Facebook Twitter

საქმე №140310016001229683

№ბს-894-886(კ-16) 11 მაისი, 2017 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე, ვასილ როინიშვილი

განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი _ გორის მუნიციპალიტეტის გამგეობა

მოწინააღმდეგე მხარე _ ი. ქ-ე

გასაჩივრებული გადაწყვეტილება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 13 ივნისის გადაწყვეტილება

დავის საგანი _ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2016 წლის 26 იანვარს ი. ქ-ემ სასარჩელო განცხადებით მიმართა გორის რაიონულ სასამართლოს, მოპასუხის - გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიმართ.

მოსარჩელის განმარტებით, იგი გორის მუნიციპალიტეტის გამგებლის ბრძანებით დაინიშნა ... სამსახურის უფროსის თანამდებობაზე, საიდანაც გამგებლისვე ბრძანებით დაუსაბუთებლად გათავისუფლდა, რადგან მისი მხრიდან რაიმე სახის გადაცდომას ადგილი არ ჰქონია. გამგებელმა ჩათვალა, რომ ამ თანამდებობიდან პირის გათავისუფლება მის ექსლკუზიურ უფლებამოსილებას წარმოადგენდა და დასაბუთების გარეშე გაათავისუფლა იგი თანამდებობიდან. მოსარჩელის მითითებით, გამგეობის მხრიდან არასწორად იქნა გაგებული კანონით მინიჭებული დისკრეციული უფლებამოსილება.

ამდენად, მოსარჩელემ მისი თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის 2016 წლის 5 იანვრის #1პ-001 ბრძანების ბათილად ცნობა, თანამდებობაზე აღდგენა და აღდგენამდე პერიოდის იძულებითი განაცდურის ანაზღაურება მოითხოვა.

გორის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 23 თებერვლის გადაწყვეტილებით ი. ქ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ გორის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2014 წლის 11 აგვისტოს ბრძანებით ი. ქ-ე დაინიშნა გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის ... სამსახურის უფროსის თანამდებობაზე გამგებლის უფლებამოსილების ვადით; თანამდებობირივ სარგოდ განისაზღვრა ყოველთვიურად 1 000 ლარი. გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 8 იანვრის დადგენილებით გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის ... სამსახურის უფროსის თანამდებობირივ სარგოდ 2016 წლის 1 იანვრიდან განისაზღვრა ყოველთვიურად 1 400 ლარი.

გორის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2016 წლის 5 იანვრის ბრძანებით, ი. ქ-ე გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან იმ საფუძვლით, რომ ამ თანამდებობაზე დანიშვნა და გათავისუფლება მის ექსლკუზიურ უფლებამოსილებას წარმოადგენს.

სასამართლოს განმარტებით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის 1-ლი ნაწილის „ლ“ ქვეპუნქტის თანახმად, დისკრეციული უფლებამოსილებაა იმგვარი უფლებამოსილება, რომელიც ადმინისტრაციულ ორგანოს ან თანამდებობის პირს ანიჭებს თავისუფლებას საჯარო და კერძო ინტერესების დაცვის საფუძველზე კანონმდებლობის შესაბამისი რამდენიმე გადაწყვეტილებიდან შეარჩიოს ყველაზე მისაღები გადაწყვეტილება; იმავე კოდექსის 53-ე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, თუ ადმინისტრაციული ორგანო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას მოქმედებდა დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, წერილობით დასაბუთებაში მიეთითება ყველა ის ფაქტობრივი გარემოება, რომელსაც არსებითი მნიშვნელობა ჰქონდა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას.

სასამართლოს მითითებით, მოცემულ შემთხვევაში უნდა გაირკვეს, გორის მუნიციპალიტეტის გამგებელის დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლები ... სამსახურის უფროსის თანამდებობაზე დანიშვნასა და თანამდებობიდან გათავისუფლებასთან მიმართებაში. ამ უფლებამოსილების შინაარსი რეგლამენტირებულია საქართველოს ორგანული კანონით - ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსით. მითითებული კოდექსის მე-60 მუხლის 1-ლი ნაწილის დღეს მოქმედი რედაქციის მიხედვით, გამგეობის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელია ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელე, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს გამგებელი.

სასამართლომ ყურადღება მიაქცია იმ გარემოებას, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსით მუნიციპალიტეტის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის, მათ შორის ... სამსახურის უფროსის დანიშვნისა და გათავისუფლების საფუძვლები და ზუსტი რეგლამენტაცია განსაზღვრული არ არის. ამ საკითხში მუნიციპალიტეტის გამგებელს, მე-60 მუხლის თანახმად, მინიჭებული აქვს ფართო დისკრეცია, და კონკრეტული პირის მითითებულ თანამდებობაზე დანიშვნა-გათავისუფლება მხოლოდ გამგებლის შეხედულებაზე, მის შეფასებასა და გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული. სასამართლომ აღნიშნა, რომ ი. ქ-ე ... სამსახურის უფროსის თანამდებობაზე დაინიშნა იმავე გამგებელის ბრძანებით, რომლის გადაწყვეტილებითაც შემდეგ გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან. ამავე დროს, დანიშვნა მოხდა გამგებლის უშუალო, ერთპიროვნული გადაწყვეტილებით, კონკურსისა და თანამდებობის დასაკავებლად კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა მოთხოვნების გათვალისწინების გარეშე.

სასამართლოს მითითებით, მოცემული დავის გადაწყვეტისას მხედველობაშია მისაღები ის გარემოებაც, რომ „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის 1-ლი ნაწილის მიხედვით, ამ კანონის მოქმედება, გარდა ამ მუხლის 11 და 12 პუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა, არ ვრცელდება გამგეობის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელზე.

სასამართლომ მიიჩნია, რომ როდესაც სამართლის ნორმის ადრესატების ერთი ჯგუფი, სხვა ჯგუფთან შედარებით განსხვავებულად განიხილება, მოწესრიგების ლოგიკიდან გამომდინარე ამ ჯგუფებს შორის არსებული განსხვავება უნდა ამართლებდეს დადგენილ უთანასწორობას, კავშირი დიფერენცირების ნიშანსა და განსხვავებულად განხილვას შორის უნდა იძლეოდეს რაციონალური ახსნის შესაძლებლობას და სამართლებრივად განსხვავებული შედეგები ფაქტობრივად არსებული განსხვავების პროპორციული უნდა იყოს (ანალოგიურ საკითხზე იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2014 წლის 29 ივლისის №ბს-69-67(კ-14) გადაწყვეტილება).

