საქმე N330210215811852
#ბს-250-248(2კ-16) 3 ივლისი, 2017 წელი ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, ვასილ როინიშვილი
განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორები _ სახელმწიფო აუდიტის სამსახური (მოპასუხე); ი. პ-ი (მოსარჩელე)
მესამე პირი - ლ. უ-ი
დავის საგანი _ სხვა თანამდებობაზე გადაყვანის შესახებ აქტის ბათილად ცნობა, სამსახურში აღდგენა, განაცდურის ანაზღაურება
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 01.10.2015წ. გადაწყვეტილება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
06.11.2013წ. ი. პ-მა სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიმართ მოპასუხის 03.10.2013წ. ბრძანების ბათილად ცნობის, სახელმწიფო აუდიტის სამსახურისათვის სხვა თანამდებობაზე გადაყვანამდე არსებულ ხელფასსა და ახალ თანამდებობაზე არსებულ ხელფასს შორის სხვაობის ანაზღაურების (2013 წლის 09 ოქტომბრიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე) დაკისრების მოთხოვნით.
მოსარჩელემ აღნიშნა, რომ საქართველოს კონტროლის პალატის 22.03.2010წ. #34/25 ბრძანებით დაინიშნა საქართველოს კონტროლის პალატის ...დეპარტამენტის ... ვაკანტურ თანამდებობაზე, განუსაზღვრელი ვადით. იგი არაერთხელ იქნა წახალისებული სამსახურებრივი მოვალეობის მაღალ დონეზე შესრულებისათვის, ხოლო დისციპლინური საქმისწარმოება მის მიმართ არასდროს დაწყებულა, გავლილი აქვს პროფესიული კვალიფიკაციის ასამაღლებელი კურსები და ტრეინინგები, არაერთხელ აქვს გამოცდები ჩაბარებული სახელმწიფოს მიერ რეგულირებად იურიდიულ პროფესიებში(მოსამართლის, ადვოკატის და სხვ.). 09.10.2013 წ. ოფიციალური გაცნობის მიზნით მოსარჩელეს გადაეცა სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორის 03.10.2013წ. #1/428 ბრძანება ი. პ-ის სხვა თანამდებობაზე გადაყვანის შესახებ, რომლითაც ფაქტობრივად მოხდა მისი ჩამოქვეითება ... დეპარტამენტის ... თანამდებობიდან ... დეპარტამენტის ... აუდიტორის დროებით მოვალეობის შემსრულებლად. მოსარჩელე მიიჩნევს, რომ სადავო ბრძანება ზაკ-ის 53-ე და 96-ე მუხლების უგულებელყოფით არ შეიცავს დასაბუთებას თუ რა გადაუდებელი სამსახურებრივი აუცილებლობა არსებობდა მისი სხვა თანამდებობაზე გადაყვანისათვის. გარდა აღნიშნულისა, ი. პ-ი გადაყვანილ იქნა იმ თანამდებობაზე, რომელსაც იგი არ შეესაბამებოდა პროფესიისა და კვალიფიკაციის თვალსაზრისით, მისთვის აუდიტორის კვალიფიკაცია რომელიმე აკადემიურ უწყებას არ მიუნიჭებია, „აუდიტი“ საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ისწავლება სამართალმცოდნეობისგან განსხვავებული აკადემიური საგანმანათლებლო პროგრამით, რის შედეგადაც პირს ენიჭება შესაბამისი კვალიფიკაცია. მოსარჩელე თვლის, რომ უნდა შეფასდეს აუდიტორის დროებით მოვალეობის შემსრულებლად გადაყვანის წინაპირობები, მოხელის გადაყვანისათვის არსებულ საკანონმდებლო წესრიგთან თავსებადობა. საქართველოს კონსტიტუციის 42-ე, სკ-ის 992-ე, 1005-ე მუხლებზე მითითებით მოსარჩელემ აღნიშნა, რომ ახალ თანამდეობაზე გადაყვანით მას მიადგა ზიანი, რადგან შეუმცირდა თანამდებობრივი სარგო. ამდენად, მოსარჩელე მიიჩნევს, რომ ვინაიდან სხვა თანამდებობაზე გადაყვანა არამართლზომიერია და პოლიტიკური მოტივით იყო განპირობებული, მოპასუხეს უნდა დაეკისროს 2013 წლის 09 ოქტომბრიდან გადაწყვეტილების აღსრულების დღემდე მიღებულ და მისაღებ ხელფასებს შორის არსებული სხვაობის ანაზღაურება.
20.12.2013წ. განცხადებით ი. პ-მა გაზარდა სასარჩელო მოთხოვნა და დამატებით მოითხოვა სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ... დეპარტამენტის ... თანამდებობაზე აღდგენა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 15.01.2014 წ. განჩინებით სასკ-ის 16.1 მუხლის შესაბამისად, საქმეში მესამე პირად ჩაება ლ. უ-ი.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 04.02.2014 წ. გადაწყვეტილებით ი. პ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 04.02.2014 გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ი. პ-მა, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა. ი. პ-მა გაასაჩივრა აგრეთვე საქმის განხილვის გადადების შესახებ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 08.01.2014წ. საოქმო განჩინება და მოსამართლის აცილებაზე უარის თქმის შესახებ 14.01.2014წ. განჩინება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 07.05.2014 წ. გადაწყვეტილებით ი. პ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, ნაწილობრივ გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 04.02.2014 წ. გადაწყვეტილება სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორის 03.10.2013 წ. #1/428 ბრძანების ბათილად ცნობაზე უარის თქმის ნაწილში და ამ ნაწილში საქმეზე მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, ი. პ-ის სარჩელი აღნიშნულ ნაწილში დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორის 03.10.2013 წ. #1/428 ბრძანება ი. პ-ის სხვა თანამდებობაზე გადაყვანის შესახებ, დანარჩენ ნაწილში თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 04.02.2014წ. გადაწყვეტილება უცვლელად იქნა დატოვებული.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარის 22.03.2010 წ. №34/25 ბრძანების გამოცემის მომენტში ,,საჯარო სამსახურის შესახებ’’ კანონის 29-ე მუხლის მოქმედ რედაქციაზე, რომლის მიხედვით პირი თანამდებობაზე შეიძლება დაინიშნოს კონკურსის შედეგების გათვალისწინებით. სასამართლომ მიუთითა, რომ ,,საჯარო სამსახურის შესახებ’’ კანონის 29-ე მუხლი პირვანდელი რედაქციით ადგენდა საჯარო სამსახურში თანამდებობის დაკავების ორ ალტერნატიულ გზას - კონკურსით და კონკურსის გარეშე. როგორც კონკურსის შედეგების მიხედვით, ისე - პირდაპირი წესით პირების თანამდებობებზე გამწესება წარმოადგენდა იდენტური შინაარსისა და მნიშვნელობის მქონე იურიდიულ ფაქტებს, კანონი კონკურსით და კონკურსის გარეშე დანიშნულ მოხელეებს აყენებდა თანაბარ სამართლებრივ მდგომარეობაში იმ თვალსაზრისით, რომ არსებული შრომით-სამართლებრივი ურთიერთობების პირობებში ურთიერთობის მონაწილე არცერთი მხარე არ განიხილავდა და ეჭვქვეშ არ აყენებდა პირდაპირი წესით (ანუ, კონკურსის გარეშე) დანიშნული მოხელის თანამდებობაზე ყოფნის ხანგრძლივობას, კომპეტენციას, კვალიფიკაციას, საჯარო სამსახურის ფარგლებში მოხელის მიერ ნაკისრი ვალდებულებებისა და შეძენილი უფლებების მოცულობას, ლეგალურობას. ,,საჯარო სამსახურის შესახებ’’ კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე’’ 29.06.2012 წ. N6611 კანონის საფუძველზე შეიცვალა კანონის 29-ე მუხლის შინაარსი: დადგინდა, რომ პირი თანამდებობაზე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ კონკურსის შედეგად, გარდა ამ კანონის 30-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა. იმის გათვალისწინებით, რომ აპელანტი ი. პ-ი, თავის დროზე, საქართველოს კონტროლის პალატის ... დეპარტამენტის ... თანამდებობაზე დაინიშნა პირდაპირი წესით (ანუ, კონკურსის გარეშე), განუსაზღვრელი ვადით და იმის გათვალისწინებით, რომ ,,საჯარო სამსახურის შესახებ’’ კანონის 29-ე მუხლის (პირვანდელი რედაქციით) მოქმედების პირობებში როგორც კონკურსის შედეგების მიხედვით, ისე - პირდაპირი წესით პირების თანამდებობებზე გამწესება წარმოადგენდა იდენტური მნიშვნელობის მქონე იურიდიულ ფაქტებს, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ საქართველოს აუდიტის სამსახურის ერთი სტრუქტურული ერთეულიდან (... დეპარტამენტიდან) მეორე სტრუქტურულ ერთეულში (... დეპარტამენტში) გადაყვანისას ი. პ-ის მიმართ უნდა გავრცელებულიყო ,,საჯარო სამსახურის შესახებ’’ საქართველოს კანონის 30-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,თ’’ ქვეპუნქტის მოქმედება ისე, რომ იგი, როგორც ძველ თანამდებობაზე განუსაზღვრელი ვადით დანიშნული პირი, ახალ თანამდებობაზე უნდა დაენიშნათ არა დროებით მოვალეობის შემსრულებლად, კონკურსის შედეგების მიხედვით მოხელის თანამდებობაზე დანიშვნამდე ვადით, არამედ ასევე განუსაზღვრელი ვადით. სასამართლოს მოსაზრებით, ი. პ-ის ახალ თანამდებობაზე დროებით, კონკურსის ჩატარებამდე ვადით დანიშვნა იმ შემთხვევაში იქნებოდა გამართლებული და კანონიერი, თუკი მანამდე მისი ... დეპარტამენტის ... თანამდებობაზე გამწესება მოხდებოდა ასევე დროებით, მოვალეობის შემსრულებლის სტატუსით, კონკურსის გავლის პირობით.
სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა აპელანტის მოსაზრება, რომ იგი არ უნდა გადაეყვანათ ... დეპარტამენტში ... აუდიტორის თანამდებობაზე სათანადო კვალიფიკაციის არარსებობის გამო, რადგან არა მხოლოდ ფინანსისტებს და ეკონომისტებს, არამედ იურიდიული განათლების მქონე პირებსაც აქვთ შესაძლებლობა დაიკავონ ... სამსახურში ... აუდიტორის თანამდებობა გამომდინარე იმ მოსაზრებიდან, რომ იურიდიული განათლების მქონე პირი ფლობს იმ ცოდნას და გააჩნია ის კვალიფიკაცია, რაც აუცილებელია ... აუდიტორისთვის კანონით დაკისრებული მოვალეობების შესასრულებლად.
სააპელაციო სასამართლომ დაუსაბუთებლად მიიჩნია ი. პ-ის მოთხოვნა თანამდებობაზე აღდგენისა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურების შესახებ და აღნიშნა, რომ გენერალური აუდიტორის 03.10.2013 წ. N1/428 ბრძანების გამოცემის შემდეგ ი. პ-მა 04.12.2013 წ. განცხადებით მიმართა გენერალურ აუდიტორს და მოითხოვა ... აუდიტორის თანამდებობიდან განთავისუფლება. სახელმწიფო აუდიტის სამსახურის 04.12.2013 წ. №456 ბრძანებით ი. პ-ი 2013 წლის 4 დეკემბრიდან გათავისუფლდა სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ... დეპარტამენტის ... აუდიტორის თანამდებობიდან, რითაც დასრულდა, შეწყდა ი. პ-სა და სახელმწიფო აუდიტის სამსახურს შორის მანამდე არსებული შრომით-სამართლებრივი ურთიერთობა. ამასთანავე, აპელანტს 04.12.2013 წ. №456 ბრძანება არ გაუსაჩივრებია, რითაც გამოხატა თავისი პოზიტიური დამოკიდებულება მასსა და დამსაქმებელს შორის შრომითი ურთიერთობის დასრულების იურიდიული ფაქტის მიმართ. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ ვინაიდან მხარეები აღარ იმყოფებიან ერთმანეთთან სამსახურებრივ ურთიერთობაში, ი. პ-ის სხვა თანამდებობაზე გადაყვანის შესახებ ბრძანების ბათილად ცნობა ვერ გამოიწვევს მის პირვანდელ თანამდებობაზე აღდგენას და ამით მხარეებს შორის სხვა სამართლებრივი აქტით - 04.12.2013 წ. №456 ბრძანებით შეწყვეტილი სამსახურებრივი ურთიერთობების განახლებას.
