Facebook Twitter

#ბს-1-1(გ-17) 21 სექტემბერი, 2017წ.

ქ.თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემადგენლობა:

Nნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, ვასილ როინიშვილი

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის, 26-ე მუხლის მე-3 ნაწილისა და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე განიხილა ი. ს-ის სასარჩელო განცხადებასთან დაკავშირებით წარმოშობილი დავა განსჯადობის შესახებ

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

24.08.2016წ. ი. ს-მა სარჩელით მიმართა თელავის რაიონულ სასამართლოს მოპასუხე ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიმართ და მოითხოვა ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგებლის 03.08.2016წ. N 445-პ/შ ბრძანების ბათილად ცნობა, სამსახურში აღდგენა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურება.

მოსარჩელემ აღნიშნა, რომ 2013 წლიდან მუშაობდა ა(ა)იპ - „...“ დირექტორად. ი. ს-ის განმარტებით, ბოლო დროს აშკარა გახდა, რომ ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგეობას სურდა მისი სამსახურიდან გათავისუფლება და ამისთვის ეძებდა მიზეზებს. 2016 წლის აპრილში შიდა აუდიტის სამსახურმა ჩაატარა „...“ შემოწმება. შემოწმების აქტში აღინიშნა, რომ ბენეფიციარებისათვის განკუთვნილი ხორცპროდუქტები მზადდებოდა საკვების გაცემის წინა დღეს, ასევე არ წარმოებდა საკვების გაცემის ჟურნალები, 7 დღის განმავლობაში გარდაცვლილ პირზე გაცემული იყო საკვები, არ არსებობდა პურის მიღების აღრიცხვის ჟურნალი, ამასთანავე, დარჩენილი საკვების განადგურებასა და გაცემაზე არ დგებოდა სათანადო აქტები. მოსარჩელემ მიიჩნია, რომ წაყენებული შენიშვნები არ შეესაბამებოდა სინამდვილეს. მისი განმარტებით, ვერ დადასტურდა, რომ ხორცპრუდექტები მზადდებოდა საკვების გაცემის წინა დღეს. „...“ წესდებით არ იყო გათვალისწინებული ზონაზე გატანილი საკვების გაცემის აღრიცხვის ჟურნალი. გარდაცვლილ ბენეფიციართან დაკავშირებულ შემთხვევაზე მოსარჩელემ აღნიშნა, რომ მასზე საკვები არ გაცემულა. მოსარჩელემ აღნიშნა აგრეთვე, რომ დარჩენილი საკვების განადგურება არ ხდებოდა და იგი გამგეობის ხელმძღვანელობასთან შეთანხმებით ურიგდებოდა ბენეფიციარებსა და „...“ ჩასარიცხ პირთა სარეზერვო სიაში მყოფ პირებს. სადავო ბრძანებაში გათავისუფლების საფუძვლად მითითებულია მის მიერ „...“ წესდებით გათვალისწინებული ვალდებულებების არაჯეროვანი შესრულება, მაგრამ არ არის მითითებული წესდებით გათვალისწინებუილი კონკრეტულად რომელი ვალდებულება იქნა დარღვეული. ბრძანებაში არასწორადაა ასევე მითითებული ბრძანების გასაჩივრების შესაძლო სასამართლო. ი. ს-მა აღნიშნა, რომ საავადმყოფო ფურცლზე იმყოფებოდა 60 დღის განმავლობაში და, შესაბამისად, მის შრომისუუნარობას არ გადაუჭარბებია კანონით განსაზღვრული ვადისათვის, როგორც ეს სადავო ბრძანებაშია მითითებული.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელემ მოითხოვა ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგებლის 03.08.2016წ. N 445-პ/შ ბრძანების ბათილად ცნობა, სამსახურში აღდგენა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურება.

თელავის რაიონული სასამართლოს 29.09.2016წ. განჩინებით ი. ს-ის სარჩელი ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიმართ ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგებლის ბრძანების ბათილად ცნობის, სამუშაოზე აღდგენისა და იძულებითი განაცდურის ანაზრაურების თაობაზე დაექვემდებარა ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით გახილვას.

სასამართლომ მიუთითა, რომ ამა თუ იმ დავის ადმინისტრაციული კატეგორიისადმი მიკუთვნებისათვის მოსარჩელის მოთხოვნა სამართლებრივად უნდა ეფუძნებოდეს საჯარო-ადმინისტრაციული სამართლის შესაბამის ნორმებს, კონკრეტული ურთიერთობები უნდა გამომდინარეობდეს ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან, ანუ უფლების დარღვევა თავისი არსით განპირობებული უნდა იყოს საჯარო, მატერიალური სამართლის შესაბამისი საკანონმდებლო ნორმების დარღვევით. აღნიშნულიდან გამომდინარე, კონკრეტულ შემთხვევაში ახმეტის გამგებლის ბრძანების ბათილად ცნობის, სამუშაოზე აღდგენის, იძულებითი განაცდურის ანაზღაურების შესახებ დავა ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან გამომდინარეობს.