სასამართლომ ყურადღება მიაქცია იმ გარემოებასაც, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსით განსხვავებულადაა რეგულირებული გამგებლის, მისი მოადგილეებისა და სტრუქტურული ერთეულების უფროსების და მუნიციპალიტეტის სხვა მოსამსახურეთა დანიშვნა-გათავისუფლების საფუძვლები. ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსით მუნიციპალიტეტის მოსამსახურეთა დანიშვნა-გათავისუფლების მარეგულირებელი ნორმების ურთიერთშედარებით ნათელი ხდება, რომ დღეს მოქმედი კანონმდებლობით მუნიცპალიტეტის გამგებელს სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელი პირების დანიშვნა-გათავისუფლებაზე მინიჭებული აქვს ფართო დისკრეცია და მხოლოდ მის უშუალო შეხედულებაზეა დამოკიდებული ამ საკითხის გადაწყვეტა, განსხვავებით სხვა მოსამსახურეებთან მიმართებაში, რომელთა საჯარო შრომითსამართლებრივი ურთიერთობების რეგულაციისას გამოიყენება „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესი.

სასამართლომ არ გაიზიარა მოსარჩელე მხარის პოზიცია გასაჩივრებული აქტის დაუსაბუთებლობასთან დაკავშირებით და მიუთითა, რომ აქტში აღნიშნულია, რომ ი. ქ-ე თანამდებობიდან გათავისუფლდა გამგებელისათვის მინიჭებული დისკრეციული უფლებამოსილების გამოყენებით და, შესაბამისად, აქტი ამ კუთხით შეიცავს სათანადო დასაბუთებას. სასამართლომ განმარტა, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის დასაბუთების კანონისმიერი ვალდებულება განპირობებულია იმ გარემოებით, რომ ადმინისტრაციული ორგანო შებოჭოს სამართლით და მოაქციოს თვითკონტროლის ფარგლებში, რამდენადაც გადაწყვეტილების მიღება უნდა ეფუძნებოდეს კონკრეტულ გარემოებებს და ფაქტებს, რომელთა სწორად შეფასებასაც ადმინისტრაციული ორგანო მიჰყავს საკითხის ამ თუ იმ გადაწყვეტამდე, ანუ სწორედ კონკრეტული ფაქტები და საქმის გარემოებები განსაზღვრავს გადაწყვეტილების იურიდიულ შედეგს და არა პირიქით; წინააღმდეგ შემთხვევაში საჯარო სამართალურთიერთობა დაკარგავს უზრუნველყოფადობას, სტაბილურობას, გარანტირებულობას, დაირღვევა სამართლის ნორმის და ადმინისტრაციული ორგანოს მიმართ ნდობის პრინციპი, სამართლებრივი უსაფრთხოების განცდა, ხოლო ასეთ პირობებში, მყარი სამართლებრივი წესრიგის ადგილს დაიკავებს მმართველობითი ორგანოს სახელისუფლო ძალაზე დამყარებული თვითნებობა მაშინ, როდესაც ადმინისტრაციული ორგანოსადმი, შესაბამისად, სახელმწიფოსადმი ნდობის პრინციპი და სამართლებრივი უსაფრთხოება, სამართლებრივი სახელმწიფოს ერთ-ერთი უმთავრესი ნიშანია (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2013 წლის 19 ნოემბრის №ბს-301-292(2კ-13) განჩინება). გადაწყვეტილების დასაბუთება აუცილებელია ადრესატისათვის, რათა შეაფასოს მისი მართლზომიერება, დარწმუნდეს მის კანონშესაბამისობაში, ხოლო, უფლების დარღვევის განცდის შემთხვევაში, ისარგებლოს გასაჩივრების შესაძლებლობით; მას უნდა შეეძლოს, იცოდეს, რა არგუმენტებით უნდა დაუპირისპირდეს მიღებულ გადაწყვეტილებას, რასაც დასაბუთების გარეშე გადაწყვეტილების მიღების პირობებში, მოკლებულია; დასაბუთებული აქტის გამოცემა აადვილებს საჩივრის ან სარჩელის განმხილველი ორგანოების მიერ მისი კანონიერებისა და მიზანშეწონილობის გადამოწმების პროცესს (იხ. სუს იგივე განჩინება).

ისეთ პირობებში, როდესაც ადმინისტრაციული ორგანო გადაწყვეტილების მიღებისას მოქმედებს დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, იგი ვალდებულია, მიიღოს დასაბუთებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რათა უფრო ნათელი გახდეს თანამდებობიდან გათავისუფლების გამოყენების საფუძვლიანობა და დასაბუთებულობა.

სასამართლოს მითითებით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-6 მუხლით განსაზღვრულია ადმინისტრაციული ორგანოს დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელების წესი, კერძოდ, თუ ადმინისტრაციულ ორგანოს რომელიმე საკითხის გადასაწყვეტად მინიჭებული აქვს დისკრეციული უფლებამოსილება, იგი ვალდებულია, ეს უფლებამოსილება განახორციელოს კანონით დადგენილ ფარგლებში; ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია, განახორციელოს დისკრეციული უფლებამოსილება მხოლოდ იმ მიზნით, რომლის მისაღწევადაც მინიჭებული აქვს ეს უფლებამოსილება. სასამართლომ განმარტა, რომ ადმინისტრაციული ორგანო, დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებისას, ზოგადად, შებოჭილია კანონიერების პრინციპით, კონკრეტულად, კანონისმიერი დათქმის პრინციპით, რომელიც, თავის მხრივ, კონსტიტუციაში განმტკიცებულია დემოკრატიის, სამართლებრივი სახელმწიფოსა და პირის ძირითადი უფლებების დაცვის პრინციპებიდან გამომდინარე. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-7 მუხლის თანახმად, დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებისას არ შეიძლება, გამოიცეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, თუ პირის კანონით დაცული უფლებებისა და ინტერესებისათვის მიყენებული ზიანი არსებითად აღემატება იმ სიკეთეს, რომლის მისაღებადაც იგი გამოიცა; დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებისას გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით გათვალისწინებულმა ზომებმა არ შეიძლება, გამოიწვიოს პირის კანონიერი უფლებებისა და ინტერესების დაუსაბუთებელი შეზღუდვა.

