Facebook Twitter

საქმე # 821310014510185

№ბს-254-250(კ-2კს-15) 15 სექტემბერი, 2015 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ლევან მურუსიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მაია ვაჩაძე, ნუგზარ სხირტლაძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი _ ნ. ხ-ი

მოპასუხე – დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობა

მესამე პირები – ბ. ღ-ი, თ. უ-ი

გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 8 აპრილის განჩინება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

ნ. ხ-მა 2014 წლის 28 მაისს სასარჩელო განცხადებით მიმართა მცხეთის რაიონული სასამართლოს მაგისტრატ მოსამართლეს დუშეთის მუნიციპალიტეტში, მოპასუხე დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიმართ და მოითხოვა გამოცემის დღიდან ბათილად იქნეს ცნობილი დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2014 წლის 01 მაისის №435 ბრძანება; ნ. ხ-ი აღდგენილ იქნეს დაუყოვნებლივ დუშეთის მუნიციპალიტეტის ... თანამდებობაზე; მოპასუხეს დაეკისროს ნ. ხ-ის სასარგებლოდ განაცდური ხელფასის ანაზღაურება მისი თანამდებობაზე არ ყოფნის მთელი პერიოდისთვის სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებამდე.

რ. ყ-მა 2014 წლის 30 მაისს სასარჩელო განცხადებით მიმართა მცხეთის რაიონული სასამართლოს მაგისტრატ მოსამართლეს დუშეთის მუნიციპალიტეტში, მოპასუხე დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიმართ და მოითხოვა დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2014 წლის 1 მაისის №434 ბრძანების ბათილად ცნობა და დაკავებულ თანამდებობაზე აღდგენა.

მცხეთის რაიონული სასამართლოს დუშეთის მაგისტრატი სასამართლოს 2014 წლის 25 ივნისის განჩინებით ერთ წარმოებად გაერთიანდა ადმინისტრაციული საქმე №3/25 -14 - ნ. ხ-ის სარჩელი მოპასუხე დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიმართ და ადმინისტრაციული საქმე №3/27 -14 - რ. ყ-ის სარჩელი მოპასუხე დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიმართ.

მცხეთის რაიონული სასამართლოს მაგისტრატი მოსამართლის დუშეთის მუნიციპალიტეტში 2014 წლის 5 ნოემბრის განჩინებით საქმეში საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის პირველი ნაწილით ჩაბმულ იქნენ ბ. ღ-ი და თ. უ-ი.

მცხეთის რაიონული სასამართლოს მაგისტრატი მოსამართლის დუშეთის მუნიციპალიტეტში 2014 წლის 1 დეკემბრის გადაწყვეტილებით რ. ყ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2014 წლის 1 მაისის №434 ბრძანება და მოპასუხე დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობას დაევალა, შესაბამისი გარემოებების შესწავლისა და შეფასების შედეგად, სასამართლოს ამ გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა სადავო საკითხთან დაკავშირებით; რ. ყ-ის სარჩელი დანარჩენ ნაწილში არ დაკმაყოფილდა; ნ. ხ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2014 წლის 1 მაისის №435 ბრძანება და მოპასუხე დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობას დაევალა, შესაბამისი გარემოებების შესწავლისა და შეფასების შედეგად, სასამართლოს ამ გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტის გამოცემა სადავო საკითხთან დაკავშირებით; ნ. ხ-ის სარჩელი დანარჩენ ნაწილში არ დაკმაყოფილდა.

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ნ. ხ-მა და დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობამ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 27 თებერვლის გადაწყვეტილებით ნ. ხ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა მცხეთის რაიონული სასამართლოს მაგისტრატი მოსამართლის დუშეთის მუნიციპალიტეტში 2014 წლის 1 დეკემბრის გადაწყვეტილება ნ. ხ-ის სარჩელის ნაწილში (გადაწყვეტილების მე-4, მე-5, მე–6 პუნქტები) და ამ ნაწილში მიღებული იქნა ახალი გადაწყვეტილება. ნ. ხ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ბათილად იქნა ცნობილი დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2014 წლის 1 მაისის N435 ბრძანება ნ. ხ-ის სამსახურიდან განთავისუფლების შესახებ; ნ. ხ-ს აუნაზღაურდეს სამი თვის თანამდებობრივი სარგო დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ. ნ. ხ-ის სარჩელი სამსახურში აღდგენის შესახებ არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა მცხეთის რაიონული სასამართლოს მაგისტრატი მოსამართლის დუშეთის მუნიციპალიტეტში 2014 წლის 1 დეკემბრის გადაწყვეტილება რ. ყ-ის სარჩელის ნაწილში (გადაწყვეტილების პირველი, მე-2, მე-3 პუნქტები).

