№030310014472384
საქმე №ბს-19-19(2კ-15) 29 სექტემბერი, 2015 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ლევან მურუსიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მაია ვაჩაძე, ნუგზარ სხირტლაძე
სხდომის მდივანი – ა. ვარდიძე
კასატორი (მოპასუხე) - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ფოთის სარეგისტრაციო სამსახური
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) – გ. ჭ-ა
მესამე პირები: ქალაქ ფოთის საკრებულო, სსიპ „სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო“
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 27 ოქტომბრის გადაწყვეტილება
სარჩელის საგანი – ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
გ. ჭ-ამ 2014 წლის 4 აპრილს სასარჩელო განცხადებით მიმართა ფოთის საქალაქო სასამართლოს მოპასუხეების სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსა და ამავე სააგენტოს ფოთის სარეგისტრაციო სამსახურის მიმართ, რომლითაც ფოთის სარეგისტრაციო სამსახურის 2014 წლის 12 თებერვლის №882014058595-03 და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2014 წლის 18 მარტის №57751 გადაწყვეტილებების ბათილად ცნობა და მოპასუხისათვის ქმედების განხორციელების - ქ. ფოთის ... ტერიტორიაზე მდებარე მიწის ნაკვეთის გ. ჭ-ას სახელზე საკუთრების უფლებით აღრიცხვის დავალება მოითხოვა.
ფოთის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 16 მაისის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად საქმეში მესამე პირად ჩაება სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო, რადგან სასამართლოს გადაწყვეტილება შეიძლება მის ინტერესებს შეხებოდა.
ფოთის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 28 მაისის საოქმო განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად საქმეში სავალდებულო მესამე პირად თვითმმართველი ქალაქ ფოთის საკრებულო ჩაება, რადგან სასამართლოს გადაწყვეტილება შეიძლება შეხებოდა მის ინტერესებს და იგი არის იმ სამართალურთიერთობის მონაწილე, რომლის თაობაზედაც სასამართლოს მიერ მხოლოდ საერთო გადაწყვეტილების გამოტანაა შესაძლებელი.
ფოთის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 23 ივნისის გადაწყვეტილებით გ. ჭ-ას სარჩელი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა გ. ჭ-ამ.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 27 ოქტომბრის გადაწყვეტილებით გ. ჭ-ას სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა ფოთის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 23 ივნისის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; გ. ჭ-ას სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ფოთის სარეგისტრაციო სამსახურის 2014 წლის 12 თებერვლის №882014058595-03 და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2014 წლის 18 მარტის №57751 გადაწყვეტილებები; დაევალა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ფოთის სარეგისტრაციო სამსახურს საქმის გარემოებათა გამოკვლევის შემდეგ კანონით დადგენილ ვადაში რეგისტრაციის თაობაზე ახალი ინდივიდუალურ-ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის გამოცემა.
სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ქ.ფოთის მერის 1996 წლის 30 აპრილის №192 განკარგულებით ნება დაერთო არქიტექტურისა და ქალაქის პერსპექტიული განვითარების სამსახურს განეხილა და დამოუკიდებლად გადაეწყვიტა ნებართვის გაცემის საკითხი მცირე არქიტექტურული მოცულობების სავაჭრო, საყოფაცხოვრებო მომსახურეობის და სხვა ობიექტებზე.
