Facebook Twitter

საქმე №330310016001218061

№ბს-149-147(2k-17) 20 ივლისი, 2017 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე, ვასილ როინიშვილი

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორები _ 1. ა. პ-ი (მოსარჩელე)

2. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო (მოპასუხე)

მოპასუხე - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ძველი თბილისის სოციალური მომსახურების ცენტრი

გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 19 დეკემბრის განჩინება

დავის საგანი _ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2016 წლის 18 იანვარს ა. პ-ის წარმომადგენელმა - თ. ხ-მა სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხეების - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსა და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ძველი თბილისის სოციალური მომსახურების ცენტრის მიმართ.

მოსარჩელის განმარტებით, ის და დედამისი - ა. პ-ი 2009 წლის 2 ნოემბრიდან გახდნენ ისრაელის მოქალაქეები, ხოლო 2012 წლიდან აქვთ ორმაგი მოქალაქეობა. ა. პ-ი არის ხანდაზმული, ავადმყოფი პენსიონერი, რის გამოც შვილებმა წაიყვანეს ისრაელში სამკურნალოდ, სადაც მან დაჰყო 2012 წლის თებერვლამდე და ისრაელის ეროვნული დაზღვევის სამსახურის მიერ დანიშნული ჰქონდა პენსია, რომელსაც იღებდა 2012 წლის იანვრის, თებერვლისა და მარტის თვეებში, იქამდე სანამ ისრაელიდან წამოვიდა. ისრაელში მასზე დახმარებისა და პენსიის გაცემა ოფიციალურად შეწყდა.

ისრაელის ეროვნული დაზღვევის სამსახურის მიერ გაცემული ოფიციალური დოკუმენტების ძველი თბილისის სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოში წარდგენის შემდეგ ა. პ-ს 2012 წლის შემოდგომაზე დაენიშნა მოხუცებულობის პენსია, როგორც საქართველოს მოქალაქეს, ხოლო ძველი თბილისის სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2015 წლის 7 ოქტომბრის №4902-15/02 გადაწყვეტილებით ა. პ-ს 2015 წლის სექტემბრიდან შეუწყდა პენსიის დარიცხვა.

მოსარჩელის განმარტებით, აღნიშნული განცხადება მიღებულ იქნა დაინტერესებული პირის - ქ. ყ-ის განცხადების საფუძველზე ყოველგვარი შესწავლის გარეშე. ვინაიდან, ა. პ-ი იყო მძიმე ავადმყოფი ოჯახმა აუყვანა მომვლელი ქ. ყ-ე, რომელსაც სხვადასხვა საჭიროებების არსებობის გამო ა. პ-მა 2014 წლის 16 სექტემბერს გაუფორმა მინდობილობა 2 წლის ვადით. გარკვეული დროის განმავლობაში ქ. ყ-ე კეთილსინდისიერად ასრულებდა თავის მოვალეობას, ცხოვრობდა მოსარჩელის საცხოვრებელ სახლში ა. პ-თან ერთად.

მოსარჩელის მითითებით, 2015 წლის ზაფხულში ქ. ყ-ესა და თ. ხ-ს შორის მოხდა კონფლიქტი, რის შემდეგაც იგი პოლიციის დახმარებით გააძევა სახლიდან, რაზედაც დაემუქრა, რომ გადაუხდიდა სამაგიეროს. ამ მიზნით, 2015 წილს 21 აგვისტოს ქ. ყ-ე მივიდა ძველი თბილისის სოციალური მომსახურების სააგენტოს ცენტრში, სადაც ისარგებლა ა. პ-ის მიერ მასზე გაცემული მინდობილობით (მინდობილობაში არე იყო მითითებული უფლებამოსილების მინიჭება პენსიის მოხსნის თაობაზე) და დაწერა განცხადება თითქოს ა. პ-ს ისრაელში დანიშნული ჰქონდა მოხუცებულობის პენსია და მოითხოვა საქართველოში დანიშნული პენსიის გაუქმება.

მოსარჩელის განმარტებით, მოპასუხემ ისე დააკმაყოფილა განცხადება და მიიღო გადაწყვეტილება პენსიის გაუქმების თაობაზე, რომ არ დაინტერესებულა ა. პ-ის პოზიციით, სურდა თუ არა მას პენსიის გაუქმება და სინამდვილეს შეესაბამებოდა თუ არა მოქალაქე ქ. ყ-ის განცხადება. მართალია, სააგენტომ მხედველობაში მიიღო ა. პ-ისგან მინდობილობის არსებობის ფაქტი, მაგრამ არ გაითვალისწინა, რომ ეს შესაძლებელია ყოფილიყო ქ. ყ-ის პირადი ინიციატივა და ყოველგვარი გადამოწმების გარეშე გააუქმა სააგენტომ პენსიის გაცემა, რითაც მნიშვნელოვნად გაუარესდა მისი ფინანსური მდგომარეობა.

2015 წლის 3 ოქტომბერს ა. პ-მა ასევე გააუქმა ქ. ყ-ეზე გაცემული მინდობილობა. მოსარჩელემ ასევე მიმართა პოლიციის განყოფილებას საჩივრით. პოლიციის ჩარევის შემდეგ ქ. ყ-ემ ახალი განცხადებით მიმართა ძველი თბილისის სოციალური მომსახურების სააგენტოს ხელმძღვანელობას, სადაც აღიარა, რომ კონფლიქტი ჰქონდა ოჯახთან და აღელვების ნიადაგზე განცხადებით მიმართა სააგენტოს თითქოს ა. პ-ი 2014 წლის დეკემბრის თვითონ იღებდა პენსიას ისრაელში. ახალი განცხადებით, ქ. ყ-ე ამტკიცებდა, რომ ა. პ-ი არანაირ პენსიას ან დახმარებას არ იღებდა ისრაელის სახელმწიფოში.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელის განმარტებით, დადგენილია, რომ ქ. ყ-ის პირველი განცხადება შეტანილი იყო შურისძიების მოტივით და მასში მოყვანილი გარემოებები არ ასახავდა სინამდვილეს. აღნიშნული განცხადება არის ახალი გარემოება, რომელიც არის საფუძველი, რომ ა. პ-ს აღუდგეს კუთვნილი პენსია. ვინაიდან, სააგენტოს მიერ პენსიის შეწყვეტის საფუძველი გახდა მხოლოდ და მხოლოდ ქ. ყ-ის განცხადება ყოველგვარი გადამოწმების გარეშე. წარმოდგენილია ყ-ის განცხადება და შესაბამისად, აღნიშნული განცხადების საფუძველზე უნდა აღედგინათ პენსია ა. პ-ისათვის. რაც შეეხება ცნობას ისრაელიდან ა. პ-ის მიერ პენსიის მიუღებლობის თაობაზე, იგი ვერ წარადგინეს საპატიო მიზეზით, ვინაიდან ა. პ-ი 2012 წლის მარტის თვიდან აღარ ცხოვრობს ისრაელის სახელმწიფოში.

