Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ

№ბს-640-633 (2კ-15) 2 ოქტომბერი, 2015 წელი,

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

მოსამართლე: ვასილ როინიშვილი

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი - მ. ა-ი, უ. ა-ი, გ. ა-ი

მოწინააღმდეგე მხარე - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს კასპის სარეგისტრაციო სამსახური; კ. ა-ი

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 23 ივნისის განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღება

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

კ. ა-მა გორის რაიონულ სასამართლოში სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს კასპის სარეგისტრაციო სამსახურის წინააღმდეგ სარჩელი აღძრა და მოითხოვა:

ა) საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს კასპის სარეგისტრაციო სამსახურის მიერ 2014 წლის 22 აგვისტოს №882014436895-03 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა, უძრავ ქონებაზე საკადასტრო კოდით №...;

ბ) საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს კასპის სარეგისტრაციო სამსახურის დავალდებულება რეგისტრაციის განხორციელების შესახებ არსებული რეალობისა და დოკუმენტაციის შესაბამისად.

გორის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 28 იანვრის გადაწყვეტილებით კ. ა-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ... მდებარე 470 მ2 სასოფლო-სამეურნეო (საკარმიდამო) დანიშნულების მიწის ნაკვეთის უ. , მ. და გ. ა-ების თანასაკუთრებაში №... საკადასტრო კოდით რეგისტრაციის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს კასპის სარეგისტრაციო სამსახურის 2014 წლის 22 აგვისტოს №882014436895-03 გადაწყვეტილება; საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს კასპის სარეგისტრაციო სამსახურს დაევალა უ. , მ. და გ. ა-ების მიერ წარდგენილი განცხადების საფუძველზე, საკითხის ხელახლა განხილვისას შეისწავლოს, შედის თუ არა მითითებული უძრავი ქონების საზღვრებში სოფელ … საჯარო (საუბნო) გზა, სადავო მიწის ნაკვეთის მომიჯნავედ მდებარე მიწის ნაკვეთების კოდები, მესაკუთრეები (მოსარჩელეები), გეოგრაფიული მდებარეობა, მიწის ნაკვეთის საზღვრების პარამეტრები და ამ გარემოებათა გამოკვლევა-შეფასების შემდეგ ახალი გადაწყვეტილების მიღება საკუთრების უფლების რეგისტრაციასა თუ მასზე უარის თქმის შესახებ.

აღნიშნული გადაწყვეტილება სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს კასპის სარეგისტრაციო სამსახურმა და მ. ა-მა სააპელაციო წესით გაასაჩივრეს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 14 აპრილის გადაწყვეტილებით მ. ა-ის სააპელაციო საჩივარი სასამართლოს მიერ დადგენილი ხარვეზის შეუვსებლობის გამო განუხილველი დარჩა.

2015 წლის 23 ივნისს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის სხდომაზე კ. ა-მა იშუამდგომლა და მოითხოვა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 31-ე მუხლის შესაბამისად გამოცემულიყო დროებითი განჩინება და მომხდარიყო უ. , მ. და გ. ა-ების მიერ უკანონოდ დამონტაჟებული კარების დემონტაჟი.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 23 ივნისის განჩინებით საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს კასპის სარეგისტრაციო სამსახურის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა გორის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 28 იანვრის გადაწყვეტილება, ასევე არ დაკმაყოფილდა კ. ა-ის მოთხოვნა დროებითი განჩინების მიღების შესახებ.

სააპელაციო სასამართლოს განჩინება სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს კასპის სარეგისტრაციო სამსახურმა საკასაციო წესით გაასაჩივრა.

აღნიშნული განჩინება ასევე საკასაციო წესით გაასაჩივრეს მ., უ. და გ. ა-ებმა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებელია შემდეგ გარემოებათა გამო:

ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად კი, საკასაციო საჩივრის შემოსვლიდან 10 დღის ვადაში მომხსენებელმა მოსამართლემ უნდა შეამოწმოს, შეტანილია თუ არა საკასაციო საჩივარი ამ კოდექსის 396-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით.

ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებები მხარეებმა და ამ კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრული წესით საქმეში ჩაბმულმა მესამე პირებმა შეიძლება კანონით დადგენილ ვადებში გაასაჩივრონ საკასაციო სასამართლოში.

განსახილველ შემთხვევაში, პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებით კ. ა-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ... მდებარე 470 მ2 სასოფლო-სამეურნეო (საკარმიდამო) დანიშნულების მიწის ნაკვეთის უ. , მ. და გ. ა-ების თანასაკუთრებაში №... საკადასტრო კოდით რეგისტრაციის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს კასპის სარეგისტრაციო სამსახურის 2014 წლის 22 აგვისტოს №882014436895-03 გადაწყვეტილება; საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს კასპის სარეგისტრაციო სამსახურს დაევალა უ. , მ. და გ. ა-ების მიერ წარდგენილი განცხადების საფუძველზე, საკითხის ხელახლა განხილვა და გარემოებათა გამოკვლევა-შეფასების შემდეგ ახალი გადაწყვეტილების მიღება საკუთრების უფლების რეგისტრაციასა თუ მასზე უარის თქმის შესახებ. აღნიშნული გადაწყვეტილება გაასაჩივრა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს კასპის სარეგისტრაციო სამსახურმა, ასევე სააპელაციო საჩივრით სასამართლოს მიმართა მ. ა-მა, უ. და გ. ა-ებს აღნიშნული გადაწყვეტილება არ გაუსაჩივრებიათ, რაც იმას ნიშნავს, რომ იმ ეტაპზე, ისინი საქმის განხილვის შედეგს სადავოდ არ ხდიდნენ. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინებით პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება უცვლელად დარჩა. ამასთანავე, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციული პალატის 2015 წლის 14 აპრილის განჩინებით მ. ა-ის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად, სასამართლოს მიერ დადგენილი ხარვეზის შეუვსებლობის გამო.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ქართული საპროცესო კანონმდებლობა არ იცნობს ე.წ. „ნახტომისებური კასაციის“ ინსტიტუტს, რაც იმას ნიშნავს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება უნდა გასაჩივრდეს სააპელაციო წესით, პირდაპირ საკასაციო სასამართლოსათვის მიმართვა არ დაიშვება. მართალია, ამ შემთხვევაში, მხარეები მ., უ. და გ. ა-ები ფორმალურად სააპელაციო სასამართლოს განჩინებას ასაჩივრებენ და არა პირველი ინსტანციის გადაწყვეტილებას, მაგრამ, რეალურად, სადავოდ ხდიან საქმის განხილვის იმ შედეგს, რომლის წინააღმდეგაც სააპელაციო საჩივარი არ შეუტანიათ. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით მხოლოდ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს კასპის სარეგისტრაციო სამსახურმა და მ. ა-მა გაასაჩივრეს. უ. და გ. ა-ებს საკუთარი ინტერესების დასაცავად სააპელაციო სასამართლოსათვის თავად უნდა მიემართათ. წინააღმდეგ შემთხვევაში ივარაუდება, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებით დამდგარ შედეგს სადავოდ არ ხდიდნენ, ხოლო მ. ა-ის სააპელაციო საჩივარი, როგორც აღვნიშნეთ, განუხილველი დარჩა. სააპელაციო სასამართლოს საქმეზე ახალი გადაწყვეტილება არ მიუღია. პირველი ინსტანციის გადაწყვეტილების სააპელაციო წესით გასაჩივრების გარეშე კი, მათი საკასაციო საჩივარი დაუშვებელია.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, 34-ე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. მ., უ. და გ. ა-ების საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლე ვ. როინიშვილი