Facebook Twitter

ბს-640-633 (კ-16) 13 ივლისი, 2017 წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, ვასილ როინიშვილი

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა ა(ა)იპ-ის „…“ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 13.07.16წ. განჩინებაზე

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ა(ა)იპ „…“ 08.11.13წ. სარჩელით მიმართა ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხეების ქ. ბათუმის მერიის არქიტექტურისა და ურბანული დაგეგმარების სამსახურისა და ქ. ბათუმის მერიის, მესამე პირის შპს „...“ მიმართ და სარჩელის რამდენჯერმე დაზუსტების შემდეგ მოითხოვა: ქ. ბათუმის მერიის არქიტექტურისა და ურბანული დაგეგმარების სამსახურის 25.08.08წ. №198 არქიტექტურული გეგმარების იმ ნაწილში ბათილად ცნობა, რომლის მიხედვითაც ქ. ბათუმში, ... ქ. №38-ში მდებარე მიწის ნაკვეთისათვის დადგინდა განუსაზღვრელი განაშენიანების კოეფიციენტები; პროექტის შეთანხმების შესახებ ქ. ბათუმის მერიის არქიტექტურისა და ურბანული დაგეგმარების სამსახურისა 14.01.09წ. №01-22/23 ბრძანების ბათილად ცნობა; ქ. ბათუმის მერიის არქიტექტურისა და ურბანული დაგეგმარების სამსახურის 14.01.09წ. მშენებლობის სანებართვო მოწმობის ბათილად ცნობა; 25.08.08წ. არქიტექტურულ-გეგმარებით დავალებაში ცვლილების შეტანის თაობაზე ქ. ბათუმის მერიის არქიტექტურისა და ურბანული დაგეგმარების სამსახურის 19.09.11წ. №1097 ბრძანების ბათილად ცნობა; ქ. ბათუმის მერიის არქიტექტურისა და ურბანული დაგეგმარების სამსახურის 18.10.11წ. №1255 ბრძანების ბათილად ცნობა; ქ. ბათუმის მერიის არქიტექტურისა და ურბანული დაგეგმარების სამსახურის 18.10.11წ. სმ №000906 მშენებლობის სანებართვო მოწმობის ბათილად ცნობა; ქ. ბათუმის მერის 25.01.13წ. №135 ბრძანების ბათილად ცნობა; ქ. ბათუმის მერიის 28.01.13წ. სმ №000572 მშენებლობის სანებართვო მოწმობის ბათილად ცნობა; №554 კორექტირებული პროექტის შეთანხმების შესახებ ქ. ბათუმის მერიის 15.07.13წ. №02/1305 ბრძანების ბათილად ცნობა; ქ.ბათუმის მერიის 11.02.14წ. №03/209 ბრძანებისა და 11.02.14წ. №000918 მშენებლობის ნებართვის ბათილად ცნობა; ქ. ბათუმის მერიის არქიტექტურისა და ურბანული დაგეგმარების სამსახურისათვის გეგმარებითი დავალების ახალი პირობების დადგენის, არქიტექტურულ-სამშენებლო პროექტის აგდ-ს შესაბამისობაში მოყვანის, შეთანხმების და ახალი მშენებლობის ნებართვის გაცემის დავალება. სადავო აქტების ბათილად ცნობა მოსარჩელემ მოითხოვა ნაწილობრივ, გარდა იმ ნაწილისა, რომელიც შეეხება მოსარჩელის სამეზობლო მიჯნის მხარეს ნაგებობაზე ღიობების მოწყობის საკითხს და, რომელიც ბათილად არის ცნობილი კანონიერ ძალაში მყოფი ქ. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 27.09.13წ. გადაწყვეტილებით.