ძველი თბილისის სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2015 წლის 7 ოქტომბრის №4902-15/02 გადაწყვეტილება მოსარჩელემ გაასაჩივრა ასევე სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოში, რომლის 2015 წლის 21 დეკემბრის №04/98250 გადაწყვეტილებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელემ ა. პ-ისთვის პენსიის აღდგენა-დანიშვნაზე უარის თქმის შესახებ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ძველი თბილისის მომსახურების ცენტრის 2015 წლის 7 ოქტომბრის გადაწყვეტილების, ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2015 წლის 21 დეკემბრის #04/98250 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსთვის ა. პ-ის მიმართ პენსიის აღდგენის შესახებ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება მოითხოვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 14 ივნისის გადაწყვეტილებით ა. პ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2015 წლის 21 დეკემბრის №04/98250 გადაწყვეტილება და მოპასუხეს დაევალა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შედეგად ა. პ-ის მიმართ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა; დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

საქალაქო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ა. პ-ს ასაკის გამო სახელმწიფო პენსია 2007 წლის 7 დეკემბერს დაენიშნა, 2009 წლის 1 ოქტომბერს მას პენსია ისრაელის მოქალაქეობის მიღების გამო შეუწყდა, 2012 წლის 30 აგვისტოდან კი პენსია კვლავ დაენიშნა ისრაელის სახელმწიფოდან პენსიით უზრუნველყოფასთან დაკავშირებით ცნობის წარდგენის საფუძველზე.

2015 წლის 21 აგვისტოს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ძველი თბილისის სოციალური მომსახურების ცენტრს ქ. ყ-ემ მიმართა განცხადებით ა. პ-ისათვის პენსიის შეწყვეტის მოთხოვნით იმაზე მითითებით, რომ ა. პ-ი პენსიას ისრაელში იღებდა. განცხადება ა. პ-ის მიერ ქ. ყ-ეზე გაცემულ მინდობილობასთან ერთად იქნა წარდგენილი. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ძველი თბილისის სოციალური მომსახურების ცენტრის 2015 წლის 26 აგვისტოს №2015/1 გადაწყვეტილებით ა. პ-ს ქ. ყ-ის განცხადების საფუძველზე პენსია 2015 წლის 1 სექტემბრიდან შეუწყდა.

2015 წლის 1 ოქტომბერს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ძველი თბილისის სოციალური მომსახურების ცენტრს ა. პ-ის წარმომადგენელმა - თ. ხ-მა მიმართა განცხადებით ა. პ-ისათვის პენსიის განახლების მოთხოვნით. განცხადება წარდგენილ იქნა მინდობილობასთან, პირადობის მოწმობის ასლსა და ქ. ყ-ეზე გაცემული მინდობილობის გაუქმების შესახებ აქტთან ერთად. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ძველი თბილისის სოციალური მომსახურების ცენტრის 2015 წლის 7 ოქტომბრის №4902-15/02 გადაწყვეტილებით ა. პ-ს უარი ეთქვა სახელმწიფო პენსიის დანიშვნაზე ისრაელში პენსიის მიუღებლობის შესახებ ცნობის წარდგენამდე.

სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ძველი თბილისის სოციალური მომსახურების ცენტრის 2015 წლის 7 ოქტომბრის გადაწყვეტილებაზე ა. პ-ის წარმომადგენელმა - თ. ხ-მა საჩივარი შეიტანა, რომლითაც აღნიშნული გადაწყვეტილების გაუქმება და ა. პ-ისათვის პენსიის აღდგენა მოითხოვა. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2015 წლის 21 დეკემბრის №04/98250 გადაწყვეტილებით ა. პ-ის წარმომადგენლის საჩივარი არ დაკმაყოფილდა. გადაწყვეტილების შესაბამისად, „სახელმწიფო პენსიის“ შესახებ კანონის მე-12, მე-13, მე-17 მუხლებზე, ასევე, „სახელმწიფო პენსიის/საპენსიო პაკეტის დანიშვნისა და გაცემის წესის“ მე-5 და მე-9 მუხლებზე მითითებით მიჩნეულ იქნა, რომ ძველი თბილისის მომსახურების ცენტრის 2015 წლის 7 ოქტომბრის გადაწყვეტილება კანონიერია, ვინაიდან ა. პ-ის მიერ ისრაელში პენსიის მიუღებლობის თაობაზე ცნობის წარუდგენლობის გამო არ არსებობდა მისთვის პენსიის დანიშვნის საფუძველი.

საქალაქო სასამართლომ განმარტა, რომ პენსიის დანიშვნის, გაცემის, შეჩერების, განახლების, შეწყვეტისა და პენსიის მიღების ზოგად პრინციპებს „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონი განსაზღვრავს, ხოლო მის შესაბამისად სახელმწიფო პენსიის/საპენსიო პაკეტის მხოლოდ ფულადი გასაცემლის დანიშვნა-გაცემის წესსა და პირობებს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 10 თებერვლის №46/ნ ბრძანებით დამტკიცებული სახელმწიფო პენსიის/საპენსიო პაკეტის დანიშვნისა და გაცემის წესი ადგენს. „პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17 მუხლის 1-ლი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, პენსიის შეწყვეტის საფუძველია პენსიის მიღებაზე უფლებამოსილი პირის განცხადება შესაბამისი მოთხოვნით.