თელავის რაიონული სასამართლოს 13.12.2016წ. განჩინებით ი. ს-ის სარჩელი ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიმართ ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგებლის ბრძანების ბათილად ცნობის, სამუშაოზე აღდგენისა და იძულებითი განაცდურის ანაზრაურების თაობაზე, განსჯადი სასამართლოს განსაზღვრის მიზნით, გადაეცა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას. სასამართლომ აღნიშნა, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს, საჯარო ამოცანების მისაღწევად, მინიჭებული აქვს საქმიანობის სხვადასხვა სამართლებრივი ფორმების გამოყენების უფლებამოსილება. ორგანო უფლებამოსილია გამოიყენოს საქმიანობის როგორც საჯარო-სამართლებრივი, ასევე კერძო-სამართლებრივი ფორმები. ორგანული კანონის - „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ მე-20 მუხლის მიხედვით, მუნიციპალიტეტს უფლება აქვს, თავისი საქმიანობის კოორდინაციის მიზნით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დააფუძნოს არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი ან/და გახდეს მისი წევრი. სამოქალაქო კოდექსის 35.4 მუხლის თანახმად, არაკომერციული იურიდიული პირის ხელმძღვანელობითი და წარმომადგენლობითი უფლებამოსილების წარმოშობისა და შეწყვეტის მიმართ ვრცელდება „მეწარმეთა შესახებ“ კანონის მე-9 მუხლით მეწარმე სუბიექტის წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მქონე პირისათვის განსაზღვრული წესები. სასამართლომ განმარტა, რომ არასამეწარმეო, არაკომერციულ იურიდიულ პირთან დაკავშირებით ყველა საკითხზე, მათ შორის დირექტორების დანიშვნა-გამოწვევის, შრომის ხელშეკრულების დადება-შეწყვეტის, ანგარიშის დამტკიცების საკითხზე გადაწყვეტილებას იღებს დამფუძნებელი, მოცემულ შემთხვევაში ქალაქ ახმეტის მუნიციპალიტეტი. სასამართლომ აღნიშნა, რომ კონკრეტულ სადავო სამართალურთიეთობაში მუნიციპალიტეტი არ წარმოადგენს ადმინისტრაციულ ორგანოს, რომელიც ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე ახორციელებს საჯაროსამართლებრივ უფლებამოსილებას, არამედ იგი წარმოდგენილია, როგორც კერძო სამართლის იურიდიული პირის დამფუძნებლი, რომელიც ა(ა)იპ-ის დირექტორის დანიშვნას და გამოწვევას ახორციელებს „მეწარმეთა შესახებ“ კანონით დადგენილი წესით. შესაბამისად, სასამართლომ მიიჩნია, რომ ბრძანება, ი. ს-ის სამუშაოდან გათავისუფლების შესახებ, არ წარმოადგენს ადმინისტრაციულ აქტს და სადავო სამართალურთიერთობა არ გამომდინარეობს ადმინისტრაციული (საჯარო) სამართლის კანონმდებლობიდან, რის გამოც დავა ექვემდებარება სამოქალაქო სამართალწარმოების წესით განხილვას.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების, განსჯადობის თაობაზე თელავის რაიონული სასამართლოს განჩინებების გაცნობის შედეგად, სასკ-ის 26.3 მუხლით მინიჭებული უფლებამოსილების საფუძველზე, წყვეტს რა დავას სასამართლოთა შორის განსჯადობის თაობაზე, თვლის, რომ ი. ს-ის სარჩელი ექვემდებარება სამოქალაქო სამართალწარმოების წესით განხილვას შემდეგ გარემოებათა გამო:

სასკ-ის 26.3 მუხლის შესაბამისად, საკასაციო სასამართლო უფლებამოსილია გადაწყვიტოს სასამართლოთა შორის განსჯადობის შესახებ დავა. მოცემულ შემთხვევაში სასამართლოებს შორის განსჯადობასთან დაკავშირებით დავა ეხება საგნობრივი განსჯადობის საკითხს.

განსახილველ დავაში ი. ს-ი სასარჩელო განცხადებით ითხოვს მისი განთავისუფლების შესახებ ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგებლის 03.08.2016წ. N 445-პ/შ ბრძანების ბათილად ცნობას, სამსახურში აღდგენასა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურებას.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქმის განსჯადობის განმსაზღვრელ ფაქტორს წარმოადგენს არა სადავო სამართალურთიერთობის სუბიექტური შემადგენლობა, არამედ სადავო სამართალურთიერთობის ბუნება. დავის საჯარო-სამართლებრივი ხასიათის დასადგენად საკმარისი არ არის სადავო სამართალურთიერთობაში საჯარო სამართლის სუბიექტის მონაწილეობა, ვინაიდან ადმინისტრაციული ორგანო შესაძლოა მხარედ გამოვიდეს კერძოსამართლებრივ ურთიერთობაშიც. სზაკ-ის 2.1 მუხლი შეიცავს ადმინისტარციული დავის საგნის ჩამონათვალს, კანონმდებლობამ ადმინისტრცაიული სამართალწარმოების წესით საქმის განხილვის ძირითად ელემენტად განსაზღვრა დავის საგანი, რომელიც წარმოშობილია იმ სამართალურთიერთობიდან, რომელიც საჯარო, კონკრეტულად, ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობით არის მოწესრიგებული. სასკ-ის მე-2 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად საერთო სასამართლოში ადმინისტრაციული სამართლაწარმოების წესით განიხილება ადმინისტრაციული კანონმდებლობიდან გამომდინარე სამართლებრივ ურთიერთობასთან დაკავშირებული დავა.

