N010310013307347
ბს-541-538(უს-17) 03 აგვისტო, 2017 წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, ვასილ როინიშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა ბ. ბ-ის წარმომადგენლის ნ. მ-ის საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 04.04.2017წ. განჩინებაზე
აღწერილობითი ნაწილი:
04.09.2013წ. მ. ც-ემ სასარჩელო განცხადებით მიმართა ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოპასუხეების ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს, აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს, აჭარის ა/რ მთავრობის, საქართველოს მთავრობის, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ხელვაჩაურის სარეგისტრაციო სამსახურის, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურის მიმართ და სასარჩელო მოთხოვნების დაზუსტების შემდეგ მოითხოვა: ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის 06.03.2009წ №01-13/76 მიმართვის (მ. ც-ის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებასთან ზედდების - 922.8 კვ.მ მიწის ნაკვეთის ნაწილში),საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ხელვაჩაურის სარეგისტრაციო სამსახურის 12.03.2009წ. №882009062369-06 გადაწყვეტილების (მ. ც-ის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებასთან ზედდების - 922.8 კვ.მ მიწის ნაკვეთის ნაწილში), ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 09.10.2009წ. №10-1 განკარგულების (მ. ც-ის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებასთან ზედდების - 922.8 კვ.მ მიწის ნაკვეთის ნაწილში), აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს 15.10.2009წ. №01-22/3586 მიმართვის (მ. ც-ის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებასთან ზედდების - 922.8 კვ.მ მიწის ნაკვეთის ნაწილში), საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ხელვაჩაურის სარეგისტრაციო სამსახურის 19.10.2009წ. №882009328254 -03 გადაწყვეტილების (მ. ც-ის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებასთან ზედდების - 922.8 კვ.მ მიწის ნაკვეთის ნაწილში), აჭარის ა/რ მთავრობის 15.09.2009წ.№82 განკარგულების და აჭარის ა/რ მთვარობის თავმჯდომარის 22.09.2009წ. №140 ბრძანების (მ. ც-ის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებასთან ზედდების - 922,8 კვ.მ მიწის ნაკვეთის ნაწილში), აჭარის ა/რ და კომპანია ,,...-ს“ შორის 28.09.2009წ. გაფორმებული შეთანხმების აქტის (მ. ც-ის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებასთან ზედდების - 922,8 კვ.მ მიწის ნაკვეთის ნაწილში), აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსა და კომპანია ,,...-ს“ შორის 29.10.2009წ. დადებული ნასყიდობის ხელშეკრულების (მ. ც-ის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებასთან ზედდების - 922,8 კვ.მ მიწის ნაკვეთის ნაწილში), აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის 27.10.2009წ. №728 ბრძანების (მ. ც-ის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებასთან ზედდების - 922,8 კვ.მ მიწის ნაკვეთის ნაწილში), აჭარის ა/რ მთავრობის თავმჯდომარის 27.10.2009წ. №156 ბრძანების (მ. ც-ის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებასთან ზედდების - 922,8 კვ.მ მიწის ნაკვეთის ნაწილში), აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს 29.10.2009წ. გამოცემული №1063-ა საკუთრების უფლების მოწმობის (მ. ც-ის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებასთან ზედდების - 922,8 კვ.მ მიწის ნაკვეთის ნაწილში), საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ხელვაჩაურის სარეგისტრაციო სამსახურის 04.11.2009წ. №882009349295-03 გადაწყვეტილების (მ. ც-ის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებასთან ზედდების - 922.8 კვ.მ მიწის ნაკვეთის ნაწილში), საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურის 17.04.2012წ. №882012159566-03 გადაწყვეტილების (მ. ც-ის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებასთან ზედდების - 922.8 კვ.მ მიწის ნაკვეთის ნაწილში), საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურის 02.05.2012წ. №882012175464-03 გადაწყვეტილების (მ. ც-ის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებასთან ზედდების - 922.8 კვ.