სააპელაციო სასამართლომ ასევე არ გაიზიარა მოთხოვნა იძულებითი განაცდურის ანაზღაურების შესახებ, მიუთითა ,,საჯარო სამსახურის შესახებ'' კანონის 127-ე მუხლის მე-6 პუნქტზე, რომლის თანახმად, მოხელის მიერ მოთხოვნილი განაცდური ხელფასი ანაზღაურდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დაწესებულება მოხელეს აღადგენს სამსახურში, სხვა შემთხვევაში განაცდური ხელფასი არ ანაზღაურდება და აღნიშნა, რომ განაცდურის ანაზღაურების უფლების განხორციელება დამოკიდებულია მოხელის სამსახურში აღდგენაზე, შესაბამისად, აპელანტს უარი ეთქვა რა სამსახურში აღდგენაზე, არ არსებობს განაცდურის ანაზღაურების საფუძველიც.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრეს ი. პ-მა და სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა.
სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა აღნიშნა, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად განმარტა კანონი, კერძოდ, „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის 29-ე მუხლი და ამავე კანონის 30-ე მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტი, რამდენადაც „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის 29-ე მუხლის თანახმად (29.06.2012 წ. ცვლილების შეტანამდე მოქმედი რედაქცია), პირი შეიძლებოდა თანამდებობაზე დანიშნულიყო როგორც კონკურსის წესით, ასევე კონკურსის გარეშე. ცვლილების შემდეგ და ამჟამად მოქმედი რედაქციის თანახმად, თანამდებობაზე დანიშვნა უნდა განხორციელდეს მხოლოდ კონკურსის წესით, გარდა ამავე კანონის 30-ე მუხლით გათვალისწინებული გამონაკლისი შემთხვევებისა. „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის 30-ე მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტის თანახმად, მოხელეები იმავე დაწესებულების სხვა სტრუქტურულ ერთეულში გადაყვანისას შეიძლება უკონკურსოდ დაინიშნონ, თუ მათ მიერ კონკურსის წესით დაკავებული თანამდებობისა და დასაკავებელი თანამდებობისათვის ერთი და იგივე საკონკურსო მოთხოვნებია წაყენებული.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 02.04.2015წ. განჩინებით სახელმწიფო აუდიტის სამსახურისა და ი. პ-ის საკასაციო საჩივრები ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გაუქმდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 07.05.2014წ. გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.
საკასაციო პალატამ აღნიშნა, რომ მოსარჩელე სხვა თანამდებობაზე გადაყვანის შესახებ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორის 03.10.2013 წ. #1/428 ბრძანების ბათილად ცნობას ითხოვდა იმ საფუძვლით, რომ მას გააჩნდა იურისტის და არა აუდიტორის კვალიფიკაცია, რის გამოც არ აკმაყოფილებდა აუდიტორის თანამდებობაზე გამწესებისათვის გათვალისწინებულ პირობებს, ხოლო სააპელაციო სასამართლომ გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი კანონსაწინააღმდეგოდ მიიჩნია იმ საფუძვლით, რომ ი. პ-ის ახალ თანამდებობაზე გადაყვანა მოხდა განსაზღვრული ვადით, დროებით მოვალეობის შემსრულებლად, კონკურსის შედეგების მიხედვით მოხელის თანამდებობაზე დანიშვნამდე, თუმცა მოსარჩელის ძირითადი არგუმენტი, რომ მისი კვალიფიკაცია არ შეესაბამებოდა აუდიტორის თანამდებობას, უარყო. სააპელაციო სასამართლო დავის გადაწყვეტისას ძირითად ყურადღებას ამახვილებს იმაზე თუ რამდენად იყო შესაძლებელი ი. პ-ის განსაზღვრული ვადით გადაყვანა ახალ თანამდებობაზე, მაშინ, როცა იგი პირადი განცხადებით გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან და მისი გათავისუფლების მიზეზი არ ყოფილა შრომით-სამართლებრივი ურთიერთობის ვადის გასვლა ან საკონკურსო პირობების შეუსრულებლობა.
დადასტურებულად იქნა მიჩნეული, რომ ი. პ-მა 03.10.2013 წ. განცხადებით თანხმობა განაცხადა სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ... დეპარტამენტში ... აუდიტორის თანამდებობაზე გადაყვანაზე. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია ის გარემოება, რომ ი. პ-ის მიერ ნების გამოვლენა არ წარმოადგენდა იძულების, მუქარის ან შეცდომის შედეგს. ამდენად, მიუხედავად მოსარჩელის მიერ მითითებული არგუმენტებისა, რომ იგი არ უნდა ყოფილიყო გადაყვანილი ... აუდიტორის თანამდებობაზე, რამდენადაც მას არ გააჩნდა შესაბამისი კვალიფიკაცია აღნიშნულ თანამდებობაზე გამწესებისათვის, საკასაციო პალატამ მიუთითა, რომ თანხმობის გაცხადებით მან გამოხატა ნება გადაყვანაზე. შესაბამისად, საკასაციო პალატამ მიიჩნია, რომ არათანმიმდევრულია მოსარჩელის არგუმენტაცია გადაყვანის არაკანონიერებასთან დაკავშირებით იმ ვითარებაში, როდესაც ნების გამოხატვის გამომრიცხავ გარემოებებზე მისი მხრიდან მითითებული არ ყოფილა. საკასაციო სასამართლომ აღნიშნულთან დაკავშირებით არ გაიზიარა კასატორის - ი. პ-ის მოსაზრება, რომ მისი ნების გამოვლენა უკავშირდებოდა მხოლოდ ... აუდიტორის თანამდებობიდან გათავისუფლებას, რის გამოც იგი აღდგენილ უნდა იქნეს პირვანდელ თანამდებობაზე.
საკასაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ საქმე უნდა დაბრუნდეს ხელახალი განხილვისათვის, რამდენადაც უნდა აღმოიფხვრას ის წინააღმდეგობა, რაც სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილებით შეიქმნა, კერძოდ, სააპელაციო სასამართლომ დაადგინა მთელი რიგი ფაქტობრივი გარემოებები, გამოიკვლია მტკიცებულებები, რის შედეგადაც მიიჩნია, რომ ი. პ-ი, რომელსაც იურისტის კვალიფიკაცია გააჩნია, აკმაყოფილებს ... აუდიტის თანამდებობისათვის დაწესებულ მოთხოვნებს, რის გამოც ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მისი გადაყვანა ახალ თანამდებობაზე კანონიერად მიიჩნია, თუმცა გადაყვანის აქტი ცნო ბათილად ფაქტობრივად იმ საფუძვლით, რაზეც მოსარჩელე არ აპელირებდა, მით უფრო, რომ ი. პ-ი პირადი განცხადების საფუძველზე გათავისუფლდა ...აუდიტორის თანამდებობიდან, სასამართლოს არ დაუსაბუთებია რა პირდაპირი და უშუალო ზიანი მიაყენა განსაზღვრული ვადით ... აუდიტორის თანამდებობაზე გადაყვანამ მოსარჩელეს.
საკასაციო პალატამ აღნიშნა, რომ სააპელაციო სასამართლოს მსჯელობის გაზიარების შემთხვევაშიც წინააღმდეგობრივია გადაწყვეტილება, ვინაიდან სააპელაციო სასამართლომ არ იქონია მსჯელობა, თუ რატომ არ არსებობდა ... დეპარტამენტის ... თანამდებობასა და ... აუდიტორის თანამდებობისათვის დადგენილ თანამდებობრივ სარგოებს შორის სხვაობის ანაზღაურების საფუძველი გასაჩივრებული აქტის ბათილად ცნობის პირობებში.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 01.10.2015წ. გადაწყვეტილებით ი. პ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 04.02.2014 წ. გადაწყვეტილება სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორის 03.10.2013 წ. #1/428 ბრძანების ბათილად ცნობაზე უარის თქმის ნაწილში და ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, ი. პ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი ი. პ-ის სხვა თანამდებობაზე გადაყვანის შესახებ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორის 03.10.2013 წ. #1/428 ბრძანება. დანარჩენ ნაწილში თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 04.02.2014წ. გადაწყვეტილება უცვლელად დარჩა.
სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ ი. პ-ის სააპელაციო საჩივრის ხელახლა განხილვისას შეამოწმა სარჩელის დასაშვებობების წინაპირობები სასკ-ის 22-ე მუხლით დადგენილი სამივე კრიტერიუმის მიხედვით და დაადგინა, რომ სარჩელი დასაშვებია. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ გენერალური აუდიტორის 03.10.2013 წ. N1/428 ბრძანება კანონსაწინააღმდეგო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტია შემდეგ გარემოებათა გამო: ,,საჯარო სამსახურის შესახებ’’ კანონის 29-ე მუხლი (პირვანდელ რედაქციით) ადგენდა საჯარო სამსახურში თანამდებობის დაკავების ორ ალტერნატიულ გზას - კონკურსით და კონკურსის გარეშე. კანონი კონკურსით და კონკურსის გარეშე დანიშნულ მოხელეებს ამყოფებდა თანაბარ სამართლებრივ მდგომარეობაში იმ თვალსაზრისით, რომ არსებული შრომით-სამართლებრივი ურთიერთობების პირობებში ურთიერთობის მონაწილე არცერთი მხარე ეჭვქვეშ არ აყენებდა პირდაპირი წესით კონკურსის გარეშე დანიშნული მოხელის თანამდებობაზე ყოფნის ხანგრძლივობას, კომპეტენციას, კვალიფიკაციას, საჯარო სამსახურის ფარგლებში მოხელის მიერ ნაკისრი ვალდებულებებისა და შეძენილი უფლებების მოცულობას, ლეგალურობას. 29.06.2012წ. N6611 კანონის საფუძველზე შეიცვალა „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის 29-ე მუხლის შინაარსი, 1-ლი პუნქტით დადგინდა, რომ პირი თანამდებობაზე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ კონკურსის შედეგად, გარდა ამ კანონის 30-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა. ამასთანავე, ,,საჯარო სამსახურის შესახებ’’ კანონის 30-ე მუხლის (თანამდებობაზე უკონკურსოდ დანიშვნა) სადავო აქტის გამოცემის მომენტში მოქმედი რედაქციის 1-ლი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტით დადგენილია, რომ თანამდებობაზე უკონკურსოდ შეიძლება დაინიშნონ მოხელეები – იმავე დაწესებულების სხვა სტრუქტურულ ერთეულში გადაყვანისას, თუ მათ მიერ კონკურსის წესით დაკავებული თანამდებობისა და დასაკავებელი თანამდებობისათვის ერთი და იგივე საკონკურსო მოთხოვნებია წაყენებული. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ გენერალური აუდიტორის 03.10.2013 წ. N1/428 ბრძანების გამოცემის, ანუ, ერთი და იგივე დაწესებულების შიგნით ი. პ-ის ერთი თანამდებობიდან მეორეზე გადაყვანის პირობებში აპელანტი გვევლინებოდა ,,საჯარო სამსახურის შესახებ’’ კანონის 30-ე მუხლის 1-ლი პუნქტის ,,თ’’ ქვეპუნქტის სუბიექტად. იმის გათვალისწინებით, რომ ი. პ-ი, თავის დროზე, საქართველოს კონტროლის პალატის ... დეპარტამენტის ... თანამდებობაზე დაინიშნა პირდაპირი წესით და განუსაზღვრელი ვადით და იმის გათვალისწინებით, რომ ,,საჯარო სამსახურის შესახებ’’ კანონის 29-ე მუხლის (პირვანდელ რედაქციით) მოქმედების პირობებში როგორც კონკურსის შედეგების მიხედვით, ისე - პირდაპირი წესით პირების თანამდებობებზე განმწესება წარმოადგენდა იდენტური მნიშვნელობის მქონე იურიდიულ ფაქტებს, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ საქართველოს აუდიტის სამსახურის ერთი სტრუქტურული ერთეულიდან (... დეპარტამენტიდან) მეორე სტრუქტურულ ერთეულში (... დეპარტამენტში) ... აუდიტორის თანამდებობაზე გადაყვანისას ი. პ-ის მიმართ უნდა გავრცელებულიყო ,,საჯარო სამსახურის შესახებ’’ კანონის 30-ე მუხლის 1-ლი პუნქტის ,,თ’’ ქვეპუნქტის მოქმედება ისე, რომ იგი, როგორც ძველ თანამდებობაზე განუსაზღვრელი ვადით დანიშნული პირი, ახალ თანამდებობაზე უნდა დაენიშნათ არა დროებით მოვალეობის შემსრულებლად, კონკურსის შედეგების მიხედვით მოხელის თანამდებობაზე დანიშვნამდე ვადით, არამედ ასევე განუსაზღვრელი ვადით. ი. პ-ის ახალ თანამდებობაზე დროებით, კონკურსის ჩატარებამდე ვადით დანიშვნა იმ შემთხვევაში იქნებოდა გამართლებული და კანონიერი, თუკი მანამდე მისი ... დეპარტამენტის ... თანამდებობაზე განმწესება მოხდებოდა ასევე დროებით, მოვალეობის შემსრულებლის სტატუსით, კონკურსის გავლის პირობით. მოწინააღმდეგე მხარე ვერ უთითებს შიდა აუდიტის სამსახურში ... აუდიტორის თანამდებობაზე დასაქმებული იურიდიული განათლების მქონე პირის მიერ შესასრულებელ ისეთ შრომით საქმიანობაზე, ისეთ ფუნქციაზე, რომლის შესრულებასაც ესაჭიროება ისეთი განსხვავებული საკვალიფიკაციო, საკონკურსო წინაპირობები (ანუ, განსხვავებული განათლება, კვალიფიკაცია, უნარები, შრომის სტაჟი, განსხვავებული დისციპლინების, საგნების და საკითხების ცოდნა), რომლებიც არ გააჩნია უფრო მაღალ თანამდებობაზე - ... დეპარტამენტის ... თანამდებობაზე მყოფ, ასევე იურიდიული განათლების მქონე პირს. აღნიშნულის გამო კასატორმა არ გაიზიარა მოპასუხის მოსაზრება იმის შესახებ, რომ ... დეპარტამენტის ... და ... დეპარტამენტის ... აუდიტორის თანამდებობის დასაკავებლად განსხვავებული საკონკურსო პირობებია დადგენილი. გარდა ამისა, სააპელაციო პალატამ შეუძლებლად მიიჩნია გენერალური აუდიტორის 15.11.13წ. N245/37 ბრძანებით დამტკიცებული საკვალიფიკაციო მოთხოვნების გამოყენება იმის გამო, რომ სადავო ბრძანების გამოცემის მომენტში ჯერ კიდევ არ არსებობდა ხსენებული ნორმატიული აქტი.
სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ ,,საჯარო სამსახურის შესახებ’’ კანონის 29-ე მუხლის პირვანდელ რედაქციის მოქმედების დროს საჯარო სამსახურში კონკრეტულ თანამდებობაზე კონკურსის გარეშე, პირდაპირი წესით და განუსაზღვრელი ვადით დანიშნული მოხელე თავისი სტატუსით, სამართლებრივი მდგომარეობით და ნაკისრი უფლება-მოვალეობების მოცულობით სრულად უთანაბრდებოდა საჯარო სამსახურში ასევე კონკრეტულ თანამდებობაზე, მაგრამ კონკურსის წესით და განუსაზღვრელი ვადით დანიშნულ საჯარო მოხელეს. 29-ე მუხლის ახლებურად ჩამოყალიბებული რედაქციით არ შეცვლილა, შენარჩუნდა მანამდე საჯარო სამსახურში კონკრეტულ თანამდებობებზე კონკურსის გარეშე, პირდაპირი წესით და განუსაზღვრელი ვადით დანიშნული მოხელეების სამართლებრივი მდგომარეობა იმ თვალსაზრისით, რომ მათ მიერ დაკავებული თანამდებობები არ ითვლება ვაკანტურ თანამდებობებად, ისინი აგრძელებენ თანამდებობებზე ყოფნას და შრომითი საქმიანობას. საჯარო სამსახურში კონკრეტულ თანამდებობაზე კონკურსის გარეშე, პირდაპირი წესით და განუსაზღვრელი ვადით დანიშნული მოხელის ერთი თანამდებობიდან მეორე თანამდებობაზე (ანუ, იმავე დაწესებულების ერთი სტრუქტურული ერთეულიდან მეორეში) გადაყვანის დროს ადმინისტრაციულმა ორგანომ ასეთი გადაყვანის საკითხი აუცილებლად უნდა განიხილოს და გადაწყვიტოს ,,საჯარო სამსახურის შესახებ’’ კანონის 30-ე მუხლის 1-ლი პუნქტის ,,თ’’ ქვეპუნქტის ჭრილში. რაც შეეხება საკონკურსო მოთხოვნების იგივეობის/განსხვავებულობის თემას, სასამართლომ მიუთითა, რომ უკეთეს შემთხვევაში ეს საკითხი ადმინისტრაციულმა ორგანომ უნდა გაარკვიოს კანონით/კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით კონკრეტულ ადმინისტრაციულ ორგანოში საშტატო ნუსხით გათვალისწინებული კონკრეტული თანამდებობებისთვის პირდაპირ დადგენილი საკონკურსო მოთხოვნების ურთიერთშედარების და ანალიზის გზით. საქართველოს აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორის 03.10.2013 წ. N1/428 ბრძანების გამოცემის მომენტში ჯერ კიდევ არ არსებობდა ნორმატიული აქტი (მათ შორის, 15.11.2013 წლის N245/37 ბრძანება), რომელიც დაადგენდა სახელმწიფო აუდიტის სამსახურში ამა თუ იმ თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისთვის წარსადგენ საკონკურსო მოთხოვნებს, თუმცა, ამგვარი ნორმების უქონლობა ადმინისტრაციულ ორგანოს არ უკარგავდა საკითხის სწორად, კვალიფიციურად გადაწყვეტის შესაძლებლობას, რადგან სახელმწიფო აუდიტის სამსახური შესაგებელში იმ მოსაზრებას ანვითარებს, რომ ... სამსახურში ... აუდიტორის თანამდებობის დაკავება შეეძლო იურიდიული განათლების მქონე პირს, მათ შორის - ი. პ-ს.
სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა აპელანტის მტკიცება მასზედ, რომ იგი არ უნდა გადაეყვანათ ... დეპარტამენტში ... აუდიტორის თანამდებობაზე თუნდაც იმიტომ, რომ მას, როგოროც იურიდიული განათლების მქონე პირს, არ გააჩნდა ამ თანამდებობაზე საქმიანობისთვის აუცილებელი განათლება და კვალიფიკაცია, კერძოდ, ფინანსისტის, ეკონომისტის განათლება. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ არამარტო ფინანსისტებს, ეკონომისტებს, არამედ იურიდიული განათლების მქონე პირებსაც აქვთ შესაძლებლობა დაიკავონ ... სამსახურში ... აუდიტორის თანამდებობა, რადგანაც იურიდიული განათლების მქონე პირი ფლობს ... აუდიტორისთვის კანონით დაკისრებული მოვალეობების შესასრულებლად საჭირო ცოდნას და კვალიფიკაციას. გენაუდიტორის 01.02.13წ. N4/37 ბრძანებით დამტკიცებული „სახელმწიფო აუდიტის სამსახურის რეგლამენტის“ თანახმად, ... დეპარტამენტი, სხვა სტრუქტურული ერთეულებისგან (... დეპარტამენტებისგან) განსხვავებით შექმნილია იმ მიზნით, რომ სწორედ ამ სტრუქტურულმა ერთეულმა აკონტროლოს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის დანარჩენი სტრუქტურული ერთეულების, ამ ერთეულებში დასაქმებული საჯარო მოხელეების შრომითი საქმიანობა როგორც ფინანსური ინტერესების, ისე - სამართლებრივი ნორმების ჭრილში. რიგ შემთხვევებში აუდიტორული საქმიანობა შესაძლოა გულისხმობდეს არა მაინც და მაინც ფინანსურ კონტროლს, ფინანსური საკითხების შემოწმებას, არამედ წმინდა სამართლებრივი საკითხების შესწავლა-შემოწმებისა და ანალიზის, სამართლებრივი დასკვნების შედგენის პროცესებს და მათ თანმხლებ შედეგებს (რეგლამენტის მე-6 მუხ.). ის გარემოება, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ თავის გადაწყვეტილებაში არ შეაფასა საქმეზე დართული მტკიცებულებები - სსიპ ,,განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის’’ 16.12.2013 წ. N601016 წერილი, ასევე 24.01.2014 წ. N31244 წერილი, სააპელაციო პალატის აზრით არ ახდენს გავლენას სადავო საკითხის გამორკვევის შედეგებზე, რადგან სადავო საკითხის ,,სახელმწიფო აუდიტის სამსახურის რეგლამენტის’’ ჭრილში კვლევამ ცხადყო, რომ შიდა აუდიტის დეპარტამენტში შესაბამისი განათლებისა და კვალიფიკაციის მქონე პირის შესარჩევად და თანამდებობაზე დასანიშნად მნიშვნელოვანია არა თანამდებობის დასახელება, არამედ იმ ფუნქციათა შინაარსი, რომელთა შესრულებაც პირს უწევს კონკრეტულ თანამდებობაზე ყოფნის დროს. ამდენად, სასამართლომ მიიჩნია, რომ 03.10.2013 წ. N1/428 ბრძანების გამოცემისას ორგანოს არ დაურღვევია ,,საჯარო სამსახურის შესახებ’’ კანონის მე-13, მე-15 და 43-ე მუხლების მოთხოვნები - მოპასუხემ ... აუდიტორის თანამდებობაზე ი. პ-ის სახით გადაიყვანა სათანადო ცოდნისა და გამოცდილების მქონე პირი, მოპასუხეს სადავო შემთხვევაში არ უარყვია საჯარო სამსახურში პროფესიონალიზმისა და კომპეტენტურობის პრინციპები, ასევე, სასამართლოს ეჭვქვეშ არ დაუყენებია ახალ თანამდებობაზე გადაყვანასთან დაკავშირებით აპელანტის მხრიდან გაცხადებული თანხმობის (ნების) ნამდვილობა, რადგან ი.პ-მა ვერ შეძლო იმის მტკიცება, რომ მისი თანხმობა წარმოადგენდა იძულების, მუქარის, შეცდომის შედეგს.
სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ არ უნდა დაკმაყოფილდეს ი. პ-ის სააპელაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 04.02.2014 წ. გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც მას უარი ეთქვა თანამდებობაზე აღდგენისა და იძულებით განაცდურის ანაზღაურების შესახებ მოთხოვნების დაკმაყოფილებაზე. ,,საჯარო სამსახურის შესახებ’’ კანონის 127-ე მუხლის მე-5 პუნქტით დადგენილია, რომ სასამართლოს მიერ სამსახურიდან განთავისუფლებაზე ან გადაყვანაზე გაცემული ბრძანების, განკარგულების ან გადაწყვეტილების არაკანონიერად აღიარების შემთხვევაში, მოხელე ექვემდებარება დაუყოვნებლივ აღდგენას, გარდა იმ შემთხვევისა, როცა იგი უარს ამბობს აღდგენაზე. მოცემულ შემთხვევაზე აღნიშნული ნორმის მოქმედება არ უნდა გავრცელდეს, რადგან გასათვალისწინებელია, რომ გენერალური აუდიტორის 03.10.2013 წ. N1/428 ბრძანების გამოცემის შემდეგ ი. პ-მა 04.12.2013 წ. განცხადებით მიმართა გენერალურ აუდიტორს და მოითხოვა ... აუდიტორის თანამდებობიდან განთავისუფლება. განცხადების პასუხად სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა გამოსცა 04.12.2013 წ. №456 ბრძანება, რომლითაც ი. პ-ი გაანთავისუფლა სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ... დეპარტამენტის ... აუდიტორის თანამდებობიდან. აღნიშნული ბრძანების გამოცემის გზით დასრულდა ი. პ-სა და სახელმწიფო აუდიტის სამსახურს შორის მანამდე არსებული შრომით-სამართლებრივი ურთიერთობა. ი. პ-ს 04.12. 2013 წ. №456 ბრძანება არ გაუსაჩივრებია, აღნიშნულით მან გამოხატა თავისი პოზიტიური დამოკიდებულება შრომითი ურთიერთობის დასრულების იურიდიული ფაქტის მიმართ. შესაბამისად, პალატამ მიიჩნია, რომ დღეის მდგომარეობით, როდესაც დავის მხარეები აღარ იმყოფებიან ერთმანეთთან სამსახურებრივ ურთიერთობაში, ი. პ-ის სხვა თანამდებობაზე გადაყვანის შესახებ ბრძანების ბათილად ცნობა ვერ გამოიწვევს ი. პ-ის პირვანდელ თანამდებობაზე აღდგენას და ამით მხარეებს შორის სხვა სამართლებრივი აქტით - 04.12.2013 წ. №456 ბრძანებით შეწყვეტილი სამსახურებრივი ურთიერთობების განახლებას.
