საქმე #330310015692371
#ბს-375-372(2კ-17) 29 ივნისი, 2017 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე
ვასილ როინიშვილი
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და სსიპ შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 9 მარტის განჩინების გაუქმების თაობაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2015 წლის 8 იანვარს შპს „...“ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს მიმართ.
მოსარჩელემ საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2014 წლის 11 დეკემბრის გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და მოპასუხისთვის შპს „...“ 2014 წლის 10 ოქტომბრის საჩივრის განხილვის დავალება მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 28 იანვრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 16.2 მუხლის საფუძველზე, საქმეში მესამე პირად ჩაება სსიპ შემოსავლების სამსახური.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 15 დეკემბრის გადაწყვეტილებით შპს „...“ სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2014 წლის 11 დეკემბრის გადაწყვეტილება და მოპასუხეს შპს „...“ 2014 წლის 10 ოქტომბრის საჩივრის განხილვა დაევალა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 15 დეკემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ და სსიპ შემოსავლების სამსახურმა, რომლებმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 9 მარტის განჩინებით საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და სსიპ შემოსავლების სამსახურის სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 15 დეკემბრის გადაწყვეტილება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 9 მარტის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ და სსიპ შემოსავლების სამსახურმა, რომლებმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.
კასატორების მითითებით, შემოსავლების სამსახურის 7.11.2014წ. #118889-21 სამსახურებრივი ბარათით წარმოდგენილი ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის 15.09.2014წ. #39950 ბრძანება ადრესატს ჩაბარდა ხელზე (ორგანიზაციის წარმომადგენელი რ. გ-ი) 17.09.2014წ. ხოლო საჩივარი დავების განხილვის საბჭოში წარდგენილია 2014 წლის 10 ოქტომბერს, გასაჩივრებისთვის კანონმდებლობით დადგენილი ვადის ამოწურვის შემდეგ, შესაბამისად, დარღვეულია საჩივრის წარდგენის კანონით დადგენილი ვადა. ამასთან, საზოგადოების ყველა ადმინისტრაციული წარმოების მასალები ჩაბარებული აქვს აღნიშნული მისამართზე იმ პიროვნებას, რომელსაც ჩაბარდა სადავო ადმინისტრაციული აქტი, რაც მხარის მიერ არასდროს ყოფილა დავის საგანი და რაც სააპელაციო სასამართლომ არ გაითვალისწინა.
კასატორების მოსაზრებით, სახეზეა საჩივრის განუხილველად დატოვების საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტით განსაზღვრული საფუძველი.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 28 აპრილის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და სსიპ შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივრები.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრების დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და სსიპ შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრების განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორები საკასაციო საჩივრებში ვერ აქარწყლებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.
ამასთან, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა არსებითად სწორად გადაწყვიტეს მოცემული დავა.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოცემულ შემთხვევაში დავის საგანს წარმოადგენს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განმხილველი საბჭოს 2014 წლის 11 დეკემბრის გადაწყვეტილება, რომლითაც შპს „...“ საჩივარი დატოვებულ იქნა განუხილველად, გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი ვადის გაშვების გამო. მოსარჩელე დავისადმი კანონიერ ინტერესს ასაბუთებს იმ საფუძვლით, რომ სსიპ შემოსავლების სამსახურის 2014 წლის 15 სექტემბრის #39950 ბრძანება არ გასცნობიათ ოფიციალურად, არ ჩაბარებია შპს „...“ უფლებამოსილ პირს, შესაბამისად, არასწორია საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განმხილველი საბჭოს 2014 წლის 11 დეკემბრის გადაწყვეტილება გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი ვადის გაშვების გამო, საჩივრის განუხილველად დატოვების თაობაზე.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 44-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად, წერილობითი დოკუმენტი გადასახადის გადამხდელისათვის (გარდა ფიზიკური პირისა) ჩაბარებულად ითვლება, თუ დოკუმენტი ჩაჰბარდა: ა) უფლებამოსილ პირს; ბ) პირის უფლებამოსილ ან კანონიერ წარმომადგენელს; გ) სარეგისტრაციო დოკუმენტებით განსაზღვრულ იურიდიულ მისამართზე კანცელარიას ან ასეთივე დანიშნულების სტრუქტურულ ერთეულს; დ) საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის, მიმდინარე კონტროლის პროცედურების ან/და საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების შესახებ უფლებამოსილი პირის ბრძანების შემთხვევაში − გადასახადის გადამხდელის ეკონომიკური საქმიანობის უშუალოდ განმახორციელებელ პირს; ე) სარეგისტრაციო დოკუმენტებით იურიდიულ მისამართად განსაზღვრულ საცხოვრებელ ბინაში მცხოვრებ ნებისმიერ სრულწლოვან პირს.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ სსიპ შემოსავლების სამსახურის 15.09.2014წ. ბრძანება შპს „...“ გაეგზავნა მისამართზე - ქ. თბილისი, ..., ... #2; ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი 2017 წლის 17 სექტემბერს ჩაჰბარდა რ. გ-ს, რომელიც 2014 წლის პირველი სექტემბრის ხელშეკრულების საფუძველზე მუშაობდა საინფორმაციო ცენტრის მდივნის თანამდებობაზე. ამავე ხელშეკრულების თანახმად, მის ვალდებულებას წარმოადგენდა შეესრულებინა საქართველოს კანონმდებლობითა და დაწესებულების დებულებით განსაზღვრული ვალდებულებები.
„...“ საქმის წარმოების ინსტრუქციის მიხედვით (უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს მიერ 2012 წლის 5 მაისის #1 ოქმით დამტკიცებული შინაგანაწესის დანართი) საქმის წარმოებას ხელმძღვანელობს და ამ ინსტრუქციით დადგენილი წესების დაცვა-შესრულებაზე პასუხისმგებელია უნივერსიტეტის კანცელარია, რომელიც ახორციელებს დოკუმენტების მიღებასა და პირველად აღრიცხვა-დამუშავებას; აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მითითებას, რომ რ. გ-ი ვერ მიიჩნევა დოკუმენტების, მათ შორის საფოსტო გზავნილების მიღებაზე უფლებამოსილ პირად და შესაბამისად, საგადასახადო კოდექსსი 44-ე მუხლით განსაზღვრულ პირად. შესაბამისად, შპს „...“ ოფიციალურად არ გასცნობია სსიპ შემოსავლების სამსახურის 15.09.2014წ. ბრძანება, რის გამოც მის მიერ დარღვეული ვერ იქნება ადმინისტრაციული საჩივრის წარდგენის კანონით დადგენილი ვადა.
საკასაციო სასამართლო ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს დასკვნას, რომ შემოსავლების სამსახურმა მოცემულ სადავო შემთხვევაში დაარღვია მისთვის კანონით დადგენილი პროცედურული დანაწესები გადასახადის გადამხდელისათვის დოკუმენტის ჩაბარების შესახებ, რასაც დავების განხილვის საბჭომ არ მისცა სწორი სამართლებრივი შეფასება და ობიექტურობისა და სამართლიანობის პრინციპების უგულვებელყოფით საჩივარი დატოვა განუხილველად.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივრებს - წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივრები არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და სსიპ შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 9 მარტის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვაჩაძე
მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე
ვ. როინიშვილი