Facebook Twitter

საქმე #330310016001220076

№ბს-918-910(კ-16) 11 მაისი, 2017 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე, ვასილ როინიშვილი

განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი _ სსიპ ქ. თბილისის #147 საჯარო სკოლა

მოწინააღმდეგე მხარე _ ა(ა)იპ ... სააგენტო

გასაჩივრებული გადაწყვეტილება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 27 სექტემბრის გადაწყვეტილება

დავის საგანი _ წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეული ხარჯების ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2016 წლის 20 იანვარს ა(ა)იპ ... სააგენტომ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - სსიპ ქ. თბილისის #147 საჯარო სკოლის მიმართ.

მოსარჩელემ სსიპ ქ. თბილისის #147 საჯარო სკოლისთვის, სხვა პირის პერსონალური მონაცემების საიდუმლოების დაცვის უზრუნველყოფით, შემდეგი საჯარო ინფორმაციის გაცემის დავალება მოითხოვა: სკოლის წესდების ასლი; სკოლის შინაგანაწესის ასლი; სკოლის ადმინისტრაციის, ასევე სკოლის პედაგოგთა და დამხმარე პერსონალის უფლებებისა და სამსახურებრივი მოვალეობების განაწილების, საათობრივი დატვირთვის შესახებ შესაბამისი სამართლებრივი აქტების ასლები; შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის 2009, 2010, 2011, 2012, 2013 და 2014 წლებში შემუშავებული და დამტკიცებული ინდივიდუალური სასწავლო გეგმის ასლები, ასევე, ამ გეგმების შემუშავებასთან დაკავშირებული დოკუმენტების პროექტების, მოხსენებითი ბარათებისა და ანგარიშების ასლები; შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის გათვალისწინებული და ადაპტირებული ღონისძიებების და კლასგარეშე აქტივობების ამსახველი დოკუმენტების ასლები 2009, 2010, 2011, 2012, 2013 და 2014 წლების საორიენტაციო პერიოდში; სკოლის მიერ 2009, 2010, 2011, 2012, 2013 და 2014 წლებში ჩატარებული სკოლისგარეშე ან კლასგარეშე საგანმანათლებლო-შემეცნებითი და სხვა ღონისძიებების სტატისტიკური მონაცემები; სკოლის მიერ 2009, 2010, 2011, 2012, 2013 და 2014 წლებში ჩატარებული სკოლისგარეშე ან კლასგარეშე საგანმანათლებლო-შემეცნებითი და სხვა ღონისძიებების ამსახველი დოკუმენტების ან სამსახურებრივი მოხსენებითი ბარათების ასლები; სკოლის 2009, 2010, 2011, 2012, 2013 და 2014 წლებში ბიუჯეტის შესაბამის მუხლებში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებთან დაკავშირებული საქმიანობის მიზნით გამოყოფილი დაფინანსების შესახებ ინფორმაცია და ამ საქმიანობასთან დაკავშირებული დოკუმენტების ასლები; სკოლის მოსწავლეთა თვითმმართველობის შემადგენლობის არჩევის/გადარჩევის დოკუმენტების ასლები, ასევე, მოსწავლეთა თვითმმართველობის მიერ 2009, 2010, 2011, 2012, 2013 და 2014 წლებში ჩატარებული სხდომის ოქმების ან მოხსენებითი ბარათების, ასევე, ღონისძიების ამსახველი დოკუმენტების ასლები.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 21 აპრილის სხდომაზე მოსარჩელემ სსიპ ქ. თბილისის #147 საჯარო სკოლისთვის სკოლის შინაგანაწესის ასლის გაცემის დავალების ნაწილში შეამცირა სასარჩელო მოთხოვნა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 11 მაისის გადაწყვეტილებით ა(ა)იპ ... სააგენტოს სარჩელი დაკმაყოფილდა; სსიპ ქ. თბილისის #147 საჯარო სკოლას ა(ა)იპ ... სააგენტოსთვის, სხვა პირის პერსონალური მონაცემების საიდუმლოების დაცვის უზრუნველყოფით, შემდეგი საჯარო ინფორმაციის გადაცემა დაევალა: სკოლის წესდების ასლი; სკოლის ადმინისტრაციის, ასევე სკოლის პედაგოგთა და დამხმარე პერსონალის უფლებებისა და სამსახურებრივი მოვალეობების განაწილების, საათობრივი დატვირთვის შესახებ შესაბამისი სამართლებრივი აქტების ასლები; შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის 2009, 2010, 2011, 2012, 2013 და 2014 წლებში შემუშავებული და დამტკიცებული ინდივიდუალური სასწავლო გეგმის ასლები, ასევე ამ გეგმების შემუშავებასთან დაკავშირებული დოკუმენტების პროექტების, მოხსენებითი ბარათებისა და ანგარიშების ასლები; შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის გათვალისწინებული და ადაპტირებული ღონისძიებების და კლასგარეშე აქტივობების ამსახველი დოკუმენტების ასლები 2009, 2010, 2011, 2012, 2013 და 2014 წლების საორიენტაციო პერიოდში; სკოლის მიერ 2009, 2010, 2011, 2012, 2013 და 2014 წლებში ჩატარებული სკოლისგარეშე ან კლასგარეშე საგანმანათლებლო-შემეცნებითი და სხვა ღონისძიებების სტატისტიკური მონაცემები; სკოლის მიერ 2009, 2010, 2011, 2012, 2013 და 2014 წლებში ჩატარებული სკოლისგარეშე ან კლასგარეშე საგანმანათლებლო-შემეცნებითი და სხვა ღონისძიებების ამსახველი დოკუმენტების ან სამსახურებრივი მოხსენებითი ბარათების ასლები; სკოლის 2009, 2010, 2011, 2012, 2013 და 2014 წლებში ბიუჯეტის შესაბამის მუხლებში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებთან დაკავშირებული საქმიანობის მიზნით გამოყოფილი დაფინანსების შესახებ ინფორმაცია და ამ საქმიანობასთან დაკავშირებული დოკუმენტების ასლები; სკოლის მოსწავლეთა თვითმმართველობის შემადგენლობის არჩევის/გადარჩევის დოკუმენტების ასლები, ასევე მოსწავლეთა თვითმმართველობის მიერ 2009, 2010, 2011, 2012, 2013 და 2014 წლებში ჩატარებული სხდომის ოქმების ან მოხსენებითი ბარათების, ასევე ღონისძიების ამსახველი დოკუმენტების ასლები. ამასთან, სსიპ ქ. თბილისის #147 საჯარო სკოლას ა(ა)იპ ... სააგენტოს სასარგებლოდ დაეკისრა 50 ლარი, მოსარჩელის მიერ წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეული ხარჯის ასანაზღაურებლად.