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 27 თებერვლის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ნ. ხ-მა, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილება მოითხოვა.

2015 წლის 9 მარტს ნ. ხ-ის წარმომადგენელმა ი. პ-მა განცხადებით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას, რომლითაც დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანა იშუამდგომლა. მან შუამდგომლობაში აღნიშნა, რომ მოცემულ საქმეზე, 2015 წლის 27 თებერვალს მიღებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილით არ იქნა გადაწყვეტილი სააპელაციო საჩივართან ერთად კერძო საჩივრით გასაჩივრებული პირველი ინსტანციის სასამართლოს იმ განჩინებების საპროცესო ბედი, რომელიც წინ უსწრებდა პირველი ინსტანციის სასამართლოში შემაჯამებელი გადაწყვეტილების მიღებას. განმცხადებლის მითითებით სააპელაციო პრეტენზიების სხვა მოთხოვნებზე უარის თქმად ვერ იქნება მოაზრებული ხსენებულ განჩინებებზე უარის თქმაც, ვინაიდან მათზე ვერ გავრცელდება სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილით განმარტებული გასაჩივრების წესი, რადგან დასახელებული განჩინებების გასაჩივრების საკითხს განსხვავებულად წყვეტს საპროცესო კანონი.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 8 აპრილის განჩინებით ნ. ხ-ის წარმომადგენლის ი. პ-ის განცხადება დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანის შესახებ არ დაკმაყოფილდა.

აღნიშნული განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა ნ. ხ-ის წარმომადგენელმა ი. პ-მა და მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 1 მაისის განჩინებით წარმოებაში იქნა მიღებული ნ. ხ-ის კერძო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო ზეპირი მოსმენის გარეშე გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა ნ. ხ-ის წარმომადგენლის ი. პ-ის კერძო საჩივრისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობა, რის შემდეგაც მივიდა დასკვნამდე, რომ ხსენებული კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის შესაბამისად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ კანონის სწორად გამოყენებისა და განმარტების შედეგად საქმეზე არსებითად სწორი განჩინება დაადგინა, კერძო საჩივარი არ შეიცავს დასაბუთებულ არგუმენტაციას სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების კანონშეუსაბამობის შესახებ, რის გამოც არ არსებობს სსსკ-ის 393-394-ე მუხლების შესაბამისად, მისი გაუქმების საფუძველი.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ გასაჩივრებული თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 8 აპრილის განჩინებით ნ. ხ-ის წარმომადგენელს ი. პ-ს უარი ეთქვა დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანის შესახებ შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 261-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტის თანხმად, გადაწყვეტილების გამომტან სასამართლოს შეუძლია თავისი ინიციატივით ან მხარეთა თხოვნით გამოიტანოს დამატებითი გადაწყვეტილება, თუ იმ მოთხოვნის გამო, რომლის შესახებაც მხარეებმა წარადგინეს მტკიცებულებანი და მისცეს ახსნა -განმარტებანი, გადაწყვეტილება არ გამოტანილა;

