Facebook Twitter

#ბს-638-631(3კს-15) 10 დეკემბერი, 2015 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე, ლევან მურუსიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი (მოსარჩელე) _ მ. ბ-ა

მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) _ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო

დავის საგანი _ განჩინების განმარტება

გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 9 სექტემბრის განჩინება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2014 წლის 7 ნოემბერს მ. ბ-ამ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე - საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს მიმართ.

მოსარჩელემ მოითხოვა ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2014 წლის 6 ოქტომბრის №02/01-11/26774 ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის, ასევე საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ აქტების (გადაწყვეტილებების) ბათილად ცნობა, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროსათვის ქმედების განხორციელების დავალება, კერძოდ, მ. ბ-ას ოჯახისათვის საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 9 აგვისტოს №320 ბრძანებით დამტკიცებული #5 დანართით დადგენილი სოციალური კრიტერიუმის გათვალისწინებით ქულის მინიჭებისას დაბალი შემოსავლის მაჩვენებლით ქულის მინიჭება, საბოლოოდ, ოჯახის შეფასების მაჩვენებლად დაბალი შემოსავლის მაჩვენებლის 1 ქულით, სოციალური სიღარიბის კრიტერიუმში 3 ქულით განსაზღვრა და ქალაქ ფოთში, ... დასახლებაში მდებარე ობიექტზე მ. ბ-ას ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის შესახებ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროსათვის დავალება. ამასთან, მოსარჩელემ იშუამდგომლა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, საქმეში მესამე პირებად რო. ბ-ას, რ. ბ-ას, ლ. ბ-ას, ლ. ნ-ის, თ. ბ-ას, ა. ბ-ასა და ე. ბ-ას ჩაბმის შესახებ.

მოსარჩელემ სასარჩელო მოთხოვნის დაზუსტების შედეგად მოითხოვა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს 2014 წლის 6 ოქტომბრის №02/01-11/26774 ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ქალაქ ფოთში, ... მდებარე ობიექტზე მ. ბ-ასა და მისი ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის შესახებ ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროსათვის დავალება, ასევე, მოსარჩელის მიერ გაწეული პროცესის ხარჯების - წარმომადგენლობითი უფლებამოსილების დამადასტურებელი ორი დოკუმენტის სანოტარო წესით გაფორმებისათვის 24 (12X2) ლარის, მგზავრობის ხარჯის - სულ 86 ლარის, საფოსტო მომსახურების ხარჯის - 6,4 (3,2X2) ლარის, ადვოკატის დახმარებისათვის 2000 ლარის ანაზღაურების საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროსათვის დაკისრება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 12 იანვრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, საქმეში მესამე პირებად ჩაებნენ რო. ბ-ა, რ. ბ-ა, ლ. ბ-ა, ლ. ნ-ე, თ. ბ-ა, ა. ბ-ა და ე. ბ-ა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 1 აპრილის გადაწყვეტილებით მ. ბ-ას სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს 2014 წლის 6 ოქტომბრის №02/01-11/26774 ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დაევალა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებათა შესწავლისა და გამოკვლევის შემდეგ, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა მ. ბ-ას ოჯახის საცხოვრებლით უზრუნველყოფის საკითხთან დაკავშირებით; საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს მ. ბ-ას სასარგებლოდ დაეკისრა მოსარჩელის მიერ გაწეული პროცესის ხარჯის ანაზღაურება 116,4 ლარის ოდენობით; ხოლო ადვოკატის მომსახურების ხარჯის ანაზღაურებაზე მოსარჩელეს ეთქვა უარი.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 1 აპრილის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მ. ბ-ამ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის 1-ლი პუნქტის გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით მ. ბ-ას სარჩელის სრულად დაკმაყოფილება; გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე- 2 პუნქტის გაუქმება და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს 2014 წლის 6 ოქტომბრის 92/01-11/26774 ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა; სააპელაციო სასამართლოს მიერ ახალი გადაწყვეტილების მიღებით თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 1 აპრილის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტის გაუქმება, რომლითაც მოსარჩელეს უარი ეთქვა ადვოკატის მომსახურების ხარჯის ანაზღაურებაზე და ახალი გადაწყვეტილების მიღებით ადვოკატის მომსახურების ხარჯის - 2000 ლარის სრულად ანაზღაურება. აპელანტმა ასევე მოითხოვა სააპელაციო სასამართლოში ადვოკატის მომსახურებისათვის გაწეული ხარჯის - 2400 ლარის ანაზღაურების საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროსათვის დაკისრება მ. ბ-ას სასარგებლოდ.