მესამე პირმა შესაგებლის ფარგლებში იშუამდგომლა სასკ-ის 262 მუხლის საფუძველზე მოთხოვნის უსაფუძვლობისა და ხანდაზმულობის გამო სარჩელის დაუშვებლად ცნობის თაობაზე. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 25.11.13წ. განჩინებით ა(ა)იპ-ის „…“ სარჩელზე შეწყდა საქმის წარმოება დაუშვებლობის მოტივით. სასამართლოს მითითებით, გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები მოსარჩელე მხარეს ჩაბარდა 2013 წლის თებერვალში, ხოლო სარჩელი აღძრულ იქნა 08.11.13წ.. სასამართლომ არ გაიზიარა მოსარჩელის მოსაზრება, რომ მართალია მათ გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები ჩაბარდათ 2013 წლის თებერვალში, თუმცა მიიჩნიეს, რომ შესაძლებელი იყო კოეფიციენტები სხვა ადმინისტრაციული აქტებით ყოფილიყო დადგენილი და მხოლოდ ქ. ბათუმის მერიის 08.10.13წ. წერილით გაიგეს, რომ არანაირი კოეფიციენტი არ ყოფილა დადგენილი, შესაბამისად ხანდაზმულობის ვადის ათვლა სწორედ 2013 წლის 08 ოქტომბრიდან უნდა დაწყებულიყო. სასამართლომ აღნიშნა, რომ 08.10.13წ. მიმართვა №04-02/26221 მიღებული იქნა ა(ა)იპ-ის 29.08.13წ. და 10.09.13წ. წერილებთან დაკავშირებით და არა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობის თაობაზე წარდგენილ ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებით. სასამართლომ მიუთითა, რომ მხარე წერილის კანონიერებას, როგორც საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას არ ასაჩივრებს, რის გამოც, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გასაჩივრების ვადად უნდა განისაზღვროს მხარისათვის უშუალოდ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გაცნობიდან ერთი თვე, რაც მოსარჩელე მხარის მიერ არ არის დაცული.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 25.11.13წ. განჩინება ა(ა)იპ „…“ კერძო საჩივრით გაასაჩივრა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 28.01.14წ. განჩინებით ააიპ-ის „…“ კერძო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 25.11.13წ. განჩინება და საქმე განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ საქმის მასალების ერთობლიობა ადასტურებს არქიტექტურულ-გეგმარებით დავალებასა და სხვა სამშენებლო დოკუმენტაციას შორის გარკვეულ შეუსაბამობას, თვით არქიტექტურულ-გეგმარებითი დაველების შინაარსის ბუნდოვანებას, რის გამოც, მხარემ მოითხოვა ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტთან დაკავშირებით განმარტება. სხვა შემთხვევაში, მოსარჩელე მხარეს ხელს არაფერი უშლიდა, სასამართლოში სხვა აქტების ბათილად ცნობის მოთხოვნით აღძრულ სარჩელთან ერთად ედავა მიმდინარე საქმეში არსებულ სადავო საკითხებზე, რითიც დაზოგავდა მატერიალურ და ადამიანურ რესურსებს. ქ. ბათუმის მერიის არქიტექტურისა და ურბანული დაგეგმარების სამსახურის 07.10.2013წ. წერილი სააპელაციო სასამართლოს მიერ განხილულ იქნა გასაჩივრებული გეგმარებითი დავალების ნაწილად, რომლითაც დადასტურდა, რომ გეგმარებით დავალებაში არ ფიქსირდებოდა კ1, კ2 და კ3 კოეფიციენტები.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 21.03.2014წ. განჩინებით სარჩელი დასაშვებად იქნა ცნობილი.

მოსარჩელემ 05.12.14წ. შუამდგომლობით მიმართა ბათუმის საქალაქო სასამართლოს და სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით მოითხოვა, აეკრძალოს მოპასუხე ქ. ბათუმის მერიის შესაბამის სამსახურს შენობის ექსპლუატაციაში მიღება სადავო საკითხების გადაწყვეტამდე. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 16.12.14წ. განჩინებით ა(ა)იპ-ის „…“ შუამდგომლობა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შესახებ არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა მოსარჩელის მიერ.

