Facebook Twitter

№ბს-435-428(კ-15) 16 ნოემბერი, 2015 წელი ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ლევან მურუსიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, ვასილ როინიშვილი

საქმის განხილვის ფორმა - მხარეთა დასწრების გარეშე

კასატორი (მოსარჩელე) - მ. ხ-ის წარმომადგენელი ნ. ი-ი

მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ მომსახურების სააგენტო

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა და ქმედების განხორციელების დავალება

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 23 აპრილის გადაწყვეტილება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2014 წლის 18 ივნისს მ. ხ-მა სარჩელით მიმართა რუსთავის საქალაქო სასამართლოს მოპასუხე სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიმართ და მოითხოვა სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს დირექტორის 2014 წლის 8 მაისის გადაწყვეტილების გაუქმება იმ ნაწილში, რომლითაც არ დაკმაყოფილდა მისი მოთხოვნა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს 2014 წლის 11 თებერვლისა და 2014 წლის 20 მაისის ნასამართლობის შესახებ ცნობების ბათილად ცნობის თაობაზე და მოპასუხისათვის ახალი ცნობის გაცემის დავალება, რომელშიც მითითებული იქნებოდა, რომ მ. თ. ხ-ი - პ/ნ ... , დაბადებული ...წელს არის ნასამართლობის არმქონე.

რუსთავის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 19 სექტემბრის გადაწყვეტილებით მ. ხ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს 2014 წლის 8 მაისის გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც არ დაკმაყოფილდა მოსარჩელის მოთხოვნა; ბათილად იქნა ცნობილი 2014 წლის 11 თებერვლის და 2014 წლის 20 მაისის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს ცნობები მ. ხ-ის ნასამართლობის შესახებ; სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს დაევალა გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში გასცეს ცნობა მ. ხ-ის ნასამართლობის არქონის შესახებ კანონმდებლობით დადგენილი წესითა და ვადებით თუ გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე არ იქნება იგი მსჯავრდებული სხვა ახალი დანაშაულისათვის.

მითითებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტომ და მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით მოსარჩელისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 23 აპრილის გადაწყვეტილებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ მომსახურების სააგენტოს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა რუსთავის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 19 სექტემბრის გადაწყვეტილება და ახალი გადაწყვეტილებით მ. ხ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა; მ. ხ-ს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ მომსახურების სააგენტოს სასარგებლოდ დაეკისრა მის მიერ სააპელაციო საჩივარზე სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 150 ლარის გადახდა.

მ. ხ-ის წარმომადგენელმა ნ. ი-მა განცხადებით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას, სადაც მიუთითა, რომ მ. ხ-ი გარდაიცვალა 2015 წლის 26 თებერვალს და მოითხოვა საქმის წარმოების შეწყვეტა, განცხადებას ერთვოდა გარდაცვალების მოწმობა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 23 აპრილის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა მ. ხ-ის წარმომადგენელმა ნ. ი-მა და მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 11 ივნისის განჩინებით მ. ხ-ის წარმომადგენლის ნ. ი-ის განცხადება საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ არ დაკმაყოფილდა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2015 წლის 3 ივლისის განჩინებით დასაშვებად იქნა მიჩნეული მ. ხ-ის წარმომადგენლის ნ. ი-ის საკასაციო საჩივარი და საკასაციო საჩივრის განხილვა დანიშნა მხარეთა დასწრების გარეშე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ მ. ხ-ის წარმომადგენლის ნ. ი-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს; გაუქმდეს რუსთავის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატისა და თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 23 აპრილის გადაწყვეტილებები და მოცემულ საქმეზე შეწყდეს საქმის წარმოება შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სადავო ან სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგენილი სამართლებრივი ურთიერთობიდან ერთ-ერთი მხარის გასვლის შემთხვევაში (მოქალაქის გარდაცვალება, იურიდიული პირის რეორგანიზაცია, მოთხოვნის დათმობა, ვალის გადაცემა და სხვა) სასამართლო დაუშვებს ამ მხარის შეცვლას მისი უფლებამონაცვლით, ხოლო ამავე კოდექსის 272-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, სასამართლო, მხარეთა განცხადებით ან თავისი ინიციატივით, შეწყვეტს საქმის წარმოებას, თუ საქმის ერთ-ერთ მხარედ მყოფი მოქალაქის გარდაცვალების შემდეგ, სადავო სამართლებრივი ურთიერთობიდან გამომდინარე, დაუშვებელია უფლებამონაცვლეობა.

