ბს- 550-547 (გ-17) 28 სექტემბერი, 2017 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი).
მაია ვაჩაძე, ვასილ როინიშვილი
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა ფ.შ-ას სასარჩელო განცხადების განსჯადობის თაობაზე სამტრედიის რაიონულ სასამართლოსა და ქუთაისის საქალაქო სასამართლოს შორის წარმოშობილი დავა.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
ფ. შ-ამ 12.09.2016წ. სარჩელით მიმართა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მოპასუხე სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს იმერეთის რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სააღსრულებო ბიუროს მიმართ და მოითხოვა მოპასუხისათვის ამჟამად ნ. ხ-ას საკუთრებაში არსებული ქონების ობიექტური ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე შეფასების დავალება.
მოსარჩელემ აღნიშნა, რომ თ. ტ-ესა და ფ. შ-ას შორის 16.07.2013 წ. იპოთეკის ხელშეკრულების საფუძველზე იპოთეკით დაიტვირთა ნ. ხ-ას კუთვნილი უძრავი ნივთი. ამ ხელშეკრულების საფუძველზე 08.07.2016წ. გაიცა სააღსრულებო ფურცელი, რომლის თანახმად დაიწყო სააღსრულებო წარმოება მოვალე ფ. შ-ას და ნ. ხ-ას მიმართ. მოპასუხემ არ ჩაატარა ექსპერტიზა, არ მოახდინა იპოთეკით დატვირთული უძრავი ნივთის ობიექტური შეფასება. რეალურად ქონების საბაზრო ღირებულება იყო 200 000 ლარი, თუმცა მისი შეფასება განხორციელდა 147 000 ლარად.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 13.09.2016წ. განჩინებით სარჩელი განსახილველად გადაეგზავნა სამტრედიის რაიონულ სასამართლოს.
სასამართლომ სასკ-ის 1.2, სსკ-ის მე-15, მე-18 მუხლების საფუძველზე აღნიშნა, რომ გამოყენებულ უნდა იქნეს განსჯადობის დამდგენი სპეციალური წესი და ვინაიდან სადავოა სააღსრულებო წარმოებისას უძრავი ქონების შეფასების მართლზომიერება, ამიტომ დავა განსჯადობით უნდა გადაეგზავნოს სამტრედიის რაიონულ სასამართლოს, რადგან უძრავი ნივთი სამტრედიაში მდებარეობს.
სამტრედიის რაიონული სასამართლოს 20.10.2016წ. განჩინებით, სასკ-ის 16.2 მუხლის საფუძველზე, საქმეში მესამე პირად ჩაბმულ იქნა თ. ტ-ე, ხოლო 15.11.2016წ. განჩინებით - ნ. ხ-ა.
სამტრედიის რაიონული სასამართლოს 22.05.2017წ. განჩინებით ფ. შ-ას სარჩელი განსჯადობის თაობაზე დავის გადასაწყვეტად გადმოეგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოს.
სასამართლომ სასკ-ის 1.2, სსკ-ის მე-15 მუხლებზე მითითებით აღნიშნა, რომ დავაზე მოპასუხედ დასახელებულია სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს იმერეთის რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სააღსრულებლო ბიურო, რომლის იურიდიული მისამართია - ქ. ქუთაისი, ირ. აბაშიძის ქუჩა N20, შესაბამისად დავა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ქვემდებარეა. სასამართლო მიიჩნია, რომ დავის საგანი არ განეკუთვნება სსკ-ის მე-18 მუხლში მითითებულ დავათა კატეგორიას, ვინაიდან განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელე არ ეთანხმება კერძო აღმასრულებლის მიერ სააღსრულებლო წარმოების პროცესში ქონების ფასის განსაზღვრას სპეციალისტის მიერ და „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ კანონის საფუძველზე ითხოვს ქმედების განხორციელებას აღმასრულებლისაგან. დადგენილი ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის შესაბამისად ტერიოტორიულ გასნჯადობასთან დაკავშირებით დავაზე გადაწყვეტილების მიღებისას განმსაზღვრელი არ არის ქონების ადგილმდებარეობა, მნიშვნელოვანია იმ ორგანოს ადგილმდებარეობა, რომელსაც ედავება მოსარჩელე.
