით გათვალისწინებული დადგენილება. ანუ უნდა შეწდეს სამართალდარღვევის საქმის წარმოება. ამიტომ, სასამართლო ვალდებულია ნ. შ-ის მიმართ გადაწყვეტილება გამოიტანოს არა შეცოდების ან სხვა მსგავსი საფუძვლით წარმოშობილი შინაგანი რწმენის საფუძველზე, არამედ სამართლლებრივი ნორმების სრული ანალიზის საფუძველზე, რათა მოხდეს სასამართლოს მიერ მიღებული აქტების განზოგადება და ანალოგიურ საქმეებზე პრაქტიკის სახით გამოყენება. ჩვენს შემთხვევაში გასაჩივრებული გადაწყვეტილება ვერ გამოდგება პრაქტიკად, რადგან იგი ბევრ კითხვას არ სცემს პასუხს. შესაბამისად, მისი ძალაში დატოვებისას ზემდგომმა ინსტანციის სასამართლომ უნდა გასცეს გაურკვეველ კითხვებს პასუხი.

რაც შეეხება მეორე დასაბუთებას, რომლითაც სასამართლომ ბათილად ცნო სადავო აქტები, არის ის, რომ სადავო დადგენილების მიღების დროისათვის უნებართვოდ მიშენებული ფართი ნ. შ-ეს უკვე ჰქონდა საჯარო რეესტრში რეგისტრირებული საკუთრების უფლებით. ხსენებული დასაბუთება არის ყოველგვარ საფუძველს მოკლებული და იგი არ შეიძლება საფუძვლიანად ჩაითვალოს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 312-ე მუხლზე მითითებით, რომლის თანახმად საჯარო რეესტრის მონაცემების მიმართ მოქმედებს სისრულისა და უტყუარობის პრეზუმცია, სანამ საწინააღმდეგო არ დამტკიცდება. სამშენებლო სამართალდარღვევების განხილვისას სარჩელის დაკმაყოფილება მხოლოდ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 312-ე მუხლზე მითითებით კასატორის მოსაზრებით არის უსაფუძვლო შემდეგ გარემოებათა გამო: ა) კასატორი ნ. შ-ეს არ ედავება საკუთრების უფლებას და არ აცხადებს სადავო ფართზე საკუთრების უფლების პრეტენზიას; ბ) გარდა ამისა, მსგავსი დავების განხილვისას სასამართლო ვალდებულია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 312-ე მუხლის გამოყენების მიზნით დაადგინოს, „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმიქცევის კოდექსის“ თანახმად, სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოების დამაბრკოლებელ გარემოებას წარმოადგენს თუ არა ფართის საჯარო რეესტრში რეგისტრაცია. ამ კითხვაზე პასუხი არის არა. ანუ, სამშენებლო სამართალდარღვევის წარმოების დამაბრკოლებელ გარემოებას არ წარმოადგენს ფართის საჯარო რეესტრში რეგისტრაცია. მაგალითად, როცა პირი ახორციელებს დადგენილ ოდენობაზე მეტად ღიობების გაზრდას ან შემცირებას, ასევე ახორციელებს რომელიმე კონსტრუქციული ელემენტის გადაადგილებას, სახურავის სიმაღლის გაზრდას და სხვა, ქმედება ითვლება სამართალდარღვევად. ცნობილია, რომ ფართი საჯარო რეესტრში რეგისტრირდება ე.წ. სართულის დასხმის ფილების მიხედვით და არა კედლების ან მასში არსებული ღიობების ან რომელიმე სხვა ელემენტის მიხედვით. რა უნდა ქნას ამ მოცემულობაში ზედამხედველობის ორგანომ, არ უნდა აწარმოოს სამშენებლო სამართალდარღვევის საქმე იმის გამო, რომ სამართალდარღვევად მიჩნეული ქმედების ჩამდენი პირი ახორციელებდა ისეთ ქმედებას, რომელიც არ რეგისტრირდება საჯარო რეესტრში, და რადგან არ რეგისტრირდება, მის მიმართ არც სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოება შეიძლება? ცხადია მსგავს ვითარებაში სასამართლო სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოებას უკანონოდ არ ჩათვლის. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასაბუთების გათვალისწინებით კასატორისათვის გაუგებარია რა უნდა ქნას ზედამხედველობის ორგანომ, იმისათვის, რომ სამართალდარღვევად მიჩნეული ქმედების გამო არ გაზრდილა სარეგისტრაციო მონაცემები, ხოლო არსებული პარამეტრების მიხედვით ფართი რეგისტრირებულია საჯარო რეესტრში, არ უნდა აწარმოოს სამშენებლო სამართალდარღვევის საქმე? ცხადია უნდა აწარმოოს. მსგავსი ვითარება გვაქვს ყველა იმ შემთხვევაში, როცა დარღვევა არ ეხება სარეგისტრაციო მონაცემს ან არ იცვლება არსებული სარეგისტრაციო მონაცემები. გასაჩივრებული სასამართლო გადაწყვეტილების დასაბუთების გათვალისწინებით გამოდის, რომ ზედამხედველობის ორგანო მხოლოდ მაშინ ყოფილა უფლებამოსილი აწარმოოს სამშენებლო სამართალდარღვევის საქმე, როცა ქმედება ეხება სარეგისტრაციო მონაცემს, ხოლო თუ სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოებისას პირმა განახორციელა სარეგისტრაციო მონაცემის საჯარო რეესტრში რეგისტრაცია, ზეადმხედველობის ორგანო ვალდებული ყოფილა ამ ერთადერთ შემთხვევაშიც კი შეწყვიტოს სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოება.

