Facebook Twitter

საქმე #330310015787401

#ბს-323-321(კ-17) 29 ივნისი, 2017 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)

მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე

ვასილ როინიშვილი

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 14 თებერვლის განჩინების გაუქმების თაობაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2015 წლის 23 აპრილს თ. ბ-ემ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს მიმართ.

მოსარჩელემ იძულებით გადაადგილებული პირისთვის - დევნილისთვის დევნილის სტატუსის ჩამორთმევის შესახებ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2015 წლის 24 მარტის #423 ბრძანების ბათილად ცნობა და მოპასუხისათვის მისთვის იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსის აღდგენის შესახებ ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება მოითხოვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 28 ოქტომბრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, საქმეში მესამე პირად ჩაება აღმოსავლეთ საქართველოში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბილიკის მთავრობის წარმომადგენლობა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 12 აგვისტოს გადაწყვეტილებით თ. ბ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი იძულებით გადაადგილებული პირისათვის - დევნილის სტატუსის ჩამორთმევის შესახებ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2015 წლის 24 მარტის #423 ბრძანება; საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს თ. ბ-ისათვის დევნილის სტატუსის აღდგენის შესახებ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა დაევალა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 12 აგვისტოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 14 თებერვლის განჩინებით საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 12 აგვისტოს გადაწყვეტილება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 14 თებერვლის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

კასატორის განმარტებით, სასამართლოს არ უმსჯელია იმ ფაქტებსა და გარემოებებზე, რაზეც ყურადღება იქნა გამახვილებული, როგორც სადავო აქტის გამოცემისას, ასევე სასამართლო სხდომაზე. კერძოდ, 1992 წლამდე თ. ბ-ის მუდმივი საცხოვრებელი ადგილის დადგენის მიზნით, შესაბამისი კომპეტენტური ორგანოდან - აღმოსავლეთ საქართველოში აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლობიდან გამოთხოვილ იქნა ინფორმაცია მისი ქ. გაგრაში მუდმივად ცხოვრების ფაქტთან დაკავშირებით. აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლობიდან მიღებული 2014 წლის 5 ივნისის წერილით ირკვევა, რომ 1992 წლამდე თ. ბ-ეს გაგრაში მუდმივად ცხოვრება არ უდასტურდება. სამინისტროს მიერ სარწმუნოდ იქნა მიჩნეული აღნიშნულ წერილში მითითებული ინფორმაცია, ვინაიდან მოსარჩელის მიმართ ჩატარებული ადმინისტრაციული წარმოების დროს გამოვლინდა რიგი ფაქტობრივი გარემოებები, რაც გამორიცხავს თ. ბ-ის 1992 წლამდე ქ. გაგრაში მუდმივად ცხოვრების ფაქტს. კასატორის განმარტებით, მოსარჩელე დაიბადა ქ. თბილისში, ასევე მისი შვილი ი. ჯ-ა 1972 წელს დაიბადა ქ. თბილისში, თ. ბ-ე აფხაზეთში შრომით საქმიანობას არ ეწეოდა. შვილი - ი. ჯ-ა 1989 წელს ჩაირიცხა ქ. თბილისის სამედიცინო სასწავლებელში და ცხოვრობდა ქ. თბილისში მისამართზე ... ქუჩა #67. დღეის მდგომარეობითაც ცხოვრობს მითითებულ მისამართზე. ამავე მისამართზე იყო თ. ბ-ე დარეგისტრირებული 2004 წლამდე. სასამართლო სხდომაზე თ. ბ-ემ განმარტა, რომ მისი ერთადერთი მუდმივი საცხოვრებელი იყო ქ. გაგრა და რომ ქ. თბილისში მხოლოდ სავაჭროდ და შვილის სანახავად ჩამოდიოდა, რის დასტურადაც წარმოადგინა დედის შ. ბ-ის ანდერძი, რომლითაც მას გადაეცა უძრავი ნივთი ქ. გაგრაში, ... ქუჩა #283-ში. კასატორის მითითებით, ანდერძი ცალსახად არ ადასტურებს პირის ამ კონკრეტულ ფართში ფაქტობრივად ცხოვრების ფაქტს. ასევე გასათვალისწინებელია ის ფაქტი, რომ მოსარჩელეს 2004 წლამდე არც ერთხელ მიუმართავს სამინისტროსათვის დევნილის სტატუსის მინიჭების თაობაზე, რაც კიდევ უფრო ამყარებს იმ ფაქტს, რომ სადავო პერიოდში მის მუდმივ საცხოვრებელ ადგილს არ წარმოადგენდა ქ. გაგრა.

