საქმე # 330310114687439
საქმე№ბს-195-193(2კ-17) 16 მაისი, 2017 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ვასილ როინიშვილი (თავჯდომარე, მომხსენებელი)
მაია ვაჩაძე, ნუგზარ სხირტლაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორები: 1. გ. ქ-ი (მოსარჩელე); 2. ქ. ქ-ი (მესამე პირი)
მოწინააღმდეგე მხარეები: სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიურო, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო (მოპასუხები)
მესამე პირები: ს. მ-ი, ნ. კ-ო
გასაჩივრებული გადაწყვეტილება: თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 13 ოქტომბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება
დავის საგანი - ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში ცვლილების შეტანა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
გ. ქ-მა 2014 წლის 29 დეკემბერს სარჩელი აღძრა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში მოპასუხე სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსა და სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს მიმართ. მოსარჩელემ სარჩელის დაზუსტების შემდეგ, მოითხოვა ცვლილება შევიდეს სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს მიერ 2013 წლის 2 ივლისს გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის განკარგულების №13013649-015/001 პირველ პუნქტში და იგი ჩამოყალიბდეს შემდეგი სახით: ქ. ქ-ის (პ/ნ ...) საკუთრებაში რიცხული უძრავი ქონების (მდებარე ქ. თბილისში, ... ქუჩის დაღმართი ..., №25/64 ნაწილი (საცხოვრებელი ბინა, საცხოვრებელი შენობა-ნაგებობის პირველ სართულზე ფართით 61 კვ.მ. განაშენიანებისგან თავისუფალი მიწის ფართის გარეშე) მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი №...) შემძენი 2013 წლის 3 ივნისს გამართულ ონლაინ აუქციონზე გახდა ს. მ-ი (პ/ნ...).
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 31 მარტის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად საქმეში მესამე პირად ჩაბმულ იქნა ქ. ქ-ი, ს. მ-ი და ნ. კ-ო.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 16 დეკემბრის გადაწყვეტილებით მოსარჩელის გ. ქ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს გ. ქ-მა და ქ. ქ-მა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 13 ოქტომბრის განჩინებით გ. ქ-ისა და ქ. ქ-ის სააპელაციო საჩივარები არ დაკმაყოფილდა; უცვლელი დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 16 დეკემბრის გადაწყვეტილება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 13 ოქტომბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს გ. ქ-მა და ქ. ქ-მა, რომლითაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება მოითხოვეს.
გ. ქ-მა საკასაციო საჩივრის საფუძვლად მიუთითა, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემულ განკარგულებაში არ იქნა ასახული აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ გამოკვლეული გარემოებები, კერძოდ ქ. ქ-ის დაზუსტებული კუთვნილი წილი, რომელიც დატვირთული იქნა იპოთეკით (61 კვ.მ შენობა-ნაგებობა). აღნიშნულის გამო ს. მ-ი აუქციონზე ქონების შეძენით გახდა გ. ქ-ის კუთვნილი ფართის მესაკუთრეც. კასატორის მტკიცებით სასამართლომ მითითებული გარემოება არ გამოიკვლია. სააპელაციო სასამართლომ ასევე არ გაითვალისწინა სააპელაციო საჩივარში მითითებული საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1513-ე მუხლი და არასწორდ განმარტა ამავე კოდექსის 954-ე მუხლი.
ქ. ქ-ი საკასაციო საჩივრის საფუძვლად უთითებს, რომ უძრავი ქონების შეფასების შეუსაბამობასთან დაკავშირებით სარჩელის შეტანაზე უფლებამოსილი პირი იყო ის, ვისაც უშუალოდ მიადგა ზიანი ანუ გ. ქ-ი. ამასთანავე, კასატორის აზრით, სააპელაციო სასამართლოს შეცვლილ ფაქტობრივ გარემოებად უნდა მიეჩნია ის, რომ ქალაქ თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა თვითონ მოვალე ქ. ქ-მა, რაც ცალსახად ადასტურებს იმას, რომ მოვალე მხარემ გაასაჩივრა 2013 წლის 2 ივლისის №ა13013649-015/001 განკარგულება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 27 მარტის განჩინებით გ. ქ-ისა და ქ. ქ-ის საკასაციო საჩივარები ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ გ. ქ-ისა და ქ. ქ-ის საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრების განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორები საკასაციო საჩივრებში ვერ აქარწყლებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი ნაწილი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა არსებითად სწორად გადაწყვიტეს მოცემული დავა.