მ მიწის ნაკვეთის ნაწილში), საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურის 03.05.2012წ. №882012175525-05 გადაწყვეტილების (მ. ც-ის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებასთან ზედდების - 922.8 კვ.მ მიწის ნაკვეთის ნაწილში), საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურის მიერ 07.06.2012წ. №882012175568-05 გადაწყვეტილების (მ. ც-ის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებასთან ზედდების - 922 კვ.მ მიწის ნაკვეთის ნაწილში), აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს 11.02.2009წ. №01-22/410 მიმართვის (მ. ც-ის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებასთან ზედდების - 46.1 კვ.მ მიწის ნაკვეთის ნაწილში), საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ხელვაჩაურის სარეგისტრაციო სამსახურის 19.02.2009წ. №882009036775-03 გადაწყვეტილების (მ. ც-ის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებასთან ზედდების - 46.1 კვ.მ მიწის ნაკვეთის ნაწილში), საქართველოს მთავრობის თავმჯდომარის 02.06.2010წ. №684 განკარგულების (მ. ც-ის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებასთან ზედდების - 46.1 კვ.მ მიწის ნაკვეთის ნაწილში), უძრავი ქონების გადაცემის 09.08.2010წ. ხელშეკრულების (მ. ც-ის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებასთან ზედდების - 46.1 კვ.მ მიწის ნაკვეთის ნაწილში), საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ხელვაჩაურის სარეგისტრაციო სამსახურის 19.08.2010წ. №882010737705-07 გადაწყვეტილების (მ. ც-ის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებასთან ზედდების - 46.1 კვ.მ მიწის ნაკვეთის ნაწილში), საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურის 13.06.2012წ. №882012259554-03 გადაწყვეტილების (მ. ც-ის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებასთან ზედდების - 46.1 კვ.მ მიწის ნაკვეთის ნაწილში), აჭარის ა/რ ფინასთა და ეკონომიკის სამინისტროს 21.02.2012წ. №01-10/951 მიმართვის, „ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ“ აჭარის ა/რ მთავრობის თავმჯდომარის 07.11.2013წ. №271 ბრძანების, „სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ“ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურის 05.08.2013წ. №882013347724-07 გადაწყვეტილების, „სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ“ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურის 08.09.2013წ. №882013347724-08 გადაწყვეტილების, „ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე“ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 23.10.2013წ. გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურისთვის ქ.ბათუმში, ... დასახლებაში მდებარე მიწის ნაკვეთზე (ს/კ ...) მ. ც-ის საკუთრების უფლების რეგისტრაციის თაობაზე ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება.
მოსარჩელემ აღნიშნა, რომ მ.გ-ისგან ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფ. ... შეიძინა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 968 კვ.მ მიწის ნაკვეთი. აღნიშნული მიწის ნაკვეთის შეძენასთან დაკავშირებით 2009-2010 წლებში მ. გ-ის, ტ. შ-ისა და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს წინააღმდეგ მოსარჩელემ აწარმოა სასამართლო დავა მიწის კუთვნილებასთან დაკავშირებით. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 03.09.2009წ. გადაწყვეტილებით მ. ც-ის სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი მ. გ-ესა და ტ. შ-ს შორის მ. ც-ის კუთვნილ მიწაზე გაფორმებული 27.05.2008წ. ნასყიდობის ხელშეკრულება, გაუქმდა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ხელვაჩაურის სარეგისტრაციო სამსახურის მიერ ტ. შ-ის სახელზე განხორციელებული რეგისტრაცია და დაევალა სარეგისტრაციო სამსახურს მ. ც-ის საკუთრების უფლების რეგისტრაცია საჯარო რეესტრში. მითითებული გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით მოსარჩელემ განცხადებით მიმართა სსიპ აღსრულების ეროვნულ ბიუროს, რომელმაც თავის მხრივ სასამართლო გადაწყვეტილების აღსასრულებლად მიმართა საჯარო რეესტრის სარეგისტრაციო სამსახურს. საჯარო რეესტრის სარეგისტრაციო სამსახურის 05.08.2013წ. გადაწყვეტილებით სარეგისტრაციო წარმოება შეჩერდა, სარეგისტრაციო სამსახურმა შეჩერების საფუძვლად მიუთითა ზედდება ორ საკადასტრო ერთეულთან (სახელმწიფოსთან და კერძო მესაკუთრესთან). სახელმწიფოს მიერ პირველადი რეგისტრაციების განხორციელების დროს (19.02.2009წ. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ხელვაჩაურის სარეგისტრაციო სამსახურის №882009036775-03 გადაწყვეტილების და 12.03.2009 №882009062369-06 გადაწყვეტილების მიღების დროს) სადავო მიწის ნაკვეთი უკვე რეგისტრირებული იყო და სახელმწიფოსა და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტს უფლება არ ჰქონდათ აღნიშნული მიწის ნაკვეთი დაერეგისტრირებინათ მათ საკუთრებაში, ხოლო თავის მხრივ საჯარო რეესტრმა მოქმედი კანონმდებლობის უხეში დარღვევით განახორციელა რეგისტრაციები. სარეგისტრაციო სამსახური სადავო რეგისტრაციის განხორციელებამდე ვალდებული იყო სხვა პირზე რეგისტრაციის არსებობა დაედგინა, აღნიშნულის გადამოწმების გარეშე რეგისტრაციის განხორციელებით კი მოსარჩელეს ფაქტიურად წაერთვა საკუთრების უფლება სადავო ნაკვეთზე. მოსარჩელემ აღნიშნა, რომ ადმინისტრაციული ორგანოების მიერ დარღვეულია სზაკ-ის მე-5, 95-ე, 96-ე მუხლების, „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ კანონის 68-ე მუხლის, სკ-ის 327.3, 183-ე, 59-ე, 54-ე, ზაკ-ის 54-ე, მე-4, მე-5, მე-13, 53-ე, 601, 65 - 71-ე მუხლები, „საჯარო რეესტრის შესახებ“ კანონის 29-ე მუხლი.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 12.11.2013წ. განჩინებით სასკ-ის 16.2 მუხლის საფუძველზე საქმეში მესამე პირებად ჩაებნენ ბ. ბ-ი და კომპანია ,,...’’.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 06.06.2014წ. გადაწყვეტილებით მ.ც-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად მ. ც-ის საკუთრებაში არსებული ქ. ბათუმში, ... დასახლებაში მდებარე უძრავი ქონების გადაფარვის ნაწილში (არა უმეტეს 922,8 კვ.მ) ბათილად იქნა ცნობილი ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის 06.03.2009წ. №01-13/76 მიმართვა და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ხელვაჩაურის სარეგისტრაციო სამსახურის 12.03.2009წ. №882009062369-06 გადაწყვეტილება, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობას დაევალა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების შესწავლის, გამოკვლევისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად მ. ც-ის საკუთრებაში არსებული ქ. ბათუმში, ... დასახლებაში მდებარე უძრავი ქონების გადაფარვის ნაწილში (არაუმეტეს 46,1 კვ.მ) ბათილად იქნა ცნობილი აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს 11.02.2009წ. №01-22/410 მიმართვა და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ხელვაჩაურის სარეგისტრაციო სამსახურის 19.02.2009წ. №882009036775-03 გადაწყვეტილება, აჭარის ა/რ რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს დაევალა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების შესწავლის, გამოკვლევისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში, დანარჩენი მოთხოვნის ნაწილში მ. ც-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა მ.ც-ის, აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ხელვაჩაურის სარეგისტრაციო სამსახურის, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურის, ბ.ბ-ის და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 17.10.2014წ. განჩინებით სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება. სააპელაციო სასამართლო სრულად დაეთანხმა და გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასება და დასკვნები საქმის ფაქტობრივ და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით.
განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრდა აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის, მ.ც-ის, ბ.ბ-ის, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურის და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ხელვაჩაურის სარეგისტრაციო სამსახურის მიერ.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 22.09.2016წ. განჩინებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის, მ. ც-ის, ბ. ბ-ის, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურის და ხელვაჩაურის სარეგისტრაციო სამსახურის საკასაციო საჩივრები, გაუქმდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 17.10.2014წ. განჩინება, 23.09.14წ. წინმსწრები საოქმო განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.