კასატორი მიიჩნევს, რომ მსგავსი ვითარება არის აბსურდული. და ამ ყველაფრის საფუძველი არის ის, რომ სასამართლო სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოებისას არსებით ფაქტობრივ გარემოებად თვლის უნებართვოდ განხორციელებული მშენებლობის საჯარო რეესტრში რეგისტრაციის ფაქტს. სასამრთლოს უფლება აქვს განმარტოს კანონის ნორმა, მაგრამ ნამდვილად არ აქვს უფლება მთლიანად შეცვალოს კანონის არსი და მისი მოქმედება დროში, სივრცეში და პირთა წრის მიხედვით. „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის“ თანახმად კი ცალსახად დასტურდება, რომ სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოებისათვის არსებითია ის, განხორციელებული მშენებლობა საჭიროებდა თუ არა ნებართვას, და სანებართვო ქმედების განხორციელებისას პირს გააჩნდა თუ არა ნებართვა. თუ დადასტურდა, რომ პირს ესაჭიროებოდა, მაგრამ არ გააჩნდა ნებართვა, ქმედება ითვლება სამართალდარღვევად და მისი წარმოების დამაბრკოლებელ გარემოებას არ წარმოადგენს ფართის საჯარო რეესტრში რეგისტრაცია. რაც მთავარია ამ ყველაფერში საუცხოო არაფერია, რადგან საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის თანახმად, საკუთრება არ არის შეუზღუდავი უფლება. „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი“ კი არის ერთ-ერთი ის საკანონმდებლო აქტი, რომელიც უშვებს საკუთრების შეზღუდვას.

ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, კასატორი მიიჩნევს, რომ ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის 2014 წლის 30 აპრილის #227 დადგენილება და ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერის 2014 წლის 11 ივლისის #366 ბრძანება გამოცემულია კანონმდებლობის მოთხოვნათა სრული დაცვით და არ არსებობდა მათი ბათილად ცნობის საფუძვლები. შესაბამისად, გასაჩივრებული ბადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და მოსარჩელეს უარი უნდა ეთქვას სარჩელის დაკმაყოფილებაზე.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 28 თებერვლის განჩინებით ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი ნაწილი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა არსებითად სწორად გადაწყვიტეს მოცემული დავა.