სააპელაციო სასამართლოში საქმის ზეპირი განხილვისას საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს წარმომადგენელმა სასამართლოს წარუდგინა დევნილთა საცხოვრებელით უზრუნველყოფის შესახებ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2015 წლის 8 ივნისის №894 ბრძანება, რომლის თანახმად, ქ. ფოთში, ... ქ. N7-ში მდებარე, რეაბილიტირებულ შენობაში და ..., ახალ დასახლებაში, ... და ... ქუჩებზე არსებულ კორპუსებში, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ბინებით უზრუნველყოფილ იქნენ დევნილთა ოჯახები თანდართული დანართის შესაბამისად. ბრძანებაზე დართული დანართის თანახმად, მ. ბ-ა ოჯახის წევრებთან ერთად - რო. ბ-ა, ლ. ბ-ა, თ. ბ-ა, რ. ბ-ა, ლ. ნ-ე, ე. ბ-ა, ა. ბ-ა, დაკმაყოფილებულ იქნენ საცხოვრებელი ფართით ქ. ფოთში, .... აღნიშნულის შესაბამისად, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს წარმომადგენელმა იშუმადგომლა დავის საგნის არარსებობის გამო საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 22 ივლისის განჩინებით საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს შუამდგომლობა დაკმაყოფილდა; მოცემული საქმის წარმოება შეწყდა; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 1 აპრილის გადაწყვეტილება; საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს მ. ბ-ას სასარგებლოდ დაეკისრა პროცესის ხარჯების ანაზღაურება 116,4 ლარის ოდენობით; საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს მ. ბ-ას სასარგებლოდ დაეკისრა პირველი და სააპელაციო ინსტანციის სასამართლოებში ადვოკატის მომსახურებისათვის გაწეული ხარჯის ანაზღაურება 1000 ლარის ოდენობით.

სააპელაციო სასამართლოს მითითებით, მოცემულ საქმეზე სასარჩელო მოთხოვნას წარმოადგენდა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს 2014 წლის 6 ოქტომბრის №02/01-11/26774 ინდივიუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროსთვის ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება, რომლითაც მოხდებოდა მ. ბ-ასა და მისი ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფა ქალაქ ფოთში, მალთაყვაში მდებარე ობიექტზე.

სააპელაციო სასამართლოს მითითებით, სასარჩელო მოთხოვნების სამართლებრივი ანალიზიდან გამომდინარე ცხადი იყო, რომ მოსარჩელის იურიდიული ინტერესი მდგომარეობდა იმაში, რომ მოსარჩელეს სურდა სარჩელის დაკმაყოფილების გზით მოეპოვებინა საცხოვრებელი ფართი ქ. ფოთში, ... მდებარე შენობაში. შესაბამისად, მოცემულ საქმეზე დავის საგანს წარმოადგენდა მ. ბ-ასა და მისი ოჯახის წევრების გრძელვადიანი ფართით უზრუნველყოფა. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ საქმეში წარმოდგენილი, დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის შესახებ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2015 წლის 8 ივნისის №894 ბრძანება, რომლის თანახმად მ. ბ-ა ოჯახის სხვა წევრებთან ერთად დაკმაყოფილებულ იქნა საცხოვრებელი ფართით, ქმნიდა ფაქტობრივ საფუძველს იმისათვის, რომ მ. ბ-ა და მისი ოჯახი მიჩნეულ ყოფილიყვნენ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს მიერ საცხოვრებელით უზრუნველყოფილ პირებად, რასაც პროცესუალური შედეგის სახით უკავშირდებოდა საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის შესახებ დავის საგნის არარსებობა.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში სახეზე იყო საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის „ა1“ ქვეპუქტის თანახმად, საქმის წარმოების შეწყვეტის აბსოლუტური საფუძველი.

სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ პროცესის ხარჯები უნდა გადანაწილებულიყო საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 54-ე მუხლის შესაბამისად, რომლის მიხედვით, თუ მოსარჩელემ უარი თქვა სარჩელზე, მის მიერ გაწეულ ხარჯებს მოპასუხე არ აანაზღაურებს, მაგრამ თუ მოსარჩელემ მხარი არ დაუჭირა თავის მოთხოვნას იმის, გამო რომ მოპასუხემ ნებაყოფლობით დააკმაყოფილა იგი სარჩელის აღძვრის შემდეგ, მაშინ მოსარჩელის თხოვნით სასამართლო მოპასუხეს დააკისრებს მოსარჩელის მიერ გაწეული ხარჯებისა და ადვოკატის დახმარების გამო გაწეული ყველა ხარჯის ანაზღაურებას.

სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მოსარჩელის მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული იყო შემდეგი ხარჯი: წარმომადგენლობითი უფლებამოსილების დამადასტურებელი ორი დოკუმენტის სანოტარო წესით გაფორმებისას 24 (12X2) ლარი, მგზავრობაზე - 86 ლარი, საფოსტო მომსახურებაზე - 6,4 (3,2X2) ლარი, ანუ ჯამში 116,4 ლარი. აღნიშნული თანხის ანაზღაურება სრულად უნდა დაკისრებოდა მოპასუხე მხარეს მოსარჩელე მ. ბ-ას სასარგებლოდ.

სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელეს ასევე უნდა ანაზღაურებოდა ადვოკატის დახმარებისათვის როგორც პირველი ინსტანციის სასამართლოში, ისე სააპელაციო სასამართლოში გაწეული ხარჯი, რადგან დადგენილი იყო, რომ მოსარჩელე ორივე ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას სარგებლობდა ადვოკატის მომსახურებით. სააპლაციო პალატის მოსაზრებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 47-ე მუხლის მე-2 ნაწილის გათვალისწინებით, ადვოკატის მომსახურებისათვის მოსარჩელის მიერ გაწეული ხარჯის ასანაზღაურებლად, მოპასუხეს უნდა დაკისრებოდა პირველი და სააპელაციო ინსტანციის სასამართლოებისათვის 500-500 ლარის (სულ 1000 ლარი) ოდენობით.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 22 ივლისის განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა მ. ბ-ამ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის განსახილველად სააპელაციო სასამართლოსათვის დაბრუნება მოითხოვა. ამასთან, კერძო საჩივრის ავტორმა იშუამდგომლა კერძო საჩივრის ზეპირი მოსმენითა და მაქსიმალურად შემჭიდროვებულ ვადებში განხილვის, ხოლო კერძო საჩივრის მხარეთა მონაწილეობის გარეშე განხილვის დადგენის შემთხვევაში, განხილვის თარიღზე მისი ავტორის ან/და მისი წარმომადგენლის ინფორმირებისა და კერძო საჩივრის საკასაციო სასამართლოში განხილვის გამო სამინისტროსათვის ადვოკატის ხარჯის - 2400 ლარის დაკისრების თაობაზე.

კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, სასარჩელო მოთხოვნას წარმოადგენდა აქტის ბათილად ცნობა და ახალი აქტის გამოცემის დავალება, ხოლო სააპელაციო პალატამ მოპასუხის მხრიდან მხოლოდ ახალი აქტის გამოცემის საფუძვლით შეწყვიტა საქმის წარმოება და პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება აქტის ბათილად ცნობის ნაწილშიც გააუქმა. მოსარჩელე მხარეს კი, გააჩნდა ინტერესი აქტის ბათილად ცნობის მიმართ, რადგან მოსარჩელეს მოპასუხის უკანონო მოქმედებით მიადგა ზიანი.

კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლოს მოსაზრება მასზე, რომ მოპასუხემ დავის მიმდინარეობის პროცესში გამოსცა აქტი მოსარჩელის ბინით უზრუნველყოფის შესახებ, დაუსაბუთებელი იყო, რადგან საქმეში არსებული მინისტრის ბრძანების ქსერო ასლით და მასზე დართული დანართებით ეს არ დგინდებოდა. იმ პირობებში, როდესაც მოსარჩელისა და მესამე პირების წინაშე მოპასუხეს ბრძანებით გათვალისწინებული რეალური მოქმედებები არ განუხორციელებია, დაუშვებელი იყო დავის გადაწყვეტა დავის საგნის არარსებობის პროცესუალური საფუძვლით. დანართით არ ვლინდებოდა ამ დანართის წარმომავლობა, რომელი დოკუმენტის დანართ ცხრილს წარმოადგენდა იგი. მინისტრის ბრძანების ასლისა და მისი დანართების ავთენტურობა სადავოდ გახადა აპელანტმა სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე, მაგრამ აღნიშნულის მიუხედავად, სააპელაციო სასამართლომ მას მტკიცებულების ძალა მიანიჭა.

