საქმე №010310015001075471
№ბს-161-159(k-17) 20 ივლისი, 2017 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე, ვასილ როინიშვილი
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი _ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო
მოწინააღმდეგე მხარე _ ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისია
მესამე პირები - მ. ნ-ი; ჯ. ნ-ი; ს. ნ-ი; ბ. გ-ე; ჯ. ლ-ი
გასაჩივრებული განჩინება _ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 27 მაისის განჩინება
დავის საგანი _ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2015 წლის 26 აგვისტოს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ სასარჩელო განცხადებით მიმართა ბათუმის საქალაქო სასამართლოს, მოპასუხის - ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიისა და მესამე პირების - მ. ნ-ის, ჯ. ნ-ის, ს. ნ-ის, ბ. გ-ისა და ჯ. ლ-ის მიმართ.
მოსარჩელის განმარტებით, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს 2011 წლის 12 აპრილის №01-10/1391 მიმართვის საფუძველზე ქობულეთში, დაბა ... მდებარე უძრავი ქონება (ს/კ №...) დარეგისტრირდა სახელმწიფოს საკუთრებად. 2014 წლის 19 მაისს მ. ნ-მა, ჯ. ნ-მა, ს. ნ-მა, ბ. გ-ემ და ჯ. ლ-მა განცხადებით მიმართეს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქობულეთის სარეგისტრაციო სამსახურს, რომლითაც სახელმწიფოს სახელზე რეგისტრირებულ უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია მოითხოვეს. განცხადებას ერთვოდა ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიერ გაცემული საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტები. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2014 წლის 23 მაისის N882014253085-03, N882014253033-03, N882014253045-03, N882014253127-03 და N882014253036-03 გადაწყვეტილებებით შეჩერდა სარეგისტრაციო წარმოება, ვინაიდან სარეგისტრაციოდ წარდგენილ და საჯარო რეესტრში რეგისტრირებულ უძრავი ნივთის საკადასტრო მონაცემებს შორის არსებობდა ინსტრუქციით განსაზღვრული ზედდება.
2014 წლის 23 ივლისს მ. ნ-მა, ჯ. ნ-მა, ს. ნ-მა, ბ. გ-ემ და ჯ. ლ-მა სარჩელით მიმართეს სასამართლოს, რომლითაც აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს 2011 წლის 12 აპრილის №01-10/1391 მიმართვის ბათილად ცნობა მოითხოვეს. აღნიშნული განცხადების განხილვის დროს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს მიერ ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიიდან გამოთხოვილ იქნა 2008 წლის 18 იანვარს გაცემული №4138, №3001, №3097, №3099 და 2008 წლის 21 იანვარს გაცემული №3738 საკუთრების უფლების მოწმობები და მათ საფუძველზე კომისიის მიერ მიღებული შესაბამისი გადაწყვეტილებები, რა დროსაც დადგინდა, რომ 2008 წლის 18 იანვრის სხდომის ოქმი №43 გადაწყვეტილება ხელმოწერილი არ იყო კომისიის თავმჯდომარის და წევრების მიერ. ამასთან, ჯ. ლ-ის შემთხვევაში, გვარი ოქმში საერთოდ არ ფიქსირდება, კერძოდ, კომისიის სხდომაზე 32-ე საკითხად განიხილებოდა საკითხი 7270 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ, კომისიამ 7270 კვ.მ მიწის ნაკვეთზე საკუთრება უღიარა მოქალაქე „ჯ. ლ-ს“, ხოლო საკუთრების უფლების მოწმობა №4138 გაიცა ჯ. ლ-ზე, მიწის ფართობად კი მითითებულ იქნა 0,49 ჰა.
მოსარჩელის განმარტებით, ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიაში მ. ნ-ის, ჯ. ნ-ის, ს. ნ-ის, ბ. გ-ისა და ჯ. ლ-ის განცხადებასთან დაკავშირებით ზეპირი მოსმენა არ გამართულა, სხდომის ოქმი არ შემდგარა, შესაბამისად, ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიერ 2008 წელს გაცემული №4138, №3001, №3097, №3099 და №3738 საკუთრების უფლების მოწმობები მიღებულ იქნა კანონის მოთხოვნათა დარღვევით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელემ ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2008 წლის 18 იანვარს ჯ. ნ-ის სახელზე გაცემული №3099 საკუთრების უფლების მოწმობის, ს. ნ-ის სახელზე გაცემული №3097 საკუთრების უფლების მოწმობის, ბ. გ-ის სახელზე გაცემული №3101 საკუთრების უფლების მოწმობის, ჯ. ლ-ის სახელზე გაცემული №4138 საკუთრების უფლების მოწმობისა და 2008 წლის 21 იანვარს მ. ნ-ის სახელზე გაცემული №3738 საკუთრების უფლების მოწმობის ბათილად ცნობა მოითხოვა.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 14 იანვრის გადაწყვეტილებით სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
საქალაქო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ 2008 წლის 18 იანვარს მ. ნ-მა, ჯ. ნ-მა, ს. ნ-მა, ბ. გ-ემ და ჯ. ლ-მა განცხადებებით მიმართეს ქობულეთის ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას, წარადგინეს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტები, საკადასტრო აზომვითი ნახაზები და ქობულეთში, სოფელ ... მდებარე მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარება მოითხოვეს. ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2008 წლის 18 იანვრის ოქმი №43 გადაწყვეტილებით (ოქმი ხელმოუწერელია), მ. ნ-ის, ჯ. ნ-ის, ს. ნ-ის, ბ. გ-ისა და ჯ. ლ-ის განცხადებები დაკმაყოფილდა, შესაბამისად: 2008 წლის 21 იანვარს ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიერ მ. ნ-ის სახელზე გაიცა საკუთრების უფლების მოწმობა №3738, რომლითაც მ. ნ-ს საკუთრებაში გადაეცა 0.49 ჰა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, მდებარე ქობულეთი, სოფელი .... 2008 წლის 18 იანვარს ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიერ ჯ. ნ-ის სახელზე გაიცა საკუთრების უფლების მოწმობა №3099, რომლითაც ჯ. ნ-ს საკუთრებაში გადაეცა 0.51 ჰა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, მდებარე ქობულეთი, სოფელი .... 2008 წლის 18 იანვარს ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიერ ს. ნ-ის სახელზე გაიცა საკუთრების უფლების მოწმობა №3097, რომლითაც ს. ნ-ს საკუთრებაში გადაეცა 0.49 ჰა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, მდებარე ქობულეთი, სოფელი .... 2008 წლის 18 იანვარს ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების მუდმივმოქმედი კომისიის მიერ ბ. გ-ის სახელზე გაიცა საკუთრების უფლების მოწმობა №3101, რომლითაც ბ. გ-ეს საკუთრებაში გადაეცა 0.51 ჰა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, მდებარე ქობულეთი, სოფელი .... 2008 წლის 18 იანვარს ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიერ ჯ. ლ-ის სახელზე გაიცა საკუთრების უფლების მოწმობა №4138, რომლითაც ჯ. ლ-ს საკუთრებაში გადაეცა 0.49 ჰა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, მდებარე ქობულეთი, სოფელი ....
