Facebook Twitter

საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ

საქმე №ბს-736-732(კს-17) 23.09.2017 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე; მომხსენებელი)

მაია ვაჩაძე, ნუგზარ სხირტლაძე

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის შესაბამისად, ზეპირი მოსმენის გარეშე, შეამოწმა ნ. გ-ის კერძო საჩივრის დასაშვებობის საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 2 მაისის განჩინებაზე, მოწინააღმდეგე მხარის _ ქარელის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიმართ.

2017 წლის 12 იანვარს ნ. გ-მა განცხადებით მიმართა ხაშურის რაიონულ სასამართლოს, მოპასუხის - ქარელის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიმართ და გამგეობის 2013 წლის 12 აგვისტოს №78 ცნობის, 2016 წლის 1 სექტემბრის, 15 სექტემბრისა და 21 ოქტომბრის ცნობების ბათილად ცნობა მოითხოვა.

ხაშურის რაიონული სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 26 იანვრის განჩინებით საქმის წარმოება შეწყდა სარჩელის დაუშვებლობის გამო.

ხაშურის რაიონული სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 26 იანვრის განჩინებაზე კერძო საჩივარი წარადგინა ნ. გ-მა. კერძო საჩივრის ავტორმა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 2 მაისის განჩინებით ნ. გ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა ხაშურის რაიონული სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 26 იანვრის განჩინება. ამასთან, მხარეს განემარტა, რომ განჩინება საბოლოო იყო და არ საჩივრდებოდა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 2 მაისის განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა ნ. გ-მა. კერძო საჩივრის ავტორმა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და მისი სასარჩელო განცხადების დაკმაყოფილება მოითხოვა.

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ ნ. გ-ის კერძო საჩივარი განუხილველი უნდა დარჩეს დაუშვებლობის მოტივით შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის შესაბამისად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 414-ე მუხლის პირველი ნაწილი იმპერატიულად განსაზღვრავს, კერძო საჩივრის წარდგენის შესაძლებლობას, მხოლოდ სამოქალაქო საპროცესო კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ამ ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, თუ სამოქალაქო საპროცესო კოდექსი კონკრეტული ნორმის მეშვეობით პირდაპირ არ ითვალისწინებს განჩინებაზე კერძო საჩივრის შეტანას, ასეთ განჩინებაზე შეტანილი კერძო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული.

საკასაციო სასამართლო ასევე განმარტავს, რომ კერძო საჩივრის დასაშვებობის ერთ-ერთი პირობის თაობაზე მითითებულია ამავე კოდექსის 419-ე მუხლის მესამე ნაწილში, რომლის თანახმად, ზემდგომი სასამართლოს განჩინება კერძო საჩივრის თაობაზე არ გასაჩივრდება. ამ ნორმის ანალიზით ირკვევა, რომ კერძო საჩივარზე საქმის წარმოება ორსაფეხურიანია და მისი განხილვა უნდა დამთავრდეს ზემდგომი ინსტანციის სასამართლოს მიერ კერძო საჩივრით გასაჩივრებული განჩინების შემოწმებით.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში ნ. გ-ის კერძო საჩივარი შეტანილია თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 2 მაისის განჩინებაზე, რომლითაც ნ. გ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა ხაშურის რაიონული სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 26 იანვრის განჩინება.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 2 მაისის განჩინება კერძო საჩივრის თაობაზე ზემდგომი სასამართლოს მიერ გამოტანილი საბოლოო განჩინებაა და იგი სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, შემდგომ გასაჩივრებას არ ექვემდებარება, რის გამოც ნ. გ-ის კერძო საჩივარი განუხილველი უნდა დარჩეს დაუშვებლობის მოტივით.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. განუხილველად დარჩეს ნ. გ-ის კერძო საჩივარი დაუშვებლობის გამო;

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: ვ. როინიშვილი

მოსამართლეები: მ. ვაჩაძე

ნ. სხირტლაძე