რაც შეეხება თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 08.01.2014 წ. საოქმო განჩინებას, პალატამ მიიჩნია, რომ არ არსებობს მისი გაუქმების საფუძველი და ის სრულად შეესაბამება სსკ-ის 9.1, 207.1, 70.1, 74-ე, 216-ე მუხლების მოთხოვნებს. სასამართლომ აღნიშნა, რომ საქმის მასალების მიხედვით მხარეებს არ მოუთხოვიათ საქმეზე სასკ-ის ს 27-ე მუხლით გათვალისწინებული საპროცესო ინსტიტუტის გამოყენება - გამარტივებული სამართალწარმოების წესით საქმის განხილვა, რაც იმას ნიშნავს, რომ სასამართლოს მოსარჩელე ი. პ-ის ადმინისტრაციული საქმე უნდა განეხილა და გადაეწყვიტა ღია სასამართლო სხდომაზე საქმის ზეპირი განხილვის გზით. თავის მხრივ, სასამართლო სხდომის ჩატარების აუცილებლობა სასამართლოს აკისრებს ასეთი სხდომის მომზადების, სწორად ორგანიზების ვალდებულებას ისე, რომ წინასწარ დაგეგმილი სასამართლო სხდომის დრო და ადგილი ყველა მხარეს (მოსარჩელეს, მოპასუხეს, მესამე პირს) ან მათ წარმომადგენლებს უნდა ეცნობოთ სასამართლო უწყებით იმ ვარაუდით, რომ მხარეებს ჰქონდეთ შესაძლებლობა, მოემზადონ ზეპირი შეჯიბრებისათვის. საქმის მასალებით დგინდება, რომ საქალაქო სასამართლომ ვერ უზრუნველყო 08.01.2014 წ. სასამართლო სხდომაზე მოპასუხის - საქართველოს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მოწვევა კანონით დადგენილი წესების დაცვით, მოპასუხემ არ იცოდა, რომ ი. პ-ის საქმეზე 08.01.2014 წ. უნდა ჩატარებულიყო სასამართლო სხდომა. ასეთ პირობებში სასამართლო არათუ უფლებამოსილი, არამედ ვალდებული იყო გადაედო საქმის განხილვა სხვა დროისათვის, რადგან სასამართლო სხდომაზე მოპასუხის მოწვევის, მისი სათანადოდ გაფრთხილების გარეშე საქმის განხილვა წარმოადგენს უხეშ საპროცესო დარღვევას, სსკ-ის 394-ე მუხლით გათვალისწინებულ გადაწყვეტილების გაუქმების აბსოლუტურ საფუძველთაგან ერთ-ერთს.
სააპელაციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა ი. პ-ის მოთხოვნა აცილებაზე უარის თქმის შესახებ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 14.01.2014 წ. საოქმო განჩინების გაუქმების შესახებ. სასამართლომ აღნიშნა, რომ მოსარჩელემ პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განმხილველი მოსამართლის აცილების შესახებ შუამდგომლობა დააფუძნა სსკ-ის 31-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტზე, რაც შეეხება შუამდგომლობის ფაქტობრივ საფუძვლებს, ასეთებად ი. პ-მა დაასახელა სამი გარემოება, კერძოდ, პირველი ის, რომ მისი შრომითი დავა თავდაპირველად განსახილველად გადაეცა მოსამართლე ხ.არდაზიშვილს, ხოლო მოგვიანებით - მეორე მოსამართლეს მ. ერემაძეს, მოსამართლე ხ. არდაზიშვილის მოხსენებითი ბარათის საფუძველზე; მეორე ის, რომ სასამართლომ მის საქმესთან მიმართებაში დაარღვია სსკ-ის 59.3. მუხლით დადგენილი შრომითი დავის განხილვის ერთთვიანი საპროცესო ვადა და მესამე ის, რომ სასამართლომ ვერ უზრუნველყო 08.01.2014 წ. სასამართლო სხდომის შესახებ მოპასუხის დადგენილი წესის დაცვით გაფრთხილება. სსკ-ის 31-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტით დადგენილია, რომ მოსამართლემ არ შეიძლება განიხილოს საქმე ან მონაწილეობა მიიღოს საქმის განხილვაში, თუ ის პირადად, პირდაპირ ან არაპირდაპირ დაინტერესებულია საქმის შედეგით, ან თუ არის სხვა ისეთი გარემოება, რომელიც ეჭვს იწვევს მის მიუკერძოებლობაში. პალატამ მიიჩნია, რომ ი. პ-ის მიერ დასახელებული გარემოებები არ ქმნის იმის მტკიცების საფუძველს, რომ საქმის განმხილველი მოსამართლე პირადად, პირდაპირ ან არაპირდაპირ დაინტერესებული იყო საქმის შედეგით ან/და იყო მიკერძოებული.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 01.10.2015წ. გადაწყვეტილება საკასაციო წესით გასაჩივრდა ი. პ-ისა და სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ.
კასატორმა ი. პ-მა აღნიშნა, რომ სააპელაციო პალატის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-3 პუნქტის მიხედვით სარჩელი სრულად დაკმაყოფილდა. სასამართლომ მიიჩნია, რომ ი. პ-ი სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ... დეპარტამენტის ... თანამდებობიდან გადაყვანა ... აუდიტორად არამართლზომიერად განხორციელდა, თუმცა სასამართლო ვერ ასაბუთებს რატომ არ ქმნიდა აღნიშნული გარემოება მოხელის სამსახურში აღდგენის და განაცდურის ანაზღაურების საფუძველს. კასატორი აღნიშნავს, რომ მას არასდროს არ მოუთხოვია სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ... დეპარტამენტის ... თანამდებობიდან გათავისუფლება. სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ განცხადებაში აისახა მხოლოდ ნება ... აუდიტორის პოზიციიდან გათავისუფლების შესახებ იმ საფუძვლით, რომ მოხელეს არ გააჩნდა ამ თანამდებობისათვის საკმარისი ცოდნა და სათანადო კვალიფიკაცია. სამსახურიდან გათავისუფლების თხოვნა შეეხებოდა მხოლოდ კონკრეტული თანამდებობიდან გათავისუფლებას და არ იყო ზოგადი ხასიათის. ამდენად, გაურკვეველია რატომ იყო შეუძლებელი ი. პ-ის აღდგენა გადაყვანამდე არსებულ იმ თანამდებობაზე, საიდანაც მას არ მოუთხოვია გათავისუფლება, სადავო ბრძანების ბათილად ცნობას უნდა გამოეწვია მის გაუქმებამდე არსებული პირვანდელი მდგომარეობის აღდგენა.
კასატორი ყველა ინსტანციის სასამართლოში აღიარებდა, რომ ის არ ფლობდა ... აუდიტორის საქმიანობისათვის საჭირო ცოდნასა და კვალიფიკაციას. სასამართლომ მხოლოდ ზედაპირულად იმსჯელა აღნიშნულ გარემოებაზე და მიუთითა, რომ ზოგადად იურისტს შეუძლია განახორციელოს აუდიტორის უფლებამოსილებები, თუმცა არ შეუფასებია საქმის გარემოებები და კონკრეტული მოხელის შესაძლებლობები. საქმეში არსებული სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 16.12.2013წ. წერილის თანახმად, იურისტისა და აუდიტორის კვალიფიკაცია არ არის ერთიდაიგივე, ეს ორი კვალიფიკაცია განათლების სხვადასხვა მიმართულებებს მიეკუთვნება და შესაბამისად სწავლის სხვადასხვა შედეგზე გადის. სასამართლოს არ გააჩნდა სპეციალური ცოდნა აღნიშნული საკითხის გადასაწყვეტად. კასატორის მოსაზრებით გამოკვლევას საჭიროებდა ის გარემოება რამდენად არსებობდა განუსაზღვრელი ვადით განმწესებული სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ... დეპარტამენტის ... დროებით მოვალეობის შემსრულებლად გადაყვანის საჭიროება უფრო ქვემდგომ - ... აუდიტორის თანამდებობაზე. სასამართლოს უნდა გამოერკვია აღნიშნულმა ხომ არ გამოიწვია „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის მე-13 მუხლით განმტკიცებული პროფესიონალიზმისა და კადრების სტაბილურობის პრინციპის დარღვევა.
„სახელმწიფო აუდიტის სამსახურის 2013 წლის საფინანსო-ეკონომიკური, სამართლებრივი და ორგანიზაციული საქმიანობის, აუდიტის ხარისხის კონტროლისა და შიდა კონტროლის პროცედურების შემოწმების შედეგების შესახებ“ საქართველოს პარლამენტის დროებითი კომისიის დასკვნის საფუძველზე კასატორი აღნიშნავს, რომ 2013 წელს სახელმწიფო აუდიტის სამსახურში მუდმივად მიმდინარეობდა პერმანენტული შიდა გადაადგილებები, რაც შეიძლება მიჩნეულ იქნეს იმპულსური, არასტრატეგიული გადაწყვეტილებების ერთობლიობად, რომელიც ორიენტირებული იყო ვიზუალურ ეფექტებზე. ამავე დასკვნით დგინდება, რომ სახელმწიფო აუდიტის ... დეპარტამენტის საქმიანობა შეუსაბამოა „შიდა ფინანსური კონტროლის შესახებ“ კანონის მოთხოვნებთან, სახელმწიფო აუდიტის სამსახურში არ არსებობს თანამდებობის სამუშაოთა აღწერილობები, რითაც განისაზღვრებოდა მათი კომპეტენციები, არ არის გაწერილი საქმიანობის პარამეტრები და პასუხისმგებლობის სფერო. კასატორი მიიჩნევს, რომ ასეთი დასკვნის არსებობების პირობეში საფუძველს მოკლებულია სააპელაციო პალატის მიერ დაპირისპირებულ თანამდებობათა უფლება-მოვალეობების შედარება. სხვა თანამდებობაზე გადაყვანის შესახებ მოხელის თანხმობის არსებობის შემთხვევაშიც, დამსაქმებელი არ თავისუფლდება ვალდებულებისგან გამოიკვლიოს შესაბამისი გარემოებები.
კასატორი თვლის, რომ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ... დეპარტამენტის ... თანამდებობიდან მოსარჩელის გათავისუფლებით გაუარესდა ... დეპარტამენტის მდგომარეობა, რადგან ... თანამდებობაზე დაინიშნა მკვეთრად დაბალკვალიფიციური პირი. კასატორი მიიჩნევს, რომ საქალაქო სასამართლოში საქმე განიხილა არაუფლებამოსილმა შემადგენლობამ, რადგან საქმე ყოველგვარი დასაბუთების გარეშე გადაეწერა სხვა მოსამართლეს, „საერთო სასამართლოებში საქმეთა განაწილებისა და უფლებამოსილების სხვა მოსამართლისთვის დაკისრების შესახებ“ კანონი არ ითვალისწინებს სხვა მოსამართლისათვის საქმის გადაცემას განტვირთვის მიზნით, ამასთანავე, თბილისის საქალაქო სასამართლოს 27.03.2014წ. N3-0133/462703 წერილით დასტურდება, რომ მოსამართლე მ. ერემაძე დადგენილ იქნა სამშენებლო, მიწის, პრივატიზაციის და ქონებრივი დავების განსახილველად, შესაბამისად მას არ ჰქონდა უფლებამოსილება განეხილა და გადაეწყვიტა შრომითი დავა. კასატორი აღნიშნავს, რომ სააპელაციო პალატის სხდომაზე არ იყო მიწვეული საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესით, რაც დამოუკიდელად ქმნის გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველს.
სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა აგრეთვე სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა, რომელმაც საკასაციო საჩივარში აღნიშნა, რომ სააპელაციო სასამართლომ გასაჩივრებული გადაწყვეტილების მიღებისას გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა და არასწორად განმარტა კანონი, რამაც გამოიწვია საქმეზე არასწორი გადაწყვეტილების მიღება.
