№330310013000275363
№ბს-412-406(უს-15) 16 ნოემბერი, 2015 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ლევან მურუსიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მაია ვაჩაძე, ვასილ როინიშვილი
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
საჩივრის ავტორი (მოსარჩელე) _ თ. ნ-ე
მოწინააღმდეგე მხარეები (მოპასუხეები) _ საქართველოს თავდაცვის სამინისტრო; ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ისნის რაიონის გამგეობა, ი. კ-ი
მესამე პირები - რ. კ-ა, ჯ. ტ-ი
საჩივრის ავტორის მოთხოვნა – უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
თ. ნ-ემ სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიმართ და მოითხოვა 1998 წლის 14 მაისის პრივატიზაციის ხელშეკრულების ბათილად ცნობა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 17 მარტის საოქმო განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 16.2 მუხლის საფუძველზე მესამე პირებად ჩაებნენ რ. კ-ა და ჯ. ტ-ი.
მოსარჩელემ დაზუსტებული სარჩელით მოითხოვა ი. კ-ის სახელზე გაცემული 1998 წლის 14 მაისის №2ნ-181პრივატიზაციის ხელშეკრულების ბათილად ცნობა, ასევე დააზუსტა მოპასუხეთა წრე და მოპასუხეებად მიუთითა: ი. კ-ი და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ისნის რაიონის გამგეობა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 9 თებერვლის გადაწყვეტილებით თ. ნ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
მითითებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა თ. ნ-ემ და მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება.
2015 წლის 4 მაისს თ. ნ-ემ განცხადებით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას და მოითხოვა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 198-ე მუხლის მე-2 პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე, რ. კ-ას სახელზე საჯარო რეესტრში რეგისტრირებულ უძრავ ქონებაზე მდებარე, თბილისი, ..., კორპ.№..., ბინა №43, (საკადასტრო კოდი ...) ყადაღის დადება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 5 მაისის განჩინებით თ. ნ-ის განცხადება სარჩელის უზრუნველყოფის სახით ყადაღა დაედოს რ. კ-ას სახელზე საჯარო რეესტრში რეგისტრირებულ უძრავ ქონებას მდებარე თბილისი, ..., კორპ. №..., ბინა №43 (საკადასტრო კოდი ...) არ დაკმაყოფილდა.
სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ თ. ნ-ის სასარჩელო მოთხოვნას წარმოადგენს თბილისის გარნიზონის სახლმმართველობის წარმომადგენელსა და ი. კ-ს შორის გაფორმებული 1998 წლის 14 მაისის პრივატიზაციის ხელშეკრულების ბათილად ცნობა.
1996 წლის 30 სექტემბერს, ისნის რაიონის გამგეობამ ი. კ-ის სახელზე გასცა ორდერი, რომლის შესაბამისადაც, პოლკოვნიკ ი. კ-ს და მის ოჯახს, რომელიც შედგებოდა 3 სულისაგან, გადაეცათ საცხოვრებელი ფართი, მდებარე: ქ. თბილისი, ..., კორპუსი №..., ბინა №43.
თბილისის გარნიზონის საბინაო-საექსპლუატაციო კომისიის 1996 წლის 30 ნოემბრის სხდომაზე, განხილულ იქნა ი. კ-ისა და მისი ოჯახისათვის საცხოვრებელი ფართის გამოყოფის საკითხი. კომისიის დადგენილებით ი. კ-სა და მის ოჯახზე (შემადგენლობა 4 წევრი) განაწილდა 4-ოთახიანი ბინა, ფართით 58.4 კვ.მ. მდებარე: ... მხარის დაბა, ... 24-ე კვარტალი.
საქმის მასალებით ასევე დადგენილია, რომ დღეის მდგომარეობით საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის ტექნიკური ინვენტარიზაციის არქივის მონაცემებით ქ. თბილისი ..., კორპ. №..., ბინა №43 აღრიცხულია რ. კ-ას სახელზე, 2000 წლის 7 აპრილის რ№2-90 ხელშეკრულების საფუძველზე.
სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, სარჩელის უზრუნველყოფა, როგორც სამართლებრივი ინსტიტუტი, წარმოადგენს მატერიალური კანონმდებლობით დაცულ ამა თუ იმ პირის უფლებებისა და კანონიერი ინტერესების რეალური განხორციელების საპროცესო-სამართლებრივ გარანტიას, რომელსაც სასამართლო იყენებს დარღვეული თუ სადავოდ ქცეული უფლების შესახებ გადაწყვეტილების გამოტანამდე. აღნიშნული ღონისძიების გამოყენებისას, სასამართლო მსჯელობს მხოლოდ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების საფუძველზე, კერძოდ, სამომავლოდ მისაღები გადაწყვეტილების აღსრულების გაძნელების ან აღუსრულებლის საშიშროებაზე, მოსარჩელის მიერ მითითებული იმ კონკრეტული გარემოებების გათვალისწინებით, რომლებიც ადასტურებს ვარაუდს უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების აუცილებლობაზე. საკითხს უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებისა და ამ ღონისძიების სახის შესახებ წყვეტს სასამართლო მოთხოვნის ხასიათისა და შინაარსის გათვალისწინებით. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, უზრუნველყოფის ღონისძიება სასამართლოს შესაძლო გადაწყვეტილების რეალურად აღსრულებისათვის მოსალოდნელი დაბრკოლების თავიდან აცილების საშუალებაა და თუკი სარჩელის წარმოდგენის შემდეგ, შესაძლო გადაწყვეტილების აღსრულებას საფრთხე არ ემუქრება, მისი გამოყენების აუცილებლობა არ არსებობს.
სააპელაციო სასამართლომ საქმის მასალების შესაბამისად, დადასტურებულად მიიჩნია, რომ თ. ნ-ეს განსახილველ დავაში მოპასუხედ არ ჰყავს მითითებული რ. კ-ა, შესაბამისად, მისი სასარჩელო მოთხოვნა მიმართული არ არის ქონების მესაკუთრის მიმართ, ამიტომ ცალსახაა, რომ ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება - მესამე პირის ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ ვერ იქნება გამოყენებული. შესაბამისად, სარჩელის ამგვარი უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება განსახილველ შემთხვევაში დაუშვებელია. ამასთან, დასაბუთებული ვარაუდი იმისა, რომ მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი უზრუნველყოფის ღონისძიების განუხორციელებლობა გააძნელებს ან შეუძლებელს გახდის გადაწყეტილების აღსრულებას, სასამართლოს არ გასჩენია, განცხადებაში მითითებული გარემოებები არ ქმნის საკმარის საფუძველს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებისათვის, რის გამოც განმცხადებელს უარი უნდა ეთქვას სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების - ქონებაზე ყადაღის დადების გამოყენებაზე.მითითებული განჩინება საჩივრით გაასაჩივრა თ. ნ-ემ და მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 5 მაისის განჩინების სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე გაუქმება და მისი განცხადების დაკმაყოფილება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 5 ივნისის განჩინებით თ. ნ-ის საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 5 მაისის განჩინებაზე დაუსაბუთებლობის გამო, საქმის მასალებთან ერთად გადაეგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოს.
სააპელაციო სასამართლომ განჩინებაში მიუთითა, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 191-ე მუხლის შესაბამისად, განცხადება სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ უნდა შეიცავდეს მითითებას იმ გარემოებებზე, რომელთა გამოც უზრუნველყოფის ღონისძიებათა მიუღებლობა გააძნელებს ან შეუძლებელს გახდის გადაწყვეტილების აღსრულებას და შესაბამის დასაბუთებას, თუ უზრუნველყოფის რომელი ღონისძიების გატარება მიაჩნია მოსარჩელს აუცილებლად. აღნიშნული ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების მიზანი არის განსახილველ საქმეზე მისაღები გადაწყვეტილების რეალურად აღსრულებისათვის მოსალოდნელი დაბრკოლების თავიდან აცილება. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 198.2 მუხლის ,,ა“ ქვეპუნქტზე, რომელიც ადგენს, რომ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება შეიძლება იყოს ყადაღის დადება ქონებაზე, ფასიან ქაღალდებსა თუ ფულად სახსრებზე, რომლებიც მოპასუხეს ეკუთვნის და არის მასთან ან სხვა პირთან.
