Facebook Twitter

საქმე # 330310115001101404

საქმე Nბს-5-4(კ-17) 4 ივლისი, 2017 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მაია ვაჩაძე, ნუგზარ სხირტლაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე - ნ. გ-ე (მოსარჩელე)

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 9 სექტემბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღება.

დავის საგანი - ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ნ. გ-ემ 2015 წლის 23 სექტემბერს აღძრა სარჩელი თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში, მოპასუხე საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიმართ, რომლითაც რეგისტრაციის შესახებ ბორჯომის სარეგისტრაციო სამსახურის გადაწყვეტილების (განცხადების რეგისტრაციის №683/2005, თარიღი: 22.04.05წ.) კანონიერების შესწავლასთან დაკავშირებით ადმინისტრაციული წარმოების დაწყებისა და ზეპირი მოსმენის დანიშვნის თაობაზე მოპასუხის 2015 წლის 21 აგვისტოს №207160 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა მოითხოვა.

მოსარჩელე მიუთითებდა, რომ 2005 წლის 22 აპრილს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბორჯომის სარეგისტრაციო სამსახურის გადაწყვეტილებით განხორციელდა მ. ს-ის საკუთრების უფლების საჯარო რეესტრში რეგისტრაცია 139 კვ.მ. უძრავ ნივთზე, მდებარე ბორჯომი, ... ქ. №5 (განაცხადის რეგისტრაციის №683/2005). მოსარჩელე ნ. გ-ე არის გარდაცვლილი მ. ს-ის პირველი რიგის მემკვიდრე. საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ 2015 წლის 21 აგვისტოს გამოსცა №207160 ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი „რეგისტრაციის შესახებ ბორჯომის სარეგისტრაციო სამსახურის გადაწყვეტილების (განცხადების რეგისტრაციის №683/2005, თარიღი: 22.04.05) კანონიერების შესწავლასთან დაკავშირებით ადმინისტრაციული წარმოების დაწყებისა და ზეპირი მოსმენის დანიშვნის თაობაზე“. მოსარჩელის მოსაზრებით სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს №207160 გადაწყვეტილება უკანონოა, რამდენადაც დარღვეულია მისი მომზადების და გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 3 დეკემბრის გადაწყვეტილებით ნ. გ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი „რეგისტრაციის შესახებ ბორჯომის სარეგისტრაციო სამსახურის გადაწყვეტილების (განცხადების რეგისტრაციის №683/2005, თარიღი: 22.04.05წ.) კანონიერების შესწავლასთან დაკავშირებით ადმინისტრაციული წარმოების დაწყებისა და ზეპირი მოსმენის დანიშვნის თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2015 წლის 21 აგვისტოს №207160 გადაწყვეტილება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 3 დეკემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 9 სექტემბრის განჩინებით საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 2 დეკემბრის გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ მოცემულ შემთხვევაში დავის არსს და სასამართლოს მსჯელობის ძირითად საგანს, იმ გარემოების შეფასება წარმოადგენს, რამდენად გააჩნდა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს უფლებამოსილება, შესაბამისი ადმინისტრაციული საჩივრის არსებობის გარეშე, საკუთარი ინიციატივით დაეწყო ადმინისტრაციული წარმოება მისი სარეგისტრაციო სამსახურის - ბორჯომის სარეგისტრაციო სამსახურის მიერ მიღებული რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილების კანონიერების შესწავლასთან დაკავშირებით. მოსარჩელე მიუთითებს იმაზე, რომ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს საერთოდ არ გააჩნია უფლებამოსილება, შესაბამისი ადმინისტრაციული საჩივრის არსებობის გარეშე, საკუთარი ინიციატივით დაიწყოს ადმინისტრაციული წარმოება მისი სარეგისტრაციო სამსახურის მიერ მიღებული რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილების კანონიერების შესწავლასთან დაკავშირებით.

სააპელაციო პალატამ სრულად გაიზიარა ანალოგიურ საკითხთან დაკავშირებით საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 25 მაისის გადაწყვეტილებასა (№ბს-1695-1651(კ-10)) და იმავე სასამართლოს 2015 წლის 14 ივლისის განჩინებაში (№ბს-408-403(2კ-14)) განვითარებული მსჯელობა. კერძოდ, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ 2011 წლის 25 მაისის გადაწყვეტილებაში (№ბს-1695-1651(კ-10)) განმარტა, რომ იმ შემთხვევაში, თუ ადმინისტრაციული ორგანო საკუთარი ინიციატივით ახდენს მიღებული გადაწყვეტილების კანონიერების გადამოწმებას, ეს ხორციელდება არა სზაკ-ის მე-13 თავის საფუძველზე, არამედ იმავე კოდექსის მე-60-62-ე მუხლებზე დაყრდნობით. საკასაციო სასამართლოს მითითებით, ადმინისტრაციული წარმოების დაწყების საფუძველი ადმინისტრაციულ ორგანოს ავალდებულებს დაიცვას სზაკ-ით ადმინისტრაციული საჩივრის განხილვისათვის დადგენილი მოთხოვნები. საკასაციო პალატამ „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის 3.3 მუხლზე დაყრდნობით განმარტა, რომ სააგენტო თავის უფლებამოსილებას ახორციელებს უშუალოდ ან თავისი ტერიტორიული სარეგისტრაციო სამსახურისა და ავტორიზებული პირების მეშვეობით. შესაბამისად, ზემოაღნიშნულ მუხლში საუბარია სააგენტოზე, როგორც ერთიან ადმინისტრაციულ ორგანოზე, თუმცა საკასაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ საჯარო რეესტრის სტრუქტურული წყობა არ შეიძლება გაგებულ იქნეს იმგვარად, რომ მას არა აქვს უფლება ადმინისტრაციული საჩივრის საფუძველზე გადაამოწმოს მის მიერვე მიღებული აქტის კანონიერება. საკასაციო პალატის მითითებით, გასაჩივრების ადმინისტრაციული წესი იძლევა ადმინისტრაციულ სფეროში პრევენციული ზომების მიღების, ადმინისტრაციული ორგანოს სისტემის თვითკონტროლის საშუალებას, იძლევა შესაძლებლობას ადმინისტრაციულმა ორგანომ თავადვე გამოასწოროს საკუთარი შეცდომა, რაც წარმოადგენს ადმინისტრაციული წარმოების მთავარ მახასიათებელს, საერთოა მმართველობითი საქმიანობის ყველა სფეროსათვის და აძლევს დაინტერესებულ მხარეს შესაძლებლობას, მოითხოვოს ადმინისტრაციული წარმოების შედეგად მიღებული საბოლოო გადაწყვეტილების გადასინჯვა. სწორედ ამ გარემოებითაა განპირობებული სზაკ-ის 178-ე მუხლში განხორციელებული ჩანაწერი, რომლის შესაბამისად დადგენილია, რომ ადმინისტრაციულ საჩივარს განიხილავს და გადაწყვეტს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამომცემი ადმინისტრაციული ორგანო, თუ იქ არსებობს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამომცემი თანამდებობის პირის ან სტრუქტურული ქვედანაყოფის ზემდგომი თანამდებობის პირი. შესაბამისად, საკასაციო პალატამ არ გაიზიარა მოსაზრება იმის თაობაზე, რომ ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანოს არარსებობის მოტივით, შეუძლებელია სარეგისტრაციო

