Facebook Twitter

ბს-535-522 (კ-14) 19 ნოემბერი, 2015 წელი

ქ.თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ლევან მურუსიძე, მაია ვაჩაძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა გ. ბ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 07.04.2014წ. გადაწყვეტილებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

გ. ბ-ემ 13.03.2012წ. სარჩელით მიმართა ოზურგეთის რაიონულ სასამართლოს მოპასუხეების: სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს, მესამე პირების: სსიპ შემოსავლების სამსახურის, დ. შ-ის, ნ. ი-ის, გ. თ-ის და ა. ბ-ის მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა: გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულების გამო საცხოვრებელი ბინის გაყიდვით გამოწვეული ზიანის - 18913 ლარის - მოპასუხეთათვის სოლიდარულად დაკისრება, ასევე 3410 ლარის ანაზღაურება, რაც არის ყოველდღიურად ნაანგარიშები 9882 ლარის 0.07 პროცენტი თანხის მიღებიდან მის დაბრუნებამდე, მოპასუხეებისათვის სოლიდარულად მორალური ზიანის - 3000 ლარის - ანაზღაურების დაკისრება, ასევე მოპასუხეებისათვის სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 693 ლარის დაკისრება. ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 31.10.2013წ. გადაწყვეტილებით გ. ბ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც სააპელაციო წესით გასაჩივრდა გ. ბ-ის მიერ.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 07.04.2014წ. გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გაუქმდა ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 31.10.2013წ. გადაწყვეტილება მორალური ზიანის ანაზღაურების უარყოფის ნაწილში და ამ ნაწილში გ. ბ-ის სარჩელზე შეწყდა საქმის წარმოება დაუშვებლობის მოტივით. გ. ბ-ის სააპელაციო საჩივარი დანარჩენ ნაწილში არ დაკმაყოფილდა.

გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა გ. ბ-ემ.

საკასაციო სასამართლოს 09.10.2014 წ. განჩინებით გ. ბ-ეს დაევალა განჩინების ჩაბარებიდან 7 დღის ვადაში ხარვეზის გამოსწორება, კერძოდ, სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის საკასაციო სასამართლოში წარმოდგენა.

საკასაციო სასამართლოს 12.11.2014 წლის განჩინებით გ. ბ-ის საკასაციო საჩივარი დარჩა განუხილველი, ვინაიდან მის მიერ არ იქნა გამოსწორებული სასამართლოს მიერ დადგენილი ხარვეზი.

02.12.2014წ. საკასაციო სასამართლოს მომართა გ. ბ-ის წარმომადგენელმა, რომელმაც მოითხოვა საკასაციო სასამართლოს 09.10.2014წ. განჩინების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება გ. ბ-ის საკასაციო საჩივარზე, იმ მოტივით, რომ ხარვეზის შესახებ საკასაციო სასამართლოს განჩინება ჩაბარდა მის სოფელში მცხოვრებ სხვა გ. ბ-ეს. შესაბამისად მისთვის ცნობილი არ იყო ხარვეზის დადგენის შესახებ სასამართლოს განჩინების გამოტანის შესახებ.

საკასაციო სასამართლოს 30.06.2015წ. განჩინებით გ. ბ-ის განცხადება წარმოების განახლების შესახებ დაკმაყოფილდა, გაუქმდა საკასაციო სასამართლოს 09.10.2014 წ. განჩინება და საქმეზე განახლდა წარმოება.

27.07.2015წ. საკასაციო სასამართლოს განცხადებით მომართა გ. ბ-ის წარმომადგენელმა კ. შ-მა და მიუთითა, რომ კასატორი უარს ამბობს მოთხოვნაზე გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულების გამო საცხოვრებელი ბინის გაყიდვით გამოწვეული ზიანის - 18913 ლარის - მოპასუხეთათვის სოლიდარულად დაკისრების შესახებ.

საკასაციო სასამართლოს 19.11.15წ. განჩინებით გ. ბ-ის საკასაციო მოთხოვნაზე, საცხოვრებელი ბინის გაყიდვით გამოწვეული ზიანის - 18913 ლარის - მოპასუხეთათვის სოლიდარულად დაკისრების შესახებ, შეწყდა საქმის წარმოება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ გ. ბ-ის საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოყენებული საპროცესო და მატერიალური სამართლის ნორმების განმარტებისა და სამართლის განვითარების მიზნით, საკასაციო სასამართლოს მიერ ზოგადი მნიშვნელობის მქონე სახელმძღვანელო და სარეკომენდაციო გადაწყვეტილების გამოტანის ფაქტობრივი საჭიროება.

საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, აღნიშნულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა არსებითი პროცესუალური დარღვევების გარეშე და საქმეზე არსებითად სწორი გადაწყვეტილებაა მიღებული. მოცემული საქმე არ არის მნიშვნელოვანი სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული არც ერთი საფუძველი, რის გამოც გ. ბ-ის საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ამასთან, გ. ბ-ის წარმომადგენელს კ. შ-ს (პ.ნ. ...) სსკ-ის 401.4 მუხლის შესაბამისად, უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 27.07.2015წ. №0 საგადახდო დავალებით და 29.07.2015წ. №1 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70% - 210 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. გ. ბ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 07.04.2014წ. გადაწყვეტილება.

3. გ. ბ-ის წარმომადგენელს კ. შ-ს (პ.ნ....) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 27.07.2015წ. №0 და 29.07.2015წ. №1 საგადახდო დავალებებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70% - 210 ლარი.

4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: ნ. სხირტლაძე

მოსამართლეები: ლ. მურუსიძე

მ. ვაჩაძე