№330310014000600542
საქმე №ბს-397-391(2k-4კს-15) 17 დეკემბერი, 2015 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ლევან მურუსიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მაია ვაჩაძე, ვასილ როინიშვილი
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა მ. რ-ისა და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის დიდუბის რაიონის გამგეობის საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 30 აპრილის გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
მ. რ-ემ 2014 წლის 22 სექტემბერს სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის დიდუბის რაიონის გამგეობისა და მესამე პირის ე. თ-ის მიმართ. მოსარჩელემ ქ. თბილისის დიდუბის რაიონის გამგებლის 2014 წლის 15 სექტემბრის №60 ბრძანების ბათილად ცნობა, მ. რ-ის ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის დიდუბის რაიონის გამგეობის ... განყოფილების ... თანამდებობაზე დაუყოვნებლივ აღდგენა, მოპასუხისათვის მოსარჩელის სასარგებლოდ სამსახურში იძულებით არყოფნის მთელი პერიოდის განაცდურის ანაზრაურება და სადავო აქტის ბათილად ცნობისა და სამუშაოზე აღდგენის ნაწილში დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევა მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 10 დეკემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა. ბათილად იქნა ცნობილი თბილისის დიდუბის რაიონის გამგებლის 2014 წლის 15 სექტემბრის №60 ბრძანება, მ. რ-ის გათავისუფლების თაობაზე; მოპასუხე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის დიდუბის რაიონის გამგეობას დაევალა ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციული -სამართლებრივი აქტის გამოსცემა მ. რ-ის დაუყოვნებლივ სამსახურში აღდგენის თაობაზე; დაევალა მოპასუხე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის დიდუბის რაიონის გამგეობას მოსარჩელე მ. რ-ის იძულებითი განაცდურის ანაზღაურება, მაგრამ არაუმეტეს სამი თვის თანამდებობრივი სარგოს ოდენობით; გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მესამე პუნქტი მიქცეულ იქნა დაუყოვნებლივ აღსასრულებლად. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მ. რ-ემ და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის დიდუბის რაიონის გამგეობამ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 20 აპრილის საოქმო განჩინებით არ დაკმაყოფილდა აპელანტის წარმომადგენლის ი. პ-ის შუამდგომლობა საქმის შეჩერების შესახებ იძულებითი განაცდურის ანაზღაურების ნაწილში და საკონსტიტუციო სასამართლოსადმი კონსტიტუციური წარდგინებით მიმართვის თაობაზე.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 30 აპრილის განჩინებით ადმინისტრაციულ საქმეზე №3ბ/429-15, აპელანტი (მოსარჩელე) - მ. რ-ე, აპელანტი (მოპასუხე) - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის დიდუბის რაიონის გამგეობა, დავის საგანი - აქტის ბათილად ცნობა, ახალი ადმინისტრაციული აქტის გამოცემა, განაცდურის ანაზღაურება, გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 10 დეკემბრის გადაწყვეტილება, შეჩერდა საქმის განხილვა, მ. რ-ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნის იმ ნაწილში, რომლითაც მოთხოვნილია სარჩელის სრულად დაკმაყოფილება სამსახურიდან უკანონოდ გათავისუფლების გამო იძულებით განაცდურის სრულად ანაზღაურების შესახებ, ამ საკითხზე საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების მიღებამდე.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 30 აპრილის გადაწყვეტილებით მ. რ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; მ. რ-ის სააპელაციო მოთხოვნა, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 10 დეკემბრის გადაწყვეტილების გაუქმების შესახებ იმ ნაწილში, რომლითაც მოსარჩელე სასამართლოს მიერ აღდგენილ არ იქნა პირდაპირ სასამართლოს გადაწყვეტილებით და მისი აღდგენის საკითხი სასამართლომ მოპასუხისათვის ახალი აქტის გამოცემის დავალებით განახორციელა, არ დაკმაყოფილდა; მ. რ-ის მოთხოვნა, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 13 ოქტომბრის საოქმო განჩინების (ჩანაწერი), რომლითაც დაკმაყოფილდა მოპასუხე - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის დიდუბის რაიონის გამგეობის შუამდგომლობა დამატებითი მტკიცებულების სახით ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სარევიზიო კომისიის ამონარიდის ასლის საქმეზე დართვის თაობაზე, დაკმაყოფილდა; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 13 ოქტომბრის საოქმო განჩინება ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სარევიზიო