დაზუსტებული სარჩელის ფარგლებში მოსარჩელემ იშუამდგომლა სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების მიღებამდე სადავო აქტების მოქმედების შეჩერების შესახებ. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 15.01.15წ. განჩინებით შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდა, რაც მოსარჩელემ კერძო საჩივრით გაასაჩივრა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 02.02.15წ. განჩინებით ააიპ-ის „…“ საჩივარი ბათუმის საქალაქო სასამართლოს 16.12.14წ. განჩინების გაუქმების თაობაზე არ დაკმაყოფილდა და განსახილველად გადაეგზავნა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 06.03.15წ. განჩინებით ა(ა)იპ-ის „…“ კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 15.01.15წ. განჩინება.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 06.03.15წ. განჩინებით ა(ა)იპ-ის „…“ საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გაუქმდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 16.12.14წ. განჩინება და შუამდგომლობა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შესახებ ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 06.05.15წ. განჩინებით ა(ა)იპ-ის „…“შუამდგომლობა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შესახებ დაკმაყოფილდა, მოპასუხე ქ. ბათუმის მერიის შესაბამის სამსახურს აეკრძალა ქ. ბათუმში, ... ქ.№38-ში (ს/კ №...) მდებარე შენობის ექსპლუატაციაში მიღება სადავო საკითხის გადაწყვეტამდე. აღნიშნული განჩინება გაასაჩივრა შპს „…“ 05.23.26.003. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 17.06.15წ. განჩინებით შპს „…“ საჩივარი დაუსაბუთებლობის გამო არ დაკმაყოფილდა და გადაეგზავნა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 02.09.15წ. განჩინებით შპს „…“ საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 17.02.16წ. გადაყვეტილებით ა(ა)იპ-ის „…“ სარჩელი არ დაკმაყოფილდა, გაუქმდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 06.05.15წ. განჩინებით გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლითაც მოპასუხეს აეკრძალა ქ. ბათუმში, ... ქ.№38 (ს/კ №...) მდებარე შენობის ექსპლუატაციაში მიღება სადავო საკითხის გადაწყვეტამდე. აღნიშნული გადაყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა მოსარჩელის მიერ.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 13.07.16წ. განჩინებით ა(ა)იპ-ის „…“ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 17.02.16წ. გადაყვეტილება, რაც საკასაციო წესით გაასაჩივრდა ა(ა)იპ „…“ .

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ა(ა)იპ-ის „…“ საკასაციო საჩივარი იმ ნაწილში, რომელიც შეეხება სააპელაციო პალატის მიერ ა(ა)იპ-ის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის მხარეს 10,75 მ.-ს ზემოთ ღიობის მოწყობის განხორციელების ნაწილში ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის 15.07.13წ. ბრძანებით შეთანხმებული კორექტირებული პროექტის ბათილად ცნობის არ დაკმაყოფილებას, დასაშვებად უნდა იქნეს ცნობილი და ამ ნაწილში წარმოება უნდა შეწყდეს, ხოლო საკასაცო საჩივარი დანარჩენ ნაწილში დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ მოსარჩელის ერთ-ერთ მოთხოვნას წარმოადგენდა ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის 15.07.2013წ. ბრძანების მთლიანად ბათილად ცნობა, ამასთანავე, ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერის 13.05.2015წ. ბრძანებით ნაწილობრივ ბათილად იქნა ცნობილი მერიის 15.07.2013წ. ბრძანებით შეთანხმებული არქიტექტურული პროექტის ის ნაწილი, რომლითაც ა(ა)იპ-ის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის მხარეს ღიობების მოწყობა განხორციელდა 10,75 მ.-ს ზემოთ. აღნიშნული ბრძანება ბათუმის საქალაქო სასამართლოში გასაჩივრდა შპს „…“ მიერ. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 04.03.2016წ. გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც კანონიერ ძალაში შევიდა საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შესახებ საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 29.06.2017წ. განჩინებით. ამდენად, მიმდინარე დავაში გასაჩივრებული აქტი ნაწილობრივ ბათილად არის ცნობილი, რაც სასამართლოებმა მართლზომიერად მიიჩნიეს და გადაწყვეტილება კანონიერ ძალაშია შესული. ამის საწინააღმდეგო მსჯელობა აქვს განვითარებული სააპელაციო პალატას მიმდინარე დავაში, მან უცვლელი დატოვა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება იმ ნაწილშიც, რომლითაც არ დაკმაყოფილდა სარჩელი ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის 15.07.2013წ. ბრძანებით შეთანხმებული კორექტირებული პროექტის იმ ნაწილის ბათლად ცნობის შესახებ, რომლითაც ა(ა)იპ-ის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის მხარეს ღიობების მოწყობა განხორციელდა 10,75 მ.-ს ზემოთ. ამდენად, საკასციო პალატა თვლის, რომ ამ ნაწილში საკასაციო საჩივარი დასაშვებად უნდა იქნეს ცნობილი, ამასთანავე, გასათვალისწინებელია, რომ მოსარჩელის ინტერესი ბრძანების სრულად ბათილად ცნობის შესახებ აღარ არსებობს, რადგან კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით იგი ნაწილობრივ ბათილად იქნა ცნობილი. მოსარჩელეს აღარ აქვს ინტერესი მერიის 15.07.2013წ. ბრძანებით შეთანხმებული არქიტექტურული პროექტის იმ ნაწილის ბათილად ცნობაში, რომლითაც ა(ა)იპ-ის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის მხარეს ღიობების მოწყობა განხორციელდა 10,75 მ.-ს ზემოთ. ამდენად, სსკ-ის 272.1 მუხლის „ა1“ ქვეპუნქტის საფუძველზე აღნიშნულ ნაწილში წარმოება უნდა შეწყდეს დავის საგნის არარსებობის გამო.

