საქმე # 330310016001269093
საქმე №ბს-327-325(კ-17) 4 ივლისი, 2017 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ვასილ როინიშვილი (თავჯდომარე, მომხსენებელი)
მაია ვაჩაძე, ნუგზარ სხირტლაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი - საქართველოს თავდაცვის სამინისტრო (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე - ი. ა-ე (მოსარჩელე)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 24 თებერვლის განჩინება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება
დავის საგანი - ერთჯერადი დახმარების ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ი. ა-ემ 2016 წლის 4 მარტს სარჩელი აღძრა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტარიულ საქმეთა კოლეგიაში მოპასუხე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიმართ. მოსარჩელემ სარჩელის დაზუსტების შემდეგ მოპასუხისათვის მის სასარგებლოდ ერთჯერადი დახმარების - 7000 ლარის გადახდის დაკისრება მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 29 ივლისის გადაწყვეტილებით ი. ა-ის სარჩელი დაკმაყოფილდა, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ი. ა-ის სასარგებლოდ დაეკისრა 7000 (შვიდი ათასი) ლარის გადახდა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 24 თებერვლის განჩინებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 29 ივლისის გადაწყვეტილება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 24 თებერვლის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ, რომლითაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით მოსარჩელისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
კასატორი მიუთითებს, რომ სააპელაციო სასამართლო არასწორად განმარტავს და არასწორ შეფასებას აძლევს მოსარჩელის კადრების განკარგულებაში ყოფნის საკითხს და თავდაცვის მინისტრის N560 ბრძანების 47-ე პირველი და მეორე პრიმა და N583 ბრძანების მე-13 მუხლებს. საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2007 წლის 26 სექტემბრის N560 ბრძანების 47-ე მეორე პრიმა მუხლის მიხედვით გათვალისწინებული ერთჯერადი დახმარება სამხედრო მოსამსახურეებზე გაიცემა მეორე და შემდგომი კონტრაქტის სრული ვადის ამოწურვის შემდეგ, მაგრამ ამასთანავე სახეზე უნდა იყოს პირველი კონტრაქტის უწყვეტად სრული ვადით დასრულების ფაქტი.
კასატორი აღნიშნავს, რომ ი. ა-ეს 2007 წლის 10 აპრილს გაუფორმდა N12659 კონტრაქტი, კონტრაქტის ვადა შეადგენდა 4 წელს და უნდა დასრულებულიყო 2011 წლის 10 აპრილს, საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2009 წლის 27 მაისის N2285 ბრძანებით ა-ე განთავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან და გადაყვანილ იქნა საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის J-1 პირადი შემადგენლობის დეპარტამენტის განკარგულებაში 2009 წლის 16 მაისიდან, საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2010 წლის 26 იანვრის N74 ბრძანებით იგი დაინიშნა შესაბამის თანამდებობაზე. აღნიშნულმა მოსამსახურემ არ იმსახურა პირველი კონტრაქტით გათვალისწინებული 4 წელი, კადრების განკარგულებაში იმყოფებოდა 8 თვე და შესაბამისად, არ ასრულებდა კონტრაქტით გათვალისწინებულ სამსახურეობრივ მოვალეობას, რის გამოც ვთვლით, რომ მასზე არ უნდა გაიცეს 2007 წლის 26 სექტემბრის N560 ბრძანების 47-ე მეორე პრიმა მუხლით გათვალისწინებული ერთჯერადი დახმარება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 12 აპრილის განჩინებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი ნაწილი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა არსებითად სწორად გადაწყვიტეს მოცემული დავა.
დადგენილია, რომ ი. ა-ე საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2009 წლის 27 მაისის N2285 ბრძანებით, გათავისუფლდა საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის სპეციალური ოპერაციების დაჯგუფების რეინჯერთა ბატალიონის რეინჯერთა ... ასეულის რეინჯერთა ... სექციის რეინჯერთა ... ჯგუფის ... თანამდებობიდან და გადაყვანილ იქნა საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის J-1 პირადი შემადგენლობის დეპარტამენტის განკარგულებაში 2009 წლის 16 მაისიდან. J-1 პირადი შემადგენლობის დეპარტამენტის განკარგულებიდან, ი. ა-ე საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2010 წლის 26 იანვრის N74 ბრძანებით, დაინიშნა საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის სპეციალური ოპერაციების ძალების მოიერიშე ბატალიონ „...“ ... მოიერიშე ასეულის ... მოიერიშე ოცეულის ... მოიერიშე ათეულის ... თანაშემწედ.
საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ სადავო პერიოდში მოქმედი ,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გენერალური შტაბის და სახმელეთო ჯარების თანამშრომელთა/მოსამსახურეთა სამსახურის გავლის წესის შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2011 წლის 21 ივლისის №583 ბრძანების მე-13 მუხლის მე-3 პუნქტზე და აღნიშნავს, რომ კადრების განკარგულებაში ყოფნის ვადა არ უნდა აღემატებოდეს ოთხ თვეს. აღნიშნული ვადის ამოწურვამდე კადრების განკარგულებაში ყოფნის შემთხვევაში, მოსამსახურე უნდა დაინიშნოს შესაბამის თანამდებობაზე ან დათხოვნილ/განთავისუფლებულ იქნეს სამსახურიდან. თუ აღნიშნული ვადის ამოწურვისას მოსამსახურე არ დაინიშნება შესაბამის თანამდებობაზე, სამინისტროს უფლებამოსილი თანამდებობის პირის მიერ დათხოვნის ბრძანების გამოცემის შემთხვევაში, მოსამსახურე ითვლება დათხოვნილად/განთავისუფლებულად აღნიშნული ვადის ამოწურვიდან მეორე დღეს. ამდენად, კადრების განკარგულებაში მყოფი სამხედრო მოსამსახურე დათხოვნილად ითვლება მხოლოდ კადრების განკარგულებაში ყოფნის 4 თვიანი ვადის გასვლისა და სამინისტროს უფლებამოსილი თანამდებობის პირის მიერ დათხოვნის ბრძანების გამოცემის შემთხვევაში. აღნიშნული წარმოადგენს კუმულატიურ პირობას, რომელთა არსებობის შემთხვევაშიც სამხედრო მომსახურე დათხოვნილად ითვლება კადრების განკარგულებაში ყოფნის 4 თვიანი ვადის ამოწურვის მეორე დღიდან. განსახილველ შემთხვევაში კადრების განკარგულებაში მყოფი ი. ა-ის მიმართ, 4 თვიანი ვადის გასვლის შემდეგ, ბრძანება მისი სამსახურიდან დათვხოვნის შესახებ არ ყოფილა გამოცემული, ამდენად არ არსებობს საკმარისი პირობა მასზედ, რომ მოსარჩელე მიჩნეულ იქნეს სამხედრო სამსახურიდან დათხოვნილად კადრების განკარგულებაში ყოფნის 4 თვიანი ვადის გასვლის მეორე დღიდან. ამასთან, ი. ა-ე 2010 წლის 26 იანვარს შესაბამის თანამდებობაზე დაინიშნა სწორედ კადრების განკარგულებიდან. აქედან გამომდინარე, ი. ა-ე გათავისუფლდა თანამდებობიდან, თუმცა მოსარჩელესთან გაფორმებული კონტრაქტი არ შეწყვეტილა და იგი სამხედრო სამსახურიდან დათხოვნილი არ ყოფილა, არამედ გადაყვანილ იქნა J-1 პირადი შემადგენლობის დეპარტამენტის განკარგულებაში. შესაბამისად, ი. ა-ესთან მიმართებით სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შეწყვეტის სამართლებრივი საფუძვლები არ წარმოშობილა. საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთან გაფორმებული 2007 წლის 10 აპრილის კონტრაქტის ვადის გასვლის დღეს, 2011 წლის 10 აპრილს, ი. ა-ესთან კვლავ გაფორმდა კონტრაქტი სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ, ოთხი წლის ვადით. მითითებული კონტრაქტის ვადა ამოიწურა 2015 წლის 10 აპრილს. ამავე დღეს გაფორმდა ი. ა-ესთან რიგით მესამე კონტრაქტი სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ, რომლის მოქმედების ვადა, ასევე განისაზღვრა 4 წლით. დღეის მდგომარეობით ი. ა-ე გადის სამხედრო სამსახურს 2015 წლის 10 აპრილის კონტრაქტის ფარგლებში. საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები ადასტურებს, რომ ი. ა-ე სამხედრო სამსახურს შეუდგა 2007 წლის 10 აპრილის კონტრაქტის საფუძველზე, 4 წლის ვადით, რომლის ამოწურვის შემდეგ, 2011 წლის 10 აპრილს გაფორმებული, მეორე კონტრაქტის საფუძველზე, კვლავ 4 წლის ვადით განაგრძობდა სამხედრო ვალდებულების შესრულებას. მითითებული ორივე კონტრაქტი შესრულდა მხარეთა მიერ, მისი შეწყვეტის ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძვლები არ წარმოშობილა, უფრო მეტიც მოსარჩელესთან თავდაცვის სამინისტრომ მეორე კონტრაქტით (2011 წლის 10 აპრილს გაფორმებული) განსაზღვრული ვადის ამოწურვის შემდეგ, 2015 წლის 10 აპრილს კვლავ გააფორმა ახალი კონტრაქტი სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ. შესაბაბამისად, ი. ა-ემ განახორციელა სამხედრო სამსახური ორი კონტრაქტის საფუძველზე, რომლის მოქმედების ვადა განსაზღვრული იყო 4-4 წელი და კონტრაქტებს შორის წყვეტას ადგილი არ ქონია. ამდენად, არ დასტურდება კასატორის მითითება, რომ ი. ა-ემ არ იმსახურა პირველი კონტრაქტით გათვალისწინებული 4 წელი.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ი. ა-ე აკმაყოფილებდა „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა, სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე და სამოქალაქო პირთა შრომის ანაზღაურების, სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2007 წლის 26 სექტემბრის N560 ბრძანების 471 და 472 პუნქტებით გათვალისწინებულ მოთხოვნას და მასზე გაცემულ უნდა იქნეს ერთჯერადი დახმარება 7 000 ლარის ოდენობით.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ემუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 24 თებერვლის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ვ. როინიშვილი
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
ნ. სხირტლაძე