კერძო საჩივრის ავტორის მითითებით, დავის საგნის არარსებობის საფუძვლით საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ მსჯელობა დაუსაბუთებელი იყო ასევე იმის გამო, რომ მხოლოდ მინისტრის ბრძანების გამოცემა საკმარისი არ იყო. თუ ამ ბრძანების მიზნების აღსრულება შეუძლებელი იქნებოდა, მიზნის მიუღწევადი, არააღსრულებადი აქტის გამოცემა ვერ ჩაითვლებოდა აქტის გამოცემად. მოპასუხეს სანივთო უფლების გადაცემა აქტის გამოცემით უნდა განეხორციელებინა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში მოსარჩელის სახელზე უძრავი ქონების გადაცემით. საქმეში წარმოდგენილი დოკუმენტებით კი, მოსარჩელე ვერ შეძლებდა სანივთო უფლების თვითონ მოპოვებას.

კერძო საჩივრის ავტორმა სააპელაციო სასამართლოს განჩინება დაუსაბუთებლად მიიჩნია ასევე ადვოკატის მომსახურების ხარჯების ნაწილშიც. იმ პირობებში როდესაც საქმეზე განხორციელდა მიღწევადი მიზნის მქონე მოთხოვნების დაყენება, სრულიად უსამართლოა და საადვოკატო ბაზარზე არსებულ ფასებს არ შეესაბამება ის მოცულობა, რაც დაადგინა სააპელაციო სასამართლომ. სააპელაციო სასამართლომ არ გადაწყვიტა სააპელაციო ინსტანციაში აპელანტის მიერ დაყენებული სხვა საპროცესო ხარჯების საკითხი და მასზე გადაწყვეტილება არ მიუღია.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 22 ივლისის განჩინება მ. ბ-ას სასარგებლოდ ადვოკატის მომსახურების ხარჯის - 1000 ლარის საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროსათვის დაკისრების ნაწილში კერძო საჩივრით გაასაჩივრა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტის გაუქმება და აპელანტისათვის ადვოკატის მომსახურების ხარჯების ანაზღაურებაზე უარის თქმა მოითხოვა.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს განმარტებით, აპელანტის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი ვერანაირი მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა ადვოკატისათვის თანხის გადახდის ფაქტს და ამ თანხის ოდენობას. არცერთი ინსტანციის სასამართლოში არ ყოფილა წარდგენილი არანაირი მტკიცებულება, რომ ასეთის გადახდა სამომავლოდ მაინც უნდა მომხდარიყო. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 47-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად (საქმის განხილვის დროს მოქმედი რედაქცია) თუ მხარე გადახდისუუნაროა და საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, ამ საქმის განხილვაში ადვოკატის მონაწილეობა მიზანშეწონილია, სასამართლოს უფლება აქვს, აღნიშნული მხარის შუამდგომლობის საფუძველზე, „იურიდიული დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის 231-ე მუხლით დადგენილ ფარგლებში დანიშნოს ადვოკატი სახელმწიფო ხარჯზე.

2015 წლის 8 სექტემბერს მ. ბ-ამ შუამდგომლობით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას 2015 წლის 22 ივლისის განჩინების განმარტებასთან დაკავშირებით. მ. ბ-ამ მოითხოვა სარეზოლუციო ნაწილის შეუცვლელად განმარტებულიყო, სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 22 ივლისის განჩინებით პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება გაუქმდა მ. ბ-ასთან მიმართებაში, თუ ის გაუქმდა მხარის უფლებით აღჭურვილი აუცილებელი მოწვევის მესამე პირების მიმართაც (რომლებსაც არ გაუსაჩივრებიათ სააპელაციო წესით პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება).

