საქმე №ბს-893-885(გ-16) 21 სექტემბერი, 2017წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მაია ვაჩაძე, ვასილ როინიშვილი
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის, 26-ე მუხლის მე-3 ნაწილისა და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი მოსმენის გარეშე, განიხილა თ. ც-ის სასარჩელო განცხადებასთან დაკავშირებული დავა განსჯადობის თაობაზე ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა და სამოქალაქო საქმეთა კოლეგიებს შორის.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
თ. ც-მა 21.07.16წ. სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას მოპასუხე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების საქართველოს სასაზღვრო პოლიციის მიმართ და მოითხოვა საქართველოს სასაზღვრო პოლიციისთვის თ. ც-ის სასარგებლოდ 2015 წლის სექტემბრის თვის ხელფასისა და მრავალშვილიანობის სახელფასო დანამატის ანაზღაურების დავალება.
მოსარჩელემ აღნიშნა, რომ იგი 2015 წლის მარტიდან 2015 წლის სექტემბრის ჩათვლით ხელშეკრულების საფუძველზე მუშაობდა შტატგარეშე მოსამსახურედ საქართველოს სასაზღვრო პოლიციის ... სამმართველოს ... სამსახურის ... თანამდებობაზე და ყოველი თვის 20 რიცხვში ერიცხებოდა ხელფასი 800 ლარის ოდენობით და მრავალშვილიანობის სახელფასო დანამატი 500 ლარის ოდენობით. მოსარჩელე 16.09.15წ. დააკავეს და საქართველოს სასაზღვრო პოლიციის უფროსის 14.03.16წ. №638995 ბრძანებით მას შეუწყდა შტატგარეშე შრომითი ხელშეკრულება 2015 წლის 16 სექტემბრიდან. თავისუფლების აღკვეთის გამო, მოსარჩელეს სექტემბრის თვის ხელფასის აღების შესაძლებლობა არ ჰქონია. თ. ც-ი უთითებს, რომ დავალიანების არსებობის ფაქტს არც მოპასუხე უარყოფს, თუმცა, ვინაიდან სახელფასო დავალიანება არის 2015 წლის პერიოდის დავალიანება, აღნიშნული თანხის ანაზღაურებას მოპასუხე შესაძლებლად მიიჩნევს მხოლოდ საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებული განჩინების საფუძველზე.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 22.07.16წ. განჩინებით თ. ც-ის სარჩელი განსჯადობით განსახილველად გადაეგზავნა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას. სამოქალაქო კოლეგიამ აღნიშნა, რომ საქართველოს სასაზღვრო პოლიცია არის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გამგებლობაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება, რომელიც წარმოადგენს ადმინისტრაციულ ორგანოს და საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე ასრულებს საჯაროსამართლებრივ უფლებამოსილებას, შესაბამისად, განსახილველი დავა საჯაროსამართლებრივი ხასიათისაა და საჯარო კანონმდებლობიდან გამომდინარეობს, რადგან თ. ც-ი სახელფასო დავალიანების ანაზღაურებას ითხოვს სასაზღვრო პოლიციისაგან.
