Facebook Twitter

№330310014663900

საქმე №ბს-760-752(კს-15) 29 დეკემბერი, 2015 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ლევან მურუსიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მაია ვაჩაძე, ვასილ როინიშვილი

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი _ სსიპ შემოსავლების სამსახური

მოწინააღმდეგე მხარე _ შპს „...“

მოპასუხე _ საქართველოს ფინანსთა სამინისტრო

დავის საგანი _ სააპელაციო საჩივრის დასაშვებობა

გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 1 ოქტომბრის განჩინება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

შპს „...“ 014 წლის 3 დეკემბერს სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს მოპასუხეების საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და სსიპ შემოსავლების სამსახურის მიმართ, რომლითაც სსიპ შემოსავლების სამსახურის 2014 წლის 8 აგვისტოს №36476 ბრძანებისა და ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2014 წლის 4 ნოემბრის გადაწყვეტილების ბათილად ცნობა მოითხოვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 25 ივნისის გადაწყვეტილებით შპს „...“ სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი სსიპ შემოსავლების სამსახურის 2014 წლის 8 აგვისტოს №36476 ბრძანება; ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2014 წლის 4 ნოემბრის გადაწყვეტილება; სსიპ შემოსავლების სამსახურს დაევალა შპს „...“ საჩივრის განხილვა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ და სსიპ შემოსავლების სამსახურმა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 1 ოქტომბრის განჩინებით სსიპ შემოსავლების სამსახურის სააპელაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 25 ივნისის გადაწყვეტილებაზე დარჩა განუხილველი.

სააპელაციო სასამართლომ საქმის მასალების საფუძველზე დადგენილად მიიჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 25 ივნისის გადაწყვეტილება 2015 წლის 11 აგვისტოს ჩაჰბარდა სსიპ შემოსავლების სამსახურს, რაც დასტურდება საქმეში არსებული ,,გზავნილით’’. მოპასუხე სსიპ შემოსავლების სამსახური ვალდებული იყო სასამართლოში ან საფოსტო განყოფილებაში სააპელაციო საჩივარი შეეტანა სასამართლო გადაწყვეტილების ჩაბარების მეორე დღიდან (2015 წლის 11 აგვისტოდან) 14 დღის ვადაში ანუ 25 აგვისტოს ჩათვლით. სსიპ შემოსავლების სამსახურმა კი თბილისის საქალაქო სასამართლოში სააპელაციო საჩივარი წარადგინა 2015 წლის 27 აგვისტოს ანუ კანონით დადგენილი 14 - დღიანი ვადის დარღვევით. თბილისის საქალაქო სასამართლოში სააპელაციო საჩივარი, რომ 2015 წლის 27 აგვისტოს არის წარდგენილი დადასტურებულია თვით სსიპ შემოსავლების სამსახურის 2015 წლის 27 აგვისტოს მიმართვით N21-04/91239 და მასზე არსებული თბილისის საქალაქო სასამართლოს ,,შტამპით’’. სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლის თანახმად, სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადა შეადგენს 14 დღეს, ამ ვადის გაგრძელება (აღდგენა) არ შეიძლება და იგი იწყება მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. აქედან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ არსებობდა მოპასუხე სსიპ შემოსავლების სამსახურის სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველი, ვინაიდან სააპელაციო საჩივარი წარდგენილია კანონით დადგენილი 14 - დღიანი ვადის დარღვევით.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 1 ოქტომბრის განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა სსიპ შემოსავლების სამსახურმა. საჩივრის ავტორმა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და შემოსავლების სამსახურის სააპელაციო საჩივრის განსახილველად დაშვება მოითხოვა.

კერძო საჩივრის ავტორმა აღნიშნა, რომ სსიპ შემოსავლების სამსახურს თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება ჩაჰბარდა 2015 წლის 11 აგვისტოს, რომელზედაც სააპელაციო საჩივარი მომზადდა 2015 წლის 21 დეკემბერს, რაც დასტურდება სააპელაციო საჩივარზე დასმული უფლებამოსილი პირის ხელმოწერით. საჩივრის ელექტრონულ ბაზაში ატვირთვა და გაგზავნა განხორციელდა 2015 წლის 24 აგვისტოს, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით გათვალისწინებულ ვადაში, რაც დგინდება შემოსავლების სამსახურის ერთიანი ელექტრონული ბაზის ამონაწერით (დანართი 1), რომელიც ადასტურებს, რომ სააპელაციო საჩივარი ელექტრონულად გაგზავნილია 2015 წლის 24 აგვისტოს. შესაბამისად, თბილისის სააპელაციო სასამართლომ სსიპ შემოსავლების სამსახურის სააპელაციო საჩივარი ყოვლად უსაფუძვლოდ დატოვა განუხილველად, რის გამოც კერძო საჩივრის ავტორს მიაჩნია, რომ განჩინება არის დაუსაბუთებელი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატა საქმის მასალების გაცნობის, კერძო საჩივრის საფუძვლიანობისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ შემოსავლების სამსახურის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე. თუ საჩივარი, საბუთები ან ფულადი თანხა ფოსტას, ან ტელეგრაფს ჩაჰბარდა ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე, ვადა გასულად არ ჩაითვლება.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის შესაბამისად, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.

