Facebook Twitter

№330310014591987

საქმე №ბს-776-768(2k-4კს-15) 17 დეკემბერი, 2015 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ლევან მურუსიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მაია ვაჩაძე, ვასილ როინიშვილი

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის შესაბამისად, ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის კერძო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 29 ივლისის გადაწყვეტილებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

ლ. ხ-მა, ნ. ქ-ამ და გ. ბ-ამ 2014 წლის 11 სექტემბერს სასარჩელო განცხადებით მიმართეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და მესამე პირის გ. ა-ის მიმართ, რომლითაც მოპასუხის „ლ. ხ-ის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ“ 2014 წლის 22 აგვისტოს №274 ბრძანების, „ნ. ქ-ას გათავისუფლების შესახებ“ 2014 წლის 22 აგვისტოს №273 ბრძანებისა და „გ. ბ-ას გათავისუფლების შესახებ“ 2014 წლის 22 აგვისტოს №275 ბრძანების ძალაში შესვლის დღიდან ბათილად ცნობა, მოსარჩელეთა გათავისუფლებამდე დაკავებულ თანამდებობაზე აღდგენა, სამსახურში არყოფნის მთელი პერიოდის მანძილზე იძულებითი განაცდური ხელფასის სრული ანაზღაურება და პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევა მოითხოვეს.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 27 იანვრის გადაწყვეტილებით ლ. ხ-ის, ნ. ქ-ასა და გ. ბ-ას სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ბათილად იქნა ცნობილი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერის 2014 წლის 22 აგვისტოს №274 ბრძანება ლ. ხ-ის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ; ბათილად იქნა ცნობილი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერის 2014 წლის 22 აგვისტოს №273 ბრძანება ნ. ქ-ას თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ; ბათილად იქნა ცნობილი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერის 2014 წლის 22 აგვისტოს №275 ბრძანება გ. ბ-ას თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ; ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას დაევალა ლ. ხ-ის გათავისუფლებამდე დაკავებულ თანამდებობაზე აღდგენა; ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას დაევალა ნ. ქ-ას გათავისუფლებამდე დაკავებულ თანამდებობაზე აღდგენა; ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას დაევალა გ. ბ-ას გათავისუფლებამდე დაკავებულ თანამდებობაზე აღდგენა; ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას დაევალა ლ. ხ-ისთვის 3 თვის იძულებით გაცდენილი პერიოდის შრომის ანაზღაურების გადახდა; ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას დაევალა ნ. ქ-ასთვის 3 თვის იძულებით გაცდენილი პერიოდის შრომის ანაზღაურების გადახდა; ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას დაევალა გ. ბ-ასთვის 3 თვის იძულებით გაცდენილი პერიოდის შრომის ანაზღაურების გადახდა; მოსარჩელეებს გ. ბ-ას, ნ. ქ-ასა და ლ. ხ-ს უარი ეთქვათ აგვისტოს თვის ხელფასის ანაზღაურებაზე.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 27 იანვრის განჩინებით განისაზღვრა, რომ გადაწყვეტილება ლ. ხ-ის, ნ. ქ-ასა და გ. ბ-ას გათავისუფლებამდე დაკავებულ თანამდებობაზე აღდგენის შესახებ აღსრულდეს დაუყოვნებლივ.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 27 იანვრის გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრეს ლ. ხ-მა, ნ. ქ-ამ, გ. ბ-ამ და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 29 ივლისის გადაწყვეტილებით ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ლ. ხ-ის, ნ. ქ-ასა და გ. ბ-ას სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 27 იანვრის გადაწყვეტილების შეცვლით საქმეზე მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; ლ. ხ-ის, ნ. ქ-ასა და გ. ბ-ას სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ბათილად იქნა ცნობილი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2014 წლის 22 აგვისტოს №274 ბრძანება ლ. ხ-ის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას დაევალა ლ. ხ-ის აღდგენა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ... საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილედ; ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას დაევალა ლ. ხ-ისათვის იძულებითი განაცდურის ანაზღაურება 3 თვის სახელფასო სარგოს ოდენობით; ბათილად იქნა ცნობილი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2014 წლის 22 აგვისტოს №273 ბრძანება ნ. ქ-ას თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ; ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას დაევალა ნ. ქ-ას ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ... საქალაქო სამსახურში ... განყოფილების ... თანამდებობაზე აღდგენა; ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას დაევალა ნ. ქ-ასათვის იძულებითი განაცდურის ანაზღაურება 3 თვის სახელფასო სარგოს ოდენობით; ბათილად იქნა ცნობილი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2014 წლის 22 აგვისტოს №275 ბრძანება გ. ბ-ას თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ; ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას დაევალა გ. ბ-ასათვის შრომითი ხელშეკრულების ვადაზე ადრე შეწყვეტით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება მხარეთა შორის შეთანხმებული სახელფასო სარგოს ოდენობით 2014 წლის 22 აგვისტოდან 2014 წლის 1 ოქტომბრამდე. გ. ბ-ას მოთხოვნა თავდაპირველ თანამდებობაზე აღდგენის ნაწილში არ დაკმაყოფილდა; მოსარჩელეების მოთხოვნა გათავისუფლებიდან სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებამდე სამსახურში არყოფნის მთელი პერიოდის განმავლობაში იძულებითი განაცდურის ანაზღაურებისა და აგვისტოს თვის ხელფასის ანაზღაურების თაობაზე არ დაკმაყოფილდა; ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას მოსარჩელეთა - ლ. ხ-ის, ნ. ქ-ასა და გ. ბ-ას სასარგებლოდ დაეკისრა ადვოკატისათვის გაწეული ხარჯის ანაზღაურება 2000 ლარის ოდენობით, დანარჩენი ხარჯების ანაზღაურებაზე მოსარჩელეებს ეთქვათ უარი; ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის კერძო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 27 იანვრის განჩინება პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადაცემის თაობაზე. განიმარტა, რომ გადაწყვეტილება ამ ნაწილში საბოლოოა და არ საჩივრდება. მოსარჩელეთა შუამდგომლობა გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადაცემის თაობაზე დაკმაყოფილდა; თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 29 ივლისის გადაწყვეტილება გადაეცა დაუყოვნებლივ აღსასრულებლად. გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულებისათვის გადაცემის ნაწილში გადაწყვეტილების შესაძლებლობა განემარტათ მხარეებს კერძო საჩივრით.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 29 ივლისის განჩინებით ლ. ხ-ის, ნ. ქ-ასა და გ. ბ-ას კერძო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 24 მარტის განჩინება და ლ. ხ-ის, ნ. ქ-ასა და გ. ბ-ას შუამდგომლობაზე შეწყდა საქმის წარმოება დავის საგნის არარსებობის მოტივით.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 29 ივლისის გადაწყვეტილების ნაწილი კერძო საჩივრით და ნაწილი საკასაციო საჩივრით გაასაჩივრა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ.