კასატორი მიიჩნევს, რომ უზენაესი სასამართლოს სათანადო მითითებების მიუხედავად სააპელაციო პალატამ არ იმსჯელა სახელმწიფო აუდიტის სამსახურის საკასაციო საჩივარში მითითებულ გარემოებებზე, არ გაითვალისწინა „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის 30-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტის მოთხოვნა, რომლის მიხედვით აღნიშნული ნორმის გავრცელება შესაძლებელია მხოლოდ კონკურსის წესით დანიშნულ მოხელეზე. სააპელაციო სასამართლო კვლავ შეეხო მოხელის სხვა თანამდებობაზე გადაყვანის შემთხვევაში საკონკურსო მოთხოვნათა თემატიკას, რაც საერთოდ არ ყოფილა აღნიშნული სახელმწიფო აუდიტის სამსახურის საჩივარში.
კასატორი მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს მსჯელობა წინააღმდეგობრივია, რადგან ერთის მხრივ იგი აქცენტს აკეთებს „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის 29-ე მუხლის პირვანდელ რედაქციაზე და ამავე დროს უგულებელყოფს 29-ე მუხლის პირვანდელი რედაქციის დროს მოქმედი 30-ე მუხლის რედაქციას, რომელსაც „თ“ ქვეპუნქტი არ ჰქონდა და მსგავსი შინაარსის დათქმასაც არ ითვალისწინებდა. „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის 30.1 მუხლს „თ ქვეპუნქტი დაემატა 29-ე მუხლის ახალი რედაქციით ჩამოყალიბებასთან ერთად, რაც განპირობებული იყო საქართველოში კორუფციასთან და ნეპოტიზმთან ბრძოლით და მიზნად ისახავდა პირის კონკურსის გარეშე დანიშვნის გამორიცხვას. მართალია აღნიშნულ ცვლილებებამდე დანიშნულ მოხელეთა სამართლებრივი მდგომარეობა უცვლელი დარჩა, თუმცა მხოლოდ იმ მომენტამდე, ვიდრე მოხდებოდა მათი სხვა თანამდებობაზე გადაყვანა.
კასატორის მოსაზრებით, სასამართლომ არასწორად განმარტა „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის 30-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „თ“ ქვეპუნქტი, აღნიშნული ნორმის გამოყენებისათვის აუცილებელია არსებობდეს შემდეგი წინაპირობები: გადაყვანამდე დაკავებულ თანამდებობაზე მოხელე დანიშნული უნდა იყოს კონკურსის წესით და დაკავებული თანამდებობისა და დასაკავებელი თანამდებობისათვის ერთი და იგივე საკონკურსო მოთხოვნები უნდა არსებობდეს, განსახილველი ნორმა ალტერნატივას არ ითვალისწინებს, შესაბამისად იგი გამოყენებული შეიძლება იქნეს მხოლოდ იმპერატიულად განსაზღვრული წინაპირობების არსებობისას, იგი ვერ გავრცელდება კონკურსის გარეშე დანიშნული მოხელის სხვა თანამდებობაზე გადაყვანის შემთხვევაზე. აღნიშნულიდან გამომდინარე ი. პ-ი სხვა თანამდებობაზე გადაყვანილ იქნა „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის 43-ე მუხლის შესაბამისად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, საკასაციო საჩივრების საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ი. პ-ის საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო სახელმწიფო აუდიტის სამსახურის საკასაციო საჩივარი სრულად უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქმეზე დადგენილია, რომ საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარის 22.03.2010 წ. №34/25 ბრძანებით ი. პ-ი, რომელსაც მინიჭებული აქვს იურისტის კვალიფიკაცია, დაინიშნა საქართველოს კონტროლის პალატის ... დეპარტამენტის ... თანამდებობაზე კონკურსის გავლის გარეშე. 03.10.2013 წ. ი. პ-მა თანხმობა განაცხადა იმავე უწყებაში ... დეპარტამენტში ... აუდიტორის თანამდებობაზე გადაყვანაზე. სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორის 03.10.2013 წ. №1/428 ბრძანებით ი. პ-ი გადაყვანილ იქნა სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ... დეპარტამენტის ... თანამდებობიდან ... დეპარტამენტის ... აუდიტორის თანამდებობაზე დროებით მოვალეობის შემსრულებლად, კონკურსის შედეგების მიხედვით მოხელის თანამდებობაზე დანიშვნამდე. სახელმწიფო აუდიტის სამსახურის 02.12.2013 წ №1/443 ბრძანებით სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ... დეპარტამენტის ... თანამდებობაზე დროებით მოვალეობის შემსრულებლად დაინიშნა ლ. უ-ი. სახელმწიფო აუდიტის სამსახურის 04.12.2013 წ. №456 ბრძანებით ი. პ-ი პირადი განცხადების საფუძველზე გათავისუფლდა სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ... დეპარტამენტის ... აუდიტორის თანამდებობიდან გათავისუფლდა 2013 წლის 4 დეკემბრიდან. აღნიშნული ბრძანება ი. პ-ის მიერ არ გასაჩივრებულა და ძალაშია.
მოსარჩელე ი. პ-ი სადავოდ ხდის სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორის 03.10.2013 წ. №1/428 ბრძანებას სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ... დეპარტამენტის ... თანამდებობიდან ... დეპარტამენტის ... აუდიტორის თანამდებობაზე დროებით მოვალეობის შემსრულებლად გადაყვანის შესახებ იმ საფუძვლებით, რომ ი. პ-ი ... დეპარტამენტის ... თანამდებობაზე დანიშნული იყო განუსაზღვრელი ვადით, შესაბამისად მისი სხვა თანამდებობაზე გადაყვანა დროებით მოვალეობის შემსრულებლად, კონკურსის შედეგების მიხედვით მოხელის დანიშვნამდე არ არის მართლზომიერი, ამასთანავე, კასატორი თვლის, რომ იურისტის კვალიფიკაცია, ცოდნითა და გამოცდილებით არ შეესაბამება აუდიტორის თანამდებობას.
სააპელაციო პალატამ ნაწილობრივ გაიზიარა მოსარჩელის მოსაზრება და „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის 29-ე და 30-ე მუხლების ძველი და სადავო აქტის გამოცემისას მოქმედი რედაქციების ურთიერთშეჯერების საფუძველზე მიუთითა, რომ ,,საჯარო სამსახურის შესახებ’’ კანონის 29-ე მუხლი პირვანდელი რედაქციით ადგენდა საჯარო სამსახურში თანამდებობის დაკავების ორ ალტერნატიულ გზას - კონკურსით და კონკურსის გარეშე. როგორც კონკურსის შედეგების მიხედვით, ისე - პირდაპირი წესით პირების თანამდებობებზე განმწესება იყო იდენტური შინაარსისა და მნიშვნელობის მქონე იურიდიული ფაქტი. მართალია ახალმა კანონმა უარყო პირდაპირ, კონკურსის გავლის გარეშე თანამდებობის დაკავების შესაძლებლობა, თუმცა „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის 30-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, გამონაკლის შემთვეევბში თანამდებობაზე უკონკურსოდ შეიძლება დაინიშნონ მოხელეები – იმავე დაწესებულების სხვა სტრუქტურულ ერთეულში გადაყვანისას, თუ მათ მიერ კონკურსის წესით დაკავებული თანამდებობისა და დასაკავებელი თანამდებობისათვის ერთი და იგივე საკონკურსო მოთხოვნებია წაყენებული. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, ერთი და იგივე დაწესებულების შიგნით ი. პ-ის ერთი თანამდებობიდან მეორეზე გადაყვანის პირობებში იგი გვევლინებოდა სადავო აქტის გამოცემის დროს მოქმედი ,,საჯარო სამსახურის შესახებ’’ კანონის 30-ე მუხლის 1-ლი პუნქტის ,,თ’’ ქვეპუნქტის სუბიექტად, შესაბამისად ადმინისტრაციულ ორგანოს უნდა ემოქმედა იმის გათვალისწინებით, რომ ი. პ-ი, საქართველოს კონტროლის პალატის ... დეპარტამენტის ... თანამდებობაზე დაინიშნა განუსაზღვრელი ვადით პირდაპირი წესით. პირდაპირი წესით პირების თანამდებობებზე განმწესება და კონკურსის შედეგების მიხედვით თანამდებობაზე დანიშვნა იდენტური მნიშვნელობის მქონე იურიდიული ფაქტებია. აღნიშნულიდან გამომდინარე სააპელაციო პალატა ასკვნის, რომ საქართველოს აუდიტის სამსახურის ერთი სტრუქტურული ერთეულიდან (... დეპარტამენტიდან) მეორე სტრუქტურულ ერთეულში (... დეპარტამენტში) გადაყვანისას ი. პ-ის მიმართ უნდა გავრცელებულიყო ,,საჯარო სამსახურის შესახებ’’ კანონის 30-ე მუხლის 1-ლი პუნქტის ,,თ’’ ქვეპუნქტის მოქმედება: ძველ თანამდებობაზე განუსაზღვრელი ვადით დანიშნული პირი, ახალ თანამდებობაზე უნდა დაენიშნათ არა დროებით მოვალეობის შემსრულებლად, კონკურსის შედეგების მიხედვით მოხელის თანამდებობაზე დანიშვნამდე ვადით, არამედ ასევე განუსაზღვრელი ვადით. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს სააპელაციო პალატის ხსენებულ მოსაზრებას და აღნიშნავს, რომ საჯარო სამსახურში თანამშრომელთა მიღების პროცესის საკანონმდებლო მოწესრიგება ემსახურება სამოხელეო სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილეთა ინტერესების დაცვას, უზრუნველყოფს ვაკანტურ თანამდებობათა თანაბარ ხელმისაწვდომობას. სამსახურში მიღებისას სუბიექტური ფაქტორების გამოსარიცხად აუცილებელია როგორც საკვალიფიკაციო მოთხოვნების, ისე მიღების პროცედურების ზუსტი რეგლამენტირება. იმ ვაკანტურ თანამდებობაზე, რომელიც კონკურსის წესით უნდა შეივსოს, „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის თავდაპირველი რედაქცია ითვალისწინებდა დროებით მოვალეობის შემსრულებელი პირის დანიშვნას (30-ე მუხ.). 29.06.2012წ. კანონით შეტანილი ცვლილებების შედეგად 29-ე მუხლის განახლებული რედაქციით დადგინდა მხოლოდ კონკურსის წესით თანამდებობაზე დანიშვნის წესი, 30-ე მუხლს დაემატა მე-2 პუნქტი, რომლის თანახმად კონკურსის წესით შევსებულ თანამდებობაზე დროებით მოვალეობის შემსრულებელი ინიშნება არა უმეტეს სამი თვის ვადით. 22.03.13წ. კანონით გაფართოვდა იმ პირთა წრე, რომელთა თანამდებობაზე დანიშვნა შესაძლებელი იყო კონკურსის ჩატარების გარეშე, კერძოდ 30.1 მუხლს დაემატა „ზ“ და „თ“ ქვეპუნქტები და განისაზღვრა, რომ მოხელეები სამსახურებრივი დაწინაურების შემთხვევაში და მოხელეები იმავე დაწესებულების სხვა სტრუქტურულ ერთეულში გადაყვანისას, თუ მათ მიერ კონკურსის წესით დაკავებული თანამდებობისა და დასაკავებელი თანამდებობისათვის ერთი და იგივე საკონკურსო მოთხოვნები იყო წაყენებული, არ საჭიროებდნენ კონკურსის წესით დანიშვნას. ამდენად, სადავო აქტის გამოცემის დროისათვის (03.10.2013წ.) თანამდებობაზე უკონკურსოდ დანიშვნა იყო საერთო წესიდან გამონაკლისი და გამოიყენებოდა მხოლოდ კანონმდებლობით ზუსტად განსაზღვრულ შემთხვევებში (30-ე მუხ.).