კომისიის ამონარიდის ასლის, საქმეზე მტკიცებულებების სახით დართვის თაობაზე; არ დაკმაყოფილდა მ. რ-ის სააპელაციო მოთხოვნა, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 26 სექტემბრის განჩინების იმ ნაწილში გაუქმების თაობაზე, რომლითაც არ დაკმაყოფილდა მ. რ-ის შუამდგომლობა - სარჩელის დაჩქარებული წესით განხილვაზე; არ დაკმაყოფილდა მ. რ-ის სააპელაციო მოთხოვნა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 26 სექტემბრისა (დასაბუთებული) და 2014 წლის 13 ოქტომბრის საოქმო განჩინებების გაუქმების თაობაზე იმ ნაწილში, რომლითაც აუცილებელი წესით მოსაწვევი მესამე პირის სახით (ასკ 16.2 მუხლის საფუძვლით) ჩაბმულ იქნა ე. თ-ი; დაკმაყოფილდა მ. რ-ის სააპელაციო მოთხოვნა, საქმეზე საპროცესო ვადის გაგრძელების შესახებ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 27 ოქტომბრის განჩინების გაუქმების შესახებ; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 27 ოქტომბრის განჩინება საქმეზე საპროცესო ვადის გაგრძელების შესახებ; ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის დიდუბის რაიონის გამგეობას დაეკისრა ადვოკატის ხარჯები მ. რ-ის სასარგებლოდ 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით; არ დაკმაყოფილდა მ. რ-ის სააპელაციო მოთხოვნა მოწინააღმდეგე მხარის - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის დიდუბის რაიონის გამგეობისათვის სასამართლოს გარეშე პროცესის ხარჯების ანაზღაურების დაკისრების თაობაზე, დანარჩენ ნაწილში; ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის დიდუბის რაიონის გამგეობის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 10 დეკემბრის გადაწყვეტილება დანარჩენ ნაწილში დარჩა უცვლელად.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 30 აპრილის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრეს მ. რ-ემ და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის დიდუბის რაიონის გამგეობამ.
ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის დიდუბის რაიონის გამგეობამ სარჩელის დაკმაყოფილებულ ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით მოსარჩელისათვის სასარჩელო მოთხოვნების დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
მ. რ-ემ გასაჩივრებული გადაწყვეტილებისა და იმ განჩინებების გაუქმება მოითხოვა, რომლებიც წინ უსწრებს საბოლოო გადაწყვეტილებას, იმისგან დამოუკიდებლად დასაშვები იყო თუ არა მათ მიმართ კერძო საჩივრის შეტანა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 19 ივნისის განჩინებით მ. რ-ის კერძო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 6 მაისის განჩინებაზე დატოვებულ იქნა განუხილველად.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 22 ივნისის განჩინებით მ. რ-ის წარმომადგენლის ი. პ-ის კერძო საჩივარი დარჩა განუხილველად დაუშვებლობის გამო.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 16 ნოემბრის განჩინებით მ. რ-ისა და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის დიდუბის გამგეობის კერძო საჩივრები არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 30 აპრილის განჩინება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 16 ნოემბრის განჩინებით მ. რ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 1 ივნისის განჩინება;
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრების დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მ. რ-ის საკასაციო საჩივარი მთლიანად და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის დიდუბის რაიონის გამგეობის საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ (გარდა მ. რ-ის სასარგებლოდ ადვოკატის ხარჯების - 500 ლარის ანაზღაურების ნაწილში) არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, როგორიცაა: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით და არსებობს ვარაუდი, რომ მას შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. კასატორები ვერ ასაბუთებენ საკასაციო საჩივრების დაუშვებელ ნაწილებში სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით. კასატორები საკასაციო საჩივრებში ვერ აქარწყლებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო საჩივრები - გარდა მ. რ-ის სასარგებლოდ ადვოკატის ხარჯების - 500 ლარის ანაზღაურების ნაწილისა არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განჩინებით საკასაციო სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება ამ კატეგორიის დავებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებულ პრაქტიკას.