საქალაქო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ 2016 წლის 4 იანვარს ა(ა)იპ ... სააგენტომ განცხადებით მიმართა სსიპ ქ. თბილისის #147 საჯარო სკოლის საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფასა და ინფორმაციის პროაქტიულ გამოქვეყნებაზე პასუხისმგებელ პირს და მოითხოვა ელექტრონული ფორმით შემდეგი საჯარო ინფორმაციის მიწოდება: 1) სკოლის წესდების ასლი; 2) სკოლის შინაგანაწესის ასლი; 3) სკოლის ადმინისტრაციის, ასევე, სკოლის პედაგოგთა და დამხმარე პერსონალის უფლებებისა და სამსახურებრივი მოვალეობების განაწილების, საათობრივი დატვირთვის შესახებ შესაბამისი სამართლებრივი აქტების ასლები; 4) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის 2009, 2010, 2011, 2012, 2013 და 2014 წლებში შემუშავებული და დამტკიცებული ინდივიდუალური სასწავლო გეგმის ასლები, ასევე, ამ გეგმების შემუშავებასთან დაკავშირებული დოკუმენტების პროექტების, მოხსენებითი ბარათებისა და ანგარიშების ასლები; 5) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის გათვალისწინებული და ადაპტირებული ღონისძიებების და კლასგარეშე აქტივობების ამსახველი დოკუმენტების ასლები 2009, 2010, 2011, 2012, 2013 და 2014 წლების საორიენტაციო პერიოდში; 6) სკოლის მიერ 2009, 2010, 2011, 2012, 2013 და 2014 წლებში ჩატარებული სკოლისგარეშე ან კლასგარეშე საგანმანათლებლო-შემეცნებითი და სხვა ღონისძიებების სტატისტიკური მონაცემები; 7) სკოლის მიერ 2009, 2010, 2011, 2012, 2013 და 2014 წლებში ჩატარებული სკოლისგარეშე ან კლასგარეშე საგანმანათლებლო-შემეცნებითი და სხვა ღონისძიებების ამსახველი დოკუმენტების ან სამსახურებრივი მოხსენებითი ბარათების ასლები; 8) სკოლის 2009, 2010, 2011, 2012, 2013 და 2014 წლებში ბიუჯეტის შესაბამის მუხლებში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებთან დაკავშირებული საქმიანობის მიზნით გამოყოფილი დაფინანსების შესახებ ინფორმაცია და ამ საქმიანობასთან დაკავშირებული დოკუმენტების ასლები; 9) სკოლის მოსწავლეთა თვითმმართველობის შემადგენლობის არჩევის/გადარჩევის დოკუმენტების ასლები, ასევე, მოსწავლეთა თვითმმართველობის მიერ 2009, 2010, 2011, 2012, 2013 და 2014 წლებში ჩატარებული სხდომის ოქმების ან მოხსენებითი ბარათების, ასევე, ღონისძიების ამსახველი დოკუმენტების ასლები.

სსიპ ქ. თბილისის #147 საჯარო სკოლის 2016 წლის 14 იანვრის #MES 0 16 00025872 წერილით ა(ა)იპ ... სააგენტოს ეცნობა, რომ სკოლის წესდება განთავსებული იყო საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს ინტერნეტგვერდზე. ამასთან, განმცხადებლის მიერ მოთხოვნილი დოკუმენტაცია შიდაუწყებრივი ხასიათის იყო და შეიცავდა პერსონალურ მონაცემებს, რის გამოც სსიპ ქ. თბილისის #147 საჯარო სკოლა მოკლებული იყო ა(ა)იპ ... სააგენტოს მოთხოვნის დაკმაყოფილების შესაძლებლობას.

სასამართლოს მითითებით, განსახილველ შემთხვევაში ა(ა)იპ ... სააგენტოს სასარჩელო მოთხოვნის მიზანია სსიპ ქ. თბილისის #147 საჯარო სკოლისთვის მის მიერ 2016 წლის 4 იანვრის განცხადებით მოთხოვნილი ინფორმაციის გაცემის დავალება. როგორც საქმის მასალებიდან ირკვევა, მოპასუხეს კანონით დადგენილ ვადაში საჯარო ინფორმაცია არ გაუცია - 2016 წლის 14 იანვრის წერილით მან ა(ა)იპ ... სააგენტოს აცნობა, რომ სკოლის წესდება განთავსებული იყო საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს ინტერნეტგვერდზე, ხოლო განმცხადებლის მიერ მოთხოვნილი სხვა დოკუმენტაცია შიდაუწყებრივი ხასიათის იყო და შეიცავდა პერსონალურ მონაცემებს, რის გამოც სსიპ ქ. თბილისის #147 საჯარო სკოლა მოკლებული იყო ა(ა)იპ ... სააგენტოს მოთხოვნის დაკმაყოფილების შესაძლებლობას.

სასამართლომ მიუთითა, რომ ინფორმაციის თავისუფლების კონსტიტუციური პრინციპი - საჯარო ინფორმაცია, თუ ის არ წარმოადგენს საიდუმლო ინფორმაციას, ყველასთვის ხელმისაწვდომი უნდა იყოს, განმტკიცებულია საქართველოს კონსტიტუციის 41-ე მუხლით. კერძოდ, საქართველოს კონსტიტუციის 41-ე მუხლის პირველი პუნქტი ადგენს, რომ საქართველოს ყოველ მოქალაქეს უფლება აქვს კანონით დადგენილი წესით გაეცნოს სახელმწიფო დაწესებულებებში მასზე არსებულ ინფორმაციას, აგრეთვე იქ არსებულ ოფიციალურ დოკუმენტებს, თუ ისინი არ შეიცავენ სახელმწიფო, პროფესიულ ან კომერციულ საიდუმლოებას. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ოფიციალურ ჩანაწერებში არსებული ინფორმაცია, რომელიც დაკავშირებულია ადამიანის ჯანმრთელობასთან, მის ფინანსებთან ან სხვა კერძო საკითხებთან, არავისთვის არ უნდა იყოს ხელმისაწვდომი თვით ამ ადამიანის თანხმობის გარეშე, გარდა კანონით დადგენილი შემთხვევებისა, როდესაც ეს აუცილებელია სახელმწიფო უშიშროების ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, ჯანმრთელობის, სხვათა უფლებებისა და თავისუფლებების დასაცავად.

სასამართლოს განმარტებით, ინფორმაციის თავისუფლებას, როგორც პიროვნების თავისუფალი განვითარების მნიშვნელოვან წინაპირობას, საქართველოს კონსტიტუცია გამორჩეულ მნიშვნელობას ანიჭებს. ინფორმაციის თავისუფლება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ცალკეული ინდივიდის პიროვნული და ინტელექტუალური განვითარებისათვის. ამასთან ერთად, დემოკრატიული წესწყობილებისათვის დამახასიათებელია სახელმწიფოებრივი ინსტიტუტების საქმიანობის მაქსიმალური გამჭვირვალობა. სხვადასხვა ოფიციალური დოკუმენტებიდან ინფორმაციის მიღება ექვემდებარება კანონისმიერ მოწესრიგებას. პირად მონაცემებზე უფლება არ არის აბსოლუტური და შეუზღუდავი. ინფორმაციული თვითგამორკვევის უფლება შესაძლებელია შეიზღუდოს საერთო ინტერესებიდან გამომდინარე. გამჭვირვალობის საჯარო ინტერესებიდან გამომდინარე, კანონმდებლობით განისაზღვრა ინფორმაცია, რომლის ღიაობა არ აღემატება ინფორმაციის გასაიდუმლოების ინტერესს.

საქართველოს კონსტიტუციით რეგლამენტირებული საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის ზემოაღნიშნული ზოგადი პრინციპი კონკრეტიზირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-3 თავით („ინფორმაციის თავისუფლება“). აღნიშნული თავის 28-ე მუხლი იმეორებს კონსტიტუციურ ნორმას, რომლის თანახმად, საჯარო ინფორმაცია ღიაა, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა და დადგენილი წესით პერსონალურ მონაცემებს, სახელმწიფო ან კომერციულ საიდუმლოებას მიკუთვნებული ინფორმაციისა.