რაც შეეხება სასამართლო პროცესზე მოწმის სახით დაკითხულ პირებს ა. შ-ას და ლ. ჩ-ას, რომლებსაც უნდა დაედასტურებინათ მოსარჩელის ქ. გაგრაში 1992 წლამდე მუდმივად ცხოვრების ფაქტი, ვერ მიუთითეს ვერცერთ მნიშვნელოვან ფაქტზე, რომელიც გააბათილებდა მითითებულ გარემოებას, არცერთ მოწმეს არ ჰქონდა ინფორმაცია, თუ როდის დატოვა მოსარჩელემ ოკუპირებული ტერიტორია და იმყოფებოდა თუ არა იგი ივლისი-აგვისტოს თვეში ოკუპირებულ ტერიტორიაზე. სასამართლოს ასევე უნდა გაეთვალისწინებინა ის ფაქტი, რომ მოწმეები მოსარჩელესთან დაახლოებულ პირებს წარმოადგენენ, რომელთა ობიექტურობა მოცემულ საკითხთან დაკავშირებით საეჭვოა და მათი ჩვენებების კრიტიკული შეფასების გარეშე მათ მიერ მოსარჩელის სასარგებლოდ დადასტურებული თითოეული გარემოება არ უნდა იქნეს სასამართლოს მიერ უპირობოდ გაზიარებული.

კასატორის მოსაზრებით, ყოველივე ზემოაღნიშნულის ურთიერთშეჯერებისა და ანალიზის შედეგად სააპელაციო სასამართლოს თავის გადაწყვეტიელბაში არ უმსჯელია და არ შეუფასებია არსებითი მნიშვნელობის მქონე მთელი რიგი გარემოებები რაც სააპელაციო საჩივარში იქნა მითითებული, გადაწყვეტილების მიღებისას დაეყრდნო და უპირობოდ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება და ფაქტობრივად ორივე ინსტანციის სასამართლომ გაიზიარა მხოლოდ მოწმოთა ჩვენებები და მოსარჩელის დედის შ. ბ-ის ანდერძი, რომლითაც თ. ბ-ეს გადაეცა უძრავი ქონება ქ. გაგრაში.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 24 მარტის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.

ამასთან, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, #7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის მე-3 პუნქტზე და აღნიშნავს, რომ პირს დევნილის სტატუსი ჩამოერთმევა, თუ მან ეს სტატუსი ყალბი საბუთებისა და ინფორმაციის წარდგენის საფუძველზე მიიღო. ამასთან, აღნიშნული კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, იძულებით გადაადგილებულ პირად – დევნილად ითვლება საქართველოს მოქალაქე ან საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირი, რომელიც იძულებული გახდა დაეტოვებინა მუდმივი საცხოვრებელი ადგილი იმ მიზეზით, რომ უცხო ქვეყნის მიერ ტერიტორიის ოკუპაციის, აგრესიის, შეიარაღებული კონფლიქტის, საყოველთაო ძალადობის ან/და ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევის გამო საფრთხე შეექმნა მის ან მისი ოჯახის წევრის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას ან თავისუფლებას ან/და ზემოაღნიშნული მიზეზის გათვალისწინებით შეუძლებელია მისი მუდმივ საცხოვრებელ ადგილზე დაბრუნება. ამავე კანონის მე-4 მუხლის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, დევნილის მუდმივი საცხოვრებელ ადგილს წარმოადგენს დევნილის, მისი დევნილი მშობლის (მშობლების) ან პირდაპირი აღმავალი შტოს ბიოლოგიური ნათესავის მიერ საცხოვრებლად არჩეული ადგილი, საიდანაც იგი, მისი ერთ-ერთი ან ორივე მშობელი ან პირდაპირი აღმავალი შტოს ბიოლოგიური ნათესავი იძულებული გახდა გადაადგილებულიყო და სადაც მას არ შეუძლია დაბრუნება ამ კანონის მე-6 მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული მიზეზის გამო.