რაც შეეხება სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინების დანარჩენ ნაწილს, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოყენებული საპროცესო და მატერიალური სამართლის ნორმების განმარტებისა და სამართლის განვითარების მიზნით, საკასაციო სასამართლოს მიერ ზოგადი მნიშვნელობის მქონე სახელმძღვანელო და სარეკომენდაციო გადაწყვეტილების გამოტანის ფაქტობრივი საჭიროება. დანარჩენ ნაწილში საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს წარმატების პერსპექტივა.

საქმის მასალებით დასტურდება, რომ 25.08.2008წ. ქ. ბათუმის მერიის არქიტექტურისა და ურბანული დაგეგმარების სამსახურის მიერ გამოიცა N01-22/887 ბრძანება ,,არქიტექტურულ-გეგმარებითი დავალების გაცემის შესახებ“, რომლითაც ამხანაგობა ,,...“ განცხადება ქ. ბათუმში, ... ქ. N38-ში მრავალფუნქციური საცხოვრებელი სახლის მშენებლობის თაობაზე დაკმაყოფილდა და გაიცა N198 არქიტექტურული-გეგმარებითი დავალება (აგდ). არქიტექტურულ-გეგმარებითი დავალებით განისაზღვრა შენობის მაქსიმალური სიმაღლე, ობიექტის დანიშნულება, ობიექტის საკადასტრო საზღვრების ფარგლებში მოწყობის ვალდებულება. „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 11.08.2005წ. N140 დადგენილების აგდ-ს გაცემის დროს მოქმედი რედაქციის მიხედვით, მშენებლობის ნებართვის გაცემის პირველი სტადია იყო 30 დღის ვადაში ქალაქთმშენებლობითი პირობების დადგენა (6.1 მუხ.). აღნიშნული დადგენილება აგდ-ს შეთანხმების მომენტში არ ითვალისწინებდა კოეფიციენტების განსაზღვრის საჭიროებას, მითითება ხდებოდა მხოლოდ შენობის მაქსიმალური სიმაღლის, გაბარიტების, სართულიანობის, ფართობისა და მოცულობის განსაზღვრაზე (9.1 მუხლის „ე“ ქვ.პ.). ა(ა)იპ-ის მოსაზრება, რომ აგდ-ს შეთანხმებისას, დადგენილების 31-ე მუხლის საფუძველზე, აუცილებელი იყო კ1, კ2 და კ3 კოეფიციენტების განსაზღვრა, მოკლებულია სამართლებრივ საფუძველს, რადგან დადგენილების 31-ე მუხლი კასატორის მიერ სარჩელში მითითებული რედაქციით ჩამოყალიბდა 11.08.2008 N 176 ცვლილების შედეგად, რომელიც ძალაში შევიდა 2008 წლის 01 ოქტომბრიდან, აგდ-ს გაცემის მომენტში - 25.08.2008წ. აღნიშნული ცვლილება არ იყო ამოქმედებული. ამდენად, დაუსაბუთებელია მოსაზრება, რომ აგდ-ს პირობების შეთანხმებისას აუცილებელი იყო ნაკვეთის განაშენიანების კოეფიციენტების განსაზღვრა. ამასთანავე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კოეფიციენტების განუსაზღვრელობით ზიანი არ მიდგომია ა(ა)იპ-ს, რადგან კონკრეტულად იყო დადგენილი ნაგებობის მაქსიმალური სიმაღლე, სართულიანობა და მშენებლობის საკადასტრო ფარგლები, ხოლო კ1 და კ2 კოეფიციენტები გამოითვლება სამშენებლო მიწის ნაკვეთის ფართობის, ნაკვეთის განაშენიანებული ფართისა და შენობა-ნაგებობის სართულების ჯამური ფართის (საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 08.07.2008წ. N 1–1/1254 ბრძანებით დამტკიცებული „დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების ძირითადი დებულებების“ (ამოქმედდა 2008 წლის 10 სექტემბრიდან) მე-8, მე-9 მუხ.), ანუ იმ მონაცემების გათვალისწინებით, რომლებიც კონკრეტულად იყო განსაზღვრული სამშენებლო დოკუმენტაციით. ამასთანავე, ნაკვეთის განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტი (კ2) არ არის აბსოლუტური და სათანადო პირობების არსებობისას მისი შეცვლა, ქ. ბათუმის ტერიტორიაზე, მშენებლობის ნებართვის გაცემის ნებისმიერ სტადიაზეა შესაძლებელი (საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 08.07.2008წ. N 1–1/1254 ბრძანებით დამტკიცებული „დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების ძირითადი დებულებების“ (ამოქმედდა 2008 წლის 10 სექტემბრიდან) 17.5 მუხ.).

„მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 11.08.2005წ. N140 დადგენილება ძალადაკარგულად გამოცხადდა საქართველოს მთავრობის 24.03.2009წ. N57 დადგენილებით. „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 24.03.2009წ. N57 დადგენილებით განსაზღვრულია, რომ იმ ობიექტებზე, რომელთა მიმართაც ამ დადგენილების ძალაში შესვლამდე დაწყებულია მშენებლობის ნებართვის გაცემის პროცედურა ან გაცემულია მშენებლობის ნებართვა, მაგრამ შენობა-ნაგებობა არ არის ექსპლუატაციაში მიღებული, გავრცელდება განაცხადის შეტანის მომენტისათვის მოქმედი კანონმდებლობა, გარდა ამ დადგენილების 33-ე, 47-ე, 53-ე, 61-ე, 65-ე, 69-ე, 73-ე, 77-ე, 83-ე და 941 მუხლებისა. კასატორის მოსაზრებას, რომ N57 დადგენილების ამოქმედებამდე პროექტის შეთანხმებისა და მშენებლობის ნებართვის გაცემის მიუხედავად პროექტში ცვლილებების შეტანისას უნდა გამოყენებულიყო ახალი კანონმდებლობა - N57 დადგენილების 47-ე მუხლი, საკასაციო პალატა არ იზიარებს, რადგან სამშენებლო დოკუმენტაციაში ცვლილებების შეტანისას მშენებლობა იყო მიმდინარე, არ იყო დასრულებული და ნაგებობა არ იყო ექსპლუატაციაში მიღებული (იხ. სუს 28.04.2015წ. Nბს-345-341(კ-14) განჩინება). აგდ-სა და პროექტში ცვლილებების შეტანისას არ ხდებოდა არსებული დოკუმენტების ძალადაკარგულად ცნობა და ახალი აგდ-ს გამოცემა, ადგილი ჰქონდა მხოლოდ ძალაში მყოფი დოკუმენტებით განსაზღვრული გარკვეული რეკვიზიტების ცვლილებას. მთავრობის 24.04.09წ. N57 დადგენილების 99-ე მუხლის მიხედვით ყველა იმ აქტის მიმართ, რომელიც გამოცემულია შპს „…“ მიმართ 25.08.2008წ. N198 არქიტექტურულ გეგმარებითი დავალების გაცემის შემდგომ, ვრცელდება ამ აგდ-ს გაცემის დროისათვის მოქმედი კანონმდებლობა ანუ საქართველოს მთავრობის 11.08.2005წ. N140 დადგენილების ის რედაქცია, რომელიც მოქმედებდა აგდ-ს გაცემაზე განცხადების შეტანის დროისთვის. ამასთანავე, საქმის მასალებით დასტურდება, რომ ამჟამად კორპუსი აშენებულია. დამატებულ სართულებზე კორპუსის მაცხოვრებლების საქმეში ჩაბმა მოსარჩელეს არ მოუთხოვია, მაცხოვრებლებს კანონიერი ნდობა აქვთ სადავო აქტების მიმართ. შენობის სიმაღლის გამო რაიმე ზიანის მიყენების შემთხვევაში მოსარჩელეს შეუძლია მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება.