სასამართლოს მითითებით, საქმის მასალებით დასტურდება, რომ სსიპ ქ. თბილისის #147 საჯარო სკოლამ საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის საფუძვლად მიუთითა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 44-ე მუხლზე და აღნიშნა, რომ საჯარო დაწესებულება ვალდებული იყო არ გაეხმაურებინა პერსონალური მონაცემები თვით ამ პირის თანხმობის ან კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში – სასამართლოს დასაბუთებული გადაწყვეტილების გარეშე, თანამდებობის პირთა (აგრეთვე თანამდებობაზე წარდგენილ კანდიდატთა) პერსონალური მონაცემების გარდა. სასამართლომ განმარტა, რომ პერსონალური მონაცემების დაცვის კანონმდებლობისათვის დამახასიათებელია მისი აგება იდენტიფიკაციის კრიტერიუმზე, რომლის თანახმად, პერსონალური მონაცემები იმთავითვე დახურულია, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი ან თუ პირი თავად არ ახდენს მონაცემის გახმაურებას. პერსონალური მონაცემი არის პირადი ცხოვრების დაცვის ერთ-ერთი საშუალება. პერსონალური მონაცემის დაცვაში საბოლოოდ პრიორიტეტი ენიჭება არა მგრძნობიარობის, არამედ იდენტიფიკაციის კრიტერიუმს - მონაცემი დაცვას ექვემდებარება, რამეთუ შესაძლებელია პირის იდენტიფიკაცია. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ გაიზიარა მოპასუხის პოზიცია იმასთან დაკავშირებით, რომ მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი საჯარო ინფორმაცია შეიცავს სხვა პირთა პერსონალურ მონაცემებს, თუმცა, ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ მოსარჩელე საჯარო ინფორმაციის გაცემას მოითხოვდა დეპერსონიზებული წესით. სასამართლომ მიიჩნია, რომ ის გარემოება, რომ საჯარო ინფორმაცია შეიცავს პირთა პერსონალურ მონაცემებს, ვერ გახდება ინფორმაციის გაცემაზე სრულად უარის თქმის საფუძველი. განსახილველ შემთხვევაში, სსიპ ქ. თბილისის #147 საჯარო სკოლა ვალდებული იყო მოთხოვნილი საჯარო ინფორმაცია გაეცა სხვა პირის პერსონალური მონაცემების საიდუმლოების დაცვის უზრუნველყოფით.

სასამართლოს განმარტებით, თავის მხრივ, საჯარო ინფორმაციის ლეგალურ დეფინიციას იძლევა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „მ“ ქვეპუნქტი, რომლის შესაბამისად, საჯარო ინფორმაცია არის ოფიციალური დოკუმენტი (მათ შორის, ნახაზი, მაკეტი, გეგმა, სქემა, ფოტოსურათი, ელექტრონული ინფორმაცია, ვიდეო და აუდიოჩანაწერები), ანუ საჯარო დაწესებულებაში დაცული, აგრეთვე საჯარო დაწესებულების ან მოსამსახურის მიერ სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით მიღებული, დამუშავებული, შექმნილი ან გაგზავნილი ინფორმაცია, ასევე საჯარო დაწესებულების მიერ პროაქტიულად გამოქვეყნებული ინფორმაცია. როგორც აღნიშნული მუხლის შინაარსი ცხადყოფს, ადმინისტრაციული კანონმდებლობა საჯარო ინფორმაციის გაცემის ვალდებულების სუბიექტად საჯარო დაწესებულებას მიიჩნევს მხოლოდ საჯარო დაწესებულებაში დაცულ, აგრეთვე, საჯარო დაწესებულებაში ან მოსამსახურის მიერ სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით მიღებული, დამუშავებული, შექმნილი ან გაგზავნილი ინფორმაციის მიმართ. საჯარო ინფორმაციის ამგვარი სახით არსებობის შემთხვევაში, საჯარო დაწესებულება ვალდებულია, მის მომთხოვნზე გასცეს იგი სრულყოფილი სახით, მის მიერ არჩეული საჯარო ინფორმაციის მიღების ფორმით.

სასამართლომ მიუთითა „საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნისა და პროაქტიულად გამოქვეყნების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 26 აგვისტოს #219 დადგენილებაზე, რომლის მე-2 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნება ადმინისტრაციულ ორგანოს არ ათავისუფლებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი წესით იმავე ან სხვა საჯარო ინფორმაციის გაცემის ვალდებულებისაგან. იმავე წესს ადგენს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-40 მუხლის მე-3 ნაწილი, რომლის თანახმად, საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნება არ ათავისუფლებს საჯარო დაწესებულებას იმავე ან სხვა საჯარო ინფორმაციის მოთხოვნის შემთხვევაში მისი დადგენილი წესით გაცემის ვალდებულებისგან.

სასამართლოს მითითებით, საქმის მასალების თანახმად, მოსარჩელეს ეცნობა, რომ მის მიერ განცხადებით მოთხოვნილი ერთ-ერთი საჯარო ინფორმაცია - სკოლის წესდება, განთავსებული იყო საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს ინტერნეტგვერდზე. აღნიშნულთან დაკავშირებით სასამართლომ არ გაიზიარა მოპასუხის მოსაზრება მასზედ, რომ სხენებული ინფორმაციის განმცხადებლისთვის მიწოდებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა ა(ა)იპ ... სააგენტოს მოთხოვნა სკოლის წესდების ელექტრონული ასლის მიწოდების თაობაზე. სასამართლომ განმარტა, რომ საჯარო ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნება, ანუ შესაბამისი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით დადგენილი წესით საჯარო დაწესებულების მიერ საზოგადოებრივი ინტერესის მატარებელი საჯარო ინფორმაციის ელექტრონულ რესურსზე განთავსება, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-40 მუხლის მე-3 ნაწილის, აგრეთვე „საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნისა და პროაქტიულად გამოქვეყნების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 26 აგვისტოს #219 დადგენილების მე-2 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, არ ათავისუფლებს საჯარო დაწესებულებას საჯარო ინფორმაციის მოთხოვნის შემთხვევაში მისი დადგენილი წესით გაცემის ვალდებულებისაგან. ამასთან, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, სასამართლომ აღნიშნა, რომ ყველას აქვს უფლება აირჩიოს საჯარო ინფორმაციის მიღების ფორმა, თუ იგი სხვადასხვა სახით არსებობს, მოსარჩელეს კი საჯარო ინფორმაციის მიღების ფორმად - საჯარო ინფორმაციის გაცემა, შესაბამის ვებ-გვერდზე მითითებით, არ მოუთხოვია. განმცხადებელი საჯარო ინფორმაციის მიღებას მოითხოვდა ელექტრონულ ფოსტაზე ელექტრონული ფორმით, სკანირებული სახით.