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს 2011 წლის 12 აპრილის №01-10/1391 მიმართვის საფუძველზე, ქობულეთში, დაბა ... მდებარე 32278.00 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, საჯარო რეესტრში საკუთრების უფლებით აღირიცხა სახელმწიფოს სახელზე (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: №...).
2014 წლის 19 მაისს მ. ნ-მა, ჯ. ნ-მა, ს. ნ-მა, ა. ნ-მა და ჯ. ლ-მა განცხადებებით მიმართეს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქობულეთის სარეგისტრაციო სამსახურს, წარადგინეს დაინტერესებული პირის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლები, მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვითი ნახაზები, ადგილობრივი თვითმმართველობის მიერ გაცემული ცნობები და ქობულეთში, სოფელ ... მდებარე მიწის ნაკვეთების საკუთრების უფლების რეგისტრაცია მოითხოვეს.
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქობულეთის სარეგისტრაციო სამსახურის 2014 წლის 23 მაისის №882014253085-03 გადაწყვეტილებით, მ. ნ-ის განცხადებაზე სარეგისტრაციო წარმოება შეჩერდა და განმცხადებელს განემარტა, რომ სარეგისტრაციოდ წარდგენილ და საჯარო რეესტრში რეგისტრირებული უძრავი ნივთის საკადასტრო მონაცემებს შორის არსებობდა ინსტრუქციით განსაზღვრული ზედდება, კერძოდ, ზედდება არსებობდა შპს ,,...“ საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთთან (ს/კ ...).
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქობულეთის სარეგისტრაციო სამსახურის 2014 წლის 23 მაისის №882014253033-03 გადაწყვეტილებით, ჯ. ნ-ის განცხადებაზე სარეგისტრაციო წარმოება შეჩერდა და განმცხადებელს განემარტა, რომ სარეგისტრაციოდ წარდგენილ და საჯარო რეესტრში რეგისტრირებული უძრავი ნივთის საკადასტრო მონაცემებს შორის არსებობდა ინსტრუქციით განსაზღვრული ზედდება, კერძოდ, ზედდება არსებობდა შპს ,,...“ საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთთან (ს/კ ...).
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქობულეთის სარეგისტრაციო სამსახურის 2014 წლის 23 მაისის №882014253045-03 გადაწყვეტილებით, ს. ნ-ის განცხადებაზე სარეგისტრაციო წარმოება შეჩერდა და განმცხადებელს განემარტა, რომ სარეგისტრაციოდ წარდგენილ და საჯარო რეესტრში რეგისტრირებული უძრავი ნივთის საკადასტრო მონაცემებს შორის არსებობდა ინსტრუქციით განსაზღვრული ზედდება, კერძოდ, ზედდება არსებობდა შპს „...“ საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთთან (ს/კ ...).
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქობულეთის სარეგისტრაციო სამსახურის 2014 წლის 23 მაისის №882014253127-03 გადაწყვეტილებით, ა. ნ-ის განცხადებაზე სარეგისტრაციო წარმოება შეჩერდა და განმცხადებელს განემარტა, რომ სარეგისტრაციოდ წარდგენილ და საჯარო რეესტრში რეგისტრირებული უძრავი ნივთის საკადასტრო მონაცემებს შორის არსებობდა ინსტრუქციით განსაზღვრული ზედდება, კერძოდ, ზედდება არსებობდა შპს ,,...“ საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთთან (ს/კ ...).
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქობულეთის სარეგისტრაციო სამსახურის 2014 წლის 23 მაისის №882014253036-03 გადაწყვეტილებით, ჯ. ლ-ის განცხადებაზე სარეგისტრაციო წარმოება შეჩერდა და განმცხადებელს განემარტა, რომ სარეგისტრაციოდ წარდგენილ და საჯარო რეესტრში რეგისტრირებული უძრავი ნივთის საკადასტრო მონაცემებს შორის არსებობდა ინსტრუქციით განსაზღვრული ზედდება, კერძოდ ზედდება არსებობდა შპს „...“ საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთთან, (ს/კ ...).
სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2015 წლის 9 იანვრის №7/994 მიმართვის საფუძველზე, ქობულეთი, დაბა ... მდებარე 32278.00 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, საჯარო რეესტრში საკუთრების უფლებით აღირიცხა სახელმწიფო სახელზე (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: №...).
საქალაქო სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 15 სექტემბრის №525 ბრძანებულებით დამტკიცებული „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესი“ არეგულირებს მართლზომიერ მფლობელობაში ან სარგებლობაში არსებულ, აგრეთვე თვითნებურად დაკავებულ სახელმწიფოს საკუთრების სასოფლო ან/და არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე ფიზიკური, კერძო სამართლის იურიდიული პირის ან კანონით გათვალისწინებული სხვა ორგანიზებული წარმონაქმნის საკუთრების უფლების აღიარების წესსა და პირობებს, განსაზღვრავს იმ ორგანოს უფლებამოსილებასა და საქმიანობის სამართლებრივ საფუძვლებს, რომელიც საკუთრების უფლების აღიარების პროცესში წარმოადგენს სახელმწიფოს, აგრეთვე, ამ პროცესში მონაწილე მხარეთა უფლება-მოვალეობებს.
სასამართლოს მითითებით, „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად (სადავო პერიოდში მოქმედი რედაქცია), მართლზომიერ მფლობელობაში ან სარგებლობაში არსებულ, აგრეთვე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარებაზე უფლებამოსილია შესაბამისი ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანო, რომელიც უფლებამოსილებას ახორციელებს კომისიის მეშვეობით. კომისია თავის ფუნქციებს ახორციელებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის VIII თავით განსაზღვრული ფორმალური ადმინისტრაციული წარმოებისა და ამ კანონით განსაზღვრული წესით, ხოლო მე-2 პუნქტის თანახმად, კომისიის შექმნისა და საქმიანობის სამართლებრივი საფუძვლები განისაზღვრება საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით დამტკიცებული „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესით“.
საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 15 სექტემბრის №525 ბრძანებულებით დამტკიცებული „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესის“ (სადავო პერიოდში მოქმედი) მე-10 მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად, კომისია კანონმდებლობით დადგენილი წესით, თავისი უფლებამოსილების ფარგლებში იღებს გადაწყვეტილებას, რომელიც არის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. მე-13 მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად, კომისიის სხდომები ფორმდება ოქმით, რომელსაც ხელს აწერს კომისიის თავმჯდომარე, კომისიის ყველა დამსწრე წევრი და კომისიის მდივანი, ხოლო მე-17 მუხლის საფუძველზე, მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე, კომისია გასცემს საკუთრების უფლების მოწმობას და დამოწმებულ საკადასტრო აზომვით ნახაზს, საკუთრების უფლების მოწმობას ხელს აწერს კომისიის თავმჯდომარე ან მოვალეობის შემსრულებელი, ხოლო საკუთრების უფლება აღიარებული მიწის ნაკვეთის საკადასტრო ნახაზი მოწმდება კომისიის ბეჭდით.
სასამართლოს მითითებით, მოსარჩელე სარჩელს აფუძნებს იმ გარემოებაზე, რომ ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიაში მ. ნ-ის, ჯ. ნ-ის, ს. ნ-ის, ბ. გ-ისა და ჯ. ლ-ის განცხადებებთან დაკავშირებით არ გამართულა ზეპირი მოსმენა, კომისიის მიერ სხდომის ოქმი არ შემდგარა, ვინაიდან კომისიის 2008 წლის 18 იანვრის ოქმი №43 გადაწყვეტილება ხელმოწერილი არ არის კომისიის თავმჯდომარისა და წევრების მიერ, ამასთან მიუთითებს, რომ ჯ. ლ-ის შემთხვევაში, გვარი ოქმში საერთოდ არ ფიქსირდება, კერძოდ, კომისიის სხდომაზე 32-ე საკითხად განიხილებოდა საკითხი 7270 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ, კომისიამ 7270 კვ.მ მიწის ნაკვეთზე საკუთრება უღიარა მოქალაქე „ჯ. ლ-ს“, ხოლო საკუთრების უფლების მოწმობა №4138 გაცემულ იქნა ჯ. ლ-ზე, მიწის ფართობი კი მითითებულ იქნა 0,49 ჰა, რის გამოც ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიერ 2008 წლის 18 და 21 იანვარს გაცემული №4138, №3001, №3097, №3099 და №3738 საკუთრების უფლების მოწმობები ბათილად უნდა იქნეს ცნობილი.
საქალაქო სასამართლოს განმარტებით, სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები აღმჭურველი შინაარსის სამართლებრივი აქტებია, ვინაიდან საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის მიხედვით გასაჩივრებული აქტები დაინტერესებულ მხარეებს - მ. ნ-ს, ჯ. ნ-ს, ს. ნ-ს, ბ. გ-ეს და ჯ. ლ-ს ანიჭებს საკუთრების უფლებას მიწის ნაკვეთზე. აღმჭურველი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად გამოცხადების საფუძველია მმართველობის „კანონიერების პრინციპი“, რომელიც მოითხოვს კანონიერების აღდგენის მიზნით უკანონო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გაუქმებას. ამ მნიშვნელოვან პრინციპს უპირისპირდება კანონმდებლის მიერ აღიარებული „ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მიმართ დაინტერესებული მხარის კანონიერი ნდობის პრინციპი“. ორივე პრინციპი კონსტიტუციური რანგისაა და გამომდინარეობს სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპიდან. ადმინისტრაციული წარმოებისა და ადმინისტრაციული სამართალწარმოების ამოცანაა კონკრეტული პრობლემის გადაწყვეტისას მოახდინონ ამ ორი პრინციპის შეპირისპირება და თანაზომიერი გადაწყვეტილების მიღება.
სასამართლომ აღნიშნა, რომ ადმინისტრაციული სამართლის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი - კანონიერი ნდობის ინსტიტუტის გამოყენების შესაძლებლობას ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი უშვებს კანონიერი და უკანონო აქტებისა და მათ საფუძველზე განხორციელებული ღონისძიებების მიმართ, შესაბამისი სავალდებულო წინაპირობების არსებობის შემთხვევაში; კანონიერი ნდობის ინსტიტუტის არსებობა პირდაპირ კავშირშია სამართლებრივ შედეგთან, სწორედ სამართლებრივი შედეგის სტაბილურობის შენარჩუნების მიზანს ემსახურება კანონიერი ნდობის დაცვა. დოქტრინა ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერების შესახებ მოიცავს ორ ასპექტს. ერთი მხრივ, თუ რა შემთხვევაშია აქტი კანონიერი ან უკანონო და მეორე მხრივ, თუ რა სამართლებრივ შედეგებს იწვევს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მართლწინააღმდეგობა. დაინტერესებული მხარის კანონიერი ნდობა არ არის დაცვის ღირსი, ანუ არ არსებობს კანონიერი ნდობა, თუ ა)მას საფუძვლად უდევს დაინტერესებული მხარის უკანონო ქმედება (მაგ., არასწორი მონაცემების ან ყალბი დოკუმენტების წარმოდგენა თუ მოტყუება), ბ) ან როდესაც მისთვის ამ აქტის უკანონობა ცნობილი იყო ან უნდა ცოდნოდა.
სასამართლოს მითითებით, კონკრეტულ შემთხვევაში, 2008 წლის 18 იანვრის ოქმი №43 გადაწყვეტილებაში აღნიშნულია, რომ მ. ნ-ის, ჯ. ნ-ის, ს. ნ-ის, ბ. გ-ის და ჯ. ლ-ის მიერ ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიაში წარდგენილი იქნა განცხადებები, პირადობის მოწმობის ქსეროასლები, მიწის მესაკუთრეთა უფლებების დაცვის ასოციაციის მიერ შესრულებული აზომვითი ნახაზები, განცხადებები განხილული იქნა და მიღებული იქნა გადაწყვეტილება, რომლითაც მ. ნ-ის, ჯ. ნ-ის, ს. ნ-ის, ბ. გ-ისა და ჯ. ლ-ის განცხადებები დაკმაყოფილდა და საკუთრებაში გადაეცათ თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთები და გაიცა საკუთრების უფლების მოწმობები.
საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ მ. ნ-ის, ჯ. ნ-ის, ს. ნ-ის, ბ. გ-ისა და ჯ. ლ-ის მხრიდან ადმინისტრაციულ ორგანოში სრულყოფილად იქნა წარდგენილი მტკიცებულებები, შესაბამისად, გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების მიმართ მათი კანონიერი ნდობა უნდა შეფასდეს, როგორც დაცვის ღირსი, მათ შეასრულეს ყველა სავალდებულო პროცედურული მოვალეობა, რომლის არსებობის პირობებში შესაძლებელი იყო აღმჭურველი ადმინისტრაციული აქტის გამოცემა, ხოლო ის გარემოება, რომ ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2008 წლის 18 იანვრის ოქმი №43 გადაწყვეტილება ხელმოუწერელია, აღნიშნული ვერ გახდება საკუთრების უფლების მოწმობის გაუქმების საფუძველი, ვინაიდან აღნიშნული გამოწვეულია ადმინისტრაციული ორგანოს მოქმედებით და მან არ უნდა გამოიწვიოს მხარის კანონით დაცული საკუთრების უფლების შეზღუდვა. ამასთან, სასამართლომ მნიშვნელოვნად მიიჩნია ის გარემოება, რომ სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულ იქნა ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიის ყოფილი მდივანი მ. კ-ი, რომელმაც დაადასტურა 2008 წლის 18 იანვარს კომისიის სხდომაზე მ. ნ-ის, ჯ. ნ-ის, ს. ნ-ის, ბ. გ-ისა და ჯ. ლ-ის განცხადებების განხილვა, ხოლო ხელის მოუწერლობა განცხადებების სიმრავლით ახსნა, ამასთან დაამატა, რომ მსგავსი შემთხვევები ხშირია, რადგან 2008 წლისათვის კომისიაში ძალიან ბევრი განცხადებების განხილვა ხდებოდა.