სახელმწიფო პენსიის/საპენსიო პაკეტის დანიშვნისა და გაცემის წესის მე-9 მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით, შეწყვეტის საფუძვლის აღმოფხვრის შემდეგ, პენსიის დანიშვნაზე გადაწყვეტილება მიიღება „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონისა და ამ წესის შესაბამისად. ამავე წესის მე-5 მუხლის მე-5 პუნქტის მიხედვით, უცხო ქვეყნის მოქალაქემ, რომელსაც მინიჭებული აქვს საქართველოს მოქალაქეობა, დამატებით უნდა წარადგინოს ცნობა იმის შესახებ, რომ ის არ იღებს პენსიას მეორე ქვეყნიდან, რომლის მოქალაქედაც იგი ითვლება. მითითებული ნორმებიდან და გარემოებებიდან გამომდინარე, ა. პ-ის მიერ წარდგენილი განცხადება და მასზე დართული მასალები არ ქმნიდა საფუძველს ა. პ-ისათვის პენსიის აღდგენისათვის, ვინაიდან, როგორც საქმის მასალებით დასტურდება სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ძველი თბილისის მომსახურების ცენტრის 2015 წლის 7 ოქტომბრის გადაწყვეტილების გამოტანის საფუძველი გახდა ა. პ-ის წარმომადგენლის განცხადება ა. პ-ისათვის პენსიის აღდგენის შესახებ. ა. პ-ს პენსია 2015 წლის 26 აგვისტოს აქტით შეუწყდა სხვა სახელმწიფოში პენსიის მიღებასთან დაკავშირებული ინფორმაციის სააგენტოში წარდგენის შემდეგ, პენსიის აღდგენის მოთხოვნისას კი წარდგენილი არ ყოფილა ასეთი პენსიის მიუღებლობის დამადასტურებელი მტკიცებულებები, ამასთან, არ ირკვევა, რომ განმცხადებელმა პრეტენზია განაცხადა პენსიის შეწყვეტის შესახებ 2015 წლის 26 აგვისტოს აქტზე.

რაც შეეხება სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2015 წლის 21 დეკემბრის №04/98250 გადაწყვეტილების კანონიერების საკითხს, აღნიშნულთან მიმართებაში საქალაქო სასამართლომ განმარტა, რომ 2014 წლის 3 ნოემბრის განცხადებით მისმა ავტორმა მიუთითა, რომ ა. პ-ს უკანონოდ შეუწყდა პენსია და არსებობდა ახალი გარემოებები, რომელიც შესაბამისი აქტის გაუქმებას განაპირობებდა. ამდენად, საჩივრის პრეტენზია მიმართული იყო პენსიის შეწყვეტის აქტის მიმართ ახალ გარემოებებზე მითითებით.

საქალაქო სასამართლოს მითითებით, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 102-ე მუხლის მიხედვით, განცხადება იმ საკითხთან დაკავშირებით, რომლის თაობაზედაც არსებობს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი განცხადების, აგრეთვე საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ, შეიძლება წარდგენილი იქნეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ფაქტობრივი ან სამართლებრივი მდგომარეობა, რომელიც საფუძვლად დაედო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას, შეიცვალა დაინტერესებული პირის სასარგებლოდ, ან თუ არსებობს ახლად აღმოჩენილი ან ახლად გამოვლენილი გარემოებანი (მტკიცებულებები), რომლებიც განაპირობებს განმცხადებლისათვის უფრო ხელსაყრელი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას.

აღნიშნულიდან გამომდინარე, 2014 წლის 3 ნოემბერს წარდგენილი განცხადების განმხილველი ორგანო ვალდებული იყო, გამოერკვია, თუ კონკრეტულად რაში მდგომარეობდა განმცხადებლის პრეტენზია, რომელი აქტის გაუქმების ინტერესი გააჩნდა მას ან/და არსებობდა თუ არა ახლადაღმოჩენილ გარემოებათა გამო კონკრეტული აქტის გაუქმების საფუძველი. დასახელებული საკითხების გამოკვლევისა და გადაწყვეტის ფაქტი საქმის მასალებიდან არ დასტურდება. ამასთან, მითითებული გარემოებების ხასიათიდან გამომდინარე, სასამართლომ მიიჩნია, რომ უფლებამოსილი ორგანოს მიერ მათი სათანადო გამოკვლევისა და შეფასების შედეგად შესაძლოა საქმეზე სხვაგვარი გადაწყვეტილება ყოფილიყო გამოტანილი.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 14 ივნისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტომ და ა. პ-მა.

აპელანტმა - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტომ სააპელაციო საჩივრით თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 14 ივნისის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

აპელანტმა - ა. პ-მა სააპელაციო საჩივრით თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 14 ივნისის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილება მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 19 დეკემბრის განჩინებით სსიპ მომსახურების სააგენტოსა და ა. პ-ის სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 14 ივნისის გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სრულად გაიზიარა საქალაქო სასამართლოს შეფასებები და დასკვნები გასაჩივრებული გადაწყვეტილების ფაქტობრივ და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთებისას მიუთითა მათზე და დამატებით მიუთითა „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონი, რომელიც განსაზღვრავს პენსიის დანიშვნის, გაცემის, შეჩერების, განახლების, შეწყვეტისა და პენსიის მიღების ზოგად პრინციპებს. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, ამავე კანონის შესაბამისად სახელმწიფო პენსიის/საპენსიო პაკეტის მხოლოდ ფულადი გასაცემლის დანიშვნა-გაცემის წესსა და პირობებს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 10 თებერვლის №46/ნ ბრძანებით დამტკიცებული „სახელმწიფო პენსიის/საპენსიო პაკეტის დანიშვნისა და გაცემის წესი“ ადგენს.

„სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17 მუხლის 1-ლი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, პენსიის შეწყვეტის საფუძველია პენსიის მიღებაზე უფლებამოსილი პირის განცხადება შესაბამისი მოთხოვნით. სახელმწიფო პენსიის/საპენსიო პაკეტის დანიშვნისა და გაცემის წესის მე-9 მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით, შეწყვეტის საფუძვლის აღმოფხვრის შემდეგ, პენსიის დანიშვნაზე გადაწყვეტილება მიიღება „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონისა და ამ წესის შესაბამისად. ამავე წესის მე-5 მუხლის მე-5 პუნქტის მიხედვით, უცხო ქვეყნის მოქალაქემ, რომელსაც მინიჭებული აქვს საქართველოს მოქალაქეობა, დამატებით უნდა წარადგინოს ცნობა იმის შესახებ, რომ ის არ იღებს პენსიას მეორე ქვეყნიდან, რომლის მოქალაქედაც იგი ითვლება.

სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ 2015 წლის 1 ოქტომბერს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ძველი თბილისის სოციალური მომსახურების ცენტრს ა. პ-ის წარმომადგენელმა - თ. ხ-მა მიმართა განცხადებით ა. პ-ისათვის პენსიის განახლების მოთხოვნით. განცხადება წარდგენილ იქნა მიდობილობასთან, პირადობის მოწმობის ასლსა და ქ. ყ-ეზე გაცემული მინდობილობის გაუქმების შესახებ აქტთან ერთად. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ძველი თბილისის სოციალური მომსახურების ცენტრის 2015 წლის 7 ოქტომბრის N4902-15/02 გადაწყვეტილებით ა. პ-ს უარი ეთქვა სახელმწიფო პენსიის დანიშვნაზე ისრაელში პენსიის მიუღებლობის შესახებ ცნობის წარდგენამდე.

სააპელაციო პალატის განმარტებით, აპელანტი თავად აღნიშნავდა, რომ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 23 ივლისის №279 დადგენილება „სოციალური პაკეტების განსაზღვრის შესახებ“ მცირე დამატებებით იგივე მოთხოვნებს აყენებს უცხო ქვეყნის მოქალაქის მიმართ, რაც გათვალისწინებულია საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 10 თებერვლის №46/ნ ბრძანებით დამტკიცებული „სახელმწიფო პენსიის/საპენსიო პაკეტის დანიშვნისა და გაცემის წესით“.

ამასთან, პალატამ არ გაიზიარა აპელანტის - ა. პ-ის მოსაზრება მასზედ, რომ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 10 თებერვლის №46/ნ ბრძანებით დამტკიცებული სახელმწიფო პენსიის/საპენსიო პაკეტის დანიშვნისა და გაცემის წესის მე-5 მუხლის მე-5 პუნქტი მიმართულია მხოლოდ უცხო ქვეყნის მოქალაქეებისაკენ, რომლებსაც მინიჭებული აქვთ საქართველოს მოქალაქეობა. პალატამ განმარტა, რომ განსახილველ შემთხვევაში, ყურადღება უნდა მიექცეს კანონის მიზანს. კერძოდ, თუ რა მიზნით უნდა წარადგინოს პირმა ცნობა იმის შესახებ, რომ ის არ იღებს პენსიას მეორე ქვეყნიდან, რომლის მოქალაქედაც იგი ითვლება. შესაბამისად, მოცემულ შემთხვევაში, მიზანშეწონილი არ არის მოხდეს ნორმის გრამატიკული განმარტება, ვინაიდან კანონი პირთა წრეში - უცხო ქვეყნის მოქალაქე მოიაზრებს საქართველოს მოქალაქეებსაც, რომლებსაც შემდგომ მიენიჭათ სხვა ქვეყნის მოქალაქეობა.

სააპელაციო პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობა და განმარტა, რომ მოცემული ფაქტობრივი გარემოებებისა და სამართლებრივი ნორმების გათვალისწინებით ცალსახაა, რომ ა. პ-ის მიერ წარდგენილი განცხადება და მასზე დართული მასალები არ ქმნიდა ა. პ-ისათვის პენსიის აღდგენის საფუძველს. ამდენად, სახეზე არ იყო სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ძველი თბილისის მომსახურების ცენტრის 2015 წლის 7 ოქტომბრის გადაწყვეტილების ბათილად ცნობის წინაპირობები. პალატამ ასევე გაიზიარა სასამართლოს დასკვნას მასზედ, რომ 2015 წლის 3 ნოემბერს წარდგენილი განცხადების განმხილველი ორგანო ვალდებული იყო გამოერკვია, თუ კონკრეტულად რაში მდგომარეობდა განმცხადებლის პრეტენზია, რომელი აქტის გაუქმების ინტერესი გააჩნდა მას ან/და არსებობდა თუ არა ახლადაღმოჩენილ გარემოებათა გამო კონკრეტული აქტის გაუქმების საფუძველი.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 19 დეკემბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტომ და ა. პ-მა.

კასატორი - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო საკასაციო საჩივარში მიუთითებდა, რომ „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-8 პუნქტის მიხედვით: „თანაბარი იურიდიული ძალის მქონე ნორმატიულ აქტებს შორის წინააღმდეგობის შემთხვევაში უპირატესობა ენიჭება უფრო გვიან მიღებულ (გამოცემულ) ნორმატიულ აქტს.“

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 102-ე მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად (მიღებულია 2005 წლის 24 ივნისს №1801–რს): „განცხადება იმ საკითხთან დაკავშირებით, რომლის თაობაზედაც არსებობს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი განცხადების, აგრეთვე საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ, შეიძლება წარდგენილი იქნეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ფაქტობრივი ან სამართლებრივი მდგომარეობა, რომელიც საფუძვლად დაედო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას, შეიცვალა დაინტერესებული პირის სასარგებლოდ, ან თუ არსებობს ახლად აღმოჩენილი ან ახლად გამოვლენილი გარემოებანი (მტკიცებულებები), რომლებიც განაპირობებს განმცხადებლისათვის უფრო ხელსაყრელი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას.“

„სახელმწიფო პენსიის შესახებ“ (მიღებულია 2005 წლის 23 დეკემბერს №2442-რს) საქართველოს კანონი არეგულირებს პენსიაზე უფლების წარმოშობის საფუძველს, განსაზღვრავს პენსიის ადმინისტრირების ორგანოს, ადგენს პენსიის დანიშვნის, გაცემის, შეჩერების, განახლების, შეწყვეტისა და პენსიის მიღების ზოგად პრინციპებს. კანონმდებლობა პენსიის შესახებ შედგება საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების, ამ კანონის, სხვა საკანონმდებლო აქტებისა და მათ საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებისაგან. ამავე კანონის მე-13 მუხლის მიხედვით: „პენსიის დანიშვნის თაობაზე განცხადება ყველა საჭირო დოკუმენტთან ერთად წარედგინება კომპეტენტურ ორგანოს, პენსიის დანიშვნისათვის საჭირო დოკუმენტების ნუსხა, საპენსიო დოკუმენტაციის წარმოების, აგრეთვე პენსიის დანიშვნის წესი და პირობები განისაზღვრება მინისტრის ნორმატიული აქტით.“

შესაბამისად, კასატორის მოსაზრებით, ამ ორი საკანონმდებლო აქტის კოლიზიის შემთხვევაში, სასამართლომ უნდა იხელმძღვანელოს სახელმწიფო პენსიის შესახებ საქართველოს კანონით.