ამასთან, სასამართლოს განმარტებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლით განსაზღვრულია მხარეთა შორის ხარჯების განაწილების წესი. აღნიშნული მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით. მითითებული ნორმა განსაზღვრავს მხარის მიერ წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეული ხარჯების იმ ოდენობის მაქსიმუმს, რომელიც შეიძლება დაეკისროს მეორე მხარეს. ამ მაქსიმუმის ფარგლებში სასამართლოს შეუძლია, თავისი შეხედულებით, გონივრულ ფარგლებში განსაზღვროს წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეული ხარჯების ოდენობა, რომელიც მეორე მხარეს უნდა დაეკისროს. ასეთი წესი ქმნის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეული ხარჯების ოდენობის ხელოვნურად გაზრდის დაბრკოლებას, რაც იცავს იმ მხარის ინტერესებს, რომელსაც ამ ხარჯის ანაზღაურება უნდა დაეკისროს. სასამართლომ მიიჩნია, რომ წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეული ხარჯების ოდენობის განსაზღვრისას მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული საქმის მოცულობა, მისი ფაქტობრივ-სამართლებრივი სირთულე, აგრეთვე, მხარეთა ქონებრივი მდგომარეობა, მათი შემოსავალი და სხვა ისეთი გარემოებები, რომლებიც განაპირობებს წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეული ხარჯების ოდენობის გონივრულ ფარგლებს.

კონკრეტულ შემთხვევაში, სასამართლომ მიიჩნია, რომ ზემოდასახელებულ გარემოებებთან ერთად, გათვალისწინებულ უნდა იქნას ასევე ის ფაქტიც, რომ მიუხედავად იმ გარემოებისა, რომ ა(ა)იპ ... სააგენტოს დებულების თანახმად, სააგენტოს აქვს იურიდიული განყოფილება, მოსარჩელემ სსიპ ქ. თბილისის #147 საჯარო სკოლის წინააღმდეგ საქმის სასამართლოში წარმოების მიზნით, წარმომადგენლობითი მომსახურების ხელშეკრულება დადო სხვა კომპანიასთან - „...“, კონკრეტულად, ა(ა)იპ ... სააგენტოს სახელით სასამართლოში საქმის წარმოების უფლება მიეცა ბიუროს იურისტს - გ. ტ-ს, რომელიც, იმავდროულად, არის სააგენტოს ხელმძღვანელობაზე/წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირი. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ მიიჩნია, რომ მოპასუხე სსიპ ქ. თბილისის #147 საჯარო სკოლას მოსარჩელე ა(ა)იპ ... სააგენტოს სასარგებლოდ უნდა დაკისრებოდა მოსარჩელის მიერ წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეული ხარჯის ანაზღაურება 50 (ორმოცდაათი) ლარის ოდენობით.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 11 მაისის გადაწყვეტილება წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეული ხარჯის ანაზღაურების ნაწილში სააპელაციო წესით გაასაჩივრა ა(ა)იპ ... სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებულ ნაწილში გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით მოპასუხისთვის მოსარჩელის მიერ წარმომადგენლის დახმარების გამო გაწეული 400 ლარის ოდენობით ხარჯის ანაზღაურების დაკისრება მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 27 სექტემბრის გადაწყვეტილებით ა(ა)იპ ... სააგენტოს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 11 მაისის გადაწყვეტილება გასაჩივრებულ ნაწილში და ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც ა(ა)იპ ... სააგენტოს სარჩელი დაკმაყოფილდა; სსიპ ქ. თბილისის #147 საჯარო სკოლას ა(ა)იპ ... სააგენტოს სასარგებლოდ დაეკისრა ამ უკანასკნელის მიერ წარმომადგენლისთვის გაწეული ხარჯის - 400 ლარის ანაზღაურება.

სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ 2016 წლის 19 იანვარს „...“ და ა(ა)იპ ... სააგენტოს შორის გაფორმებული იქნა წარმომადგენლობითი მომსახურების შესახებ ხელშეკრულება, რომლითაც წარმომადგენლის მომსახურების ოდენობა განისაზღვრა 550 ლარით. ა(ა)იპ ... სააგენტოს 2016 წლის 19 იანვარს „...“ გადარიცხული აქვს 550 ლარი წარმომადგენლობითი მომსახურებისათვის. ამასთან, სააპელაციო სასამართლოს მთავარ სხდომაზე აპელანტმა მოითხოვა მოწინააღდეგე მხარისათვის გაწეული ხარჯის - 400 ლარის დაკისრება.

სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არა უმეტეს ამ კოდექსის 47-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ოდენობისა.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 47-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, ადვოკატის მომსახურებისთვის გაწეული ხარჯების ანაზღაურება მოწინააღმდეგე მხარეს შესაძლოა დაეკისროს 2 000 ლარამდე ოდენობით. სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ მითითებული ნორმა განსაზღვრავს მხარის მიერ წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეული ხარჯების იმ ოდენობის მაქსიმუმს, რომელიც შეიძლება დაეკისროს მეორე მხარეს. ამ მაქსიმუმის ფარგლებში სასამართლოს შეუძლია, თავისი შეხედულებით, გონივრულ ფარგლებში განსაზღვროს წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეული ხარჯების ოდენობა, რომელიც მეორე მხარეს უნდა დაეკისროს. ასეთი წესი ქმნის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეული ხარჯების ოდენობის ხელოვნურად გაზრდის დაბრკოლებას, რაც იცავს იმ მხარის ინტერესებს, რომელსაც ამ ხარჯის ანაზღაურება უნდა დაეკისროს. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეული ხარჯების ოდენობის განსაზღვრისას მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული საქმის მოცულობა, მისი ფაქტობრივ-სამართლებრივი სირთულე ან სხვა ისეთი გარემოებები, რომლებიც განაპირობებს წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეული ხარჯების ოდენობის გონივრულ ფარგლებს.

სააპელაციო სასამართლოს მითითებით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მიერ #ბს-1330-1315(კ-11) საქმეზე 2012 წლის 9 თებერვალს მიღებული გადაწყვეტილებით „საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მართლმსაჯულების განხორციელება დაკავშირებულია სასამართლო ხარჯებთან და სასამართლოს გარეშე ხარჯებთან. ადვოკატისათვის გაწეული ხარჯი წარმოადგენს სასამართლოს გარეშე ხარჯებს (საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლის მესამე ნაწილი). ამგვარი ხარჯების ოდენობა უნდა განისაზღვროს მხარის მიერ სასამართლოში წარდგენილი ფაქტობრივად გაწეული ხარჯების ოდენობის დამადასტურებელი მტკიცებულებების საფუძველზე. ამგვარი მტკიცებულების არარსებობის შემთხვევაში, სასამართლოს მხარის მოთხოვნის საფუძველზე თვითონაც შეუძლია გონივრულ ფარგლებში განსაზღვროს მხარის მიერ გაწეული ხარჯების ოდენობა, თუკი აშკარაა, რომ პირის უფლების დარღვევის აღკვეთის მიზნით ხარჯი გაღებულია.“

სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ ევროპული სასამართლო მაშინაც აკისრებს ხელმყოფ პირს ადვოკატის მიერ გაწეული შრომის ანაზღაურებას, როდესაც სამართალწარმოებაში მონაწილე პირს არ გადაუხდია ადვოკატის მომსახურებისათვის გათვალისწინებული თანხა ან თუნდაც წარმომადგენლობა განხორციელდა არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ ქველმოქმედების სახით. საქმეში „ფადეევა, რუსეთის წინააღმდეგ“ (Fadeyeva v. Russia) სასამართლომ ადვოკატის მომსახურებისათვის ხარჯის დაკისრებასთან დაკავშირებით განმარტა, „სასამართლო აღნიშნავს, რომ განმცხადებელს არ წარმოუდგენია მასსა და მის ადვოკატებს შორის დადებული რაიმე წერილობითი ხელშეკრულება. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ასეთი ხელშეკრულება არ არსებობს. ხელშეკრულება იურიდიული, საკონსულტაციო-საადვოკატო მომსახურების გაწევის შესახებ შეიძლება დაიდოს ზეპირი ფორმითაც და არაფერი აჩვენებს, რომ ეს ასე არ იყო განმცხადებელსა და წარმომადგენლების შემთხვევაში. მაშასადამე, ადვოკატების ჰონორარები ანაზღაურებადია შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობით და რეალურია. ამ დასკვნაზე გავლენას არ ახდენს ის ფაქტი, რომ განმცხადებელს არ ეკისრებოდა ამ თანხების წინასწარ გადახდის მოვალეობა“.

