Facebook Twitter

№330310014591987

საქმე №ბს-776-768(2k-4კს-15) 17 დეკემბერი, 2015 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ლევან მურუსიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მაია ვაჩაძე, ვასილ როინიშვილი

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის შესაბამისად, ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა ლ. ხ-ის, ნ. ქ-ასა და გ. ბ-ას კერძო საჩივრები თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 24 სექტემბრის განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

ლ. ხ-მა, ნ. ქ-ამ და გ. ბ-ამ 2014 წლის 11 სექტემბერს სასარჩელო განცხადებით მიმართეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და მესამე პირის გ. ა-ის მიმართ, რომლითაც მოპასუხის „ლ. ხ-ის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ“ 2014 წლის 22 აგვისტოს №274 ბრძანების, „ნ. ქ-ას გათავისუფლების შესახებ“ 2014 წლის 22 აგვისტოს №273 ბრძანებისა და „გ. ბ-ას გათავისუფლების შესახებ“ 2014 წლის 22 აგვისტოს №275 ბრძანების ძალაში შესვლის დღიდან ბათილად ცნობა, მოსარჩელეთა გათავისუფლებამდე დაკავებულ თანამდებობაზე აღდგენა, სამსახურში არყოფნის მთელი პერიოდის მანძილზე იძულებითი განაცდური ხელფასის სრული ანაზღაურება და პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევა მოითხოვეს.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 27 იანვრის გადაწყვეტილებით ლ. ხ-ის, ნ. ქ-ასა და გ. ბ-ას სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ბათილად იქნა ცნობილი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერის 2014 წლის 22 აგვისტოს №274 ბრძანება ლ. ხ-ის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ; ბათილად იქნა ცნობილი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერის 2014 წლის 22 აგვისტოს №273 ბრძანება ნ. ქ-ას თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ; ბათილად იქნა ცნობილი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერის 2014 წლის 22 აგვისტოს №275 ბრძანება გ. ბ-ას თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ; ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას დაევალა ლ. ხ-ის გათავისუფლებამდე დაკავებულ თანამდებობაზე აღდგენა; ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას დაევალა ნ. ქ-ას გათავისუფლებამდე დაკავებულ თანამდებობაზე აღდგენა; ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას დაევალა გ. ბ-ას გათავისუფლებამდე დაკავებულ თანამდებობაზე აღდგენა; ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას დაევალა ლ. ხ-ისთვის 3 თვის იძულებით გაცდენილი პერიოდის შრომის ანაზღაურების გადახდა; ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას დაევალა ნ. ქ-ასთვის 3 თვის იძულებით გაცდენილი პერიოდის შრომის ანაზღაურების გადახდა; ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას დაევალა გ. ბ-ასთვის 3 თვის იძულებით გაცდენილი პერიოდის შრომის ანაზღაურების გადახდა; მოსარჩელეებს გ. ბ-ას, ნ. ქ-ასა და ლ. ხ-ს უარი ეთქვათ აგვისტოს თვის ხელფასის ანაზღაურებაზე.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 27 იანვრის განჩინებით განისაზღვრა, რომ გადაწყვეტილება ლ. ხ-ის, ნ. ქ-ასა და გ. ბ-ას გათავისუფლებამდე დაკავებულ თანამდებობაზე აღდგენის შესახებ აღსრულდეს დაუყოვნებლივ.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 27 იანვრის გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრეს ლ. ხ-მა, ნ. ქ-ამ, გ. ბ-ამ და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 29 ივლისის გადაწყვეტილებით ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ლ. ხ-ის, ნ. ქ-ასა და გ. ბ-ას სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 27 იანვრის გადაწყვეტილების შეცვლით საქმეზე მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; ლ. ხ-ის, ნ. ქ-ასა და გ. ბ-ას სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ბათილად იქნა ცნობილი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2014 წლის 22 აგვისტოს №274 ბრძანება ლ. ხ-ის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას დაევალა ლ. ხ-ის აღდგენა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ... საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილედ; ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას დაევალა ლ. ხ-ისათვის იძულებითი განაცდურის ანაზღაურება 3 თვის სახელფასო სარგოს ოდენობით; ბათილად იქნა ცნობილი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2014 წლის 22 აგვისტოს №273 ბრძანება ნ. ქ-ას თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ; ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას დაევალოს ნ. ქ-ას ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ... საქალაქო სამსახურში ... განყოფილების ... თანამდებობაზე აღდგენა; ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას დაევალა ნ. ქ-ასათვის იძულებითი განაცდურის ანაზღაურება 3 თვის სახელფასო სარგოს ოდენობით; ბათილად იქნა ცნობილი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2014 წლის 22 აგვისტოს №275 ბრძანება გ. ბ-ას თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ; ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას დაევალა გ. ბ-ასათვის შრომითი ხელშეკრულების ვადაზე ადრე შეწყვეტით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება მხარეთა შორის შეთანხმებული სახელფასო სარგოს ოდენობით 2014 წლის 22 აგვისტოდან 2014 წლის 1 ოქტომბრამდე. გ. ბ-ას მოთხოვნა თავდაპირველ თანამდებობაზე აღდგენის ნაწილში არ დაკმაყოფილდა; მოსარჩელეების მოთხოვნა გათავისუფლებიდან სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებამდე სამსახურში არყოფნის მთელი პერიოდის განმავლობაში იძულებითი განაცდურის ანაზღაურებისა და აგვისტოს თვის ხელფასის ანაზღაურების თაობაზე არ დაკმაყოფილდა; ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას მოსარჩელეთა - ლ. ხ-ის, ნ. ქ-ასა და გ. ბ-ას სასარგებლოდ დაეკისრა ადვოკატისათვის გაწეული ხარჯის ანაზღაურება 2000 ლარის ოდენობით, დანარჩენი ხარჯების ანაზღაურებაზე მოსარჩელეებს ეთქვათ უარი; ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის კერძო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 27 იანვრის განჩინება პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადაცემის თაობაზე. განიმარტა, რომ გადაწყვეტილება ამ ნაწილში საბოლოოა და არ საჩივრდება. მოსარჩელეთა შუამდგომლობა გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადაცემის თაობაზე დაკმაყოფილდა; თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 29 ივლისის გადაწყვეტილება გადაეცა დაუყოვნებლივ აღსასრულებლად. გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულებისათვის გადაცემის ნაწილში გადაწყვეტილების შესაძლებლობა განემარტათ მხარეებს კერძო საჩივრით.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 29 ივლისის განჩინებით ლ. ხ-ის, ნ. ქ-ასა და გ. ბ-ას კერძო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 24 მარტის განჩინება და ლ. ხ-ის, ნ. ქ-ასა და გ. ბ-ას შუამდგომლობაზე შეწყდა საქმის წარმოება დავის საგნის არარსებობის მოტივით.

