Facebook Twitter

საქმე№ბს-207-205(2კ-17) 30 მაისი, 2017 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ვასილ როინიშვილი (თავჯდომარე, მომხსენებელი)

მაია ვაჩაძე, ნუგზარ სხირტლაძე

საქმის განხილვის ფორმა: ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორები: 1. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახური (მოპასუხე) 2. რ. ფ-ე (მოსარჩელე)

მოპასუხე - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერია

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 24 ნოემბრის გადაწყვეტილება

კასატორების მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება

დავის საგანი: ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

რ. ფ-ემ 2016 წლის 14 იანვარს სარჩელი აღძრა თბილისის საქალაქო სასამართლოში მოპასუხე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის მიმართ. მოსარჩელემ ქ. თბილისის მინუციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2015 წლის 3 სექტემბრის №000322 დადგენილებისა და მოქალაქე რ. ფ-ის ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე ქ. თბილისის მინუციპალიტეტის მერის მოადგილის 2015 წლის 13 ნოემბრის №761 ბრძანების ბათილად ცნობა მოითხოვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 14 აპრილის გადაწყვეტილებით მოსარჩელის რ. ფ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა რ. ფ-ემ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 24 ნოემბრის გადაწყვეტილებით რ. ფ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 14 აპრილის გადაწყვეტილება მხოლოდ დაჯარიმების ნაწილში და მიღებული იქნა ახალი გადაწყვეტილება; რ. ფ-ის სარჩელი დაჯარიმების ნაწილში დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ბათილად იქნა ცნობილი ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2015 წლის 3 სექტემბრის №000322 დადგენილება და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2015 წლის 13 ნოემბრის №761 ბრძანება მხოლოდ დაჯარიმების ნაწილში და რ. ფ-ეს ჯარიმის ოდენობა ნაცვლად 10 000 ლარისა განესაზღვრა 8 000 ლარის ოდენობით; გასაჩივრებული ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2015 წლის 3 სექტემბრის №000322 დადგენილება და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2015 წლის 13 ნოემბრის №761 ბრძანება დემონტაჟის ნაწილში დარჩა ძალაში.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 24 ნოემბრის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრეს რ. ფ-ემ და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ.

რ. ფ-ემ საკასაციო საჩივრით გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და მისი სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა.

კასატორმა მიუთითა, რომ სასამართლო არ დაეყრდნო ორი ისეთი მნიშვნელობის მქონე დოკუმენტებს, რომლებიც არსებითად სხვა გარემოებას ადგენს, კერძოდ კი აღიარების კომიისადმი მიმართული განცხადებები. ამ მტკიცებულებათა თანახმად, ნათელია, რომ რ. ფ-ემ გაცილებით ადრე მიმართა მიწისა და შენობა-ნაგებობების ლეგალიზების მოთხოვნით საკრებულოს მიწის აღიარების კომისიას, რადგან ფიქრობდა აღნიშნულ ორგანოს შენობა-ნაგებობების ლეგალიზაციის კომპეტენციაც გააჩნდა. მხოლოდ ამის შემდგომ მიმართა რ. ფ-ემ არქიტექტურის სამსახურს 2015 წლის 30 ივლისს, ვინაიდან მანამდე ელოდა პასუხს საკრებულოსგან. კასატორს მიაჩნია, რომ სასამართლოს მხედველობაში უნდა მიეღო ზემოაღნიშნული გარემოება და უნდა გამოეყენებინა „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის“ 25-ე მუხლის მე-8 ნაწილი.

ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურმა მის მიერ გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში გაუქმება და მოსაჩელისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე სრულად უარის თქმა მოითხოვა.