სააპელაციო სასამართლოს მითითებით, საქმეში წარმოდგენილი მასალების საფუძველზე დასტურდება, რომ ა(ა)იპ ... სააგენტოს 2016 წლის 19 იანვარს „...“ გადარიცხული აქვს 550 ლარი წარმომადგენლობითი მომსახურებისათვის.

სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ საქმეზე წარმოდგენილი ფაქტობრივად გაწეული ხარჯის ოდენობის დამადასტურებელი მტკიცებულების გათვალისწინებით, სსიპ ქ. თბილისის #147 საჯარო სკოლას ა(ა)იპ ... სააგენტოს სასარგებლოდ უნდა დაკისრებოდა ამ უკანასკნელის მიერ ადვოკატისათვის გაწეული ხარჯის 400 (ოთხასი) ლარის ანაზღაურება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 27 სექტემბრის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ ქ. თბილისის #147 საჯარო სკოლამ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება მოითხოვა.

კასატორის მითითებით, სააპელაციო სასამართლოს მიერ გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 47-ე მუხლის მე-2 ნაწილზე მითითება ეწინააღმდეგება მოქმედ კანონმდებლობას, ვინაიდან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 47-ე მუხლი ეხება სასამართლოს მიერ სასამართლო ხარჯების გადახდისაგან განთავისუფლების საკითხს. რაც შეეხება მხარეთა შორის სასამართლო ხარჯების განაწილების საკითხს, კასატორის განმარტებით, განსაზღვრულია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლით. 

კასატორისთვის გაურკვეველია გ. ტ-ის ბიუროს სამართლებრივი ფორმა და მიუთითებს, რომ „ადვოკატთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლი განსაზღვრავს საადვოკატო საქმიანობის ორგანიზაციულ-სამართლებრივ ფორმებს. კერძოდ, ადვოკატს უფლება აქვს საადვოკატო საქმიანობის განსახორციელებლად ინდივიდუალურად, სხვა ადვოკატებთან ან სხვა პირებთან ერთად შექმნას საადვოკატო ბიურო ამხანაგობის ან „მეწარმეთა შესახებ“''საქართველოს კანონით განსაზღვრული სამეწარმეო იურიდიული პირის სახით. საადვოკატო ბიუროს შექმნის შესახებ ინფორმაცია მისი შექმნიდან 10 დღის ვადაში უნდა წარედგინოს ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელ საბჭოს. ინფორმაციაში მითითებული უნდა იყოს საადვოკატო ბიუროს მისამართი, საკონტაქტო ტელეფონი, ბიუროში გაერთიანებული ადვოკატის (ადვოკატების) ვინაობა და სამართლის ის დარგები, რომელშიც ადვოკატი (ადვოკატები) ახორციელებს (ახორციელებენ) საადვოკატო საქმიანობას. კასატორი აღნიშნავს, რომ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ვებ-გვერდზე მოძიებულ იქნა საადვოკატო ფირმები და აღნიშული ბიურო არ ფიქსირდება როგორც საადვოკატო ბიურო.

კასატორის მითითებით, საქმეში არსებულ მასალებზე დაყრდნობით და აგრეთვე სასამართლო პროცესებზე ტ-ის აღიარებით უტყუარად დასტურდება, რომ გ. ტ-ი არ არის ადვოკატი, შესაბამისად, სასამართლოს მხრიდან არასწორადაა შეფასებული ამ უკანასკნელისათვის, როგორც ადვოკატისათვის გაწეული ხარჯის ანაზღაურების საკითხი.

ამასთან, სააპელაციო პალატის მიერ მითითებულ საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის გადაწყვეტილებასა და ასევე ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებაში „ფადეევა რუსეთის წინააღმდეგ“, განმარტებულია ადვოკატის მომსახურებისათვის გაწეული ხარჯების ანაზღაურების საკითხი, რის გამოც კასატორი უსაფუძვლოდ მიიჩნევს აღნიშნული სასამართლო პრაქტიკის მოყვანას განსახილველ საქმესთან კავშირში.

კასატორის განმარტებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლი გასაზღვრავს სასამართლო ხარჯებს და სასამართლოს გარეშე ხარჯებს, აღნიშნული მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასამართლოს გარეშე ხარჯებს წარმოადგენს ადვოკატისათვის გაწეული ხარჯები, დაკარგული ხელფასი (განაცდური), მტკიცებულებათა უზრუნველსაყოფად გაწეული ხარჯები, აგრეთვე სხვა აუცილებელი ხარჯები. კასატორის მითითებით, ვინაიდან უტყუარად დასტურდება, რომ ტ-ი არ არის ადვოკატი, შესაბამისად სასამართლოს არ უმსჯელია თუ რამდენად წარმოადგენდა აღნიშნული თანხა სხვა აუცილებელ ხარჯებს. საკითხთან დაკავშრებით მსჯელობა გადაწყვეტილებაში არ არის წარმოდგენილი, რაც მიუთითებს იმაზე, რომ სასამართლოს მიერ არასათანადოდ იქნა შეფასებული აღნიშნული გარემოება.

კასატორის მოსაზრებით, სასამართლოს მიერ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის თანახმად, არ მომხდარა მტკიცებულებების შეფასება, რამაც გამოიწვია ის, რომ სასამართლომ არასწორად განმარტა 400 ლარის - როგორ ადვოკატის მომსახურებისათვის გაწეული თანხის დაკისრება, რის შედეგადაც საქმეზე მიღებულ იქნა უკანონო გადაწყვეტილება.

ამასთან, კასატორის განმარტებით, სამოქალაქო კოდექსის 35-ე მუხლით განსაზღვრულია ა(ა)იპ-ის ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის საკითხები, რომელიც ადგენს შემდეგს: 1. არასამეწარმეო (არაკომპერციული) იურიდიული პირის დამფუძვნებელი/წევრი უფლებამოსილია ერთ პირს მიანიჭოს საქმეების ერთპიროვნულად გაძღოლის უფლებამოსილება ან/და დააწესოს ორი ან მეტი ერთობლივი ხელმძღვანელობა ან/და წარმომადგენლობა; 2. ხელმძღვანელობითი უფლებამოსილება გულისხმობს უფლებამოსილების ფარგლებში არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის სახელით გადაწყვეტილების მიღებას, ხოლო წარმომადგენლობითი უფლებამოსილება - არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის სახელით გამოსვლას მესამე პირებთან ურთიერთობაში. თუ სარეგისტრაციო დოკუმენტაციის სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ხელმძღვანელობითი უფლებამოსილება გულისხმობს წარმომადგენლობით უფლებამოსილებასაც; 3. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ორგანიზაციული სტრუქტურა უნდა მოწესრიგდეს მისი წესდებით, რომელიც საჭიროებს სათანადო წესით დამოწმებას; არაკომერციული იურიდიული პირის ხელმძღვანელობითი და წარმომადგენლობითი უფლებამოსილების წარმოშობისა და შეწყვეტის მიმართ ვრცელდება „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლით მეწარმე სუბიექტის წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მქონე პირისათვის განსაზღვრული წესები.