სამსახურის მიერ მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრება. საკასაციო პალატამ ასევე განმარტა, რომ, ვინაიდან ადმინისტრაციულ ორგანოსა და პირებს შორის არსებობს უფლებამოსილებათა დისბალანსი, მათ შორის ურთიერთობა საჭიროებს ეფექტურ კონტროლს, რაც გავლენას ჰპოვებს, ერთი მხრივ, ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულებაში საკუთარ გადაწყვეტილებებსა თუ მოქმედებებზე განახორციელოს თვითკონტროლი და მეორე მხრივ, იძლევა შესაძლებლობას ამ მოქმედებათა სრული ციკლი მოექცეს სასამართლოს კონტროლქვეშ. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატამ არ გამორიცხა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს უფლება - კანონით დადგენილი პროცედურების დაცვით უზრუნველყოს ტერიტორიული სამსახურების მიერ მიღებული გადაწყვეტილებების კონტროლი. საკასაციო პალატის მითითებით, ზემოაღნიშნული

მსჯელობა არ უნდა იქნეს იმგვარად გაგებული, რომ ადმინისტრაციული კონტროლის პროცესში დასაშვებია პირის სუბიექტური უფლებების ხელყოფა. ამ შემთხვევაში ასევე მნიშვნელოვანია დაინტერესებული პირის კანონიერი ნდობის პრინციპი.

სააპელაციო სასამართლომ ასევე მიუთითა, რომ ანალოგიურ საკითხთან დაკავშირებით ასევე მნიშვნელოვანია საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 14 ივლისის განჩინებაში (№ბს-408-403(2კ-14)) განვითარებული მსჯელობა, სადაც საკასაციო პალატამ დასაშვებად მიიჩნია სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ ტერიტორიული სამსახურების მიერ მიღებული გადაწყვეტილების (მათ შორის, საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილების) კონტროლის/გადამოწმების შესაძლებლობა. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, საკასაციო სასამართლომ განმარტა, რომ მოცემული დავის სწორად გადაწყვეტისათვის არსებითი მნიშვნელობა კონტროლის განხორციელების წესს ენიჭება, ამდენად, ამ მიმართებით საჭიროა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის უფრო დეტალურად განხილვა. საკასაციო სასამართლომ მიუთითა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმადაც, ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს ბათილად ცნობს მისი გამომცემი ადმინისტრაციული ორგანო, ხოლო საჩივრის ან სარჩელის შემთხვევაში - ზემდგომი

ადმინისტრაციული ორგანო ან სასამართლო. ამდენად, საკასაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობისათვის აუცილებელია, რომ ერთ შემთხვევაში (ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამომცემი ორგანოს მიერ აქტის ბათილად ცნობა) სახეზე გვქონდეს ადმინისტრაციული ორგანოს ინიციატივა შეამოწმოს მის მიერ გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერება, მეორე შემთხვევაში კი (ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა) დაინტერესებული პირის საჩივარი უკვე გამოცემული ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონთან შესაბამისობის შემოწმების, გაბათილების მოთხოვნით. საკასაციო სასამართლომ არ გაიზიარა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს პოზიცია ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობასთან დაკავშირებულ პროცედურასთან მიმართებაში და განმარტა, რომ დაინტერესებული პირის განცხადება ვერანაირად ვერ გახდება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის და ბათილად ცნობასთან დაკავშირებით ადმინისტრაციული წარმოების დაწყების საფუძველი, რადგან საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „თ“ ქვეპუნქტის თანახმად, დაინტერესებული პირის განცხადება არის უფლების მოპოვებაზე ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემით დაინტერესებული მხარის მიერ ამ კოდექსით დადგენილი წესით შეტანილი წერილობითი მოთხოვნა. ამავე მუხლის პირველი ნაწილის „ი“ ქვეპუნქტით განსაზღვრული - დაინტერესებული მხარის მიერ უფლებამოსილ ადმინისტრაციულ ორგანოში ამ კოდექსით დადგენილი წესით წარდგენილი წერილობითი მოთხოვნა დარღვეული უფლების აღდგენის მიზნით იმავე ან ქვემდგომი ორგანოს მიერ გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად გამოცხადების... შესახებ - კი არის ადმინისტრაციული საჩივარი. ამდენად, დაინტერესებული მხარის ინიციატივის საფუძველზე ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობასთან დაკავშირებით ადმინისტრაციული წარმოების დაწყებისა და ბათილად ცნობის საფუძველი შეიძლება გახდეს მხოლოდ და მხოლოდ ადმინისტრაციული საჩივარი და არა განცხადება. ამასთან, ადმინისტრაციული საჩივრის არსებობის შემთხვევაში აუცილებელია საჩივარი პასუხობდეს კანონით დადგენილ მთელ რიგ მოთხოვნებს, კერძოდ, დაცული იყოს საჩივრის წარდგენის ვადა, ფორმა, შინაარსი. გარდა ამისა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 185-ე მუხლის შესაბამისად, ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებით ადმინისტრაციული წარმოებისას გამოყენებული უნდა იქნეს ამ კოდექსის მე-6 თავით დადგენილი წესები. ამასთან, საკასაციო სასამართლოს განმარტებით, იმ შემთხვევაში, თუ ადმინისტრაციული ორგანო საკუთარი ინიციატივით ახდენს მიღებული გადაწყვეტილების კანონიერების გადამოწმებას, ეს ხორციელდება არა ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-13 თავის, არამედ მე-60-62-ე მუხლების შესაბამისად. ამასთან, აუცილებელია, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ საკუთარი ინიციატივით აქტის კანონიერების გადამოწმებისას დაცული იყოს გონივრული ვადა, რათა არ მოხდეს აღმჭურველი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის წლების შემდეგ, ყოველგვარი გონივრული ვადის დაცვის გარეშე ბათილად ცნობა და დაინტერესებული მხარის უფლებების დაუსაბუთებელი შეზღუდვა. მოცემულ საქმეზე საკასაციო პალატამ მიიჩნია, რომ სადავო ქონებაზე მოსარჩელის საკუთრების უფლება ყოველგვარი გონივრული ვადის დაცვის გარეშე, კერძოდ, საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილების მიღებიდან ერთი წლის შემდეგ, ხოლო უძრავი ნივთის კანონით დადგენილი წესით შეძენიდან ორი წლის შემდგომ გაუქმდა, რაც ცალსახად არღვევს დაინტერესებული მხარის მიერ აღმჭურველი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მიმართ არსებულ კანონიერი ნდობის პრინციპს.

