საქმე #010310015001008752
#ბს-226-224(კ-17) 29 ივნისი, 2017 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე
ვასილ როინიშვილი
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა შპს „...“ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 16 სექტემბრის განჩინების გაუქმების თაობაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2015 წლის 16 ივნისს შპს „...“ სასარჩელო განცხადებით მიმართა ბათუმის საქალაქო სასამართლოს, მოპასუხის - ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის მიმართ.
მოსარჩელემ ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერის 2015 წლის 13 მაისის #მ/1106 ბრძანების ბათილად ცნობა მოითხოვა.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 19 ივნისის განჩინებით ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 16.2 მუხლის შესაბამისად, საქმეში მესამე პირად ჩაება ა(ა)იპ „...“.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 4 მარტის გადაწყვეტილებით შპს „...“ სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 4 მარტის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა შპს „...“, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 16 სექტემბრის განჩინებით შპს „...“ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 4 მარტის გადაწყვეტილება.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 16 სექტემბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა შპს „...“, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
კასატორის მითითებით, 2013 წლის 26 ივნისს შპს „...“ ქ. ბათუმის მერიას წარუდგინა სამშენებლო დოკუმენტებში ცვლილებების შეტანის პროექტი, რის საფუძველზეც 2013 წლის 15 ივლისს ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერის #02/1305 ბრძანებით დამტკიცდა წარდგენილ სამშენებლო დოკუმენტში ცვლილებების შეტანის პროექტი, რომლის თანახმადაც, შპს „...“ მიეცა ნებართვა ააიპ „...“ საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების მხარეს გამოეჭრა ღიობები. აღნიშნული აქტის მიმართ მას ჰქონდა კანონიერი ნდობა და აქტის საფუძველზე განახორციელა იურიდიული მნიშვნელობის მქონე მოქმედებები, დაასრულა მშენებლობა, მოხდა ფართების რეალიზაცია იმ მდგომარეობაში, როგორშიც დღეს არის შენობა-ნაგებობა ანუ ღიობებით 10.75 მეტრს ქვემოთ.
კასატორის განმარტებით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის „ვ“ პუნქტის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომელიც დაინტერესებულ მხარეს ანიჭებს რაიმე უფლებას ან სარგებელს, არის აღმჭურველი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი; ამავე კოდექსის მე-601 მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, დაუშვებელია კანონსაწინააღმდეგო აღმჭურველი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, თუ დაინტერესებულ მხარეს კანონიერი ნდობა აქვს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მიმართ, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არსებითად არღვევს სახელმწიფო, საზოგადოებრივ ან სხვა პირის კანონიერ უფლებებს ან ინტერესებს; ხოლო მე-5 ნაწილის თანახმად, დაინტერესებული მხარის კანონიერი ნდობა არსებობს იმ შემთხვევაში, თუ მან ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე განახორციელა იურიდიული მნიშვნელობის მოქმედება და უკანონო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობით მას მიადგება ზიანი.
კასატორის მოსაზრებით, გაურკვეველი და უსაფუძვლოა სასამართლოს დასაბუთება, რომ მართალია 2013 წლის 15 ივლისის #02/1305 ბრძანება წარმოადგენდა აღმჭურველი ხასითის ადმინისტრაციულ-სამართლბრივ აქტს, მაგრამ მიიჩნია, რომ შპს „...“ მითითებული ბრძანების გამოცემამდე უკვე განხორციელებული ჰქონდა იურიდიული მნიშვნელობის მქონე მოქმედებები, თუმცა ფაქტია, რომ მოსარჩელეს სწორედ მერიის 2013 წლის 15 ივლისის #02/1305 ბრძანების შემდგომაც აქვს განხორციელებული ღიობების მშენებლობა, ხოლო აქტების ნაწილობრივ ბათილად ცნობა განხორციელდა 2015 წლის 13 მაისს ანუ ორი წლის შემდეგ, ბუნებრივია ორი წლის განმავლობაში, მშენებლობის დასრულებასთან ერთად დასრულდა ღიობების მშენებლობაც.
კასატორის განმარტებით, საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის #57 დადგენილების 94-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანო ამოწმებს დამკვეთის მიერ წარდგენილ დოკუმენტების მოქმედ კანონმდებლობასთან შესაბამისობას და პასუხისმგებელია მხოლოდ მის მიერ დამოწმებული დოკუმენტების კანონმდებლობასთან შესაბამისობისათვის. შესაბამისად, ქ. ბათუმის მერია აღმჭურველი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამოცემამდე პასუხისმგებელი იყო შეემოწმებინა აქტის სამართლებრივი მხარე, რათა შემდგომში არ გაეუქმებინა უკანონოდ და დაუსაბუთებლად, რითაც მიადგა ზიანი. ამასთან, კასატორის მითითებით, საყურადღებოა ასევე ის გარემოებაც, რომ ააიპ „...“ სასამართლოში სადავოდ არ ხდის მერიისგან შპს „...“ ღიობების გამოჭრასთან დაკავშირებით თანხმობის მიცემას.
