Facebook Twitter

ბს-535-522 (კ-14) 19 ნოემბერი, 2015 წელი

ქ.თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ლევან მურუსიძე, მაია ვაჩაძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა გ. ბ-ის განცხადების დასაშვებობის საკითხი.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

გ. ბ-ემ 13.03.2012წ. სარჩელით მიმართა ოზურგეთის რაიონულ სასამართლოს მოპასუხეების: სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს, მესამე პირების: სსიპ შემოსავლების სამსახურის, დ. შ-ის, ნ. ი-ის, გ. თ-ის და ა. ბ-ის მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა: გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულების გამო საცხოვრებელი ბინის გაყიდვით გამოწვეული ზიანის - 18913 ლარის - მოპასუხეთათვის სოლიდარულად დაკისრება, ასევე 3410 ლარის ანაზღაურება, რაც არის ყოველდღიურად ნაანგარიშები 9882 ლარის 0.07 პროცენტი თანხის მიღებიდან მის დაბრუნებამდე, მოპასუხეებისათვის სოლიდარულად მორალური ზიანის - 3000 ლარის - ანაზღაურების დაკისრება, ასევე მოპასუხეებისათვის სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 693 ლარის დაკისრება. ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 31.10.2013წ. გადაწყვეტილებით გ. ბ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც სააპელაციო წესით გასაჩივრდა გ. ბ-ის მიერ.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 07.04.2014წ. გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გაუქმდა ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 31.10.2013წ. გადაწყვეტილება მორალური ზიანის ანაზღაურების უარყოფის ნაწილში და ამ ნაწილში გ. ბ-ის სარჩელზე შეწყდა საქმის წარმოება დაუშვებლობის მოტივით. გ. ბ-ის სააპელაციო საჩივარი დანარჩენ ნაწილში არ დაკმაყოფილდა.

გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა გ. ბ-ემ.

27.07.2015წ. საკასაციო სასამართლოს განცხადებით მომართა გ. ბ-ის წარმომადგენელმა კ. შ-მა და მიუთითა, რომ კასატორი უარს ამბობს მოთხოვნაზე გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულების გამო საცხოვრებელი ბინის გაყიდვით გამოწვეული ზიანის - 18913 ლარის - მოპასუხეთათვის სოლიდარულად დაკისრების შესახებ.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო განცხადების დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ გ. ბ-ის წარმომადგენელის კ. შ-ის განცხადება უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

სსკ-ის 3.2 მუხლის თანახმად მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება დაამთავრონ მორიგებით. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს - ცნოს სარჩელი. სსკ-ის 272-ე მუხლის თანახმად სასამართლო მხარეთა განცხადებით ან თავისი ინიციატივით შეწყვეტს საქმის წარმოებას, თუ მოსარჩელემ უარი თქვა სარჩელზე.

განსახილველ შემთხვევაში კასატორის წარმომადგენელი უარს ამბობს ერთ-ერთ სასარჩელო მოთხოვნაზე. საკასაციო სასამართლოს მიერ შემოწმებული იქნა წარმომადგენლობითი უფლებამოსილება, რის შედეგადაც დადასტურდა, რომ საქმეში ტ.3, ს.ფ. 12-13-ზე დაცული მინდობილობით კ. შ-ს გააჩნია სარჩელზე უარის თქმის სპეციალური უფლებამოსილება.

საკასაციო სასამართლო თვლის, რომ განცხადება აკმაყოფილებს სსკ-ით დადგენილ მოთხოვნებს, რის გამოც კასატორის მოთხოვნაზე - საცხოვრებელი ბინის გაყიდვით გამოწვეული ზიანის - 18913 ლარის - მოპასუხეთათვის სოლიდარულად დაკისრების შესახებ - უნდა შეწყდეს საქმის წარმოება.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სსკ-ის 399-ე, 272-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტით, 273-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. გ. ბ-ის წარმომადგენლის კ. შ-ის განცხადება დაკმაყოფილდეს.

2. გ. ბ-ის საკასაციო მოთხოვნაზე - საცხოვრებელი ბინის გაყიდვით გამოწვეული ზიანის, 18913 ლარის, მოპასუხეთათვის სოლიდარულად დაკისრების შესახებ - შეწყდეს საქმის წარმოება.

3. მხარეებს განემარტოთ, რომ სასამართლოსათვის ხელმეორედ მიმართვაიმავე დავაზე, იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით არ დაიშვება;

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: ნ. სხირტლაძე

მოსამართლეები: ლ. მურუსიძე

მ. ვაჩაძე