ამდენად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა 2011 წლის 25 მაისის გადაწყვეტილებასა (№ბს-1695-1651(კ-10)) და 2015 წლის 14 ივლისის განჩინებაში (№ბს-408-403(2კ-14)) შესაძლებლად მიიჩნევს საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ საჩივრის არსებობის გარეშეც, საკუთარი ინიციატივით მოახდინოს მის სისტემაში შემავალი სარეგისტრაციო სამსახურების მიერ მიღებული გადაწყვეტილებების, მათ შორის, საკუთარების უფლების რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილების გადასინჯვა, მაგრამ საკასაციო პალატა ცალსახად მიუთითებს, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ საკუთარი ინიციატივით აქტის კანონიერების გადამოწმებისას დაცული უნდა იყოს გონივრული ვადა, რათა არ მოხდეს აღმჭურველი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის წლების შემდეგ, ყოველგვარი გონივრული ვადის დაცვის გარეშე ბათილად ცნობა და დაინტერესებული მხარის უფლებების დაუსაბუთებელი შეზღუდვა. ამასთან, საკასაციო პალატამ მიიჩნია, რომ სადავო ქონებაზე მოსარჩელის საკუთრების უფლება ყოველგვარი გონივრული ვადის დაცვის გარეშე, კერძოდ, საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილების მიღებიდან ერთი წლის შემდეგ, ხოლო უძრავი ნივთის კანონით დადგენილი წესით შეძენიდან ორი წლის შემდგომ, გაუქმება ცალსახად არღვევს დაინტერესებული მხარის მიერ აღმჭურველი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მიმართ არსებულ კანონიერი ნდობის პრინციპს. განსახილველ შემთხვევაში კი საქმის მასალებით დგინდება, რომ 2005 წლის 22 აპრილს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბორჯომის სარეგისტრაციო სამსახურის გადაწყვეტილებით განხორციელდა მ. ს-ის საკუთრების უფლების საჯარო რეესტრში რეგისტრაცია 139 კვ.მ. უძრავ ნივთზე, მდებარე ბორჯომი, ... ქ.№5 (განაცხადის რეგისტრაციის №683/2005). საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ კი 10 წლის გასვლის შემდეგ - 2015 წლის 21 აგვისტოს გამოსცა №207160 ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი „რეგისტრაციის შესახებ ბორჯომის სარეგისტრაციო სამსახურის გადაწყვეტილების (განცხადების რეგისტრაციის №683/2005, თარიღი: 22.04.05) კანონიერების შესწავლასთან დაკავშირებით ადმინისტრაციული წარმოების დაწყებისა და ზეპირი მოსმენის დანიშვნის თაობაზე“. აქედან გამომდინარე, საკასაციო პალატის მსჯელობის გათვალისწინებით, სააპელაციო პალატაც განსახილველ შემთხვევაში მიიჩნევს, რომ სადავო ქონებაზე მოსარჩელის საკუთრების უფლების ყოველგვარი გონივრული ვადის დაცვის გარეშე, კერძოდ, მოცემულ შემთხვევაში საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილების მიღებიდან 10 წლის შემდგომ გაუქმება ცალსახად დაარღვევს დაინტერესებული მხარის - ნ. გ-ის მიერ აღმჭურველი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მიმართ არსებულ კანონიერი ნდობის პრინციპს. შესაბამისად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 25 მაისის გადაწყვეტილებასა (№ბს-1695-1651(კ-10)) და იმავე სასამართლოს 2015 წლის 14 ივლისის განჩინებაში (№ბს-408-403(2კ-14)) განვითარებული მსჯელობის გათვალისწინებით, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ ძალაში უნდა დარჩენილიყო საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც ნ. გ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა და ბათილად იქნა ცნობილი ,,რეგისტრაციის შესახებ ბორჯომის სარეგისტრაციო სამსახურის გადაწყვეტილების (განცხადების რეგისტრაციის №683/2005, თარიღი: 22.04.05) კანონიერების შესწავლასთან დაკავშირებით ადმინისტრაციული წარმოების დაწყებისა და ზეპირი მოსმენის დანიშვნის თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2015 წლის 21 აგვისტოს №207160 გადაწყვეტილება.

სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ საკასაციო წესით გაასაჩივრა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 9 სექტემბრის განჩინება. კასატორმა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საკასაციო სასამართლოს მიერ ახალი გადაწყვეტილების მიღებით მოსარჩელისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

კასატორი მიიჩნევს, რომ აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით სასამართლოს მიერ დარღვეულ იქნა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტი: კერძოდ, არ იქნა გამოყენებული საჯარო რეესტრის შესახებ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის მე-3 ნაწილი და საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილი, რომლის თანახმად, თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან მისი ნაწილი კანონს ეწინააღმდეგება და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, ან უკანონოდ ზღუდავს მის უფლებას, სასამართლო ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის შესახებ.