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 9 სექტემბრის განჩინებით მ. ბ-ას შუამდგომლობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 22 ივლისის განჩინების განმარტების თაობაზე არ დაკმაყოფილდა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 9 სექტემბრის განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა მ. ბ-ამ, რომელმაც აღნიშნული განჩინების სრულად გაუქმება და საქმის განმხილველი სააპელაციო პალატის შემადგენლობისათვის ამავე შუამდგომლობის განხილვის ეტაპიდან ხელახლა განსახილველად დაბრუნება მოითხოვა. ამასთან, კერძო საჩივრის ავტორმა იშუამდგომლა კერძო საჩივრის ზეპირი მოსმენისა და მაქსიმალურად შემჭიდროვებულ ვადებში განხილვის, ხოლო კერძო საჩივრის მხარეთა მონაწილეობის გარეშე განხილვის დადგენის შემთხვევაში, განხილვის თარიღზე მისი ავტორის ან/და მისი წარმომადგენლის ინფორმირებისა და კერძო საჩივრის საკასაციო სასამართლოში განხილვის გამო სამინისტროსათვის ადვოკატის ხარჯის - 2400 ლარის დაკისრების თაობაზე.

კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება მ. ბ-ასთან ერთად გავრცელდა მესამე პირებზეც, შესაბამისად ისინი სამინისტროს მიმართ აღიჭურვნენ მოთხოვნის უფლებით. აღნიშნული გადაწყვეტილება არ გასაჩივრებულა არც მოპასუხის და არც მესამე პირების მიერ. შესაბამისად, საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებამ შეიძინა კანონიერი ძალმოსილება მოპასუხისა და მოსარჩელის მხარეზე ჩაბმული მესამე პირების მიმართ. სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 22 ივლისის განჩინების სარეზოლუციო ნაწილის მე-3 პუნქტით სრულად გაუქმდა საქმეზე მიღებული პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება, ნაცვლად მხოლოდ მ. ბ-ას ნაწილში გაუქმებისა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 5 ოქტომბრის განჩინებით მ. ბ-ასა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს კერძო საჩივრები მიღებულ იქნა წარმოებაში და დადგინდა მათი ზეპირი მოსმენით განხილვა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 10 დეკემბრის სხდომაზე დადგინდა საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, წარმოდგენილი კერძო საჩივრის საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ მ. ბ-ას კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათ გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის შესაბამისად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქმის მასალებში ასახულ შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე: თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 1 აპრილის გადაწყვეტილებით მ. ბ-ას სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს 2014 წლის 6 ოქტომბრის №02/01-11/26774 ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დაევალა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებათა შესწავლისა და გამოკვლევის შემდეგ, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა მ. ბ-ას ოჯახის საცხოვრებელით უზრუნველყოფის საკითხთან დაკავშირებით.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 1 აპრილის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მ. ბ-ამ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის 1-ლი პუნქტის გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით მ. ბ-ას სარჩელის სრულად დაკმაყოფილება; გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის გაუქმება და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს 2014 წლის 6 ოქტომბრის 92/01-11/26774 ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა; სააპელაციო სასამართლოს მიერ ახალი გადაწყვეტილების მიღებით თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 1 აპრილის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტის გაუქმება, რომლითაც მოსარჩელეს უარი ეთქვა ადვოკატის მომსახურების ხარჯის ანაზღაურებაზე და ახალი გადაწყვეტილების მიღებით ადვოკატის მომსახურების ხარჯის - 2000 ლარის სრულად ანაზღაურება. აპელანტმა ასევე მოითხოვა სააპელაციო სასამართლოში ადვოკატის მომსახურებისათვის გაწეული ხარჯის - 2400 ლარის ანაზღაურების საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროსათვის დაკისრება მ. ბ-ას სასარგებლოდ.

სააპელაციო სასამართლოში საქმის ზეპირი განხილვისას საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს წარმომადგენელმა წარადგინა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2015 წლის 8 იანვრის №894 ბრძანება დევნილთა საცხოვრებელით უზრუნველყოფის შესახებ, რომლითაც დადგინდა ქ. ფოთში, ... ქ. N7-ში მდებარე რეაბილიტირებულ შენობაში და ..., ახალ დასახლებაში, ... და ... ქუჩებზე არსებულ კორპუსებში, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ბინებით დევნილთა ოჯახების უზრუნველყოფა თანდართული დანართის შესაბამისად. ამავე ბრძანებით დევნილთა საკითხების დეპარტამენტს დაევალა შესაბამისი ცვლილებების შეტანა მონაცემთა ბაზაში და დევნილთა ოჯახების განსახლების განხორციელება. წარდგენილი დანართის თანახმად, მ. ბ-ა ოჯახის წევრებთან ერთად დაკმაყოფილებულ იქნა ქ. ფოთში, ..., ... ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელი ფართით.