საქმეზე დადგენილია, რომ ქ. ბათუმის მერიის ზედამხედველობის სამსახურის მიერ გამოვლენილ იქნა, ქ. ბათუმში, ... ქ. №44/46-ში მდებარე საცხოვრებელი სახლის რეკონსტრუქციის ფაქტი, კერძოდ, შენობაზე განხორციელდა დამატებითი ფართის - აივნის მიშენება და რკინა-ბეტონის დახურვის ფილის მოწყობა. ზედამხედველობის სამსახურის მიერ დაიწყო სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოება ... №44/46-ში მდებარე უძრავი ქონების თანამესაკუთრეების: ნ., ლ. და ლ. შ-ეებისა და ც. დ-ის მიმართ უკანონო მშენებლობასთან დაკავშირებით და 2014 წლის 11 მარტს მათზე გაცემული იქნა №40 მითითება, რომლის საფუძველზე განესაზღვრათ 20 დღიანი ვადა ობიექტის პირვანდელ მდგომარეობაში მოყვანისა და სათანადო დოკუმენტაციის წარდგენის მიზნით.

ნ. შ-ემ 2014 წლის 28 მარტს განცხადებით მიმართა თვითმმართველი ქალაქ ბათუმის აღმასრულებელი ორგანოს ხელმძღვანელს, საკრებულოს თავმჯდომარეს და შესათანხმებლად წარუდგინა ქ. ბათუმში, ... ქ. №44/46-ში მდებარე საცხოვრებელი სახლის რეკონსტრუქციის შესახებ შპს „...“ მიერ დამზადებული პროექტი და სამშენებლო დოკუმენტაცია, პროექტის განმარტებითი ბარათი, მშენებლობის ორგანიზაციის პროექტი, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა „...-ის“ 2014 წლის 24 მარტის კრების ოქმი და სხვა. სასამართლოს მიერ დადგენილია და მოპასუხე მხარეც ადასტურებს, რომ ნ. შ-ეს წარდგენილ სამშენებლო დოკუმენტაციასთან დაკავშირებით რაიმე სახის მითითება, ხარვეზი ან შენიშვნა უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოსაგან არ მიუღია.

ქ. ბათუმის მერიის ზედამხედველობის სამსახურის მიერ შემოწმდა 2014 წლის 11 მარტის №40 მითითების პირობების შესრულება და 2014 წლის 2 აპრილის შემოწმების აქტით დადასტურდა, რომ მითითების პირობები შესრულებული არ იყო - დაწესებულ 20 დღიან ვადაში ნ. შ-ეს ზედამხედველობის სამსახურისთვის არ წარუდგენია სათანადო დოკუმენტაცია მშენებლობის წარმოებაზე და არც ობიექტი მოუყვანია პირვანდელ მდგომარეობაში.

2014 წლის 30 აპრილს ქალაქ ბათუმის მერიის ზედამხედველობის სამსახურში ჩატარებული სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოების ზეპირი მოსმენის სხდომაზე გამოცხადებულმა ნ. შ-ემ აცნობა, რომ 2014 წლის 28 მარტს განცხადებით არქიტექტურისა და ურბანული დაგეგმარების სამსახურს შესათანხმებლად წარუდგინა ქ.ბათუმში, ... ქ. №44/46-ში მდებარე საცხოვრებელი სახლის რეკონსტრუქციის შესახებ შპს „...“ მიერ დამზადებული პროექტი და სამშენებლო დოკუმენტაცია და მოითხოვა ვადა (გაგრძელება) აღნიშნული გზით საკითხის კანონის ფარგლებში მოსაყვანად;