2015 წლის 13 თებერვალს ბორჯომის სარეგისტრაციო სამსახურს №882015075233 სარეგისტრაციო განცხადებით მიმართა ნ. გ-ის წარმომადგენელმა, მ. ტ-ემ და მოითხოვა ბორჯომის რაიონში, ... ქუჩა №5-ში მდებარე უძრავ ნივთზე ამონაწერის მომზადება. ბორჯომის სარეგისტრაციო სამსახურმა 2015 წლის 13 თებერვალს მიიღო სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ №882015075233-03 (13.02.2015) გადაწყვეტილება, რომლითაც დაინტერესებულ პირს განემარტა, რომ განცხადებაში აღნიშნული უძრავი ნივთი, მდებარე ქ. ბორჯომი, ... ქ. N5, დღეის მდგომარეობით რეგისტრირებული მონაცემების შესაბამისად, მესაკუთრეები არიან ბორჯომის მუნიციპალიტეტი (შენობა-ნაგებობის II და III სართული მთლიანად) და შპს „...“ (სარდაფი და პირველი სართული მთლიანად) შესაბამის წილ მიწის ნაკვეთთან ერთად (საკადასტრო კოდი ...). აღნიშნულის გათვალისწინებით სარეგისტრაციო სამსახურმა დაინტერესებულ პირს მოსთხოვა მოთხოვნის დაზუსტება.

დაინტერესებული პირის მიერ №882015075233 სარეგისტრაციო განცხადებაზე თანდართულ იქნა ამონაწერი საჯარო რეესტრიდან და საკადასტრო რუკის ასლები, ხოლო 2015 წლის 19 თებერვალს დამატებით დაინტერესებული პირის მიერ ბორჯომის სარეგისტრაციო სამსახურში წარდგენილ იქნა შპს ,,ლ...“ მიერ 2005 წლის 12 მარტს შედგენილი ინდივიდუალური საბინაო ფონდის ტექნიკური პასპორტის ასლი და საჯარო რეესტრიდან ამონაწერის ასლი (განცხადების რეგისტრაციის №4993/07; თარიღი: 24.10.07 წელი).

ბორჯომის სარეგისტრაციო სამსახურმა 2015 წლის 4 მარტს მიიღო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილება, რომლითაც დაინტერესებულ პირს განემარტა, რომ განცხადებაში აღნიშნულ უძრავ ნივთზე განმცხადებლის მამკვიდრებლის - მ. ს-ის საკუთრების უფლება არ არის რეგისტრირებული უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრში, ამასთანავე დღეის მდგომარეობით უძრავი ნივთი რეგისტრირებულია ბორჯომის მუნიციპალიტეტის და შპს „...“ საკუთრებად. სარეგისტრაციო წარმოების შეჩერებისა და ამონაწერის მომზადებაზე უარის თქმის შესახებ ბორჯომის სარეგისტრაციო სამსახურის გადაწყვეტილებები 2015 წლის 1 აპრილის №66434/17 ადმინისტრაციული საჩივრით გასაჩივრდა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში.

სააგენტოს მიერ შეფასებულ იქნა დაინტერესებული პირის მიერ წარდგენილი 1998 წლის 6 აგვისტოს ხელშეკრულება (ქ. ახალციხის ნოტარიუს ლ.მ-ის მიერ, რეესტრის №1225/765, ქსეროასლი დამოწმებული 31.03.05 წ. ბორჯომის ნოტარიუს ნ. გ-ის შემცვლელი პირის - თ. ჩ-ის მიერ, რეესტრის №1-876), რომლის თანახმად, მ. ს-ეს, რომელმაც 1998 წლის 17 თებერვალს გაიმარჯვა კონკურსში სახელმწიფო ქონების იჯარა-გამოსყიდვის ფორმით პრივატიზაციისას გადაეცა საკუთრების უფლებით სასოფლო სამეურნეო პროდუქტების რეალიზაციის ბაზარი, მდებარე ქ. ბორჯომი, ... ქ. №5-ში, თავისი ფილიალებით: ... და ... 131000 აშშ დოლარად გადახდის მომენტისათვის შესაბამისი კურსი ეროვნულ ვალუტაში ხუთი წლის გამოსყიდვის ვადით, საიდანაც 51% გადახდილი იქნება 1999 წლის 13 თებერვლამდე, ხოლო დანარჩენი 49% ოთხი წლის განმავლობაში თანაბარწილად. ამასთან, მითითებულია, რომ აღნიშნულ უფლებებსა და მოვალეობებს მ. ს-ე გადასცემს: გ. მ-ოს, ხ. მ-ეს, ო. ს-ეს, თ. ი-ს, ე. კ-ეს, რაც კონკრეტულად გამოიხატება შემდეგში: ბაზრის მეორე სართული მთლიანად, პირველი სართული ახლად აშენებული მაღაზიის გარდა მთლიანად. ბაზრის მეორე სართულის მარცხენა მხარეს ახლად აშენებული აივანი მ. ს-ეს და ო. ს-ეს თანაბარწილად. ამასთან, ზემოაღნიშნული ხელშეკრულების მეექვსე პუნქტის თანახმად, მ. ს-ის მიერ გადაცემული უფლებები და მოვალეობები ნაწილდება შემდეგი შეფარდებით: გ. მ-ოს - 22 %; ხ. მ-ეს - 17 %; ო. ს-ეს - 43,5 %; თ. ი-ს - 5%; ე. კ-ეს - 5%, ხოლო მ. ს-ეს - 7,5 %, რაც წარმოადგენს ბაზრის პირველ სართულზე ახლად აშენებულ მაღაზიას თავისი სათავსოებით, სულ -156 კვ.მ ფართობს.

ამდენად, კასატორი მიუთითებს, რომ ზემოთ აღნიშნული ხელშეკრულებით მხოლოდ ქონების გამოსყიდვის და მხარეთა უფლება-მოვალეობების შესრულების პირობებეზე კეთდება დათქმა და არ დგინდება, რომ მ. ს-ეს გამოსყიდული აქვს უძრავი ნივთი. შესაბამისად, ეს ხელშეკრულება უძრავ ნივთზე საკუთრების უფლებას არ ადგენს და იგი არ შეიძლება მიჩნეულ იქნეს საკუთრების უფლების დამდგენ დოკუმენტად. ამასთანავე, საგულისხმოა 2005 წლის 12 მარტს შპს „ლ...“ მიერ შედგენილი ოთახების ტექნიკური პასპორტი, რომლის თანახმად, ქ. ბორჯომში, ... ქუჩაზე (ნომერი მითითებული არ არის) მფლობელია მ. ს-ე. სააგენტოს მოსაზრებით, მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული ტექნიკური პასპორტი შედგენილია ინდივიდუალური საბინაო ფონდის ტექნიკური პასპორტის ფორმაზე, მაგრამ შედგენილია კერძო სამართლის იურიდიული პირის და არა ადმინისტრაციული ორგანოს მიერ, რის გამოც იგი ვერ ჩაითვლება უფლების დამადასტურებელ დოკუმენტად.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, 2015 წლის 21 აგვისტოს N207160 გადაწყვეტილებით, სააგენტომ თავისი ინიციატივით დაიწყო ადმინისტრაციული წარმოება ბორჯომის სარეგისტრაციო სამსახურის რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილების (განცხადების რეგისტრაციის №683/2005; თარიღი: 22.04.05.) კანონიერების შესწავლასთან დაკავშირებით. ხოლო სააგენტოს 2015 წლის 21 აგვისტოს 207268 გადაწყვეტილებით გადადებულ იქნა ნ. გ-ის წარმომადგენლების ნ. ჩ-ასა და მ. ტ-ის 2015 წლის 1 აპრილის №66434/17 ადმინისტრაციულ საჩივარზე (ამონაწერის მომზადებაზე შეჩერებას/უარს ასაჩივრებდა) გადაწყვეტილების მიღება, რეგისტრაციის შესახებ ბორჯომის სარეგისტრაციო სამსახურის გადაწყვეტილების (განცხადების რეგისტრაციის №683/2005; თარიღი: 22.04.05.) კანონიერების თაობაზე გადაწყვეტილების მიღებამდე.