აღნიშნულის შესაბამისად, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 22 ივლისის განჩინებით საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის„ა1 ქვეპუნქტის შესაბამისად, მოცემული საქმის წარმოება შეწყდა დავის საგნის არარსებობის მოტივით.

აპელანტმა - მ. ბ-ამ სააპელაციო სასამართლოს მიმართა შუამდგომლობით თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 22 ივლისის განჩინების განმარტების თაობაზე, კერძოდ, მან მოითხოვა განჩინების სარეზოლუციო ნაწილის შეუცვლელად განმარტების გაკეთება იმის თაობაზე, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 1 აპრილის გადაწყვეტილება გაუქმდა მ. ბ-ასთან მიმართებაში, თუ ასევე მესამე პირების მიმართაც, რომლებსაც საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით არ გაუსაჩივრებიათ.

სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ არ არსებობდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 22 ივლისის განჩინების განმარტების ფაქტობრივი წანამძღვრები, რამდენადაც განჩინების სარეზოლუციო ნაწილი არ იყო ბუნდოვანი და შესაბამისად, განჩინების აღსრულებას ხელი არ შეეშლებოდა.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 262-ე მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, გადაწყვეტილების გამომტან სასამართლოს უფლება აქვს მხარეთა ან აღმასრულებლის განცხადებით, გადაწყვეტილების აღსრულების ხელშეწყობის მიზნით განმარტოს გადაწყვეტილება სარეზოლუციო ნაწილის შეუცვლელად მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის შინაარსი ბუნდოვანია.

საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას განჩინების განმარტებაზე უარის თქმის შესახებ, რომ სარეზოლუციო ნაწილის ბუნდოვანება, რამაც შეიძლება ხელი შეუშალოს მის აღსრულებას, გასაჩივრებულ განჩინებასთან მიმართებაში სახეზე არ არის. სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 22 ივლისის განჩინებით გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 1 აპრილის გადაწყვეტილება და საქმის წარმოება შეწყდა.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 262-ე მუხლის პირველი ნაწილიდან გამომდინარე, გადაწყვეტილების (განჩინების) განმარტება დაიშვება მხოლოდ გადაწყვეტილების (განჩინების) აღსრულების ხელშეწყობის მიზნით, ამასთან, გადაწყვეტილების (განჩინების) სარეზოლუციო ნაწილის შეუცვლელად და იმ შემთხვევაში, თუ გადაწყვეტილების (განჩინების) სარეზოლუციო ნაწილის შინაარსი ბუნდოვანია. გადაწყვეტილების განმარტება მისი ნაკლოვანების აღმოფხვრის ერთ-ერთი საშუალებაა. გადაწყვეტილება იმ შემთხვევაში განიმარტება, როდესაც მისი შინაარსი არის ბუნდოვანი, გაურკვეველი ან წინააღმდეგობრივი. გაურკვევლობა უნდა ეხებოდეს სასამართლო გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილს.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 262-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, გადაწყვეტილების განმარტების წინაპირობა გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის ბუნდოვნებაა. გადაწყვეტილების გამომტანი სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების განმარტების მიცემაში პრიორიტეტულია არა მხარის სურვილი, მოისმინოს მიღებული გადაწყვეტილების დამატებითი არგუმენტები, არამედ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის შინაარსის ბუნდოვანება.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 22 ივლისის განჩინების სარეზოლუციო ნაწილი არ არის ბუნდოვანი და შესაბამისად, იგი არ საჭიროებს განმარტებას. მოცემულ შემთხვევაში ასევე დაუსაბუთებელია გადაწყვეტილების აღსრულების დამაბრკოლებელი გარემოებების არსებობა.

ამდენად, მ. ბ-ას კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 9 სექტემბრის განჩინება.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე, 410-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. მ. ბ-ას კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 9 სექტემბრის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვაჩაძე

მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე

ლ. მურუსიძე