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ პირის საჯარო სამსახურში მიღება ემყარება ხელმისაწვდომობის, თანასწორობისა და პროფესიონალიზმის პრინციპებს. საჯარო სამსახურის კვალიფიციური კადრებით შევსების საუკეთესო საშუალება და მოქმედი სამართლებრივი მექანიზმი არის კონკურსი, რომელიც ერთის მხრივ უზრუნველყოფს ზემოაღნიშნული პრინციპების პრაქტიკულ რეალიზებას, ხელს უწყობს სახელმწიფო აპარატის გამართულ ფუნქციონირებას, ხოლო მეორეს მხრივ უქმნის მოქალაქეებს იმის რწმენას, რომ სახელმწიფო უწყებები კომპლექტდება პროფესიონალი და მიუკერძოებელი კადრებით. ქართულ კანონმდებლობაში თანამდებობაზე მხოლოდ კონკურსით დანიშვნის წესის დამკვიდრება ხელს უწყობს საჯარო სამსახურის მუშაობის გამჭვირვალობას, მისი კომპეტენტური კადრებით დაკომპლექტებას და საჯარო დაწესებულებების მიმართ საზოგადოების ნდობის ამაღლებას. ამდენად, მნიშვნელოვანია იმ სამართლებრივი საფუძვლების სწორი განმარტება, რომელთა არსებობის შემთხვევაშიც შესაძლებელია პირის თამდებობაზე დანიშვნა კონკურსის გარეშე. სადავო აქტის გამოცემის დროს მოქმედი ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის 30-ე მუხლის 1-ლი პუნქტის ,,თ“ ქვეპუნქტი ადგენს, რომ თანამდებობაზე უკონკურსოდ შეიძლება დაინიშონ მოხელეები - იმავე დაწესებულების სხვა სტრუქტურულ ერთეულში გადაყვანისას, თუ მათ მიერ კონკურსის წესით დაკავებული თანამდებობისა და დასაკავებელი თანამდებობისათვის ერთი და იგივე საკონკურსო მოთხოვნებია წაყენებული. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ნორმის დისპოზიცია შედგება ფაქტობრივი შემადგენლობისა და იურიდიული შედეგისგან. ნორმით განსაზღვრული სამართლებრივი შედეგი შესაძლოა დადგეს მხოლოდ ნორმითვე გათვალისწინებული წინაპირობების არსებობისას. განსახილველ შემთხვევაში 30-ე მუხლით დადგენილია კონკურსის გარეშე თანამდებობაზე დანიშვნის შესაძლებლობა, თუმცა აღნიშნული სამართლებრივი შედეგის დადგომისათვის საჭიროა დადგინდეს ნორმით განსაზღვრული კუმულატიური წინაპირობების ერთობლივი არსებობა, კერძოდ, პირის გადაყვანა უნდა ხდებოდეს იმავე დაწესებულების სხვა სტრუქტურულ ერთეულში, ძველ და ახალ თანამდებობებს ერთიდაიგივე საკონკურსო პირობები უნდა ჰქონდეთ დაწესებული, ამასთანავე პირს პირვანდელი თანამდებობა დაკავებული უნდა ჰქონდეს კონკურსის წესით. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ აღნიშნული ნორმის მოქმედება უნდა გავრცელდეს ი. პ-ზეც, თუმცა საქმეზე უდავოდ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებად მიიჩნია, რომ ი. პ-ი საქართველოს კონტროლის პალატის ... დეპარტამენტის ... თანამდებობაზე დანიშნული იყო პირდაპირი წესით, კონკურსის გავლის გარეშე. ამდენად, სააპელაციო პალატის სამართლებრივი დასკვნა არ გამომდინარეობს საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებიდან. ვითარებას არ ცვლის ის გარემოება, რომ ი. პ-ის თანამდებობაზე დანიშვნის მომენტისათვის (22.03.2010წ.), პირის საჯარო სამსახურში მიღება შესაძლებელი იყო როგორც კონკურსით, ისე კონკურსის გარეშე. საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ 30-ე მუხლის 1-ლი პუნქტს ,,თ“ ქვეპუნქტი „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონს დაემატა 22.03.2013 N386 კანონით შეტანილი ცვლილების შედეგად, ანუ მას შემდეგ, რაც 29-ე მუხლში 29.06.2012. N6611 კანონით შეტანილი ცვლილების შედეგად, იმპერატიულად დადგინდა საჯარო სამსახურში მხოლოდ კონკურსის წესით დანიშვნის შესაძლებლობა. კონკურსის გარეშე პირის საჯარო სამსახურში დანიშვნის აკრძალვის შემდეგ ამოქმედებული კანონის 30.1 მუხლის „თ“ ქვეპუნქტის დანაწესი დაწესებულების სხვა სტრუქტურულ ერთეულში გადაყვანისას უკონკურსოდ დანიშვნის შესახებ, ვრცელდება მხოლოდ კონკურსგავლილ პირებზე, ნორმა ვერ გავრცელდება იმ პირებზე, რომლებიც დანიშნულნი იყვნენ კონკურსის გავლის გარეშე.
სააპელაციო პალატის მოსაზრება იმასთან დაკავშირებით, რომ „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის 29-ე მუხლის პირვანდელი რედაქციის მოქმედების დროს საჯარო სამსახურში კონკრეტულ თანამდებობაზე კონკურსის გარეშე, პირდაპირი წესით და განუსაზღვრელი ვადით დანიშნული მოხელე თავისი სტატუსით, სამართლებრივი მდგომარეობით და ნაკისრი უფლება-მოვალეობების მოცულობით სრულად უთანაბრდებოდა საჯარო სამსახურში ასევე კონკრეტულ თანამდებობაზე, მაგრამ კონკურსის წესით და განუსაზღვრელი ვადით დანიშნულ საჯარო მოხელეს, არ ადასტურებს სადავო ბრძანების უკანონობას. ის გარემოება, რომ 29-ე მუხლის განახლებულმა რედაქციამ მანამდე კონკურსის გარეშე დანიშნული პირების მიერ დაკავებული თანამდებობები არ ჩათვალა ვაკანტურ თანამდებობად, უკონკურსოდ დანიშნული პირები აგრძელებდნენ თანამდებობაზე ყოფნას და შრომით საქმიანობას, არ ადასტურებს შემდგომში სხვა თანამდებობების უკონკურსოდ დაკავების შესაძლებლობას. 29-ე მუხლის განახლებული რედაქცია იმპერატიულად ადგენს თანამდებობაზე მხოლოდ კონკურსის შედეგების მიხედვით დანიშვნის წესს, ამ დანაწესს არ ჰქონდა უკუქცევითი, რეტროაქტიული ძალა, თუმცა აღნიშნული არ გამორიცხავდა სამომავლოდ ამ რეგულიაციის გამოყენებას იმ პირების მიმართ, რომლებსაც უკონკურსოდ ჰქონდათ დაკავებული თანამდებობა. ამდენად, საკასაციო სასამართლო არ იზიარებს სააპელაციო პალატის მოსაზრებას საჯარო სამსახურში კონკრეტულ თანამდებობაზე კონკურსის გარეშე, პირდაპირი წესით და განუსაზღვრელი ვადით დანიშნული მოხელის ერთი თანამდებობიდან მეორე თანამდებობაზე გადაყვანის საკითხის 30-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტის საფუძველზე გადაწყვეტის შესაძლებლობის შესახებ. მართალია კონკურსის წესით და კონკურსის გარეშე დანიშნული პირების დიფერენცირებას და რომელიმეს უპირატეს მდგომარეობაში ჩაყენებას „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონი არ იცნობდა, თუმცა ეს არ ანიჭებს კონკურსის გარეშე დანიშნულ საჯარო მოხელეს უფლებას იმავე სამსახურის სტრუქტურულ ერთეულში დაიკავოს სხვა, კონკურსით დასაკავებელი თანამდებობა უვადოდ, ასეთ შესაძლებლობას სადავო აქტის გამოცემისას მოქმედი კანონმდებლობა არ იცნობდა, ამასთანავე ადმინისტრაციულ ორგანოს სზაკ-ის მე-5 მუხლის თანახმად ეკისრება მხოლოდ არსებული კანონმდებლობის საფუძველზე და მის ფარგლებში მოქმედების ვალდებულება. „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის 30-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტის არამხოლოდ სისტემური, ისტორიული, ლოგიკური, არამედ აგრეთვე სიტყვა-სიტყვითი განმარტებითაც დგინდება, რომ ნორმის სუბიექტი მხოლოდ კონკურსის გავლის შედეგად დანიშნული პირია. აღნიშნულში არ იგულისხმება პირი, რომელიც დანიშვნის მომენტში უტოლდებოდა კონკურსის წესით დანიშნულ მოხელეს, რადგან ნორმა არ ახდენს მსგავს მითითებას, ამასთანავე „თ“ ქვეპუნქტი 30.1 მუხლს დაემატა მხოლოდ მას შემდეგ, რაც კანონში ერთმნიშნელოვანი, იმპერატიული დათქმა გაკეთდა თანამდებობის მხოლოდ კონკურსის წესით დაკავების შესახებ. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ განსამარტი ნორმა განხილულ უნდა იქნეს სხვა ნორმებთან ერთობლიობაში, სისტემურად, არსებული სამართლებრივი რეალობის გათვალისწინებით. ამდენად, საფუძველს მოკლებულია სააპელაციო პალატის მიერ სადავო აქტის გამოცემისას ი. პ-ის „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის 30-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტის სუბიექტად მიჩნევა, რადგან აღნიშნული ნორმით გათვალისწინებული სამართლებრივი შედეგის დადგომისათვის ერთ-ერთი სავალდებულო წინაპირობა იყო პირის მიერ თანამდებობის რეალურად გავლილი კონკურსის შედეგების გათვალისწინებით დაკავება. 30-ე მუხლში აღნიშნული დამატების შეტანის შესახებ კანონპროექტის განმარტებითი ბარათის მიხედვით, კანონპროექტის მიღების მიზანი იყო სამართლიანი წესის დამკვიდრება მუშაკის საჯარო სამსახურში მიღებისას. აღნიშნული მიზნის მისაღწევად, ნორმა ერთგვარ შეღავათს აწესებდა მხოლოდ იმ პირთათვის, რომლებსაც ერთხელ უკვე წარმატებით ჰქონდათ გავლილი კონკურსი, ასეთ პირებს ნორმა აღარ ავალდებულებდა იგივე პროცედურების გავლას იმ პირობით, რომ დაკავებულ თანამდებობასა და დასაკავებელ თანამდებობას ერთიდაიგივე საკონკურსო მოთხოვნები ჰქონდა დაწესებული, რადგან მოხელის მიერ ერთხელ უკვე გავლილი კონკურსის შედეგების გათვალისწინებით დგინდება მისი შესაბამისობა დასაკავებელი თანამდებობისადმი წაყენებულ საკონკურსო მოთხოვნებთან. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ კონკურსის მიზანია ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად, წინასწარ დადგენილი მოთხოვნების საფუძველზე, შესაბამისი კანდიდატის შერჩევა. კონკურსის გზით ხდება კონკურსში მონაწილე კანდიდატების კვალიფიკაციის, პროფესიული ცოდნის დონის, პიროვნული თვისებების, მოტივაციისა და უნარ-ჩვევების შეფასება და თანამდებობის მოთხოვნებთან შესაბამისობის განსაზღვრა. ამდენად, კონკურსის გავლა საჭირო არ არის, როდესაც პირს ერთხელ უკვე გავლილი აქვს კონკურსი იგივე მოთხოვნებით და ამ კონკურსის შედეგების საფუძველზე დანიშნულია შესაბამის თანამდებობაზე. განსახილველ შემთხვევაში, ი. პ-ს კონკურსი გავლილი არ ჰქონია, ამდენად დაუსაბუთებელია სააპელაციო პალატის მოსაზრება იმის შესახებ, რომ ი. პ-ის მიმართ უნდა გავრცელებულიყო „საჯარო სამსხურის შესახებ“ კანონის 30-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტის მოქმედება. ამდენად, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ სააპელაციო პალატამ არასწორად განმარტა 30.1 მუხლის „თ“ ქვეპუნქტი და არასწორად გამოიყენა იგი. სააპელაციო პალატის გადაწყვეტილებაში მოყვანილი მოტივაციის გაზიარების შემთხვევაშიც, მოყვანილი არგუმენტაცია ქმნიდა სხვა თანამდებობაზე გადაყვანის შესახებ სადავო ბრძანების არა მთლიანად, არამედ მხოლოდ დროებით მოვალეობის შემსრულებლად, კონკურსის შედეგების მიხედვით მოხელის თანამდებობაზე დანიშვნამდე გაუქმების საფუძველს.