კასატორი მიუთითებს, რომ რ. ფ-ის სააპელაციო საჩივარში არ არის კონკრეტული მითითება და მსჯელობა იმ გარემოებაზე, თუ რატომ ეწინააღმდეგება ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ თავისი უფლებამოსილების განხორციელებისას მიღებული გადაწყვეტილება კანონს და ასევე ვერ უთითებს იმ კონკრეტულ გარემოებას, რომელიც არ იქნა გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული საქმის წარმოებისას, რომლის გამოკვლევისა და დადგენის შემთხვევაში შესაძლებელი იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილების მიღება. კასატორის მტკიცებით რ. ფ-ის სააპელაციო საჩივარი მთლიანად აგებულია იმ მოსაზრებაზე, რომ რ. ფ-ემ მიმართა არქიტექტურის სამსახურს და მოითხოვა ქ. თბილისში, ... ქ. №25-ის მიმდებარედ არსებული შენობა-ნაგებობის ლეგალიზება, თუმცა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიერ 2015 წლის 1 იანვარს შედგენილი იქნა №000322 მითითება რ. ფ-ის მიმართ ქ. თბილისში, ... ქ. №25-ის მიმდებარედ შესაბამისი სანებართვო დოკუმენტაციის გარეშე შენობა-ნაგებობის მშენებლობის თაობაზე. აღნიშნული მითითება მოსარჩელეს ჩაბარდა 2015 წლის 2 ივნისს. 3 ივნისს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიერ შედგა №000322 შემოწმების აქტი, რომელშიც დაფიქსირდა რ. ფ-ის მიერ მითითებით განსაზღვრული მოთხოვნების შეუსრულებლობა. ასევე დადგენილია, რომ 2015 წლის 30 ივლისს ფართის ლეგალიზაციის მოთხოვნით რ. ფ-ემ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს მიმართა ქ. თბილისში ... ქ. №25-ის მიმდებარედ შენობა-ნაგებობის ლეგალიზაციის მოთხოვნით. კასატორის აზრით, სააპელაციო სასამართლომ არამართლზომიერად იმოქმდა, როდესაც სარწმუნოდ ჩათვალა მხარის სიტყვიერი განმარტება იმის თაობაზე, რომ მან საზღვრები დააკორექტირა, მაშინ, როდესაც მხარეს აღნიშნულის დამადასტურებელი არცერთი მტკიცებულება არ წარმოუდგენია, განსხვავებით ადმინისტრაციული ორგანოსგან, რომელმაც სასამართლოს გადასცა აზომვითი ნახაზი, დასტური იმისა, რომ შენობა ნაწილობრივ ცდება საკადასტრო საზღვრებს.

კასატორი მიუთითებს „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის“ 25-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, ამავე კოდექსის მე-14 მუხლის პირველ და მეორე ნაწილებსა და 44-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, რომელთა საფუძველზე მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ უკანონოდ შეცვალა სახდელის ზომა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 10 მარტის განჩინებით ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის საკასაციო საჩივარი ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 31 მარტის განჩინებით რ. ფ-ის საკასაციო საჩივარი ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ რ. ფ-ისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრების განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორები საკასაციო საჩივრებში ვერ აქარწყლებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი ნაწილი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტამ მოცემული დავა.

საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის“ 25-ე მუხლის მე-8 პუნქტის თანახმად, მითითებით განსაზღვრული ვადის დინება ჩერდება უნებართვოდ ან/და პროექტის დარღვევით აშენებული ობიექტების ან მათი ნაწილების ლეგალიზების შესახებ წარმოების დაწყებიდან შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებამდე.

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიერ 2015 წლის 1 ივნისს შედგენილ იქნა №000322 მითითება რ. ფ-ის მიმართ, ქ. თბილისში, ... ქ. №25-ის მიმდებარედ, შესაბამისი სანებართვო დოკუმენტაციის გარეშე შენობა-ნაგებობის მშენებლობის თაობაზე. აღნიშნული მითითება მოსარჩელეს ჩაბარდა 2015 წლის 2 ივნისს. შესაბამისად, მითითებით განსაზღვრული ვადა იწურებოდა 2015 წლის 2 ივლისს. 2015 წლის 3 ივლისს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიერ შედგა №000322 შემოწმების აქტი, რომელშიც დაფიქსირდა რ. ფ-ის მიერ მითითებით განსაზღვრული მოთხოვნების შეუსრულებლობა. ასევე დადგენილია, რომ 2015 წლის 30 ივლისს ფართის ლეგალიზების მოთხოვნით რ. ფ-ემ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს მიმართა ქ. თბილისში, ... ქ. №25-ის მიმდებარედ არსებული შენობა-ნაგებობის ლეგალიზების მოთხოვნით.

საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო პალატის მოსაზრებას, რომ ვინაიდან მოსარჩელის მიერ არ მომხდარა მითითებით განსაზღვრული ვადის დინებისას შენობა-ნაგებობის ლეგალიზების მოთხოვნით განცხადების წარდგენა, სახეზე არ არის „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის“ 25-ე მუხლის მე-8 პუნქტის თანახმად, მითითებით განსაზღვრული ვადის დინების შეჩერების საფუძვლები. ამასთან, სააპელაციო პალატის მიერ მართებულად არ იქნა გაზიარებული მოსარჩელის მსჯელობა მასზედ, რომ, ვინაიდან მას მიმართული ჰქონდა საკუთრების აღიარების კომისიისათვის მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების თაობაზე, ეს გარემოება უნდა გამხდარიყო მოცემულ საქმეზე ადმინისტრაციული წარმოების შეჩერების საფუძველი. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის“ 25-ე მუხლის მე-8 პუნქტის თანახმად, მითითებით განსაზღვრული ვადის დინების შეჩერების საფუძველი შეიძლება იყოს ის გარემოება, თუ პირი მითითებით განსაზღვრულ ვადაში განცხადებით მიმართავს შესაბამის უფლებამოსილ ორგანოს უნებართვოთ აშენებული შენობა-ნაგებობის ლეგალიზების მოთხოვნით და არა საკუთრების აღიარების კომისიას მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების თაობაზე. აქედან გამომდინარე, მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნას არანაირი შემხებლობა არა აქვს და ვერ შეაჩერებს უნებართვო შენობა-ნაგებობის გამო პირის დაჯარიმების თაობაზე ადმინისტრაციული წარმოების პროცესს, თუ დაინტერესებულმა პირმა დადგენილ ვადაში და დადგენილი წესით არ მიმართა შესაბამის უფლებამოსილ ორგანოს უნებართვოდ აშენებული შენობა-ნაგებობის ლეგალიზების მოთხოვნით. განსახილველ შემთხვევაში კი დადგენილია და რ. ფ-ეც ადასტურებს თავის საკასაიო საჩივარში, რომ მან მხოლოდ 2015 წლის 30 ივლისს მიმართა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს და მოითხოვა ქ. თბილისში, ... ქ. №25-ის მიმდებარედ არსებული შენობა-ნაგებობის ლეგალიზება, მაშინ, როდესაც უკვე გასული იყო მითითებით განსაზღვრული მოთხოვნების შესრულების ვადა, რაც გამორიცხავდა მოცემულ საქმეზე ადმინისტრაციული წარმოების შეჩერებას ადმინისტრაციულ ორგანოში.