საქმეზე დადგენილია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 28 ნოემბერს გაცემული სააღსრულებო ფურცლის თანახმად, ქ. ქ-ს ს. მ-ის სასარგებლოდ გადასახდელად დაეკისრა 10000 აშშ დოლარი; ასევე ქ. ქ-ს დაეკისრა სარგებელი - 9000 აშშ დოლარის და პირგასამტეხლოს 2460 აშშ დოლარის ს. მ-ის სასარგებლოდ გადახდა. დავალიანების გადახდის მიზნით სარეალიზაციოდ მიექცა ქ. ქ-ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება მდებარე ქ. თბილისი, ... ქუჩა, დაღმართი ... (საკადასტრო კოდი N...).
საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ ქ. ქ-ის საკუთრება იყო აღნიშნულ მისამართზე არსებული უძრავი ნივთი (საკადასტრო კოდი N...) წილობრივი მონაცემით, კერძოდ მიწის ნაკვეთი თანასაკუთრება, შენობა-ნაგებობა - 25/64-დი ნაწილი. ამგვარადვე იყო რეგისტრირებული აღნიშნული უძრავი ქონება ქ. ქ-ის წინა მესაკუთრის - ა. ა-ის საკუთრებად. 2008 წლის 8 მაისს გაფორმებული სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებაში იპოთეკის საგანი სწორედ ამ მონაცემებით იყო განსაზღვრული. ამასთან, თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცლის თანახმად, დავალიანების გადახდის მიზნით სარეალიზაციოდ მიექცა ქ. ქ-ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება მდებარე ქ. თბილისი, ... ქუჩა, დაღმართი ... (საკადასტრო კოდი N...).
აღნიშნულიდან გამომდინარე, აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს 2013 წლის 2 ივლისის განკარგულების საფუძველზე ს. მ-ის საკუთრების უფლებაც ამ უძრავ ნივთზე წარმოიშვა. კერძოდ, აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს 2013 წლის 2 ივლისის განკარგულების თანახმად, მოვალის - ქ. ქ-ის (პ.ნ....) საკუთრებაში რიცხული უძრავი ქონების (მდებარე: ქ. თბილისი, ... ქუჩა, დაღმართი N..., 25/64-დი ნაწილი, მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი N...) შემძენი 2013 წლის 3 ივნისს გამართულ (ონლაინ) აუქციონზე გახდა ს. მ-ი (პ.ნ. ...). ს. მ-მა უძრავი ნივთი 44200 ლარად შეიძინა. შესაბამისად, აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს 2013 წლის 2 ივლისის განკარგულების საფუძველზე ს. მ-ის საკუთრების უფლება აღირიცხა საჯარო რეესტრში, კერძოდ ქ. თბილისი, ... ქუჩა, დაღმართი N... (საკადასტრო კოდი ...) მიწის ნაკვეთი დაზუსტებული ფართი 437 კვ.მ. თანსაკუთრება, მესაკუთრეებად დაფიქსირებულია გ. ქ-ი 39/64 ნაწილი, ს. მ-ი 25/39-დი ნაწილი.
საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ თბილისის სააღსრულებო ბიუროს 2013 წლის 2 ივლისის NA13013649-015/001 განკარგულება გამოცემულია „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა დაცვით, აღმასრულებლის მიერ აღსასრულებლად მიექცა ის ქონება, რაც მოვალის საკუთრებაში იყო. ამასთან, რაიმე ფაქტობრივი გარემოება, რაც ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე ან მე-60 მუხლების საფუძველზე უკვე გამოცემული სამართლებრივი აქტის შინაარსის შეცვლას გამოიწვევდა სახეზე არ არის. აღნიშნულიდან გამომდინარე, უსაფუძვლოა კასატორების მოთხოვნა აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს 2013 წლის 2 ივლისის განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.
კონკრეტულ შემთხვევაში სასამართლოების მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორების მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრების დასაშვებად ცნობის საფუძველს.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივრებს - წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივრები არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ემუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. გ. ქ-ისა და ქ. ქ-ის საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნას დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 13 ოქტომბრის განჩინება;
3. კასატორს - ქ. ქ-ს დაუბრუნდეს 27.03.2017წ. №1 საგადასახადო დავალებით მ. დ-ის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 300 ლარის, 70% - 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;
4. კასატორს - გ. ქ-ს დაუბრუნდეს 17.03.2017წ. №1 საკრედიტო საგადახდო დავალებით ე. გ-ის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 300 ლარის, 70% - 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;
5. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ვ. როინიშვილი
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
ნ. სხირტლაძე