15.02.2017წ. მ. ც-ის წარმომადგენლებმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში წარადგინეს დაზუსტებული სააპელაციო საჩივარი. საბოლოოდ მოთხოვნები დაზუსტდა 31.03.2017წ. სასამართლო სხდომაზე და ჩამოყალიბდა შემდეგნაირად: ნაწილობრივ გაუქმდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოს 06.06.2014წ. გადაწყვეტილება (სადავო საკითხის გადაუწყვეტლად საქმის ადმინისტრაციული ორგანოებისათვის დაბრუნების ნაწილში) და საქმეზე მიღებული ახალი გადაწყვეტილებით სრულად დაკმაყოფილდეს სასარჩელო მოთხოვნა, კერძოდ: მ. ც-ის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთთან (ს/კ ...) ზედდების ნაწილში ბათილად იქნეს ცნობილი: საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ხელვაჩაურის სარეგისტრაციო სამსახურის 12.03.2009წ. №882009062369-06 გადაწყვეტილება საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ; ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 09.10.2009წ. №10-1 განკარგულება; აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს 15.10.2009წ. №01-22/3586 მიმართვა; საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ხელვაჩაურის სარეგისტრაციო სამსახურის 19.10.2009წ. №882009328254-03 გადაწყვეტილება საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ; აჭარის ა/რ მთავრობის 15.09.2009წ. №82 განკარგულება; აჭარის ა/რ მთავრობის თავმჯდომარის 22.09.2009წ. ბრძანება №140; 28.09.2009წ. შეთანხმების აქტი, რომელიც გაფორმდა აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკასა და კომპანია ,,...“ შორის; 29.10.2009წ. აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსა და კომპანია ,,...’’ შორის დადებული ნასყიდობის ხელშეკრულება; აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის 27.10.2009წ. №728 ბრძანება; აჭარის ა/რ მთავრობის თავმჯდომარის 27.10.2009წ. №156 ბრძანება; აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტოს მიერ 29.10.2009წ. გამოცემული №1063-„ა“ საკუთრების უფლების მოწმობა; საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ხელვაჩაურის სარეგისტრაციო სამსახურის 04.11.2009წ. №882009349295-03 გადაწყვეტილება საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ; ,,...’’ - სა და ბ. ბ-ს შორის 17.04.2012წ. დადებული ნასყიდობის ხელშეკრულება (922 კვ.მ. მ. ც-ის საკუთრების უფლების გადაფარვის ნაწილში); საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურის 02.05.2012წ. №882012175464-03 გადაწყვეტილება; საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურის 03.05.2012წ. №882012175525-05 გადაწყვეტილება საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ; საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურის 07.06.2012წ. №882012175568-05 გადაწყვეტილება საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ; 19.02.2009წ. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ხელვაჩაურის სარეგისტრაციო სამსახურის №882009036775-03 გადაწყვეტილება; საქართველოს მთავრობის თავმჯდომარის 02.06.2010წ. №684 განკარგულება ქონების გადაცემის შესახებ; 09.08.2010წ. უძრავი ქონების გადაცემის ხელშეკრულება; საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ხელვაჩაურის სარეგისტრაციო სამსახურის 19.08.2010წ. №882010737705-07 გადაწყვეტილება რეგისტრაციის შესახებ; საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურის 13.06.2012წ. №882012259554-03 გადაწყვეტილება საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ; აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს 21.02.2012წ. მიმართვა №01-10/951; ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურის 17.04.2012წ. №882012159566-03 გადაწყვეტილება საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ; აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს 04.05.2012წ. მიმართვა №01-10/2102; აჭარის ა/რ მთავრობის თავმჯდომარის 07.11.2013წ. №271 ბრძანება; საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურის 05.08.2013წ. №882013347724-07 გადაწყვეტილება სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ; სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურის 08.09.2013წ. N882013347724-08 გადაწყვეტილება სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ; სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 23.10.2013წ. გადაწყვეტილება ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე; სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურის 05.03.2015წ. გადაწყვეტილება №882015120073-03 იპოთეკის რეგისტრაციის შესახებ. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურს დაევალოს გამოსცეს ინდივიდუალურ ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტი მიწის ნაკვეთზე (ს/კ ...) მ. ც-ის (პ/ნ ...) საკუთრების უფლების რეგისტრაციის თაობაზე (არსებულ მოთხოვნებს დაემატა მ. ც-ის საკუთრების უფლების გადაფარვის ნაწილში (922 კვ.მ. ) ...’’ - სა და ბ. ბ-ს შორის 17.04.2012წ. დადებული ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობისა და 05.36.24.091 საკადასტრო კოდის მქონე უძრავ ქონებაზე სს ..." სასარგებლოდ იპოთეკის უფლების რეგისტრაციის შესახებ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურის 05.03.2015წ. №882015120073-03 გადაწყვეტილების ბათილად ცნობის მოთხოვნები). ამასთან, სააპელაციო წესით საქმის განხილვისას, საქმეში ასკ-ის 16.1 მუხლის შესაბამისად, მესამე პირად ჩაერთო სს "...", ხოლო მოწინააღმდეგე მხარე (მესამე პირი) ბ. ბ-ი დასახელებულ იქნა მოპასუხედ.