კასატორის მითითებით, მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან ამონაწერის თანახმად, ა(ა)იპ … სააგენტოს ხელმძღვანელობაზე/წარმომადგენლობაზე უფლებამოსილ პირს წარმოადგენს გ. ტ-ი, რომელიც ააიპ-ის დებულების მიხედვით წარმოადგენს სააგენტოს უფროსს (იხ.დებულება). დებულების მე-12 მუხლის მე-8 პუნქტის თანახმად, სააგენტოს უმაღლეს მმართველობითი და ასევე წარმომადგენლობითი და ხელმძღვანელობითი უფლებამოსილების მქონე პირია სააგენტოს უფროსი, რომელიც გადაწყვეტილებებს იღებს ერთპირობნულად. დებულების მე-4 მუხლით განსაზღვრულია სააგენტოს უფროსის ფუნქციები, კერძოდ, სააგენტოს უფროსი წარმოადგენს სააგენტოს, ყველა ინსტანციის სასამართლო და ადმინისტრაციულ, ასევე საგამოძიებო და საერთაშორისო ირგანიზაციებში თუ მის მიერ არ არის გაცემული შესაბამისი დავალება სააგენტოს სხვა მოსამსახურეთა მიმართ ზემოთ მოცემული უფლებამოსილების განხორციელების თაობაზე.

კასატორის მითითებით, გ. ტ-ს არ გაუცია დავალება სააგენტოს სხვა მოსამსახურეებზე - წარმოედგინათ სააგენტოს ინტერესები სასამართლოში. გ. ტ-ი ითხოვს სააგენტოს იმ წარმომადგენლობაზე გაწეული ხარჯების ანაზღაურებას, რაც მან გასწია სასამართლოში და რაც მისი, როგორც სააგენტოს უფროსის უშუალო ვალდებულებას წარმოადგენდა. ამდენად, სახეზე გვაქვს იმ პირის' მიერ წარმომადგენლობაზე გაწეული ხარჯის ანაზღაურების მოთხოვნა, რომელმაც კანონისმიერი ვალდებულების საფუძველზე სააგენტოს ინტერესების დაცვის მიზნით წარმომადგენლობითი უფლებამოსილება განახორციელა სასამართლოში. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის საფუძველზე მოცემულ შემთხვევაში სახეზე არ არის „იურიდიული დახმარება“, როგორც ადვოკატის ხარჯის ანაზღაურების დაკისრების აუცილებელი პირობა.

კასატორი აქვე აღნიშნავს, რომ ააიპ … სააგენტოს თავმჯდომარე - გ. ტ-ი და გ. ტ-ის ბიუროს წარმოამდგენელი - გ. ტ-ი ერთი და იგივე პიროვნებაა. კასატორის მითითებით, გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ სარჩელის დავის საგანი, თავისი მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, არ განეკუთვნება იმგვარ დავათა კატეგორიას, რომელზეც აუცილებელია კვალიფიცირებული საადვოკატო მომსახურების ან/და წარმომადგენლობის გაწევა, შესაბამისად წარმომადგენლობითი ხარჯის გაწევის აუცილებლობა საჭიროებას არ წარმოადგენდა. გ. ტ-ს, როგორც სააგენტოს თავჯდომარეს შეეძლო რომ წარმოედგინა სააგენტო სასამართლო პროცესზე და დამატებითი ხარჯი არ გაეღო ამისთვის.

კასატორის მითითებით, აღნიშნული საქმე სასამართლო პრაქტიკისათვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ვინაიდან ააიპ … სააგენტოს მიერ მსგავსი შინაარსის საქმეზე 100-მდე სარჩელია აღძრული. საგულისხმოა ის გარემოებაც, რომ გ. ტ-ი ბოროტად იყენებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-3 თავით მინიჭებულ უფლებამოსილებებს, იგი სკოლებისაგან ითხოვს განსაკუთრებით დიდი მოცულობის ინფორმაციას, რომლის დამუშავება/მოძიება დაკავშირებულია ხანგრძლივ პერიოდთან, ხშირ შემთხვევებში სკოლები ვერ ახერხებენ დაიცვან ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი 10 დღიანი ვადა. მიუხედავად იმისა, რომ ტ-ი მოქმედებს თითქოს და კანონის სრული დაცვით, აშკარაა, რომ მის მიერ შემუშავებული გეგმა - საჯარო სკოლებისგან თანხების მითვისებასთან დაკავშირებით ერთგვარ „შემოსავლის წყაროდ“'არის გამხდარი.

კასატორის მოსაზრებით, აგრეთვე უტყუარად არ დასტურდება, რამდენად ავთენტურია საქმეში წარმოდგენილი ჩეკთან გათანაბრებული დოკუმენტი და რეალურად მოახდინა თუ არა ტ-მა კონკრეტული ხარჯის გაწევა.  

ამასთან, კასატორის მითითებით, სააპელაციო სასამართლომ ასევე არ გაითვალისწინა მოსარჩელე მხარის ქონებრივი მდგომარეობა, საქმის სირთულე და შინაარსი.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 25 ნოემბრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ ქ. თბილისის #147 საჯარო სკოლის საკასაციო საჩივარი.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 9 თებერვლის განჩინებით სსიპ ქ. თბილისის #147 საჯარო სკოლის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა დასაშვებად და მისი განხილვა დაინიშნა მხარეთა დასწრების გარეშე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, მათი შესწავლისა და ანალიზის, გასაჩივრებული გადაწყვეტილების იურიდიული დასაბუთებულობისა და წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის მოტივების შემოწმების საფუძველზე მიიჩნევს, რომ სსიპ ქ. თბილისის #147 საჯარო სკოლის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, გაუქმდეს გასაჩივრებული გადაწყვეტილება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც ა(ა)იპ … სააგენტოს სარჩელი წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეული ხარჯების ანაზღაურების მოთხოვნის ნაწილში უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, გადაწყვეტილება ყოველთვის ჩაითვლება კანონის დარღვევით მიღებულად, თუ გადაწყვეტილება იურიდიულად არ არის საკმარისად დასაბუთებული (გადაწყვეტილების გაუქმების აბსოლუტური საფუძვლები); ხოლო ამავე კოდექსის 411-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო თვითონ მიიღებს გადაწყვეტილებას საქმეზე, თუ არ არსებობს ამ კოდექსის 412-ე მუხლით გათვალისწინებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძვლები (საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება).