რაც შეეხება მოსარჩელის მტკიცებას, რომ ჯ. ლ-ის შემთხვევაში, გვარი ოქმში საერთოდ არ ფიქსირდება, კერძოდ, კომისიის სხდომაზე 32-ე საკითხად განიხილებოდა საკითხი 7270 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ, კომისიამ 7270 კვ.მ მიწის ნაკვეთზე საკუთრება უღიარა მოქალაქე ,,ჯ. ლ-ს“, ხოლო საკუთრების უფლების მოწმობა №4138 გაცემულ იქნა ჯ. ლ-ზე, მიწის ფართობი კი მითითებულ იქნა 0,49 ჰა, აღნიშნულს სასამართლომ არც აღნიშნული გაიზიარა და განმარტა, რომ „ჯ. ლ-ის“ მითითება არის ტექნიკური შეცდომა, რადგან კომისიაში განცხადება წარდგენილია ჯ. ლ-ის მიერ, ამასთან, თავად ოქმში 32-ე საკითხის განხილვის დროს მითითებულია, რომ განიხილება ჯ. ლ-ის განცხადება, ხოლო ის გარემოება, რომ ჯ. ლ-ს კომისიამ საკუთრებაში უღიარა 7270.00 კვ.მ მიწის ნაკვეთი, თუმცა კომისიის მიერ საკუთრების უფლების მოწმობა გაიცა 0.49 ჰა მიწის ნაკვეთზე, ვერ გახდება საკუთრების უფლების მოწმობის ბათილად ცნობის საფუძველი, ვინაიდან 7270.00 კვ.მ მიწის ნაკვეთიდან ჯ. ლ-ს, როგორც თვითნებურად დამკავებელს კომისიის მიერ გადაეცა 4770.00 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, ხოლო 2500.00 კვ.მ მიწის ნაკვეთის მიმართ ჯ. ლ-ს გააჩნდა მართლზომიერი მფლობელობა, შესაბამისად, გაიცა საკუთრების უფლების მოწმობა, ამასთან, ის გარემოება, რომ ჯ. ლ-ს საკუთრების უფლების მოწმობით მოთხოვნილ მიწის ნაკვეთზე ნაკლები მიწის ნაკვეთი გადაეცა, სადავოდ შეიძლება გახდეს მხოლოდ ჯ. ლ-ის მიერ, რაც მოცემულ შემთხვევაში საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება.
ამდენად, საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიერ 2008 წლის 18 და 21 იანვარს მ. ნ-ის, ჯ. ნ-ის, ს. ნ-ის, ბ. გ-ისა და ჯ. ლ-ის სახელზე გაცემული №4138, №3001, №3097, №3099 და №3738 საკუთრების უფლების მოწმობები, „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა დაცვით არის გამოცემული და არ არსებობს მათი ბათილად ცნობის საფუძველი.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 14 იანვრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ ქონების მართვის ეროვნულმა სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილება მოითხოვა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 27 მაისის განჩინებით სსიპ ქონების მართვის ეროვნული სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 14 იანვრის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სრულად გაიზიარა საქალაქო სასამართლოს შეფასებები და დასკვნები გასაჩივრებული გადაწყვეტილების ფაქტობრივ და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთებისას მიუთითა მათზე და დამატებით განმარტა, რომ სადავო პერიოდში მოქმედი საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 15 სექტემბრის №525 ბრძანებულებით დამტკიცებული „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესის“ მე-5 მუხლის პირველი პუნქტით, თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარებისათვის უფლებამოსილია შესაბამისი ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანო, რომელიც უფლებამოსილებას ახორციელებს მუდმივმოქმედი კომისიის მეშვეობით. ამავე წესის მე-11 მუხლის პირველი პუნქტით, კომისია თავის ფუნქციებს ახორციელებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის VIII თავით განსაზღვრული ფორმალური ადმინისტრაციული წარმოებით, „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონითა და ამ ბრძანებულებით განსაზღვრული წესით. ამავე მუხლის მე-2 პუნქტით, საკუთრების უფლების აღიარების შესახებ მოთხოვნის განხილვის საფუძველია დაინტერესებული პირის ან მისი უფლებამოსილი წარმომადგენლის მიერ წერილობითი განცხადების წარდგენა კომისიაში.
სააპელაციო სასამართლოს მითითებით, საქმის მასალებით დადგენილია და არც აპელანტი ხდის სადავოდ მესამე პირების მიერ ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიაში მითითებული ბრძანებულებით გათვალისწინებული ყველა დოკუმენტის წარდგენას. შესაბამისად, სააპელაციო პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობა იმის შესახებ, რომ კანონით დაკისრებული ვალდებულება მესამე პირების მიერ შესრულებულ იქნა და მიწის ნაკვეთის საკუთრების უფლებით აღიარება ან ასეთი მოთხოვნის უარყოფა ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიის პრეროგატივას წარმოადგენდა.
სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ პრეზიდენტის ბრძანებულების მე-13 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, კომისიის სხდომები ფორმდება ოქმით, რომელსაც ხელს აწერს კომისიის თავმჯდომარე, კომისიის ყველა დამსწრე წევრი და კომისიის მდივანი.
სააპელაციო პალატის მითითებით, მოცემულ შემთხვევაში სადავო მიწის ნაკვეთების მესამე პირების საკუთრებაში აღიარებასთან დაკავშირებით ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიაში დაცულია, აკინძულია და დაარქივებულია სხდომის ოქმი, რომელზეც არ ფიქსირდება შესაბამისი ხელმოწერები.
