Facebook Twitter

№010332015900000999

საქმე №ბს-643-636(კს-15) 17 დეკემბერი, 2015 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ლევან მურუსიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მაია ვაჩაძე, ვასილ როინიშვილი

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის შესაბამისად, ზეპირი მოსმენის გარეშე, შეამოწმა საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის კერძო საჩივრის დასაშვებობის საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 6 ივლისის დადგენილებაზე.

სს ,,...“ 2015 წლის 23 იანვარს საჩივრით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხეების საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიისა და გ. ჯ-ის მიმართ. საჩივრის ავტორმა სსიპ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2014 წლის 18 დეკემბრის №51/4 გადაწყვეტილების გაუქმება მოითხოვა.

საჩივრის ავტორმა მიუთითა, რომ საქართველოს ენრგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ უსაფუძვლოდ მიიჩნია, რომ გ. ჯ-ის მიერ ელექტროენერგიის თვითნებურად ჩართვა ისე, რომ ადგილი არ ჰქონდა მრიცხველის გვერდის ავლით ელექტროენერგიის მოხმარებას ან დატაცებას, არ ჩაითვლება სამართალდარღვევად.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 20 მარტის დადგენილებით სს ,,...“ საჩივარი დაკამყოფილდა; გაუქმდა საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2014 წლის 18 დეკემბრის №51/4 გადაწყვეტილება. აღნიშნული დადგენილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პლატის 2015 წლის 6 ივლისის დადგენილებით საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 20 მარტის №4/407-15 დადგენილებაზე დარჩა განუხილველი დაუშვებლობის გამო.

2015 წლის 10 სექტემბერს საქართველოს უზენაეს სასამართლოს კერძო საჩივრით მომართა საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ, რომელმაც მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 6 ივლისის დადგენილების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება.

საკასაციო სასამართლო საქმის მასალებისა და წარმოდგენილი კერძო საჩივრის გაცნობის შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის კერძო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის მოტივით.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მოქმედ კანონმდებლობაში განხორციელებული ცვლილებების შედეგად კანონმდებელმა ახლებურად დაარეგულირა სასამართლოთა კომპეტენცია ადმინისტრაციული სამართალდარღვევების საქმეების განხილვასთან დაკავშირებით.

„საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 26 აპრილის კანონის შესაბამისად, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-6 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდა შემდეგნაირად: მაგისტრატი მოსამართლეები განიხილავენ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერების თაობაზე საქმეებს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი წესით. ამავე მუხლის „ბ1“ ქვეპუნქტის შესაბამისად, მაგისტრატი მოსამართლეები განიხილავენ ასევე სასამართლოში წარდგენილი შესაბამისი ოქმის საფუძველზე, სასამართლოს მიერ განსახილველი ადმინისტრაციული სამართალდარღვევების თაობაზე, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი წესით.

ამდენად, კანონმდებელმა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა თაობაზე გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერების საკითხის განხილვა დაუქვემდებარა სასამართლოთა მიერ არა სამართალწარმოების, არამედ ადმინისტრაციული წარმოების წესით განხილვას და მიუთითა ამ კატეგორიის დავათა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი წესით განხილვაზე.

მოცემულ შემთხვევაში გ. ჯ-ის მიმართ სახდელის სახით გაფრთხილება გამოყენებულ იქნა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 961 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, რომლის თანახმად, ელექტროენერგიის წარმოების ლიცენზიანტის, მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურის გადაცემის ან განაწილების ქსელიდან ელექტროენერგიის ან ბუნებრივი გაზის (აირის) ტრანსპორტირების სისტემიდან ან განაწილების ქსლიდან ბუნებრივი გაზის (აირის) დატაცება, მიუხედავად დატაცების ფორმისა, ელექტროენერგიის ან ბუნებრივი გაზის (აირის) მოხმარება მისი აღრიცხვის გარეშე ან აღრიცხვის წესების დარღვევით გამოიწვევს გაფრთხილებას.

სამართალდარღვევათა საქმეებზე მიღებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გასაჩივრების წესს განსაზღვრავს სამართალდარღვევათა კოდექსის 272-ე მუხლი, რომლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ორგანოს (თამანდებობის პირის) დადგენილება, აგრეთვე ამ კოდექსის 2341 მუხლით განსაზღვრული წესით ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის ადგილზე განხილვისას მიღებული გადაწყვეტილება ჯარიმის სახით ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ შეიძლება გასაჩივრდეს ზემდგომ ორგანოში (ზემდგომ თანამდებობის პირთან) ან რაიონის (ქალაქის) სასამართლოში, რომლის გადაწყვეტილება საბოლოოა; გადაწყვეტილება სხვაგვარი ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ შეიძლება გასაჩივრდეს ზემდგომ ორგანოში (ზემდგომ თანამდებობის პირთან), რის შემდეგაც საჩივარი შეიძლება შეტანილ იქნეს რაიონის (ქალაქის) სასამართლოში, რომლის გადაწყვეტილება საბოლოოა.

ამდენად, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას სახდელის შეფარდების შესახებ სს ,,...“ 2014 წლის 27 ნოემბრის #573 დადგენილებისა და საჩივრის განხილვის შედეგად საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის მიერ 2014 წლის 18 დეკემბერს მიღებული #51/4 გადაწყვეტილების გასაჩივრების წესთან დაკავშირებით.

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ 2014 წლის 18 დეკემბრის #51/4 გადაწყვეტილებით განიხილა გ. ჯ-ის საჩივარი „გაფრთხილების სახით ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ“ სს ,,...“ 2014 წლის 27 ნოემბრის #573 დადგენილების გაუქმების თაობაზე. კომისიის გადაწყვეტილებით გ. ჯ-ის განცხადება დაკმაყოფილდა; გაუქმდა „გაფრთხილების სახით ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ“ სს ,,...“ 2014 წლის 27 ნოემბრის №573 დადგენილება და გ. ჯ-ის მიმართ შეწყდა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოება.

თბილისის საქალაქო სასამართლოში 2015 წლის 23 დეკემბერს შეტანილი საჩივრით სს ,,...“ სადავოდ ხდიდა საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2014 წლის 18 დეკემბრის #51/4 გადაწყვეტილებას, რაც დაკმაყოფილდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 20 მარტის დადგენილებით. ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მართებულად დატოვა სააპელაციო სასამართლომ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის საჩივარი განუხილველად, რამდენადაც საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 272-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის დანაწესიდან გამომდინარე, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე მიღებული ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გასაჩივრებას ექვემდებარება მხოლოდ პირველი ინსტანციის სასამართლოში, რომლის გადაწყვეტილებაც საბოლოოა.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ მართებულად არ დაუშვა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 20 მარტის დადგენილებაზე წარდგენილი სააპელაციო საჩივარი.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის კერძო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 6 ივლისის დადგენილებაზე უნდა დარჩეს განუხილველი დაუშვებლობის გამო, რამდენადაც არ არსებობს განსახილველად მისი დაშვების პროცესუალური წინაპირობა.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. განუხილველი დარჩეს საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის კერძო საჩივარი დაუშვებლობის გამო;

2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. მურუსიძე

მოსამართლეები: მ. ვაჩაძე

ვ. როინიშვილი