საქმე ბს-715-711(გ-17) 14 სექტემბერი, 2017 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მაია ვაჩაძე, ნუგზარ სხირტლაძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის, 26-ე მუხლის მე-3 ნაწილისა და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე განიხილა ი. მ-ის სარჩელთან დაკავშირებით წარმოშობილი დავა განსჯადობის შესახებ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიასა და გორის რაიონულ სასამართლოს შორის.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
ი. მ-ემ 2017 წლის 17 აგვისტოს სარჩელი აღძრა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში მოპასუხე სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიმართ. მოსარჩელემ ი. მ-ის საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის, მდებარე ქ. გორში, ... ქ. №157, საკადასტრო კოდი: ..., საჯარო რეესტრის ჩანაწერში ტექნიკური ხარვეზის შესწორების რეგისტრაციის შესახებ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 7 ივნისის №882017477785-03 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 17 აგვისტოს განჩინებით ი. მ-ის სარჩელი, მოპასუხე სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიმართ, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის თაობაზე და სარჩელის უზრუნველყოფის შუამდგომლობა გადაეგზავნა განსჯად გორის რაიუნულ სასამართლოს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ მიუთითა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-15 და მე-18 მუხლებზე და განმარტა, რომ ადმინისტრაციული კატეგორიის საქმეთა ტერიტორიული განსჯადობის ზოგადი პრინციპის თანახმად, ისეთი ადმინისტრაციული კატეგორიის დავების განხილვა, რომელიც უძრავ ქონებას ან ადგილთან მიბმულ ქონებას ეხება, მიეკუთვნება იმ სასამართლოს კომპეტენციას, რომლის მოქმედების სფეროშიც იმყოფება მოცემული ქონება ან მოცემული ადგილი. განსახილველ შემთხვევაში სადავო უძრავი ნივთი, რომლის სამართლებრივ მდგომარეობასაც ეხება დავა, მდებარეობს ქალაქ გორში, ... ქ. №157-ში. შესაბამისად, სასამართლომ მიიჩნია, რომ დავა უნდა გადაწყვიტოს განსჯადმა სასამართლომ უძრავი ნივთის მდებარეობის მიხედვით.
ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მოსაზრებით, განსჯადობის საკითხის ამგვარი გადაწყვეტა, ერთი მხრივ, ხელს შეუწყობს, როგორც მართლმსაჯულების ადგილზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფას, პროცესის ეკონომიურობასა და ოპერატიულობას, მეორე მხრივ, დაცული იქნება სასამართლოებს შორის დატვირთვის თანაბარი განაწილების პრინციპი. ადმინისტრაციული ორგანოს ერთიანმა, ცენტრალიზებულმა სისტემამ, შედეგად არ უნდა გამოიწვიოს ის, რომ დავათა არსებობისას, ნებისმიერ შემთხვევაში, განსჯად სასამართლოდ განისაზღვროს უშუალოდ სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მიმღები ადმინისტრაციული ორგანოს ადგილსამყოფელი, რამეთუ აღნიშნულს შედეგად მოჰყვება ადმინისტრაციული საქმეების კონცენტრაცია მხოლოდ ქ. თბილისში. აღნიშნულის თავიდან აცილების მიზნით, სასამართლომ მიიჩნია, რომ ამოსავალს უნდა წარმოადგენდეს სადავო უძრავი ქოენების ადგილმდებარეობა და შესაბამისად, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-18 მუხლის საფუძველზე, სარჩელის განხილვა უნდა მოხდეს სწორედ იმ სასამართლოს მიერ, რომლის სამოქმედო ტერიტორიაზეც მდებარეობს სადავო უძრავი ქონება.
გორის რაიონული სასამართლო არ დაეთანხმა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 17 აგვისტოს განჩინებას და 2017 წლის 18 აგვისტოს განჩინებით საქმე განსჯადობის შესახებ დავის გადასაწყვეტად გადაეგზავნა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას.