03.04.2017წ. მ. ც-ის წარმომადგენლებმა განცხადებით მიმართეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას და მოითხოვეს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება კერძოდ, მოპასუხე ბ. ბ-ის კუთვნილი მიწის ნაკვეთების (მდებარე ქ.ბათუმში, ... დასახლებაში, ს/კ ..., ფართობი 19 518 კვ.მ. და ქ.ბათუმში, ... დასახლებაში, ს/კ ..., ფართობი 15 482 კვ.მ.) დაყადაღება და მოპასუხე სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოსათვის ნებისმიერი ტრანზაქციის აკრძალვა მოპასუხე ბ. ბ-ის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე (მდებარე ქ.ბათუმში, ... დასახლებაში, ს/კ ..., ფართობი 19 518 კვ.მ. და ქ.ბათუმში, ... დასახლებაში, ს/კ ..., ფართობი 15 482 კვ.მ.).
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 04.04.2017წ. განჩინებით მ. ც-ის წარმომადგენლების განცხადება დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და ყადაღა დაედო ბ. ბ-ის (პ/ნ №...) საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას (საკადასტრო კოდი ..., ქალაქი ბათუმი, ... დასახლება, მახასიათებლები: ზონა ბათუმი ..., სექტორი ..., კვარტალი ..., ნაკვეთი ..., ნაკვეთის საკუთრების ტიპი: საკუთრება, ნაკვეთის დანიშნულება: არასასოფლო-სამეურნეო, დაზუსტებელი ფართობი: 19 518.00 კვ.მ., ნაკვეთის წინა ნომერი ..., განაცხადის №882013347724, 23.07.2013წ.) სარეგისტრაციოდ წარდგენილი უძრავი ქონების ზედდების (922.8 კვ.მ.) ნაწილში. სხვა ნაწილში (ბ. ბ-ის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე (ს/კ ..., მისამართი - ქალაქი ბათუმი, ... დასახლება, დაზუსტებელი ფართობი: 15 482.00 კვ.მ., ნაკვეთის წინა ნომერი ...) ყადაღის დადებისა და მოპასუხე სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსათვის ბ. ბ-ის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე ( ს/კ ..., ფართობი 19 518 კვ.მ.; ს/კ ..., ფართობი 15 482 კვ.მ.) ნებისმიერი ტრანზაქციის აკრძალვის შესახებ განცხადება არ დაკმაყოფილდა.
18.04.2017წ. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს საჩივრით მიმართა ბ. ბ-ის წარმომადგენელმა ნ. მ-ემ და ამავე სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 04.04.2017წ. განჩინების ნაწილობრივ გაუქმება მოითხოვა. საჩივრის ავტორის განმარტებით, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 04.04.2017წ. განჩინება იმ ნაწილში, რომლითაც დაკმაყოფილდა მ. ც-ის მოთხოვნა ბ. ბ-ის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე (ს/კ ..., დაზუსტებული ფართობი 19 518.00 კვ.მ.) სარეგისტრაციოდ წარდგენილი უძრავი ქონების ზედდების (922.8 კვ.მ.) ნაწილში ყადაღის გამოყენების თაობაზე, დაუსაბუთებელია როგორც სამართლებრივად, ისე ფაქტობრივად. აპელანტის მხრიდან, სასამართლო დავის ფარგლებში, არცერთი ინსტანციის სასამართლოში არ ჰქონია ადგილი როგორც ასკ-ით, ისე სსკ-ით გათვალისწინებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების მოთხოვნას, შესაბამისად, მოცემულ შემთხვევაში მათსავე გამოუყენებელ უფლებაზე აპელირება იმგვარად, რომ თითქოს ბ. ბ-ის ინტერესს წარმოადგენდა სხვა ტრანზაქციების შესრულება კეთილსინდისიერი შემძენის სტატუსის შესაქმნელად, სრულიად დაუსაბუთებელი და შეუსაბამო ფაქტია. ბ. ბ-ის მიერ დადებული სამოქალაქო გარიგება იმთავითვე დაცულია კეთილსინდისიერი შემძენის სტატუსით, მის მიერ გადახდილია ნასყიდობის საფასური და კანონის მოთხოვნები დაცულია სრულად. შესაბამისად, მხარის ინტერესში არ შედის სხვა რაიმე თვალთმაქცური ტრანზაქციის შესრულება ნამდვილი უფლების დასაცავად. საჩივრის ავტორის მითითებით, სასამართლოს უნდა გაეთვალისწინებინა სამართლებრივი და ფაქტობრივი მონაცემების ერთობლიობა. ბ. ბ-ის პროცესუალური უფლებები არაგონივრულად შეიზღუდა, აპელანტების მიერ მოთხოვნის იმგვარი ტრანსფორმირება მოხდა, რაც ზოგადად სცდება ასკ-ით გათვალისწინებულ ფარგლებს და მოცემულ დავაში სრულად შემოდის დავის სამოქალაქო