დავის ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში განხილვისას მოსარჩელემ დააზუსტა სასარჩელო მოთხოვნა და მოპასუხისაგან მოითხოვა ხელზე მისაღები თანხის - 650 ლარის ანაზღაურება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 01.11.16წ. განჩინებით თ. ც-ის სასარჩელო განცხადება განსჯადობის გადასაწყვეტად გადაეგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოს. სასამართლომ აღნიშნა, რომ დავის ადმინისტრაციულ-სამართლებრივ კატეგორიად მიჩნევისათვის მოსარჩელის მოთხოვნა უნდა ეფუძნებოდეს ადმინისტრაციული სამართლის ნორმებს, ანუ უფლების დარღვევა თავისი არსით განპირობებული უნდა იყოს მოპასუხის მხრიდან საჯარო მატერიალური სამართლის შესაბამისი ნორმების დარღვევით. ამდენად, სახეზე უნდა იყოს ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობით მოწესრიგებული სამართალურთიერთობიდან წარმოშობილი დავის საგანი. სასამართლომ დადგენილად მიჩნია, რომ თ. ც-ის თანამდებობაზე დანიშვნის საფუძველი გახდა სასაზღვრო პოლიციის უფროსის 02.09.15წ. №1928466 ბრძანებით გაფორმებული შრომითი ხელშეკრულება, ხოლო დავის საგნის ადმინისტრაციულ თუ სამოქალაქო სამართლის ნორმებით განსჯად კატეგორიად შეფასებისთვის განმსაზღვრელია, რა სახით იქნა პირი დანიშნული ადმინისტრაციულ ორგანოში - ადმინისტრაციულ-სამართლებრივი თუ სამოქალაქო-სამართლებრივი წესით. დოკუმენტში პირდაპირაა მითითებული, რომ ბრძანება თ. ც-ის გათავისუფლების შესახებ გამოცემულია შრომის კოდექსის 37-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „კ“ პუნქტზე დაყრდნობით, შესაბამისად, სადავო სამართალურთიერთობაში სახეზე არ არის საჯარო - ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობით მოწესრიგებული სამართალურთიერთობიდან წარმოშობილი დავის საგანი. ამდენად, არსებული მოთხოვნა გამომდინარეობს სამოქალაქო-სამართლებრივი კანონმდებლობიდან და, შესაბამისად, დავის გადაწყვეტა კერძო სამართლის კანონდმებლობის საფუძველზე უნდა განხორციელდეს. დავა არ გამომდინარეობს ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან, ვინაიდან, თ. ც-ი სასაზღვრო პოლიციის სამსახურში შტატგარეშე მოსამსახურის თანამდებობაზე მიღებულია შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე, შრომის კოდექსის 1-ლი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად კი შრომით ურთიერთობასთან დაკავშირებული საკითხები, რომლებსაც არ აწესრიგებს კოდექსი ან სხვა სპეციალური კანონი, რეგულირდება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის ნორმებით. ამდენად, სადავო ურთიერთობის მოწესრიგებისას გამოყენებულ უნდა იქნეს კერძო სამართლის კანონმდებლობა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების, განსჯადობის თაობაზე თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიისა და ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მოსაზრებების გაცნობის შედეგად, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლის მე-3 ნაწილით მინიჭებული უფლებამოსილების საფუძველზე, წყვეტს რა დავას სასამართლოთა შორის განსჯადობის თაობაზე, მიიჩნევს, რომ თ. ც-ის სარჩელი თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის განსჯადია შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სასკ-ის 2.3 მუხლის მიხედვით, საგნობრივი განსჯადობის საკითხის გარკვევისთვის არსებითი მნიშვნელობა აქვს სადავო სამართალურთიერთობის შინაარსს, დავის უშუალო მატერიალურ-სამართლებრივ საფუძველს. საერთო სასამართლოში ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განიხილება დავა იმ სამართლებრივ ურთიერთობებთან დაკავშირებით, რომლებიც ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან გამომდინარეობს. ამდენად, უკეთუ ურთიერთობის მარეგულირებელი ნორმა მოცულია ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით ან სხვა საჯარო სამართლის წყაროთი, დავა ადმინისტრაციულ კატეგორიას განეკუთვნება. სასკ-ის 2.3 მუხლის დებულება იმის შესახებ, რომ საერთო სასამართლოში ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განიხილება ადმინისტრაციული კანონმდებლობიდან გამომდინარე სამართლებრივ ურთიერთობასთან დაკავშირებული დავა, ასახავს განსჯადობის გარეგან ნიშანს. სამართალურთიერთობის კუთვნილების გარეგანი ნიშანი ეხება სადავო სამართალურთიერთობის მარეგულირებელი ნორმების ადგილს კანონმდებლობაში.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 21.06.2006წ. N786 ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს სასაზღვრო პოლიციის დებულების“ 2.1 მუხლის თანახმად, სასაზღვრო პოლიცია არის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სპეციალური სამსახური სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების სტატუსით. თავის მხრივ, სზაკ-ის 2.1 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება მიჩნეულ უნდა იქნეს ადმინისტრაციული ორგანოდ. ამდენად, სადავო სამართალურთიერთობის მონაწილე - მოპასუხე მხარე არის ადმინისტრაციული ორგანო. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ დავა ადმინისტრაციულ-სამართლებრივად მიიჩნევა არა მხოლოდ იმის გამო, რომ მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოა, არამედ, სადავო სამართალურთიერთობის იმანენტური ბუნების გამო, გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს სამართალურთიერთობის ხასიათს - განსჯადობის საკითხის გადაწყვეტისას უნდა დადგინდეს იმ სამართლებრივი ურთიერთობის ბუნება, რომლიდანაც წარმოშობილია მოთხოვნა.