სააპელაციო პალატამ კვლავ მიუთითა საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 15 სექტემბრის №525 ბრძანებულებაზე, რომლის შესაბამისად, სხდომის ოქმის ასლი არ ეგზავნება დაინტერესებულ პირს, მას გადაეცემა მხოლოდ საკუთრების უფლების მოწმობა და დამოწმებული საკადასტრო აზომვითი ნახაზი, რაც მოცემულ შემთხვევაში განხორციელდა კომისიის მიერ და მესამე პირებს გადაეცათ უფლებამოსილი პირის მიერ ხელმოწერილი საკუთრების უფლების მოწმობები. შესაბამისად, კომისიის წევრების მხრიდან კანონით დაკისრებული ვალდებულების (ოქმის ხელმოწერა) შეუსრულებლობა არ შეიძლება წარმოადგენდეს აღმჭურველი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძველს, რაც მართებულად შეაფასა პირველი ინსტანციის სასამართლომ. ამასთან, სააპელაციო პალატის მითითებით, საყურადღებოა ისიც, რომ საქმეზე მოწმის სახით დაკითხული ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიის ყოფილი მდივანი მ. კ-ი ადასტურებს 2008 წლის 18 იანვარს კომისიის სხდომაზე მ. ნ-ის, ჯ. ნ-ის, ს. ნ-ის, ბ. გ-ისა და ჯ. ლ-ის განცხადებების განხილვას და ოქმზე ხელის მოუწერლობას და ამ უკანასკნელის გვარის არასწორად მითითებას განცხადებების სიმრავლით ხსნის.
სააპელაცო პალატამ ასევე არ გაიზიარა აპელანტის მოსაზრება 2008 წლის 18 იანვარს ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიერ სხდომის ჩაუტარებლობის შესახებ და აღნიშნა, რომ ამგვარი განმარტებით აპელანტი ფაქტობრივად კომისიის წევრების მხრიდან განხორციელებულ სიყალბეზე უთითებს, დოკუმენტის სიყალბის (საკუთრების მოწმობის ფორმალურად გაცემის) დამადასტურებელი მტკიცებულება (განაჩენი და სხვა) კი აპელანტის მიერ წარმოდგენილი არ ყოფილა. იმის გათვალისწინებით, რომ ამ მტკიცებულების სიყალბე და მისი სამართლებრივი შედეგების დადგომაზე პრეტენზია წარმოადგენს სააპელაციო საჩივრის მოთხოვნის ერთ-ერთ გარემოებას, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის შესაბამისად, მისი მტკიცება სწორედ მოსარჩელის მიერ უნდა ყოფილიყო განხორციელებული.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 27 მაისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
კასატორის განმარტებით, სასამართლომ სრულიად უგულებელყო ის გარემოება, რომ საკითხი შეეხება საკუთრების დამადასტურებელი მოწმობების გაცემის კანონიერებას და არ გამოიკვლია ის პროცესუალური დარღვევები, რაც წინ უძღოდა აღნიშნული მოწმობის გაცემას კერძოდ: ქობულეთს მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების აღიარების კომისიაში მოქალაქეთა განცხადებებთან დაკავშირებით არ გამართულა ზეპირი მოსმენა, კომისიის მიერ სხდომის ოქმი არ შემდგარა ვინაიდან კომისიის 2008 წლის 18 იანვრის №4(3) გადაწყვეტილება ხელმოწერილი არ არის კომისიის თავმჯდომარისა და კომისიის წევრების მიერ, ამასთან, ჯ. ლ-ის შემთხვევაში გვარი ოქმში საერთოდ არ ფიქსირდება, რის გამოც მიიჩნევს, რომ ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების აღიარების კომისიის მიერ 2008 წლის 18 და 21 იანვარს გაცემული №4138, №3001, №3097, №3099, №3738 საკუთრების უფლების მოწმობები ბათილად უნდა იქნეს ცნობილი, ხოლო სასამართლომ მითითებულ გარემოებებთან დაკავშირებით კი დადგენილად მიიჩნია, რომ სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები იყო აღმჭურველი შინაარსის აქტები და მათ მიმართ დაინტერესებული პირების კანონიერი ნდობა უნდა შეფასებულიყო როგორც დაცვის ღირსი და ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების აღიარების კომისიის ოქმის ხემოუწერლობა, ვერ გახდებოდა საკუთრების უფლების მოწმობის გაუქმების საფუძველი, რაც კასატორის მოსაზრებით არასწორია.
კასატორის განმარტებით, სასამართლომ არასწორად იმსჯელა კანონიერი ნდობის არსებობაზე და არ გამოიყენა ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის მე-4 და მე-5 ნაწილები და მათი გამოყენების გარეშე მივიდა იმ დასკვნამდე, რომ გასაჩივრებული აქტები წარმოადგენს აღმჭურველ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებს და მხარეს გააჩნია აქტების მიმართ კანონიერი ნდობა და მათი ბათილად ცნობით შეილახება საკუთების კანონით დაცული უფლება, თუმცა გადაწყვეტილებაში არ განუმარტავს, მიიჩნია თუ არა დადგენილად ის ფაქტობრივი გარემოება, რომ გასაჩივრებული საკუთრების დამადასტურებელი მოწმობები კანონსაწინააღმდეგოა. მოცემულ შემთხვევაში კანონიერ ნდობას არ აქვს ადგილი, ვინაიდან დადგენილია, რომ დაინტერესებული მხარის კანონიერი ნდობა არ არის დაცვის ღირსი ანუ არ არსებობს კანონიერი ნდობა თუ ა) მას საფუძვლად უდევს დაინტერესებული მხარის უკანონო ქმედება; ბ) ან როდესაც ამ აქტის უკანონობა ცნობილი იყო ან უნდა ცოდნოდა 2008 წლის 18 იანვრის №4(3) გადაწყვეტილების ხელმოუწერლობის ფაქტისა და ასევე ჯ. ლ-ის შემთხვევაში გვარის არასწორად მითითების შესახებ ცნობილი იყო ან/და უნდა ყოფილიყო ცნობილი დაინტერესებული მხარისათვის, ვინაიდან, 2007 წლის 15 სექტემბრის №525 ბრძანებულებით დამტკიცებული „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესისა“ და საკუთრების უფლების მოწმობის დამტკიცების შესახებ მომწესრიგებელი ნორმები, რომლის მიხედვით კომისიის სხდომები ფორმდება ოქმით, რომელსაც ხელს აწერს კომისიის თავმჯდომარე, კომისიის ყველა დამსწრე წევრი და კომისიის მდივანი, ხოლო საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მესამე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით კანონის არცოდნა ან მისი არასათანადოდ გაგება არ შეიძლება იყოს კანონის გამოუყენებლობის ან/და ამ კანონით გათვალისწინებული პასუხისმგებლობისაგან განთავისუფლების საფუძველი. შესაბამისად, ის გარემოება, რომ კომისიის გადაწყვეტილება იყო ხელმოუწერელი და საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის გაცემისათვის აუცილებელი იყო სხდომის გამართვა, მოწესრიგებულია შესაბამისი ნორმებით, რომლის არცოდნაც მხარის კანონიერი ინტერესის გაჩენის წინაპირობა ვერ გახდება, ვინაიდან კანონის არცოდნა არ ათავისუფლებს მას კანონის არცოდნის გამო გამოწვეული შესაძლო შედეგებისგან.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის VIII თავით განსაზღვრულია ფორმალური ადმინისტრაციული წარმოების ის ფუნდამენტური საფუძვლები, რომელსაც უნდა აკმაყოფილებდეს აღნიშნული ფორმით გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, კერძოდ, ესენია: დაინტერესებული პირის მოწვევა და მისი მონაწილეობა ადმინისტრაციულ წარმოებაში, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გადაწყვეტილების მიღება მხოლოდ ზეპირი მოსმენის გამართვის საფუძველზე, რა დროსაც იწარმოება სხდომის ოქმი (მუხლი 110,112). აღნიშნულიდან გამომდინარე 2008 წლის 18 იანვარს კომისიის მიერ გადაწყვეტილება საკუთრების უფლების აღიარების შესახებ უნდა მიღებულიყო კომისიური წესით, ხოლო კომისიის სხდომები უნდა გაფორმებულიყო ოქმით, რომელსაც ხელს უნდა აწერდნენ კომისიის თავმჯდომარე, კომისიის ყველა დამსწრე წევრი და კომისიის მდივანი. სწორედ ზემოაღნიშნული პროცედურების გავლის შემდგომ მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე კომისიას გასცემს საკუთრების დამადასტურებელ მოწმობას, რომელიც საჯარო რეესტრში საკუთრების უფლების წარმოშობის საფუძველია.