ელემენტები, მათ შორის სამოქალაქო გარიგების საფუძველზე დადებული ხელშეკრულების საგანთან მიმართებით, რაც სრულიად ლახავს მხარის პროცესუალურ უფლებებს. სააპელაციო სასამართლო მსჯელობს მოთხოვნის იმ ფარგლებში, რაზედაც საერთოდ არ უმსჯელია არც პირველი ინსტანციის, არც სააპელაციო და არც საკასაციო სასამართლოებს. აპელანტი მხარისათვის უფლების ამგვარად გაფართოებით ილახება მეორე მხარის ინტერესი, რაც ერთგვარად დისპოზიციურობის პრინციპსაც ეწინააღმდეგება და სცდება ოფიციალობის პრონციპს. უზენაესმა სასამართლომ ცალსახად განმარტა, რომ "კეთილსინდისიერი შემძენის ინსტიტუტი კანონიერი ნდობის პრინციპს ეფუძნება და გარკვეულწილად ზღუდავს აღმჭურველი აქტის ბათილად ცნობის გამოცხადებას". საჩივრის ავტორი აღნიშნავს, რომ არამართებულად მოხდა ზოგადად მხარის პროცესუალური სტატუსის შეცვლა და განხორციელდა მატერიალური არსით, სამოქალაქო მოთხოვნით სააპელაციო მოთხოვნის გაზრდა, შედეგად უფლების დაუსაბუთებელი შეზღუდვა უზრუნველყოფის გამოყენებით.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 23.05.2017წ. განჩინებით ბ. ბ-ის წარმომადგენლის ნ. მ-ის საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 04.04.2017წ. განჩინებაზე, როგორც დაუსაბუთებელი, საქმის მასალებთან ერთად გადმოეგზავნა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლისა და წარმოდგენილი საჩივრის დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ბ. ბ-ის წარმომადგენლის ნ. მ-ის საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის დებულებანი. სსკ-ის 191-ე მუხლით გათვალისწინებულია სასამართლოსთვის სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების თაობაზე განცხადებით მიმართვის უფლება და განსაზღვრულია ამ უფლების რეალიზაციის წესი. კერძოდ, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების თაობაზე განცხადება უნდა შეიცავდეს მითითებას იმ გარემოებებზე, რომელთა გამოც უზრუნველყოფის ღონისძიების მიუღებლობა გააძნელებს ან შეუძლებელს გახდის გადაწყვეტილების აღსრულებას და შესაბამის დასაბუთებას, თუ სარჩელის უზრუნველყოფის რომელი ღონისძიების გატარება მიაჩნია მოსარჩელეს აუცილებლად.
განსახილველ შემთხვევაში 03.04.2017წ. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში წარდგენილი განცხადებით მ. ც-ის წარმომადგენლები ითხოვდნენ მოპასუხე ბ. ბ-ის კუთვნილი მიწის ნაკვეთების (მდებარე ქ.ბათუმში, ... დასახლებაში, ს/კ ..., ფართობი 19 518 კვ.მ. და ქ.ბათუმში, ... დასახლებაში, ს/კ ..., ფართობი 15 482 კვ.მ.) დაყადაღებას და მოპასუხე სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოსათვის ნებისმიერი ტრანზაქციის აკრძალვას მოპასუხე ბ. ბ-ის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე (მდებარე ქ.ბათუმში, ... დასახლებაში, ს/კ ..., ფართობი 19 518 კვ.მ. და ქ.ბათუმში, ... დასახლებაში, ს/კ ..., ფართობი 15 482 კვ.მ.). განმცხადებლების მითითებით, სააპელაციო სასამართლოში მიმდინარე საქმის განხილვამ აჩვენა, რომ ბ. ბ-ის წარმომადგენლების შეთავაზება მორიგების თაობაზე (რაც კონკრეტული შეთავაზების განხორციელებით არ დასრულებულა), ძირითადად მიმართული იყო დროის გაჭიანურებისაკენ, იმისათვის, რომ თვალთმაქცურად მიღებული ქონებით ბ. ბ-ს მიეღო სარგებელი და მ. ც-ის სასარგებლოდ მიღებული გადაწყვეტილება დარჩენილიყო აღუსრულებელი. აღნიშნული გარემოების არსებობას ადასტურებს ის, რომ ბ. ბ-მა სადავო უძრავი ქონება შეძენის საფასურად მითითებულ ღირებულებაზე ორჯერ მეტად (5. 000 000 აშშ დოლარად) 05.03.2015წ. დატვირთა იპოთეკით და მიიღო სარგებელი 3 500 000 აშშ დოლარის სახით. ამასთან, ბ. ბ-მა იპოთეკის ხელშეკრულებაში განაცხადა, რომ მის საკუთრებასთან დაკავშირებით არანაირი დავა არ მიმდინარეობდა. განმცხადებლების მითითებით, საქმისათვის მნიშვნელოვანია ის გარემოებაც, რომ მოთხოვნა იპოთეკის რეგისტრაციის კანონიერების თაობაზე, 2017 წლის 31 მარტიდან ასევე წარმოადგენს დავის საგანს, რაც მაღალი რისკის ქვეშ აყენებს როგორც გამსესხებლის (იპოთეკარის) მოთხოვნას, ისე მსესხებლის - ბ. ბ-ის გარანტიებს. აღნიშნულის გათვალისწინებით, არსებობს იმის მაღალი ალბათობა, რომ ბ. ბ-მა, კიდევ ერთხელ, კეთილსინდისიერი შემძენის შესაქმნელად გაასხვისოს სადავო ქონება (მათ შორის, ქონებაში მოქცეული მ. ც-ის ნაწილი) მესამე პირზე, რაც სამომავლოდ რისკის ქვეშ დააყენებს სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებას.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება მიზნად ისახავს, სასამართლოს მიერ სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში, სასარჩელო მოთხოვნის რეალიზაციის უზრუნველყოფას. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გადაწყვეტილების ფაქტობრივი აღსრულების გაჭიანურების ან დაბრკოლების თავიდან აცილებას ემსახურება. სარჩელის უზრუნველყოფა მთლიანად მოტივირებულია უფლების სასამართლო წესით დაცვის უზრუნველყოფით, სარჩელის მთლიანად ან ნაწილობრივ დაკმაყოფილების შემთხვევაში, მოსალოდნელი სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების შესაძლებლობით, მისი გარდაუვალობით. ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატის მიერ მართებულად დაკმაყოფილდა მ. ც-ის წარმომადგენელთა შუამდგომლობა ბ. ბ-ის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე (საკადასტრო კოდი ..., ქალაქი ბათუმი, ... დასახლება, მახასიათებლები: ზონა ბათუმი ..., სექტორი ..., კვარტალი ..., ნაკვეთი ..., ნაკვეთის საკუთრების ტიპი: საკუთრება, ნაკვეთის დანიშნულება: არასასოფლო-სამეურნეო, დაზუსტებელი ფართობი: 19 518.00 კვ.მ., ნაკვეთის წინა ნომერი ..., განაცხადის №882013347724, 23.07.2013წ.) სარეგისტრაციოდ წარდგენილი უძრავი ქონების ზედდების (922.8 კვ.მ.) ნაწილში ყადაღის დადების შესახებ, რადგან ყადაღის არსებობის პირობებში მოპასუხეს ერთმევა შესაძლებლობა გაასხვისოს ან უფლებრივად დატვირთოს ის მიწის ნაკვეთი, რომელზეც შესაძლოა მოსარჩელის უფლებების არსებობა დადგინდეს. აღნიშნული უძრავი ქონების გასხვისების შემთხვევაში სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულება მნიშვნელოვნად გართულდება ან შეუძლებელი გახდება კეთილსინდისიერი შემძენის უფლებების დაცვის საჭიროების გათვალისწინებით. შესაბამისად, საფუძველს მოკლებულია საჩივრის ავტორის მოსაზრება იმის შესახებ, რომ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება დაუსაბუთებლად, შესაბამისი ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლების გარეშე განხორციელდა. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში არსებობს სარჩელის უზრუნველყოფის გამოყენების პირობა, ასევე არსებობს გარემოებები, რომელთა გამოც უზრუნველყოფის ღონისძიების მიუღებლობა გააძნელებს ან შეუძლებელს გახდის გადაწყვეტილების აღსრულებას.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მხარის მიერ უზრუნველყოფის ღონისძიების შესახებ მოთხოვნის უფლების გამოყენების შესაძლებლობა შეზღუდული არ არის საქმის განხილვის ეტაპით, მეტიც, გადაუდებელ შემთხვევაში, შესაბამისი შუამდგომლობით სასამართლოსათვის მიმართვის შესაძლებლობას კანონი ითვალისწინებს სარჩელის აღძვრამდეც (სსკ-ის 192.2 მუხლი). უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება მიზნად ისახავს სასამართლო გადაწყვეტილების აღუსრულებლობის ან აღსრულების გაძნელების რისკების მინიმუმამდე დაყვანის უზრუნველყოფას. რისკი არის მოვლენა, რომელიც შეიცავს მისი დადგომის შესაძლებლობის ნიშნებს, იგი ჯერ არ არის რეალიზებული, თუმცა შესაძლოა მომავალში განხროციელდეს. ამრიგად, უსაფუძვლოა საჩივრის ავტორის მოსაზრება იმასთან დაკავშირებით, რომ რამდენადაც აპელანტს არცერთი ინსტანციის სასამართლოში არ მოუთხოვია სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება, დაუსაბუთებელია გამოუყენებელ უფლებაზე აპელირება და შეუსაბამოა ვარაუდთან, რომ ბ. ბ-ის ინტერესს წარმოადგენს სხვა ტრანზაქციების შესრულება კეთილსინდისიერი შემძენის სტატუსის შესაქმნელად.