1999 წლის 17 აგვისტოს ფოთის მთავარი არქიტექტორის მიერ დამტკიცებულ იქნა მცირე ზომის სავაჭრო ობიექტის გეგმა, რომელიც განთავსებულია 9,25 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე ქ. ფოთის ... ტერიტორიაზე (დღეის მდგომარეობით
აღარ ფუნქციონირებს). 2014 წლის 6 თებერვალს გ. ჭ-ამ განცხადებით მიმართა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ფოთის სარეგისტრაციო სამსახურს და ქ.ფოთში, ... ქუჩა №25-ში მდებარე მართლზომიერ მფლობელობაში არსებულ უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია მოითხოვა. განმცხადებელმა განცხადებას დაურთო ქ. ფოთის მერის №192 განკარგულება, პროექტი და უძრავი ნივთის საკადასტრო აზომვითი ნახაზი. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ფოთის სარეგისტრაციო სამსახურის 2014 წლის 12 თებერვლის №882014058595-03 გადაწყვეტილებით სარეგისტრაციო წარმოება შეჩერდა იმ საფუძვლით, რომ განცხადებაზე თანდართული დოკუმენტების: 1. წარმომადგენლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი; 2. წარმომადგენლობის დამადასტურებელი დოკუმენტი; 3.უძრავი ნივთის საკადასტრო აზომვითი ნახაზი; 4. პროექტი; 5. ფოთის მერის განკარგულება №192-ის (ასლი) გარდა დამატებით წარმოსადგენია უფლების დამდგენი დოკუმენტი. მითითებული გადაწყვეტილება 2014 წლის 19 თებერვალს საჩივრით გასაჩივრებულ იქნა გ. ჭ-ას წარმომადგენლის ნ. ტ-ას მიერ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2014 წლის 18 მარტის №57751 გადაწყვეტილებით გ. ჭ-ას წარმომადგენლის ნ. ტ-ას საჩივარი არ დაკმაყოფილდა იმ საფუძვლით, რომ გ. ჭ-ას მიერ მიწის ნაკვეთზე განთავსებული შენობა-ნაგებობების პროექტი არ იქნა გათვალისწინებული ფიზიკური პირის მართლზომიერ მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების აღიარების რეგისტრაციის საფუძვლად (როგორც სხვა 11 დოკუმენტი). სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა ფოთის საქალაქო სასამართლოს დასკვნა საქმის სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ ადმინისტრაციული ორგანოს სადავო საკითხის განხილვისას ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის მოთხოვნის შესაბამისად, სრულყოფილად არ გამოუკვლევია საქმის გარემოებები და განმცხადებლის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები. სააპელაციო სასამართლომ საქმის მასალებით დადგენილად მიიჩნია, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ გ. ჭ-ას საჩივრის განხილვისას მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარი უთხრა მხოლოდ იმ საფუძვლით, რომ მის მიერ წარდგენილი დოკუმენტაცია არ შეიძლებოდა ჩათვლილიყო მართლზომიერი მფლობელობის დამადასტურებელ დოკუმენტად.
სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ა“ პუნქტის შესაბამისად, მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწა განიმარტება, როგორც სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობით (აშენებული, მშენებარე ან დანგრეული) ან მის გარეშე, რომელზედაც (მიწის ნაკვეთზე ან შენობა- ნაგებობაზე) ფიზიკურ ან კერძო სამართლის იურიდიულ პირს ან კანონით გათვალისწინებულ სხვა ორგანიზაციულ წარმონაქმნს მართლზომიერი მფლობელობის უფლება წარმოეშვა ამ კანონის ამოქმედებამდე, ასევე ტექნიკური ინვენტარიზაციის არქივში აღრიცხული, 1994 წლამდე თვითნებურად დაკავებული მიწა. სასამართლომ განმარტა, რომ ამავე კანონის მე-5 მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, მართლზომიერ მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ მოთხოვნის დასადასტურებლად დაინტერესებულმა პირმა უნდა წარადგინოს მიწის მართლზომიერი მფლობელობის (სარგებლობის) დამადასტურებელი დოკუმენტი. საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 15 სექტემბრის №525 ბრძანებულებით დამტკიცებული „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესის“ მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტში მითითებულია იმ დოკუმენტების ჩამონათვალი, რომლებითაც უნდა იქნეს დადასტურებული მართლზომიერი მფლობელობის ფაქტი, თუმცა კანონმდებელი არ იძლევა ამ დოკუმენტების ამომწურავ ჩამონათვალს და სარეგისტრაციო სამსახურს ანიჭებს უფლებამოსილებას დაეყრდნოს მართლზომიერი მფლობელობის ფაქტის დამადასტურებელ სხვა დოკუმენტაციასაც. მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლომ ვერ გაიზიარა ადმინისტრაციული ორგანოს მითითება, რომ გ. ჭ-ას მიერ წარდგენილი დოკუმენტები არ ქმნიდა საკმარის საფუძველს მისი სადავო მიწის მართლზომიერ მფლობელად მიჩნევისათვის. პირველი ინსტანციის სასამართლომ საქმის განხილვისას ფაქტობრივად გაიზიარა ადმინისტრაციული ორგანოს პოზიცია და მიიჩნია, რომ გ. ჭ-ამ მარეგისტრირებელ ორგანოს ვერ წარუდგინა ქ. ფოთის... ტერიტორიაზე 9,25 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე მართლზომიერი მფლობელობის დამადასტურებელი დოკუმენტი და მის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაცია არ ქმნიდა საკმარის საფუძველს ვარაუდისათვის, რომ იგი მართლზომიერად ფლობდა სადავო მიწის ნაკვეთს და იყენებდა მას როგორც საკუთარს. სადავო არ არის ის გარემოება, რომ 1999 წლის 17 აგვისტოს ფოთის მთავარი არქიტექტორის მიერ დამტკიცებულ იქნა გ. ჭ-ას მიერ წარდგენილი მცირე ზომის სავაჭრო ობიექტის პროექტი, რომელიც განთავსებულ იქნა 9,25 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე, ქ. ფოთის ... ტერიტორიაზე. მხარეები სადავოდ არ ხდიან იმ გარემოებას, რომ გ. ჭ-ა დღემდე სარგებლობს ამ ობიექტით. უდავოა, რომ დღეისათვის ძალაშია მითითებული აქტები და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს სადავოდ არ გაუხდიათ მოსარჩელის (აპელანტის) მიერ უძრავი ნივთის ფლობის ფაქტი. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ სადავო მიწის ნაკვეთზე არსებულ შენობაზე უფლების მოპოვებით, უფლება ვრცელდება მასზე დამაგრებულ მიწის ნაკვეთზეც, რომლის არსებით შემადგენელ ნაწილსაც წარმოადგენს იგი და უსაფუძვლოა მითითება, რომ შენობის მართლზომიერი მფლობელობის მიუხედავად, სადავოა შენობაზე დამაგრებული მიწის ფლობის მართლზომიერება მიწაზე სათანადო დოკუმენტაციის არარსებობის გარეშე. ამასთან არც საქმეში წარმოდგენილი დოკუმენტებით და არც მხარეთა განმარტებებით არ დასტურდება ის ფაქტობრივი გარემოებაც, რომ სადავო მიწა მდებარეობს შიდა სამიმოსვლო გზაზე, რაც შეიძლება გამხდარიყო საკუთრების უფლების აღიარების დამაბრკოლებელი გარემოება. აღნიშნულიდან გამომდინარე სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ ადმინისტრაციული წარმოებისას სრულყოფილად არ გამოიკვლია საქმის მასალები, სათანადოდ არ შეაფასა მხარის მიერ წარდგენილი დოკუმენტაცია. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს, ამავე კოდექსის მე-601 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. აღნიშნულ მუხლში მოცემულია ადმინისტრაციულ-
სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის სავალდებულო წინაპირობები, რომლებიც მათი რეალიზების თვალსაზრისით, ამ მუხლში არა კომულაციური არამედ, ალტერნატიული სახით არის წარმოდგენილი, ამასთან არსებით დარღვევად ჩაითვლება ისეთი დარღვევა, რომელსაც შეეძლო არსებითი გავლენა მოეხდინა ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაზე. სააპელაციო სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციული საჩივარი არის დაინტერესებული მხარის მიერ უფლებამოსილ ადმინისტრაციულ ორგანოში კანონმდებლობით დადგენილი წესით წარდგენილი წერილობითი მოთხოვნა დარღვეული უფლების აღდგენის მიზნით იმავე ან ქვემდგომი ორგანოს მიერ გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად გამოცხადების, შეცვლის ან ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ან ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ისეთი მოქმედების განხორციელების ან ისეთი მოქმედების განხორციელებისაგან თავის შეკავების შესახებ, რომელიც არ გულისხმობს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას. სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ ადმინისტრაციულ საჩივარს გააჩნია ორი ძირითადი ფუნქცია: ადმინისტრაციული საჩივარი, როგორც უფლების დაცვის საშუალება და ადმინისტრაციული ორგანოს მიერ თვითკონტროლის განხორციელების შესაძლებლობა. ადმინისტრაციული საჩივარი როგორც უფლების დაცვის საშუალება მნიშვნელოვანია იმ გარემოებიდან გამომდინარე, რომ მას გააჩნია უპირატესობა, კერძოდ, ადმინისტრაციულ საჩივარზე ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში მოწმდება გადაწყვეტილების მიზანშეწონილობა და კანონიერება, მაშინ, როდესაც სასამართლო იფარგლება მხოლოდ აქტის კანონიერების შემოწმებით. აღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლომ მიუთითა, რომ ადმინისტრაციულ საჩივარს, როგორც უფლების დაცვის საშუალების სრული მასშტაბით გამოყენებას მხარისათვის განსაკუთრებული ინტერესი გააჩნია. ადმინისტრაციული წარმოება ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებით გულისხმობს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერების გადამოწმებას, რომელიც თავის თავში მოიცავს აქტის, როგორც ფორმალური, ისე მატერიალური კანონიერების შემოწმებას, აღნიშნულიდან გამომდინარე სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ საჯარო რეესტრის მიერ გამოკვლეული უნდა ყოფილიყო საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და აღნიშნული ფაქტის საფუძველზე მიღებული უნდა ყოფილიყო გადაწყვეტილება საჩივრის დაკმაყოფილების ან მასზე უარის თქმის შესახებ. აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ გადაწყვიტა, რომ მოცემულ შემთხვევაში არსებობდა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2014 წლის 18 მარტის № 57751 საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილების ბათილად ცნობის მატერიალურ-პროცესუალური სამართლებრივი საფუძვლები. სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ კანონის მოთხოვნის შესასრულებლად და ადმინისტრაციული ორგანოს მიერ კანონშესაბამისი გადაწყვეტილების მისაღებად ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის მნიშვნელოვანი და სავალდებულო წინაპირობაა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევა, გაანალიზება, შესწავლა და გადაწყვეტილების მიღება ამ გარემოებების შეფასების შედეგად, იმისათვის რომ თავიდან იქნეს აცილებული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დაუსაბუთებელი დასკვნის გაკეთება. სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, იგი უფლებამოსილია სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნოს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და დაავალოს ადმინისტრაციულ ორგანოს, ამ გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი. სასამართლო ამ გადაწყვეტილებას იღებს, თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობისათვის არსებობს მხარის გადაუდებელი კანონიერი ინტერესი სასამართლომ ჩათვალა, რომ მოცემულ შემთხვევაში სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას გადაწყვიტოს სადავო საკითხი, ვინაიდან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული უძრავი ნივთის საკუთრებად რეგისტრაციის თაობაზე გადაწყვეტილების მიღება წარმოადგენს მარეგისტრირებელი ორგანოს უფლებამოსილებას, მოცემულ შემთხვევაში ადმინისტრაციულ ორგანოს ადმინისტრაციული წარმოება არ ჩაუტარებია, მან მხოლოდ შეაჩერა წარმოება, შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში გამოყენებული უნდა იქნეს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის მოთხოვნები. აღნიშნულიდან გამომდინარე, გ. ჭ-ას სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გაუქმდა ფოთის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 23 ივნისის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, გ. ჭ-ას სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ფოთის სარეგისტრაციო სამსახურის 2014 წლის 12 თებერვლის №882014058595-03 და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2014 წლის 18 მარტის №57751 გადაწყვეტილებები და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ფოთის სარეგისტრაციო სამსახურს დაევალა საქმის გარემოებათა გამოკვლევის შემდეგ კანონით დადგენილ ვადაში რეგისტრაციის თაობაზე ახალი ინდივიდუალურ-ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის გამოცემა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 27 ოქტომბრის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრეს სსიპ „სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ“ და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ფოთის სარეგისტრაციო სამსახურმა. კასატორებმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და მოსარჩელისათვის სასარჩელო მოთხოვნების დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 30 იანვრის განჩინებით სსიპ „სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს“ საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 27 ოქტომბრის გადაწყვეტილებაზე დარჩა განუხილველი დაუშვებლობის გამო.
