საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ
#ბს-524-521(კ-17) 11 სექტემბერი, 2017 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე, ვასილ როინიშვილი
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის შესაბამისად, ზეპირი მოსმენის გარეშე, შეამოწმა თ. ვ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 30 დეკემბრის განჩინებაზე (მოწინააღმდეგე მხარე - კერძო აღმასრულებელი - რ. ს-ე; მესამე პირები - შპს „...“; გ. ვ-ე).
2016 წლის 12 აპრილს თ. ვ-ემ სასარჩელო განცხადებით მიმართა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს, მოპასუხის - კერძო აღმასრულებლის - რ. ს-ის მიმართ ქმედების განხორციელების თაობაზე.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 28 აპრილის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საქმეში მესამე პირად ჩაება შპს „...“.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 18 ივლისის საოქმო განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საქმეში მესამე პირად ჩაება გ. ვ-ე.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 8 სექტემბრის გადაწყვეტილებით თ. ვ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 8 სექტემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა თ. ვ-ემ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 30 დეკემბრის განჩინებით თ. ვ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 8 სექტემბრის გადაწყვეტილება.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 30 დეკემბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა თ. ვ-ემ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ ხარვეზის შესახებ 2017 წლის 19 ივნისის განჩინებით მიიჩნია, რომ თ. ვ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებდა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტების, ამავე კოდექსის მე-2 და მე-3 ნაწილების მოთხოვნებს, კერძოდ, საკასაციო საჩივარი არ იყო დასაბუთებული, არ ერთვოდა თ. ვ-ის მიერ რ. ხ-ს სახელზე გაცემული მინდობილობა მისთვის სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლებამოსილების მინიჭების თაობაზე, ასევე არ ერთვოდა სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედანი. ამდენად, საკასაციო სასამართლომ 2017 წლის 19 ივნისის განჩინებით თ. ვ-ეს დაუდგინა ხარვეზი და მის შესავსებად განუსაზღვრა ვადა, კერძოდ, კასატორს ხარვეზის შესახებ განჩინების ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში უნდა წარმოედგინა უფლებამოსილი პირის მიერ ხელმოწერილი დასაბუთებული საკასაციო საჩივარი და/ან თ. ვ-ის მიერ რ. ხ-ს სახელზე გაცემული მინდობილობა მისთვის სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლებამოსილების მინიჭების თაობაზე და შესაბამის ანგარიშზე სახელმწიფო ბაჟის – დავის საგნის ღირებულების 5%-ის, მაგრამ არანაკლებ 300 ლარის გადახდის ქვითრის დედანი. ამასთან, კასატორს განემარტა, რომ ხარვეზის ვადაში შეუვსებლობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი არ დაიშვებოდა და დარჩებოდა განუხილველი.
2017 წლის 11 ივლისს კასატორის მიერ ნაწილობრივ იქნა ხარვეზი გამოსწორებული. კერძოდ, წარმოდგენილ იქნა მხოლოდ სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის გადახდის ქვითრის დედანი.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 20 ივლისის განჩინებით გაგრძელდა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 19 ივნისის განჩინებით დადგენილი ხარვეზის შევსების ვადა; კასატორ თ. ვ-ეს დაევალა მოცემული განჩინების ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოედგინა უფლებამოსილი პირის მიერ ხელმოწერილი დასაბუთებული საკასაციო საჩივარი და/ან თ. ვ-ის მიერ რ. ხ-ს სახელზე გაცემული მინდობილობა მისთვის სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლებამოსილების მინიჭების თაობაზე.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 20 ივლისის განჩინების შემცველი გზავნილი კანონით დადგენილი წესით საქმეში მითითებულ მისამართზე გაეგზავნა კასატორს - თ. ვ-ეს. 2017 წლის 10 აგვისტოს კასატორის - თ. ვ-ის მეუღლემ - ნ. ბ-მა (პ/ნ ...) ჩაიბარა თ. ვ-ისათვის გაგზავნილი საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 20 ივლისის განჩინების შემცველი გზავნილი, რაც დასტურდება გზავნილზე ხელმოწერით.