სასამართლომ განმარტა, რომ დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელების კანონიერებაზე მსჯელობისას უნდა დადგინდეს, რამდენად დასაბუთებულია ადმინისტრაციული ორგანოს მიერ საკითხის შერჩეული გადაწყვეტა, რაც, თავის მხრივ, უნდა ეფუძნებოდეს საქმეზე ფაქტების ობიექტურ გამოკვლევას, დადგენასა და შეფასებას; ამასთან, სასამართლო ამოწმებს არა შერჩეული გადაწყვეტილების მიზანშეწონილობას, არამედ მის კანონიერება-დასაბუთებულობას (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2014 წლის 7 ოქტომბრის №ბს-201-199(კ-14) განჩინება).

სასამართლოს მითითებით, ადმინისტრაციულმა ორგანომ უნდა დაასაბუთოს, რომ მიღებული გადაწყვეტილება ყველაზე მისაღები, ოპტიმალური იყო არსებული შესაძლებლობებიდან; აღნიშნულიდან გამომდინარე, დისკრეციული უფლებამოსილების შეფასებისას უნდა შეფასდეს სადავო გადაწყვეტილებაში გამოყენებულია თუ არა საკითხის გადაწყვეტის ყველაზე ოპტიმალური საშუალება და დასაბუთებულია თუ არა გამოყენებული ღონისძიების ყველაზე მისაღები ხასიათი შესაძლო ალტერნატიულ ღონისძიებებთან შედარებით.

გორის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2016 წლის 5 იანვრის № 1პ-001 ბრძანება აგებულია იმაზე, რომ ი. ქ-ის დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლება მოხდა გამგებელისათვის მინიჭებული უფლების გამოყენებით, და კონკრეტული მიზეზი მასში ასახული არ არის, რის გამოც, ბრძანების დასაბუთებულობის თვალსაზრისით, რჩება არასაკმარისობის განცდა (მხარეთა განმარტებით, გემგებელსა და მოსარჩელეს შორის მოხდა უთანხმოება სამსახურებრივ საკითხებთან დაკავშირებით). მიუხედავად ამისა, სასამართლომ განმარტა, რომ დღეს მოქმედი კანონმდებლობა არ ავალდებულებს გამგებელს, დაასაბუთოს სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის როგორც თანამდებობაზე დანიშვნის, ასევე გათავისუფლების გადაწყვეტილება, და აქტში მიუთითოს დანიშვნის ან გათავისუფლების კონკრეტული მიზეზი (მაგ. დანიშვნისას - სათანადო კვალიფიკაციის, უნარ-ჩვევების ქონა ან გათავისუფლებისას სამსახურებრივი ფუნქციების არაჯეროვანი შესრულება, შრომითი დისციპლინის დარღვევა და ა.შ.). თანამდებობიდან გათავისუფლების აქტში კონკრეტული მიზეზის მითითება უფრო მეტ სიცხადეს შეიტანდა და ნათელს მოფენდა, რატომ მიიღო გამგებელმა თავისივე ერთპიროვნული შეხედულებით დანიშნული მოხელის შემდგომში თანამდებობიდან გათავისუფლების გადაწყვეტილება, რაც საშუალებას მისცემდა როგორც მხარეს, ასევე სასამართლოს, ემსჯელა გათავისუფლების გაცხადებულ მოტივებთან დაკავშირებით; თუმცა ამგვარი მოტივაციის არ არსებობა, მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში, არ ქმნის თანამდებობიდან გათავისუფლების უკანონოდ ან დაუსაბუთებლად მიჩნევის საკმარის საფუძველს, რადგან, როგორც აღინიშნა, დღეს მოქმედი კანონმდებლობა არ ავალდებულებს გამგებელს, დაასაბუთოს თავისივე ერთპიროვნული შეხედულებით დანიშნული მოხელის თანამდებობიდან გათავისუფლების გადაწყვეტილება.

სასამართლომ განმარტა, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი სრულ თავისუფლებას ანიჭებს გამგებელს საკუთარი პასუხისმგებლობით შეარჩიოს სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი, განსაზღვროს მისი კვალიფიციურობა, ხელმძღვანელობითი ფუნქციების განხორციელებისადმი სანდოობა, უნარ-ჩვევები, და ისე მიიღოს გადაწყვეტილება კონკრეტული კადრის შერჩევაში; სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის თანამდებობაზე განწესება და გათავისუფლება მთლიანად დამოკიდებულია გამგებელზე. ამაზე მეტყველებს ისიც, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსით (59-ე მუხლის მე-2 და მე-60 მუხლის მე-4 ნაწილები) მუნიციპალიტეტის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელს უფლებამოსილება განესაზღვრება გამგებლის უფლებამოსილების ვადით და ეს უფლებამოსილება, სხვა საფუძველბთან ერთად, უწყდება გამგებლის თანამდებობიდან გათავისუფლების შემთხვევაშიც.

„გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის ... სამსახურის დებულების“ (დამტკიცებულია გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 12 დეკემბრის №41 დადგენილებით) მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, სამსახურის უფროსი არის ადგილობრივი თვითმმართველობის საჯარო მოხელე, რომელსაც საქართველოს კანონით „საჯარო სამსახურის შესახებ“ დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს გამგებელი; სასამართლომ მიიჩნია, რომ „დებულების“ ეს ჩანაწერი კოლიზიაშია ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის მე-60 მუხლის 1-ლი ნაწილთან, რომლითაც ... სამსახურის უფროსის თანამდებობაზე დანიშვნა-გათავისუფლება დამოკიდებული არ არის „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილ წესზე. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, საქართველოს საკანონმდებლო აქტებს აქვს უპირატესი იურიდიული ძალა საქართველოს კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების მიმართ. აქედან გამომდინარე, სადავო სამართალურთიერთობა უნდა გადაწყდეს კანონქვემდებარე აქტზე - მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილებაზე იერარქიით ზემდგომი საქართველოს ორგანული კანონით - ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსით დადგენილი წესით. როგორც აღინიშნა, ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი სრულ თავისუფლებას ანიჭებს გამგებელს საკუთარი პასუხისმგებლობით შეარჩიოს სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი და ერთპიროვნულად მიიღოს გადაწყვეტილება მის თანამდებობაზე განმწესებასა თუ გათავისუფლებაზე - „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესისაგან დამოუკიდებლად.