კერძო საჩივრის ავტორმა აღნიშნა, რომ როდესაც არსებობს გადაწყვეტილების გასაჩივრების შესაძლებლობა იგი არ უნდა მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად, რადგან შესაძლებელია უზენაესმა სასამართლომ გააუქმოს აღსრულებული გადაწყვეტილება, რამდენადაც სასამართლოს არ გამოუკვლევია მთელი რიგი საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებები. სააპელაციო სასამართლომ ისე აღადგინა მოსარჩელეები თანამდებობებზე, რომ სავალდებულო მესამე პირებად საქმეში არ ჩართო ამ თანამდებობებზე მომუშავე პირები, არ გაარკვია არსებობს თუ არა ახალ შექმნილ სამსახურში ძველი თანამდებობების თანასწორი თანამდებობები და რამდენად არის შესაძლებელი ამ თანამდებობებზე მოსარჩელეების აღდგენა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო წარმოდგენილი კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს შეუძლია მხარეთა თხოვნით მთლიანად ან ნაწილობრივ დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადასცეს გადაწყვეტილებები: ალიმენტის მიკუთვნების შესახებ; დასახიჩრებით ან ჯანმრთელობის სხვა დაზიანებით, აგრეთვე მარჩენალის სიკვდილით გამოწვეული ზიანის ასანაზღაურებლად გადასახადების დაკისრების შესახებ; მუშაკისათვის არა უმეტეს 3 თვის ხელფასის მიკუთვნების შესახებ; უკანონოდ დათხოვნილი ან გადაყვანილი მუშაკის სამუშაოზე აღდგენის შესახებ; თამასუქისა და ჩეკის თაობაზე გამოტანილი გადაწყვეტილებები; ყველა სხვა საქმეზე, თუ განსაკუთრებულ გარემოებათა გამო გადაწყვეტილების აღსრულების დაყოვნებამ შეიძლება გადამხდევინებელს მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენოს, ან თუ გადაწყვეტილების აღსრულება შეუძლებელი აღმოჩნდება.

მითითებული ნორმა შეიცავს გადაწყვეტილებათა იმ კატეგორიის ჩამონათვალს, რომლებიც შესაძლოა დაუყოვნებლივ აღსრულდეს, თუმცა აღნიშნული ჩამონათვალი ამომწურავი არ არის. მოცემულ შემთხვევაში გასაჩივრებული გადაწყვეტილებით სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიექცა სააპელაციო პალატის გადაწყვეტილება ლ. ხ-ისა და ნ. ქ-ას თანამდებობაზე აღდგენის თაობაზე.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატამ ზემოაღნიშნული კანონის დანაწესისა და საქმის ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინების საფუძველზე სავსებით მართებულად მიაქცია სადავო გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ აღსასრულებლად.

ამასთან, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ამ ეტაპზე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის კერძო საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი შესაძლებლობა აღარ არსებობს, რადგან საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 17 დეკემბრის განჩინებით ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა დაუშვებლად.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატის გადაწყვეტილების კერძო საჩივრით გასაჩივრებული ნაწილის გაუქმების იურიდიული საფუძველი არ არსებობს და იგი უნდა დარჩეს უცვლელად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევის ნაწილში უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 29 ივლისის გადაწყვეტილება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. მურუსიძე

მოსამართლეები: მ. ვაჩაძე

ვ. როინიშვილი