კასატორის მოსაზრებით, სადავო გადაწყვეტილება პირდაპირ და უშუალო გავლენას ახდენს შპს „...“ მიერ რეალიზებული ფართების მესაკუთრეებსა და მომავალ მესაკუთრეებზე, ქ.ბათუმის მერიამ ისე გააუქმა აღმჭურველი ხასიათის ინდივიდუალური ადმინისტრაციული-სამართლებრივი აქტები, რომ დაინტერესებულ მხარეებად არ ჩართო საქმეში ზემოთხსენებული პირები, რომლებსაც პირდაპირი და უშუალო ზიანი ადგებათ აღნიშნული გადაწყვეტილებით, აღნიშნული ასევე არ გაითვალისწინა სასამართლომ, რითაც ერთმნიშვნელოვნად დაარღვია საპროცესო კანონმდებლობა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 5 მაისის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული შპს „...“ საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ შპს „...“ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.
ამასთან, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, #7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა არსებითად სწორად გადაწყვიტეს მოცემული დავა.
განსახილველ შემთხვევაში დავის საგანია ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერის 2015 წლის 13 მაისის #მ/1106 ბრძანების ბათილად ცნობა, რომლითაც ნაწილობრივ ბათილად იქნა ცნობილი ქ. ბათუმში, ... ქ. #38-ში მდებარე 951.00 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: ...) მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობის მიზნით შპს „...“ სახელზე ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის 2013 წლის 15 ივლისის ბრძანებით შეთანხმებული #554 არქიტექტურული პროექტის და 2015 წლის 20 აპრილის #მ/870 ბრძანებით შეთანხმებული #314 არქიტექტურული პროექტის ცვლილებების ის ნაწილი, რომლითაც „...“ საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის მხარეს ღიობების მოწყობა განხორციელდა 10.75 მეტრს ზემოთ.
კასატორი დავის საგნისადმი კანონიერ ინტერესს ასაბუთებს იმ საფუძვლით, რომ სადავო აქტი არის აღმჭურველი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და მისი ბათილად ცნობა მძიმე მდგომარეობაში აყენებს როგორც მას, ასევე ფართის მესაკუთრეებს, ვინაიდან, საცხოვრებელი სახლი აშენებულია სრულად და ფართები უკვე გაყიდულია. ასევე მას სადავო აქტის მიმართ გააჩნდა კანონიერი ნდობა.
განსახილველ შემთხვევაში საქმის მასალებით დადგენილია, რომ ქ.ბათუმის მერიის არქიტექტურისა და ურბანული დაგეგმარების სამსახურის მიერ ... ქუჩა #38–ში მდებარე მიწის ნაკვეთზე შპს „...“ მიერ მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობასთან დაკავშირებით ქ. ბათუმის მერის მიერ მიღებულ იქნა 2013 წლის 25 იანვრის #135 ბრძანება არქიტექტურულ პროექტში ცვლილებების შეთანხმების თაობაზე და 2013 წლის 28 იანვარს ააიპ „...“ გაცემული იქნა სმ #000572 მშენებლობის სანებართვო მოწმობა.
2013 წლის 26 ივნისს შპს „...“ ქ.ბათუმის მერიაში წარადგინა სამშენებლო დოკუმენტებში ცვლილების შეტანის პროექტი, ხოლო ცვლილებების დოკუმენტაციაში მითითებული იყო, რომ სამეზობლო საზღვარზე ფანჯრებისა და ღიობების განთავსების თაობაზე ყველა შესაბამისი მომიჯნავე მიწის ნაკვეთის მესაკუთრისგან მიღებული აქვთ თანხმობები, რის საფუძველზე ქ.ბათუმის მერის მიერ 2013 წლის 15 ივლისს მიღებულ იქნა #02/1305 ბრძანება, რომლითაც დამტკიცებულ იქნა შპს „...“ მიერ წარდგენილი პროექტი ააიპ „...“ მხარეს ღიობების 10,75 მეტრს ზემოთ მოწყობის შესახებ.