კასატორის მითითებით, ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიერ გაცემული ადმინისტრაციული წარმოების მასალებით დადგენილია, რომ საკუთრების უფლების აღიარების კომისიაში არ მოიპოვება კომისიის წევრების მიერ ხელმოწერილი კომისიის სხდომის ოქმი, შესაბამისად ცალსახაა, რომ ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიას მოპასუხეებისათვის არ უღიარებია საკუთრების უფლება სადავო მიწის ნაკვეთზე. სააგენტო სწორედ ფორმალური კანონიერების დარღვევის საფუძველზე მოითხოვს 2008 წლის 18 იანვრის №4138, №3001, №3097, №3099 და 21.01.2008 წლის №3738 საკუთრების მოწმობების ბათილად ცნობას, ვინაიდან დადგენილია, რომ არ მოწვეულა სხდომა, არ გამართულა ზეპირი მოსმენა და არ შემდგარა კომისიის სხდომის ოქმი, შესაბამისად, არ არსებობდა საკუთრების მოწმობის გაცემის საფუძველი, ხოლო სააპელაციო სასამართლომ კი აღნიშნულის საწინააღმდეგოდ მიიჩნია, რომ ადგილი არ ჰქონია ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-601 მუხლით გათვალიწინებული კანონის დარღვევას, მაშინ როდესაც დარღვეულია გასაჩივრებული აქტების მომზადებისა და გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები, რაც მათი ბათილობის საფუძველია.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 1 მარტის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 20 აპრილის განჩინებით სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა დასაშვებად და მისი განხილვა დაინიშნა მხარეთა დასწრების გარეშე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, უცვლელად უნდა დარჩეს გასაჩივრებული განჩინება, შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ 2008 წლის 21 იანვარს ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიერ მ. ნ-ის სახელზე გაიცა საკუთრების უფლების მოწმობა №3738, რომლითაც მ. ნ-ს საკუთრებაში გადაეცა 0.49 ჰა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, მდებარე ქობულეთი, სოფელი ....
2008 წლის 18 იანვარს ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიერ ჯ. ნ-ის სახელზე გაიცა საკუთრების უფლების მოწმობა №3099, რომლითაც ჯ. ნ-ს საკუთრებაში გადაეცა 0.51 ჰა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, მდებარე ქობულეთი, სოფელი ....
2008 წლის 18 იანვარს ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიერ ს. ნ-ის სახელზე გაიცა საკუთრების უფლების მოწმობა №3097, რომლითაც ს. ნ-ს საკუთრებაში გადაეცა 0.49 ჰა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, მდებარე ქობულეთი, სოფელი ....
2008 წლის 18 იანვარს ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების მუდმივმოქმედი კომისიის მიერ ბ. გ-ის სახელზე გაიცა საკუთრების უფლების მოწმობა №3101, რომლითაც ბ. გ-ეს საკუთრებაში გადაეცა 0.51 ჰა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, მდებარე ქობულეთი, სოფელი ....
2008 წლის 18 იანვარს ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიერ ჯ. ლ-ის სახელზე გაიცა საკუთრების უფლების მოწმობა №4138, რომლითაც ჯ. ლ-ს საკუთრებაში გადაეცა 0.49 ჰა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, მდებარე ქობულეთი, სოფელი ....
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს 2011 წლის 12 აპრილის №01-10/1391 მიმართვის საფუძველზე, ქობულეთში, დაბა ... მდებარე 32278.00 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, საჯარო რეესტრში საკუთრების უფლებით აღირიცხა სახელმწიფო სახელზე (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: №...).
2014 წლის 19 მაისს მ. ნ-მა, ჯ. ნ-მა, ს. ნ-მა, ბ. გ-ემ და ჯ. ლ-მა განცხადებით მიმართეს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქობულეთის სარეგისტრაციო სამსახურს, რომლითაც სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის, მდებარე ქობულეთში, სოფელი ..., საკუთრების უფლების რეგისტრაცია მოითხოვეს, განცხადებებს ერთვოდა დაინტერესებული პირის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი, მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვითი ნახაზი, ადგილობრივი თვითმმართველობის მიერ გაცემული ცნობა.
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქობულეთის სარეგისტრაციო სამსახურის 2014 წლის 23 მაისის №882014253085-03, №882014253033-03, №882014253045-03, №882014253127-03, №882014253036-03 გადაწყვეტილებებით ჯ. ნ-ის, ს. ნ-ის, ბ. გ-ისა და ჯ. ლ-ის განცხადებებზე სარეგისტრაციო წარმოება შეჩერდა და განმცხადებლებს განემარტათ, რომ სარეგისტრაციოდ წარდგენილი და საჯარო რეესტრში რეგისტრირებული უძრავი ნივთის საკადასტრო მონაცემებს შორის არსებობდა ინსტრუქციით განსაზღვრული ზედდება, კერძოდ, ზედდება არსებობდა შპს „...“ საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთთან.
სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2015 წლის 9 იანვრის №7/994 მიმართვის საფუძველზე, ქობულეთი, დაბა ... მდებარე 32278.00 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, საჯარო რეესტრში საკუთრების უფლებით აღირიცხა სახელმწიფოს სახელზე (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: №...).