სასამართლომ აღნიშნა, რომ ტეროტორიული განსჯადობის არსი მდგომარეობს პრინციპში, რომლის მიხედვით მოსარჩელე მიმართავს მოპასუხის სასამართლოს, საერთო წესის თანახმად, სარჩელი წარედგენილი უნდა იქნეს მოპასუხის - ადმინისტრაციული ორგანოს ადგილმდებარეობის მიხედვით (სსსკ-ის მე-15 მუხლი). ამდენად, საერთო წესის მიხედვით, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, ტეროტორიული იურისდიქცია ეკუთვნის იმ სასამართლოს, რომლის მოქმედების ტერიტორიაზეც განლაგებულია ადმინისტრაციული ორგანო. ამდენად, დავა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს განსჯადია.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების, განსჯადობის თაობაზე სამტრედიის რაიონული სასამართლოს და ქუთაისის საქალაქო სასამართლოს განჩინებების გაცნობის შედეგად, სასკ-ის 26-ე მუხლის მე-3 ნაწილით მინიჭებული უფლებამოსილების საფუძველზე, წყვეტს რა დავას სასამართლოთა შორის განსჯადობის თაობაზე, თვლის, რომ ფ.შ-ას სარჩელი განსჯადობით განსახილველად ექვემდებარება ქუთაისის საქალაქო სასამართლოს შემდეგ გარემოებათა გამო:
სასკ-ის 26 მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული სასამართლოთა შორის განსჯადობის შესახებ დავის დაშვება ითვალისწინებს სასამართლოებს შორის დავას არა მხოლოდ საგნობრივ, არამედ ტერიტორიული განსჯადობის საკითხზე. განსახილველ შემთხვევაში სასამართლოებს შორის განსჯადობასთან დაკავშირებით დავა ეხება ტერიტორიული განსჯადობის საკითხს.
სასკ-ის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამარეთალწარმოებაში გამოიყენება საქმოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. სსსკ-ის მე-15 მუხლის თანახმად სასამართლოს სარჩელი წარედგინება მოპასუხის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. სარჩელი იურიდიული პირის მიმართ სასამართლოს წარედგინება იურიდიული პირის ადგილსამყოფელის მიხედვით. აღნიშნული ნორმით დადგენილია ტერიტორიული განსჯადობის საერთო წესი, რომლის მიხედვით სარჩელი იურიდიული პირის, საწარმოს, ორგანიზაციის, ორგანოს მიმართ სასამართლოს წარედგინება მისი ადგილსამყოფლის მიხედვით, შესაბამისად სარჩელის განხილვაზე უფლებამოსილ სასამართლოს წარმოადგენს სწორედ ის სასამართლო, რომლის იურისდიქციაც ვრცელდება მოპასუხის ადგილსამყოფელზე.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციული კატეგორიის საქმეებზე ტერიტორიული განსჯადობა მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული ადმინისტრაციული ორგანოების ტერიტორიულ განსჯადობაზე, რომლის მიხედვით კონკრეტულ ტერიტორიაზე უძრავი ქონების ან სამართალურთიერთობასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას იღებს ის ადმინისტრაციული ორგანო, რომლის ტერიტორიული იურისდიქციის საზღვრებში მდებარეობს ეს უძრავი ქონება ან არსებობს სამართლებრივი ურთიერთობა. რაც შეეხება ადმინისტრაციულ კატეგორიის საქმეთა სასამართლოს ტერიტორიულ განსჯადობას, სარჩელი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ქმედების განხორციელების თაობაზე აღიძვრება იმ ადმინისტრაციულ სასამართლოში, რომლის მოქმედების სფეროშიც აქვს ადგილსამყოფელი მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოს. სარჩელის სათანადო კავშირი ტერიტორიასთან უნდა დადგინდეს სარჩელის წარდგენის მომენტისთვის. ტერიტორიული განსჯადობის არსი მდგომარეობს პრინციპში, რომლის მიხედვით მოსარჩელე მიმართავს მოპასუხის ადგილმდებარეობის სასამართლოს. საერთო წესის თანახმად, სარჩელი წარდგენილი უნდა იქნეს მოპასუხის - ადმინისტრაციული ორგანოს ადგილმდებარეობის მიხედვით (სსსკ-ის მე-15 მუხლი). ამდენად, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, ტერიტორიული იურისდიქცია ეკუთვნის იმ სასამართლოს, რომლის სამოქმედო ტერიტორიაზეც განლაგებულია ადმინისტრაციული ორგანო. ამ პრინციპიდან განდგომა გამონაკლისის წესით, სასამართლოებს შორის თანაზომიერი დატვირთვის მოსაზრებიდან გამომდინარე, დაშვებულია საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს და მის სისტემაში შემავალი რეგიონალური ოფისებისა და ფილიალების მიმართ აღძრულ სარჩელებზე, რომელთა მიმართ გამოიყენება სსკ-ის მე-18 მუხლით გათვალისწინებული ნივთობრივი განსჯადობის