Facebook Twitter

საქმე # 010310114683194

ბს-869-861(კ-16) 13 ივლისი, 2017წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ვასილ როინიშვილი, მაია ვაჩაძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა ნ. ბ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 13.07.2016წ. განჩინებაზე

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

რ. ჯ-ემ 24.12.2014წ. სარჩელით მიმართა ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოპასუხეების ქ. ბათუმის მერიის, შპს ,,...“ და შპს ,,მ...“ მიმართ და მოითხოვა ბათუმის მერიის 24.11.2014წ. Nმ/1101 ბრძანების, 24.11.2014წ. N1076 არქიტექტორული პროექტის, ბათუმის მერიის 09.12.2014წ. Nმ/1216 ბრძანების და 09.12.2014წ. N000010 მშენებლობის სანებართვო მოწმობის ძალაში შესვლის დღიდან ბათილად ცნობა. მოსარჩელემ აგრეთვე მოითხოვა გასაჩივრებული აქტების მოქმედების შეჩერება საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების გამოტანამდე.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 26.12.2014წ. განჩინებით რ. ჯ-ის შუამდგომლობა გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების მოქმედების შეჩერების შესახებ არ დაკმაყოფილდა.

23.03.2015წ. რ. ჯ-ემ სარჩელის უზრუნველყოფის გამოყენების თაობაზე განცხადებით მიმართა ბათუმის საქალაქო სასამრთლოს და მოითხოვა სასამართლოს მიერ შემაჯამებელი გადაწყვეტილების გამოტანამდე აეკრძალოს ქ. ბათუმის მერიას სადავო მშენებლობების ექსპლუატაციაში მიღება.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 23.03.2015წ. განჩინებით რ. ჯ-ის განცხადება სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შესახებ არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა რ. ჯ-ის მიერ.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 08.04.2015წ. განჩინებით რ. ჯ-ის საჩივარი არ დაკმაყოფილდა და საჩივარი საქმის მასალებთან ერთად გადაეგზავნა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს.

ქუთაისის სააპელაციო სასამარლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 07.05.2015წ. განჩინებით რ. ჯ-ის საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 23.03.2015წ. განჩინება.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 11.03.2016წ. გადაწყვეტილებით რ. ჯ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც სააპელაციო წესით გაასაჩივრა რ. ჯ-ემ.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 13.07.2016წ. განჩინებით რ. ჯ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება, რაც საკასაციო წესით გაასაჩივრა ნ. ბ-მა, რ. ჯ-ის მეუღლემ.

კასატორმა აღნიშნა, რომ სასამართლომ სრულად გაიზიარა სარჩელის საფუძვლები და აღიარა მოპასუხეების მხრიდან მშენებლობის წესების უხეში დარღვევა, თუმცა სააპელაციო საჩივარი არ დააკმაყოფილა იმ მოტივით, რომ გასაჩივრებული აქტების მიმართ შპს ,,მ...“ და შპს ,,...“ გააჩნიათ კანონიერი ნდობა, ასევე აქტები მოსარჩელის კანონიერ ინტერესზე არ ახდენს გავლენას. კასატორი მიიჩნევს, რომ მოპასუხეებს არ შეიძლება გასაჩივრებული აქტების მიმართ ჰქონდეთ კანონიერი ნდობა, რადგან მათ საფუძვლად უდევს დაინტერესებული პირის უკანონო ქმედებები, აქტების გამოცემის საფუძველია მოპასუხეების მიერ კანონდარღვევით შედგენილი საპროექტო დოკუმენტაცია, შპს-ებმა დამალეს არსებითი მნიშვნელობის ფაქტობრივი გარემოება - მოსარჩელის კერძო საკუთრებაში არსებული ფართი მიუთითეს საზოგადოებრივ სივრცედ, რათა შეედგინათ მათთვის სასურველი საპროექტო დოკუმენტაცია. არასწორია მოწინააღმდეგე მხარეთა მოსაზრება, რომ სამშენებლო დოკუმენტაციის შედგენისას უნდა ეხელმძღვანელათ მხოლოდ საჯარო რეესტრში არსებული დაზუსტებული რეგისტრაციებით, მათ უნდა გამოეკვლიათ ნაკვეთზე კერძო საკუთრების არსებობა. საპროექტო დოკუმენტაციის შემდგენლები უპირველესად თვითონ იყვნენ პასუხისმგებელნი მონაცემთა სისწორეზე.