სასამართლო გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში მიუთითებს, რომ სააგენტოს თვმჯდომარეს, როგორც ბორჯომის სარეგისტრაციო სამსახურის ზემდგომი თანამდებობის პირს, არ ჰქონდა უფლება საკუთარი ინიციატივით დაეწყო აქტის კანონიერების შესწავლის შემოწმება, სასამართლოს განმარტების თანახმად, ამისთვის უპირობოდ უნდა არსებობდეს ადმინისტრაციული საჩივრი, რასაც მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია.

კასატორი არ ეთანხმება სასამართლოს აღნიშნულ მსჯელობას, ვინაიდან „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის 3.3 მუხლის თანახმად, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო თავის უფლებამოსილებას ახორციელებს უშუალოდ ან თავისი ტერიტორიული სარეგისტრაციო სამსახურებისა და ავტორიზირებული პირების მეშვეობით.

რეგისტრაციის დროს მოქმედი, „სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2004 წლის 19 ივლისის N835 ბრძანების მე-6 მუხლით განსაზღვრულია სააგენტოს სტრუქტურა, აღნიშნულ სტრუქტურაში შედის ტერიტორიული სარეგისტრაციო სამსახური. ამავე მუხლის შესაბამისად, სააგენტო ტერიტორიული სამსახურების მეშვეობით მასზე დაკისრებული ფუნქციების შესრულებას უზრუნველყოფს.

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო, თავისი ტერიტორიული სამსახურებით, წარმოადგენს ერთიან ადმინისტარციულ ორგანოს, რომელსაც არ ჰყავს ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანო, დებულების მე-5 მუხლის თანხმად, სააგენტოს ხელმძღვანელობს სააგენტოს თავმჯდომარე და სწორედ ის წარმოადგენს ზემდგომ თანამდებობის პირს.

საქართველოს უზენაესმა სასამართლომ თავის გადაწყვეტილებაში (საქმე Nბს-408-403(2კ-14)) განმარტა: ,,...დადგენილი პრაქტიკის შესაბამისად, საკასაციო სასამართლო დასაშვებად მიიჩნევს, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ ტერიტორიული სამსახურების მიერ მიღებული გადაწყვეტილების (მათ შორის, საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილების) კონტროლის/გადამოწმების შესაძლებლობას“.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს ბათილად ცნობს მისი გამომცემი ადმინისტრაციული ორგანო, ხოლო საჩივრის ან სარჩელის შემთხვევაში – ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანო ან სასამართლო.

საქართველოს უზენაესი სასამართლო ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 25 მაისის გადაწყვეტილებაში (№ბს-1695-1651(კ-10)), განმარტავს, რომ - „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის 3.3 მუხლზე დაყრდნობით საკასაციო სასამართლო საგულისხმოდ მიიჩნევს იმ გარემოებას, რომ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო თავის უფლებამოსილებას ახორციელებს უშუალოდ ან თავისი ტერიტორიული სარეგისტრაციო სამსახურებისა და ავტორიზირებული პირების მეშვეობით. შესაბამისად, ზემოაღნიშნულ მუხლში საუბარია სააგენტოზე, როგორც ერთიან ადმინისტრაციულ ორგანოზე, თუმცა საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საჯარო რეესტრის სტრუქტურული წყობა არ შეიძლება გაგებულ იქნეს იმგვარად, რომ მას არა აქვს უფლება ადმინისტრაციული საჩივრის საფუძველზე გადაამოწმოს მის მიერვე მიღებული აქტის კანონიერება. გასაჩივრების ადმინისტრაციული წესი იძლევა ადმინისტრაციულ სფეროში პრევენციული ზომების მიღების, ადმინისტრაციული ორგანოს სისტემის თვითკონტროლის საშუალებას, იძლევა შესაძლებლობას ადმინისტრაციულმა ორგანომ თავადვე გამოასწოროს საკუთარი შეცდომა.

მოცემულ გადაწყვეტილებაში უზენაესი სასამართლო ცალსახად მიუთითებს, რომ სააგენტო წარმოადგენს ერთიან ადმინისტრაციულ ორგანოს და მისი ტერიტორიული სამსახურები არ უნდა იქნენ განხილულნი ცალცალკე ადმინისტრაციულ ორგანოებად, შესაბამისად, პირველი ინსტანციის სასამართლოს მითითებას იმის თაობაზე, რომ სააგენტოს თავმჯდომარის, როგორც ზემდგომი თანამდებობის პირის მიერ ქვემდგომის, კერძოდ, სააგნეტოს ტერიტორიული სამსახურის მიერ გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერების შემოწმებისათვის უპირობოდ უნდა არსებობდეს ადმინისტრაციული საჩივარი, კასატორი არ ეთანხმება.

საკასაციო სასამართლომ ზემოაღნიშნულ გადაწყვეტილებაში (საქმე Nბს-408-403(2კ-14)) განმარტა, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობისათვის აუცილებელია, რომ ერთ შემთხვევაში (ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამომცემი ორგანოს მიერ აქტის ბათილად ცნობა) სახეზე გვქონდეს ადმინისტრაციული ორგანოს ინიციატივა - შეამოწმოს მის მიერ გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერება, მეორე შემთხვევაში კი (ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა) დაინტერესებული პირის საჩივარი უკვე გამოცემული ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონთან შესაბამისობის შემოწმების, გაბათილების მოთხოვნით.