საკასაციო სასამართლოს მითითებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილი განსაზღვრავს, თუ როდის ჩაითვლება უწყება ჩაბარებულად მხარეებისა და მათი წარმომადგენლებისათვის, კერძოდ, აღნიშნული მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეს ან მის წარმომადგენელს სასამართლო უწყებით ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. უწყება მხარისათვის და მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაჰბარდება ერთ-ერთ მათგანს ან ამ კოდექსის 74-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებს, ხოლო ჩაბარების განსხვავებულ, გონივრულ წესზე მხარეთა შეთანხმების არსებობის შემთხვევაში − ამ შეთანხმებით გათვალისწინებული წესით. ამავე კოდექსის 74-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ სასამართლო უწყების ჩამბარებელმა სასამართლოში გამოსაძახებელი პირი ვერ ნახა მხარის მიერ მითითებულ მისამართზე, იგი უწყებას აბარებს მასთან მცხოვრებ ოჯახის რომელიმე ქმედუნარიან წევრს, ხოლო თუ უწყება ბარდება სამუშაო ადგილის მიხედვით – სამუშაო ადგილის ადმინისტრაციას, ამ კოდექსის 73-ე მუხლის მე-8 ნაწილით დადგენილი წესით, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ისინი განსახილველ საქმეში მონაწილეობენ, როგორც მოწინააღმდეგე მხარეები. უწყების მიმღები ვალდებულია უწყების მეორე ეგზემპლარზე აღნიშნოს თავისი სახელი და გვარი, ადრესატთან დამოკიდებულება და დაკავებული თანამდებობა. უწყების მიმღები ასევე ვალდებულია უწყება დაუყოვნებლივ ჩააბაროს ადრესატს. უწყების ამ ნაწილით გათვალისწინებული პირისათვის ჩაბარება ჩაითვლება უწყების ადრესატისათვის ჩაბარებად, რაც დასტურდება უწყების მეორე ეგზემპლარზე უწყების მიმღების ხელმოწერით.
ამასთან, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების ვადა განისაზღვრება ზუსტი კალენდარული თარიღით, ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. ამავე კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე.
გამომდინარე იქიდან, რომ ხარვეზის შევსების ვადის გაგრძელების შესახებ საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 20 ივლისის განჩინების ასლი თ. ვ-ის მეუღლემ - ნ. ბ-მა 2017 წლის 10 აგვისტოს ჩაიბარა, სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის ათვლა 2017 წლის 11 აგვისტოს უნდა დაწყებულიყო და შესაბამისად, საკასაციო სასამართლოს მიერ განსაზღვრული ხარვეზის შევსების 10_დღიანი ვადა 2017 წლის 21 აგვისტოს 24 საათზე იწურებოდა (შაბათ-კვირის გათვალისწინებით), ხოლო კასატორის - თ. ვ-ის წარმომადგენელმა - რ. ხ-ამ ხარვეზის გამოსწორების განცხადებით თბილისის საქალაქო სასამართლოს მიმართა „...“ ფოსტის მეშვეობით - 2017 წლის 29 აგვისტოს და წარადგინა მხოლოდ უფლებამოსილების დამადასტურებელი მტკიცებულება.
ამდენად, კასატორმა მისთვის მიცემულ ვადაში არ შეავსო ხარვეზის შესახებ საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 19 ივნისის განჩინებით დადგენილი ხარვეზი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული ან საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თ. ვ-ის საკასაციო საჩივარი დატოვებულ უნდა იქნეს განუხილველი.
ამასთან, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 447-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, კასატორს - თ. ვ-ეს სრულად უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 300 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. განუხილველი დარჩეს თ. ვ-ის საკასაციო საჩივარი;
2. თ. ვ-ეს სრულად დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 300 ლარი;
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვაჩაძე
მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე
ვ. როინიშვილი