Facebook Twitter

საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ

საქმე №ბს-370-364(2კ-15) 29 სექტემბერი, 2015 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

თავმჯდომარე ლევან მურუსიძე (მომხსენებელი)

მოსამართლეები: მაია ვაჩაძე

ნუგზარ სხირტლაძე

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის კოდექსის 408-ე მუხლის შესაბამისად, ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ვ. ძ-ას საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 19 მარტის განჩინებაზე.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ 2015 წლის 12 ივნისის ხარვეზის შესახებ განჩინებით მიიჩნია, რომ ვ. ძ-ას საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებდა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის „გ” ქვეპუნქტის მოთხოვნებს - ვ. ძ-ას საკასაციო საჩივარზე არ ჰქონდა გადახდილი სახელმწიფო ბაჟი საკასაციო სასამართლოში დავის საგნის ღირებულების 5 პროცენტი, მაგრამ არანაკლებ 300 ლარისა. საკასაციო პალატამ მიიჩნია, რომ არ არსებობდა კასატორისათვის სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების საქართველოს ადმინისტრაციული და სამოქალაქო საპროცესო კოდექსებით და არც ,,სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საფუძვლები.

ამდენად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 12 ივნისის ხარვეზის შესახებ განჩინებით ვ. ძ-ას დაევალა ხარვეზის შესახებ აღნიშნული განჩინების ჩაბარებიდან 5 დღის ვადაში წარმოედგინა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ანგარიშზე სახელმწიფო ბაჟის _ 300 ლარის გადახდის ქვითარი. კასატორს, ასევე, განემარტა, რომ ხარვეზის ვადაში შეუვსებლობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი არ დაიშვებოდა და დარჩებოდა განუხილველი.

საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით ირკვევა, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 12 ივნისის განჩინების შემცველი გზავნილი, კანონით დადგენილი წესით, საკასაციო საჩივარში მითითებულ მისამართზე (თბილისი, ... 48-50) გაეგზავნა კასატორს - ვ. ძ-ას.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 12 ივნისის განჩინება 2015 წლის 24 ივნისს ჩაიბარა პირადად ვ. ძ-ამ, რაც დასტურდება გზავნილზე პირის ხელმოწერით. შესაბამისად, კასატორის - ვ. ძ-ას აღნიშნული ხარვეზის გამოსწორებისათვის დადგენილი ვადის დინება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის შესაბამისად 2015 წლის 25 ივნისს დაიწყო და ამავე კოდექსის 61-ე მუხლის შესაბამისად 2015 წლის 29 ივნისის ოცდაოთხ საათზე ამოიწურა.

საკასაციო სასამართლო კასატორს - ვ. ძ-ას განუმარტავს, რომ მან მისთვის მიცემულ ვადაში არ შეავსო ხარვეზის შესახებ საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 12 ივნისის განჩინებით დადგენილი ხარვეზი, რის გამოც, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ აღნიშნული გარემოება საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველს წარმოადგენს.

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველად დარჩება. ამ ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან საკასაციო საჩივრის ავტორმა საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დათქმულ ვადაში არ შეავსო ხარვეზი, გამოყენებულ უნდა იქნეს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილი, რომლის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს აქ ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება

შევსებული, ან საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ვ. ძ-ას საკასაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. განუხილველი დარჩეს ვ. ძ-ას საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 19 მარტის განჩინებაზე;

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. მურუსიძე

მოსამართლეები: მ. ვაჩაძე

ნ. სხირტლაძე