ამდენად, საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოების განმარტებას იმის თაობაზე, რომ იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსის მინიჭებისათვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს მუდმივი საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრას და ამ ადგილის იძულებით დატოვების ფაქტის დადგენას.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მიერ #ბს-1896-1849(კ-10) და #ბს-1227-1213(კ-11) ადმინისტრაციულ საქმეებზე გაკეთებულ განმარტებებზე და აღნიშნავს, პირის კონკრეტულ ადგილას მუდმივად ცხოვრების ფაქტი გამოხატულია აღნიშნულ ადგილზე ჩვეულებრივი, ყოველდღიური ცხოვრებით, რაც შეიძლება დასტურდებოდეს მტკიცებულებებით, რომლის თანახმად პირი განსაზღვრულ ადგილას წარმოადგენს მუდმივ მაცხოვრებელს.

მოცემულ შემთხვევაში ადმინისტრაციულმა ორგანომ სადავო ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტი გამოსცა ერთი მხრივ, აღმოსავლეთ საქართველოში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის ცნობის, ხოლო მეორე მხრივ, თვით თ. ბ-ის მიერ მიწოდებული ინფორმაციის შეფასების საფუძველზე, სადაც ქ. გაგრაში მოსარჩელის მუდმივად არ ცხოვრების დამადასტურებელ გარემოებად მიჩნეულ იქნა თ. ბ-ის ქ. თბილისში რეგისტრაციისა და მისი შვილის მიერ ქ. თბილისში სწავლის გაგრძელების ფაქტები.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმეში წარმოდგენილი მასალების მიხედვით, საქართველოში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის ცნობას საფუძვლად უდევს სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ მიწოდებული 1997 წელსა და 2002 წელს თ. ბ-ის მიერ შევსებული განცხადება - ანკეტები, სადაც რეგისტრაციის მისამართად მითითებულია ქ. თბილისი, ... ქ. #67. შესაბამისად, მოსარჩელე თ. ბ-ისათვის დევნილის სტატუსის ჩამორთმევის საფუძველი ძირითადად გახდა მისი ქ. თბილისში რეგისტრაციისა და მისი შვილის მიერ ქ. თბილისში სწავლის გაგრძელების ფაქტები.

საქმეში წარმოდგენილია 1984 წლის 4 ივლისს შედგენილი და სანოტარო წესით დამოწმებული ანდერძი, რომლის მიხედვით, თ. ბ-ის დედამ შ. ბ-ემ ანდერძით გადასცა უძრავი ნივთი ქ. გაგრაში, ... ქ. #283-ში მის შვილს თ. ბ-ეს. შესაბამისად, დგინდება, რომ თ. ბ-ეს ნამდვილად გააჩნდა უძრავი ნივთი ქ. გაგრაში, ... ქ. #283-ში. ამასთან, თ. ბ-ის პირადობის მოწმობაში რეგისტრაციის მისამართად სწორედ აღნიშნული მისამართია მითითებული.

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა პირებმა ა. შ-ამ და ლ. ჩ-ამ განმარტეს, რომ ისინი არიან იძულებით გადაადგილებული პირები და იძულებით გადაადგილებამდე მუდმივად ცხოვრობდნენ ქ. გაგრაში. ისინი ახლოს იცნობენ თ. ბ-ეს და ადასტურებენ, რომ თ. ბ-ე 1992 წლამდე ნამდვილად ცხოვრობდა მუდმივად ქ. გაგრაში ... ქ. #283-ში, ისინი თ. ბ-ეს ქალაქში ხშირად ხედავდნენ და ესაუბრებოდნენ.

რაც შეეხება მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს - საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს მითითებას და მესამე პირის - საქართველოში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის ცნობაში აღნიშნულ გარემოებას, რომ მოსარჩელე თ. ბ-ე და მისი შვილი რეგისტრირებულნი იყვნენ ქ. თბილისში და მისი შვილი ი. ჯ-ა 1990 წლიდან სწავლობდა ქ. თბილისში, რის გამოც თ. ბ-ეს არ უდასტურდება ქ. გაგრაში 1992 წლამდე მუდმივად ცხოვრების ფაქტი, საკასაციო სასამართლო იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოების განმარტებას, რომ ზემოაღნიშნული მსჯელობიდან გამომდინარე, მითითებული გარემოებები არ გამორიცხავს და შესაბამისად, არ აქარწყლებს თ. ბ-ის ქ. გაგრაში 1992 წლამდე მუდმივად ცხოვრების ფაქტს, რაც დადგენილია საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 14 თებერვლის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვაჩაძე

მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე

ვ. როინიშვილი