სასამართლომ ამგვარი მსჯელობისა და დასკვნის მართებულობასთან დაკავშირებით დამატებით მიუთითა ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის მე-60 მუხლზე, რომლის მიხედვით, გამგეობის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის თანამდებობაზე დანიშვნა და თანამდებობიდან გათავისუფლება შესაძლებელი იქნება მხოლოდ „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით 2017 წლის 1 იანვრიდან, დღეს მოქმედი კანონმდებლობით კი ამგვარი წესი მუნიციპალიტეტის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელზე განსაზღვრული არ არის.

სასამართლომ მიიჩნია, რომ გასაჩივრებული აქტის გამოცემით კანონის მოთხოვნები არ დარღვეულა, აქტი შეიცავს მოსარჩელის თანამდებობიდან გათავისუფლების დასაბუთებას, რომ გამგებელმა გამოიყენა მისთვის კანონმდებლობით მინიჭებული ფართო დისკრეციული უფლებამოსილება, და თანამდებობიდან გაათავისუფლა მისივე შეხედულებით ერთპიროვნულად დანიშნული ... სამსახურის უფროსი.

გორის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 23 თებერვლის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ი. ქ-ემ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 13 ივნისის გადაწყვეტილებით ი. ქ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა გორის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 23 თებერვლის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც ი. ქ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის 2016 წლის 5 იანვრის ბრძანება; ი. ქ-ე აღდგენილ იქნა გორის მუნიციპალიტეტის ... სამსახურის უფროსის თანამდებობაზე; გორის მუნიციპალიტეტის გამგეობას დაეკისრა განაცდურის ანაზღაურება სამსახურიდან გათავისუფლებიდან სამსახურში აღდგენამდე მთელი პერიოდის განმავლობაში.

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „ლ“ ქვეპუნქტზე, მე-6 და მე-7 მუხლებზე და აღნიშნა, რომ ადმინისტრაციული ორგანო სადავო გადაწყვეტილების მიღებისას მოქმედებდა მისივე დისკრეციის ფარგლებში.

სასამართლომ განმარტა, რომ მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომელიც გამოცემულია წერილობითი სახით, აუცილებელია, შეიცავდეს დასაბუთებას, კერძოდ, მასში მითითებული უნდა იყოს ის სამართლებრივი და ფაქტობრივი წანამძღვრები, რომელთა საფუძველზეც გამოიცა იგი. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ადმინისტრაციული ორგანო მოქმედებს დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, იგი ვალდებულია, აქტის დასაბუთებაში მიუთითოს იმ გარემოებებზე, რომლებიც საფუძვლად დაედო მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, კერძოდ, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, თუ ადმინისტრაციული ორგანო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას მოქმედებდა დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, წერილობით დასაბუთებაში მიეთითება ყველა ის ფაქტობრივი გარემოება, რომლებსაც არსებითი მნიშვნელობა ჰქონდა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას, ხოლო ამავე კოდექსის 53-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის, თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს.

სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ ი. ქ-ის დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ გორის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2016 წლის 5 იანვრის ბრძანების გამოცემისას დაირღვა ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის მოთხოვნები, ვინაიდან გასაჩივრებული აქტი არ შეიცავს სათანადო დასაბუთებას, კერძოდ თუ რატომ განთავისუფლდა ი. ქ-ის დაკავებული თანამდებობიდან. ფაქტიურად მოსარჩელის გათავისუფლება მოხდა მხოლოდ გამგებელის ნების საფუძველზე ყოველგვარი დასაბუთების გარეშე.

სასამართლომ მიიჩნია, რომ სადავო ადმინისტრაციული აქტის გამოცემისას მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დარღვეულ იქნა ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით ადმინისტრაციული აქტის გამოსაცემად ადმინისტრაციული წარმოებისათვის დადგენილი სხვა მოთხოვნებიც, კერძოდ, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის პირველი მუხლის თანახმად, ცალსახად არის განსაზღვრული ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულება, ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, დაუშვებელია ადმინისტრაციული აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული.

სააპელაციო სასამართლოს მითითებით, მოცემულ შემთხვევაში გასაჩივრებული ბრძანება არ შეიცავს არანაირ დასაბუთებას, შესაბამისად დარღვეულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე და 96-ე მუხლის მოთხოვნები. როგორც მოპასუხის წარმომადგენელმა განმარტა, გორის მუნიციპალიტეტის გამგებელი უფლებამოსილი იყო ... სამსახურის უფროსის თანამდებობიდან უპირობოდ გაეთავისუფლებინა მოსარჩელე, რადგან ეს ფუნქცია გამგებლის უფლებამოსილებას წარმოადგენს.

პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად მიუთითა, რომ გორის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2016 წლის 5 იანვრის №1პ-001 ბრძანება აგებულია იმაზე, რომ ი. ქ-ის დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლება მოხდა გამგებელისათვის მინიჭებული უფლების გამოყენებით, და კონკრეტული მიზეზი მასში ასახული არ არის, რის გამოც, ბრძანების დასაბუთებულობის თვალსაზრისით, რჩება არასაკმარისობის განცდა. თუმცა, სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს განმარტება იმის შესახებ, რომ დღეს მოქმედი კანონმდებლობა არ ავალდებულებს გამგებელს, დაასაბუთოს სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის როგორც თანამდებობაზე დანიშვნის, ასევე გათავისუფლების გადაწყვეტილება, და აქტში მიუთითოს დანიშვნის ან გათავისუფლების კონკრეტული მიზეზი.

სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ გორის მუნიციპალიტეტის გამგეობა არის ადმინისტრაციული ორგანო და მასზე ვრცელდება ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე–5, 53–ე, 96–ე მუხლების მოქმედება. მოსარჩელის თანამდებობიდან გათავისუფლების ბრძანებაში კონკრეტული მიზეზის მითითება უფრო მეტ სიცხადეს შეიტანდა და ნათელს მოფენდა, რატომ მიიღო გამგებელმა მის მიერ დანიშნული მოხელის თანამდებობიდან გათავისუფლების გადაწყვეტილება, რაც საშუალებას მისცემდა როგორც მხარეს, ასევე სასამართლოს, ემსჯელა გათავისუფლების გაცხადებულ მოტივებთან დაკავშირებით. მოცემულ შემთხვევაში ამგვარი მოტივაციის არ არსებობა, ქმნის თანამდებობიდან გათავისუფლების უკანონოდ მიჩნევის საკმარის საფუძველს.

სააპელაციო სასამართლოს მითითებით, მართალია „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის 1-ლი ნაწილის მიხედვით, ამ კანონის მოქმედება, გარდა ამ მუხლის 11 და 12 პუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა, არ ვრცელდება გამგეობის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელზე, თუმცა კანონის ეს დეფინიცია არ გულისხმობს იმას რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციული აქტის გამოცემისას გორის მუნიციპალიტეტის გამგეობამ არ უნდა გამოიყენოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი.

ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გამგებლის/მერის პირველ მოადგილესა და მოადგილეს უფლებამოსილებები უწყდებათ აგრეთვე გამგებლის/მერის მიერ თანამდებობებიდან მათი გათავისუფლების შემთხვევაში. მითითებული კოდექსის მე-60 მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, გამგეობის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელია ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელე, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს გამგებელი. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამგეობის/მერიის სტრუქტურული ერთეულის საქმიანობაზე სამსახურებრივ ზედამხედველობას ახორციელებს გამგებელი/მერი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე გამგეობის/მერიის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის თანამდებობრივი შეუთავსებლობის, აგრეთვე უფლებამოსილების შეჩერებისა და შეწყვეტის საკითხები წესრიგდება ამ კანონის 58-ე და 59-ე მუხლების შესაბამისად. მართალია ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი ანიჭებს გამგებელს უფლებამოსილებას გაათავისუფლოს დაკავებული თანამდებობიდან სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი თუმცა ეს უფლებამოსილება არ გულისხმობს ყოველგვარი საფუძვლისა და დასაბუთების გარეშე შესაბამისი პირის თანამდებობიდან დათხოვნის უფლებას.

სააპელაციო პალატამ ასევე მიუთითა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-5 მუხლზე, რომლის პირველი პუნქტით რეგლამენტირებულია ადმინისტრაციული ორგანოს უფლებამოსილების განხორციელების სავალდებულო პრინციპი - უფლებამოსილების განხორციელება კანონის საფუძველზე, რაც გულისხმობს, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს ეკრძალება კანონმდებლობის მოთხოვნის საწინააღმდეგოდ განახორციელოს რაიმე მოქმედება. სასამართლომ განმარტა, რომ ადმინისტრაციული ორგანო აქტის გამოცემის შემთხვევაში, შეზღუდულია კანონის მოთხოვნის ფარგლებით.

სააპელაციო პალატამ ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე განმარტავს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-5 და 96.2. მუხლების შესაბამისად ადმინისტრაციულ ორგანოს არა აქვს უფლება, კანონმდებლობის მოთხოვნათა საწინააღმდეგოდ განახორციელოს რაიმე ქმედება, მათ შორის, გამოსცეს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევა-შეფასების გარეშე. სასამართლომ მიიჩნია, რომ სადავო ბრძანება მიღებულია სათანადო დასაბუღების გარეშე და მოხელის სამსახურიდან გათავისუფლების კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების უგულებელყოფით, რაც მისი ბათილად ცნობის საფუძველს წარმოადგენს.

ზემოაღნიშნული მსჯელობიდან გამომდინარე, სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელის მიერ სადავოდ ქცეული გორის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2016 წლის 5 იანვრის ბრძანება მოსარჩელის დაკავებული თანამდებობიდან განთავისუფლების თაობაზე გამოცემულია კანონის დარღვევით და ბათილად უნდა იქნეს ცნობილი. ამასთან, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ ი. ქ-ე „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 127-ე მუხლის მე-5 პუნქტისა და ამავე კანონის 112-ე მუხლის საფუძველზე აღდგენილ უნდა იქნეს გორის მუნიციპალიტეტის ... სამსახურის უფროსის თანამდებობაზე და გორის მუნიციპალიტეტის გამგეობას უნდა დაეკისროს განაცდურის ანაზღაურება სამსახურიდან გათავისუფლებიდან სამსახურში აღდგენემდე პერიოდის განმავლობაში.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 13 ივნისის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა გორის მუნიციპალიტეტის გამგეობამ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება მოითხოვა.

კასატორის მითითებით, სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაში არასწორად არის გამოყენებული საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე და 96-ე მუხლები. ასევე სასამართლომ არ გამოიყენა და სამართლებრივი მიზნისა და მნიშვნელობის გარეშე დატოვა ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი, როგორც ადგილობრივი თვითმმართველობისთვის სპეციალური კანონი, რომელიც გამგებელს ერთპიროვნულად ანიჭებს უფლებამოსილებას დანიშნოს და გაათავისუფლოს სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი (თანამდებობის პირი). სააპელაციო სასამართლომ მხედველობის მიღმა დატოვა გამგებლის მოადგილეების და სტრუქტურული ერთეულის უფროსების დანიშვნა-გათავისუფლების სამართლებრივი საფუძვლები.

კასატორის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლო არასწორად მსჯელობს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით გათვალისწინებულ დისკრეციულ უფლებამოსილებაზე გამგებლის სპეციალურ უფლებამოსილებასთან მიმართებაში. მითითებული კოდექსის მე-6 მუხლით განსაზღვრულია, რომ დისკრეციული უფლებამოსილება უნდა განხორციელდეს კანონით დადგენილ ფარგლებში ანუ გამგებლის გადაწყვეტილება დაფუძნებულია და გამომდინარეობს ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსისა და „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის ფარგლებით.