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, საკასაციო სასამართლო იმსჯელებს მხარის მხოლოდ იმ ახსნა-განმარტებაზე, რომელიც ასახულია სასამართლოთა გადაწყვეტილებებში ან სხდომათა ოქმებში. გარდა ამისა, შეიძლება მხედველობაში იქნეს მიღებული ამ კოდექსის 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტები; ხოლო ამავე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებულ პრეტენზიაში იგულისხმება მითითება იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაუშვა სააპელაციო სასამართლომ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში კასატორმა დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება) წარმოადგინა.

წარმოდგენილი სარჩელით ა(ა)იპ ... სააგენტომ სსიპ ქ. თბილისის #147 საჯარო სკოლისთვის, სხვა პირის პერსონალური მონაცემების საიდუმლოების დაცვის უზრუნველყოფით, საჯარო ინფორმაციის გაცემის დავალება მოითხოვა, რაც თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 11 მაისის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა. ამავე გადაწყვეტილებით სსიპ ქ. თბილისის #147 საჯარო სკოლას ა(ა)იპ … სააგენტოს სასარგებლოდ დაეკისრა 50 ლარი, მოსარჩელის მიერ წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეული ხარჯის ასანაზღაურებლად.

აღსანიშნავია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 11 მაისის გადაწყვეტილება წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეული ხარჯის ანაზღაურების ნაწილში სააპელაციო წესით გაასაჩივრა ა(ა)იპ … სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებულ ნაწილში გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით მოპასუხისთვის მის მიერ წარმომადგენლის დახმარების გამო გაწეული ხარჯის - 400 ლარის ანაზღაურების დაკისრება მოითხოვა; ხოლო სსიპ ქ. თბილისის #147 საჯარო სკოლას საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება არ გაუსაჩივრებია. სსიპ ქ. თბილისის #147 საჯარო სკოლა სადავოდ ხდის თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 27 სექტემბრის გადაწყვეტილებას, რომლითაც სსიპ ქ. თბილისის #147 საჯარო სკოლას ა(ა)იპ … სააგენტოს სასარგებლოდ დაეკისრა ამ უკანასკნელის მიერ წარმომადგენლისთვის გაწეული ხარჯის - 400 ლარის ანაზღაურება.

ამდენად, საკასაციო სასამართლოს მსჯელობის საგანს სსიპ ქ. თბილისის #147 საჯარო სკოლისთვის ა(ა)იპ … სააგენტოს სასარგებლოდ წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეული ხარჯის ანაზღაურების დაკისრების საფუძვლიანობა წარმოადგენს. ამასთან, საკასაციო სასამართლო სადავო საკითხის გადაწყვეტისას შეზღუდულია თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 11 მაისის გადაწყვეტილების ფარგლებით, რომლითაც სსიპ ქ. თბილისის #147 საჯარო სკოლას ა(ა)იპ … სააგენტოს სასარგებლოდ წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეული ხარჯის ასანაზღაურებლად დაეკისრა 50 ლარი, ვინაიდან აღნიშნული გადაწყვეტილება სსიპ ქ. თბილისის #147 საჯარო სკოლას არ გაუსაჩივრებია.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მართლმსაჯულების განხორციელება დაკავშირებულია სასამართლო ხარჯებთან და სასამართლოს გარეშე ხარჯებთან. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, ადვოკატისათვის გაწეული ხარჯი წარმოადგენს სასამართლოს გარეშე ხარჯებს.

ამასთან, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლით განსაზღვრულია წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეული ხარჯების ოდენობის გამოთვლის წესი, რომელიც უნდა იყოს გონივრული და შეესაბამებოდეს დავის საგნის ღირებულებას. კერძოდ, აღნიშნული მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით.

ამდენად, მითითებული ნორმა განსაზღვრავს მხარის მიერ წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეული ხარჯების იმ ოდენობის მაქსიმუმს, რომელიც შეიძლება დაეკისროს მეორე მხარეს ქონებრივი და არაქონებრივი დავის დროს. ამ მაქსიმუმის ფარგლებში სასამართლოს შეუძლია, თავისი შეხედულებით, გონივრულ ფარგლებში განსაზღვროს წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეული ხარჯების ოდენობა, რომელიც უნდა დაეკისროს მეორე მხარეს. ამასთან, მხარისათვის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეული ხარჯების დაკისრებისას, აუცილებელია, შეფასება მიეცეს ამგვარი ხარჯის გაწევის აუცილებლობას და საჭიროებას, პირის სამართლებრივ მდგომარეობას, რომელიც ამგვარი ხარჯის ანაზღაურებას მოითხოვს ე.ი. უნდა შეფასდეს ფაქტობრივი საფუძველი, რაც განაპირობებს წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეული ხარჯის ანაზღაურების აუცილებლობას, მით უფრო იმ ოდენობით, რომელსაც მხარე მოითხოვს. საკითხისადმი ამგვარი მიდგომა ქმნის, როგორც წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეული ხარჯების ოდენობის ხელოვნურად გაზრდის დაბრკოლებას, ასევე, კანონისმიერი ბოჭვის ფარგლებში აქცევს (ზღუდავს) სამართალწარმოების ხარჯზე, მეორე მხარისაგან სარგებლის მიღების შესაძლებლობას, რაც იცავს იმ მხარის ინტერესებს, რომელსაც ამ ხარჯის ანაზღაურება უნდა დაეკისროს.

განსახილველ შემთხვევაში კასაციის ძირითად მოტივს სწორედ ის გარემოება წარმოაგდგენს, რომ ა(ა)იპ … სააგენტოს თავმჯდომარე - გ. ტ-ი და „…“ წარმომადგენელი - გ. ტ-ი ერთი და იგივე პიროვნებაა, რომლის კანონისმიერ ვალდებულებას წარმოადგენდა სააგენტოს წარმომადგენლობა, ამასთან, კასატორის მტკიცებით, აღნიშნული ბიურო, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ვებ-გვერდზე მოძიებული ინფორმაციით, არ ფიქსირდება როგორც საადვოკატო ბიურო და გ. ტ-ი არ არის ადვოკატი.

საკასაციო სასამართლოს მითითებით, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 35-ე მუხლით განსაზღვრულია არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის საკითხები, რომლის თანახმად, 1. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის დამფუძნებელი/წევრი უფლებამოსილია ერთ პირს მიანიჭოს საქმეების ერთპიროვნულად გაძღოლის უფლებამოსილება ან/და დააწესოს ორი ან ორზე მეტი პირის ერთობლივი ხელმძღვანელობა ან/და წარმომადგენლობა; 2. ხელმძღვანელობითი უფლებამოსილება გულისხმობს უფლებამოსილების ფარგლებში არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის სახელით გადაწყვეტილებების მიღებას, ხოლო წარმომადგენლობითი უფლებამოსილება − არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის სახელით გამოსვლას მესამე პირებთან ურთიერთობაში. თუ სარეგისტრაციო დოკუმენტაციით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ხელმძღვანელობითი უფლებამოსილება გულისხმობს წარმომადგენლობით უფლებამოსილებასაც; 3. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ორგანიზაციული სტრუქტურა უნდა მოწესრიგდეს მისი წესდებით (დამფუძნებელთა/წევრთა შეთანხმებით), რომელიც საჭიროებს სათანადო წესით დამოწმებას; 4. არაკომერციული იურიდიული პირის ხელმძღვანელობითი და წარმომადგენლობითი უფლებამოსილების წარმოშობისა და შეწყვეტის მიმართ ვრცელდება „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლით მეწარმე სუბიექტის წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მქონე პირისთვის განსაზღვრული წესები.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქმეში წარმოდგენილ ამონაწერზე მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან, რომლის თანახმად, ა(ა)იპ … სააგენტოს ხელმძღვანელობაზე/წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირია გ. ტ-ი (იხ. ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან), რომელიც წარმოადგენს სააგენტოს უფროსს.