კასატორის მითითებით, 2006 წლის 10 თებერვალს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მიერ გამოცემულ იქნა №46/ნ ბრძანება, რომელიც განსაზღვრავს „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, საქართველოს ტერიტორიაზე სახელმწიფო პენსიის/საპენსიო პაკეტის მხოლოდ ფულადი გასაცემლის (შემდგომში – პენსია) დანიშვნისა და გაცემის წესსა და პირობებს, რაც გულისხმობს პენსიის ფულადი ნაწილის დანიშვნა-გაცემისათვის საჭირო მთელი ორგანიზაციული ციკლის რეგულირებას, ადგენს პენსიის ადმინისტრირების კომპეტენტურ ორგანოს, არეგულირებს პენსიის ფულადი ნაწილის მიღებასთან დაკავშირებულ სხვა ურთიერთობებს. წესი ვრცელდება საქართველოს მოქალაქეებზე, საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირებზე, აგრეთვე, პენსიის დანიშვნის თაობაზე განცხადების შეტანის მომენტისათვის ბოლო 10 წლის განმავლობაში საქართველოს ტერიტორიაზე კანონიერ საფუძველზე მუდმივად მცხოვრებ უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე. აღნიშნული წესის მიხედვით: პენსიის დანიშვნის თაობაზე განცხადება ყველა საჭირო დოკუმენტთან ერთად წარედგინება სააგენტოს ნებისმიერ ტერიტორიულ ორგანოს, მიუხედავად მაძიებლის რეგისტრაციის ადგილისა. განცხადებას თან უნდა დაერთოს მაძიებლის მომართვის შემთხვევაში – მაძიებლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი, ხოლო კანონიერი წარმომადგენლის მომართვის შემთხვევაში – დამატებით, კანონიერი წარმომადგენლის პირადობისა და წარმომადგენლობის დამადასტურებელი დოკუმენტები. უცხო ქვეყნის მოქალაქემ პენსიის დანიშვნისათვის სააგენტოში დამატებით უნდა წარადგინოს ცნობა იმის თაობაზე, რომ ის არ იღებს პენსიას მეორე ქვეყნიდან, რომლის მოქალაქედაც იგი ითვლება და ასევე, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ (შემდგომში – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო) გაცემული საინფორმაციო ბარათი, რომლითაც დასტურდება მისი საქართველოს ტერიტორიაზე ბოლო 10 წლის მანძილზე კანონიერად ცხოვრება. უცხო ქვეყნის მოქალაქემ, რომელსაც მინიჭებული აქვს საქართველოს მოქალაქეობა, დამატებით უნდა წარადგინოს ცნობა იმის შესახებ, რომ ის არ იღებს პენსიას მეორე ქვეყნიდან, რომლის მოქალაქედაც იგი ითვლება.

კასატორის მითითებით, უდავო ფაქტია ის გარემოება, რომ მოწინააღმდეგე მხარეს (მოსარჩელე) შეწყვეტილი აქვს სახელმწიფო გასაცემელი, ასევე ის გარემოებაც, რომ იგი ორი სახელმწიფოს მოქალაქეა: საქართველოს და ისრაელის, შესაბამისად, შეწყვეტილი სახელმწიფო გასაცემლის დანიშვნისას ადმინისტრაციული ორგანოს უფლება არა აქვს კანონმდებლობის მოთხოვნების საწინააღმდეგოდ განახორციელოს რაიმე ქმედება და უფლებამოსილების გადამეტებით გამოცემულ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს, აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ განხორციელებულ ქმედებას არა აქვს იურიდიული ძალა და ბათილად უნდა გამოცხადდეს.

შესაბამისად, სსიპ-სოციალური მომსახურების სააგენტოს 2015 წლის 21 დეკემბრის №04/98250 გადაწყვეტილება მიღებულია საქართველოს მოქმედი საკანონმდებლო და სამართლებრივი აქტების საფუძველზე და არ არსებობდა მისი ბათილად ცნობის საფუძველი.

კასატორმა - ა. პ-მა საკასაციო საჩივრით გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

კასატორის განმარტებით, არც საქალაქო და არც სააპელაციო სასამართლომ არ გამოარკვია ის გარემოება, რომ ა. პ-მა ისრაელიდან ჩამოსვლის შემდეგ პენსიის დანიშვნისათვის კანონით დადგენილი წესით წარადგინა ცნობა აპოსტილით დადასტურებული, რომ პენსიას აღარ იღებდა ისრაელის სახელმწიფოში. სასამართლოებს არც ის ფაქტი დაუდგენიათ, რომ ა. პ-ი ისევ საქართველოს მოქალაქეა. პენსიის მიღება შეუწყდა მხოლოდ და მხოლოდ მისი მომვლელის ქ. ყ-ის უკანონო, ცრუ განცხადების საფუძველზე. მოპასუხისათვის არანაირი ახალი გარემოება არ არსებობდა, რომ ხელახლა მოეთხოვათ მისთვის ცნობის წარდგენა.

კასატორის განმარტებით, პენსიის შეწყვეტა ხდება პირადი განცხადების საფუძველზე და არა გაურკვეველი მინდობილობის საფუძველზე, რომლის გამოყენებითაც შეილახა მისი კონსტიტუციური უფლება პენსიის მიღების თაობაზე. ადმინისტრაციულმა ორგანომ ისე შეუწყვიტა პენსია, რომ არ გამოიკვლია, სურდა თუ არა მას ეს და არ გადაამოწმეს ისრაელის სახელმწიფოსგან კვლავ იღებდა თუ არა პენსიას.