რაც შეეხება დასაბუთებას, კასატორის განმარტებით, თვითმმართველობის კოდექსი არ ავალდებულებს გამგებელს მიუთითოს მიზეზი და საფუძვლები, როგორც დანიშვნისას, ასევე გათავისუფლებისას. სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი საკმარისად შეიცავს ამ უფლებამოსილების რეალიზაციის დასაბუთებას, რომლითაც გამგებელმა გამოიყენა მისთვის მინიჭებული ფართო დისკრეციული უფლებამოსილება და თანამდებობიდან გაათავისუფლა თავისივე ნებით დანიშნული ... სამსახურის უფროსი (თანამდებობი პირი) და მოცემული თანამდებობა სხვა მისთვის სასურველ პირს ჩააბარა.

კასატორის მითითებით, სპეციალური ნორმების - ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის 52-ე, 59-ე, მე-60 მუხლებისა და „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მიხედვით, გამგებელი აღჭურვილია თავისუფალი გადაწყვეტილების უფლებით. კასატორის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლომ სპეციალური კანონმდებლობის იმ ნაწილს, რომელიც იურიდიულად გამიჯნავს გამგებლის უფლებამოსილებების განხორცილების იმპერატიულობას და დამოუკიდებლობას, დაუპირისპირა და არასამართლებრივი რეგლამენტებით საფუძვლად დაუდო ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით განსაზღვრული „ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის დასაბუთება - 53-ე მუხლი“ და „საქმის გარემოებათა გამოკვლევა - 96-ე მუხლი“.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 18 ნოემბრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის საკასაციო საჩივარი.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 9 თებერვლის განჩინებით გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა დასაშვებად და მისი განხილვა დაინიშნა მხარეთა დასწრების გარეშე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, მათი შესწავლისა და ანალიზის, გასაჩივრებული გადაწყვეტილების იურიდიული დასაბუთებულობისა და წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის მოტივების შემოწმების საფუძველზე მიიჩნევს, რომ გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 13 ივნისის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც ი. ქ-ის სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, გადაწყვეტილება ყოველთვის ჩაითვლება კანონის დარღვევით მიღებულად, თუ გადაწყვეტილება იურიდიულად არ არის საკმარისად დასაბუთებული (გადაწყვეტილების გაუქმების აბსოლუტური საფუძვლები); ხოლო ამავე კოდექსის 411-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო თვითონ მიიღებს გადაწყვეტილებას საქმეზე, თუ არ არსებობს ამ კოდექსის 412-ე მუხლით გათვალისწინებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძვლები (საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება).

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, საკასაციო სასამართლო იმსჯელებს მხარის მხოლოდ იმ ახსნა-განმარტებაზე, რომელიც ასახულია სასამართლოთა გადაწყვეტილებებში ან სხდომათა ოქმებში. გარდა ამისა, შეიძლება მხედველობაში იქნეს მიღებული ამ კოდექსის 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტები; ხოლო ამავე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებულ პრეტენზიაში იგულისხმება მითითება იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაუშვა სააპელაციო სასამართლომ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორმა - გორის მუნიციპალიტეტის გამგეობამ დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება) წარმოადგინა.

განსახილველ შემთხვევაში დავის საგანს გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის ... სამსახურის უფროსის - ი. ქ-ის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის 2016 წლის 5 იანვრის #1პ-001 ბრძანების კანონიერება წარმოადგენს. აღსანიშნავია, რომ მოსარჩელე ი. ქ-ე სადავო ბრძანების უკანონობის საფუძვლად მის დაუსაბუთებლობაზე მიუთითებს, ხოლო მოპასუხის - გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის მტკიცებით, გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის ... სამსახურის უფროსის თანამდებობაზე დანიშვნა და გათავისუფლება გამგებლის ექსკლუზიურ უფლებამოსილებას წარმოადგენდა და მას დასაბუთების ვალდებულება არ წაეყენებოდა. სადავო საკითხის შეფასებისას ასევე განსხვავებულია ქვედა ინსტანციის სასამართლოების დასკვნები გასაჩივრებული ბრძანების კანონიერების თაობაზე.

ამდენად, სადავო საკითხთან დაკავშირებით სასამართლოს მსჯელობის ძირითად საგანს გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის ... სამსახურის უფროსის თანამდებობაზე დანიშვნასა და გათავისუფლებასთან მიმართებაში გორის მუნიციპალიტეტის გამგებლის დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლები წარმოადგენს, რა დროსაც გადამწყვეტია დადგინდეს გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის ... სამსახურის უფროსის თანამდებობიდან გათავისუფლება გამგებელს აქტის დასაბუთების ვალდებულებას თუ აკისრებდა.

საკასაციო სასამართლოს განმარტებით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „ლ“ ქვეპუნქტის თანახმად, დისკრეციული უფლებამოსილება წარმოადგენს იმგვარ უფლებამოსილებას, რომელიც ადმინისტრაციულ ორგანოს ან თანამდებობის პირს ანიჭებს თავისუფლებას საჯარო და კერძო ინტერესების დაცვის საფუძველზე კანონმდებლობის შესაბამისი რამდენიმე გადაწყვეტილებიდან შეარჩიოს ყველაზე მისაღები გადაწყვეტილება. ადმინისტრაციული ორგანოს დისკრეციული უფლებამოსილება მაშინ გვაქვს სახეზე, როდესაც სამართლის ნორმის ფაქტობრივი შემადგენლობისა და ფაქტის შესაბამისობის დადგენის შემთხვევაში კანონი ერთ კონკრეტულ სამართლებრივ შედეგს კი არ განსაზღვრავს, არამედ ადმინისტრაციულ ორგანოს აღჭურავს უფლებამოსილებით, თვითონ განსაზღვროს სამართლებრივი შედეგი. ამასთან, ამავე კოდექსის მე-6 მუხლით განსაზღვრულია ადმინისტრაციული ორგანოს დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელების წესი, კერძოდ, თუ ადმინისტრაციულ ორგანოს რომელიმე საკითხის გადასაწყვეტად მინიჭებული აქვს დისკრეციული უფლებამოსილება, იგი ვალდებულია, ეს უფლებამოსილება განახორციელოს კანონით დადგენილ ფარგლებში; ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია, განახორციელოს დისკრეციული უფლებამოსილება მხოლოდ იმ მიზნით, რომლის მისაღწევადაც მინიჭებული აქვს ეს უფლებამოსილება. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებისას ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილების მიმნიჭებელი კანონის მიზნების შესაბამისად და საჯარო და კერძო ინტერესების დაცვის საფუძველზე უნდა მოქმედებდეს.