საკასაციო პალატა დადგენილად მიიჩნევს, რომ მხარეს _ სსიპ შემოსავლების სამსახურს, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 25 ივნისის გადაწყვეტილება 2015 წლის 11 აგვისტოს გადაეცა, რაც სადავო არ არის და თავადაც ადასტურებს კერძო საჩივრის ავტორი. სააპელაციო საჩივრის წარდგენის ვადა, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სსიპ შემოსავლების სამსახურს 2015 წლის 25 აგვისტოს ოცდაოთხ საათზე ამოეწურა, ხოლო სააპელაციო საჩივარი კი სსიპ შემოსავლების სამსახურმა 2015 წლის 27 აგვისტოს ჩააბარა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, ანუ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლის პირველ ნაწილში მითითებული 14 _ დღიანი ვადის დარღვევით. სსიპ შემოსავლების სამსახურს არ წარმოუდგენია თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 25 ივნისის გადაწყვეტილების 2015 წლის 25 აგვისტოს ჩათვლით ჩაბარების დამადასტურებელი უტყუარი მტკიცებულება. სსიპ შემოსავლების სამსახურის მიერ წარმოდგენილი შემოსავლების სამსახურის ერთიანი ელექტრონული ბაზიდან ამონაწერი არ ადასტურებს პროცესუალური კანონმდებლობით განსაზღვრული გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადის დაცვას, ამონაწერი ვერ უარყოფს შემოსავლების სამსახურის სააპელაციო საჩივარზე დართულ მიმართვაზე დასმულ შტამპზე მითითებული თარიღის უტყუარობას (ტ. I, ს. ფ. 449), რომლითაც დასტურდება სააპელაციო საჩივრის სასამართლოსათვის 2015 წლის 27 აგვისტოს წარდგენის ფაქტი. კერძო საჩივრის ავტორის მიერ წარმოდგენილი ერთიანი ელექტრონული ბაზიდან ამონაწერითაც დგინდება, რომ დოკუმენტი №21-04/91239 (სარეგისტრაციო ნომერი ემთხვევა მოცემულ დავაზე წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრის სსიპ შემოსავლების სამსახურში აღრიცხვის ნომერს) ხელმოწერილია 2015 წლის 24 აგვისტოს და 27 აგვისტოს არის გატარებული, ხოლო საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ მოქმედებას - 2015 წლის 25 აგვისტოს ჩათვლით საჩივრის სასამართლოში ან ფოსტაში წარდგენას არც ერთი სტატუსი არ ადასტურებს, რის გამოც არ არსებობს სსიპ შემოსავლების სამსახურის ერთიანი ელექტრონული ბაზიდან ამონაწერის სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ მტკიცებულებად მიჩნევის შესაძლებლობა. საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ საპროცესო კანონმდებლობა უფლების განხორციელების - სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრების თარიღად მიიჩნევს არა სააპელაციო საჩივრის მომზადებისა და ხელმოწერის, არამედ სასამართლოში შეტანის ან ფოსტაში ჩაბარების თარიღს. ამდენად, კერძო საჩივრის ავტორის მიერ მითითებულ უფლებამოსილი პირის მიერ ხელმოწერის თარიღს არ აქვს მნიშვნელობა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლით გათვალისწინებული მიზნებისათვის.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სსიპ შემოსავლების სამსახურის სააპელაციო საჩივარი ვერ ჩაითვლება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად სააპელაციო საჩივრისათვის დადგენილ ვადაში შეტანილად. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ არსებობდა სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადის დარღვევის მოტივით სსიპ შემოსავლების სამსახურის სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველი, რის გამოც სსიპ შემოსავლების სამსახურის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 1 ოქტომბრის განჩინება.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. სსიპ შემოსავლების სამსახურის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 1 ოქტომბრის განჩინება;

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. მურუსიძე

მოსამართლეები: მ. ვაჩაძე

ვ. როინიშვილი