განსახილველი დავის საგანს ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიერ 2008 წლის 18 იანვარს ჯ. ნ-ის სახელზე გაცემული №3099 საკუთრების უფლების მოწმობის, ს. ნ-ის სახელზე გაცემული №3097 საკუთრების უფლების მოწმობის, ბ. გ-ის სახელზე გაცემული №3101 საკუთრების უფლების მოწმობის, ჯ. ლ-ის სახელზე გაცემული №4138 საკუთრების უფლების მოწმობისა და 2008 წლის 21 იანვარს მ. ნ-ის სახელზე გაცემული №3738 საკუთრების უფლების მოწმობის კანონიერების დადგენა წარმოადგენს. აღნიშნული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გაუქმებას მოსარჩელე - სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო ითხოვს იმ საფუძვლით, რომ ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიერ საკუთრების უფლების მოწმობები გაცემული იყო კანონმდებლობით დადგენილი ფორმალური ადმინისტრაციული წარმოებისათვის დადგენილი წესის დარღვევით.
ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესი, ორგანიზაციული და სამართლებრივი საფუძვლები მოწესრიგებულია „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონითა და „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესისა და საკუთრების უფლების მოწმობის ფორმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 15 სექტემბრის №525 ბრძანებულებით, რომელთა მიზანია მართლზომიერ მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ, აგრეთვე, თვითნებურად დაკავებულ სახელმწიფო საკუთრების მიწაზე ფიზიკური, კერძო სამართლის იურიდიული პირების ან კანონით გათვალისწინებული სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნების საკუთრების უფლების აღიარებით სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწის ათვისება და მიწის ბაზრის განვითარების ხელშეწყობა.
„ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ა“ პუნქტის შესაბამისად, მართლზომიერ მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებული მიწა არის სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობით (აშენებული, მშენებარე ან დანგრეული) ან მის გარეშე, რომელზედაც (მიწის ნაკვეთზე ან შენობა-ნაგებობაზე) ფიზიკურ ან კერძო სამართლის იურიდიულ პირს, ან კანონით გათვალისწინებულ სხვა ორგანიზაციულ წარმონაქმნს მართლზომიერი მფლობელობის უფლება წარმოეშვა ამ კანონის ამოქმედებამდე, ასევე ტექნიკური ინვენტარიზაციის არქივში აღრიცხული, 1994 წლამდე თვითნებურად დაკავებული მიწა. ამავე კანონის მე-4 მუხლის შესაბამისად, თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარებაზე უფლებამოსილია შესაბამისი ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანო, რომელიც უფლებამოსილებას ახორციელებს კომისიის მეშვეობით. კომისია თავის ფუნქციებს ახორციელებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის VIII თავით განსაზღვრული ფორმალური ადმინისტრაციული წარმოებისა და ამ კანონით განსაზღვრული წესით, ამავე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, კომისიის შექმნისა და საქმიანობის სამართლებრივი საფუძვლები განისაზღვრა საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით დამტკიცებული „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესით“.
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით დამტკიცებული „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესის“ მე-5 მუხლის შესაბამისად, თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარებისათვის უფლებამოსილია შესაბამისი ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანო, რომელიც უფლებამოსილებას ახორციელებს მუდმივმოქმედი კომისიის მეშვეობით, ხოლო მართლზომიერ მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარებისათვის უფლებამოსილია საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო (შემდგომში - სააგენტო), რომელიც აღნიშნულ უფლებამოსილებას ახორციელებს კანონით დადგენილი წესით; მე-2 პუნქტის შესაბამისად, კომისიის შემადგენლობა მტკიცდება ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს უფლებამოსილების ვადით. მე-9 მუხლის შესაბამისად, კომისიის საქმიანობას ხელმძღვანელობს კომისიის თავმჯდომარე, კომისიას ჰყავს მდივანი, კომისიის საქმიანობის ორგანიზაციულ-ტექნიკურ უზრუნველყოფას ახორციელებს ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს აპარატი, ხოლო ქ. თბილისში - ქ. თბილისის მერიის შესაბამისი სამსახური. ამავე ბრძანებულების მე-12 მუხლის შესაბამისად, კომისიის სხდომები ფორმდება ოქმით, რომელსაც ხელს აწერს კომისიის თავმჯდომარე, კომისიის ყველა დამსწრე წევრი და კომისიის მდივანი. კომისიის თითოეულ წევრს აქვს უფლება სხდომის ოქმს წერილობით დაურთოს საკუთარი განსხვავებული აზრი, რომელიც აღინიშნება ოქმში. ამავე მუხლის მე-2 პუქნტის თანახმად, ოქმში უნდა მიეთითოს: ა) კომისიის დასახელება; ბ) სხდომის დრო და ადგილი; გ) სხდომის თავმჯდომარის და წევრების ვინაობა; დ) სხდომაში მონაწილე დაინტერესებული პირის, აგრეთვე ექსპერტისა და მოწმის ვინაობა; ე) განხილვის საგანი; ვ) მოწმეთა და ექსპერტთა ჩვენების მოკლე აღწერა, უფლებაასაღიარებელი მიწის ნაკვეთის ადგილზე დათვალიერების შედეგები; ზ) კენჭისყრის შედეგები; თ) მიღებული გადაწყვეტილება.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის 1-ლი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტზე და განმარტავს, რომ განსახილველ შემთხვევაში გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები წარმოადგენენ აღმჭურველ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს, ვინაიდან აღნიშნული აქტებით მიწის ნაკვეთები საკუთრების უფლებით აღირიცხა მესამე პირების სახელზე, შესაბამისად, დაინტერესებულ პირებს წარმოეშვათ საკუთრების უფლება უძრავ ქონებაზე.
საკასაციო სასამართლო ასევე მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601.4 მუხლზე, რომლის თანახმად, დაუშვებელია კანონსაწინააღმდეგო აღმჭურველი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, თუ დაინტერესებულ მხარეს კანონიერი ნდობა აქვს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მიმართ, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არსებითად არღვევს სახელმწიფო, საზოგადოებრივ ან სხვა პირის კანონიერ უფლებებს ან ინტერესებს.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის მე-4 ნაწილი კრძალავს კანონსაწინააღმდეგო აღმჭურველი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობას, როცა დადგენილია დაინტერესებული მხარის, იგულისხმება აქტის ადრესატი, კანონიერი ნდობის უფლება, საგამონაკლისო დათქმით, თუ ამგვარი აქტი არსებითად არღვევს მესამე პირის (სახელმწიფო, საზოგადოებრივ ან სხვა პირის) კანონიერ უფლებებს ან ინტერესებს. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ კანონიერი ნდობის უფლებით აქტის ადრესატი დაცულია იმ ვითარებაში, როცა მისი ნდობის უფლება კონფლიქტშია მხოლოდ კანონიერების პრინციპთან, მაგრამ თუ ამავდროულად უკანონო აქტი მესამე პირის კანონიერი ნდობის უფლებას არსებითად არღვევს, შეუძლებელია პრიორიტეტულად იქნეს განხილული აქტის ადრესატის კანონიერი ნდობის უფლება სხვა, მესამე პირთა კანონიერი ნდობის უფლების იგნორირების ხარჯზე. ნორმის ამგვარი განმარტება წინააღმდეგობაში მოდის როგორც საჯარო მმართველობის კანონიერებისა და ადამიანის უფლებების დაცვის სტანდარტებით, ისე სამართლიანი მართლმსაჯულების განხორციელების ვალდებულებასთან.