თვითმმართველი ქალაქ ბათუმის აღმასრულებელი ორგანოს - საკრებულოს თავმჯდომარის 2013 წლის 31 მაისის #02/816 ბრძანებით ბათილად იქნა ცნობილი 2011 წლის 18 ოქტომბრის ბრძანებით შეთანხმებულ არქიტექტურულ პროექტში ცვლილებების (პროექტი #460) და ქ.ბათუმის მერის 2013 წლის 25 იანვრის #135 ბრძანებით შეთანხმებულ არქიტექტურულ პროექტში ცვლილებების (პროექტი #58) ის ნაწილი, რომლითაც მშენებარე სახლის „1-1“ ღერძებში (ააიპ„...“ საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის მხარეს) ღიობების მოწყობა გათვალისწინებულია 12 მეტრის ქვევით. აღნიშნულ ნაწილში ფასადის მოწყობა განისაზღვრა სამეზობლო საზღვრის მხარეს კარის, ფანჯრის, სამტრედეს და კედელში არსებული სხვა ღია ნაწილის, ასევე აივნის, ერკერისა და ტერასის გარეშე.
2013 წლის 15 მარტს ააიპ „...“ სარჩელი აღძრა სასამართლოში, ქ.ბათუმის მერიის, ქ.ბათუმის მერიის არქიტექტურისა და ურბანული დაგეგმარების სამსახურისა და მესამე პირის, შპს „...“ მიმართ, რომლითაც მოითხოვა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების, პროექტის შეთანხმების შესახებ 2009 წლის 14 იანვრის #01-22/23 ბრძანების, 2009 წლის 14 იანვარს გაცემული მშენებლობის სანებართვო მოწმობის, 2011 წლის 18 ოქტომბერს გაცემული სმ #000906 მშენებლობის სანებართვო მოწმობის, არქიტექტურულ პროექტში ცვლილებების შეთანხმების თაობაზე 2011 წლის 18 ოქტომბრის #1255 ბრძანებისა და არქიტექტურულ პროექტში ცვლილებების შეთანხმების თაობაზე ქ. ბათუმის მერის 2013 წლის 25 იანვრის #135 ბრძანებისა და 2013 წლის 28 იანვარს გაცემულ სმ #000572 მშენებლობის სანებართვო მოწმობის ნაწილობრივ ბათილად ცნობა, იმ ნაწილში, რომელიც აძლევს ნებართვის მაძიებელს შენობის მომიჯნავე მხარეს ღიობებისა და აივნების მოწყობის უფლებას და 12 მეტრზე დაბლა, ფანჯრებისა და ღიობების მოწყობის უფლებას; ქ.ბათუმის მერიის 2013 წლის 26 თებერვლის წერილის ნაწილობრივ ბათილად ცნობა.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 27 სექტემბრის გადაწყვეტილებით ააიპ „...“ სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ნაწილობრივ ბათილად იქნა ცნობილი: ქ.ბათუმის მერიის არქიტექტურისა და ურბანული დაგეგმარების სამსახურის 2009 წლის 14 იანვრის #01-22/23 ბრძანება, პროექტის შეთანხმების შესახებ; არქიტექტურისა და ურბანული დაგეგმარების სამსახურის 2009 წლის იანვარს გაცემული მშენებლობის სანებართვო მოწმობა; არქიტექტურისა და ურბანული დაგეგმარების სამსახურის 2011 წლის 18 ოქტომბრის #1255 ბრძანება, არქიტექტურულ პროექტში ცვლილებების შეთანხმების თაობაზე; არქიტექტურისა და ურბანული დაგეგმარების სამსახურის 2011 წლის 18 ოქტომბერს გაცემული სმ #000906 მშენებლობის სანებართვო მოწმობა; ქ. ბათუმის მერის 2013 წლის 25 იანვრის #135 ბრძანება, არქიტექტურულ პროექტში ცვლილებების შეთანხმების თაობაზე; ქ. ბათუმის მერის 2013 წლის 28 იანვრის სმ#000572 მშენებლობის სანებართვო მოწმობა, ქ. ბათუმში, ... ქუჩა #38-ში მდებარე მიწის ნაკვეთზე შპს „...“ მიერ განხორციელებული მრავალსართულიანი სახლის მშენებლობის სამეზობლო საზღვრის მხარეს, ფასადზე ფანჯრების გარდა სხვა სახის ღია ნაწილების მოწყობის ნაწილში. ქ. ბათუმის მერიის არქიტექტურისა და ურბანული დაგეგმარების სამახურს დაევალა, ამ გადაწყვეტილებაში მითითებული, საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების სრულყოფილი გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ შესაბამისი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, ქ. ბათუმში, ... ქუჩა #38-ში შპს „...“ მიერ მრავალსართულიანი სახლის მშენებლობის პროექტის შეთანხმებისა და მშენებლობის ნებართვის გაცემასთან დაკავშირებულ აქტებში შესაბამისი ცვლილების განხორციელების თაობაზე. აღნიშნული გადაწყვეტილება შესულია კანონიერ ძალაში.