2015 წლის 21 სექტემბერს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას შუამდგომლობით მიმართა ლ. ხ-ის, ნ. ქ-ასა და გ. ბ-ას წარმომადგენელმა ი. პ-მა, რომლითაც მოითხოვა გადაწყვეტილების განმარტება ლ. ხ-ისათვის მიკუთვნებული სახელფასო სარგოს ნაწილში. კერძოდ, ლ. ხ-ისათვის სააპელაციო პალატის გადაწყვეტილებით მიკუთვნებული განაცდური სახელფასო სარგო, სამსახურში იძულებითი არყოფნისთვის მოიცავს მხოლოდ 3 - თვის თანამდებობრივ სარგოს, თუ გულისხმობს ასევე დანმატს 3 თვის ოდენობით, რაც დაწესებული ჰქონდა ლ. ხ-ს ყოველი მომდევნო თვისთვის.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 24 სექტემბრის განჩინებით ლ. ხ-ის, ნ. ქ-ას და გ. ბ-ას წარმომადგენლის ი. პ-ის განცხადება, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 29 ივლისის გადაწყვეტილების განმარტების თაობაზე, დაკმაყოფილდა; თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 29 ივლისის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტის მესამე წინადადების შინაარსი განიმარტა შემდეგნაირად: ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას დაევალოს ლ. ხ-ისათვის იძულებითი განაცდურის ანაზღაურება 3 თვის თანამდებობრივი სარგოს ოდენობით. აღნიშნული განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა ლ. ხ-ის, ნ. ქ-ასა და გ. ბ-ას წარმომადგენელმა ი. პ-მა.