კასატორმა აღნიშნა, რომ ფოთის სარეგისტრაციო სამსახურის მიერ №882014058595 განცხადებაზე სარეგისტრაციო წარმოების შეჩერება გამოიწვია იმან, რომ განმცხადებლის მიერ მოთხოვნილ იქნა საკუთრების უფლების რეგისტრაცია მართლზომიერ მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ უძრავ ნივთზე, ხოლო განცხადებაზე დართული დოკუმენტაცია არ წარმოადგენდა საკუთრების უფლების რეგისტრაციის საფუძველს, „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის საფუძველზე მიღებულ იქნა გადაწყვეტილება სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ და განმცხადებელს დაევალა მიწის მართლზომიერი მფლობელობის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენა. განმცხადებლის მიერ ხარვეზი არ იქნა აღმოფხვრილი და არ იქნა წარდგენილი მარეგისტრირებელი ორგანოს მიერ მოთხოვნილი მართლზომიერი სარგებლობის დამადასტურებელი დოკუმენტი. კასატორი მიუთითებს, რომ სასამართლომ არ გამოიყენა „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ კანონი, რომელიც ადგენს, რომ საკუთრების უფლების აღიარება უნდა მოხდეს მართლზომიერ მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწაზე, რომელიც სახელმწიფო საკუთრებაა. წარმოდგენილი დოკუმენტაციით კი ნათლად ჩანს, რომ გ. ჭ-ას მოთხოვნილ მიწის ნაკვეთზე სარგებლობის უფლება ვერ უდგინდება და განმცხადებლის მიერ მარეგისტრირებელ ორგანოში არ ყოფილა წარმოდგენილი „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესისა და საკუთრების უფლების მოწმობის ფორმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 15 სექტემბრის №525 ბრძანებულებით გათვალისწინებული მიწის მართლზომიერი მფლობელობის (სარგებლობის) დამადასტურებელი არც ერთი დოკუმენტი, რის გამოც კასატორი მოითხოვს ძალაში დარჩეს ფოთის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 23 ივნისის გადაწყვეტილება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 23 ივნისის განჩინებით სსიპ „საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ფოთის სარეგისტრაციო სამსახურის“ საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა დასაშვებად და საქმის განხილვის ფორმა განისაზღვრა მხარეთა დასწრებით.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საქმის მასალების შესწავლის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერების შემოწმების შედეგად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად უნდა დარჩეს სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლო სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე მიუთითებს შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე: 2014 წლის 6 თებერვალს გ. ჭ-ამ განცხადებით მიმართა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ფოთის სარეგისტრაციო სამსახურს და ქ. ფოთში, ... ქუჩა №25-ში მდებარე მართლზომიერ მფლობელობაში არსებულ უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია მოითხოვა. განმცხადებელმა განცხადებას დაურთო ქ. ფოთის მერის №192 განკარგულება, პროექტი და უძრავი ნივთის საკადასტრო აზომვითი ნახაზი. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ფოთის სარეგისტრაციო სამსახურის 2014 წლის 12 თებერვლის №882014058595-03 გადაწყვეტილებით სარეგისტრაციო წარმოება შეჩერდა იმ საფუძვლით, რომ განცხადებაზე თანდართული დოკუმენტების: წარმომადგენლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი; წარმომადგენლობის დამადასტურებელი დოკუმენტი; უძრავი ნივთის საკადასტრო აზომვითი ნახაზი; პროექტი; ფოთის მერის განკარგულება №192-ის (ასლი) გარდა დამატებით წარსადგენი იყო უფლების დამდგენი დოკუმენტი.
სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ გადაწყვეტილება საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში გაასაჩივრა გ. ჭ-ას წარმომადგენელმა ნ. ტ-ამ. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2014 წლის 18 მარტის №57751 გადაწყვეტილებით გ. ჭ-ას წარმომადგენლის ნ. ტ-ას საჩივარი არ დაკმაყოფილდა იმ საფუძვლით, რომ გ. ჭ-ას მიერ მიწის ნაკვეთზე განთავსებული შენობა-ნაგებობების პროექტი არ იქნა მიჩნეული ფიზიკური პირის მართლზომიერ მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების აღიარებით საკუთრების უფლების რეგისტრაციის საფუძვლად.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ადმინისტრაციული ორგანოს პოზიცია ემყარება ნორმის არასწორ განმარტებას, ადმინისტრაციულ ორგანოს საკითხის განხილვისას ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის მოთხოვნის შესაბამისად, სრულყოფილად არ გამოუკვლევია საქმის გარემოებები და განმცხადებლის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ა“ პუნქტის შესაბამისად, მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწა განიმარტება, როგორც სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობით (აშენებული, მშენებარე ან დანგრეული) ან მის გარეშე, რომელზედაც (მიწის ნაკვეთზე ან შენობა-ნაგებობაზე) ფიზიკურ ან კერძო სამართლის იურიდიულ პირს ან კანონით გათვალისწინებულ სხვა ორგანიზაციულ წარმონაქმნს მართლზომიერი მფლობელობის უფლება წარმოეშვა ამ კანონის ამოქმედებამდე, ასევე ტექნიკური ინვენტარიზაციის არქივში აღრიცხული, 1994 წლამდე თვითნებურად დაკავებული მიწა. ამავე კანონის მე-5 მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, მართლზომიერ მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ მოთხოვნის დასადასტურებლად დაინტერესებულმა პირმა უნდა წარადგინოს მიწის მართლზომიერი მფლობელობის (სარგებლობის) დამადასტურებელი დოკუმენტი.
საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 15 სექტემბრის №525 ბრძანებულებით დამტკიცებული „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესის“ მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტში მითითებულია იმ დოკუმენტების ჩამონათვალი, რომლებითაც უნდა იქნეს დადასტურებული მართლზომიერი მფლობელობის ფაქტი, თუმცა კანონმდებელი არ ადგენს ამ დოკუმენტების ამომწურავ ჩამონათვალს და სარეგისტრაციო სამსახურს ანიჭებს უფლებამოსილებას დაეყრდნოს მართლზომიერი მფლობელობის ფაქტის დამადასტურებელ სხვა დოკუმენტაციასაც.
მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს ადმინისტრაციული ორგანოს მითითებას, რომ გ. ჭ-ას მიერ წარდგენილი დოკუმენტები არ ქმნიდა საკმარის საფუძველს მისი სადავო მიწის მართლზომიერ მფლობელად მიჩნევისათვის. სადავო არ არის ის გარემოება, რომ ქ. ფოთის მერის 1996 წლის 30 აპრილის №192 განკარგულებით ნება დაერთო არქიტექტურისა და ქალაქის პერსპექტიული განვითარების სამსახურს განეხილა და დამოუკიდებლად გადაეწყვიტა ნებართვის გაცემის საკითხი მცირე არქიტექტურული მოცულობების სავაჭრო, საყოფაცხოვრებო მომსახურეობის და სხვა ობიექტებზე. 1999 წლის 17 აგვისტოს ფოთის მთავარი არქიტექტორის მიერ გ. ჭ-ას დაუმტკიცდა მცირე ზომის სავაჭრო ობიექტის გეგმა, რომელიც განთავსებულია 9,25 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე ქ. ფოთის ... ტერიტორიაზე. მხარეები სადავოდ არ ხდიან იმ გარემოებას, რომ გ. ჭ-ა დღემდე სარგებლობს სადავო მიწის ნაკვეთით, რომელზეც მის მიერ მოწყობილია მცირე სავაჭრო ობიექტი. მითითებული აქტები დღეისათვის ძალაშია და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს სადავოდ არ გაუხდიათ გ. ჭ-ას მიერ აღნიშნული უძრავი ქონების ფლობის ფაქტი.
საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს ადმინისტრაციული ორგანოს მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ მითითებული დოკუმენტაცია ადასტურებდა არა მიწის, არამედ შენობის მართლზომიერი ფლობის ფაქტს. აღნიშნულთან დაკავშირებით საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ჯერ კიდევ „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებამდე მოქმედი „ფიზიკური პირებისა და კერძო სამართლის იურიდიული პირების სარგებლობაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულები მიწის კერძო საკუთრებად გამოცხადების შესახებ“ საქართველოს 1998 წლის 28 ოქტომბრის კანონის მე-6 მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, ამ კანონის ამოქმედების შემდეგ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული შენობა-ნაგებობის განკარგვა ხდება იმ მიწის ნაკვეთთან ერთად, რომელზედაც ის არსებული წესით არის დამაგრებული საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. ამდენად, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს განმარტებას, რომ სადავო მიწის ნაკვეთზე არსებულ შენობაზე უფლების მოპოვებით, უფლება ვრცელდება მასზე დამაგრებულ მიწის ნაკვეთზეც, რომლის არსებით შემადგენელ ნაწილსაც წარმოადგენს იგი და უსაფუძვლოა მითითება, რომ შენობის მართლზომიერი მფლობელობის მიუხედავად, სადავოა შენობაზე დამაგრებული მიწის ფლობის მართლზომიერება მიწაზე სათანადო დოკუმენტაციის არსებობის გარეშე.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ ადმინისტრაციული წარმოებისას სრულყოფილად არ გამოიკვლია საქმის მასალები, სათანადოდ არ შეაფასა მხარის მიერ წარდგენილი დოკუმენტაცია, რაც საფუძვლად დაედო სადავო დაუსაბუთებელი აქტების გამოცემას.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ზემდგომმა ადმინისტრაციულმა ორგანომ გ. ჭ-ას საჩივრის განხილვისას საჩივრის ავტორს მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარი უთხრა მხოლოდ იმ საფუძვლით, რომ მის მიერ წარდგენილი დოკუმენტაცია არ შეიძლებოდა ჩათვლილიყო მიწაზე მართლზომიერი მფლობელობის დამადასტურებელ დოკუმენტად. ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილება არ შეიცავს დასაბუთებას რატომ არ დასტურდებოდა გ. ჭ-ას მიერ წარდგენილი დოკუმენტებით მიწის მართლზომიერად ფლობის ფაქტი.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომელიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. აღნიშნულ მუხლში მოცემულია ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის სავალდებულო წინაპირობები, რომლებიც მათი რეალიზების თვალსაზრისით, ამ მუხლში არა კუმულაციური, არამედ ალტერნატიული სახით არის წარმოდგენილი. ამასთან, არსებით დარღვევად ჩაითვლება ისეთი დარღვევა, რომელსაც შეეძლო არსებითი გავლენა მოეხდინა ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაზე.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციული საჩივარი არის დაინტერესებული მხარის მიერ უფლებამოსილ ადმინისტრაციულ ორგანოში კანონმდებლობით დადგენილი წესით წარდგენილი წერილობითი მოთხოვნა დარღვეული უფლების აღდგენის მიზნით იმავე ან ქვემდგომი ორგანოს მიერ გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად გამოცხადების, შეცვლის ან ახალი ადნიმისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ან ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ისეთი მოქმედების განხორციელების ან ისეთი მოქმედების განხორციელებისაგან თავის შეკავების შესახებ, რომელიც არ გულისხმობს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ ადმინისტრაციულ საჩივარს აქვს ორი ძირითადი ფუნქცია: ადმინისტრაციული საჩივარი, როგორც უფლების დაცვის საშუალება და ადმინისტრაციული ორგანოს მიერ თვითკონტროლის განხორციელების შესაძლებლობა. ადმინისტრაციული საჩივარი, როგორც უფლების დაცვის საშუალება მნიშვნელოვანია იმ თვალსაზრისით, რომ ადმინისტრაციულ საჩივარს გააჩნია უპირატესობა, კერძოდ, ადმინისტრაციულ საჩივარზე ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში მოწმდება გადაწყვეტილების მიზანშეწონილობა და კანონიერება, მაშინ როდესაც სასამართლო იფარგლება აქტის მხოლოდ კანონიერების შემოწმებით.