კასატორის მოსაზრებით, უსაფუძვლოა გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასაბუთება, რომ სადავო აქტები მოსარჩელეზე არ ახდენს ნეგატიურ გავლენას. სასამართლომ გაიზიარა მოსარჩელის მოსაზრებები სანებართვო დოკუმენტაციის არამართლზომიერების შესახებ, დაადგინა, რომ სადავო მშენებლობების მაქსიმალური სიმაღლე და გაბარიტები მნიშვნელოვნად აჭარბებს კანონმდებლობით დაშვებულ ზღვარს, დარღვეულია ღიობების მოწყობის წესი, აღნიშნულის მიუხედავად მოსარჩელის კანონიერი ინტერესი არ იქნა მიჩნეული შელახულად. კასატორი მითითებით, ის, რომ ამჟამად ნაკვეთზე რაიმე ნაგებობა არ არის არ ადასტურებს მოსარჩელის ინტერესის დაცულობას. მოსარჩელის ინტერესი იზღუდება თუნდაც იმით, რომ ღიობები განთავსებულია ნაკვეთების მიჯნაზე, მშენებელობის სურვილის შემთხვევაში კასატორს აღარ ექნება შესაძლებლობა სრულად აითვისოს მიწის ნაკვეთი და სხვ.. კასატორი ასევე მიიჩნევს, რომ სასამართლოს არსებითი გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებაზე უარის თქმის შესახებ განჩინების დასაბუთებას.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს 04.11.2016წ. განჩინებით შეჩერდა საქმის წარმოება რ. ჯ-ის უფლებამონაცვლის დადგენამდე. საკასაციო პალატის 10.04.2017წ. განჩინებით განახლდა საქმის წარმოება, რ. ჯ-ის უფლებამონაცვლედ საქმეში ჩაბმულ იქნა ნ. ბ-ი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ნ. ბ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი ნაწილი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, §71; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა, რადგან კანონიერი ნდობის არსებობიდან გამომდინარე, აღმჭურველი აქტების უკანონობა, ყოველთვის არ იწვევს მათ ბათილად ცნობას. გასათვალისწინებელია აგრეთვე, რომ მოსარჩელის (მისი უფლებამონაცვლის) საკუთრების უფლების შესახებ დაუზუსტებელი რეგისტრაციის არსებობა არ გამორიცხავს ნაკვეთის საზღვრების კორექტირების შესაძლებლობას. ამასთანავე, მხედველობაში მისაღებია, რომ სააპელაციო პალატამ დაადგინა სამშენებელო დოკუმენტაციის კანონმდებლობით განსაზღვრულ სტანდარტებთან შეუსაბამობა. ის, რომ კასატორის მიწის ნაკვეთზე ამჟამად რაიმე ნაგებობა განთავსებული არ არის, არ ადასტურებს მიწის მესაკუთრის კანონიერ ინტერესზე ნეგატიური ზემოქმედების არარსებობას. ზიანის არსებობის სათანადოდ დადასტურების შემთხვევაში, კასატორი უფლებამოსილია მოითხოვოს მიყენებული ზიანის სასამართლო წესით ანაზღაურება.

ამასთანავე, კასატორის კანონიერი ინტერესის დარღვევის მიუხედავად გამოირიცხება სარჩელის დაკმაყოფილების შესაძლებლობა, რადგან საქმეზე დადგენილია, რომ შპს „...“ და შპს „მ...“ მიერ არამარტო დასრულებულია სადავო მშენებელობები, არამედ ბინათა ნაწილი უკვე რეალიზებულია ინდივიდუალურ მესაკუთრეებზე, რომელთა კანონიერი ნდობის გამომრიცხავ გარემოებებზე კასატორი ვერ უთითებს. ამდენად, დაპირისპირებულ კანონიერ ინტერესთა ურთიერთშეჯერების შედეგად, საკასაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ძალაში უნდა იქნეს დატოვებული.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარს არ აქვს წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც ნ. ბ-ის საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ამასთანავე, გ. მ-ეს (პ.ნ. ...) სსკ-ის 401.4 მუხლის შესაბამისად, უნდა დაუბრუნდეს ნ. ბ-ის საკასაციო საჩივარზე 04.10.2016წ. N1 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 600 ლარის 70%, _ 420 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ემუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ნ. ბ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 13.07.2016წ. განჩინება;

3. გ. მ-ეს (პ.ნ. ...) დაუბრუნდეს ნ. ბ-ის საკასაციო საჩივარზე 04.10.2016წ. N1 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 600 ლარის 70%, _ 420 ლარი.

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე

მოსამართლეები: ვ. როინიშვილი

მ. ვაჩაძე