კასატორის მითითებით, მეორე განცხადებით ქ. ყ-ემ აღიარა, რომ ბოროტი განზრახვით თქვა ტყული და აქედან გამომდინარე, მან მიმართა სააგენტოს არა სოციალური პაკეტის დანიშვნაზე, რომლისთვისაც საჭირო იყო ცნობა, არამედ პენსიის აღდგენას მიუღებელი თვეების მიხედვით. იგი ითხოვდა არა პენსიის დანიშვნას, არამედ პენსიის აღდგენას.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 20 თებერვლის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს და ა. პ-ის საკასაციო საჩივრები.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 20 აპრილის განჩინებით სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსა და ა. პ-ის საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნა დასაშვებად და მათი განხილვა დაინიშნა მხარეთა დასწრების გარეშე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, საკასაციო საჩივრების საფუძვლიანობის შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსა და ა. პ-ის საკასაციო საჩივრები უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, გაუქმდეს გასაჩივრებული განჩინება და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქმის მასალებში ასახულ შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე: 2007 წლის 7 დეკემბრიდან ა. პ-ს დაენიშნა ასაკის გამო სახელმწიფო პენსია, ხოლო 2009 წლის 1 ოქტომბერს ისრაელის მოქალაქეობის მიღების გამო შეუწყდა, 2012 წლის 30 აგვისტოდან კი პენსია კვლავ დაენიშნა ისრაელის სახელმწიფოდან პენსიით უზრუნველყოფასთან დაკავშირებით ცნობის წარდგენის საფუძველზე.

2015 წლის 21 აგვისტოს ა. პ-ის მარწმუნებელმა ქ. ყ-ემ განცხადებით მიმართა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ძველი თბილისის სოციალური მომსახურების ცენტრს და ა. პ-ისათვის პენსიის შეწყვეტა მოითხოვა, იმ საფუძვლით, რომ ა. პ-ი პენსიას ისრაელში იღებდა. განცხადებას ერთვოდა ა. პ-ის მიერ ქ. ყ-ეზე გაცემული მინდობილობა. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ძველი თბილისის სოციალური მომსახურების ცენტრის 2015 წლის 26 აგვისტოს №2015/1 გადაწყვეტილებით ა. პ-ს ქ. ყ-ის განცხადების საფუძველზე შეუწყდა პენსია 2015 წლის 1 სექტემბრიდან.

2015 წლის 1 ოქტომბერს ა. პ-ის წარმომადგენელმა თ. ხ-მა განცხადებით მიმართა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ძველი თბილისის სოციალური მომსახურების ცენტრს ა. პ-ისათვის პენსიის განახლების მოთხოვნით. განცხადება წარდგენილ იქნა მინდობილობასთან, პირადობის მოწმობის ასლსა და ქ. ყ-ეზე გაცემული მინდობილობის გაუქმების შესახებ აქტთან ერთად. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ძველი თბილისის სოციალური მომსახურების ცენტრის 2015 წლის 7 ოქტომბრის №4902-15/02 გადაწყვეტილებით ა. პ-ს უარი ეთქვა სახელმწიფო პენსიის დანიშვნაზე ისრაელში პენსიის მიუღებლობის შესახებ ცნობის წარდგენამდე. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ძველი თბილისის სოციალური მომსახურების ცენტრის 2015 წლის 7 ოქტომბრის გადაწყვეტილებაზე ა. პ-ის წარმომადგენელმა თ. ხ-მა საჩივარი შეიტანა, რომლითაც აღნიშნული გადაწყვეტილების გაუქმება და ა. პ-ისათვის პენსიის აღდგენა მოითხოვა. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2015 წლის 21 დეკემბრის №04/98250 გადაწყვეტილებით ა. პ-ის წარმომადგენლის საჩივარი არ დაკმაყოფილდა. გადაწყვეტილების შესაბამისად, „სახელმწიფო პენსიის“ შესახებ კანონის მე-12, მე-13, მე-17 მუხლებზე, ასევე, „სახელმწიფო პენსიის/საპენსიო პაკეტის დანიშვნისა და გაცემის წესის“ მე-5 და მე-9 მუხლებზე მითითებით ძველი თბილისის მომსახურების ცენტრის 2015 წლის 7 ოქტომბრის გადაწყვეტილება კანონიერად იქნა მიჩნეული, ვინაიდან ა. პ-ის მიერ ისრაელში პენსიის მიუღებლობის თაობაზე ცნობის წარუდგენლობის გამო არ არსებობდა მისთვის პენსიის დანიშვნის საფუძველი.

განსახილველ შემთხვევაში დავის საგანს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ძველი თბილისის სოციალური მომსახურების ცენტრის 2015 წლის 7 ოქტომბრის №4902-15/02 გადაწყვეტილებისა და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2015 წლის 21 დეკემბრის №04/98250 გადაწყვეტილების კანონიერების დადგენა წარმოადგენს. აღნიშნული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გაუქმებას მოსარჩელე ითხოვს იმ საფუძვლით, რომ მას პენსიის მიღება შეუწყდა მისი მინდობილი პირის - ქ. ყ-ის ცრუ განცხადების საფუძველზე და იგი ისრაელში პენსიას იღებდა მხოლოდ 2012 წლამდე, საქართველოში ჩამოსვლამდე.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საქალაქო სასამართლომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნო სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2015 წლის 21 დეკემბრის №04/98250 გადაწყვეტილება, რომლითაც არ დაკმაყოფილდა ა. პ-ის წარმომადგენლის საჩივარი ძველი თბილისის მომსახურების ცენტრის 2015 წლის 7 ოქტომბრის გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე, ხოლო სარჩელი ძველი თბილისის მომსახურების ცენტრის 2015 წლის 7 ოქტომბრის გადაწყვეტილების ბათილად ცნობის თაობაზე არ დაკმაყოფილდა. სააპელაციო სასამართლომ სრულად გაიზიარა და უცვლელად დატოვა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ პენსიის მიღება საერთაშორისო და შიდა სამართლებრივი აქტების შესაბამისად, პირის ძირითად სოციალურ უფლებათა ჯგუფს განეკუთვნება. 1996 წლის 3 მაისის ევროპის სოციალური ქარტიის 1-ლი ნაწილის 23-ე პუნქტის მიხედვით, ხელმომწერი მხარეები (სახელმწიფოები) აღიარებენ ხანდაზმულ პირთა მიმართ სოციალური დაცვით უფლებას, ხოლო მე-2 ნაწილის 23-ე მუხლის შესაბამისად, ხანდაზმულთა მიერ სოციალური დაცვით უფლებით რაც შეიძლება დიდხანს სარგებლობის მიზნით სახელმწიფო ვალდებულებას იღებს უზრუნველყონ ხანდაზმულთა დარჩენა საზოგადოებრივ სრულფასოვან წევრებად, რაც შეიძლება მეტი ხნით, რაც მაგალითად, ამავე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, გამოიხატება, სათანადო სახსრების გამოყოფით, რაც საშუალებას მისცემს მათ იცხოვრონ ღირსეულად და აქტიური მონაწილეობა მიიღონ საზოგადოებრივ, სოციალურ და კულტურულ ცხოვრებაში.