ზემოაღნიშნული მუხლების დეფინიციიდან გამომდინარე, მართალია, ერთ-ერთი მხარის გარდაცვალება წარმოადგენს საპროცესო უფლებამონაცვლეობის საფუძველს, მაგრამ არა ყველა შემთხვევაში, არამედ მხოლოდ მაშინ, თუ სადავო სამართლებრივი ურთიერთობა დასაშვებად მიიჩნევს უფლებამონაცვლეობას. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საპროცესო უფლებამონაცვლეობა არ დაიშვება, თუ დაუშვებელია მატერიალურ-სამართლებრივი უფლებებისა და ვალდებულებების გადასვლა ერთი პირიდან მეორე პირზე. საპროცესო უფლებამონაცვლეობა ესაა მხარეებისა და მესამე პირების შეცვლა იმ პირებით, რომლებზეც მათი უფლებები და მოვალეობები გადავიდა.

საკასაციო სასამართლოს განმარტებით, როგორც საქმის მასალებით დადგენილია კასატორი (მოსარჩელე) მ. ხ-ი გარდაიცვალა 2015 წლის 26 თებერვალს (იხ. ს.ფ. 58; ტ.2), შესაბამისად, საქმის განხილვისათვის მნიშვნელოვანია იმის გარკვევა სადავო სამართლებრივი ურთიერთობიდან გამომდინარე, დასშვებია თუ არა უფლებამონაცვლეობა.

საკასაციო სასამართლოს მითითებით, კონკრეტულ შემთხვევაში დავის საგანია სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს დირექტორის 2014 წლის 8 მაისის გადაწყვეტილების გაუქმება იმ ნაწილში, რომლითაც არ დაკმაყოფილდა მ. ხ-ის მოთხოვნა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს 2014 წლის 11 თებერვლისა და 2014 წლის 20 მაისის ნასამართლობის შესახებ ცნობების ბათილად ცნობის თაობაზე და მოპასუხისათვის ახალი ცნობის გაცემის დავალება, რომელშიც მიეთითებოდა, რომ მ. თ. ხ-ი - პ/ნ ..., დაბადებული ...წელს არის ნასამართლობის არმქონე. მოსარჩელის მოთხოვნის მატერიალურ-სამართლებრივი საფუძველია სისხლის სამართლის კოდექსის 79.2 მუხლი, რომლის შესაბამისად: ,,სასჯელისაგან გათავისუფლებული ითვლება ნასამართლობის არმქონედ“. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ზემოაღნიშნული ადმინისტაციულ-სამართლებრივი აქტების გაუქმების მოთხოვნა იმ საფუძვლით, რომ გაცემულ იქნეს ახალი ცნობა,სადაც მითითებული იქნება, რომ მ. თ. ხ-ი - პ/ნ ..., დაბადებული ...წელს არის ნასამართლობის არმქონე, პირადი ხასიათისაა და მხოლოდ მ. ხ-ს ეკუთვნის. საკასაციო სასამართლოს განმარტებით, სამოქალაქო კოდექსის 1330-ე მუხლის დანაწესიდან გამომდინარე, სამკვიდროში არ შედის ის ქონებრივი უფლებები და მოვალეობები, რომლებიც პირადი ხასიათისაა და მხოლოდ მამკვიდრებელს შეიძლება ეკუთვნოდეს, ხოლო ამავე კოდექსის 1331-ე მუხლით რეგლამენტირებულია მამკვიდრებლის არაქონებრივი უფლებების დაცვა, კერძოდ, მამკვიდრებლის არაქონებრივი უფლებები, რომლებიც სამკვიდროში არ შედის, შეიძლება განახორციელონ და დაიცვან მემკვიდრეებმა კანონით გათვალისწინებული წესით. აღნიშნული მუხლებიდან გამომდინარე, პირადი არაქონებრივი უფლებები მემკვიდრეობით არ გადაიცემა, მამკვიდრებლებს უფლება აქვთ გარდაცვლილი პირის უფლებების დაცვა განახორციელონ სასმართლოსათვის სარჩელით მიმართვის გზით. შესაბამისად, კონკრეტულ საქმეზე დავის საგნის შინაარსიდან გამომდინარე დაუშვებელია უფლებამონაცვლეობა, რაც განსახილველ სარჩელზე საქმის წარმოების შეწყვეტის საფუძველია.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სარჩელზე უნდა შეწყდეს საქმის წარმოება და უნდა გაუქმდეს ამ საქმეზე ქვედა ინსტანციების მიერ მიღებული გადაწყვეტილებები.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის ,,ე“ ქვეპუნქტით, 390-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. მ. ხ-ის წარმომადგენლის ნ. ი-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;

2. მ. ხ-ის სარჩელზე შეწყდეს საქმის წარმოება - მ. ხ-ის გარდაცვალების გამო;

3. გაუქმდეს მოცემულ საქმეზე რუსთავის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 19 სექტემბრის გადაწყვეტილება და თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 23 აპრილის გადაწყვეტილება;

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. მურუსიძე

მოსამართლეები: მ. ვაჩაძე

ვ. როინიშვილი