სააპელაციო სასამართლოს მითითებით, საქმის მასალებით დადასტურებულია, რომ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის ტექნიკური ინვენტარიზაციის არქივის მონაცემებით, ქ. თბილისი, ..., კორპ. №..., ბინა №43 აღრიცხულია რ. კ-ას სახელზე, 2000 წლის 7 აპრილის რ№2-90 ხელშეკრულების საფუძველზე.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 17 მარტის საოქმო განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრული მესამე პირის სახით განსახილველ დავაში ჩაერთო რ. კ-ა, რომელიც ამავე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, სარგებლობს მოსარჩელისა და მოპასუხის ყველა უფლებით, თუმცა დაეკისრება მხოლოდ მოსარჩელის ყველა მოვალეობა. ამდენად, ცალსახაა, რომ ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება - მესამე პირის ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ ვერ იქნება გამოყენებული. შესაბამისად, სარჩელის ამგვარი უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება კონკრეტულ შემთხვევაში დაუშვებელია. ამასთან, დასაბუთებული ვარაუდი იმისა, რომ მოსარჩელის მიერ მოთხოვილი უზრუნველყოფის ღონისძიების განუხორციელებლობა გააძნელებს ან შეუძლებელს გახდის გადაწყვეტილების აღსრულებას, სააპელაციო პალატას არ გასჩენია, განცხადებსა და საჩივარში მითითებული გარემოებები არ ქმნის საკმარის საფუძველს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებისათვის.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლისა და საჩივრის საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ თ. ნ-ის საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილზე და განმარტავს, რომ თუ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1971-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ზემდგომი ინსტანციის სასამართლოში საჩივარი განიხილება ამ კოდექსის 419-ე და 420-ე მუხლებით დადგენილი წესებით. ამავე კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ 1996 წლის 30 სექტემბერს ისნის რაიონის გამგეობამ ი. კ-ის სახელზე გასცა ორდერი, რომლის შესაბამისად, პოლკოვნიკ ი. კ-ს და მის ოჯახს, რომელიც შედგებოდა 3 სულისაგან გადაეცათ საცხოვრებელი ფართი, მდებარე, ქ. თბილისი, ..., კორპუსი №..., ბინა №43.
თბილისის გარნიზონის საბინაო-საექსპლუატაციო კომისიის 1996 წლის სხდომაზე, განხილულ იქნა ი. კ-ისა და მისი ოჯახისათვის საცხოვრებელი ფართის გამოყოფის საკითხი. კომისიის დადგენილებით ი. კ-სა და მის ოჯახზე (შემადგენლობა 4 წევრი) განაწილდა 4-ოთახიანი ბინა, ფართით 58,4 კვ.მ. მდებარე: ... მხარის დაბა, ... 24-ე კვარტალი.
1998 წლის 14 მაისს ი. კ-სა და თბილისის გარნიზონის სახლმართველობის წარმომადგენელს შორის გააფორმდა პრივატიზაციის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც ი. კ-ს გადაეცა სამოთახიანი ბინა, საცხოვრებელი ფართით 45 კვ.მ. საერთო ფართით 70 კვ.მ. მდებარე: ქ. თბილისი, ..., კორპუსი №..., ბინა№43.
1999 წლის 13 ივლისს ი. კ-ის წარმომადგენელსა და ჯ. ტ-ს შორის დაიდო ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც ქ. თბილისში, ..., კორპ. №..., ბინა №43-ში მდებარე საცხოვრებელი ფართი 3000 ლარად გასხვისდა ჯ. ტ-ის სახელზე, ხოლო ამ უკანასკნელმა აღნიშნული უძრავი ქონება 2000 წლის 7 აპრილს გაასხვისა რ. კ-ას სახელზე.
ქ. თბილისის მერიის მიერ 2005 წლის 21 მარტს გაიცა თ. ნ-ის სახელზე სამსახურებრივი ორდერი, რომლის თანახმად თ. ნ-ეს და მის ოჯახს, რომელიც შედგებოდა 3 წევრისგან გადაეცა საცხოვრებელი ფართი, მდებარე: ქ. თბილისი, ..., კორპ. №..., ბინა №43, საქართველოს შეიარაღებული ძალების ჯარების ლოგისტიკური უზრუნველყოფის დეპარტამენტის 2005 წლის 16 მარტის №3-11/846 წერილის საფუძველზე.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ დღეის მდგომარეობით საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის ტექნიკური ინვენტარიზაციის არქივის მონაცემებით ქ. თბილისი, ..., კორპ. №..., ბინა №43 აღრიცხულია რ. კ-ას სახელზე, 2000 წლის 7 აპრილის რ№2-90 ხელშეკრულების საფუძველზე.
მოსარჩელე - თ. ნ-ე სარჩელით ითხოვს თბილისის გარნიზონის სახლმართველობის წარმომადგენელსა და ი. კ-ს შორის 1998 წლის 14 მაისს გაფორმებული პრივატიზების ხელშეკრულების ბათილად ცნობას.