საქმის მასალებით დასტურდება, რომ მოსარჩელე სასაზღვრო პოლიციის ... სამმართველოს ... სამსახურის ... ფუნქცია-მოვალეობების შემსრულებლად, შტატგარეშე მოსამსახურედ დასაქმებული იყო შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე, რომელიც კერძო-სამართლებრივი ბუნებისაა, რადგან ადმინისტრაციული ხელშეკრულება არის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ საჯარო უფლებამოსილების განხორციელების მიზნით დადებული ხელშეკრულება (სზაკ-ის 2.1 მუხ. „ზ“ ქვ.პ.). საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ შრომითი ურთიერთობა შესაძლოა იყოს როგორც კერძო-სამართლებრივი, ასევე საჯარო-სამართლებრივი. საჯარო შრომით-სამართლებრივი ურთიერთობის მომწესირგებელი ზოგადი ნორმატიული აქტი არის საქართველოს კანონი „საჯარო სამსახურის შესახებ”, რომელიც ადგენს საჯარო სამსახურის ორგანიზაციის სამართლებრივ საფუძვლებს, აწესრიგებს საჯარო სამსახურის განხორციელებასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს, განსაზღვრავს მოსამსახურის სამართლებრივ მდგომარეობას. სადავო სამართალურთიერთობის წარმოშობის დროს მოქმედი აღნიშნული კანონი შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე საჯარო სამსახურში მიღებას ითვალისწინებდა მხოლოდ დამხმარე და შტატგარეშე მოსამსახურეებთან მიმართებით (მე-7, მე-8 მუხ.), მოხელის თანამდებობაზე დანიშვნა კი უნდა გაფორმებულიყო ბრძანებით, განკარგულებით ან დადგენილებით (26.1 მუხ.). განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელე სამსახურში მიღებულია შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე შტატგარეშე მოსამსახურედ, თუმცა აღნიშნული იმთავითვე არ გამორიცხავს თ. ც-ის საჯარო მოხელედ მიჩნევის შესაძლებლობას, რადგან შტატგარეშე მოსამსახურე შესაძლოა ეწეოდეს საჯარო სამსახურს (მე-5 მუხ. „დ“ ქვ.პ.), შესაბამისად, მასთან დადებული ხელშეკრულება შესაძლოა იყოს ადმინისტრაციული.