ი. პ-ი სადავო სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორის 03.10.2013 წ. №1/428 ბრძანების ბათილად ცნობის საფუძვლად უთითებს აგრეთვე იმ გარემოებაზე, რომ მისი კვალიფიკაცია, ცოდნა და გამოცდილება არ შეესაბამება ... დეპარტამენტის ... აუდიტორის თანამდებობისათვის წაყენებულ მოთხოვნებს. სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა აღნიშნული მოსაზრება და სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორის 01.02.2013წ. N14/37 ბრძანებით დამტკიცებული „სახელმწიფო აუდიტის სამსახურის რეგლამენტის“ საფუძველზე მიიჩნია, რომ არამარტო ფინანსისტებს და ეკონომისტებს, არამედ იურიდიული განათლების მქონე პირებსაც აქვთ შესაძლებლობა დაიკავონ ... სამსახურში ... აუდიტორის თანამდებობა, ვინაიდან იურიდიული განათლების მქონე პირი ფლობს ... აუდიტორისთვის კანონით დაკისრებული მოვალეობების შესასრულებლად საჭირო ცოდნასა და კვალიფიკაციას. საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს ამ მოსაზრებას და აღნიშნავს, რომ დასაკავებელი თანამდებობისათვის წაყენებულ მოთხოვნებთან კანდიდატის შესაბამისობის შეფასება მხოლოდ კონკურსის გზით ხორციელდება, რომლის ამოცანაა კანდიდატის პროფესიული ჩვევების, კვალიფიკაციის, შესაძლებლობებისა და პიროვნული თვისებების დასაკავებელი თანამდებობის მოთხოვნებთან შესაბამისობის დონის განსაზღვრა (სადავო აქტის გამოცემის დროს მოქმედი საქართველოს პრეზიდენტის 05.02.2009წ. N46 ბრძანებულებით დამტკიცებული „საჯარო თანამდებობათა დასაკავებელი კონკურსის ჩატარების წესის“ 1.1, 2.2 მუხ.). სწორედ კონკურსის პროცედურული წესების, სათანადო ფორმალური მოთხოვნების დაცვის, კონკურსანტის მიერ წარდგენილი დოკუმენტაციის შესწავლის და გასაუბრების შედეგად ორგანო ადგენს კონკურსანტის კვალიფიკაციისა და პროფესიული უნარ-ჩვევების შესაბამისობას დასაკავებელი თანამდებობისათვის წაყენებულ მოთხოვნებთან. სასამართლოს შეუძლია შეამოწმოს დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელების, ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების მართლზომიერება, თუმცა ეს არ გულისხმობს სასამართლოს შესაძლებლობას თავად მოაწესრიგოს ორგანოს დისკრეციის სფეროს მიკუთვნებული სადავო საკითხი. აღნიშნულის მიუხედავად სააპელაციო სასამართლომ თავად დაადგინა, რომ ი. პ-ი შეესაბამება ... აუდიტორის თანამდებობისათვის წაყენებულ მოთხოვნებს, მაშინ როდესაც სასამართლოს უნდა ემსჯელა მხოლოდ იმაზე თუ რამდენად შეძლებდა ი. პ-ი ... აუდიტორის მოვალეობების დროებით შესრულებას. პირის მოვალეობის შემსრულებლად დანიშვნისას ორგანოს არ ეკისრება მოვალეობის შემსრულებლად დასანიშნი პირის თანამდებობისათვის წაყენებულ საკონკურსო მოთხოვნებისადმი შესაბამისობის დადგენის ვალდებულება. მოვალეობის შემსრულებელი თანამდებობას იკავებს დროებით, კონკურსის შედეგების გათვალისწინებით მოხელის თანამდებობაზე დანიშვნამდე. ამდენად, საკმარისია კონკურსის წესით მოხელის შერჩევამდე, მოვალეობის შემსრულებლის მიერ მასზე დაკისრებული მოვალეობების დროებით შესრულების შესაძლებლობის გონივრული ვარაუდის არსებობა. სახელმწიფო აუდიტის გენერალური აუდიტორის 01.02.13წ. N14/37 ბრძანებით დამტკიცებული „სახელმწიფო აუდიტის სამსახურის რეგლამენტის“ სადავო პერიოდში მოქმედი რედაქციის 6.8 მუხლი განსაზღვრავდა ... დეპარტამენტის ისეთ ფუნქციებსაც, რომელთა შესრულება საჭიროებდა იურიდიულ განათლებას (კერძოდ, დისციპლინის და კანონიერების დაცვის კონტროლი, დისციპლინური გადაცდომის გამოვლენა, სამსახურებრივ გადაცდომასთან დაკავშირებით შემოსული განცხადებებისა და საჩივრების განხილვა, სამსახურის საქმიანობის კოორდინაცია სამართალდამცავ და მაკონტროლებელ ორგანოებთან, თანამდებობრივი შეუთავსებლობის მოქმედებათა ამკრძალავი ნორმების დაცვა და პრევენცია და სხვ (რეგლამენტის 6.8 მუხ. „ბ“, „გ“, „დ“, „ვ“ ქვეპუნქტები)). „სახელმწიფო აუდიტის სამსახურის რეგლამენტის“ (6.8. მუხ.) თანახმად, ... დეპარტამენტი, აუდიტის სამსახურის სხვა სტრუქტურული ერთეულებისაგან განსხვავებით, შექმნილია სამსახურის სხვა სტრუქტურული ერთეულების, ამ ერთეულებში დასაქმებული საჯარო მოხელეების საქმიანობის კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით წარმართვის კონტროლის მიზნით. „სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის შესახებ“ კანონის თანახმად ... ობიექტი არის დაწესებულების ქვედანაყოფები (მე-2 მუხ. „გ“ ქვეპუნქტი), ... განხორციელების ერთ-ერთი მიმართულებაა დაწესებულების საქმიანობის საქართველოს კანონმდებლობასთან, არსებულ წესებთან და მარეგულირებელ აქტებთან შესაბამისობის შეფასება (18.2 მუხლის „გ“ ქვეპუნქტი). ამდენად, ი. პ-ის ... სამსახურში გადაყვანისას არსებობდა გონივრული მოლოდინი, რომ იგი დროებით, კონკურსის წესით მოხელის დანიშვნამდე შეძლებდა ... ... აუდიტორის ფუნქციების შესრულებას. კვალიფიკაციის თავსებადობის ჩარჩო მოცემულ შემთხვევაში განსაზღვრულია ნორმატიული აქტით, რომელსაც არ ცვლის დროებითი საპარლამენტო კომისიის 10.06.2014წ. N6313 დასკვნა და განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის წერილები. სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 16.12.13წ. N601016 წერილის თანახმად ეროვნულ საკვალიფიკაციო ჩარჩოში აუდიტორის კვალიფიკაცია არ არსებობს, „სამართლის“ და „აუდიტის“ კვალიფიკაცია განათლების სხვადასხვა მიმართულებას მიეკუთვნება. ამასთანავე, საქმიანობის კომპლექსური ხასიათი შესაძლებელს ხდის სხვადასხვა განათლების მქონე პირების (ფინანსისტების, ეკონომისტების, იურისტების) მიერ მის განხორციელებას. აუდიტორულ საქმიანობაში იურისტის, სამართალმცოდნის კვალიფიკაცია უთუოდ გამოყენებადი და შედეგის მომცემია. საქმეში დაცული ... დეპარტამენტის დოკუმენტაციის ანალიზი ადასტურებს, რომ ... დეპარტამენტის აუდიტორები დასკვნის შედგენისას იყენებენ სხვადასხვა დარგის კანონმდებლობას, სახელშეკრულებო სამართალს, სამართლებრივი ანალიზი აუდიტორული დასკვნის უმნიშვნელოვანესი ნაწილია. ამასთანავე, მოსარჩელის დიპლომის დანართის 4.2 პუნქტის მიხედვით, კვალიფიკაციის დაუფლების ერთ-ერთ მიმართულებას წარმოადგენს სახელმწიფო აპარატში სამუშაოდ - ინსპექტორად ჩამოყალიბება (ტ.1, ს.ფ. 49). მხედველობაშია მისაღები აგრეთვე, რომ გენერალური აუდიტორის 15.11.2013წ. N245/37 ბრძანებით დამტკიცებული „სახელმწიფო აუდიტის სამსახურში ცალკეულ მოხელეთა ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები“ ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნის სახით ადგენდა უმაღლეს განათლებას ეკონომიკის, ფინანსების, ბიზნეს ადმინისტრირების ან იურიდიული მიმართულებით. მართალია, საკვალიფიკაციო მოთხოვნები დამტკიცებულ იქნა სადავო აქტის გამოცემის შემდეგ, თუმცა საგულისხმოა, რომ სადავო აქტით სხვა თანამდებობაზე ი. პ-ის გადაყვანა მოხდა კონკურსის შედეგების მიხედვით თანამდებობაზე დანიშვნამდე, ხოლო კონკურსის ჩასატარებლად დამტკიცებული საკვალიფიკაციო მოთხოვნები კონკურსში მონაწილეობის პირობად ითვალისწინებდა უმაღლეს იურიდიულ განათლებას, ამასთანავე ხსენებული საკონკურსო პირობები ი. პ-ის სამსახურიდან დათხოვნის მომენტში უკვე დამტკიცებული იყო. ამდენად, საკასაციო პალატა არ იზიარებს ი. პ-ის მოსაზრებას, რომ გადაყვანით მოხდა საჯარო სამსახურში პროფესიონალიზმის და კომპეტენტურობის პრინციპების უარყოფა. ვინაიდან მოსარჩელე არ არის 30.1 მუხლის „თ“ ქვეპუნქტის სუბიექტი, ხოლო თანამდებობის დასაკავებლად კონკურსის წესის გავლის მოთხოვნას იმპერატიული ხასიათი აქვს, ამასთანავე ი. პ-ი თანამდებობაზე პირდაპირ, კონკურსის გარეშე იყო დანიშნული, საკასაციო სასამართლო არ მსჯელობს ... დეპარტამენტის ... და ... დეპარტამენტის ... აუდიტორის თანამდებობის დასაკავებლად კონკურსის პირობების სხვაობა/იდენტურობის საკითხზე.
საკასაციო სასამართლო თვლის, რომ სააპელაციო პალატის გასაჩივრებული გადაწყვეტილება წინააღმდეგობრივია. სააპელაციო სასამართლოს მიერ დაკმაყოფილდა მხოლოდ გენაუდიტორის 03.10.13წ. N1/428 ბრძანების ბათილად ცნობის მოთხოვნა, მოსარჩელის დანარჩენი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდა, დანარჩენი მოთხოვნების ნაწილში პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად. აღნიშნულის მიუხედავად სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილში მითითებულია, რომ სარჩელი დაკმაყოფილდა. სააპელაციო პალატა დადგენილად მიიჩნევს ახალ თანამდებობაზე გადაყვანასთან დაკავშირებით ი. პ-ის მიერ გაცხადებული თანხმობის (ნების) ნამდვილობას. აღნიშნულის მიუხედავად სააპელაციო პალატამ ჩათვალა, რომ ახალ თანამდებობაზე გადაყვანის შესახებ ბრძანება უკანონოა. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის მოსაზრებას ი. პ-ის მიერ გადაყვანაზე თანხმობის ნამდვილობის შესახებ, საქმეში არ მოიპოვება ახალ თანამდებობაზე გადაყვანასთან დაკავშირებით გამოთქმული თანხმობის იძულების, მუქარის, შეცდომის შედეგად მიღების რაიმე დამადასტურებელი მტკიცებულება, მოსარჩელე ვერ უარყოფს ნების (თანხმობის) ნამდვილობას, მოსარჩელე საერთოდ არ ახსენებს მას სასარჩელო განცხადებაში. „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის 43-ე მუხლის თანახმად, სხვა თანამდებობაზე მოხელის გადაყვანა, აგრეთვე მისთვის დაკავებული თანამდებობით გაუთვალისწინებელი დავალების დაკისრება დასაშვებია მხოლოდ მოხელის თანხმობით, გარდა ამავე კანონის 53-ე, 54-ე და 57-ე მუხლებით გათვალისწინებული შემთხვევებისა, რომელთა არსებობა განსახილველ დავაში არ დასტურდება. 22.03.13წ. კანონით „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის 30-ე მუხლზე დამატებული მე-3 პუნქტის მიხედვით, ამავე მუხლის 1-ლი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, გადაყვანის აუცილებელი პირობა იყო მოხელის წერილობითი თანხმობა. საკასაციო პალატა თვლის, რომ თანხმობის განცხადებით ი. პ-მა გამოხატა ნება გადაყვანაზე, რაც გამორიცხავს სხვა სტრუქტურულ ერთეულში მის გადაყვანასთან დაკავშირებით მოსარჩელის პრეტენზიების საფუძვლიანობას. გადაყვანა გადაადგილებისაგან სწორედ იმით განსხვავდება, რომ გადაყვანის შემთხვევაში იცვლება შრომის პირობები, მოთხოვნები შესასრულებელი სამუშაოს მიმართ, ანაზღაურება. სწორედ ამის გამო გადაყვანა საჭიროებს მუშაკის თანხმობას. სზაკ-ის 53.7 მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, წერილობითი ფორმით გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არ საჭიროებს დასაბუთებას, თუ დაინტერესებული მხარისათვის ცნობილია ის ფაქტობრივი და სამართლებრივი წინაპირობები, რომელთა საფუძველზედაც გამოიცა ეს აქტი. საქმეში დაცულია ... დეპარტამენტის ... ი. პ-ის 03.10.13წ. განცხადება, რომლის ტექსტის მიხედვით განმცხადებელი თანახმაა ... დეპარტამენტში ... აუდიტორის თანამდებობაზე გადაყვანაზე (ტ.1, ს.ფ. 66). ამდენად წერილობითი თანხმობა არ არის ზოგადი ხასიათის, თანხმობა შეიცავს მითითებას კონკრეტულ თანამდებობაზე, რომელზედაც განმცხადებელს ჰქონდა გადასვლის სურვილი. ვინაიდან სახეზე იყო მოსარჩელის თანხმობა გადაყვანაზე და ი. პ-ისათვის ცნობილი იყო თუ სად, რომელ სტრუქტურულ ერთეულში და რა თანამდებობაზე გადაყვანაზე აცხადებდა თანხმობას, შესაბამისად მისთვის ცნობილი იყო იმ გარემოების შესახებ, რომელიც საფუძვლად დაედო სადავო აქტის გამოცემას. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საფუძველს არის მოკლებული აგრეთვე მოსარჩელის მოსაზრებები გარემოებების გამოკვლევის გარეშე აქტის გამოცემის, სხვა თანამდებობაზე გადაყვანით მის მიერ გადაყვანამდე დაკავებული თანამდებობის განზრახ ვაკანტურად გადაქცევის შესახებ, აქტის დაუსაბუთებლობის გამო გასაჩივრების უფლების სრულყოფილი რეალიზაციის შეუძლებლობის, სზაკ-ის 53-ე და 96-ე მუხლების მოთხოვნების დარღვევის შესახებ.