ამასთან, საკასაციო საჩივრების მითითებულ ნაწილში განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
გარდა ამისა, საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 30 აპრილის განჩინებით ადმინისტრაციულ საქმეზე შეჩერდა საქმის განხილვა, მ. რ-ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნის იმ ნაწილში, რომლითაც მოთხოვნილი იყო სარჩელის სრულად დაკმაყოფილება სამსახურიდან უკანონოდ გათავისუფლების გამო იძულებით განაცდურის სრულად ანაზღაურების შესახებ, ამ საკითხზე საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების მიღებამდე. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ 2015 წლის 31 ივლისს აღნიშნულ საკითხზე მიღებულ იქნა გადაწყვეტილება. ამდენად, სააპელაციო სასამართლომ საქმის დაბრუნების შემდეგ სამსახურიდან უკანონოდ გათავისუფლების გამო იძულებით განაცდურის სრულად ანაზღაურების შესახებ მოთხოვნის ნაწილში უნდა განაახლოს საქმის წარმოება და ამ ნაწილში განიხილოს დავა.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას მ. რ-ისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის დიდუბის რაიონის გამგეობის საკასაციო საჩივრები, რის გამოც კასატორებს უარი უნდა ეთქვათ საკასაციო საჩივრების განხილვაზე, გარდა, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის დიდუბის რაიონის გამგეობის საკასაციო საჩივრის იმ ნაწილისა, რომლითაც კასატორი ითხოვს - მ. რ-ის სასარგებლოდ მისთვის ადვოკატის ხარჯების - 500 ლარის ანაზღაურების დაკისრების ნაწილში გადაწყვეტილების გაუქმებას.
ამასთან, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის დიდუბის რაიონის გამგეობის საკასაციო საჩივარი მ. რ-ის სასარგებლოდ ადვოკატის ხარჯების - 500 ლარის ანაზღაურების ნაწილში თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 30 აპრილის გადაწყვეტილების გაუქმების მოთხოვნით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, მიჩნეულ უნდა იქნეს დასაშვებად შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, მოცემულ შემთხვევაში არსებობს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ” ქვეპუნქტით განსაზღვრული ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის დიდუბის რაიონის გამგეობის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძველი, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება მ. რ-ის სასარგებლოდ ადვოკატის ხარჯების - 500 ლარის ანაზღაურების ნაწილში განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის დიდუბის რაიონის გამგეობის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 30 აპრილის გადაწყვეტილებაზე, მ. რ-ის სასარგებლოდ ადვოკატის ხარჯების - 500 ლარის ანაზღაურების დაკისრების ნაწილში განსახილველად უნდა იქნეს დაშვებული და განხილულ იქნეს ზეპირი მოსმენის გარეშე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მ. რ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის დიდუბის რაიონის გამგეობის საკასაციო საჩივარი მ. რ-ის სასარგებლოდ ადვოკატის ხარჯების - 500 ლარის მისთვის დაკისრების ნაწილში მიჩნეულ იქნეს დასაშვებად და განხილულ იქნეს ზეპირი მოსმენის გარეშე;
3. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის დიდუბის რაიონის გამგეობის საკასაციო საჩივარი დანარჩენ ნაწილში მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 30 აპრილის გადაწყვეტილება, გარდა მ. რ-ის სასარგებლოდ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის დიდუბის რაიონის გამგეობისათვის ადვოკატის ხარჯების - 500 ლარის დაკისრების ნაწილისა, დარჩეს უცვლელად.
5. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. მურუსიძე
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
ვ. როინიშვილი