ამდენად, საგნობრივი განსჯადობის შესახებ დავის გადაწყვეტისთვის მნიშვნელობა ენიჭება სადავო ბრძანების გამოცემის საფუძველს, სამართალურთიერთობის სუბიექტის მოქმედების ფორმას. უკეთუ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ სადავო აქტი გამოცემულია საჯარო კანონმდებლობის საფუძველზე, ზაკ-ის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტიდან გამომდინარე, სახეზე იქნება ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, ხოლო თუ აქტის გამოცემის საფუძველი კერძო-სამართლებრივია, იგი არ ჩაითვლება ადმინისტრაციულ აქტად (იხ. სუს დიდი პალატის 10.07.2007წ. განჩინება საქმეზე =ბს-132-123(კ-07)). სადავო ბრძანებაში ი. ს-ის გათავისუფლების საფუძვლად ორგანული კანონის შრომის კოდექსის ნორმებია მითითებული (37.1 მუხლის „ზ“, „თ“ და „ი“ ქვეპუნქტები), ამდენად, მოცემულ შემთხვევაში სადავო სამართალურთიერთობა გამომდინარეობს კერძო სამართლიდან.

საქმის მასალებით დგინდება, რომ ი. ს-ი იყო „...“ დირექტორი. ეს უკანასკნელი წარმოადგენს ახმეტის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებულ არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირს. სამოქალაქო კანონმდებლობის თანახმად, ორგანიზაცია, რომლის მიზანი არ არის სამეწარმეო საქმიანობა და მისი ფუნქციონირების ძირითადი მამოტივირებელი ფაქტორი არ არის მატერიალური მოგების მიღება, არის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი. ორგანული კანონის - „ადგილობრივი თვითმართვეობის კოდექსის“ 20.1 მუხლის თანახმად, მუნიციპალიტეტს უფლება აქვს, თავისი საქმიანობის კოორდინაციის მიზნით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დააფუძნოს არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი ან/და გახდეს მისი წევრი. საქმეში დაცული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის „...“ წესდების თანახმად, „...“ არის კერძო სამართლის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი, რომელიც შექმნილია ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ საფუძველზე, მისი საქმიანობა რეგულირდება საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად, მისი საქმიანობის მიზანს წარმოადგენს სოციალურად და ეკონომიურად გაჭირვებულ პირთა დახმარება და ღირსეული პირობების შექმნა.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 8.1 მუხლის მიხედვით, კერძოსამართლებრივი ურთიერთობის სუბიექტი შეიძლება იყოს ნებისმიერი ფიზიკური ან იურიდიული პირი. ეს წესი გამოიყენება როგორც სამეწარმეო, ასევე არასამეწარმეო პირების მიმართ. ამავე კოდექსის 35.4 მუხლის თანახმად, არაკომერციული იურიდიული პირის ხელმძღვანელობითი და წარმომადგენლობითი უფლებამოსილების წარმოშობისა და შეწყვეტის მიმართ ვრცელდება „მეწარმეთა შესახებ“ კანონის მე-9 მუხლით მეწარმე სუბიექტის წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მქონე პირისთვის განსაზღვრული წესები. აღნიშნულიდან გამომდინარე, ა(ა)იპ-ის დირექტორის უფლებამოსილების შეწყვეტისა და სამსახურიდან გათავისუფლების საკითხების მარეგულირებელი ნორმები მოცულია კერძოსამართლებრივი კანონმდებლობით და, შესაბამისად, სადავო ბრძანების გამოცემის საფუძველი კერძოსამართლებრივია.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე საკასაციო სასამართლო თვლის, რომ დავა განხილულ უნდა იქნეს თელავის რაიონული სასამართლოს მიერ სამოქალაქო სასამართლო წარმოების წესით.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 26-ე მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე, 399-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ი. ს-ის სარჩელი მოპასუხე ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიმართ განსჯადობით განსახილველად დაექვემდებაროს სამოქალაქო სამართალწარმოების წესით განხილვას;

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: ნ. სხირტლაძე

მოსამართლეები: მ. ვაჩაძე

ვ. როინიშვილი