საქმეზე დადგენილია, რომ ი. პ-ი სხვა თანამდებობაზე გადაყვანილ იქნა მისი თანხმობით, საქმეზე დადგენილია აგრეთვე, რომ 03.10.13წ. ნების გამოვლენა არ წარმოადგენდა იძულების, მუქარის ან შეცდომის შედეგს, აღნიშნული ფაქტობრივი გარემოების მიმართ ი. პ-ს სსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად არ წარმოუდგენია დამატებითი საკასაციო პრეტენზია, კასატორი არ უთითებს ნების გამოხატვის გამომრიცხავ გარემოებაზე. ნების გამოხატვას (თანხმობას) არ გამორიცხავს მოსარჩელის მოსაზრება იმასთან დაკავშირებით, რომ წერილობითი თანხმობა ეხებოდა მხოლოდ ... დეპარტამენტის ... აუდიტორის თანამდებობაზე გადაყვანას, ხოლო სადავო ბრძანებით ის დროებითი მოვალეობის შემსრულებლად დაინიშნა. უკვე აღინიშნა, რომ თანამდებობაზე კონკურსის წესით დასანიშნი მოხელის მოვალეობის შემსრულებელი სამსახურში დროებით, განსაზღვრული ვადით - კონკურსის შედეგების მიხედვით მოხელის თანამდებობაზე დანიშვნამდე მიიღება. სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორის 01.02.03წ. N14/37 ბრძანებით დამტკიცებული „სახელმწიფო აუდიტის სამსახურის რეგლამენტის“ თანახმად გენერალური აუდიტორი თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს სამსახურის მოსამსახურეებს, იღებს გადაწყვეტილებას მოსამსახურეთა დაწინაურების, დაქვეითების, გადაყვანისა და სხვა საკადრო საკითხებთან დაკავშირებით. მისთვის დაკისრებული მოვალეობების შესრულების და მინიჭებული უფლებების განხორციელების მიზნით გამოსცემს შესასრულებლად სავალდებულო ბრძანებებს. ამდენად, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ... დეპარტამენტის ... თანამდებობიდან ... დეპარტამენტის ... აუდიტორის თანამდებობაზე გადაყვანის უფლებამოსილება გენერალურ აუდიტორს გააჩნდა, ბრძანება გამოცემულია უფლებამოსილების ფარგლებში, დაცულია ადმინისტრაციული აქტის ფორმალური და მატერიალური კანონიერების მოთხოვნები. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საფუძველს არის მოკლებული გადაყვანის შესახებ სადავო ბრძანების ბათილად ცნობის მოთხოვნა.
მხედველობაშია მისაღები აგრეთვე ის გარემოება, რომ გენერალური აუდიტორის 03.10.13წ. N1/428 ბრძანების გამოცემის შემდეგ ი. პ-მა 04.12.13წ. მიმართა განცხადებით გენერალურ აუდიტორს და მოითხოვა ... აუდიტორის თანამდებობიდან მისი გათავისუფლება. ი. პ-ი ... აუდიტორის თანამდებობიდან გათავისუფლდა „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის 95-ე მუხლის შესაბამისად, პირადი განცხადების საფუძველზე. 04.12.13წ. N456 ბრძანება სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ი. პ-ს არ გაუსაჩივრებია, ის დაეთანხმა შრომითი ურთიერთობის შეწყვეტას. „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის 127-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად მოხელე ექვემდებარება დაუყოვნებლივ აღდგენას სასამართლოს მიერ სამსახურიდან გათავისუფლებაზე ან გადაყვანაზე გაცემული ბრძანების, განკარგულების ან გადაწყვეტილების არაკანონიერად აღიარების შემთხვევაში. სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ განცხადების შეტანამდე ი. პ-ს არ მოუთხოვია სხვა თანამდებობაზე გადაყვანის შესახებ აქტის გაუქმება, საქმის მასალები არ შეიცავს აღნიშნულის დამადასტურებელ რაიმე მტკიცებულებას. სამსახურებრივი ურთიერთობის შეწყვეტამდე ორი თვით ადრე გამოცემული გადაყვანის აქტის გასაჩივრება სამსახურიდან გათავისუფლების აქტის გამოცემის შემდეგ, უკანასკნელის ძალაში ყოფნის პირობებში, ვერ გამოიწვევს პირვანდელ თანამდებობაზე აღდგენას. საკასაციო პალატა არ იზიარებს კასატორის მოსაზრებას იმის შესახებ, რომ სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ განცხადებაში აისახა მხოლოდ ... აუდიტორის პოზიციიდან გათავისუფლების ნება. იმის გათვალისწინებით, რომ ნება (თანხმობა) გადაყვანაზე ი. პ-ის მიერ უკვე გამოხატული იყო, სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ განცხადებით მიმართვამდე მას სადავოდ არ გაუხდია გადაყვანის აქტი, ი. პ-ის განცხადება სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ არ შეიცავს მოთხოვნას გადაყვანის აქტის გაუქმების და გადაყვანამდე დაკავებულ თანამდებობაზე მისი აღდგენის შესახებ, შესაბამისად არ დასტურდება გადაყვანამდე არსებულ თანამდებობაზე აღდგენის მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველი.
დაუსაბუთებელია აგრეთვე ი. პ-ის მოსაზრება სააპელაციო პალატის სხდომაზე მისი არ მოწვევის გამო კასაციის აბსოლიუტური საფუძვლის არსებობის შესახებ. სასამართლოს სხდომის შესახებ ი. პ-ს უწყება გაეგზავნა საქმეში მითითებულ მისამართზე და პირადად ჩაბარდა მას (ტ. 4, ს.ფ. 8), მიუხედავად ამისა ი. პ-ი სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადდა. 10.09.2015წ. საოქმო განჩინებით სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადება გადაიდო 24.09.2015წ.. სააპელაციო პალატის 11.09.2015წ. მიმართვით მხარეებს ეცნობათ, რომ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადება 24.09.2015წ. ნაცვლად მოხდებოდა 01.10.2015წ. 15:55 სთ-ზე. სასამართლო უწყება, 10.09.2015წ. სხდომის ოქმის ასლთან და სხდომის აუდიო/ვიდეო ჩანაწერებთან ერთად ი. პ-ს გაეგზავნა საქმეში მითითებულ მისამართზე და ჩაბარდა აღნშნულ მისამართზე არსებული ორგანიზაციის წარმომადგენელს, რომელმაც დაადასტურა, რომ ი. პ-ი მუშაობს ამ ორგანიზაციაში (ტ. 4, ს.ფ. 38). 01.10.2015წ. გამართულ სასამართლო სხდომაზე ი. პ-ი არ გამოცხადდა, რაც არ გამორიცხავდა სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადების შესაძლებლობას, რადგან მხარეს საპროცესო კანონმდებლობით (სსკ-ის 70-78-ე მუხ.) დადგენილი წესით გაეგზავნა შეტყობინება სხდომის თარიღის შესახებ.
საკასაციო პალატა არ იზიარებს კასატორ ი. პ-ის მოსაზრებას თბილისის საქალაქო სასამართლოში საქმის არაუფლებამოსილი შემადგენლობის მიერ განხილვის შესახებ. საქმეთა რაოდენობის ზრდის, სასამართლოს გადატვირთულობის პირობებში განტვირთვის მიზნით საქმის იმავე სასამართლოს სხვა მოსამართლისათვის გადაცემა არ ადასტურებს საქმის განმხილველი სასამართლოს უკანონო შემადგენლობას. მოსამართლეთა დატვირთვის გათვალისწინებით საქმეების გადანაწილებას ითვალისწინებს „საერთო სასამართლოებში საქმეთა განაწილებისა და უფლებამოსილების სხვა მოსამართლისათვის დაკისრების წესის შესახებ“ კანონის მე-9 მუხლი. ამდენად, სახეზე არ არის გადაწყვეტილების გაუქმების სსკ-ის 394-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული აბსოლიუტური საფუძველი, კერძოდ სასამართლოს არაკანონიერი შემადგენლობის მიერ საქმის განხილვა. სასამართლოს არაკანონიერი შემადგენლობა ესაა მისი შინაგანი მახასიათებელი, რომელიც ასეთად რჩება ნებისმიერ შემთხვევაში, მიუხედავად პერსონალური განსჯადობისა. განტვირთვის მიზნით საქმის სხვა მოსამართლისათვის გადაცემას ადგილი აქვს დატვირთვის გათანაბრების, საქმის განხილვის დაჩქარების მიზნით, აღნიშნული არ ქმნის გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველს. შიდაორგანიზაციული აქტით მოსამართლის სპეციალიზაციის განსაზღვრა არ ართმევს საერთო სასამართლოს მოსამართლეს უფლებას განიხილოს სასამართლოს განსჯადი სხვა კატეგორიის საქმეებიც.
საქმის მასალებით დასტურდება, რომ მოპასუხეს - საქართველოს აუდიტის სამსახურს საქალაქო სასამართლოს უწყება კურიერის მეშვეობით გაეგზავნა ორჯერ (03.01.2014წ.; 06.01.2014წ.), სასამართლო უწყება მოპასუხეს ვერ ჩაბარდა, შესაბამისად მართებულია საქალაქო სასამართლოს 08.01.14წ. განჩინებით სხდომის გადადება, ვინაიდან მოპასუხისათვის არ იყო ცნობილი სხდომის დღის შესახებ, ხოლო სსკ-ის 394-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვა ერთ-ერთი მხარის დაუსწრებლად, რომელსაც არ მიუღია შეტყობინება კანონით დადგენილი წესით, ქმნის გადაწყვეტილების გაუქმების აბსოლიუტურ საფუძველს. ამდენად, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის მოსაზრებას თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 14.01.14წ. საოქმო განჩინების კანონიერების შესახებ და თვლის, რომ არ არსებობდა სსკ-ის 31-ე მუხლით გათვალისწინებული აცილების რაიმე საფუძველი.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ არ არსებობს ი. პ-ის საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი, ხოლო აუდიტის სამსახურის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს.
სასკ-ის მე-9 მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, კასატორი ი. პ-ი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულებისაგან.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. ი. პ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. სახელმწიფო აუდიტის სამსახურის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;
3. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 01.10.2015წ. გადაწყვეტილება ი. პ-ის სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში, კერძოდ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორის 03.10.2013წ. N1/428 ბრძანების ბათილად ცნობის ნაწილში და ამ ნაწილში მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;
4. ი. პ-ის სარჩელი სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორის 03.10.2013წ. N1/428 ბრძანების ბათილად ცნობის მოთხოვნის ნაწილში არ დაკმაყოფილდეს;
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 01.10.2015წ. გადაწყვეტილება დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელად;
6. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
ვ. როინიშვილი