სადავო პერიოდში მოქმედი,,საჯარო სამსახურის შესახებ“ 31.10.1997წ. კანონის თანახმად, საჯარო სამსახური არის საქმიანობა სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებაში (1.1 მუხ.), სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებებში საქმიანობა ითვლება საჯარო სამსახურად (2.2 მუხ., „ბ“ ქვ.პ.). საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებაში, მათ შორის „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის 2.2 მუხლში ჩამოთვლილ ორგანოებში დასაქმებული ყველა პირი ავტომატურად არ მიიჩნევა საჯარო მოხელედ, პირის მოხელედ მიჩნევისათვის უნდა დადგინდეს მისი სამსახურში მიღების სამართლებრივი საფუძვლები და მის მიერ განხორციელებული უფლება-მოვალეობების შინაარსი, რადგან დაწესებულებაში შესაძლოა დასაქმებული იყოს არაერთი ტექნიკური მუშაკი ან სხვა პირი, რომელიც არ იღებს მონაწილეობას დაწესებულების საჯარო-სამართლებრივი ფუნქციების განხორციელებაში. კანონის 2.2 მუხლში ჩამოთვლილ დაწესებულებებში დასაქმებული ყველა პირის საჯარო მოხელედ მიჩნევა გამოიწვევს საჯარო ფუნქციების არმქონე პირებზე, მათ შორის ტექნიკურ მუშაკებზე, საჯარო მოხელისათვის დაწესებული შეზღუდვებისა და ვალდებულებების გავრცელებას, რაც საჯარო დაწესებულებაში დასაქმებული არამოხელე პირებისათვის დაუსაბუთებლად მომეტებული ტვირთის დაკისრება იქნება. მხოლოდ ის ფაქტი, რომ ორგანო ახორციელებს საჯარო საქმიანობას, ერთმნიშვნელოვნად არ ადგენს განსჯადობის წესს, ვინაიდან მოცემული დავა უკავშირდება არა ორგანოს საქმიანობას, არამედ მის კონკრეტულ მუშაკთან შრომით ურთიერთობას. სზაკ-ის მე-2 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, საჯარო ფუნქციების დელეგირება შესაძლებელია ფიზიკურ პირებსა და კერძო სამართლის იურიდიულ პირებზეც, რაც ცხადია არ აქცევს მათი მუშაკების გათავისუფლებასთან დაკავშირებულ დავას ადმინისტრაციული კატეგორიის საქმედ. ამდენად, განსჯადობის შესახებ დავის გადაწყვეტისათვის არსებითი მნიშვნელობა ენიჭება არა სასაზღვრო პოლიციის ფუნქციებს, არამედ თ. ც-სა და ორგანოს შორის არსებული შრომითი ურთიერთობის შინაარსს.
„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ კანონის 20.2 მუხლის თანახმად, მინისტრი ადგენს სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების სტრუქტურასა და საქმის წარმოების წესს („ზ“ ქვ.პ.). საქართველოს სასაზღვრო პოლიციის სტრუქტურა, კომპეტენცია, უფლება-მოვალეობები და მის საქმიანობასთან დაკავშირებული სხვა საკითხები განისაზღვრება საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 21.06.2006წ. N786 ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს სასაზღვრო პოლიციის დებულებით“, რომლის თანახმად, სასაზღვრო პოლიციაში სამსახურის გავლის წესი განსაზღვრულია საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის შესაბამისი ბრძანებით (2.6 მუხ.).
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 31.12.2013წ. N1014 ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებაში - საქართველოს სასაზღვრო პოლიციაში სამსახურის გავლის წესის“ თანახმად, სასაზღვრო პოლიციის მოსამსახურე არის პოლიციელი, საჯარო მოხელე, დამხმარე და შტატგარეშე მოსამსახურე (მე-2 მუხ. „ა“ ქვ.პ). ამდენად, „სამსახურის გავლის წესი“ ერთმანეთისაგან მიჯნავს სასაზღვრო პოლიციაში დასაქმებული მუშაკების სტატუსს და სასაზღვრო პოლიციაში დასაქმებულ ყველა პირს ავტომატურად არ მიიჩნევს საჯარო მოხელედ. საჯარო მოხელედ მიიჩნევა სასაზღვრო პოლიციაში დასაქმებული წოდების არმქონე საჯარო მოხელე (მე-2 მუხ. „გ“ ქვ.