აღნიშნულიდან გამომდინარე საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ ადმინისტრაციულ საჩივარს, როგორც უფლების დაცვის საშუალების სრული მასშტაბით გამოყენებას, მხარისთვის განსაკუთრებული ინტერესი გააჩნია. ადმინისტრაციული წარმოება ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებით გულისხმობს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერების გადამოწმებას, რომელიც თავის თავში მოიცავს აქტის, როგორც ფორმალური, ისე მატერიალური კანონიერების გადამოწმებას. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს, როგორც საჩივრის განმხილველ ორგანოს, გასაჩივრებული აქტების კანონიერებისა და მიზანშეწონილობის გადამოწმების ვალდებულება ეკისრება მაღალი ხარისხით. აღნიშნული კი გულისხმობს იმას, რომ საჯარო რეესტრის მიერ გამოკვლეული უნდა ყოფილიყო საქმისთვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და აღნიშნულის საფუძველზე მიღებული უნდა ყოფილიყო გადაწყვეტილება საჩივრის დაკმაყოფილების ან საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ დაირღვა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლით დადგენილი მოთხოვნები. კერძოდ, ადმინისტრაციულმა ორგანომ სათანადოდ არ შეაფასა განცხადებაზე დართული დოკუმენტაცია, საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ, ისე უთხრა უარი განმცხადებელს საჩივრის დაკმაყოფილებაზე, რომ ფაქტობრივად არც გამოუკვლევია საქმეში არსებული მტკიცებულებები, დამატებით არ შეუფასებია საქმის ფაქტობრივი გარემოებები. მით უფრო იმ პირობებში, როდესაც კანონი საჯარო რეესტრს აძლევს სრულყოფილი ადმინისტრაციული წარმოების ჩატარების შესაძლებლობას.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში არსებობს ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2014 წლის 18 მარტის №57751 გადაწყვეტილების ბათილად ცნობის მატერიალურ-საპროცესო სამართლებრივი საფუძვლები.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, იმისათვის, რომ შესრულდეს კანონის მოთხოვნა და ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება იყოს კანონშესაბამისი, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის მნიშვნელოვანი და სავალდებულო წინაპირობაა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევა, გაანალიზება, შესწავლა და გადაწყვეტილების მიღება ამ გარემოებათა შეფასების შედეგად, იმისათვის, რომ თავიდან იქნეს აცილებული ადმინისტრაციული ორგანოს დაუსაბუთებელი დასკვნის გაკეთება.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, რომლის თანახმად, თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, იგი უფლებამოსილია, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად, ბათილად ცნოს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და დაავალოს ადმინისტრაციულ ორგანოს, ამ გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. სასამართლო ამ გადაწყვეტილებას იღებს, თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობისათვის არსებობს მხარის გადაუდებელი კანონიერი ინტერესი.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლო მოკლებული იყო შესაძლებლობას, გადაეწყვიტა სადავო საკითხი, ვინაიდან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული უძრავი ნივთის საკუთრებად რეგისტრაციის თაობაზე გადაწყვეტილების მიღება წარმოადგენს მარეგისტრირებელი ორგანოს უფლებამოსილებას, მოცემულ შემთხვევაში ადმინისტრაციულ ორგანოს ფაქტობრივად ადმინისტრაციული წარმოება არ ჩაუტარებია, მან მხოლოდ მართლზომიერი ფლობის ფაქტის დამადასტურებელი დამატებითი დოკუმენტების წარდგენა დაავალა განცხადებელს, შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ მოცემულ შემთხვევაში მართებულად გამოიყენა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 410-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ფოთის სარეგისტრაციო სამსახურის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 27 ოქტომბრის გადაწყვეტილება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე: ლ. მურუსიძე
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
ნ. სხირტლაძე