2014 წლის 30 აპრილს ქალაქ ბათუმის მერიის ზედამხედველობის სამსახურის მიერ ნ. შ-ის, ლ. შ-ის, ლ. შ-ის და ც. დ-ის მიმართ გამოიცა №227 დადგენილება „სამშენებლო სამართალდარღვევის ჩადენის გამო მათი დაჯარიმების, უნებართოდ განხორციელებული მშენებლობის შეჩერებისა და ობიექტის

პირვანდელ მდგომარეობაში მოყვანის თაობაზე“, რომლის თანახმად მოსარჩელეს დაეკისრა ფულადი ჯარიმა 3000 ლარის ოდენობით და დაევლა სამშენებლო სამუშაოების შეჩერება და ობიექტის პირვანდელ მდგომარეობაში მოყვანა.

ნ. შ-ის მიერ ზედამხედველობის სამსახურის 2014 წლის 30 აპრილის №227 დადგენილება 2014 წლის 20 მაისს გასაჩივრებულ იქნა ქალაქ ბათუმის მერიაში; ქალაქ ბათუმის მერის 2014 წლის 11 ივლისის №366 ბრძანებით, ნ. შ-ის 2014 წლის 20 მაისის ადმინისტრაციული საჩივარი არ დაკმაყოფილდა;

თვითმმართველი ქალაქ ბათუმის აღმასრულებელი ორგანოს - საკრებულოს თავმჯდომარის 2014 წლის 14 მაისის №03/1066 ბრძანებით დაკმაყოფილდა ნ. შ-ის, ლ. შ-ის, ლ. შ-ის და ც. დ-ის 2014 წლის 28 მარტს განცხადება და შეთანხმებული იქნა ქ. ბათუმში, ... ქ.№44/46-ში მდებარე 594 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე არსებული შენობის გვერდით ფასადზე კედლის რეკონსტრუქციის მიზნით არქიტექტურული პროექტი №380.

საჯარო რეესტრში განხორციელებული ცვლილებით ნ., ლ. და ლ. შ-ეების და ც. დ-ების საკუთრებაში აღრიცხული იქნა ... ქ.№44/46-ში მდებარე მათი საცხოვრებელი სახლი იმ მდგომარეობითა და მონაცემებით, რაც სახლის რეკონსტრუქციის შედეგად იქნა მიღებული. შესაბამისად, ნ., ლ. და ლ. შ-ეები და ც. დ-ე, საჯარო რეესტრის ამონაწერის თანახმად 2014 წლის 15 მარტიდან წარმოადგენენ ქ. ბათუმში, ... ქ. №44/46-ში მდებარე 594 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე განთავსებული 103,83 კვ.მ. საცხოვრებელი ფართის მესაკუთრეებს, უძრავი ნივთის საკადასტრო კოდი: ... .

საკასაციო პალატა მიუთითებს „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის“ 25-ე მუხლის მე-8 ნაწილზე, რომლის თანახმად „მითითებით განსაზღვრული ვადის დინება ჩერდება უნებართვოდ ან/და პროექტის დარღვევით აშენებული ობიექტების ან მათი ნაწილების ლეგალიზების შესახებ წარმოების დაწყებიდან შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებამდე“. იმის გათვალისწინებით, რომ ნ. შ-ის მიერ 2014 წლის 28 მარტს წარდგენილ იქნა სახლის რეკონსტრუქციის შესახებ პროექტი, ქ. ბათუმის მერიის ზედამხედველობის სამსახურის 2014 წლის 11 მარტს გაცემულ №40 მითითებაზე უნდა შეჩერებულიყო ვადის დინება ქ. ბათუმის მერიის აღმარულებელი ორგანოს ხელმძღვანელის მიერ 2014 წლის 28 მარტის განცხადებაზე გადაწყვეტილების მიღებამდე.

ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე სააპელაციო სასამართლოს მიერ მართებულად იქნა გამოყენებული „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის“ 25-ე მუხლის მე-7 ნაწილი. ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ემუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 30 მაისის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ვ. როინიშვილი

მოსამართლეები: მ. ვაჩაძე

ნ. სხირტლაძე