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 261.1. მუხლის „ა“ ქვეპუნქტი დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანის შესაძლებლობას უშვებს მხოლოდ მატერიალურ–სამართლებრივი ანუ სასარჩელო მოთხოვნების მიმართ; მოსარჩელის მიერ აღძრული თითოეული მატერიალურ – სამართლებრივი (სასარჩელო) მოთხოვნის მიმართ სასამართლოს გამოაქვს გადაწყვეტილება, რომელიც გამომდინარეობს გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილიდან და აისახება გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილში; შესაბამისად, სსსკ–ის 261–ე მუხლის საფუძველზე სასამართლო უფლებამოსილია დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანის გზით გადაწყვიტოს იმ სასარჩელო მოთხოვნის ბედი, რომელიც იყო სარჩელის საგანი და რომელსაც ძირითად გადაწყვეტილებაში არ მიეცა სამართლებრივი შეფასება; სასამართლო მიუთითებს, რომ მხარის მიერ ისეთი განჩინებების მიმართ აღძრული პროცესუალურ–სამართლებრივი მოთხოვნები, რომლებიც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მიხედვით ზემდგომ ინსტანციებში წარდგენილი ვერ იქნება კერძო საჩივრის ფორმით, სსსკ–ის 377–ე მუხლის მიხედვით ზემდგომ ინსტანციებს წარედგინება შესაბამისად სააპელაციო და საკასაციო საჩივრებში ასახვის გზით და ისინი ექვემდებარებიან შემოწმებას გასაჩივრებულ გადაწყვეტილებასთან ერთად სსსკ–ის 393–ე და 394–ე მუხლების შესაბამისად; აღნიშნულიდან გამომდინარე ასეთი სახის პროცესუალური მოთხოვნების კანონიერებაზე ზემდგომი ინსტანციის სასამართლო მსჯელობს სააპელაციო ან საკასაციო საჩივრის ფარგლებში, რაც აისახება გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ მართებულად და კანონის სწორად განმარტების შედეგად არ დააკმაყოფილა აპელანტის შუამდგომლობა დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანის შესახებ.

აღნიშნულთან დაკავშირებით საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საპროცესო სამართლის ერთ-ერთი ინსტიტუტი – დამატებითი გადაწყვეტილება წარმოადგენს ფაქტობრივად შემაჯამებელი გადაწყვეტილების ნაწილს (იგი შემაჯამებელი გადაწყვეტილების მსგავსად საჩივრდება სააპელაციო წესით), რომელიც სასამართლოს გამოაქვს იმ პირობებში, როდესაც საქმის არსებითად განხილვისას მხარის მიერ აღძრული მოთხოვნების შესახებ გამოტანილ შემაჯამებელ გადაწყვეტილებაში არ აისახა სასამართლოს მსჯელობა და დასკვნები მოთხოვნათა იმ ნაწილზე, რომელთა შესახებაც მხარეებს ჩამოყალიბებული ჰქონდათ ახსნა-განმარტებები, წარდგენილი ჰქონდათ მტკიცებულებები, ანუ ფაქტობრივად სასამართლო განხილვა მათ შესახებ გაიმართა, მაგრამ გარკვეული მიზეზების გამო მათ შესახებ არ მიეთითა სასამართლოს გადაწყვეტილებაში, ან როდესაც სასამართლომ გადაწყვიტა რა უფლების საკითხი, არ მიუთითებია გადასახდელი თანხის ოდენობა, გადასაცემი ქონება ან შესასრულებელი მოქმედება; ასევე დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანაა შესაძლებელი, როდესაც სასამართლოს ძირითად მოთხოვნებთან ერთად არ გადაუწყვეტია სასამართლო ხარჯების საკითხი. ასეთ პირობებში საპროცესო კანონმდებლობა პროცესის ეკონომიურობის პრინციპის გათვალისწინებით, უშვებს საქმის განმხილველი სასამართლოს მიერ დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანის შესაძლებლობას, მაგრამ სსსკ-ის 261-ე მუხლში დეტალურად არის ჩამოთვლილი ის შემთხვევები, როდესაც დაიშვება დამატებითი გადაწყვეტილების მიღება.

ამდენად, საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას იმასთან დაკავშირებით, რომ ნ. ხ-ის მიერ სააპელაციო საჩივარში აღძრული მოთხოვნები საქმეთა გაერთიანების შესახებ განჩინების და ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის პირველი ნაწილით მესამე პირებად ჩაბმის შესახებ განჩინების გაუქმების თაობაზე წარმოადგენენ მხოლოდ პროცესუალური ხასიათის მოთხოვნებს; შესაბამისად, სასამართლოს ჰქონდა მსჯელობა სააპელაციო საჩივრის ფარგლებში გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში და მიუთითა აღნიშნული მოთხოვნების უსაფუძვლობის შესახებ.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ნ. ხ-ის კერძო საჩივარი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს, რადგან არ არსებობს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ნ. ხ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 8 აპრილის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. მურუსიძე

მოსამართლეები: მ. ვაჩაძე

ნ. სხირტლაძე