საქმე ბს-646-642(კ-17) 27 სექტემბერი, 2017 წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ:
შემდეგი შემადგენლობით:
ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე; მომხსენებელი)
მაია ვაჩაძე, ნუგზარ სხირტლაძე
განიხილა ვ. მ-ის 2017 წლის 25 სექტემბრის განცხადება თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 5 აპრილის განჩინებაზე წარმოდგენილ საკასაციო საჩივარზე უარის თქმის შესახებ.
სასამართლომ გამოარკვია:
გ. მ-მა 2015 წლის 8 დეკემბერს სარჩელი აღძრა სიღნაღის რაიონულ სასამართლოში მოპასუხე სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სიღნაღის სარეგისტრაციო სამსახურის და ვ. მ-ის მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა სიღნაღის რაიონის სოფელ ... მდებარე ვ. მ-ის უძრავ ნივთზე, მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი N... ზედდების ნაწილში, საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სიღნაღის სარეგისტრაციო სამსახურის მიერ 30.06.2015წ. განხორციელებული ჩანაწერისა და რეგისტრაციის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სიღნაღის სარეგისტრაციო სამსახურის 30.06.2015 წლის N882015349916-03 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა.
სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 13 ივნისის საოქმო განჩინებით მოპასუხე საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სიღნაღის სარეგისტრაციო სამსახურის უფლებამონაცვლედ დაშვებულ იქნა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ტერიტორიული სარეგისტრაციო ორგანო - კახეთის რეგიონული ოფისი.
სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 22 ივნისის გადაწყვეტილებით გ. მ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სიღნაღის სარეგისტრაციო სამსახურის მიერ 30.06.2015 წლის N882015349916-03 გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც სიღნაღის რაიონის სოფელ ... მდებარე უძრავი ქონება - საკადასტრო კოდით ... დარეგისტრირდა ვ. მ-ის სახელზე მოსარჩელე გ. მ-ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების გადაფარვის ნაწილში - საცხოვრებელი ფართობი განაშენიანების ფართობი 74 კვ.მ დამხმარე სათავსო განაშენიანების ფართობი 20 კვ.მ. მიწის ნაკვეთის საერთო ფართობი 233 კვ.მ. ნაწილში, ასევე ბათილად იქნა ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2015 წლის 17 ნოემბრის N278730 გადაწყვეტილება ადმინისტრაციული საჩივრის განხილვაზე უარის თქმის შესახებ. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ვ. მ-მა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 25 აპრილის განჩინებით ვ. მ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 22 ივნისის გადაწყვეტილება. თბილისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გასაჩივრდა ვ. მ-ის მიერ.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 19 ივლისის განჩინებით ვ. მ-ის საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული.
ვ. მ-მა 2017 წლის 25 სექტემბრის განცხადებით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტის საფუძველზე (საკასაციო საჩივარზე უარის თქმის გამო) საქმის წარმოების შეწყვეტა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, წარმოდგენილი განცხადების განხილვის შედეგად მიიჩნევს, რომ ვ. მ-ის განცხადება უნდა დაკმაყოფილდეს და საკასაციო საჩივარზე შეწყდეს საქმის წარმოება, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისათვის, გარდა იმ გამონაკლისებისა, რომელთაც ეს თავი შეიცავს. ამავე კოდექსის 372-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის, ამ თავში მოცემული ცვლილებებითა და დამატებებით.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის შესაბამისად, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში მხარეები სარგებლობენ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლით მინიჭებული უფლება-მოვალეობებით, რაც ნიშნავს მხარეთა თავისუფლებას, შეხედულებისამებრ, განკარგონ თავიანთი მატერიალური და საპროცესო უფლებები: დაამთავრონ საქმე მორიგებით, მოსარჩელემ უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხემ ცნოს სარჩელი.
მოცემულ შემთხვევაში, კასატორმა საქართველოს უზენაეს სასამართლოში 2017 წლის 25 სექტემბრის წარმოდგენილი განცხადებით უარი თქვა საკასაციო საჩივარზე, რითაც მოახდინა სსკ-ის მე-3 მუხლით მინიჭებული საპროცესო უფლების რეალიზაცია, რაც სსკ-ის 272-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, მიმდინარე წარმოების შეწყვეტის საფუძველია.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სსკ-ის 272-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტისა და სსკ-ის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე საკასაციო საჩივარზე უნდა შეწყდეს საქმის წარმოება, კასატორის მიერ საკასაციო საჩივარზე უარის თქმის გამო.
ამასთან, ვ. მ-ს, სსკ-ის 49-ე მუხლის შესაბამისად, სრულად უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 18.07.2017წ. №1 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 300 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე, 272-ე, 372-ე, 378-ე, 390-ე, 399-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ვ. მ-ის განცხადება დაკმაყოფილდეს;
2. ვ. მ-ის საკასაციო საჩივარზე შეწყდეს საქმის წარმოება კასატორის მიერ საკასაციო საჩივარზე უარის თქმის გამო;
3. ვ. მ-ს (პ/ნ...) სრულად დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 18.07.2017წ. №1 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 300 ლარი.
4. განემარტოთ მხარეებს, რომ საქმეზე საკასაციო წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლოსათვის ხელმეორედ მიმართვა დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით არ დაიშვება;
5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: ვ. როინიშვილი
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
ნ. სხირტლაძე