პენსიის მიღების უფლება წარმოადგენს პირის საჯარო სუბიექტური უფლების ერთ-ერთ სახეს, რომლითაც იგი საკანონმდებლო ბაზის საფუძველზე აღჭურვილია სახელმწიფო ხელისუფლების მიმართ. სუბიექტური უფლების წარმოშობის წინაპირობა არის მეორე პირის მოვალეობა, რამდენადაც სუბიექტური საჯარო სამართლებრივი უფლება არის პირისადმი საჯარო სამართლის ნორმით მინიჭებული უფლება, თავისი ინტერესების დასაცავად მოითხოვოს სახელმწიფოსაგან კონკრეტული დამოკიდებულება.

საკასაციო სასამართლოს განმარტებით, საქართველოს კანონმდებლობით ხანდაზმულ მოქალაქეთა სოციალურ-ეკონომიკური უფლებების რეალიზაციას განსაზღვრავს საქართველოს კანონი „სახელმწიფო პენსიის შესახებ“, რომელიც არეგულირებს პენსიაზე უფლების წარმოშობის საფუძველს, განსაზღვრავს პენსიის ადმინისტრირების ორგანოს, ადგენს პენსიის დანიშვნის, გაცემის, შეჩერების, განახლების, შეწყვეტისა და პენსიის მიღების ზოგად წესებს. მითითებული კანონის ძირითადი პრინციპებია: ადამიანის უფლებების დაცვა, კანონის წინაშე თანასწორობა, საყოველთაობა, პენსიის მიღების სახელმწიფო გარანტია და ა.შ. პენსიის მიღებასთან დაკაშირებულ სამართალურთიერთობები რეგულირდება ასევე საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 10 თებერვლის #46/ნ ბრძანებით დამტკიცებული „სახელმწიფო პენსიის/საპენსიო პაკეტის დანიშვნისა და გაცემის წესით“.

„სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17 მუხლით განსაზღვრულია პენსიის შეწყვეტის წესი და პირობები, კეროდ, 1-ლი პუნქტის თანახმად, პენსია (მხოლოდ ფულადი სარგებელი) შეწყდება ქვემოთ ჩამოთვლილთაგან ერთ-ერთი საფუძვლის წარმოშობის მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან, თუ ამ პუნქტით სხვა რამ არ არის განსაზღვრული: ა) პირადი განცხადებით; ბ) საჯარო საქმიანობის განხორციელების პერიოდში; გ) სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლისას, რომლითაც პირს შეეფარდა თავისუფლების აღკვეთის აღსრულება, – პენსიის შეჩერების დღიდან; დ) უცხო ქვეყნის მოქალაქის ან მოქალაქეობის არმქონე პირის საქართველოდან გაძევებისას; ე) პირის საქართველოს მოქალაქეობიდან გასვლისას ან საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვისას; ვ) პენსიონერის გარდაცვალებისას; ზ) პენსიის შეჩერების დღიდან 3 წლის გასვლის შემდეგ; თ) სხვა საფუძვლით, თუ იგი ამ კანონიდან გამომდინარეობს.

პენსიის დანიშვნის, გაცემის, შეჩერების, შეწყვეტის, განახლებისა და გადაანგარიშება წესი რეგლამენტირებულია ასევე საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 10 თებერვლის #46/ნ ბრძანებით დამტკიცებული „სახელმწიფო პენსიის/საპენსიო პაკეტის დანიშვნისა და გაცემის წესით“, რომლის მე-5 მუხლის შესაბამისად, 1. პენსიის დანიშვნის თაობაზე განცხადება ყველა საჭირო დოკუმენტთან ერთად წარედგინება სააგენტოს ნებისმიერ ტერიტორიულ ორგანოს, მიუხედავად მაძიებლის რეგისტრაციის ადგილისა; 2. განცხადებას თან უნდა დაერთოს მაძიებლის მომართვის შემთხვევაში – მაძიებლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი, ხოლო კანონიერი წარმომადგენლის მომართვის შემთხვევაში – დამატებით, კანონიერი წარმომადგენლის პირადობისა და წარმომადგენლობის დამადასტურებელი დოკუმენტები; 3. უცხო ქვეყნის მოქალაქემ პენსიის დანიშვნისათვის სააგენტოში დამატებით უნდა წარადგინოს ცნობა იმის თაობაზე, რომ ის არ იღებს პენსიას მეორე ქვეყნიდან, რომლის მოქალაქადაც იგი ითვლება და ასევე, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ (შემდგომში – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო) გაცემული საინფორმაციო ბარათი, რომლითაც დასტურდება მისი საქართველოს ტერიტორიაზე ბოლო 10 წლის მანძილზე კანონიერად ცხოვრება; 4. საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირმა სააგენტოში დამატებით უნდა წარადგინოს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს გადაწყვეტილება საქართველოში მოქალაქეობის არმქონე პირის სტატუსის დადგენის შესახებ; 5. უცხო ქვეყნის მოქალაქემ, რომელსაც მინიჭებული აქვს საქართველოს მოქალაქეობა, დამატებით უნდა წარადგინოს ცნობა იმის შესახებ, რომ ის არ იღებს პენსიას მეორე ქვეყნიდან, რომლის მოქალაქადაც იგი ითვლება.

საკასაციო სასამართლო არ იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მიერ მოცემული დავის გადაწყვეტისას საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის გამოყენებას და აღნიშნულთან მიმართებაში განმარტავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, იგი უფლებამოსილია, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად, ბათილად ცნოს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და დაავალოს ადმინისტრაციულ ორგანოს, ამ გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.

მითითებული მუხლით რეგლამენტირებული სასამართლოსათვის მინიჭებული საპროცესო უფლებამოსილება - უარი თქვას სადავო საკითხის მოწესრიგებაზე და აქტის გამომცემ ადმინისტრაციულ ორგანოს დაავალოს იმავე საკითხზე ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, არ წარმოადგენს უპირობო და შეუზღუდავ უფლებამოსილებას.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულებას წარმოადგენს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებათა გამოკვლევა და სწორედ საქმის გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე უნდა იქნეს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გადაწყვეტილება მიღებული. ზემოაღნიშნული ნორმიდან გამომდინარე, თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ არ გამოიკვლია საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებები და ისე გამოსცა ადმინისტრაციული აქტი, იგი უფლებამოსილია სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნოს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და დაავალოს შესაბამის ადმინისტრაციულ ორგანოს გამოსცეს ახალი აქტი.