გორის რაიონულმა სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-15 მუხლზე, რომელიც საერთო განსჯადობას განსაზღვრავს და ერთნაირად ვრცელდება ნებისმიერ დავაზე, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ამავე კოდექსით განსხვავებული წესია დადგენილი. მოცემულ შემთხვევაში დავის საგანს წარმოადგენს ტექნიკური ხარვეზის გასწორების შესახებ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერება და არა უძრავ ნივთზე საკუთრების უფლება, ქონების უფლებრივი დატვირთვა ან ასეთი დატვირთვისაგან გათავისუფლება, აგრეთვე ქონების გაყოფა, განაწილება და ფლობა. სადავო აქტის ბათილად ცნობის შესახებ განსჯადობის განსაზღვრისას უნდა დადგინდეს არა ის ფაქტი, თუ რას ეხება გამოცემული აქტი და სად მდებარეობს უძრავი ქონება, არამედ აქტის გამომცემი ადმინისტრაციული ორგანოს ადგილსამყოფლის მიხედვით უნდა გაირკვეს, თუ რომელი სასამართლოს სამოქმედო ტერიტორიას განეკუთვნება საქმე განსახილველად. გორის რაიონულმა სასამართლომ მიიჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში, ტერიტორიული განსჯადობის გათვალისწინებით განსჯად სასამართლოს წარმოადგენს მოპასუხის - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ადგილსამყოფლის მიხედვით (ქ. თბილისი) - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების, განსჯადობის თაობაზე თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიისა და გორის რაიონული სასამართლოს განჩინებების გაცნობის შედეგად, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლის მე-3 ნაწილით მინიჭებული უფლებამოსილების საფუძველზე, წყვეტს რა დავას სასამართლოთა შორის განსჯადობის თაობაზე, მიიჩნევს, რომ ი. მ-ის სარჩელი განსჯადობით განსახილველად ექვემდებარება გორის რაიონულ სასამართლოს შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ არსებითად სწორად განსაზღვრა მოცემული დავის განსჯადობის საკითხი და მართებულად მიიჩნია საქმე გორის რაიონული სასამართლოს განსჯად ადმინისტრაციულ დავად.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლი ცალსახად ადგენს სარჩელის წარდგენის ვალდებულებას განსჯად სასამართლოში. მითითებული ნორმის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი უნდა წარედგინოს იმ სასამართლოს, რომელიც უფლებამოსილია, განიხილოს და გადაწყვიტოს ადმინისტრაციული საქმე. ამასთან, აღნიშნული მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არაგანსჯად სასამართლოში სარჩელის წარდგენის შემთხვევაში, სასამართლო სარჩელს გადაუგზავნის განსჯად სასამართლოს და ამის შესახებ აცნობებს მოსარჩელეს.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ თუ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის III თავით (განსჯადობა) გათვალისწინებული განსჯადობის წესები. აღნიშნულ თავში შემავალი მე-15 მუხლის (საერთო განსჯადობა) პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს სარჩელი წარედგინება მოპასუხის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. ხსენებული მუხლი მოიცავს ტერიტორიული განსჯადობის განმსაზღვრელ საპროცესო ნორმას და პირდაპირ მიუთითებს, რომ სარჩელი იურიდიული პირის მიმართ წარედგინება სასამართლოს მისი ადგილსამყოფლის მიხედვით. ამდენად, აღნიშნული მუხლი საერთო განსჯადობას განსაზღვრავს და ერთნაირად ვრცელდება ნებისმიერ დავაზე, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ამავე კოდექსით განსხვავებული წესია დადგენილი. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-18 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სარჩელი საკუთრების უფლების, ქონების უფლებრივი დატვირთვის ან ასეთი დატვირთვისაგან განთავისუფლების შესახებ, აგრეთვე ქონების გაყოფასთან, განაწილებასა და ფლობასთან დაკავშირებული სარჩელი, თუ დავა ეხება უძრავ ნივთზე, მათ შორის, მიწის ნაკვეთზე უფლებას, შეიძლება შეტანილ იქნეს სასამართლოში ნივთების ადგილსამყოფლის მიხედვით.
მოცემულ შემთხვევაში დავის საგანია ქ. გორში, ... ქუჩის №157-ში მდებარე უძრავი ქონების უფლებრივი დატვირთვის - რეგისტრირებულ უფლებაში ტექნიკური ხარვეზის გასწორების მოთხოვნის დაკმაყოფილების შესახებ 2014 წლის 7 ივნისის N882017477785-03 გადაწყვეტილება.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ,,რაიონული (საქალაქო), თბილისისა და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოების შექმნის, მათი სამოქმედო ტერიტორიისა და მოსამართლეთა რაოდენობის განსაზღვრის შესახებ” საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2007 წლის 9 აგვისტოს №1/150-2007 გადაწყვეტილებით, რომლის შესაბამისად განისაზღვრა რაიონული (საქალაქო) სასამართლოების, თბილისისა და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოების სამოქმედო ტერიტორიები, აღნიშნულ სასამართლოებსა და სასამართლო კოლეგიებში (პალატებში) მოსამართლეთა რაოდენობა. ამავე გადაწყვეტილების მე-13 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, გორის რაიონული სასამართლოს სამოქმედო ტერიტორია განისაზღვრა თვითმმართველი ქალაქის - გორის, გორისა და კასპის მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციული საზღვრებით, აგრეთვე „დროებითი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის შექმნის შესახებ“ საქართველოს პარლამენტის 2007 წლის 8 მაისის დადგენილებით შექმნილი დროებითი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის (გარდა ახალგორისა და თიღვის მუნიციპალიტეტებისა) ტერიტორიით. (16.06.2014 N 1/55 ამოქმედდეს 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მორიგი არჩევნების შედეგების ოფიციალურად გამოცხადების დღიდან).