საკასაციო სასამართლოს მითითებით, სადავო სამართალურთიერთობის მარეგულირებელ სპეციალურ კანონს წარმოადგენს ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი, რომელიც განსაზღვრავს ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელების სამართლებრივ საფუძვლებს, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების უფლებამოსილებებს, მათი შექმნისა და საქმიანობის წესებს, მათ ფინანსებსა და ქონებას, ურთიერთობებს მოქალაქეებთან, სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებთან და საჯარო და კერძო სამართლის იურიდიულ პირებთან, აგრეთვე ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობისა და პირდაპირი სახელმწიფო მმართველობის განხორციელების წესებს.

ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის 52-ე მუხლი განსაზღვრავს გამგეობის/მერიის თანამდებობის პირებს, რომლის მიხედვით, გამგეობის/მერიის თანამდებობის პირები არიან: ა) გამგებელი/მერი; ბ) გამგებლის/მერის პირველი მოადგილე; გ) გამგებლის/მერის მოადგილე; დ) გამგეობის/მერიის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი. ამავე კოდექსის 54-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა.გ“ ქვეპუნქტის თანახმად, გამგებელი/მერი თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს გამგეობის/მერიის თანამდებობის პირებს. ხოლო ამავე კოდექსის მე-60 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად (სადავო ბრძანების გამოცემის დროს მოქმედი რედაქცია), გამგეობის/მერიის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელია ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელე, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს გამგებელი/მერი.

საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ საქართველოს ორგანული კანონით - ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსით გამიჯნულია გამგებლის/მერის მიერ გამგეობის/მერიის თანამდებობის პირთა და გამგეობის/მერიის სხვა მოსამსახურეთა თანამდებობაზე დანიშვნა და გათავისუფლება; კერძოდ, ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის 54-ე მუხლის (რომელიც გამგებლის/მერის უფლებამოსილებებს განსაზღვრავს) პირველი ნაწილის „ა.გ“ ქვეპუნქტი ეხება გამგებლის/მერის მიერ გამგეობის/მერიის თანამდებობის პირების თანამდებობაზე დანიშვნასა და თანამდებობიდან გათავისუფლებას, ხოლო „ა.დ“ ქვეპუნქტი - გამგეობის/მერიის მოსამსახურეების თანამდებობაზე დანიშვნასა და თანამდებობიდან გათავისუფლებას.

ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის თანახმად, ამ კანონის მოქმედება, გარდა ამ მუხლის 11 და 12 პუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა, არ ვრცელდება გამგეობის/მერიის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელზე.

სადავო ბრძანების გამოცემის დროს მოქმედი გამგეობის თანამდებობის პირთა და სხვა მოსამსახურეთა დანიშვნა-გათავისუფლების მარეგულირებელი ნორმების ანალიზიდან გამომდინარე, გამგებელს გამგეობის სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელი პირების დანიშვნა-გათავისუფლებაზე მინიჭებული ჰქონდა ფართო დისკრეცია და „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესის გაუთვალისწინებლად (რომელიც არ ვრცელდებოდა გამგეობის თანამდებობის პირებზე), მხოლოდ მის უშუალო შეხედულებაზე იყო დამოკიდებული აღნიშნული საკითხის გადაწყვეტა, განსხვავებით სხვა მოსამსახურეთაგან, რომელთა შრომითსამართლებრივი ურთიერთობების რეგულაციისას გამოიყენება „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესი.

აღსანიშნავია, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსით მინიჭებული უფლებამოსილების რეალიზაციის შედეგად, გორის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2014 წლის 11 აგვისტოს ბრძანებით ი. ქ-ე დაინიშნა გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის ... სამსახურის უფროსის თანამდებობაზე გორის მუნიციპალიტეტის გამგებლის უფლებამოსილების ვადით. მოსარჩელის თანამდებობაზე დანიშვნა მოხდა სწორედ გამგებლის ერთპიროვნული გადაწყვეტილებით, კონკურსისა და თანამდებობის დასაკავებლად კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა მოთხოვნების გათვალისწინების გარეშე. ხოლო გორის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2016 წლის 5 იანვრის ბრძანებით ი. ქ-ე გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან. გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის ... სამსახურის უფროსის - ი. ქ-ის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ გორის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2016 წლის 5 იანვრის ბრძანებაში აღნიშნულია, რომ საქართველოს ორგანული კანონის ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის 52-ე და 61-ე მუხლების გათვალისწინებით გამგეობის ... სამსახურის უფროსი წარმოადგენს სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელ თანამდებობის პირს, ხოლო „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის გათვალისწინებით მოცემულ თანამდებობაზე არ ვრცელდება ამ კანონის სხვა შესაბამისი სამართლებრივი ნორმები, რომელიც თანამდებობის პირის თანამდებობიდან გათავისუფლების დასაბუთებას და სხვა სამართლებრივი პროცედურების განხორციელებას არეგულირებდეს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის და საქართველოს შრომის კოდექსის დავალებით; შესაბამისად, მოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციული აქტის (გადაწყვეტილების) გამოცემის ნება, მუნიციპალიტეტის გამგებლის საკუთარი ექსკლუზიური უფლებამოსილებიდან გამომდინარეობს. ამასთან, ბრძანების სამართლებრივ საფუძვლად მითითებულია ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის 54-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა.გ“ ქვეპუნქტი, 61-ე მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტი და 37-ე მუხლის პირველი პუნქტი.