საკასაციო სასამართლო საქმის მასალებით დადგენილად მიიჩნევს, რომ საჩივრის ავტორის - თ. ნ-ის მოთხოვნას სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების სახით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 198-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საჯარო რეესტრში საქმეში მესამე პირად ჩართული რ. კ-ას საკუთრებად რეგისტრირებულ უძრავ ქონებაზე მდებარე, ქ. თბილისი, ..., კორპ.№..., ბინა№43 (ს/კ ...) ყადაღის დადება წარმოადგენს.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 191-ე მუხლზე, რომლითაც გათვალისწინებულია მოსარჩელის უფლება მიმართოს სასამართლოს განცხადებით სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ, ამავე მუხლით განსაზღვრულია მითითებული საპროცესო უფლების რეალიზაციის წესი. კერძოდ, განცხადება უნდა შეიცავდეს მითითებას იმ გარემოებებზე, რომელთა გამოც უზრუნველყოფის ღონისძიების მიუღებლობა გააძნელებს, ან შეუძლებელს გახდის გადაწყვეტილების აღსრულებას და შესაბამის დასაბუთებას, თუ სარჩელის უზრუნველყოფის რომელი ღონისძიების გატარება მიაჩნია მოსარჩელეს აუცილებლად. აღსანიშნავია, რომ მოცემული ნორმით სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება ემყარება მოსამართლის ვარაუდს, რომ მხარის სასარჩელო მოთხოვნა შეიძლება დაკმაყოფილდეს. ასეთი ვარაუდი გავლენას არ ახდენს სასამართლოს მიერ შემდგომი გადაწყვეტილების გამოტანაზე.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების საკითხის გადაწყვეტა დამოკიდებულია მხარის მიერ იმ გარემოების დასაბუთებაზე, თუ რამდენად შეუშლის ხელს მართლმსაჯულების მიზნების განხორციელებას - გადაწყვეტილების შემდგომ აღსრულებას ამ ღონისძიების გაუტარებლობა. საკასაციო სასამართლო უსაფუძვლოდ მიიჩნევს საჩივრის ავტორის - თ. ნ-ის მოთხოვნას სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების სახით მესამე პირის - რ. კ-ას საკუთრებაში არსებულ ქონებაზე ყადაღის დადების თაობაზე და მიუთითებს, რომ თ. ნ-ე ვერ ასაბუთებს განსახილველი დავის ფარგლებში უზრუნველყოფის ღონისძიების სახით ყადაღის გამოუყენებლობა რა ზიანს აყენებს მისი ინტერესის დაცვასა და სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებას. მით უფრო იმ შემთხვევაში, როდესაც დავის საგანია - თბილისის გარნიზონის სახლმართველობის წარმომადგენელსა და ი. კ-ს შორის 1998 წლის 14 მაისს გაფორმებული პრივატიზების ხელშეკრულების ბათილად ცნობა და როგორც საქმის მასალებით დასტურდება, 1999 წლის 13 ივლისს ი. კ-ის წარმომადგენელსა და ჯ. ტ-ს შორის დაიდო ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც ქ. თბილისში, ..., კორპ. №..., ბინა №43-ში მდებარე საცხოვრებელი ფართი 3000 ლარად გასხვისდა ჯ. ტ-ის სახელზე, ხოლო ამ უკანასკნელმა აღნიშნული უძრავი ქონება 2000 წლის 7 აპრილს გაასხვისა რ. კ-ას სახელზე და დღეის მდგომარეობით, ქ. თბილისში, ..., კორპ.№..., ბინა№43 ბინა, რომლეზე ყადაღის დადებასაც ითხოვს მოსარჩელე საჯარო რეესტრში აღრიცხულია რ. კ-ას საკუთრებად. საკასაციო სასამართლოს განმარტებით, სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაშიც კი, კერძოდ პრივატიზაციის ხელშეკრულების ბათილად ცნობითაც, სარჩელის მიზანი მიუღწეველი დარჩება, ვინაიდან, ძალაშია ზემოაღნიშნული ნასყიდობის ხელშეკრულებები.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ თ. ნ-ის საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 5 ივნისის განჩინებაზე უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1971-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. თ. ნ-ის საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 5 ივნისისა და 2015 წლის 5 მაისის განჩინებები;
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. მურუსიძე
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
ვ. როინიშვილი