კერძო საჩივრის ავტორმა მიუთითა, რომ სასამართლომ აპელანტის საწინააღმდეგოდ განმარტა 3 თვის თანამდებობრივი სარგო, იმ პირობებში, როდესაც არ იქნა გათვალისწინებული „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 37-ე მუხლი პირველი ნაწილის მე-2 წინადადება, რომლის გათვალისწინებით, „მოსამსახურის შრომითი გასამრჯელო (ხელფასი) მოიცავს თანამდებობრივ სარგოს, პრემიას და კანონით გათვალისწინებულ დანამატებს“. არსებული განმარტებით გაუარესდა აპელანტის სამართლებრივი მდგომარეობა, ხოლო მხარის ინიციატივით საპროცესო მოქმედების შესრულებას და საკითხის დადებითად გადაწყვეტას არასოდეს არ უნდა მოჰყვეს შუამდგომლობის ინიციატორი მხარის უფლებების იმაზე უარესად გადაწყვეტა, ვიდრე ეს არსებობდა შუამდგომლობის დაყენებამდე. სამართლებრივი მდგომარეობის საუარესოდ შებრუნების დაუშვებლობა ვრცელდება ყველა საპროცესო მოქმედების მიმართ და საკითხის დაკმაყოფილებით არ უნდა შეინიღბოს პირის სამართლებრივი მდგომარეობის გაუარესება. კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებით „დაკმაყოფილება“ მოიცავს როგორც მინიმუმ საკითხის დაყენებამდე არსებული სამართლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესებას და არა გაუარესებას. წარმოუდგენელია, საპროცესო მოქმედების მომთხოვნი მხარის შუამდგომლობის დაკმაყოფილებით გაუარესდეს პირის მანამდე არსებული სამართლებრივი მოცემულობა, მით უფრო მაშინ, როდესაც ამას საერთოდ არ ითხოვს მისი მოწინააღმდეგე მხარე. გასაჩივრებული განჩინება ეწინააღმდეგება საპროცესო სამართლის უზოგადეს პრინციპს - სამართლებრივი მდგომარეობის საუარესოდ შებრუნების დაუშვებლობას, რის გამოც კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებით სააპელაციო პალატის 2015 წლის 24 სექტემბრის განჩინება უკანონო, უსაფუძვლო და დაუსაბუთებელია.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატა საქმის მასალების გაცნობის, კერძო საჩივრის საფუძვლიანობისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ლ. ხ-ის, ნ. ქ-ასა და გ. ბ-ას წარმომადგენლის ი. პ-ის კერძო საჩივარი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს, შესაბამისად, უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 24 სექტემბრის განჩინება შემდეგ გარემოებათა გამო:

ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის მიხედვით, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.

იმავე კოდექსის 404-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკასაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას საკასაციო საჩივრის ფარგლებში, ხოლო 410-ე მუხლის მიხედვით, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი.