საჩივრის ავტორმა მიუთითა, რომ კეთილსინდისიერი შემძენის ინსტიტუტი კანონიერი ნდობის პრინციპს ეფუძნება და გარკვეულწილად ზღუდავს აღმჭურველი აქტის ბათილად ცნობის შესაძლებლობას. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სკ-ის 312-ე მუხლითა და ,,საჯარო რეესტრის შესახებ“ კანონის მე-5 მუხლით განმტკიცებული საჯარო რეესტრის უტყუარობის პრეზუმფცია, როგორც ნდობისა და კეთილსინდისიერების პრინციპის მნიშვნელოვანი გამოვლინება, სერიოზულ გარანტიას ქმნის კეთილსინდისიერი შემძენის უფლების დაცვისათვის, პრეზუმფცია ემსახურება კეთილსინიდისიერი პირის ინტერესების დაცვას იმ შემთხვევაში, როდესაც ჩანაწერის მიმართ არ არის შეტანილი საჩივარი ან მესამე პირს არ აქვს ინფორმაცია ჩანაწერის ხარვეზის შესახებ. ამდენად, მართებულია მ. ც-ის მოსაზრება, სადავო ნაკვეთის გასხვისებისა და კეთილსინდისიერი შემძენის არსებობის შემთხვევაში, განსახივლელი დავის ფარგლებში მიღებული გადაწყვეტილების აღსრულების შეუძლებლობის ან მნიშვნელოვნად გართულების შესახებ.
საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, მოცემულ შემთხვევაში სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების არგუმენტად ასევე ვერ იქნება გამოყენებული საჩივრის ავტორის მიერ მითითებული გარემოება, რომ საქმის სააპელაციო წესით განხილვის ეტაპზე არამართებულად მოხდა მხარის პროცესუალური სტატუსის შეცვლა და განხორციელდა სამოქალაქო მოთხოვნით სააპელაციო მოთხოვნის გაზრდა, სააპელაციო სასამართლომ დაუშვა მოთხოვნის იმ ფარგლებში მსჯელობა, რაზედაც არ უმსჯელიათ არც პირველი, არც სააპელაციო და არც საკასაციო ინსტანციის სასამართლოებს. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველი დავის საგანია სააპელაციო პალატის მიერ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების მართლზომიერება და არა მოსარჩელის მიერ მოთხოვნათა დაზუსტების კანონშესაბამისობა. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ბ. ბ-ის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შესაძლებლობა იარსებებდა მოთხოვნათა დაუზუსტებლობის პირობებშიც, ხოლო ის გარემოება, თუ რამდენად სწორედ მოხდა მხარის საპროცესო სტატუსის შეცვლა და რამდენად სწორად დაუშვა სააპელაციო სასამართლომ დაზუსტებული მოთხოვნები განსახილველად, სცილდება განსახილველი საკითხის ფარგლებს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით,სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 191-ე მუხლით და
დაადგინა :
1. ბ. ბ-ის წარმომადგენლის ნ. მ-ის საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 04.04.2017წ. განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება
თავმჯდომარე: ნ. სხირტლაძე
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
ვ. როინიშვილი