საკასაციო პალატა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის საკასაციო საჩივართან მიმართებაში განმარტავს, რომ ქ. თბილისის საკრებულოს ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2015 წლის 11 ივნისის №440 ოქმის (საკითხი №50) თანახმად, მოთხოვნილ მიწის ნაკვეთს (... ქ. №25-ის მიმდებარედ) 57 კვ.მ-ს მიენიჭა თვითნებურად დაკავებულის კატეგორია - სასყიდლიანი და რ. ფ-ეს ეღიარა საკუთრების უფლება. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიერ 2015 წლის 1 ივნისს შედგენილ იქნა №000322 მითითება რ. ფ-ის მიმართ, ქ. თბილისში, ... ქ. №25-ის მიმდებარედ, შესაბამისი სამშენებლო-სანებართვო დოკუმენტაციის გარეშე განხორციელებული შენობა-ნაგებობების მშენებლობის თაობაზე. აღნიშნულიდან გამომდინარე, რ. ფ-ეს დაევალა განხორციელებული სამუშაოების სანებართვო დოკუმენტაციის წარდგენა ან შენობა-ნაგებობების დემონტაჟი. ასევე, რ. ფ-ე დაჯარიმდა 10 000 ლარით ქ. თბილისში, ... ქ. №25-ის მიმდებარედ ორი შენობა-ნაგებობის (საცხობი, ბოქსი) უნებართვოდ მშენებლობისათვის და მასვე დაევალა აღნიშნული შენობა-ნაგებობის დემონტაჟი ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2015 წლის 3 სექტემბრის №000322 დადგენილებით. საქმის მასალებით, კერძოდ, 2015 წლის 20 ივლისის საჯარო რეესტრიდან ამონაწერის თანახმად ასევე დგინდება, რომ ქ. თბილისში, ... ქ. №25-ის მიმდებარედ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 57.00 კვ.მ მიწის ნაკვეთის (ს/კ ...) მესაკუთრე არის რ. ფ-ე. უფლების დამადასტურებელი დოკუმენტია 2015 წლის 15 ივლისის №10692 საკუთრების უფლების დამადასტურებელი მოწმობა.

საქმის მასალებით დადგენილია ის გარემოება, რომ მოსარჩელეს ჯერ კიდევ მანამდე ეღიარა საკუთრების უფლება თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთზე, სანამ მოხდებოდა მის მიმართ სადავო აქტების გამოცემა. ამასთან, საქმეში არ არის წარმოდგენილი სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული მტკიცებულება სადავო ობიექტების სახელმწიფოს საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე მდებარეობის შესახებ. ამდენად, სააპელაციო სასამართლოს მიერ რ. ფ-ის სარჩელი მხოლოდ დაჯარიმების ნაწილში მართებულად დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, შესაბამისად, მართებულად იქნა ბათილად ცნობილი გასაჩივრებული ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2015 წლის 3 სექტემბრის N000322 დადგენილება და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2015 წლის 13 ნოემბრის N761 ბრძანება დაჯარიმების ნაწილში და რ. ფ-ეს ჯარიმის ოდენობა ნაცვლად 10 000 ლარისა განესაზღვა 8 000 ლარის ოდენობით.

კონკრეტულ შემთხვევაში სასამართლოების მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორების მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრების დასაშვებად ცნობის საფუძველს.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივრებს - წარმატების პერსპექტივა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივრები არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ემუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურისა და რ. ფ-ის საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნას დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 24 ნოემბრის გადაწყვეტილება;

3. კასატორს - რ. ფ-ეს დაუბრუნდეს 29.03.2017 წლის №2 საკრედიტო საგადახდო დავალებით მ. ს-ს მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 300 ლარის, 70% - 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ვ. როინიშვილი

მოსამართლეები: მ. ვაჩაძე

ნ. სხირტლაძე