2015 წლის 13 მაისს ქ.ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის #მ/1106 ბრძანებით ნაწილობრივ ბათილად იქნა ცნობილი შპს „...“ სახელზე ქ.ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის 2013 წლის 15 ივლისის ბრძანებით შეთანხმებული #554 არქიტექტურული პროექტის და 2015 წლის 20 აპრილის #მ/870 ბრძანებით შეთანხმებული, #314 არქიტექტურული პროექტის ცვლილებების ის ნაწილი, რომლითაც „...“ საკუთრებაში არსებული მისი ნაკვეთის მხარეს ღიობების მოწყობა განხორციელდა, 10.75 მეტრს ზემოთ.
საკასაციო სასამართლოს განმარტებით, თუ აღმჭურველი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე განხორციელდა იურიდიული მნიშვნელობის მოქმედება, ანუ ადრესატმა დახარჯა ის ფინანსური შემოსავლები რომელიც მან მიიღო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე და რომლის უკან დაბრუნება შეუძლებელია, ან მისი ამოღების შედეგად მიყენებული ზიანი არსებითად აღემატება ამ სიკეთეს, არ შეიძლება ასეთი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილად გამოცხადდეს, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არსებითად არღვევს სახელმწიფო, საზოგადოებრივ ან სხვა პირის კანონიერ უფლებებს ან ინტერესებს. ამ საფუძვლებით ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად გამოცხადების შემთხვევაში დაინტერესებულ მხარეს, რომლის კანონიერი ნდობაც ამ აქტის მიმართ არის დაცვის ღირსი, უნდა აუნაზღაურდეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად გამოცხადებით მიყენებული ქონებრივი ზიანი.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციული სამართლის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი - კანონიერი ნდობის ინსტიტუტის გამოყენების შესაძლებლობას ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი უშვებს კანონიერი და უკანონო აქტების და მათ საფუძველზე განხორციელებული ღონისძიებების მიმართ, შესაბამისი სავალდებულო წინაპირობების არსებობის შემთხვევაში; კანონიერი ნდობის ინსტიტუტის არსებობა პირდაპირ კავშირშია სამართლებრივ შედეგთან, სწორედ სამართლებრივი შედეგის სტაბილურობის შენარჩუნების მიზანს ემსახურება კანონიერი ნდობის დაცვა. დაინტერესებული მხარის კანონიერი ნდობა არ არის დაცვის ღირსი, ანუ არ არსებობს კანონიერი ნდობა, თუ ა) მას საფუძვლად უდევს დაინტერესებული მხარის უკანონო ქმედება და ბ) ან, როდესაც მისთვის ამ აქტის უკანონობა ცნობილი იყო ან უნდა სცოდნოდა.
იმგვარი გარემოებების დადგენის პირობებში, როცა უკანონო აღმჭურველი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის სამართლებრივი შედეგებით დაირღვა სახელმწიფო, საზოგადოებრივი, ან სხვა პირის კანონიერი უფლებები, ან კანონიერი ინტერესები, კანონმდებელი აქტს არ მიიჩნევს განსაკუთრებული სამართლებრივი დაცვის ობიექტად, რამდენადაც აქტის კანონიერებისა და აქტის ადრესატის კანონიერი ნდობის უფლების კონფლიქტის, კონკურენციის პირობებში კანონმდებელი პრიორიტეტულად მიიჩნევს არა აქტის ადრესატის, არამედ მესამე პირების კანონიერი ნდობის უფლების დაცვას.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ კანონიერი ნდობის უფლებით აქტის ადრესატი დაცულია იმ ვითარებაში, როცა მისი ნდობის უფლება კონფლიქტშია მხოლოდ კანონიერების პრინციპთან, მაგრამ თუ ამავდროულად უკანონო აქტი მესამე პირის კანონიერი ნდობის უფლებას არსებითად არღვევს, შეუძლებელია პრიორიტეტულად იქნეს განხილული აქტის ადრესატის კანონიერი ნდობის უფლება სხვა, მესამე პირთა კანონიერი ნდობის უფლების იგნორირების ხარჯზე. ნორმის ამგვარი განმარტება წინააღმდეგობაში მოდის როგორც საჯარო მმართველობის კანონიერებისა და ადამიანის უფლებების დაცვის სტანდარტებით, ისე სამართლიანი მართლმსაჯულების განხორციელების ვალდებულებასთან.