იმგვარი გარემოებების დადგენის პირობებში, როცა უკანონო აღმჭურველ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის სამართლებრივი შედეგებით დაირღვა სახელმწიფო, საზოგადოებრივი, ან სხვა პირის კანონიერი უფლებები, ან კანონიერი ინტერესები, კანონმდებელი აქტს არ მიიჩნევს განსაკუთრებული სამართლებრივი დაცვის ობიექტად, რამდენადაც აქტის კანონიერებისა და აქტის ადრესატის კანონიერი ნდობის უფლების კონფლიქტის, კონკურენციის პირობებში კანონმდებელი პრიორიტეტულად მიიჩნევს არა აქტის ადრესატის, არამედ მესამე პირების კანონიერი ნდობის უფლების დაცვას.
ამდენად, კანონის ნება აღნიშნული ნორმის დადგენისას გამომდინარეობს მესამე პირთა კანონიერი ნდობის უფლების დაცვის მიზნიდან. საკასაციო სასამართლო დასძენს, რომ ნორმის სქემატური ხასიათი ასეთია: აქტის ადრესატის კანონიერი ნდობის უფლება კონფლიქტშია არა მხოლოდ ერთ - კანონიერების პრინციპთან, არამედ ერთბაშად, ორ უმნიშვნელოვანეს პრინციპთან, კანონიერებისა და მესამე პირთა კანონიერი ნდობის უფლებასთან.
საკასაციო სასამართლო აქვე განმარტავს, რომ დაინტერესებული მხარის კანონიერი ნდობა არ არის დაცვის ღირსი ანუ სახეზე არა გვაქვს კანონიერი ნდობა, თუ: ა) მას საფუძვლად უდევს დაინტერესებული მხარის უკანონო ქმედება (მაგ: არასწორი მონაცემების ან ყალბი დოკუმენტების წარმოდგენა თუ მოტყუება), ბ) ან მისთვის ამ აქტის უკანონობა ცნობილი იყო ან უნდა სცოდნოდა.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, იმ გარემოებაზე, რომ მ. ნ-ის, ჯ. ნ-ის, ს. ნ-ის, ბ. გ-ისა და ჯ. ლ-ის მხრიდან საკუთრების უფლების აღიარებაზე უფლებამოსილ ადმინისტრაციულ ორგანოში წარდგენილ იქნა კანონით გათვალისწინებული შესაბამისი დოკუმენტები მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარებისთვის და მ. ნ-ს, ჯ. ნ-ს, ს. ნ-ს, ბ. გ-ესა და ჯ. ლ-ს კომისიისთვის რაიმე სახის არასწორი ინფორმაცია არ მიუწოდებია, რასაც არც მოსარჩელე ხდის სადავოდ. შესაბამისად, თავის მხრივ მ. ნ-მა, ჯ. ნ-მა, ს. ნ-მა, ბ. გ-ემ და ჯ. ლ-მა შეასრულეს ყველა სავალდებულო პროცედურული მოვალეობა, რომლის არსებობის პირობებში შესაძლებელი იყო აღმჭურველი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა.
ამასთან, საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიერ მ. ნ-ის, ჯ. ნ-ის, ს. ნ-ის, ბ. გ-ისა და ჯ. ლ-ის სახელზე №3099, №3097, №3101, №4138 და №3738 საკუთრების უფლების მოწმობები გაცემულია 2008 წლის 18 და 21 იანვარს, ხოლო სადავო მიწის ნაკვეთები საჯარო რეესტრში სახელმწიფოს სახელზე დარეგისტრირდა 2011 წლის 23 მაისს, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს 2011 წლის 11 აპრილის №01-10/1391 მიმართვის საფუძველზე და 2015 წლის 16 იანვარს, სსიპ ქონების მართვის ეროვნული სააგენტოს 2015 წლის 9 იანვრის №7/994 მიმართვის საფუძველზე, მაშინ როდესაც აღნიშნული მიწის ნაკვეთები მ. ნ-ს, ჯ. ნ-ს, ს. ნ-ს, ბ. გ-ესა და ჯ. ლ-ს უკვე საკუთრებაში ჰქონდათ გადაცემული, თუმცა საჯარო რეესტრში საკუთრება აღრიცხული არ ყოფილა.
შესაბამისად, გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების მიმართ მესამე პირების - მ. ნ-ის, ჯ. ნ-ის, ს. ნ-ის, ბ. გ-ისა და ჯ. ლ-ის კანონიერი ნდობა უნდა შეფასდეს, როგორც დაცვის ღირსი; მათ შეასრულეს საკუთრების უფლების აღიარებისთვის კანონით განსაზღვრული ყველა სავალდებულო მოთხოვნა, რომლის არსებობის პირობებში შესაძლებელი იყო აღმჭურველი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, ამასთან, სადავო მიწის ნაკვეთი სახელმწიფოს სახელზე დარეგისტრირებამდე მ. ნ-ს, ჯ. ნ-ს, ს. ნ-ს, ბ. გ-ესა და ჯ. ლ-ს უკვე გადაცემული ჰქონდათ საკუთრებაში, ხოლო ის გარემოება, რომ ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2008 წლის 18 იანვრის #43 ოქმი ხელმოუწერელია, ან ის, რომ კომისიამ 7270 კვ.მ მიწის ნაკვეთზე საკუთრება უღიარა მოქალაქე „ჯ. ლ-ს“, ხოლო საკუთრების უფლების მოწმობა №4138 გაიცა ჯ. ლ-ზე, მიწის ფართობი კი მითითებული იქნა 0,49 ჰა, ვერ გახდება მ. ნ-ის, ჯ. ნ-ის, ს. ნ-ის, ბ. გ-ისა და ჯ. ლ-ის სახელზე გაცემული საკუთრების უფლების მოწმობების ბათილად ცნობის საფუძველი.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს, რადგან გასაჩივრებული ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 27 მაისის განჩინება არსებითად სწორია, არ არსებობს მისი გაუქმების სამართლებრივი საფუძველი და იგი საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად, დატოვებულ უნდა იქნეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 27 მაისის განჩინება;
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვაჩაძე
მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე
ვ. როინიშვილი