კასატორი მიუთითებს, რომ მოცემულ შემთხვევაში უდავოდ დადგენილია ის გარემოება, რომ სახეზე არ გვაქვს დაინტერესებული პირის საჩივრის საფუძველზე დაწყებული ადმინისტრაციული წარმოება, არამედ სახეზე გვაქვს ადმინისტრაციული ორგანოს ინიციატივით დაწყებული ადმინისტრაციული წარმოება, შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული წარმოების დაწყების საფუძვლად, გარდა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-60, მე-601 და 61-ე მუხლებისა, მითითებულია ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 76-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტი (ადმინისტრაციული ორგანოს კანონმდებლობით დაკისრებული ვალდებულება აქტის გამოცემასთან დაკავშირებით).

კასატორი არ ეთანხმება პირველი და სააპელაციო ინსტანციის სასამრთლოების მსჯელობას, იმასთან დაკავშირებით, რომ ბუნდოვანია, თუ კანონმდებლობის რომელი ნორმით ევალება საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს დაიწყოს წარმოება აღმჭურველი ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის კანონიერების შემოწმებასთან დაკავშირებით, კასატორის მოსაზრებით, საკასაციო სასამართოს ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება ცალსახად სცემს პასუხს აღნიშნულს (საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმადაც, ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს ბათილად ცნობს მისი გამომცემი ადმინისტრაციული ორგანო, ხოლო საჩივრის ან სარჩელის შემთხვევაში – ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანო ან სასამართლო. ამდენად, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობისათვის აუცილებელია, რომ ერთ შემთხვევაში (ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამომცემი ორგანოს მიერ აქტის ბათილად ცნობა) სახეზე გვქონდეს ადმინისტრაციული ორგანოს ინიციატივა - შეამოწმოს მის მიერ გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერება,) სწორედ ადმინისტრაციული ორგანოსათვის ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის მე-3 ნაწილი წარმოადგენს ადმინისტრაციული ორგანსათვის დაკისრებულ იმ ვალდებულებას, რაც გახდა სააგენტოს მიერ საკუთარი ინიციატივით რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილების კანონიერების შესწავლის დაწყების საფუძველი.

რაც შეეხება ქვედა ინსტანციის სასამართლოების მსჯელობას, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გადასინჯვისათვის შესაძლო გონივრულ ვადასთან დაკავშირებით, მიგვაჩნია, რომ კანონმდებლობა არ აწესებს შეზღუდვას ვადის თვალსაზრისით, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ, მისივე ინდივიდულურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერების შესწავლისა და მის მიერ დაშვებული შესაძლო შეცდომის გამოსწორებისათვის. ადმინისტრაციული ორგანოების მიერ საკუთარი აქტის კანონიერების შესწავლა ემსახურება, დაშვებული შესაძლო შეცდომების გამოსწორებას. აღნიშნული თავის მხრივ, სასამართლოების განტვირთავს საქმეების რაოდენობისაგან. ყოველივე ეს კი ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელების წინაპირობაა.

მართლმსაჯულება მიმართული უნდა იყოს სადავო საკითხის გადაჭრისაკენ, იგი უნდა იყოს შედეგის მომტანი, სასამართლო ფორმალურად არ უნდა უდგებოდეს საკითხის გადაჭრას. სასამართლოს გადაწყვეტილება პრაქტიკულად რეალიზებადი უნდა იყოს. რაც მოცემულ შემთხვევაში პირველ და სააპელაციო ინსტაციების სასამართლოს არ გაუთვალისწინებია. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მიგვაჩნია, რომ სასამართლომ არასწორად განმარტა კანონი, რასაც საქმეზე არასწორი გადაწყვეტილების მიღება მოჰყვა. შესაბამისად, სახეზეა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393–ე მუხლის მე–2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დარღვევები, რომელსაც საქმეზე არასწორი გადაწყვეტილების გამოტანა მოჰყვა, ასევე გადაწყვეტილება არ არის საკმარისად დასაბუთებული და არსებობს სადავო გადაწყვეტილების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394–ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილების გაუქმების აბსოლუტური საფუძველი.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 28 თებერვლის სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დასაშვებად და მიღებულ იქნეს არსებითად განსახილველად; საქმის განხილვა დაინიშნა ზეპირი მოსმენის გარეშე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრისა და გასაჩივრებული განჩინების საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქმის მასალებით დადგენილია, რომ 2005 წლის 22 აპრილს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბორჯომის სარეგისტრაციო სამსახურის გადაწყვეტილებით განხორციელდა მ. ს-ის საკუთრების უფლების საჯარო რეესტრში რეგისტრაცია 139 კვ.მ. უძრავ ნივთზე, მდებარე ბორჯომი, ... ქ.№5 (განაცხადის რეგისტრაციის №683/2005). მოსარჩელე ნ. გ-ე არის გარდაცვლილი მ. ს-ის პირველი რიგის მემკვიდრე.

საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ 2015 წლის 21 აგვისტოს გამოსცა №207160 ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი „რეგისტრაციის შესახებ ბორჯომის სარეგისტრაციო სამსახურის გადაწყვეტილების (განცხადების რეგისტრაციის №683/2005 თარიღი: 22.04.05) კანონიერების შესწავლასთან დაკავშირებით ადმინისტრაციული წარმოების დაწყებისა და ზეპირი მოსმენის დანიშვნის თაობაზე“.