ამდენად, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის გამოყენების კომპეტენცია სასამართლოს გააჩნია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმის გარემოებათა გამოკვლევის გარეშე.

აღნიშნულთან დაკავშირებით საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის გამოყენებისა და სადავო საკითხის გადაწყვეტაზე უარის თქმის პროცესუალური წინაპირობა.

ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილით მინიჭებულ უფლებამოსილებას სასამართლო იყენებს იმ შემთხვევაში, როცა სასამართლო წესით ვერ ხერხდება ფაქტობრივი გარემოებების დადგენა და შეფასება. მათი დადგენა მხოლოდ ადმინისტრაციულ ორგანოს შეუძლია მისთვის კანონით მინიჭებული უფლებამოსილებიდან გამომდინარე ან აღნიშნული მის დისკრეციას განეკუთვნება. შესაბამისად, შეუძლებელი ხდება სასამართლოს მიერ სადავო ადმინისტრაციული აქტის მატერიალური კანონიერების შეფასება.

სააპელაციო სასამართლო პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერებასა და დასაბუთებულობას ამოწმებს, როგორც ფაქტობრივი, ისე სამართლებრივი თვალსაზრისით, ანუ საქმეს განიხილავს, როგორც ფაქტობრივი გარემოებების დადგენის, ისე მათი სამართლებრივი შეფასების კუთხით. სააპელაციო სასამართლოს უფლება აქვს დაადგინოს ახალი ფაქტები, ხოლო საქმის მონაწილე პირებს უფლება აქვთ პირველ ინსტანციაში უკვე განხილულთან ერთად სააპელაციო სასამართლოში წარადგინონ ახალი მტკიცებულებები. ანუ სააპელაციო სასამართლო, საკასაციო ინსტანციის სასამართლოსგან განსხვავებით, შებოჭილი არაა პროცესუალური შესაძლებლობით, საქმეზე დაადგინოს ფაქტობრივი გარემოებები, გამოითხოვოს და შეაფასოს მტკიცებულებები.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს სრული პროცესუალური უფლებამოსილება ჰქონდა თავად გადაეწყვიტა დავა და ა. პ-ის მოთხოვნის ფარგლებში შეემოწმებინა გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების მატერიალური კანონიერება, რამდენადაც გასაჩივრებული აქტის მიღებისას სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ არ იყო დარღვეული აქტის გამოცემის ის პროცედურები, რაც უპირობოდ შექმნიდა საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნების წინაპირობას; ხოლო თუ დავის გადაწყვეტისას სასამართლო საჭიროდ მიიჩნევდა გარკვეული ფაქტობრივი გარემოებების გამოკვლევას ან დადგენას, შესაძლებლობა ჰქონდა ესარგებლა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-4 და მე-19 მუხლებით მინიჭებული საპროცესო კომპეტენციით და თავად მოეპოვებინა მტკიცებულებები. სააპელაციო სასამართლოს არ დაუსაბუთებია, რატომ იყო შეზღუდული თავად გამოეკვლია ისინი.

ამასთან, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმის ხელახლა განხილვისას უნდა იმსჯელოს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ კანონით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მატერიალურ კანონიერებაზე, გამოცემის სამართლებრივ საფუძვლებთან და კანონმდებლობასთან მის შესაბამისობაზე; რამდენადაც საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში, იკვეთება არა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე იმ ფაქტობრივი გარემოებების მოპოვების, დადგენის თუ გამოკვლევის საჭიროება, რისი შესაძლებლობაც შესაძლოა აქტის გამომცემ ადმინისტრაციულ ორგანოს გააჩნდეს, არამედ, უნდა მოხდეს სასამართლოს მიერ მათი სწორი სამართლებრივი შეფასება და გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების მატერიალური კანონიერების შემოწმება, რისი უფლებამოსილებაც უპირობოდ სასამართლოს კომპეტენციას განეკუთვნება. მით უფრო იმ პირობებში, როდესაც საქმეში წარმოდგენილია ისრაელის ეროვნული დაზღვევის სამსახურის წარმომადგენლის ცნობა პენსიით/დახმარებით უზრუნველყოფის უფლების შესახებ, რომლითაც დასტურდება, რომ პენსიონერ ა. პ-ს მოხუცებულობის საგანგებო პენსია ისრაელში უნაზღაურდებოდა 01/11/2009-დან 01/04/2012-მდე და ჯანმრთელობის დაზღვევის თანხა დაიქვითა პენსიიდან 01/052010-01/04/2012 პერიოდში (იხ. ს.ფ. 31; ტ.1).

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმის ხელახლა განხილვისას უნდა შეისწავლოს და შეაფასოს საქმეში არსებული ზემოაღნიშნული ცნობა და თუ დამატებით საჭიროდ მიიჩნევს ფაქტობრივი გარემოებების გამოკვლევასა და დადგენას, თავად გამოითხოვოს მტკიცებულებები შესაბამისი ადმინისტრაციული ორგანოდან. სააპელაციო სასამართლომ საქმის ხელახალი განხილვისას უნდა ისარგებლოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-4 და მე-19 მუხლებით მინიჭებული უფლებამოსილებით და ოფიციალობის პრინციპიდან გამომდინარე მოიპოვოს მტკიცებულებები და მათი შეფასების შემდეგ გამოიტანოს დასკვნა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსა და ა. პ-ის საკასაციო საჩივრები უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, გაუქმდეს გასაჩივრებული განჩინება და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს. მოცემული საქმე სააპელაციო სასამართლოს მიერ განხილულ უნდა იქნეს არსებითად და სააპელაციო სასამართლომ უნდა იმსჯელოს მითითებულ გარემოებებზე საქმეზე კანონიერი გადაწყვეტილების დადგენის მიზნით.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსა და ა. პ-ის საკასაციო საჩივრები დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 19 დეკემბრის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვაჩაძე

მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე

ვ. როინიშვილი