ამასთან, აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ ი. ქ-ე გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის ... სამსახურის უფროსად დანიშნულია იმავე გამგებლის ბრძანებით, რომლის გადაწყვეტილებითაც იგი გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ გამგეობის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი წარმოადგენს გამგეობის თანამდებობის პირს, რომელსაც გამგებელი ექსკლუზიური უფლებამოსილების საფუძველზე ნიშნავდა და ათავისუფლებდა საკუთარი შეხედულებით.

გასაჩივრებული ბრძანება მოტივირებულია სწორედ გამგებლის ექსკლუზიურ უფლებამოსილებაზე მითითებით, რომელიც შეიცავს სამართლებრივ დასაბუთებას ... სამსახურის უფროსის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ, თუმცა არ შეიცავს დასაბუთებას გათავისუფლების ფაქტობრივ საფუძვლებთან დაკავშირებით, რაც განსახილველ შემთხვევაში, სადავო ბრძანების გამოცემის დროს მოქმედი ნორმების გათვალისწინებით, არ წარმოადგენს ბრძანების უკანონოდ და დაუსაბუთებლად მიჩნევის საფუძველს.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ როდესაც სამართლის ნორმის ადრესატების ერთი ჯგუფი, სხვა ჯგუფთან შედარებით განსხვავებულად განიხილება, მოწესრიგების ლოგიკიდან გამომდინარე ამ ჯგუფებს შორის არსებული განსხვავება უნდა ამართლებდეს დადგენილ უთანასწორობას, კავშირი დიფერენცირების ნიშანსა და განსხვავებულად განხილვას შორის უნდა იძლეოდეს რაციონალური ახსნის შესაძლებლობას და სამართლებრივად განსხვავებული შედეგები ფაქტობრივად არსებული განსხვავების პროპორციული უნდა იყოს.

სადავო ბრძანების გამოცემისას ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი გამგებელს თავისუფლებას ანიჭებდა საკუთარი შეხედულებითა და პასუხისმგებლობით შეერჩია სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი, განესაზღვრა მისი კვალიფიციურობა, ხელმძღვანელობითი ფუნქციების განხორციელების შესაძლებლობა, უნარ-ჩვევები და ისე მიეღო გადაწყვეტილება მის შერჩევაში. გამგეობის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი პირების დანიშნულებიდან და არსიდან გამომდინარეობდა მათი თანამდებობაზე დანიშვნისა და გათავისუფლების განსხვავებული რეგულაცია. აღნიშნულ მსჯელობას ადასტურებს ის გარემოებაც, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის მიხედვით (59-ე და 60.4 მუხლები), გამგეობის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელს უფლებამოსილება განესაზღვრება გამგებლის უფლებამოსილების ვადით და ეს უფლებამოსილება, სხვა საფუძველბთან ერთად, უწყდება გამგებლის თანამდებობიდან გათავისუფლების შემთხვევაში.

საკასაციო სასამართლო ასევე მიუთითებს, რომ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 12 დეკემბრის №41 დადგენილებით დამტკიცებული „გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის ... სამსახურის დებულების“ მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, სამსახურის უფროსი არის ადგილობრივი თვითმმართველობის საჯარო მოხელე, რომელსაც საქართველოს კანონით „საჯარო სამსახურის შესახებ“ დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს გამგებელი. „დებულების“ აღნიშნული ჩანაწერი კოლიზიაშია სადავო ბრძანების გამოცემის დროს მოქმედ ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის მე-60 მუხლის პირველ ნაწილთან, რომლითაც ... სამსახურის უფროსის თანამდებობაზე დანიშვნა-გათავისუფლება დამოკიდებული არ იყო „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილ წესზე. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, საქართველოს საკანონმდებლო აქტებს აქვს უპირატესი იურიდიული ძალა საქართველოს კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების მიმართ. შესაბამისად, სადავო სამართალურთიერთობა უნდა გადაწყდეს კანონქვემდებარე აქტზე - მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილებაზე იერარქიით ზემდგომი საქართველოს ორგანული კანონით - ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსით დადგენილი წესით, რომელიც სადავო ბრძანების გამოცემისას გამგებელს სრულ თავისუფლებას ანიჭებდა საკუთარი პასუხისმგებლობით შეერჩია სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი და ერთპიროვნულად მიეღო გადაწყვეტილება მის თანამდებობაზე დანიშვნასა თუ გათავისუფლებაზე - „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესისგან დამოუკიდებლად.

ამასთან, აღნიშნული მსჯელობა არ ეწინააღმდეგება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის დასაბუთების კანონისმიერ ვალდებულებას, ვინაიდან, განსახილველ შემთხვევაში სახეზე გვაქვს გამგებლისთვის მინიჭებული ექსკლუზიური უფლებამოსილების განხორციელება და საკითხის ამგვარი გადაწყვეტა შეესაბამება სადავო სამართალურთიერთობის მარეგულირებელი ნორმების ობიექტურ მიზნებს.

ამდენად, განსახილველ შემთხვევაში გორის მუნიციპალიტეტის გამგებელი გადაწყვეტილების მიღებისას მოქმედებდა მისთვის მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში, ი. ქ-ის გათავისუფლებით არ დარღვეულა სადავო ბრძანების გამოცემის დროს მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნები, რომლის მიხედვითაც გამგებლის უფლებამოსილებას წარმოადგენდა თავისი შეხედულებით დაენიშნა და გაეთავისუფლებინა სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი პირი. ამდენად, გამგებელმა გადაწყვეტილება ი. ქ-ის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ მიიღო მისთვის ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსით მინიჭებული უფლებამოსილების რეალიზაციის შედეგად, რის გამოც სახეზე არ გვაქვს გასაჩივრებული ბრძანების ბათილად ცნობის საფუძველი.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, გაუქმდეს გასაჩივრებული გადაწყვეტილება და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლის საფუძველზე მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც ი. ქ-ის სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

1. გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;

2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 13 ივნისის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;

3. ი. ქ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;

4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვაჩაძე

მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე

ვ. როინიშვილი