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ადმინისტრაციული დავა წარმოიშვა სამოქალაქო სამართალურთიერთობაში წამოჭრილი ქონებრივი დავის გამო, ამდენად, ფაქტობრივად, კერძო სამართლის სუბიექტებს შორის სამოქალაქო ხასიათის კონფლიქტი წარმოადგენს ადმინისტრაციული ხასიათის კონფლიქტის გამოწვევის წინაპირობას, რამდენადაც სადავოა ადმინისტრაციული ორგანოს ინდივიდუალური-ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის კანონიერება კერძო სამართლის სუბიექტებს შორის სადავო ქონების უფლებრივი დატვიორთვის ან ასეთი დატვირთვისაგან გათავისუფლების შესახებ. ამდენად, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიმართ აღძრულ სარჩელებზე გამოყენებული უნდა იქნეს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-18 მუხლით გათვალისწინებული ნივთობრივი განსჯადობის წესები.
იმისათვის, რომ არ დაირღვეს სასამართლოთა შორის საქმის თანაბარი განაწილების პრინციპი სარჩელის განსჯადი სასამართლოს განსაზღვრა უნდა მოხდეს სადავო ქონების ადგილმდებარეობის მიხედვით. მოცემულ შემთხვევაში სადავო აქტით გათვალისწინებული უძრავი ქონება მდებარეობს გორში, ქ. ... ქ. №157-ში და საკასაციო პალატა იზიარებს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსაზრებას, რომ ი. მ-ის სარჩელი უნდა განიხილოს სწორედ გორის რაიონულმა სასამართლომ, რადგან ადმინისტრაციული ორგანოს ერთიანმა, ცენტრალიზებულმა სისტემამ, შედეგად არ უნდა გამოიწვიოს ის, რომ დავათა არსებობისას, ნებისმიერ შემთხვევაში, განსჯად სასამართლოდ განისაზღვროს უშუალოდ სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მიმღები ადმინისტრაციული ორგანოს ადგილსამყოფელი, რამეთუ აღნიშნულს შედეგად მოჰყვება ადმინისტრაციული საქმეების კონცენტაცია მხოლოდ ქ. თბილისში.
საკასაციო პალატა ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ზემოაღნიშნული საქმის განხილვის წესი ვრცელდება, მხოლოდ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსა და მის სისტემაში შემავალი რეგიონული ოფისებისა და ფილიალების მიმართ აღძრულ სარჩელებზე. რამდენადაც, როგორც ზემოთ აღინიშნა ერთიანმა ცენტრალიზებულმა სისტემამ, შედეგად არ უნდა გამოიწვიოს სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მიმღები ადმინისტრაციული ორგანოს ადგილსამყოფელის მიხედვით განსაზღვრულ სასამართლოში დავების კონცენტრაცია. აღნიშნულით განხორციელდება ერთგვაროვან საქმეთა თბილისის საქალაქო სასამართლოში თავმოყრა და რაიონული სასამართლოებისათვის ნორმატიული აქტით გათვალისწინებული ფუნქციის შემცირება, რითაც დაირღვევა სასამართლოებს შორის დატვირთვის თანაბარი განაწილების პრინციპი, რომლის დარღვევა გამოიწვევს ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელებას.
სასამართლოებს შორის განსჯადობის საკითხის ამგვარი გადაწყვეტა ხელს უწყობს მართლმსაჯულების ადგილზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფას, პროცესის ეკონომიურობასა და ოპერატიულობას, ადმინისტრაციული კატეგორიის საქმეთა დივერსიფიკაციას, სასამართლოებს შორის დატვირთვის თანაბარ განაწილებას. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიმართ დავებზე, სადავო ქონების ადგილსამყოფელის გათვალისწინებით, ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელების მიზნით ი. მ-ის სარჩელი განსჯადობით განსახილველად უნდა გადაეგზავნოს გორის რაიონულ სასამართლოს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2, 2.1, 26.3 მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე, 399-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ი. მ-ის სარჩელი განსჯადობით განსახილველად დაექვემდებაროს გორის რაიონულ სასამართლოს;
2. საქმე გადაეგზავნოს განსჯად სასამართლოს;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავჯდომარე ვ. როინიშვილი
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
ნ. სხირტლაძე