ამასთან, ... სააგენტოს დებულების მე-12 მუხლის მე-8 პუნქტის თანახმად, სააგენტოს უმაღლეს მმართველობითი, ასევე წარმომადგენლობითი და ხელმძღვანელობითი უფლებამოსილების მქონე პირია სააგენტოს უფროსი, რომელიც გადაწყვეტილებებს იღებს ერთპიროვნულად. დებულების მე-4 მუხლით განსაზღვრულია სააგენტოს უფროსის ფუნქციები, კერძოდ, სააგენტოს უფროსი: ახორციელებს სააგენტოს მართვას; წარმოადგენს სააგენტოს მესამე პირებთან ურთიერთობაში და სხვ. ამავე მუხლის 21 პუნქტის თანახმად, სააგენტოს უფროსი წარმოადგენს სააგენტოს, ყველა ინსტანციის სასამართლო და ადმინისტრაციულ, ასევე საგამოძიებო და საერთაშორისო ორგანიზაციებში თუ მის მიერ არ არის გაცემული შესაბამისი დავალება სააგენტოს სხვა მოსამსახურეთა მიმართ ზემოთ მოცემული უფლებამოსილების განხორციელების თაობაზე.

ამდენად, ა(ა)იპ … სააგენტოს კანონისმიერ წარმომადგენელს სააგენტოს უფროსი - გ. ტ-ი წარმოადგენს.

განსახილველ შემთხვევაში გ. ტ-ი ითხოვს სააგენტოს იმ წარმომადგენლობაზე გაწეული ხარჯების ანაზღაურებას, რაც მან გასწია სასამართლოში და რაც მისი, როგორც სააგენტოს უფროსის (ხელმძღვანელობაზე/წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის) უშუალო კანონისმიერ ვალდებულებას წარმოადგენდა. ამდენად, სახეზეა იმ პირის მიერ წარმომადგენლობაზე გაწეული ხარჯის ანაზღაურების მოთხოვნა, რომელმაც კანონისმიერი ვალდებულების საფუძველზე სააგენტოს ინტერესების დაცვის მიზნით წარმომადგენლობითი უფლებამოსილება განახორციელა სასამართლოში. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში სახეზე არ არის „იურიდიული დახმარება“, როგორც ადვოკატის ხარჯის ანაზღაურების დაკისრების აუცილებელი პირობა.

ამასთან, საკასაციო სასამართლო დამატებით მიუთითებს ... სააგენტოს დებულების მე-3 მუხლზე, რომლითაც განსაზღვრულია სააგენტოს სტრუქტურა, კერძოდ, აღნიშნული მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, სააგენტოს სტრუქტურული ერთეულია იურიდიული განყოფილება; ამავე მუხლის მე-13 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, იურიდიული განყოფილება უზრუნველყოფს სააგენტოს სრულ იურიდიულ მომსახურებას, წარმოადგენს სააგენტოს სასამართლო, საგამოძიებო და ადმინისტრაციულ ორგანოებში, ადგენს სააგენტოს უფროსის მიერ მისაღები გადაწყვეტილებების პროექტებს, ახორციელებს კანონით და სააგენტოს უფროსის ბრძანებით მინიჭებულ უფლება-მოვალეობებს.

მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ სააგენტოს უფროსს - გ. ტ-ს არ გაუცია დავალება სააგენტოს სხვა მოსამსახურეზე - წარმოედგინა სააგენტოს ინტერესები სასამართლოში. ასევე დადგენილია, რომ მოსარჩელემ ა(ა)იპ … სააგენტომ სასამართლოში წარმომადგენლობით უფლებამოსილება მიანიჭა „…“ (ს/კ …), რომლის იურისტს თავად გ. ტ-ი წარმოადგენს. ამდენად, მიუხედავად იმ გარემოებისა, რომ ა(ა)იპ … სააგენტოს დებულების თანახმად, სააგენტოს აქვს იურიდიული განყოფილება, მოსარჩელემ სსიპ ქ. თბილისის #147 საჯარო სკოლის წინააღმდეგ საქმის სასამართლოში წარმოების მიზნით, წარმომადგენლობითი უფლებამოსილება მიანიჭა სხვა კომპანიას - „…“, კერძოდ, ა(ა)იპ … სააგენტოს სახელით სასამართლოში საქმის წარმოების უფლება მიეცა ბიუროს იურისტს - გ. ტ-ს, რომელიც, იმავდროულად, არის სააგენტოს ხელმძღვანელობაზე/წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირი.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში სახეზე არ გვაქვს წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეული ხარჯების ანაზღაურების საფუძველი. სააგენტოს უფროსმა - გ. ტ-მა განახორციელა მასზე დაკისრებული სააგენტოს წარმომადგენლობის კანონისმიერი ვალდებულება, რის გამოც მოთხოვნა აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს იმ გარემოებაზეც, რომ „…“ არ წარმოადგენს კანონით დადგენილი წესით რეგისტრირებულ საადვოკატო ბიუროს, ხოლო თავად გ. ტ-ი არ არის გაწევრიანებული ადვოკატთა ასოციაციაში.

ამასთან, ზემოაღნიშნული მსჯელობა ეჭვქვეშ არ აყენებს მხარის მიერ წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეული ხარჯების ანაზღაურებას. საკასაციო სასამართლო ხაზგასმით აღნიშნავს, რომ განსახილველ შემთხვევაში სახეზე გვაქვს არა წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეული ხარჯების ანაზღაურების საკითხი, არამედ სააგენტოს უფროსის მიერ მასზე კანონით დაკისრებული კანონისმიერი ვალდებულების განხორციელება.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და მათი სამართლებრივი ანალიზის, ასევე, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 11 მაისის გადაწყვეტილებიდან გამომდინარე საკასაციო სასამართლოს მსჯელობის ფარგლების გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სსიპ ქ. თბილისის #147 საჯარო სკოლის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, უნდა გაუქმდეს გასაჩივრებული გადაწყვეტილება და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლის საფუძველზე მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც ა(ა)იპ … სააგენტოს სარჩელი წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეული ხარჯების ანაზღაურების მოთხოვნის ნაწილში უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ; სსიპ ქ. თბილისის #147 საჯარო სკოლას ა(ა)იპ … სააგენტოს სასარგებლოდ უნდა დაეკისროს წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეული ხარჯის ანაზღაურება 50 ლარის ოდენობით.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

1. სსიპ ქ. თბილისის #147 საჯარო სკოლის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 27 სექტემბრის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;

3. ა(ა)იპ … სააგენტოს სარჩელი წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეული ხარჯების ანაზღაურების მოთხოვნის ნაწილში დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

4. სსიპ ქ. თბილისის #147 საჯარო სკოლას ა(ა)იპ … სააგენტოს სასარგებლოდ დაეკისროს წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეული ხარჯის ანაზღაურება 50 ლარის ოდენობით;

5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვაჩაძე

მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე

ვ. როინიშვილი