საკასაციო სასამართლო განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ სადავო - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2015 წლის 21 აგვისტოს გადაწყვეტილება არ არის უშუალო სამართლებრივი შედეგის გამომწვევი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და თავის არსით არის შუალედური აქტი - მ. ს-ის სახელზე 2005 წლის 22 აპრილს განხორციელებული რეგისტრაციის შესახებ ბორჯომის სარეგისტრაციო სამსახურის გადაწყვეტილების კანონიერების შესწავლასთან დაკავშირებით ადმინისტრაციული წარმოების დაწყებისა და ზეპირი მოსმენის დანიშვნის თაობაზე, რომლიც, მართალია, ამ ეტაპზე არ აყენებს პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს მოსარჩელის კანონით დაცულ უფლებას, მაგრამ მ. ს-ის მემკვიდრეს - ნ. გ-ეს აღნიშნული აქტის მიმართ გააჩნია მისი მამკვიდრებლის სახელზე 2005 წლის 22 აპრილის გადაწყვეტილებით რეგისტრირებული უფლების დაცვის კანონიერი ინტერესი (სზაკ-ის 177.4 მუხლი), რომლის კანონიერების შემოწმების შესაძლებლობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის საფუძველზე გააჩნია სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის მიერ საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილ პრაქტიკაზე მითითებას. კერძოდ, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 25 მაისის გადაწყვეტილებაზე (№ბს-1695-1651(კ-10)) და 2015 წლის 14 ივლისის განჩინებაზე (№ბს-408-403(2კ-14)), რომლებშიც სასამართლოს მიერ განიმარტა, რომ - „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-3 ნაწილზე დაყრდნობით საკასაციო სასამართლო საგულისხმოდ მიიჩნევს იმ გარემოებას, რომ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო თავის უფლებამოსილებას ახორციელებს უშუალოდ ან თავისი ტერიტორიული სარეგისტრაციო სამსახურებისა და ავტორიზირებული პირების მეშვეობით. შესაბამისად, ზემოაღნიშნულ მუხლში საუბარია სააგენტოზე, როგორც ერთიან ადმინისტრაციულ ორგანოზე, თუმცა საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საჯარო რეესტრის სტრუქტურული წყობა არ შეიძლება გაგებულ იქნეს იმგვარად, რომ მას არა აქვს უფლება ადმინისტრაციული საჩივრის საფუძველზე გადაამოწმოს მის მიერვე მიღებული აქტის კანონიერება. გასაჩივრების ადმინისტრაციული წესი იძლევა ადმინისტრაციულ სფეროში პრევენციული ზომების მიღების, ადმინისტრაციული ორგანოს სისტემის თვითკონტროლის საშუალებას, იძლევა შესაძლებლობას ადმინისტრაციულმა ორგანომ თავადვე გამოასწოროს საკუთარი შეცდომა, რაც წარმოადგენს ადმინისტრაციული წარმოების მთავარ მახასიათებელს, საერთოა მმართველობითი საქმიანობის ყველა სფეროსთვის და აძლევს დაინტერესებულ მხარეს შესაძლებლობას, მოითხოვოს ადმინისტრაციული წარმოების შედეგად მიღებული საბოლოო გადაწყვეტილების გადასინჯვა. სწორედ ამ გარემოებითაა განპირობებული საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 178-ე მუხლში განხორციელებული ჩანაწერი, რომლის შესაბამისადაც დადგენილია, რომ ადმინისტრაციულ საჩივარს განიხილავს და გადაწყვეტს ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის გამომცემი ადმინისტრაციული ორგანო, თუ იქ არსებობს ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის გამომცემი თანამდებობის პირის ან სტრუქტურული ქვედანაყოფის ზემდგომი თანამდებობის პირი. იმის გათვალისწინებით, რომ ადმინისტრაციულ ორგანოსა და პირებს შორის არსებობს უფლებამოსილებათა დისბალანსი, მათ შორის ურთიერთობა საჭიროებს ეფექტურ კონტროლს, რაც გამოვლენას ჰპოვებს, ერთი მხრივ, ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულებაში საკუთარ გადაწყვეტილებებსა თუ მოქმედებებზე განახორციელოს თვითკონტროლი და მეორე მხრივ, იძლევა შესაძლებლობას ამ მოქმედებათა სრული ციკლი მოექცეს სასამართლო კონტროლქვეშ. აღნიშნული მოსაზრებიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო ვერ გამორიცხავს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს უფლებას კანონით დადგენილი პროცედურების დაცვით უზრუნველყოს ტერიტორიული სამსახურების მიერ მიღებული გადაწყვეტილებების კონტროლი“.

ამდენად, დადგენილი პრაქტიკის შესაბამისად, საკასაციო სასამართლო დასაშვებად მიიჩნევს, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ თავისი ტერიტორიული სამსახურების გადაწყვეტილების (მათ შორის, საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილების) კონტროლის/გადამოწმების შესაძლებლობას.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმადაც, ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს ბათილად ცნობს მისი გამომცემი ადმინისტრაციული ორგანო, ხოლო საჩივრის ან სარჩელის შემთხვევაში – ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანო ან სასამართლო. ამდენად, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობისათვის აუცილებელია, რომ ერთ შემთხვევაში (ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამომცემი ორგანოს მიერ აქტის ბათილად ცნობა) სახეზე გვქონდეს ადმინისტრაციული ორგანოს ინიციატივა - შეამოწმოს მის მიერ გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერება, მეორე შემთხვევაში კი (ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა) დაინტერესებული პირის საჩივარი უკვე გამოცემული ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონთან შესაბამისობის შემოწმების, გაბათილების მოთხოვნით.

საკასაციო პალატა შესაძლებლად მიიჩნევს საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ საჩივრის არსებობის გარეშეც, საკუთარი ინიციატივით, მოახდინოს მის სისტემაში შემავალი სარეგისტრაციო სამსახურების მიერ მიღებული გადაწყვეტილებების, მათ შორის, საკუთარების უფლების რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილების გადასინჯვა. ამასთანავე, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ საკუთარი ინიციატივით აქტის კანონიერების გადამოწმებისას დაცული უნდა იყოს გონივრული ვადა, რათა არ მოხდეს აღმჭურველი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის წლების შემდეგ, ყოველგვარი გონივრული ვადის დაცვის გარეშე ბათილად ცნობა და დაინტერესებული მხარის უფლებების დაუსაბუთებელი შეზღუდვა.

საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ გონივრული ვადის განსაზღვრა არ შეიძლება ეფუძნებოდეს სუბიექტურ შეხედულებებს. გონივრული ვადის განსაზღვრა უნდა განხორციელდეს კონკრეტული სამართალურთიერთობისათვის კანონმდებლობით გათვალისწინებული ვადის გამოყენებით. მოცემულ შემთხვევაში ზოგადი ადმინისტრაციული კოდექისით არ არის განსაზღვრული ამავე კოდექსის 76-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულების განხორციელების ხანდაზმულობის ვადა და არც „საჯარო რეესტრის შესახებ“ კანონი და ინსტრუქცია ითვალისწინებს დათქმას სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების საკუთარი ინიციატივით გადამოწმების ვადის თაობაზე .