პ.), ხოლო შტატგარეშე მოსამსახურედ ითვლება პირი, რომელიც დანიშვნით ან შრომითი ხელშეკრულებით მიიღება გარკვეული ვადით სასაზღვრო პოლიციაში არამუდმივ ამოცანათა შესასრულებლად (მე-2 მუხ. „დ“ქვ.პ). ამდენად, აღნიშნული წესის თანახმად, სასაზღვრო პოლიციაში დასაქმებული შტატგარეშე მოსამსახურე არ მიიჩნევა საჯარო მოხელედ, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში ნორმაში მიეთითებოდა, რომ შტატგარეშე მოსამსახურე არის საჯარო მოხელე, რომელიც ინიშნება არამუდმივ ამოცანათა შესასრულებლად და არა უბრალოდ პირი, რომელიც შრომითი ხელშეკრულების ან აქტის საფუძველზე დროებით ახორციელებს გარკვეულ ამოცანებს. სასაზღვრო პოლიციაში დასაქმებულ საჯარო მოხელესა და შტატგარეშე მოსამსახურეს შორის მკვეთრი მიჯნის არსებობაზე აქცენტირება ხდება „სამსახურის გავლის წესის“ არაერთ ნორმაში, კერძოდ, მხოლოდ სასაზღვრო პოლიციის პოლიციელისა და საჯარო მოხელეებისათვის არის დაშვებული სამსახურებრივი-საშტატო იარაღის შენახვის, ტარების და გამოყენების შესაძლებლობა (7.8 მუხ.); საჯარო მოხელისაგან განსხვავებით, შტატგარეშე მოსამსახურე შესაძლოა არ იყოს საქართველოს მოქალაქე (13.1, 13.2 მუხ.); კადრების განკარგულებაში მხოლოდ პოლიციელის და საჯარო მოხელის გადაყვანა ხდება (33-ე მუხ.); განსხვავდებდა საჯარო მოხელისა და შტატგარეშე მოსამსახურის სამსახურიდან გათავისუფლების საფუძვლები (34.2, 34.3 მუხ.); შტატგარეშე მოსამსახურეს, საჯარო მოხელისაგან განსხვავებით არ ეძლევა ერთწლიანი არაანაზღაურებადი და სასწავლო შვებულებები (60.10 მუხ.); სასაზღვრო პოლიციის საჯარო მოხელისგან განსხვავებით, შტატგარეშე მოსამსახურის მიმართ არ მოქმედებს 18-დან 21 წლამდე სამსახურში მიღების წესი (12.1 მუხ.). ამდენად, ზემოაღნიშნული ნორმატიული მოწესრიგების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა დადგენილად მიიჩნევს, რომ თ. ც-ი, როგორც საქართველოს სასაზღვრო პოლიციაში დასაქმებული შტატგარეშე მოსამსახურე, არ უნდა იქნეს მიჩნეული საჯარო მოხელედ. მოხელესა და შტატგარეშე მოსამსახურეს შორის აღნიშნული მიჯნის გავლება განპირობებულია მათი ფუნქციური დატვირთვის სხვაობით. შესაბამისად, ვინაიდან თ. ც-ის მიერ საჯარო უფლებამოსილების განხორციელება, მისი ქმედებები უშუალოდ არ არის მიმართული ორგანოს საჯარო-სამართლებრივი ფუნქციების შესრულებისკენ, მასთან დადებული შრომითი ხელშეკრულება ვერ მიიჩნევა ადმინისტრაციულ ხელშეკრულებად, რადგან ადმინისტრაციული ხელშეკრულებით ხდება საჯარო-სამართლებრივი ურთიერთობების მოწესრიგება.
საკასაციო პალატა დამატებით ყურადღებას ამახვილებს აგრეთვე იმ გარემოებაზე, რომ „შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ“ საქართველოს სასაზღვრო პოლიციის უფროსის 14.03.2016წ. ბრძანებით შტატგარეშე მოსამსახურესთან - თ. ც-თან შრომითი ხელშეკრულება შეწყდა შრომის კოდექსის 37.1 მუხლის „კ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, რაც გულისხმობს შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტას სამუშაოს შესრულების შესაძლებლობის გამომრიცხავი სასამართლო განაჩენის ან გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემთხვევაში. საგნობრივი განსჯადობის შესახებ დავის გადაწყვეტისთვის მნიშვნელობა უნდა მიენიჭოს აღნიშნული ბრძანების გამოცემის საფუძველს, სამართალურთიერთობის სუბიექტის მოქმედების ფორმას. უკეთუ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ აქტი გამოცემულია საჯარო კანონმდებლობის საფუძველზე, სზაკ-ის 2.1 მუხლის ,,დ“ ქვეპუნქტიდან გამომდინარე, სახეზეა ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, ხოლო თუ აქტის გამოცემის საფუძველი კერძო-სამართლებრივია, იგი არ ჩაითვლება ადმინისტრაციულ აქტად. ამდენად, სზაკ-ის 2.1 მუხლის „დ“ ქვეპუნქტის მიხედვით ხსენებული ბრძანება არ მიიჩნევა ინდივიდუალურ-ადმინისტრაციულ სამართლებრივ აქტად, რადგან გამოცემული არ არის ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ფორმალური რეკვიზიტების ქონა და დასახელება, სათანადო შინაარსობრივი დატვირთვის გარეშე, დოკუმენტს ვერ აქცევს ადმინისტრაციულ აქტად. საქართველოს სასაზღვრო პოლიციის უფროსის 14.03.2016წ. N638995 ბრძანებით თ. ც-ს შეუწყდა სასაზღვრო პოლიციის უფროსის 02.09.2015წ.N1928466 ბრძანებით გაფორმებული შრომითი ხელშეკრულება. ორგანიზაციული საკითხების მოწესრიგების პროცესში დაწესებულების ადმინისტრაციის მიერ ბრძანების ფორმით გამოცემული ყველა გადაწყვეტილება ავტომატურად არ უნდა გაუთანაბრდეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას, მსგავს შემთხვევებში ყურადღება უნდა მიექცეს გადაწყვეტილების გამოტანის საფუძვლებს. განსახილველ საქმეში სასაზღვრო პოლიციის უფროსის 14.03.2016წ. ბრძანებაში ასახულია მხოლოდ ორგანოს ნება კერძო-სამართლებრივი შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ, რაც გადაწყვეტილებას, მხოლოდ ბრძანების ფორმით გამოცემის გამო, ვერ აქცევს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად. ზემოაღნიშნული გარემოებები დამატებით ადასტურებს, რომ მხარეებს შორის არსებობდა შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე წარმოშობილი კერძო-სამართლებრივი შრომითი ურთიერთობა, შესაბამისად, თ. ც-თან შრომით ურთიეროთბასთან დაკავშირებული საკითხები საქართველოს ორგანული კანონის „შრომის კოდექსის“ საფუძველზე უნდა იქნეს გადაწყვეტილი.
გასათვალისწინებელია აგრეთვე, რომ ამჟამად მოქმედი „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონი აღარ ითვალისწინებს შტატგარეშე მოსამსახურის ცნებას, თუმცა დამხმარე და არამუდმივ ამოცანათა შესრულებაზე უფლებამოსილი პირი მოქცეულია შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე დასაქმებული პირის ცნებაში (მე-3 მუხ. „ვ“ ქვ.პ.), ამავე კანონის თანახმად, შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირზე ვრცელდება საქართველოს შრომის კანონმდებლობა (6.3 მუხ.) და „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის მხოლოდ გარკვეული ნორმები (84.2 მუხ.). კანონი პირდაპირ ითვალისწინებს დათქმას შრომითი ხელშეკრულების დადებასთან, შესრულებასა და შეწყვეტასთან დაკავშირებული დავების სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესით განხილვის შესახებ (119.1 მუხ.).
ამდენად, მოცემულ სამართალურთიერთობას არ გააჩნია საჯაროსამართლებრივი ურთიერთობისთვის დამახასიათებელი ელემენტი - დავა არ გამომდინარეობს ადმინისტრაციული კანონმდებლობიდან, რის გამოც, სახეზე არ არის ადმინისტრაციული საპროცესი კოდექსის 2.1 მუხლით განსაზღვრული პირობები დავის ადმინისტრაციულ კატეგორიად მიჩნევისათვის. შესაბამისად, სსკ-ის 11.1 მუხლის თანახმად, კერძო სამართლებრივი შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე დავა განხილულ უნდა იქნა სამოქალაქო სამართალწარმოების წესით.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, მე-2 მუხლით, 26-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 285-ე, 399-ე მუხლებით, და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. თ. ც-ის სარჩელი მოპასუხე საქართველოს შსს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების საქართველოს სასაზღვრო პოლიციის მიმართ განსჯადობით განსახილველად დაექვემდებაროს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას;
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: ნ.სხირტლაძე
მოსამართლეები: მ.ვაჩაძე
ვ. როინიშვილი