ამდენად, მართალია, ქ.ბათუმის მერის 2013 წლის 15 ივლისის #02/1305 ბრძანება, რომლითაც დამტკიცებულ იქნა შპს „...“ მიერ წარდგენილი პროექტი, ააიპ „...“ მიწის ნაკვეთის მხარეს, ღიობების 10,75 მეტრს ზემოთ მოწყობის შესახებ, შპს „...“ მიმართ წარმოადგენს აღმჭურველ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს, მაგრამ საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კასატორის მტკიცება, რომ შპს „...“ ამ აქტის საფუძველზე განახორციელა იურიდიული მნიშვნელობის მოქმედება. მოსარჩელე მხარე ასეთ მოქმედებად მიიჩნევს იმ გარემოებას, რომ შპს „...“ მიერ აშენებულ საცხოვრებელ კორპუსზე უკვე მოწყობილია ღიობები, 10,75 მეტრს ზემოთ, თუმცა, დადგენილია, რომ 2009 წლის 14 იანვრის #01-22/23 ბრძანებით შეთანხმებული პროექტისა და 2011 წლის 18 ოქტომბრის #1255 ბრძანებით არქიტექტურულ პროექტში შეტანილი ცვლილებების მიხედვით განხორციელებული მშენებლობისას იქნა ჩაშენებული შპს „...“ მიერ ააიპ „...“ კუთვნილი მომიჯნავე ნაკვეთის მხარეს მშენებარე მრავალსართულიანი სახლის კედელში როგორც ფანჯრები, ისე ღია აივნები და ლოჯიები, ამასთან, ფანჯრები მოწყობილ იქნა მეზობელი მიწის ნაკვეთის მესაკუთრესთან შეთანხმებული სიმაღლის, 12 მეტრის ქვემოთაც ანუ ის იურიდიული მნიშვნელობის მოქმედება, რაზედაც მოსარჩელე მხარე მიუთითებს, დამდგარი იყო ქ.ბათუმის მუნიციპალიტეტის მერის 2015 წლის 13 მაისის #02/1305 ბრძანების გამოცემამდეც, იმ აქტების საფუძველზე, რომლებიც ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 27 სექტემბრის გადაწყვეტილებით უკანონო აქტებად იქნა შეფასებული და ბათილად იქნა ცნობილი, ... ქუჩა #38-ში მდებარე მიწის ნაკვეთზე შპს „...“ მიერ განხორციელებული მრავალსართულიანი სახლის მშენებლობის სამეზობლო საზღვრის მხარეს, ფასადზე ღიობების მოწყობის ნაწილში. აღნიშნულიდან გამომდინარე, ქ.ბათუმის მერია არ იყო შეზღუდული აღმჭურველი ხასიათის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობასთან დაკავშირებით.
ქ.ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის 2013 წლის 15 ივლისის ბრძანება, რომლითაც დამტკიცებულ იქნა შპს „...“ მიერ წარდგენილი სამშენებლო პროექტი, ააიპ „...“ მიწის ნაკვეთის მხარეს, ღიობების 10,75 მეტრს ზემოთ მოწყობის შესახებ, ეწინააღმდეგება ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 27 სექტემბრის გადაწყვეტილებას, ვინაიდან, ფაქტობრივად, ამ აქტის გამოცემით უარყოფილ იქნა სასამართლო გადაწყვეტილებით განსაზღვრული სამართლებრივი რეგულაცია, ხოლო სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებაზე ხელის შეშლა, კანონით დაუშვებელია. ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერის 2015 წლის 13 მაისის #მ/1106 ბრძანებით ნაწილობრივ ბათილად იქნა ცნობილი შპს „...“ სახელზე ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის 2013 წლის 15 ივლისის ბრძანებით შეთანხმებული #554 არქიტექტურული პროექტის და 2015 წლის 20 აპრილის #მ/870 ბრძანებით შეთანხმებული, #314 არქიტექტურული პროექტის ცვლილებების ის ნაწილი, რომლითაც „...“ საკუთრებაში არსებული მისი ნაკვეთის მხარეს ღიობების მოწყობა განხორციელდა, 10.75 მეტრს ზემოთ.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან შპს „...“ საკასაციო საჩივარზე 2017 წლის 24 აპრილს გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი 300 ლარის ოდენობით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, შპს „...“ უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი _ 210 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. შპს „...“ საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 16 სექტემბრის განჩინება;
3. შპს „...“ დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მის მიერ 2017 წლის 24 აპრილს გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70 პროცენტი - 210 ლარი;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვაჩაძე
მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე
ვ. როინიშვილი