საკასაციო პალატა განმარტავს, რომ ხანდაზმულობის ვადა არის პერიოდი, რომლის განმავლობაში უფლებამოსილ სუბიექტს შეუძლია მოახდინოს თავისი მოთხოვნის იძულებითი რეალიზაცია. შესაბამისად, სწორედ მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადაში არის შესაძლებელი ადმინისტრაციულმა ორგანომ შეამოწმოს მის მიერ მიღებული გადაწყვეტილების კანონიერება, რადგან ხანდაზმულობა არის ვადა, რომლის განმავლობაშიც პირმა, რომლის უფლებაც დაირღვა, შეიძლება მოითხოვოს თავისი უფლების იძულებით განხორციელება ან დაცვა. ვადაში იგულისხმება დროის განსაზღვრული პერიოდი, რომელსაც კანონმდებელი უკავშირებს ამა თუ იმ იურიდიული შედეგის დადგომას. თავისი ბუნებით ვადა იურიდიული ფაქტია, რომლის დადგომა ან გასვლა იწვევს უფლებისა და ვალდებულების წარმოშობას, შეცვლას ან შეწყვეტას. იმის გათვალისწინებით, რომ ვადის გასვლით იფარება პირის მოთხოვნის იძულებით განხორციელების შესაძლებლობა, კანონმდებელი სხვადასხვა სახის მოთხოვნებისათვის ითვალისწინებს ხანდაზმულობის განსხვავებულ ვადებს. იმის გათვალისწინებით, რომ საჯარო სამართლის კანონმდებლობა არ ადგენს ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულების (გამოსცეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი) შესრულების ვადას საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მოცემულ ურთიერთობაზე უნდა გავრცელდეს სამოქალაქო კოდექსის 128-ე მუხლი, რომლის პირველი ნაწილი ითვალისწინებს, რომ სხვა პირისაგან რაიმე მოქმედების შესრულების ან მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნის უფლებაზე ვრცელდება ხანდაზმულობა. იმავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ხანდაზმულობის საერთო ვადა შეადგენს ათ წელს. ამდენად, ადმინისტრაციული ორგანოსათვის ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 76-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ვალდებულება საჯარო რეესტრში რეგისტრირებული მონაცემების კანონიერების შემოწმების თაობაზე უნდა განხორციელდეს კანონით დადგენილ ათ წლიან ვადაში.

მოცემულ შემთხვევაში, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სადავო გადაწყვეტილება 2005 წლის 22 აპრილს რეგისტრირებული უფლების კანონიერების შემოწმების თაობაზე, მიღებულია უფლების რეგისტრაციიდან მე-11 წელს - 2015 წლის 21 აგვისტოს. სადავო არ არის, რომ 2005 წლის 22 აპრილს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბორჯომის სარეგისტრაციო სამსახურის გადაწყვეტილებით განხორციელდა მ. ს-ის საკუთრების უფლების საჯარო რეესტრში რეგისტრაცია 139 კვ.მ. უძრავ ნივთზე მდებარე ბორჯომი, ... ქ. №5 (განაცხადის რეგისტრაციის №683/2005). საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ კი 10 წლის გასვლის შემდეგ - 2015 წლის 21 აგვისტოს გამოსცა №207160 ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი „რეგისტრაციის შესახებ ბორჯომის სარეგისტრაციო სამსახურის გადაწყვეტილების (განცხადების რეგისტრაციის №683/2005 თარიღი: 22.04.05) კანონიერების შესწავლასთან დაკავშირებით ადმინისტრაციული წარმოების დაწყებისა და ზეპირი მოსმენის დანიშვნის თაობაზე“. აქედან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სადავო ქონებაზე მოსარჩელის საკუთრების უფლების კანონით გათვალისწინებული ხანდაზმულობის საერთო ვადის დაცვის გარეშე, კერძოდ, მოცემულ შემთხვევაში საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილების მიღებიდან მე-11 წელს შემოწმება ცალსახად დაარღვევს დაინტერესებული მხარის - ნ. გ-ის მიერ აღმჭურველი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მიმართ არსებულ კანონიერი ნდობის პრინციპს.

საკასაციო პალატა შესაძლებლად მიიჩნევს საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ საჩივრის არსებობის გარეშეც, საკუთარი ინიციატივით, მოახდინოს მის სისტემაში შემავალი სარეგისტრაციო სამსახურების მიერ მიღებული გადაწყვეტილებების, მათ შორის, საკუთარების უფლების რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილების გადასინჯვა, მაგრამ საკასაციო პალატა ცალსახად მიუთითებს, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ საკუთარი ინიციატივით აქტის კანონიერების გადამოწმებისას დაცული უნდა იყოს უფლების წარმოშობის სამართლებრივი საფუძვლის შემოწმების კანონით გათვალისწინებული - 10 წლიანი ვადა, რათა არ მოხდეს აღმჭურველი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის წლების შემდეგ, ყოველგვარი გონივრული ვადის დაცვის გარეშე ბათილად ცნობა და დაინტერესებული მხარის უფლებების დაუსაბუთებელი შეზღუდვა.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-5 მუხლი მიუთითებს ადმინისტრაციული ორგანოების მიერ თავისი საქმიანობის განხორციელებისას კანონიერების პრინციპის დაცვის აუცილებლობაზე კერძოდ, აღნიშნული მუხლის თანახმად, ადმინისტრაციულ ორგანოს არა აქვს უფლება კანონმდებლობის მოთხოვნების საწინააღმდეგოდ განახორციელოს რაიმე ქმედება. ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ან სხვა სახის ქმედება, რომელიც იწვევს ადამიანის საქართველოს კონსტიტუციით მინიჭებული უფლებების ან თავისუფლებების შეზღუდვას, დაიშვება მხოლოდ საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავის შესაბამისად, კანონით ან მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე აქტით მინიჭებული უფლებამოსილების საფუძველზე. უფლებამოსილების გადამეტებით გამოცემულ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს, აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ განხორციელებულ ქმედებას არა აქვს იურიდიული ძალა და ბათილად უნდა გამოცხადდეს.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლში ჩამოთვლილია ის საფუძვლები, რომელთა არსებობის შემთხვევაშიც შესაძლებელია ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, კერძოდ, აღნიშნული მუხლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

მოცემულ გადაწყვეტილებაში ასახული სამართლებრივი შეფასებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა არსებითად სწორად გადაწყვიტეს მოცემული დავა და სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება დასაბუთებული, კანონიერია და მისი გაუქმების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 9 სექტემბრის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ვ. როინიშვილი

მოსამართლეები: მ. ვაჩაძე

ნ. სხირტლაძე