მოცემულ შემთხვევაში, სადავოა, მხარის შუამდგომლობის საფუძველზე სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის განმარტება იმგვარად, რომ სრულად არ იქნეს გათვალისწინებული მხარის მითითება განსამარტ საკითხთან მიმართებაში.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 262-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, გადაწყვეტილების გამომტან სასამართლოს უფლება აქვს, მხარეთა ან სასამართლო აღმასრულებლის განცხადებით, გადაწყვეტილების აღსრულების ხელშეწყობის მიზნით, განმარტოს გადაწყვეტილება სარეზოლუციო ნაწილის შეუცვლელად მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის შინაარსი ბუნდოვანია. განცხადების შეტანა გადაწყვეტილების განმარტების შესახებ დასაშვებია, თუ გადაწყვეტილება ჯერ არ არის აღსრულებული და თუ არ გასულა ვადა, რომლის განმავლობაშიც გადაწყვეტილება შეიძლება აღსრულდეს. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 262-ე მუხლის პირველი ნაწილიდან გამომდინარე, გადაწყვეტილების განმარტება დაიშვება მხოლოდ გადაწყვეტილების აღსრულების ხელშეწყობის მიზნით, ამასთან, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის შეუცვლელად და იმ შემთხვევაში, თუ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის შინაარსი ბუნდოვანია. გადაწყვეტილების განმარტება მისი ნაკლოვანების აღმოფხვრის ერთ-ერთი საშუალებაა. გადაწყვეტილება იმ შემთხვევაში განიმარტება, როდესაც მისი შინაარსი არის ბუნდოვანი, გაურკვეველი ან წინააღმდეგობრივი. გაურკვევლობა უნდა ეხებოდეს სასამართლო გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილს. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 262-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, გადაწყვეტილების განმარტების წინაპირობა გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის ბუნდოვნებაა. გადაწყვეტილების გამომტანი სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების განმარტების მიცემაში პრიორიტეტულია არა მხარის სურვილი, მოისმინოს მიღებული გადაწყვეტილების დამატებითი არგუმენტები, არამედ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის შინაარსის ბუნდოვანება. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 29 ივლისის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილში არსებული ბუნდოვანება ამავე სასამართლოს 2015 წლის 24 სექტემბრის განჩინებით აღმოფხვრილია და იგი არ საჭიროებს დამატებით განმარტებას, მისი დასაბუთება მოცემულია ამავე გაჩინების სამოტივაციო ნაწილში, ხოლო სარეზოლუციო ნაწილის შინაარსი სავსებით ცხადია. შესაბამისად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინებით სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 262-ე მუხლით გათვალისწინებულ ფარგლებში და წესით განმარტებულ იქნა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 29 ივლისის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი. ვინაიდან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 262-ე მუხლი იძლევა გადაწყვეტილების განმარტების შესაძლებლობას მისი შინაარსის შეუცვლელად, სასამართლო არ არის უფლებამოსილი, გადაწყვეტილების განმარტების მოტივით, თუნდაც ნაწილობრივ შეცვალოს იგი ან შეეხოს ისეთ საკითხს, რომელიც არ იყო მისი მსჯელობის საგანი.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ კერძო საჩივრის ავტორმა სასამართლოს წარუდგინა გადაწყვეტილების განმარტების მისთვის მისაღები ვერსია. სასამართლომ არ გაიზიარა მხარის ინტერპრეტაცია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტთან მიმართებაში. ამასთან, დაეთანხმა მხარის მოსაზრებას გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის ბუნდოვანების შესახებ, რადგან გადაწყვეტილების ბუნდოვანება არსებობს, როდესაც იგი იძლევა სარეზოლუციო ნაწილის ინტერპრეტაციის შესაძლებლობას. სააპელაციო პალატამ თავისი გადაწყვეტილება განმარტა სწორედ ისე და იმ ფარგლებში, რასაც იგი გულისხმობდა გადაწყვეტილების მიღებისას. ამდენად, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 24 სექტემბრის განჩინებით ლ. ხ-ის, ნ. ქ-ასა და გ. ბ-ას წარმომადგენლის ი. პ-ის განცხადება, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 29 ივლისის გადაწყვეტილების განმარტების თაობაზე, დაკმაყოფილდა; თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 29 ივლისის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტის მესამე წინადადების შინაარსი განიმარტა შემდეგნაირად: ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას დაევალოს ლ. ხ-ისათვის იძულებითი განაცდურის ანაზღაურება 3 თვის თანამდებობრივი სარგოს ოდენობით. შესაბამისად, კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრება იმის შესახებ, რომ სასამართლომ არ გაითვალისწინა „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის მე-2 წინადადება - საკასაციო პალატის აზრით სცილდება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 262-ე მუხლით გათვალისწინებული გადაწყვეტილების განმარტების ფარგლებს და არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 29 ივლისის გადაწყვეტილების განმარტების გზით მისი გათვალისწინების შესაძლებლობა. მით უფრო იმ პირობებში, როდესაც გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილში არსებული ბუნდოვანება აღმოფხვრიალია თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 24 სექტემბრის განჩინებით, გადაწყვეტილების ყველა ნაწილი გასაგებადაა ჩამოყალიბებული და აღარ შეიცავს ურთიერთგამომრიცხავ ან შეუსაბამო დებულებებს, ხოლო გადაწყვეტილების განმარტების ფორმით გადაწყვეტილების შეცვლა ან ახალი გადაწყვეტილების მიღება დაუშვებელია.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ ლ. ხ-ის, ნ. ქ-ასა და გ. ბ-ას წარმომადგენლის ი. პ-ის კერძო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 24 სექტემბრის განჩინების გაუქმებისა და ამავე სასამართლოს 2015 წლის 29 ივლისის გადაწყვეტილების ხელახლა განმარტების მიზნით საქმის სააპელაციო სასამართლოსათვის დაბრუნების თაობაზე უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 262-ე, 419-420-ე მუხლებით, 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ლ. ხ-ის, ნ. ქ-ას და გ. ბ-ას წარმომადგენლის ი. პ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 24 სექტემბრის განჩინება;

4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. მურუსიძე

მოსამართლეები: მ. ვაჩაძე

ვ. როინიშვილი