Facebook Twitter

#080310116001207666

საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ

#ბს-539-536(2კ-17) 11 სექტემბერი, 2017 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე, ვასილ როინიშვილი

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის შესაბამისად, ზეპირი მოსმენის გარეშე, შეამოწმა შ. ზ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 28 თებერვლის განჩინებაზე (მოწინააღმდეგე მხარე - ქალაქ ქუთაისის მერია; მოსარჩელე - ქ. ფ-ა).

2016 წლის 4 იანვარს ქ. ფ-ამ და შ. ზ-ემ სასარჩელო განცხადებით მიმართეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს, მოპასუხის - ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის მიმართ.

მოსარჩელეებმა შ. ზ-ის დაჯარიმების შესახებ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის 2015 წლის 16 დეკემბრის #2256 ბრძანების და ქ. ფ-ას დაჯარიმების შესახებ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის 2015 წლის 16 დეკემბრის #2260 ბრძანების ბათილად ცნობა მოითხოვეს.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 29 სექტემბრის გადაწყვეტილებით შ. ზ-ისა და ქ. ფ-ას სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 29 სექტემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს შ. ზ-ემ და ქ. ფ-ამ, რომლებმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვეს.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 28 თებერვლის განჩინებით შ. ზ-ისა და ქ. ფ-ას სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 29 სექტემბრის გადაწყვეტილება.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 28 თებერვლის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს შ. ზ-ემ და ქ. ფ-ამ, რომლებმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ ხარვეზის შესახებ 2017 წლის 22 ივნისის განჩინებით მიიჩნია, რომ შ. ზ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებდა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნას. ამდენად, საკასაციო სასამართლომ 2017 წლის 22 ივნისის განჩინებით შ. ზ-ეს დაუდგინა ხარვეზი და მის შესავსებად განუსაზღვრა ვადა, კერძოდ, კასატორს ხარვეზის შესახებ განჩინების ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში უნდა წარმოედგინა შესაბამის ანგარიშზე სახელმწიფო ბაჟის – დავის საგნის ღირებულების 5%-ის, მაგრამ არანაკლებ 300 ლარის გადახდის ქვითრის დედანი. ამასთან, კასატორს განემარტა, რომ ხარვეზის ვადაში შეუვსებლობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი არ დაიშვებოდა და დარჩებოდა განუხილველი.

ხარვეზის შესახებ საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 22 ივნისის განჩინების შემცველი გზავნილი კანონით დადგენილი წესით საქმეში მითითებულ მისამართზე გაეგზავნა კასატორის წარმომადგენელს - ე. ჭ-ს და 2017 წლის 4 ივლისს კასატორის წარმომადგენელმა - ე. ჭ-მა (პ/ნ ...) პირადად ჩაიბარა მისთვის გაგზავნილი საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 22 ივნისის განჩინების შემცველი გზავნილი, რაც დასტურდება გზავნილზე მისი ხელმოწერით.

საკასაციო სასამართლოს მითითებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილი განსაზღვრავს, თუ როდის ჩაითვლება უწყება ჩაბარებულად მხარეებისა და მათი წარმომადგენლებისათვის, კერძოდ, აღნიშნული მუხლის თანახმად, მხარეს ან მის წარმომადგენელს სასამართლო უწყებით ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. უწყება მხარისათვის და მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაჰბარდება ერთ-ერთ მათგანს ან ამ კოდექსის 74-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებს. წარმომადგენელი ვალდებულია უწყების ჩაბარების შესახებ აცნობოს მხარეს. ამასთან, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, წარმომადგენლისათვის გაგზავნილი დოკუმენტი ჩაითვლება მხარისათვის გაგზავნილად, ხოლო მხარისათვის გაგზანილი – წარმომადგენლისათვის გაგზავნილად.

ამასთან, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების ვადა განისაზღვრება ზუსტი კალენდარული თარიღით, ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. ამავე კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული საპროცესო მოქმედების შესრულების ვადა უნდა დაიწყოს იმ მომენტიდან, როდესაც მხარეს ან მის წარმომადგენელს კანონით დადგენილი წესით პირველს ჩაბარდება გადაწყვეტილების (განჩინების) ასლი.

გამომდინარე იქიდან, რომ ხარვეზის შესახებ საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 22 ივნისის განჩინების ასლი შ. ზ-ის წარმომადგენელმა - ე. ჭ-მა 2017 წლის 4 ივლისს ჩაიბარა, სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის ათვლა 2017 წლის 5 ივლისს უნდა დაწყებულიყო და შესაბამისად, საკასაციო სასამართლოს მიერ განსაზღვრული ხარვეზის შევსების 10-დღიანი ვადა 2017 წლის 14 ივლისს 24 საათზე იწურებოდა.

ამდენად, კასატორმა მისთვის მიცემულ ვადაში არ შეავსო ხარვეზის შესახებ საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 22 ივნისის განჩინებით დადგენილი ხარვეზი. ამასთან, მას არც ხსენებული ხარვეზის შევსებისათვის დადგენილი ვადის გაგრძელების თხოვნით მოუმართავს საკასაციო სასამართლოსათვის, რის გამოც, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ აღნიშნული გარემოება საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველს წარმოადგენს.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული ან საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, შ. ზ-ის საკასაციო საჩივარი დატოვებულ უნდა იქნეს განუხილველი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. განუხილველი დარჩეს შ. ზ-ის საკასაციო საჩივარი;

2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვაჩაძე

მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე

ვ. როინიშვილი