წესები, რომელთა მიხედვით განსჯადი სასამართლო განისაზღვრება სადავო ქონების ადგილმდებარეობის მიხედვით. განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელის მიერ მოპასუხედ დასახელებულია სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს იმერეთის რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სააღსრულებლო ბიურო. აღნიშნული ბიუროს სამოქმედო ტერიტორია მოიცავს ქ. ქუთაისის, ხარაგაულის, ზესტაფონის, წყალტუბოს, სამტრედიის, ტყიბულის, ხონის, საჩხერის, ჭიათურის, თერჯოლის, ვანისა, ბაღდათის, ამბროლაურის, ონის, ცაგერის და ლენტეხის მუნიციპალიტეტებს, ხოლო მისი იურიდიული მისამართია - ქ.ქუთაისი, ირ. აბაშიძის ქუჩა N20 (სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარის 30.05.2014წ. N634 ბრძანებით დამტკიცებული „იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სააღსრულებო ბიუროს დებულება“, მე-6, მე-8 მუხ.). „რაიონული (საქალაქო), თბილისისა და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოების შექმნის, მათი სამოქმედო ტერიტორიისა და მოსამართლეთა რაოდენობის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 09.08.2007წ. N1/150-2007 გადაწყვეტილებით განისაზღვრა რაიონული (საქალაქო) სასამართლოების, თბილისისა და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოების სამოქმედო ტერიტორიები, აღნიშნულ სასამართლოებსა და სასამართლო კოლეგიებში (პალატებში) მოსამართლეთა რაოდენობა. გადაწყვეტილების თანახმად, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს სამოქმედო ტერიტორია განისაზღვრა თვითმმართველი ქალაქის - ქუთაისის, ბაღდათის, ტყიბულისა და წყალტუბოს მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციული საზღვრებით (43-ე მუხ.), ამავე გადაწყვეტილების თანახმად, სამტრედიის რაიონული სასამართლოს სამოქმედო ტერიტორია განსაზღვრულია სამტრედიის, ვანისა და ხონის მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციული საზღვრებით (35-ე მუხ.). მოსარჩელე არ ეთანხმება სააღსრულებო წარმოების პროცესში ქონების ფასის განსაზღვრას სპეციალისტის მიერ და აღმასრულებლისაგან ითხოვს ობიექტური შეფასების ჩატარებას ექსპერტიზის საფუძველზე. ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის ,,გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, მოვალესა და კრედიტორს უფლება აქვთ იდავონ ქონების კუთვნილებაზე ან მის ფასზე, ხოლო ,,ე” ქვეპუნქტის თანახმად, მოვალესა და კრედიტორს უფლება აქვთ გაასაჩივრონ აღმასრულებლის ქმედება აღსრულების ეროვნული ბიუროს თავჯდომარესთან ან პირდაპირ სასამართლოში. ამდენად, მოცემულ შემთხვევაში დავა არ ეხება უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლებას, აღძრული არ არის ქონების გაყოფასთან, განაწილებასთან, ფლობასთან დაკავშირებული სარჩელი (სსკ-ის მე-18 მუხ.). მოსარჩელე ითხოვს ადმინისტრაციული ორგანოსათვის ქმედების განხორციელების დავალებას, შესაბამისად, დავა განსჯადობით უნდა დაექვემდებაროს სასამართლოს მოპასუხის ადგილსამყოფლის და არა უძრავი ნივთის მდებარეობის მიხედვით.
,,საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ყოველის პირი უნდა განსაჯოს იმ სასამართლომ, რომლის იურისდიქციასაც ექვემდებარება მისი საქმე. სასკ-ის 26-ე მუხლის შესაბამისად სარჩელი უნდა წარედგინოს იმ სასამართლოს, რომელიც უფლებამოსილია განიხილოს და გადაწყვიტოს ადმინისტრაციული საქმე. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საქმე განსჯადობით განსახილველად ექვემდებარება ქუთაისის საქალაქო სასამართლოს იურისდიქციას.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 26-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-15 მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ფ. შ-ას სარჩელი მოპასუხე სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს იმერეთის რაჭა - ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სააღსრულებო ბიუროს მიმართ განსახილველად დაექვემდებაროს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს.
2. საკასაციო სასამართლოს განჩინბება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავჯდომარე ნ.სხირტლაძე
მოსამართლეები: მ.ვაჩაძე
ვ. როინიშვილი