ამდენად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ზემოაღნიშნული ნაწილის გარდა საქმეზე არსებითად სწორი გადაწყვეტილებაა მიღებული. კასატორის მოსაზრება, რომ დაირღვა მისი სასამართლოსადმი ხელმისაწვდომობის უფლება, რადგან სააპელაციო სასამართლომ დეტალური პასუხი არ გასცა ა(ა)იპ-ის მიერ წამოჭრილ ყველა საკითხს, საფუძველს მოკლებულია. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს კასატორის მიერვე მითითებულ გადაწყვეტილებებში ევროსასამართლოს მიერ დადგენილია ერთიანი სტანდარტი, რომლის მიხედვით, სააპელაციო ინსტანციის მიერ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთების გაზიარება, ზოგადად, მისაღებია (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე: Tatishvili v. Russia, § 62), ამასთანავე, ეჭვგარეშეა სასამართლოს ვალდებულება დაასაბუთოს მის მიერ გამოტანილი გადაწყვეტილება, რათა მხარეები დარწმუნდნენ გადაწყვეტილების მართებულობაში და მიეცეთ მისი გასაჩივრების შესაძლებლობა, თუმცა გადაწყვეტილების დასაბუთების ფარგლები დამოკიდებულია საქმის ინდივიდუალურ თავისებურებებზე, დასაბუთების საკმარისობა ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა შეფასდეს, საქმის განმხილველ სასამართლოს არ აქვს იმის ვალდებულება, რომ ყველა არგუმენტის საპასუხოდ დეტალური მსჯელობა წარადგინოს, გადაწყვეტილებიდან უნდა იკვეთებოდეს, რომ მთავარი საკითხები არის პასუხგაცემული და მხედველობაში მიღებული (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები საქმეზე: Tatishvili v. Russia, § 58; Hiro balani v. Spain, §27; Ruiz Torija v. Spain, §29; Kuznetsov v. Russia, §83, Boldea v. Romania, §30; Jgarkava v. Georgia, §71). განსახილველ შემთხვევაში, მართალია ქვედა ინსტანციის სასამართლოს მიერ დეტალურად არ მოხდა ა(ა)იპ-ის ყველა არგუმენტის შეფასება, თუმცა აღნიშნულს შედეგობრივად არ გამოუწვევია დავის არასწორად გადაწყვეტა, ამდენად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში ზემოაღნიშნული ნაწილის გარდა არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული არც ერთი საფუძველი, რის გამოც ააიპ-ის „…“ საკასაციო საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ამასთან, ააიპ-ს „…“ (ს.კ. ...) სსკ-ის 401.4 მუხლის შესაბამისად, უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 17.08.16წ. = 1471413133 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის 70%, _ 210 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ააიპ-ის „…“ საკასაციო საჩივარი იმ ნაწილში, რომელიც შეეხება ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის 15.07.2013წ. ბრძანებით შეთანხმებული კორექტირებული პროექტის იმ ნაწილის ბათილად ცნობას, რომლითაც ა(ა)იპ-ის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის მხარეს ღიობების მოწყობა დაიშვა 10,75 მ.-ს ზემოთ, დასაშვებად იქნეს ცნობილი;

2. გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 13.07.16წ. განჩინება იმ ნაწილში, რომლითაც არ დაკმაყოფილდა სარჩელი ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის 15.07.2013წ. ბრძანებით შეთანხმებული კორექტირებული პროექტის იმ ნაწილის ბათილად ცნობის შესახებ, რომლითაც ა(ა)იპ-ის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის მხარეს ღიობების მოწყობა განხორციელდა 10,75 მ.-ს ზემოთ. ამ ნაწილში შეწყდეს საქმის წარმოება;

3. დანარჩენ ნაწილში საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

4. ააიპ-ს „…“ (ს.კ. ...) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 17.08.16წ. = 1471413133 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის 70%, _ 210 ლარი;

5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: ნ. სხირტლაძე

მოსამართლეები: ვ.როინიშვილი

მ. ვაჩაძე